ვარჩევთ ღუმელს

გააზიარე:

ეძებთ ღუმელს? მაშ, შემოგვიერთდით.

ღუმელმა ბევრ მოთხოვნას უნდა გაუძლოს: სტეიკი უნდა იყოს წვნიანი, პიცა – ხრაშუნა, თავად ხელსაწყო სწრაფად უნდა ცხელდებოდეს და ნაკლებ ენერგიას მოიხმარდეს. მაგრამ ნამდვილად სჭირდება ღუმელს დამატებითი ფუნქციები, მაგალითად, ორთქლზე მომზადების ან გალღობის?

მოდი, გავიგოთ, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ღუმლის შეძენისას.   

ღუმლის ტიპი

კარადაში ჩაშენებული ღუმელი ბოლო ხანს იმდენად პოპულარული გახდა, რომ თითქმის ჩაანაცვლა კლასიკური, ქურასთან კომბინირებული ტიპი. კარადაში ჩაშენებულ ღუმელს კლასიკურთან შედარებით რამდენიმე უპირატესობა აქვს: ქურა და ღუმელი შეიძლება ცალ-ცალკე განვათავსოთ სამზარეულოში, რაც მეტ თავისუფლებას მოგვცემს ოთახის დიზაინზე მუშაობისას. ამასთან, სამუშაო მაგიდის სიმაღლეზე დამონტაჟებული ღუმელი გაცილებით კომფორტული და ერგონომიულია.

თუმცა ქურისა და ღუმლის ცალ-ცალკე განთავსება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ სამზარეულოს ფართობი ამის საშუალებას იძლევა, პატარა სამზარეულოში კი უფრო მოხერხებული ქურასთან კომბინირებული ღუმელია.

ჩასაშენებელი ღუმლების უმრავლესობა ელექტრონულია. ელექტროღუმლებს გაცილებით მეტი ფუნქცია აქვს, ვიდრე გაზისას, ამასთან, ადვილად იწმინდება და მარტივადაც მონტაჟდება.

ფუნქციობის რეჟიმები

ზედა`ქვედა გახურება, კონვექცია, ცხელი ჰაერი – ეს ის ძირითადი რეჟიმებია, რომლებიც თითქმის ყველა თანამედროვე ღუმელს აქვს, მაგრამ მწარმოებლები კიდევ უფრო დახვეწილ, მულტიფუნქციურ ღუმლებსაც გვთავაზობენ. რაც უფრო მეტი ფუნქცია აქვს ღუმელს, მით უფრო ძვირია, ამიტომ უმჯობესია, შეძენამდე გაარკვიოთ, რა ფუნქციებით არის ის აღჭურვილი, რომელი როდის გამოიყენება და საერთოდ, გჭირდებათ თუ არა.

ზედა`ქვედა გახურება

ღუმელი ჭერსა და ფსკერზე განლაგებული სპირალების საშუალებით ხურდება. მათი ჩართვა ერთადაც შეიძლება და ცალ-ცალკეც. ზედა`ქვედა გახურების რეჟიმი იდეალურია შესაწვავად თუ გამოსაცხობად, თუმცა ნაკლიც აქვს: ღუმელი წინასწარ უნდა გაახუროთ. ამასთან, ამ რეჟიმში ცხობისას უმეტესად 200-220 გრადუსია საჭირო და ერთდროულად მხოლოდ ერთი კერძის მომზადებაა შესაძლებელი, რაც ენერგისი დაზოგვას შეუძლებელს ხდის. კარგი ის არის, რომ კერძი არ შრება, პირიქით, ნაზი და წვნიანი რჩება.

კონვექცია (მოცირკულირე ჰაერი)

ეს რეჟიმი საუკეთესოა, როცა ერთდროულად რამდენიმე კერძის მომზადება გიწევთ. უკანა კედელზე ჩამონტაჟებული ვენტილატორი მთელ ღუმელში ანაწილებს სითბოს, რომელსაც ზედა და ქვედა სპირალები გამოსცემს. შედეგად მთელ ღუმელში თანაბარი ტემპერატურაა, რაც კერძს თანაბრად გაცხელების საშუალებას აძლევს. კონვექციის რეჟიმში კერძი 10-15 წუთით უფრო სწრაფად მზადდება, ზედა`ქვედა ცხობის რეჟიმზე 20-30 გრადუსით ნაკლებ ტემპერატურას მოითხოვს და ღუმლის წინასწარ გახურებაც არ არის აუცილებელი, რაც მეტ ენერგიას გვაზოგვინებს, თუმცა ცხელი ჰაერი ძლიერ აშრობს კერძს, ამიტომ არ გამოდგება, მაგალითად, ბისკვიტისა და მაფინების გამოსაცხობად, თევზის ან ხორცის მოსამზადებლად თავდახურული ჭურჭლის გარეშე. სამაგიეროდ, ამ რეჟიმში შესანიშნავად ცხვება კექსი, ფენოვანი ცომი, პიცა, პური.

ცხელი ჰაერი

ცხელი ჰაერის რეჟიმი თანამედროვე ღუმლების უმრავლესობას აქვს. ცხელ ჰაერსა და კონვექციას შორის ის განსხვავებაა, რომ ცხელი ჰაერის რეჟიმში სითბოს ვენტილატორის გარშემო დამონტაჟებული სპირალი წარმოქმნის. ვენტილატორის საშუალებით ეს სითბო მთელ ღუმელში ნაწილდება, თანაც უფრო თანაბრად, ვიდრე კონვექციის დროს. ასე რომ, საკვებს სიმხურვალე ყველა მხრიდან ხვდება.

ცხელი ჰაერის რეჟიმშიც შესაძლებელია ერთდროულად რამდენიმე კერძის მომზადება სხვადასხვა დონეზე. ამ შემთხვევაშიც 20-30 გრადუსით ნაკლებ ტემპერატურაზე გიწევთ ცხობა, ვიდრე ზედა`ქვედა გახურების რეჟიმში და არც ღუმლის წინასწარ გახურებაა საჭირო, ამიტომ დროც იზოგება და ენერგიაც.

თუმცა ეს რეჟიმიც აშრობს კერძს, ამიტომ მისი გამოყენება უმჯობესია პიცის, მშრალი ნამცხვრების, ფენოვანი ცომის, პურის გამოსაცხობად. ცომი ხრაშუნა და ჰაეროვანი გამოდის.

გრილი

ბევრი თანამედროვე ღუმელი გრილის ფუნქციითაც არის აღჭურვილი. ამ დროს ზედა სპირალი მოკლე ხანში გაცილებით მაღალ ტემპერატურამდე ხურდება, ვიდრე სტანდარტული ზედა გახურების დროს. მაღალი ტემპერატურის წყალობით პროდუქტი სწრაფად, თანაბრად და გემრიელად იბრაწება. ეს რეჟიმი საუკეთესოა ხორცისა და თევზის შესაწვავად. როცა მას კონვექციაც ემატება, კერძი გარედან ხრაშუნა გამოდის, შიგნით კი ნაზი და წვნიანი რჩება.

ორთქლის რეჟიმი

ეს ფუნქცია მხოლოდ ელექტროღუმლებს აქვს. ერთ დანადგარში კომბინირებულია ჩვეულებრივი ღუმელი ფუნქციათა სრული სპექტრით და ორთქლის ღუმელი. კერძი 100 გრადუსამდე ტემპერატურის ცხელ ორთქლში მზადდება და ძალიან ჯანსაღია. ამასთან, თუ სხვა რეჟიმში მომზადებისას შეიძლება გამოშრეს, აქ ეს საფრთხე არ ემუქრება.

ორთქლი ცალკეც შეგიძლიათ გამოიყენოთ და სხვა რეჟიმთან ერთადაც. ძალიან მოხერხებულია, თუმცა ბევრ ელექტროენერგიას მოითხოვს. გაცილებით ენერგოეფექტურია საჭმლის ქურაზე, ორთქლის ქვაბში მოხარშვა.

ორთქლის ნაკადის რეჟიმი

ღუმელს შესაძლოა ჰქონდეს ორთქლის ნაკადის რეჟიმიც, რომელიც სრულიად განსხვავდება ორთქლის რეჟიმისგან. ამ რეჟიმში ბოსტნეულის, ხორცისა თუ სხვა პროდუქტის მთლიანად ორთქლში მომზადება შეუძლებელია. ის გამოიყენება ცხობის სხვა (მაგალითად, ცხელი ჰაერის ან ზედა`ქვედა გახურების) რეჟიმების პარალელურად. წყალი ისხმება ღუმელში მოთავსებულ ავზში, საიდანაც ის სპეციალურ მოწყობილობაში გადადის. სწორედ იქ წარმოიქმნება ორთქლი, რომელიც ვენტილატორის საშუალებით მთელ ღუმელში ნაწილდება. ამ რეჟიმში კიდევ უფრო წვნიანი და ნაზი კერძის მომზადებაა შესაძლებელი. გამოიყენება საჭმლის გასათბობადაც.

ღუმელს შესაძლოა ჰქონდეს სხვა რეჟიმებიც:

. გალღობის – პროდუქტს ალღობს ცივი ჰაერი, რომელიც ვენტილატორის საშუალებით ტრიალებს ღუმელში;

. თბილად შენახვის –  ამ დროს ღუმელი მაქსიმუმ 65 გრადუსამდე თბება;

. პიცის – ცხელი ჰაერი და ქვედა სპირალებიდან გამოყოფილი სითბო საუკეთესოდ აცხობს ხრაშუნა პიცას;

. მიკროტალღური – ჩვეულებრივი და მიკროტალღური ღუმლები ერთ დანადგარშია კომბინირებული. შესაძლებელია კერძის გაცხელება მიკროტალღების საშუალებით.

სიმბოლოები

თითოეული რეჟიმი შესაბამისი სიმბოლოთი აღინიშნება. იმისთვის, რომ ესა თუ ის რეჟიმი სწორად გამოიყენოთ, კარგად უნდა იცნობდეთ მათ აღმნიშვნელ სიმბოლოებს, რადგან სწორი პროგრამის შერჩევა მხოლოდ კერძისთვის კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ ენერგიასაც დაგაზოგვინებთ.

ვენტილატორი: მოცირკულირე ჰაერი ანუ კონვექცია

ვენტილატორი წრეში: ცხელი ჰაერი

სწორი ხაზი ზემოთ: ზედა სითბო

სწორი ხაზი ქვემოთ: ქვედა სითბო

სწორი ხაზი ზემოთ და ქვემოთ: ზედა და ქვედა სითბო ერთად

ტეხილი ზემოთ: გრილი (ამ დროს ტემპერატურა გაცილებით მაღალია, ვიდრე მხოლოდ ზედა სითბოს დროს)

სწორი ხაზი ქვემოთ და ვენტილატორი წრეში: პიცის რეჟიმი

ტეხილი ზემოთ და ვენტილატორი ქვემოთ: გრილი კონვექციით

რამდენიმე მცირე წრე: პიროლიზი

ღრუბლის მსგავსი სამი ტალღა: ორთქლზე მომზადება

სხვა ფუნქციები

ზოგიერთ მოდელს აქვს დამატებითი ფუნქციებიც:

. სწრაფი გაცხელება – ღუმელი ჩვეულებრივზე სწრაფად ცხელდება;

. დაპროგრამებული რეცეპტები – აირჩევთ მოსამზადებელ კერძს და პროგრამა თავად განსაზღვრავს ცხობის ტიპს, ტემპერატურასა და დროს;

. ავტომატური ტაიმერი – სპეციალური დამცავი განსაზღვრული ხნის შემდეგ ავტომატურად თიშავს ღუმელს. ზოგიერთი მოდელი აღჭურვილია თერმოსტატით, რაც იმას ნიშნავს, რომ გადახურების შემდეგ ღუმელი ავტომატურად ითიშება;

. სენსორული მართვა, რაც ღუმლის გამოყენებას აადვილებს;

. ანაბეჭდებისგან დაცვის ფუნქცია, რაც გაზოგვინებთ დროს, რადგან ზედაპირს არ ეტყობა ნათითურები და არ სჭირდება ხშირი წმენდა;

. დისპლეი, რომელზეც ტემპერატურა, გათბობის ტიპი და დრო გამოისახება.

ბევრ მოდელში გათვალისწინებულია უსაფრთხოების სიტემა ბავშვებისთვის. ბლოკირების სისტემა ხელს უშლის ღუმლის შემთხვევით ჩართვას და გამორთვას, ასევე – შერჩეული რეჟიმის შეცვლას. ზოგიერთ მოდელს აქვს კარის ჩამკეტიც, რომ ბავშვმა ვერ გააღოს.

საცხობი სივრცე

ყურადღება მიაქციეთ საცხობ სივრცეს. ღუმლის კაბინა, სტანდარტულად, 55 სმ სიგანისა და 59,5 სმ სიმაღლისაა, თუმცა არსებობს განსხვავებული პარამეტრების მქონე მოდელებიც.

ენერგიის სერტიფიკატი

თანამედროვე ღუმლები არა მარტო საქმეს აადვილებს, არამედ ენერგიასაც მნიშვნელოვნად ზოგავს. ყურადღება მიაქციეთ ენერგიის ხარჯვის მაჩვენებელს. შეარჩიეთ მოდელი, რომელსაც აქვს ენერგოეფექტურობის მაღალი კლასი: A, A+, A++... რაც უფრო მეტი +-ია ბარათზე, მით უფრო ეკონომიურია ღუმელი.

წმენდა

ღუმლის წმენდა ყველაზე არასასიამოვნო საქმეა, ამიტომ ბევრი თანამედროვე მოდელი თვითწმენდის ფუნქციითაც არის აღჭურვილი:

. მინანქრის საფარი – მინანქრით დაფარულ გლუვ ზედაპირზე ჭუჭყი ფეხს ვერ იკიდებს, თუმცა ასეთი საფარი ძალიან მგრძნობიარეა, უხეშ ღრუბელს და ქიმიურ საშუალებას ადვილად შეუძლია მისი დაზიანება;

. კატალიზური თვითწმენდის სისტემა – ღუმლის შიდა ზედაპირი დაფარულია მინანქრით, რომელიც დამატებით ნაწილაკებს შეიცავს. ისინი ჭუჭყს ნახშირორჟანგად და ორთქლად გარდაქმნიან. კატალიზური თვითწმენდა ცხობის დროს ხორციელდება, თუმცა ნაკლებად ეფექტურია და ღუმლის ტრადიციული მეთოდით გასუფთავება მაინც მოგიწევთ. ასეთი ზედაპირი ასევე მგრძნობიარეა უხეში საწმენდების მიმართ.

. პიროლიზური თვითწმენდის სისტემა – ამჟამად ეს დასუფთავების ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე ვარიანტია. ღუმელი რამდენიმე საათის განმავლობაში ცხელდება და 450-დან 500 გრადუსამდე ტემპერატურას აღწევს. ჭუჭყი ფერფლად იშლება და ცვივა. თუმცა ამ რეჟიმის გამოყენება წელიწადში მხოლოდ რამდენჯერმე შეიძლება. გარდა ამისა, ბევრ – სამიდან ოთხ საათამდე – დროს და ენერგიას მოითხოვს. ამასთან, პიროლიზის ფუნქციის მქონე ღუმლები საკმაოდ ძვირია.

მაღალი კლასის ზოგიერთ მოდელს წმენდის დამხმარე ფუნქცია აქვს. მაგალითად, საკმარისია, ღუმლის ტაფაზე ცოტაოდენი წყალი და სარეცხი საშუალება დაასხათ და შესაბამისი პროგრამა ჩართოთ, მისი დასრულებისთანავე კი ღუმელი უბრალოდ სველი ტილოთი გაწმინდოთ და გააშროთ.

როგორ დავზოგოთ ენერგია

ღუმელი ბევრ ენერგიას მოიხმარს, მისი წინასწარი გახურების დროს კი დაახლოებით 20%-ით მეტი დენი იხარჯება, ამიტომ ერიდეთ აუცილებლობის გარეშე ღუმლის წინასწარ გახურებას.

ეცადეთ, კერძები ცხელი ჰაერის ან კონვექციის რეჟიმში მოამზადოთ – ამ დროს ელექტროენერგიის დანახარჯი ნაკლებია და არც ღუმლის წინასწარ გახურებაა საჭირო.

თუ ღუმელს რამდენიმე წუთით ადრე გამორთავთ, ბოლომდე გამოიყენებთ სითბოს.

ეცადეთ, ღუმლის კარი ხშირად არ გააღოთ, რადგან ყოველი გაღებისას სითბოს ნაწილი იკარგება.

ჯილდა გაჩეჩილაძე

გააზიარე: