კოჭისა და ტერფის გავრცელებული პრობლემები

გააზიარე:

ადამიანის ტერფი რთული ანატომიური სტრუქტურის მქონე სხეულის ნაწილია, რომელიც 26 ძვლისგან, 100-მდე მყესისგან, 12 გარეთა და 19 შიგნითა კუნთისგან შედგება. საყრდენ და მამოძრავებელ ფუნქციებთან ერთად ის ამორტიზატორის როლსაც ასრულებს და განუწყვეტლივ იტვირთება მოძრაობის დროს. სხეულის ამ ნაწილს გამუდმებით უწევს ისეთი არასასურველი ფაქტორების ატანა, როგორებიცაა ჭარბი წონა, მოუხერხებელი ფეხსაცმელი თუ უეცარი ტრავმა. ამ ფაქტორთა ზემოქმედება ტერფის შემაწუხებელი ტკივილის, სიარულის გაძნელებისა და შრომისუუნარობის ძირითადი მიზეზია.

 

რა იწვევს ტკივილს

ტერფის ტკივილი ხშირად გაურკვეველი წარმოშობისაა, თუმცა ცნობილია მისი ზოგიერთი მიზეზიც. მაგალითად, ის შესაძლოა გამოიწვიოს რევმატულმა დაავადებამ, სტრუქტურულმა დეფორმაციამ, ფეხსაცმლის ტიპმა. ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ ყველა ადამიანი თავისებურად დადის: ზოგი ტერფის შიგნითა ნაწილს აწვება, ზოგი – გარეთას; არიან ისეთებიც, ვინც ქუსლს ან ტერფს მაგრად ურტყამს მიწას, ზოგს კი სიარულისას ქუსლები გარეთ აქვს გაწეული, ხოლო ცერები – შიგნით შებრუნებული.

ტერფის გავრცელებული პრობლემებიდან აღსანიშნავია:

* თითების მტკივნეული დეფორმაცია. უმეტესად ჩაქუჩისებრი თითი გვხვდება. ამ დროს თითი ტერფისკენ იხრება, სახსარი დიდდება და მაღლა იწევს. დაზიანების პირველი ნიშანია ტკივილი, რომელსაც ზოგჯერ კოჟიჟის წარმოქმნაც ახლავს თან. თითის ასეთი დეფორმაცია შესაძლოა წლების განმავლობაში მოუხერხებელი ფეხსაცმლის ტარებით ან გენეტიკური ფაქტორით იყოს განპირობებული. ამ შემთხვევაში მკურნალობა, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს მოხერხებული ფეხსაცმლის ტარებას, რომელსაც თითებისთვის საკმაო სივრცე აქვს. შვების მომგვრელია სუპინატორიც. თუ ტკივილი ხელს გიშლით ყოველდღიურ საქმიანობაში, მიმართეთ ექიმს.

 

თითის ვალგუსური დეფორმაცია

ტერფის პირველი თითის დეფორმაციას, იმავე ვალგუსურ დეფორმაციას, ხალხში პოდაგრას ეძახიან. სინამდვილეში ამ დაავადებას პოდაგრასთან საერთო არაფერი აქვს. მართალია, ორივეს ტერფის პირველი თითის დაზიანება ახასიათებს, მაგრამ სხვადასხვა მიზეზით: პოდაგრას ნივთიერებათა ცვლის დარღვევა იწვევს, ხოლო ვალგუსური დეფორმაციის გამომწვევი მთავარი ფაქტორი მაღალქუსლიანი და წვრილწვერიანი ფეხსაცმელია, – დეფორმაცია აღენიშნება 10-დან 8 ქალს, რომლებიც ასეთ ფეხსაცმელს მეტისმეტად ხშირად იცვამენ, – თუმცა არ გამორიცხავენ მის განვითარებაში მემკვიდრეობითი ფაქტორის, რევმატოიდული ართრიტისა და სხვა ანთებითი ართროპათიების როლს. ვალგუსური დეფორმაციის დროს ცერა თითის ძვლის ფუძე სქელდება და გარეთ გამოიდრიკება. ცერის გარეთა კიდეზე ჩნდება ძვლოვანი წანაზარდი. მის გარშემო კანი შესაძლოა გაწითლდეს და მტკივნეული გახდეს. სხვა თითები ამ დროს შესაძლოა ერთმანეთს გადააჯდეს.

სიმპტომებს ამსუბუქებს შესაბამისი ზომის ფეხსაცმელი, ორთოპედიული მოწყობილობები, ფეხსაცმლის გაწევა (ბურთის ფორმის სპეციალური გამწევი ფეხსაცმლის შესაბამის ნაწილს აფართოებს). ტკივილის შემთხვევაში შეიძლება ტკივილგამაყუჩებლის მიღება, თუმცა ასეთ წამლებს გვერდითი ეფექტებიც აქვს, მაგალითად, კუჭის ლორწოვანს აზიანებს, ამიტომ მათი დიდხანს და სისტემატურად სმა არ შეიძლება. თუ ტკივილი პროგრესირებს, კონსულტაციისთვის ორთოპედ-ტრავმატოლოგს უნდა მივმართოთ.

 

სესამოიდიტი

სესამოიდური ძვალი წინა ტერფის შემადგენელი წყვილი მცირე ზომის ძვალია, რომელიც თითებს ტერფის ძირითად ნაწილთან აკავშირებს. ეს ძვლები ხშირად უზიანდებათ მოცეკვავეებსა და მორბენლებს. დაზიანებისთვის ტკივილი და ანთებაა დამახასიათებელი. სესამოიდიტი სწორედ სესამოიდური ძვლების ანთებაა.

ტერფის წინა ნაწილის ტკივილს დროს საჭიროა ექიმთან მისვლა, რათა სესამოიდური ძვლების მოტეხილობა გამოირიცხოს. ანთების დროს მიზანშეწონილია ანთების საწინააღმდეგო მკურნალობა ექიმის დანიშნულებით. ასევე საჭიროა ტერფის მოსვენება და სქელი ორთოპედიული საფენის გამოყენება.

 

მეტატარზალგია

მეტატარზალგია სიარულის დროს ტერფის წინა ნაწილის ტკივილია. მას იწვევს ტერფის ცხიმოვანი ქსოვილის განლევა, აქილევსის მყესის დაჭიმვა, ცუდად მორგებული ფეხსაცმელი. ფეხსაცმლის სწორად შერჩევა მეტატარზალგიის დროსაც აუცილებელია. სასურველია, ის სქელძირიანი და საშუალო სიმაღლისა იყოს. რეკომენდებულია ორთოპედიული მოწყობილობების გამოყენებაც.

 

ტერფის ფასციიტი

ფასცია ქსოვილის თხელი ფენაა, რომელიც ფარავს ცალკეულ კუნთებს ან კუნთთა ჯგუფს. ტერფის ფასციიტი ქუსლისა და ტერფის ტკივილის ერთ-ერთი გავრცელებული მიზეზია. ამ დროს პაციენტიები უჩივიან “პირველი ნაბიჯის” ტკივილს, უმთავრესად – დილაობით, ადგომისას. მოძრაობისას ტკივილი თანდათან მცირდება, ზოგჯერ სულ მთლად ქრება, მაგრამ ხელახლა იჩენს თავს უმოძრაო პერიოდის შემდეგ. ტერფის ფასციიტის თანმხლები ტკივილი განსაკუთრებით ძლიერდება ძუნძულის დროს. ხელით გასინჯვისას ტკივილს ამძაფრებს ქუსლის ძვლის ქვედა, მედიალურ წერტილზე ზეწოლა.

 

ქუსლის ტკივილი

ქუსლის ტკივილს სხვა მიზეზებიც აქვს. ერთი მათგანია ქუსლის ძვლისქვეშა ბურსიტი – სახსრების ლორწოვანი ნაწილის ანთება. ამ დროს ტკივილი შეიგრძნობა უშუალოდ ქუსლის ქვეშ. შესაძლოა, თან ახლდეს ქუსლის შესივებაც. ძლიერდება წონითი გადატვირთვისას და დღის განმავლობაში იმატებს.

არსებობს ქუსლის ნევროგენული ტკივილიც, რომელსაც სხვადასხვა მიზეზი აქვს:

1. ტერფის ნერვის ტოტის მიჭყლეტა თითების მომხრელი კუნთით. ამ დროს თავჩენილი სიმპტომები ძალიან ჰგავს ტერფის ფასციიტის სიმპტომებს, თუმცა არც ისაა გამორიცხული, ეს პათოლოგიები თანაარსებობდეს.

2. დიდი წვივის უკანა ნერვის მიჭყლეტა, რაც, თავის მხრივ, შესაძლოა გამოიწვიოს:

* ადგილობრივმა ტრავმამ (მყესების დაჭიმვამ, მოტეხილობამ);

* მოცულობითმა პროცესმა (ვენების დაავადებამ, ცხიმგროვამ);

* ტერფის დეფორმაციამ.

ტერფის გვირაბის სინდრომიც ნევროგენული წარმოშიბისაა. გოჯის უკან, ძვლოვან-ქსოვილოვან გვირაბში შესვლისას, ნერვი ზეწოლას განიცდის. წარმოიშობა ღამის ტკივილები, ჩხვლეტის, ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება თითებისა და ფალანგების ტერფისკენა მიდამოში.

აქილევსის ტენდინიტი, აქილევისის მყესის ანთება, გვხვდება როგორც ახალგაზრდებთან, ისე მოხუცებთანაც. ტენდინიტის ეს ფორმა, სავარაუდოდ, გამოწვეულია მყესების მცირე დაზიანებით, რასაც შემდგომ ანთებაც ერთვის. ამ მდგომარეობას ხშირად იხსენიებენ ტერმინ “ტენდინოზით”, ვინაიდან ის უკეთ გამოხატავს პროცესის მიზეზს, თუმცა უმეტესად საქმე გვაქვს როგორც დაზიანებასთან, ისე ანთებასთანაც. მწვავე შემთხვევებში საჭიროა კიდურის მოსვენება, არტაშნით იმობილიზაცია. ზოგჯერ იყენებენ ტერფის ამწევს, სხვა ორთოპედიულ საშუალებებს, უნიშნავენ მყესის გამჭიმავ ვარჯიშებს. ხდება ისეც, რომ დაზიანებული მყესის აღსადგენად ქირურგიული ჩარევა აუცილებელია.

 

ქუსლის დეზი

ქუსლის ძვლის დეზი ქუსლთან ფასციის დაზიანებისა და ანთების შედეგად გაძვალებული ქსოვილია. ჩივილები ამ დროს ინდივიდუალურია.

ქსოვილის გაძვალების მიზეზია ქუსლის ხანგრძლივი და ხშირი ტრავმირება, რასაც ხელს უწყობს მეტისმეტად თხელძირიანი ფეხსაცმლის ჩაცმაც.

თანამედროვე თვალთახედვით, დაავადება მრავალ სხვა ფაქტორსაც უკავშირდება. დადასტურებულია ქუსლის დეზის მაღალი სიხშირე მათთან, ვისაც მიდრეკილება აქვს რევმატული დაავადებებისკენ.

 

კოჭ-წვივის მყესების დაჭიმვაც გავრცელებული ტრავმების რიცხვს ეკუთვნის. გამოყოფენ სიმძიმის სამ ხარისხს:

* I ხარისხი – მყესოვანი ბოჭკოები მსუბუქადაა დაჭიმული;

* II ხარისხი – ზოგიერთი ბოჭკო გაგლეჯილია;

* III ხარისხი – მყესოვანი კონა მთლიანად გაგლეჯილია. შესაძლოა, ამას თან ახლდეს მცირე ძვლოვანი ფრაგმენტების მოტეხილობაც.

მყესების დაჭიმვა, ჩვეულებრივ, კოჭის მკვეთრ გადახრას ან ამობრუნებას (ღრძობას) მოჰყვება. ამ დროს მეტწილად გვერდითი მყესები ზიანდება. მყესები შესაძლოა დაიჭიმოს სირბილის ან ოღროჩოღრო ზედაპირზე სიარულის დროსაც.

შეშუპებისა და ტკივილის დასაცხრობად კარგია ყინულოვანი აბაზანები (საათში ერთხელ 15-20 წუთით კოჭის ყინულიან წყალში მოთავსება 24 საათის განმავლობაში), ყინულოვანი საფენები. ტკივილის დაცხრობამდე წონითი გადატვირთვის შესამცირებლად ხმარობენ ყავარჯნებს. თუ ტკივილი და დისკომფორტი იმატებს, უნდა მივმართოთ ექიმს.

კოჭ-წვივის ართრიტი კოჭ-წვივის სახსრის ანთებაა. ის შესაძლოა გამოიწვიოს ტრავმამ, ქრონიკულმა არასტაბილურობამ, სისტემურმა ანთებითმა დაავადებამ. პაციენტი, ჩვეულებრივ, უჩივის ყრუ ტკივილს დილაობით, ადგომისას, და ხანგრძლივი უმოძრაო პერიოდის შემდეგ. კოჭ-წვივის წინა მხარეს თითის დადებისას იგრძნობა ტკივილი. აქტიური თუ პასიური მოძრაობები საგრძნობლადაა შეზღუდული. რენტგენოგრაფია გამოავლენს სასახსრე ნაპრალის შევიწროებას, კისტურ წარმონაქმნებს, სასახსრე ზედაპირის დაწყლულებას.

მწვავე შემთხვევებში ექიმი უნიშნავს ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებებს. საჭიროებისამებრ, ინიშნება დამატებითი მედიკამენტური მკურნალობაც. დამხმარე ხერხია ფეხსაცმლის მოდიფიცირება. ამ ღონისძიებათა უეფექტობის შემთხვევაში შეიძლება მდგომარეობის შემსუბუქება სახსარშიდა სტეროიდებით და სახსრის ფიქსატორით, რომლებიც ასევე ექიმმა უნდა დანიშნოს.

 

როგორ მოვიქცეთ ტერფის სიჯანსაღის შესანარჩუნებლად, როგორ ვიცხოვროთ ტკივილის გარეშე?

ადამიანის ორგანიზმს უდიდესი საკომპენსაციო რეზერვი აქვს. საკმარისია, ცხოვრების წესით ხელი არ შევუწყოთ პათოლოგიის წინსვლას. ამაში დაგვეხმარება:

•             ჯანსაღი კვება, სხეულის ნორმალური მასის შენარჩუნება;

•             ზომიერი ფიზიკური აქტიურობა, ფეხით სიარული;

•             სწორად შერჩეული ფეხსაცმელი (უნდა იყოს ფართოცხვირიანი და სქელძირიანი, ქუსლის სიმაღლე არ უნდა აღემატებოდეს 3-4 სმ-ს);

•             ტრავმებისთვის თავის არიდება;

•             შეძლებისამებრ, ფეხშიშველი სიარული;

•             საჭიროებისას – ღაბაშების (სუპინატორების) გამოყენება.

 

რა არის და როგორ შევარჩიოთ სუპინატორი

სუპინატორი ორთოპედიული რბილი საფენია, რომელიც იდება ფეხსაცმელში, იმეორებს ტერფის ფორმას და უფრო კომფორტულს ხდის სიარულს. მისი შერჩევის ერთ-ერთი მეთოდია პლანტოგრაფია: სპეციალური აპარატის მეშვეობით იღებენ ინფორმაციას ტერფში არსებულ ცვლილებათა შესახებ, კომპიუტერულად ამუშავებენ და ამის საფუძველზე ურჩევენ პაციენტს შესაბამისი ფორმისა და ზომის ღაბაშს.

 სალომე ჭელიძე 

 

გააზიარე: