აცეროლა – ბუნებრივი C ვიტამინი

გააზიარე:

აცეროლას, იმავე ბარბადოსულ ალუბალს, ბუნებრივ C ვიტამინსაც ეძახიან. ის დედამიწაზე C ვიტამინის საუკეთესო წყაროების სამეულშია და ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებებით გამოირჩევა. ნედლ აცეროლას მხოლოდ მისსავე სამშობლოში თუ იპოვით, თუმცა ჯანმრთელობისთვის ძვირფასი ნივთიერებები მის ექსტრაქტში, ფხვნილსა და წვენშიც არის.

რა უნდა ვიცოდეთ აცეროლას შესახებ?

ზოგადი ცნობები

აცეროლა (Malpighia glabra, Malpighia emarginata, Malpighia punicifolia) მარადმწვანე ბუჩქია, რომელიც თავდაპირველად, სავარაუდოდ, თანამედროვე მექსიკის ტერიტორიაზე, იუკატანის ნახევარკუნძულზე ხარობდა, დღეს კი მთელ ცენტრალურ ამერიკაში (კარიბის აუზის ქვეყნებში, უმთავრესად – ბარბადოსში, ტრინიდადსა და ტობაგოში, ჰაიტიზე), სამხრეთი ამერიკის არაერთ ქვეყანაში, მათ შორის – ბრაზილიაში), იამაიკაზე, ინდოეთში, აფრიკასა და ავსტრალიაში აშენებენ.

უძველესი წყაროები მოწმობს, რომ მაიას ხალხი ძლიერ აფასებდა აცეროლას სამკურნალო და გამაჯანსაღებელ თვისებებს.

"აცეროლა" მას ესპანელებმა უწოდეს, რადგან მისი პატარა მოწითალო ნაყოფი ბალს აგონებდათ, თუმცა აცეროლა არც ბიოლოგიურად ენათესავება ბალს და არც მასავით ტკბილი გახლავთ, პირიქით, საკმაოდ მჟავეა. მას ბარბადოსულ ალუბალს, ანტილის ალუბალს, პუერტო-რიკოს ალუბალსაც უწოდებენ.

მცენარე ტროპიკული და სუბტროპიკული კლიმატის მოყვარულია და იმდენად მგრძნობიარე, რომ მოსავალი აღებიდან 3-5 დღეში ფუჭდება, ასე რომ, ნედლი ხილით პირის ჩაგემრიელება მხოლოდ იმ ქვეყნების მოსახლეობას შეუძლია, სადაც აცეროლა ხარობს, სხვა ქვეყნებში კი ის უმთავრესად საკვები დანამატის სახით ხვდება.

ხალხურ მედიცინაში

შემკვრელი, ანთების საწინააღმდეგო, მასტიმულირებელი და შარდმდენი თვისებების გამო აცეროლას დღესაც ხშირად იყენებენ ლათინური ამერიკის ხალხურ მედიცინაში როგორც დაავადებების პროფილაქტიკისთვის, ისე სამკურნალოდაც. მაგალითად, ბრაზილიაში მას გულ-სისხლძარღვთა სისტემის გასაძლიერებელ, დიარეისა და დიზენტერიის სამკურნალო, ჭრილობების შეხორცების დამაჩქარებელ საუკეთესო საშუალებად მიიჩნევენ. ნედლ ხილს მიირთმევენ ცხელების, ანემიის, დიაბეტის და ღვიძლის დაავადებების, მაგალითად, ჰეპატიტის დროს. იდეალურია ავადმყოფობით დაუძლურებული ორგანიზმის მოსამაგრებლად.

მეცნიერები ამ ტროპიკული ნაყოფით XX საუკუნის შუა წლებში დაინტერესდნენ. სწორედ მეცნიერული კვლევის შედეგად გაირკვა მისი სამკურნალო ძალის მთავარი მიზეზი – C ვიტამინის უხვი შემცველობა.

C ვიტამინის საუკეთესო წყარო

აცეროლა მართლაც სუპერსაკვებია. ის ყველაზე მეტ C ვიტამინს შეიცავს ავსტრალიური, იმავე კაკადუს ქლიავისა (Terminalia ferdinandiana) და ამაზონის ჯუნგლების ბინადარი კამუ-კამუს (Myrciaria dubia) შემდეგ.

ნაყოფი 90%-ზე მეტით წყლისგან შედგება და თითქმის არ შეიცავს ცილებს, ცხიმებსა და ნახშირწყლებს. 100 გრამ ხილში 700-დან 5000 მგ-მდე C ვიტამინია. შედარებისთვის, იმავე რაოდენობის ფორთოხალი ან ლიმონი, რომელსაც ხშირად C ვიტამინის ბომბს უწოდებენ, მხოლოდ 50 მგ-ს შეიცავს.

C ვიტამინის შემცველობა აცეროლაში რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის – მოყვანის ადგილსა და სიმწიფის ხარისხზე. რაც უფრო მკვახეა ნაყოფი, მით მეტი C ვიტამინია მასში.

ბუნებრივი თუ ხელოვნური

მას შემდეგ, რაც მეოცე საუკუნის დასაწყისში C ვიტამინის, იმავე ასკორბინის მჟავას გამოყოფა მოახერხეს, სინთეზის გზით მიღებული ასკორბინის მჟავის წლიური წარმოება მსოფლიოში 80 000 ტონას აჭარბებს. ხშირად გვესმის, რომ ბუნებრივი და სინთეზური ასკორბინის მჟავა ერთმანეთის იდენტურია. ქიმიური თვალსაზრისით მართლაც ასეა, მაგრამ არის განსხვავებაც: ბუნებრივ C ვიტამინს ორგანიზმი უკეთ ითვისებს. იაპონიაში ჩატარებული ერთ-ერთი კვლევის თანახმად, 20 მგ ბუნებრივ C ვიტამინს იგივე ანტიოქსიდანტური ეფექტი აქვს, რაც თითქმის ასჯერ მეტი რაოდენობის ხელოვნურს. ამასთან, ბუნებრივი C ვიტამინი ორგანიზმიდან უფრო ნელა გამოიყოფა, ვიდრე სინთეზური, ამ ვიტამინის შემცველი ხილი თუ ბოსტნეული სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სხვა ნივთიერებებსაც აწვდის სხეულს, ფლავონოიდები კი მის ათვისებას აძლიერებს.

ანტიოქსიდანტები

აცეროლა, უპირველეს ყოვლისა, C ვიტამინის მაღალი შემცველობით არის ცნობილი, მაგრამ ეს მჟავე ხილი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ბევრ სხვა ნვთიერებასაც შეიცავს.

საყურადღებოა მასში შემავალი მცენარეული ნივთიერებები: ბეტა-კაროტინი, ფლავონოიდები (რუტინი, ანტოციანები), რომლებიც მრავალმხრივ დადებით ეფექტს ახდენს ჯანმრთელობაზე. ზოგიერთი მწარმოებელი ფხვნილის წარმოებისთვის იყენებს აცეროლას როგორც მწიფე, ისე მკვახე ნაყოფს, ფლავონოიდების მაღალი შემცველობით კი ეს სწორედ უკანასკნელი გამოირჩევა.

მრავალრიცხოვანმა კვლევამ აჩვენა, რომ ფლავონოიდებს აქვს ანტიოქსიდანტური, ანტიალერგიული, ანთებასაწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი, ანტივირუსული და ანტიმიკრობული მოქმედება, ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების და კიბოს რისკს, საუკეთესო დამხმარეა მკურნალობის პროცესში.

არც ერთი სხვა ხილის წვენს არ აღმოჩნდა ანტიოქსიდანტური აქტივობის ისეთი მაღალი მაჩვენებელი, როგორიც აცეროლას წვენს.

სხვა ნივთიერებები

აცეროლა შეიცავს:

. ვიტამინ B1-ს – თიამინი, უპირველეს ყოვლისა, მონაწილეობს ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების მეტაბოლიზმში და გარდაქმნის მათ ენერგიად, ურომლისოდაც შეუძლებელია ორგანიზმში მიმდინარე სასიცოცხლო პროცესების წარმართვა;

. ვიტამინ B2-ს – რიბოფლავინიც უდიდეს როლს ასრულებს საკვებიდან მიღებული ნახშირწყლების, ცხიმებისა და ცილების ენერგიად გარდაქმნაში;

. პროვიტამინ A-ს – ხელს უწყობს იმუნური სისტემის გამართულ მუშაობას, სრულფასოვან მხედველობას, კანის სიმტკიცეს, აძლიერებს თმასა და ფრჩხილებს;

. B3, B6 ვიტამინებს, ფოლიუმის მჟავას, მინერალებს – მაგნიუმს, ფოსფორს, კალციუმს, კალიუმს.

დოზა

ჯანმრთელობის დაცვის ოფიციალურ ორგანიზაციებს ჯერ არ გაუციათ სახელმძღვანელო რეკომენდაცია აცეროლას დოზირების თაობაზე, ამიტომ ყურადღებით გაეცანით მწარმოებლის სპეციფიკაციას, რათა თავიდან აიცილოთ C ვიტამინის როგორც დეფიციტი, ისე სიჭარბეც. ზედოზრების სიმპტომები, მაგალითად, დიარეა, შესაძლოა გამოვლინდეს, თუ ყოველდღიურად სამიდან ოთხ გრამამდე C ვიტამინს მიიღებთ. აცეროლას, წესით, გვერდითი ეფექტები არ ახასიათებს, მაგრამ თუ რამე უჩვეულო შეატყვეთ თქვენს თავს, მიმართეთ ექიმს, რათა ალერგიული რეაქცია გამორიცხოთ.

აცეროლას როგორც დანამატის მიღება მიზანშეწონილია C ვიტამინის დეფიციტის შემთხვევაში, რომელიც შესაბამისი ანალიზით უნდა დადასტურდეს.

ჩირი

მაღალი ხარისხის აცეროლას პროდუქტები უკვე მრავალ ქვეყანაშია ხელმისაწვდომი, მათ შორის – საქართველოშიც. ერთი მათგანია ჩირი. აცეროლას დაკრეფისთანავე შოკ-მაცივრებში ყინავენ და ასე აშრობენ. რაც უფრო სწორად მიმდინარეობს გამოშრობის პროცესი, მით უფრო მაღალი რჩება ნაყოფში აქტიური ნივთიერებების შემცველობა.

აცეროლას ჩირიც და ექსტრაქტებიც დეჰიდრატაციის გამო უფრო მეტ საკვებ ნივთიერებებს შეიცავს, ვიდრე იმავე რაოდენობის ნედლი ხილი. მაგალითად, 100 გ ჩირში 15.600 მილიგრამამდე C ვიტამინია.

ჩირს ექსტრაქტსა და ფხვნილზე იშვიათად შეხვდებით ბაზარზე, თუმცა ის ხირად შედის ევროპიდან იმპორტირებული მიუსლისა და ხილის ჩაის შემადგენლობაში. ჩირი გახსნილი შეფუთვით 3-დან 4 კვირამდე ინახება 5-10°C ტემპერატურაზე.

წვენი

წვენის ხარისხიც მისი წარმოების პროცესზეა დამოკიდებული. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ნაყოფის მოკრეფისთანავე დაკურკვას და დაპრესას. ამიტომ ყიდვისას შეამოწმეთ, ნამდვილად ჯანსაღია თუ არა ის.

ბაზარზე სხვადასხვა ტიპის წვენი გვხვდება, მაგალითად:

*აცეროლას სუფთა წვენი. ის აცეროლას ნაყოფის პირველადი დაწნეხით მიიღება. მასში ხილის შემცველობა 100 პროცენტია. ძალიან მჟავე აცეროლას წვენს სუფთა სახით არ სვამენ – წყლით აზავებენ, სმუზიში ან სხვა ხილის წვენში ურევენ. აცეროლას სუფთა წვენი რამდენიმე დღე ინახება მაცივარში.

* კონცენტრატისგან დამზადებული წვენი. როცა დაწნეხის შედეგად მიღებულ წვენს მთლიანად აცლიან წყალს, იქმნება კონცენტრატი, რომლის იმპორტირება საზღვარგარეთ ძალიან იაფი ჯდება. დანიშნულების ადგილზე ჩასულ კონცენტრატს წყლითვე აზავებენ და წვენად ყიდიან. ოღონდ მასზე აუცილებლად უნდა მიეთითოს, რომ ის კონცენტრატისგან არის დამზადებული.

* აცეროლას ნექტარი. არსებობს ამ ტიპის სასმელში ხილის წვენის ან რბილობის მინიმალური შემცველობის მკაცრი სტანდარტი – 25-დან 50 პროცენტამდე. რაც შეეხება ნექტარში შაქრის შემცველობას, ის საკმაოდ დიდია, ზოგჯერ 20%-საც კი აღწევს.

ზოგან აცეროლას გამაგრილებელ სასმელსაც შეხვდებით, რომელშიც ხილის წილი შედარებით ნაკლებია. თანაც მას შაქართან ერთად სხვა კომპონენტებსაც ამატებენ.

როგორც უკვე მიხვდით, ჯანმრთელობისთვის პირველი ორი ვარიანტი უფრო ღირებულია, ოღონდ გახსოვდეთ, რომ ხილის წვენები, დიდხანს რომ გაძლოს, პასტერიზებულია 80-დან 85 გრადუსამდე ტემპერატურაზე. და მაინც: თუმცაღა პასტერიზაციის შედეგად საკვები ნივთიერებების დიდი ნაწილი იკარგება, აცეროლას წვენები მაინც სასიცოცხლო ნივთიერებების მაღალი შემცველობით გამოირჩევა.

აცეროლას ექსტრაქტი

აცეროლას ექსტრაქტი ყველაზე ხშირად ფხვნილის სახით გვხვდება. მას ამზადებენ როგორც ხილის წვენისგან, ისე მისი რბილობისგანაც, მაგრამ თუ რბილობისგან დამზადებული ფხვნილი ყველა ბუნებრივ ბოჭკოს შეიცავს და უხეში სტრუქტურისაა, წვენის კონცენტრატისგან დამზადებული თითქმის თავისუფალია ბოჭკოსგან და უფრო ნაზი სტრუქტურა აქვს.

კვლევამ აჩვენა, რომ გაყინვით გამორობა აცეროლას ფხვნილის მიღების საუკეთესო მეთოდია. ამ დროს ნაყოფი ინარჩუნებს თავდაპირველ სტრუქტურას. გამოშრობა -80°C-მდე ტემპერატურაზე ხდება.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ სითბოს მიმართ მგრძნობიარე ინგრედიენტები, მათ შორის – C ვიტამინიც, და მცენარეული ნივთიერებები გაყინვით გამოშრობისას გაცილებით უკეთესად ნარჩუნდება, ვიდრე ცხელი ჰაერით გამოშრობისას. უკანასკნელ შემთხვევაში დანაკარგი 50 პროცენტს აღემატება.

აცეროლას ფხვნილის წარმოების კიდევ ერთი კარგი მეთოდია spray drying, რომელიც ძალიან გავრცელებულია ფარმაცევტულ ინდუსტრიაში თხევადი ნედლეულისგან ფხვნილების საწარმოებლად.

აცეროლას ფხვნილში თითქმის მთლიანად ნარჩუნდება ყველა ვიტამინი, მინერალი თუ მცენარეული ნივთიერება, თუმცა მათი საბოლოო ოდენობა წარმოების პროცესის მიხედვით ვარირებს. 1 გ მაღალი ხარისხის ფხვნილში 130 მგ C ვიტამინია. თუ დღეში 4 გ-ს მიიღებთ, ორგანიზმს 520 მგ ვიტამინს მიაწვდით.

აცეროლას ექსტრაქტი შესაძლოა საწუწნი აბებისა და კაფსულების სახითაც შეგხვდეთ. კაფსულებს ის უპირატესობა აქვს, რომ მათი მიღებისას ვერ გრძნობთ აცეროლას ძლიერ მჟავე გემოს, რასაც ვერ ვიტყვით ფხვნილზე. ხოლო საწუწნ აბებს, მჟავე რომ არ იყოს, შაქარს, მაგალითად, ქსილიტს ამატებენ.

აუვნებლებს თავისუფალ რკინას

თავისუფალი რადიკალების ჭარბ ფორმირებას მრავალი ფაქტორი უწყობს ხელს, მათ შორის – ორგანიზმში თავისუფალი რკინის დაგროვებაც, რაც შესაძლოა გამოიწვიოს, მაგალითად, სისხლის წითელი უჯრედების რეგულარულმა გადასხმამ ან რკინის დანამატების ჭარბმა მიღებამ.

რკინით გადატვირთვა ქსოვილების დეგენერაციულ დაზიანებას იწვევს, რასაც სხვადასხვა დაავადებამდე მივყავართ. მაგალითად, ჭარბმა თავისუფალმა რკინამ შესაძლოა გამოიწვიოს დიაბეტი ტიპი 2, არტერიოსკლეროზი, გულის შეტევა, ინსულტი და კიბოც კი, ხოლო ზოგიერთი მკვლევრის აზრით, ის შესაძლოა ალცჰაიმერის დაავადების ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც იყოს. აცეროლას წვენი იცავს ორგანიზმს თავსუფალი რკინით გამოწვეული დაზიანებებისგან, რაც 2016 წელს ბრაზილიაში, Campanha Region University-ში ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა.

იცავს ქსოვილებს მაიონებელი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან

მრავალ სამკურნალო ნივთიერებას, მაგალითად, ციკლოფოსფამიდს, რომელსაც კიბოსა და ავტოიმუნური დაავადებების სამკურნალოდ იყენებენ, შეუძლია დნმ-ს შეცვლა, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს სხეულის ჯანსაღი უჯრედების უკონტროლოდ მზარდ სიმსივნურ უჯრედებად გარდაქმნას.

ბრაზილიის Universidade Tecnológica Federal do Paraná-ს მკვლევართა ჯგუფმა 2016 წელს დაადგინა, რომ აცეროლას წვენი იცავს უჯრედებს ასეთი გადაგვარებისგან და შეუძლია, თავიდან აგვაცილოს კიბო.

მაიონებელი (მაგალითად, რადიოაქტიური და რენტგენული) გამოსხივება თავისუფალი რადიკალების ჭარბ წარმოქმნას იწვევს. Universidade Estadual de Maringá-ში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ აცეროლას შეუძლია, დაგვიცვას თავისუფალი რადიკალებით გამოწვეული ზიანებისგან, ამიტომ იმ პაციენტებს, რომლებსაც კონტაქტი აქვთ მაიონებელ გამოსხივებასთან (მაგალითად, ფარისებრი ჯირკვლის დარღვევების დიაგნოსტიკისა და მკურნალობისას), ურჩევენ, საკვები დანამატის სახით მიიღონ აცეროლას ფხვნილი.

ანელებს დაბერების პროცესს

C ვიტამინი აძლიერებს ორგანიზმის საკუთარი კოლაგენის – შემაერთებელი ქსოვილის ძირითადი კომპონენტის – გამომუშავებას, კოლაგენის ბოჭკოები კი უზრუნველყოფს კანის ელასტიკურობას და მოქნილობას, ამიტომ აცეროლას ხშირად იყენებენ ანტიასაკობრივი კოსმეტიკის წარმოებაში.

სამზარეულოში

ფხვნილს, რომელიც 100 პროცენტით აცეროლას რბილობისგან ან წვენისგან არის მიღებული, სამზარეულოშიც იყენებენ.

აცეროლას ფხვნილი, ისევე როგორც ნედლი აცეროლა, არა მხოლოდ ძვირფასი ინგრედიენტების წყაროა, არამედ ეგზოტიკური მჟავე გემოთიც გამოირჩევა, ამიტომ ამატებენ ხილის წვენს, მიუსლის, ხილის სალათებს, შეიკსა თუ სმუზის განსაკუთრებული არომატის მისაცემად.

აცეროლას წვენი განსაკუთრებით უხდება ყურძნის, ვაშლის, მანგოს, ატმის წვენს. მისგან ჯემს, ჟელეს, ნაყინს ამზადებენ.

აცეროლას წვენი ეგზოტიკურ ნოტს სძენს კერძებსაც. მაგალითად, ძალიან უხდება ყველასათვის საყვარელ პომიდვრის სოუსს, რომელსაც ბრინჯისა და მაკარონის კერძებთან ერთად მიირთმევენ, ცხარე ჩაშუშულ ბოსტნეულს, კარის.

აცეროლაში შემავალი სითბოს მიმართ მგრძნობიარე აქტიური ნივთიერებები საუკეთესოდ შენარჩუნდება, თუ მას არა უმეტეს 40° ტემპერატურაზე მოვამზადებთ, თუმცა C ვიტამინის შემცველობა მის ნაყოფში იმდენად მაღალია, რომ, მაგალითად, 100 გ აცეროლას შემცველ ჟელეში 500 მგ-დე C ვიტამინი მაინც რჩება.

გახსოვდეთ:

გაყინვის მეთოდით მომზადებული აცეროლას ექსტრაქტი საუკეთესოა, მაგრამ ვინაიდან პროცესი რთულია, უფრო ძვირი ღირს.

იმისთვის, რომ ზუსტად იცოდეთ, რამდენ C ვიტამინს და სხვა აქტიურ ინგრედიენტს შეიცავს ფხვნილი, შეიძინეთ ისეთი, რომლის შეფუთვაზეც დაწვრილებით წერია შემადგენლობა.

შეფუთვაზე მითითებული უნდა იყოს ისიც, რომელი მეთოდით არის გამომშრალი ნედლეული.

მაღალი ხარისხის აცეროლას ფხვნილი არ შეიცავს დანამატებს: შაქარს, დამატკბობლებს, კონსერვანტებსა და საღებავებს.

მაღალი ხარისხის პროდუქტზე მითითებულია, რომელ ქვეყანაშია მოყვანილი ნედლეული. უპირატესობა ბიო კატეგორიას მიანიჭეთ.

ვინაიდან აცეროლას ფხვნილში არსებული ბუნებრივი ფრუქტოზა მგრძნობიარეა ჟანგბადის მიმართ, ჰაერიდან ტენს იწოვს და კურკუშალდება, შეინახეთ ის მშრალ გრილ ადგილას თავდახურული ქილით.

ქილას გამოყენებისთანავე დაახურეთ თავი. დაკურკუშალებულ ფხვნილს ნუ გადაყრით, ის კიდევ გამოგადგებათ, ოღონდ კურკუშალები ისევ გააფხვიერეთ მიქსერით.

ჯილდა გაჩეჩილაძე

გააზიარე: