გადაუდებელი დახმარება

გააზიარე:

(პირველი ნაწილი)

რაც უნდა ჯანმრთელი პატარა გყავდეთ და უსაფრთხო გარემოს უქმნიდეთ, ყოველგვარი მოულოდნელობისგან ვერ იქნებით დაზღვეული. შესაძლოა, ბავშვს რამე დაუშავდეს, როცა თქვენ მის გვერდით არ იქნებით.

იშვიათია, განსაზღვრული წინაპირობის გარეშე ბავშვის ჯანმრთელობას სერიოზული ზიანი მიადგეს. თუ პატარას უჩვეულო სიმპტომი აქვს ან უჩვეულოდ იქცევა, სასწრაფოდ დაუკავშირდით ექიმს და მასთან შეთანხმებით განიხილეთ შემდგომი მოქმედება. თუ მიზეზს დროულად მიაგნებთ და უმკურნალებთ, თავიდან აიცილებთ მძიმე და გადაუდებელ მდგომარეობებს.

წინასწარ უნდა დაგეგმოთ და ოჯახის წევრებსაც შეუთანხმოთ, გადაუდებელ სიტუაციაში ვის დაურეკავთ პირველს – პედიატრს, მეუღლეს, ოჯახის რომელიმე სხვა წევრს თუ 112-ს. ყოველთვის იქონიეთ პირველადი დახმარების ჩანთა ადვილად მისაგნებ ადგილას.

როგორ მოვიქცეთ

. თუ პატარამ შხამ-ქიმიკატი დალია, განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა მოწამვლის ნიშნები, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს. ნუ აიძულებთ ბავშვს, გული აირიოს, ძალით ნუ გააღებინებთ პირს და ნუ დაალევინებთ სითხეს – ამან შესაძლოა უფრო მეტი ზიანი მიაყენოს მის ჯანმრთელობას.

. გადაუდებელი მდგომარეობის შემთხვევაში შეინარჩუნეთ სიმშვიდე, ვინმეს დაუძახეთ დახმარებისთვის და დარჩით ბავშვთან. სასურველია, ფლობდეთ გულის ხელოვნური მასაჟისა და ხელოვნური სუნთქვის ჩატარების უნარ-ჩვევებს – სასწრაფო დახმარების მოსვლამდე ეს ძალიან გამოგადგებათ.

. თუ ბავშვს ძლიერი სისხლდენა აქვს, სისხლდენის ადგილას დაადეთ სუფთა ნაჭერი და გაუკეთეთ დამწოლი ნახვევი, რათა ბევრი სისხლი არ დაკარგოს, ვიდრე სამკურნალო დაწესებულებამდე მიხვალთ.

. თუ გულყრა აქვს, გვერდულად დააწვინეთ სწორ ზედაპირზე (სასურველია, იატაკზე – საწოლიდან გადმოვარდნისგან თავი რომ დაიზღვიოთ). დარჩით მასთან და თვალი ადევნეთ, რომ ტრავმა არ მიიღოს (მაგალითად, თავი არ დაარტყას).

. როცა სამკურნალო დაწესებულებაში წახვალთ, დარწმუნდით, რომ თან გაქვთ ბავშვისა და თქვენი (მშობლის, მეურვის) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, თუ პატარას რაიმე სამედიცინო პრობლემა აქვს – სპეციალისტის დასკვნაც.

. როდესაც გადაუდებელი დაახმარების განყოფილებაში მიხვალთ, მიაწოდეთ მედპერსონალს სრული ინფორმაცია იმის თაობაზე, რა მოხდა, რა სახის დახმარება გაუწიეთ ადგილზე ბავშვს, როგორია მისი ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობა.

რას მივაქციოთ ყურადღება

ჭეშმარიტად გადაუდებელი შემთხვევაა, როცა დარწმუნებული ხართ, რომ ბავშვის ჯანმრთელობას შეიძლება შეუქცევადი ზიანი მიადგეს. გეგმურ ვიზიტზე აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია პედიატრთან იმის შესახებ, როდის როგორ მოიქცეთ.

უეცარი ზიანი უმეტესად გამოწვეულია:

. ავტოსაგზაო შემთხვევით;

. ავეჯის დაცემით;

. სიმაღლიდან ჩამოვარდნით;

. მოწამვლით;

. დამწვრობით;

. მხუთავი აირით მოწამვლით;

. გაგუდვით;

. ცეცხლსასროლი ან ცივი იარაღით;

. ელექტროტრავმით.

არის შემთხვევები, როცა მშობელი პოსტ ფაქტუმ იხსენებს, რომ ბავშვს რაღაც უცნაურობა შეამჩნია და ამას მოჰყვა აშკარა საფრთხე, მაგალითად:

. სუნთქვის გაძნელება;

. კანის, განსაკუთრებით – ტუჩებისა და ცხირის წვერის სილურჯე;

. დიდი ან ღრმა ჭრილობა ან დამწვრობა;

. შეუჩერებელი სისხლდენა;

. კრუნჩხვა;

. უგონო მდგომარეობა;

. ცნობიერების ან განწყობის შეცვლა – აჟიტირება, შფოთვა, დაბნეულობა, მეტყველების შენელება;

. თავის ტკივილი ღებინების თანხლებით;

. მორყეული ან მოტეხილი კბილი, პირის ღრუს ან სახის ტრავმა;

. მუდმივი ან უეცარი ძლიერი ტკივილი;

. შენელებული, გაურკვეველი მეტყველება.

ნაკბენები

ბევრ მშობელს ჰგონია, რომ ბავშვი უცხო ცხოველმა უფრო შეიძლება დაკბინოს, ვიდრე შინაურმა, მაგრამ ასე არ არის. პატარებს უყვართ შინაურ ცხოველებთან თამაში, მაგრამ ვერ ხვდებიან, რამდენად შემაწუხებელი და მტკივნეული შეიძლება იყოს, მაგალითად, ძაღლისთვის ან კატისთვის მათი მოფერება. გაღიზიანებულმა ცხოველმა შესაძლოა მოიგერიოს ბავშვი და ამ დროს დაკაწროს ან დაკბინოს.

მკურნალობა

თუ ბავშვს ნაკბენიდან ძლიერ სდის სისხლი, უპირველეს ყოვლისა, ეცადეთ, სისხლდენა შეუჩეროთ – სუფთა ნაჭრით გაუკეთეთ დამწოლი ნახვევი რამდენიმე წუთით. როცა სისხლდენა მოიკლებს, ჩამობანეთ ნაკბენი ნელთბილი გამდინარე წყლითა და საპნით. არ გამოიყენოთ სპირტი და იოდი.

თუ ჭრილობა დიდია, შესაძლოა გაკერვა დასჭირდეს, ამიტომ როცა პირველ დახმარებას აღმოუჩენთ პატარას, მიმართეთ ნებისმიერი პედიატრიული კლინიკის მიმღებ განყოფილებას ან იმუნიზაციის ეროვნულ ცენტრს, სადაც ბავშვს ექიმი გასინჯავს, მის მდგომარეობას შეაფასებს და გადაწყვეტს, გაიკეროს თუ არა ჭრილობა ან რომელი ვაქცინა გაკეთდეს.

თუ ბავშვი დაკბინა ან დაკაწრა შინაურმა ცხოველმა, რომელიც გეგმის მიხედვით არის აცრილი ცოფზე, ექიმი გირჩევთ, მას ათი დღე დააკვირდეთ. თუ ამ ხნის განმავლობაში ცხოველს ცოფის ნიშნები გამოაჩნდა ან მოკვდა, დაიწყება ცოფის საწინააღმდეგო იმუნიზაციის კურსი.

თუ ბავშვს ასაკობრივი სქემის მიხედვით აქვს გაკეთებული ტეტანუსის აცრა, მისი დამატებითი დოზა შესაძლოა არც კი დასჭირდეს, თუმცა ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია, ამიტომ ექიმის რეკომენდაციას უნდა მისდიოთ.

თუ ცხოველი გარეული ან უსახლკაროა, ცოფისა და ტეტანუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დაუყოვნებლივ კეთდება.

ნაკბენი ჭრილობა შეიძლება სხვა მიკრობითაც დაინფიცირდეს. თუ ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რომელიმე შეამჩნიეთ პატარას, შესაძლოა, მას ანტიბიოტიკების კურსი სჭირდებოდეს:

. ჭრილობიდან დის სუნიანი სითხე ან ჩირქი;

. ჭრილობის გარშემო რამდენიმე დღეა არ ქრება შეშუპება და ძლიერი მტკივნეულობა;

. ნაკბენი ადგილის ზემოთ შეშუპებულია ლიმფური კვანძები;

. კანზე ნაკბენი ადგილიდან სხვადასხვა მხარეს წითელი ზოლები მიემართება.

ანტიბაქტერიული თერაპია შესაძლოა დაგჭირდეთ მაშინაც, როცა ნაკბენი ხელის მტევანზე, ტერფზე, სახეზე ან  გენიტალიების არეშია. რაც უნდა მცირე იყოს ასეთი ჭრილობა, მისი ინფიცირების შემდეგ სავალალო შედეგის ალბათობა საკმაოდ დიდია. დამატებითი მკურნალობა დაგჭირდებათ მაშინაც, როცა ჭრილობა იმდენად ღრმაა, რომ კანთან ერთად დაზიანებულია კუნთი, მყესი და`ან ძვალიც.

ფიზიკურ დაზიანებასთან ერთად ბავშვმა შესაძლოა ფსიქოლოგიური სტრესიც მიიღოს, დაეწყოს შფოთვები, ღამის კოშმარები, უძილობა, უნებლიეთ ლოგინშიც ჩაისველოს. ყურადღება მიაქციეთ მის განწყობას, დაელაპარაკეთ, დაუყვავეთ და მაქსიმალურად დაეხმარეთ სტრესის დაძლევაში.

ადამიანის ნაკბენი

პატარები თვითონაც კბენენ სხვა პატარებს. ადამიანის ნაკბენის შემთხვევაში პირველადი დახმარება ისეთივეა, როგორიც ცხოველის ნაკბენის დროს, განსხვავდება მხოლოდ ვაქცინაციის კურსი. ყოველთვის არსებობს თეორიული შანსი, ადამიანის ნერწყვში B ჰეპატიტის ვირუსი იყოს, მაგრამ თუ დაკბენილი ბავშვი ეროვნული კალენდრის მიხედვით არის აცრილი, ვაქცინის დამატებითი დოზა შესაძლოა არც დასჭირდეს.

დამწვრობა

დაზიანების სიმძიმის მიხედვით განასხვავებენ დამწვრობის სამ ხარისხს. პირველი ხარისხის დამწვრობისას კანზე აღინიშნება მცირე, მზით დამწვრობის მსგავსი შეწითლება და შეშუპება. მეორე ხარისხის დამწვრობას კანზე ბუშტუკების გაჩენა და ძლიერი შეშუპება ახასიათებს. დამწვრობის პირველი და მეორე ხარისხები კანის დაზიანებით შემოიფარგლება (ზიანდება, შესაბამისად, კანის ზედაპირული და ღრმა შრეები). მესამე ხარისხის დამწვრობისას დაზიანება უფრო ღრმაა. დამწვარი უბანი თეთრია ან დანახშირებული. შესაძლოა, უმტკივნეულო ან უგრძნობიც კი იყოს ნერვული დაბოლოებების დაზიანების გამო.

დამწვრობის გამოწვევა შეუძლია მზის პირდაპირ სხივებს, ცხელ წყალს ან სხვა სითხეს, ცეცხლს, ელექტრობას და ქიმიურ ნივთიერებებს. ამ ყველაფერმა შესაძლოა კანზე შეუქცევადი ცვლილებები გააჩინოს და ნაწიბურები დატოვოს.

მკურნალობა

დამწვრობისას ეცადეთ, დრო არ დაკარგოთ. უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია დაზიანებული უბნის გაგრილება. ამისთვის ცივი გამდინარე წყალი გამოდგება. დამწვარი ადგილი მანამდე გააჩერეთ ჭავლის ქვეშ, ვიდრე ბავშვი შვებას არ იგრძნობს. ნუ გამოიყენებთ ყინულს – შემდგომში ამან შესაძლოა შეხორცება შეაფერხოს.

თუ ტანსაცმელს ალი მოედო, ჩააქრეთ წყლით და ეცადეთ, რაც შეიძლება მალე და ნაზად გახადოთ. თუ მიმწვარი ქსოვილი კანს მიეკრა, ფრთხილად მოაჭერით მაკრატლით რაც შეიძლება მეტი.

დამწვარ ადგილზე დააფარეთ სტერილური საფენი ან სუფთა ქსოვილი, რათა თავიდან აიცილოთ ჭრილობის ინფიცირება და დაუყოვნებლივ მიმართეთ კლინიკას. ნურაფერს წაუსვამთ და, საზოგადოდ, ერიდეთ თვითმკურნალობას.

თუ ზედაპირული დამწვრობა ან სიწითლე რამდენიმე დღეზე მეტხანს გაგრძელდა, დაერთო ტკივილი ან სხვა სიმპტომები (სიცხე, ზოგადი სისუსტე), აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

ქიმიური ნივთიერებებით დამწვრობისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინოთ, ვინაიდან ისინი კანიდან შეიწოვება და შესაძლოა, ორგანიზმის ზოგადი ინტოქსიკაცია გამოიწვიოს.

დარწმუნდით, რომ თქვენი წყლის გამათბობელი 50 გრადუსზე მეტად არ აცხელებს წყალს, რათა პატარა ბანაობისას უნებლიეთ არ დაიწვას.

დამწვრობათა უმეტესობა სახლის პირობებში პირველ დახმარებას ექვემდებარება, მაგრამ არის შემთხვევები, როცა აუცილებლად უნდა მიმართოთ კლინიკას. კერძოდ:

. როცა საქმე გვაქვს მესამე ხარისხის დამწვრობასთან;

. როცა დაზიანებულია კანის 10% და მეტი (თვალზომით შესაფასებლად იცოდეთ, რომ ბავშვის ზედა კიდურის კანი მთელი სხეულის კანის საფარველის 9%-ს შეადგენს, ქვედა კიდურისა – 14%-ს, თავის – 18%-ს, გულმკერდისა და ზურგისა – 18-18%-ს.

. როცა დამწვრობა სახეზე, ხელებზე, ტერფებზე, გენიტალურ არეზე ან სახსრებზეა – შესაბამისი მოვლისა და მკურნალობის გარეშე კანი შესაძლოა ცუდად შეხორცდეს სახსრის გარშემო და მომავალში მოძრაობის პრობლემები გამოიწვიოს.

მიმართეთ კლინიკას, თუ პატარა მეტისმეტად ჭირვეულობს და ბინაზე მკურნალობის საშუალებას არ გაძლევთ.

ხანძრის დროს

სახლში ხანძარი ცეცხლთან ან ელექტროხელსაწყოებთან ბავშვის დაუდევარმა მოპყრობამაც შეიძლება გააჩინოს. ასე რომ არ მოხდეს, მოარიდეთ პატარა ელექტროხელსაწყოებს და ასწავლეთ, ცეცხლსაშიშ საგნებთან ფრთხილად იყოს. განსაზღვრულ ასაკამდე ბავშვებს შიშისა და საფრთხის შეგრძნება არ გააჩნიათ, არ იცნობენ თავინთი სხეულის შესაძლებლობებს და ვერ გრძნობენ ამ შესაძლებლობათა ზღვარს, რითაც თავს საფრთხეში იგდებენ.

. მეტი უსაფრთხოებისთვის დაამონტაჟეთ სახლში კვამლის დეტექტორი.

. ასწავლეთ პატარას, რომ თუ ოთახში კვამლი დგას, გასასვლელისკენ ხოხვით წავიდეს – ასე კვამლი არ ჩაეყლაპება.

. აჩვენეთ, სად არის საავარიო გასასვლელები, როგორ გამოვიდეს სახლიდან უსაფრთხოდ და სწრაფად. თუ მაღალ სართულზე ცხოვრობთ, ასწავლეთ, ხანძრის დროს არ გამოიყენოს ლიფტი.

. აარჩიეთ უსაფრთხო ადგილი, სადაც ოჯახის წევრები შეიკრიბებით, თუ სახლში ხანძარი გაჩნდა და ისე მოხდა, რომ სხვადასხვა გზით დატოვეთ შენობა.

. ასწავლეთ პატარას, რომ თუ ტანისამოსზე ალი მოედო, მიწაზე დაწვეს და გაგორდეს.

. სახლში ნუ მოწევთ.

. ნუ დატოვებთ ბავშვისთვის ხელმისაწვდომ ადგილას ასანთს, სანთებელას, აალებად ნივთიერებებს.

ნაკაწრი და ნაკვეთი ჭრილობები

ბავშვები გამუდმებით ექსპერიმენტებს ატარებენ, გამუდმებით რაღაცას აფუჭებენ და ეს მათი შემეცნების პროცესისი ნაწილია. მაგალითად, განსაკუთრებით ცნობისმოყვარე პატარამ შესაძლოა გაჭრას რბილი სათამაშო იმის გასაგებად, რა აქვს შიგნით. დიდი რისკია, ამ დროს თვითონაც გაიჭრას რამე. ჭრილობაზე ბავშვის რეაქცია ხშირად შიშის შედეგი უფროა, ვიდრე ტკივილის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჭრილობას მოვლა არ სჭირდება.

ნაკაწრი

ნაკაწრი შესაძლოა საკმაოდ დიდიც იყოს (მაგალითად, თუ ბავშვი წაიქცა ან უხეშად გაეხახუნა რამეს) და სისხლმდენიც. ნუ შეგეშინდებათ – თუ კანის ზედაპირია დაზიანებული, სისხლის დანაკარგი იმაზე ნაკლები იქნება, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ. ჩამობანეთ ნაკაწრი ჯერ გრილი გამდინარე წყლით ჭუჭყის მოსაშორებლად, მერე – თბილი წყლითა და საპით. ნუ გამოიყენებთ სპირტსა და იოდს – ამ შემთხვევაში ისინი დიდად ვერ დაეხმარება ბავშვს, პირიქით, დამატებით დისკომფორტს, წვისა და ტკივილის შეგრძნებას გამოიწვევს.

წაუსვით ანტიბიოტიკის შემცველი მალამო – ეს რეგენერაციის პროცესს დააჩქარებს და ხელს შეუშლის ინფექციის განვითარებას. როცა დიდი ნაკაწრი დიდ ფუფხს გაიკეთებს, დაატენიანეთ საბავშვო კრემით და ნუ მისცემთ ბავშვს მისი აძრობის უფლებას – შესაძლოა, ჭრილობაში ინფექცია შეეჭრას და ნაიარევიც დაუტოვოს.

ნაკაწრების უმრავლესობის მოვლა-მკურნალობა ბინაზეც შესაძლებელია, მაგრამ თუ ბავშვს ნაკაწრიდან მუდმივად სდის სითხე ან ჩირქი, მით უმეტეს – თუ სიცხემაც აუწია, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

ღრმა ჭრილობა და სისხლდენა

ღრმა ჭრილობა, ნაკაწრისგან განსხვავებით, გულისხმობს კანისა და მის ქვეშ მდებარე ქსოვილების (კუნთი, იოგები, ნერვები) დაზიანებას. ამის გამო სისხლდენა უფრო ძლიერია, ნერვის დაზიანების გამო კი შესაძლოა ტკივილიც ახლდეს თან და შეხორცებასაც უფრო მეტი დრო დასჭირდეს.

როგორ მოვიქცეთ

სისხლდენის შესაჩერებლად გააკეთეთ დამწოლი ნახვევი სუფთა ქსოვილით. მხოლოდ ამის შემდეგ გაასუფთავეთ ჭრილობა. შეინარჩუნეთ სიმშვიდე, რათა ბავშვი თქვენი რეაქციით არ შეაშინოთ.

თუ ჭრილობა 1 სმ-ზე მეტი სიღრმისაა, დიდია ალბათობა, კანქვეშა ქსოვილები იყოს დაზიანებული. ასევე საყურადღებოა გრძელი ჭრილობები სახეზე, ზურგსა და მკერდზე, რომლებიც ხშირად ტოვებს ნაიარევს. თუ ჭრილობა გაურთულებლად შეხორცდა, ნაიარევიც უფრო უფერული და შეუმჩნეველი იქნება.

თუ შიშობთ, რომ სათანადოდ ვერ აფასებთ ჭრილობის სიმძიმეს, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. მიმართეთ მაშინაც, თუ დამწოლი ნახვევის დადებიდან 15 წუთში სისხლდენა არათუ არ შეწყდა, არც კი იკლო, სისხლი ალისფერია და ჭრილობაზე დადებულ ქსოვილს ასველებს.

თუ ჭრილობა მცირე ზომისაა, მის მიმდებარედ მგრძნობელობაც შენარჩუნებულია და პირიც ადვილად ეკვრება, შეგიძლიათ, მას ბინაზეც უმკურნალოთ.

ჭრილობა ყოველთვის ჩამობანეთ ნელთბილი გამდინარე წყლითა და საპნით. ერიდეთ სპირტისა და იოდის გამოყენებას.

პრევენცია

ჭრილობების თავიდან აცილება ნამდვილად არ არის იოლი, როცა ბავშვი მოძრავი და ენერგიულია. ერთადერთი, რის გაკეთებაც შეგიძლიათ, ის არის, რომ პატარას მაქსიმალურად უსაფრთხო გარემო შეუქმნათ და მჭრელი და ბასრი საგნები მისთვის მიუწვდომელ ადგილას შეინახოთ.

ელექტრული შოკი

როდესაც ადამიანი პირდაპირ ეხება ელექტრობის წყაროს, შესაძლოა ელექტრული შოკი მიიღოს. დაზიანების ხარისხი დენის სიმძლავრესა და დენთან შეხების ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული – შესაძლოა, საქმე მსუბუქი დისკომფორტით დასრულდეს, მაგრამ არც სიკვდილია გამორიცხული.

პატარა ბავშვებს იზიდავთ ელექტროხელსაწყოები და ელექტროსადენები, რადგან ჯერ არ იციან, რომ მათ უნდა ერიდონ. განსაკუთრებით მიმზიდველია საახალწლო გირლანდები.

როგორ მოვიქცეთ

თუ ბავშვს დენმა დაარტყა, უპირველეს ყოვლისა, მოაშორეთ დენის წყაროს. არ მოჰკიდოთ კაბელს შიშველი ხელი! სცადეთ მისი გათიშვა ელექტროქსელიდან. თუ ვერ ახერხებთ, გადაჭერით ხისტარიანი ნაჯახით ან გაწიეთ მშრალი ჯოხით, სქელი ტანსაცმლით, დახვეული გაზეთით, სილიკონის ხელთათმანით.

თუ ვერც ეს მოხერხდა, შეეცადეთ, მოაშოროთ ბავშვი დენის წყაროს ისეთი საგნით, რომელიც დენს არ ატარებს. შიშველი ხელით არ შეეხოთ – ელექტრული დენი თქვენზეც გადმოვა.

როგორც კი ელექტრული ნაკადი შეწყდება, შეუმოწმეთ ბავშვს სუნთქვა, გულისცემა, კანის ფერი და ცნობიერება. თუ არ სუნთქავს, გული არ უცემს ან არათანაბარი და სწრაფი პულსი აქვს, ნორმალური გულისცემის აღსადგენად დაიწყეთ გულ-ფილტვის რეანიმაცია. პარალელურად ხმა მიაწვდინეთ უახლოეს ადამიანს და სთხოვეთ, სასწრაფო დახმარება გამოიძახოს. ერიდეთ ბავშვის უმიზეზოდ გადაადგილებას, ვინაიდან ძლიერმა ელექტრულმა დენმა შესაძლოა ხერხემლის მოტეხილობა და ზურგის ტვინის დაზიანებაც გამოიწვიოს.

თუ ბავშვს გონება არ დაუკარგავს და კონტაქტურია, შეუმოწმეთ კანი და ლორწოვანი, განსაკუთრებით მაშინ, თუ ელექტროსადენი კბილებით გადაღრღნა. დიდი რისკია, დენის დარტყმისას ბავშვმა დამწვრობა მიიღოს, მას კი სათანადო მკურნალობა სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა დაინფიცირდეს, გართულდეს ან ნაიარევი დატოვოს.

მიუხედავად, იმისა, რომ ბავშვი ერთი შეხედვით შესაძლოა კარგად გრძნობდეს თავს, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

ელეტრულმა ტრავმამ შესაძლოა შინაგანი ორგანოები დააზიანოს (გამოიწვიოს შინაგანი სისხლდენა, მაგალითად, თავის ტვინში). პედიატრი გასინჯავს ბავშვს, ჩივილების შესაბამის კვლევებს ჩაუტარებს, დაზიანებულ კანს დაუმუშავებს და შეუხვევს. თუ დაზიანება მძიმეა, შესაძლოა პატარას ჰოსპიტალიზაციაც დასჭირდეს.

პრევენცია

პრევენციის საუკეთესო გზა როზეტების დაცობა, ელექტროსადენების კარგად შეფუთვა და ბავშვისთვის მიუწვდომელ სიმაღლეზე დამაგრებაა. ნუ დატოვებთ პატარებს უყურადღებოდ, განსაკუთრებით – სააბაზანოში, რადგან წყალი ელექტრობის კარგი გამტარია.

სესილი ცირეკიძე

გააზიარე: