ბრტყელტერფიანობა ბავშვებში

გააზიარე:

ბრტყელტერფიანობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდებზე გვესაუბრება ტერფის ფუნქციური დიაგნოსტიკისა და კორექციის ცენტრ “ტერდის” სპეციალისტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი თამარ კოტარია
. არსებობს თუ არა მეთოდი, რომელიც ზუსტად განსაზღვრავს ტერფის მდგომარეობას?
. ასეთი მეთოდია ტერფის კომპიუტერული დიაგნოსტიკა, რომლის მეშვეობითაც ვადგენთ ტერფის ბიომექანიკურ მაჩვენებლებს: სიარულისას თითოეულ სანტიმეტრზე წარმოქმნილ წნევას, ძალას თავად ნაბიჯის გადადგმის დროს. კვლევა დინამიკურია _ პედოგრამა (ტერფის კომპიუტერული გამოსახულება) სიარულის დროს იწერება. შედეგად ვიღებთ ინფორმაციას ტერფის ფორმის, სასიარულო ღერძის მდებარეობის, ყრდნობის უბნებისა და სხვათა შესახებ. თუ რომელიმე პარამეტრში დარღვევა აღმოვაჩინეთ, ვუნიშნავთ სამკურნალო-საკორექციო ღაბაშს ან, როგორც ხალხში უწოდებენ, სუპინატორს. ეს უკანასკნელიც კომპიუტერულ რეჟიმში პედოგრაფიული მონაცემების საფუძველზე მზადდება. ამგვარად, თითოეულ პაციენტს ტერფის სავსებით ინდივიდუალური საკორექციო საშუალებას ვურჩევთ.
ღაბაში ტერფის ანტაგონისტია, რომელიც  ადამიანს აიძულებს, გააკეთოს ნორმალური ბიჯი. ამდენად, მის მნიშვნელობაზე საუბარი ზედმეტად მიმაჩნია.
. რა ასაკშია ყველაზე ეფექტური ღაბაშით მკურნალობა?
. კორექციის დასაწყებად საუკეთესოა ასაკი 4-დან 8 წლამდე. ძვლოვანი სტრუქტურა სწორედ ამ პერიოდში ყალიბდება, ამიტომ ჩარევაც მეტად ეფექტურია. ღაბაშით კორექციის პარალელურად ბავშვს სპეციალური ვარჯიშები, ცურვა ენიშნება, თავად კორექციის პროცესი კი ძალზე მარტივია – ადამიანი დადის და თან მკურნალობს.
. რამდენი ხანი უნდა ატაროს ბავშვმა ღაბაში? . სასურველია, ბავშვმა სუპინატორიანი ფეხსაცმელი მოწიფულობამდე ატაროს _ მანამდე, სანამ ძვლის სტრუქტურა ბოლომდე არ ჩამოყალიბდება. წლების განმავლობაში სწორდება ღერძი, 

ისახება  ყრდნობის უბნები და ა.შ. არის შემთხვევები, რომ ბავშვს ტერფი 1-2 წელიწადში უსწორდება, მაგრამ ეს ნამდვილად არ გახლავთ იმის საბაბი, რომ მშობლებმა ყურადღება მოადუნონ და შვილს ფეხსაცმლიდან ღაბაში ამოუღონ. მიღწეული შედეგის შესანარჩუნებლად, სასურველია, მაკორეგირებელი მკურნალობა ზრდის დასრულებამდე განვაგრძოთ.
. გარდა ბრტყელტერფიანობისა, რომელი პათოლოგიების დროს ურჩევთ სუპინატორის ტარებას?
. ღაბაშს ვურჩევთ ისეთი პათოლოგიების დროსაც,  როგორიც არის დიაბეტური ტერფი, ლიმფოვენური უკმარისობა, მძიმე ფეხის სინდრომი, სკოლიოზი. განსაკუთრებით ეფექტურია სუპინატორი იმ ბავშვებისთვის, რომლებიც სპორტის ამა თუ იმ სახეობას მისდევენ და ტერფი მეტისმეტად ეტვირებათ (ასეთი რამ უმთავრესად ფეხბურთის, კალათბურთის თამაშის, ბალეტისა და ცეკვის დროს ხდება). ღაბაში ტერფს ზოგავს, ტკივილებს აქრობს და ნორჩ სპორტსმენსა თუ მოცეკვავეს დატვირთვის გახანგრძლივებაში ეხმარება.

გააზიარე: