ლაქტოზის აუტანლობა

გააზიარე:

დადებითი პასუხი ორსულობის ტესტზე... ბედნიერების განცდა, რომელიც სამუდამოდ გამახსოვრდება... და გაუცნობიერებელი შიში... იგეგმება მშობიარობის გზა, ირჩევა ბავშვის სახელი, ტანსაცმელი, საწოლი... რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია – დედა ძუძუთი კვებისთვის ემზადება. ექიმებისგან უამრავ ინფორმაციას იღებს მისი უპირატესობის შესახებ, იცის, რომ დედის რძე შეუცვლელი საკვებია, ბავშვის ჯანმრთელობის საუკეთესო მცველი. და აი, დგება ნანატრი წუთიც – დედის მკერდზე აცმაცუნებული პაწია ტუჩები საკვებს ეძებს. მაგრამ ზოგჯერ თავს იჩენს მოულოდნელი დაბრკოლება, დედა იძულებული ხდება, ჩვილი მოსწყვიტოს ბუნების ამ უნიკალურ საჩუქარს და ხელოვნურ კვებაზე გადაიყვანოს.

ერთ-ერთი ასეთი დაბრკოლებაა ლაქტოზის აუტანლობა. ბავშვი ჭირვეულობს, ყოველი კვების შემდეგ მუცელი ებერება და სტკივა, წამოაქაფებს, ეწყება დიარეა ცხელების გარეშე, წონას არ იმატებს, ზოგჯერ იკლებს კიდეც... თუ ასე მოხდა, ცხადია, ექიმს უნდა მიმართოთ და ერთად დასახოთ პრობლემის მოგვარების გზა.

მოდი, ერთად გავარკვიოთ, რა არის ლაქტოზის აუტანლობა და როგორ მოვიქცეთ ამ დროს.

 

ნებისმიერი რძის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ლაქტოზა, რძის შაქარი, რომლისგანაც იღებს ბავშვი საჭირო ენერგიის 40%-ს. ლაქტოზა მონაწილეობს კალციუმის, თუთიის, მაგნიუმისა და რკინის შეწოვაში, ორგანიზმისთვის აუცილებელი ნაწლავის მიკროფლორის ჩამოყალიბებაში. თუმცა თავადაც სჭირდება გადამუშავება და მონელება. ლაქტოზის გადამუშავებას ფერმენტი ლაქტაზა უზრუნველყოფს, რომელიც წვრილი ნაწლავის ლორწოვანში სინთეზდება. სწორედ ლაქტაზის უკმარისობა ან არარსებობა იწვევს ლაქტოზის, შესაბამისად, რძისა და მისი ნაწარმის აუტანლობას.

ლაქტაზის დეფიციტს ჰიპოლაქტაზია ეწოდება, ხოლო არარსებობას – ალაქტაზია.

ლაქტოზა ლაქტაზის ზემოქმედებით გლუკოზად და გალაქტოზად იშლება. გლუკოზა ენერგიის ძირითადი წყაროა, ხოლო გალაქტოზა მნიშვნელოვანია ცენტრალური ნერვული სისტემის განვითარებისთვის.

 

სად ვეძებოთ მიზეზები

განასხვავებენ ლაქტოზის აუტანლობის პირველად და მეორეულ მიზეზებს.

პირველადი მიზეზებითაა განპირობებული ლაქტოზის აუტანლობის შემდეგი ფორმები:

* ეთნიკური;

* უმწიფრობასთან დაკავშირებული;

* ლაქტაზის თანდაყოლილ უკმარისობასთან (CLD) ასოცირებული.

გაგიკვირდებათ და ორგანიზმში ლაქტაზის წარმოქმნა ეთნიკურ წარმომავლობაზეცაა დამოკიდებული. დადასტურებულია, რომ ბევრს 3-4 წლის ასაკში გამოაჩნდება აღნიშნული პრობლემა. ეს უმთავრესად აზიისა და აფრიკის მოსახლეობას ეხება. მათგან განსხვავებით, ჩრდილოეთევროპელებსა და კავკასიელებთან ლაქტაზის დეფიციტი იშვიათად გვხვდება.

ლაქტოზის აუტანლობა არა მარტო ბავშვებისთვის, არამედ მოზრდილებისთვისაც აქტუალური პრობლემაა.

ხშირად ლაქტოზის ტრანზიტორული აუტანლობა უვლინდებათ დღენაკლულ პატარებს. რითია ის გამოწვეული? ნაყოფის ნაწლავში ლაქტაზის წარმოქმნა 24-ე კვირიდან იწყება და თანდათან იმატებს. ბავშვებს, რომლებიც იბადებიან მუცლად ყოფნის 28-32-ე კვირას, რა თქმა უნდა, ლაქტაზის დეფიციტი აქვთ და უვითარდებათ რძის აუტანლობის ყველა სიმპტომი, მაგრამ საჭმლის მომნელებელი სისტემა თანდათან მწიფდება და პრობლემაც ქრება.

ლაქტოზის თანდაყოლილი აუტანლობა (CLD) შედარებით იშვიათია და აუტოსომურ-რეცესიული ტიპით მიმდინარეობს. ასეთი აუტანლობის მქონე ბავშვებს ახასიათებთ ლაქტაზის სრული უქონლობა სხვა დისაქარიდების ნორმალური შემცველობის ფონზე. დაავადება მთელ მსოფლიოშია გავრცელებული, თუმცა უმთავრესად ფინეთის მოსახლეობის წილად მოდის. XX საუკუნემდე ამ პათოლოგიის მქონე ბავშვები გართულებებით იხოცებოდნენ, სანამ არ გაირკვა მიზეზი და არ შეიქმნა სოიაზე დამზადებული ულაქტოზო (lactose free) საკვები ფორმულა.

რაც შეეხება ლაქტაზის მეორეულ უკმარისობას, ის იმ დაავადებების ფონზე ვითარდება, რომლებიც ნაწლავის ლორწოვანს აზიანებს. ასეთებია ინფექციური ენტერიტი, ცელიაკია, კრონის დაავადება. ლაქტაზის მეორეულ უკმარისობას იწვევს ქიმიოთერაპიაც.

როგორ ვლინდება ლაქტოზის აუტანლობა? რა სიმპტომები ახასიათებს მას?

* ნაწლავთა კოლიკა კვების დროს ან კვების შემდეგ (30 წუთში);

* დიარეა ქაფიანი, თხევადი და მჟავესუნიანი განავლოვანი მასებით (დღეში 10-12-ჯერ). 10%-თან პათოლოგია შესაძლოა ყაბზობით გამოვლინდეს;

* მუცლის შებერილობა და აირების დაგროვება. წესისამებრ, ამ დროს ბავშვებს მადა კარგი აქვთ, ხარბად წოვენ ძუძუს, მაგრამ კვების დაწყებიდან რამდენიმე წუთში იწყებენ ტირილს, თავს ანებებენ ძუძუს წოვას და ფეხები მუცელთან მიაქვთ;

* ნაწლავთა გაძლიერებული ხმიანობა, ყურყური;

* წამოქაფება;

* მძიმე შემთხვევებში – წონის კლება.

ეს სიმპტომები თანდათანობით ვითარდება. რაც უფრო მეტად იზრდება მოხმარებული რძის ოდენობა, მით უფრო მკაფიოა სიმპტომებიც. პირველ კვირას ახალშობილს არაფერი აწუხებს, მერე და მერე კი თავს იჩენს აირების დაგროვება, მუცლის ტკივილი, დიარეა.

 

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტირებისთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია კლინიკური ნიშნები, მაგრამ არსებობს რამდენიმე ტესტი, რომელთა ჩატარებაც შესაძლოა გირჩიოთ ექიმმა დიაგნოზის დასაზუსტებლად. ზოგჯერ მედიკოსები მიმართავენ ე.წ საცდელ მკურნალობას – ბრმად გადაჰყავთ პაციენტი ლაქტოზით ღარიბ საკვებზე და აკვირდებიან მისი მდგომარეობის დინამიკას. შესაძლოა, განისაზღვროს განავლის პH (ნორმისას – >5,5), რომელიც იკლებს ლაქტოზის აუტანლობის დროს. დაავადების დინამიკის შესაფასებლად ატარებენ განავლის ანალიზს ნახშირწყლების შემცველობაზე, თუმცა ის სპეციფიკური არ არის და დიაგნოსტიკის კუთხით ნაკლებინფორმაციულია.

უკვე მრავალი წელია, ფართოდ იყენებენ ლაქტოზისადმი ტოლერანტობის ტესტს. პაციენტს პერორალურად ეძლევა ლაქტოზა (დიდებს – 50 მგ, პატარებს – 2მგ`კგ, მაქსიმალური დოზა – 50 მგ) და იზომება სისხლში გლუკოზა: უზმოზე, ლაქტოზის მიღებიდან 60 წითის შემდეგ და 120 წუთის შემდეგ. ჯანმრთელი ადამიანის სისხლში გლუკოზის დონემ არა უმცირეს 1 მმოლ`ლ-ით უნდა მოიმატოს. ნაკლები მაჩვენებელი პათოლოგიაზე მიუთითებს. თუმცა დიაბეტიან და ნაწლავური ინფექციის მქონე პაციენტებთან შესაძლოა ცრუ უარყოფითი შედეგი მივიღოთ.

წვრილი ნაწლავის ბიოპტატში ლაქტაზის აქტივობის განსაზღვრა ოქროს სტანდარტად მიიჩნევა, თუმცა კვლევა ინვაზიაურია და ძვირი და ყოველდღიურ პრაქტიკაში ნაკლებად იყენებენ. ამასთან, იმაზეა დამოკიდებული, რამდენად სწორად აიღებენ ბიოპტატს თორმეტგოჯა ან წვრილი ნაწლავიდან. სრული დიაგნოსტირებისთვის კი საჭიროა რამდენიმე ბიოპტატის აღება.

ჰიდროგენული სუნთქვის ტესტი: პაციენტს ეძლევა წყალში გახსნილი 25 მგ ლაქტოზა. თუ მისი შეწოვა არ მოხდა, ნაწლავის ბაქტერიების ზემოქმედებით ლაქტოზისგან წარმოიქმნება წყალბადის იონები, რომლებსაც სპეციფიკური აპარატის მეშვეობით ითვლიან 30 წუთში ერთხელ. მეთოდი ინფორმაცულია, თუმცა ახალშობილებსა და მცირეწლოვან ბავშვებთან არ გამოიყენება, რადგან ლაქტოზამ შესაძლოა ძლიერი დიარეა გამოიწვიოს და პაციენტის მდგომარეობა სწრაფად გართულდეს.

გენეტიკური ტესტი: გენეტიკური ანალიზი საჭიროა პირველადი თანდაყოლილი ლაქტოზის აუტანლობის დიაგნოზის დასასმელად. იკვლევენ სისხლს ან ნერწყვს. დნმ-ს ანალიზით შესაძლებელია ორი გენის – /-13910-ისა და С/-22018-ის აღმოჩენა. კვლევა ძვირად ღირებულია და ყველა სამედიცინო დაწესებულებაში არ ტარდება.

 

როგორ მკურნალობენ

ლაქტოზის პირველადი აუტანლობისას მკურნალობის ძირითადი მიზანი ლაქტოზის შემცირებაა. ზოგჯერ საჭირო ხდება კვების რეჟიმიდან მისი ამოღებაც. შესაძლოა ჩატარდეს ჩანაცვლებითი თერაპია ლაქტაზის შემცველი პრეპარატებით.

მეორეული აუტანლობისას, უწინარეს ყოვლისა, საჭიროა ძირითადი დაავადების მკურნალობა. დროებით, ნაწლავის ლორწოვანი გარსის აღდგენამდე, შეიძლება საკვებში ლაქტოზის შემცირება.

უფროსი ასაკის ბავშვებსა და მოზარდებთან ლაქტოზის აუტანლობისას საჭიროა რძის შემცირება ან სრულიად ამოღება კვების რაციონიდან. რძემჟავა პროდუქტების: ყველის, ხაჭოს, მაწვნის, ბიფიდობაქტერიების შემცველი იოგურტის, მცენარეული (მაგალითად, ქოქოსის) მიღება ნებადართულია – მათ მიმართ ტოლერანტობა უფრო ადვილად ვითარდება, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, ამ შემთხვევაში მკურნალობის სქემაში ჩავრთოთ D ვიტამინი და კალციუმის პრეპარატები – ყველამ იცის, რომ ეს ელემენტი აუცილებელია ძვლების ზრდისა და მინერალიზაციისთვის და მას უმთავრესად რძისგან ვიღებთ.

ჩვილებთან ვითარება შედარებით რთულია. თუ ბავშვი ძუძუს წოვს, დედის რძის მოკლება არ არის სასურველი. ამ დროს უმჯობესია გამოვიყენოთ ფერმენტი ლაქტაზა, რომელიც იხსნება რძეში და ყოველი კვებისას ეძლევა ჩვილს. ხელოვნურად მიწოდებული ლაქტაზა შლის ლაქტოზას და ჩივილებიც ქრება. როცა ეს პრეპარატი ხელმისაწვდომი არ არის, დაისმის ლაქტოზის დაბალი შემცველობის ხელოვნურ კვებაზე გადაყვანის საკითხი. ხელოვნურ კვებაზე გადაყვანის შემთხვევაში ფორმულა დაავადების სიმძიმის გათვალისწინებით შეირჩევა. თუ გამოხატულია გაუწყლოების ნიშნები, წონის კლება, ლაქტოზისადმი ნაკლები ტოლერანტობა, სასურველია ისეთი ხელოვნური ნარევის შერჩევა, რომელიც საერთოდ არ შეიცავს ლაქტოზას.

გენეტიკურად განპირობებული თანდაყოლილი ლაქტოზის აუტანლობისას (CLD) ლაქტოზის შემცველი პროდუქტების რაციონიდან ამოღებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, ამიტომ ყოველი ახალი საკვების ან წამლის მიცემამდე უნდა შემოწმდეს მათი ლაქტოზის შემცველობა.

თეონა ირემაძე

გააზიარე: