ნინო გუჯაბიძის კონცეპტუალური ხელოვნება

გააზიარე:

წარმოსახვითი კარი იღება და პატარა გოგონა ჯადოსნურ ოთახში შედის. და ოთახში ფერადი ზღაპარი იწყება... ამ დარბაზში საინტერესო ამბები ხდება, სხვადასხვა სცენარი თამაშდება, სადაც თავადაა მთავარი პერსონაჟი, უამრავი ადამიანი კი ოვაციებით ხვდება...

ნინო გუჯაბიძისთვის ჯადოსნური ოთახი საგამოფენო სივრცეა, სადაც ფერთა ულამაზესი პალიტრა და თანამედროვე ხელოვნებისთვის დამახასიათებელი დინამიკურობის განცდაა – ეს მისი სამყაროა.

– ეს ცოცხალი შეგრძნებები ბავშვობიდან წამოვიყოლე, ცნობიერებაში დალექილმა კადრებმა პროფესიის არჩევისას მიმართულება მომცა, – ამბობს ხელოვნებათმცოდნე, კურატორი ნინო გუჯაბიძე.

ოჯახი

ტრადიციულ ოჯახში გაიზარდა. დედა ფრანგული ენის მასწავლებელია, მამა – ინჟინერი. და, ქეთევან გუჯაბიძე, კინორეჟისორია. თავად მეუღლესთან, რეჟისორ გიორგი ხობუასთან ერთად ორი ვაჟი აღზარდა. თავი მკაცრ დედად მიაჩნია და არც შვილების ქება უყვარს, თუმცა მათ წარმატებებზე მაინც სიამოვნებით საუბრობს. რეზო მამისა და დეიდის ნაკვალევს გაჰყვა და სარეჟისოროზე ჩააბარა, ავსტრიაში ფილმიც გადაიღო, რომლის პრეზენტაცია ვენის ერთ-ერთ უძველეს კინოთეატრში გაიმართა. ლევანი ვენის უნივერსიტეტში სწავლობს, თუმცა ისიც სახელოვნებო სივრცეში აპირებს თავის დამკვიდრებას – დედის პროფესიის დაუფლებაზე ფიქრობს.

საგამოფენო დარბაზის მტვერი

– სამხატვრო აკადემიის არქიტექტურისა და ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი დავამთავრე. სტუდენტობა განსაკუთრებული გვქონდა. ყოველ ზაფხულს ლენინგრადში გვიშვებდნენ პრაქტიკაზე. ჩვენთვის ნებისმიერი მუზეუმის კარი სტუდბილეთით იღებოდა. ერმიტაჟში, პრაქტიკულად, ვცხოვრობდით. რუსეთში ერთ-ერთი ასეთი ვიზიტი ამერიკელი ხელოვანის, პოპ-არტის წარმომადგენლის რობერტ რაუშენბერგის გამოფენას დაემთხვა. დარბაზში შესვლისთანავე მივხვდი, რომ სწორედ თანამედროვე ხელოვნება და ეს აბსტრაქტული სამყარო იყო ჩემი, რომ მხოლოდ თეორეტიკოსი ვერ ვიქნებოდი, მხოლოდ კვლევებს ვერ მივუძღვნიდი ცხოვრებას. გახსნილი ვიყავი სიახლეების მიმართ.

სამხატვრო აკადემია, საბჭოთა რეჟიმის მიუხედავად, ყოველთვის იყო თავისუფლების მატარებელი სივრცე და თუ სურვილი გქონდა, გისოსებს მიღმა გასაღწევად გზას გაჩვენებდნენ. ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა.

მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს თანამედროვე ხელოვნების სწავლება მოდერნიზმით სრულდებოდა და კონცეპტუალურ მიმართულებებზე ხელი არ მიგვიწვდებოდა, ჩემი სადიპლომო ნაშრომი თანამედროვე ხელოვნებას მიეძღვნა. ეს თამამი ნაბიჯი ხელმძღვანელის – სამსონ ლეჟავას, რეცენზენტის – კარლო კაჭარავას და დიმიტრი თუმანიშვილის დამსახურებით გადავდგი.

დიპლომზე მუშაობის დროს პირველად ვნახე ვიდეორგოლი გია ეძგვერაძის კონცეპტუალურ ნამუშევარზე “ტოტალური ბოთლი” და პერფორმანსი, რომლითაც ავტორმა ესპანეთში დიდი პოპულარობა მოიპოვა. დღესაც მაქვს შეგრძნება, რომ ამ ჩანაწერით რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს შევეხე და ამან კიდევ უფრო განმიმტკიცა რწმენა, რომ სწორი გზით მივდიოდი.

პოსტსაბჭოთა ჯოჯოხეთი

– სტუდენტობა დამთავრდა და გვეგონა, სამოთხე უნდა დაწყებულიყო, მაგრამ პოსტსაბჭოთა ჯოჯოხეთში აღმოვჩნდით. ქვეყანა, ფაქტობრივად, დაინგრა, თავს დაგვატყდა ომი. ომი, რომელიც რაღაც აბსტრაქტული და ძალიან შორეული გვეგონა... ჩემი მეუღლეც იბრძოდა. ოცდასამი წლის იყო მაშინ. ამ ტრაგედიებმა, ამ ისტორიებმა ჩვენი თაობის ახალგაზრდები სულ სხვანაირ, ტკივილგამოვლილ ადამიანებად აქცია. არა საბჭოთა, არამედ თავისუფალ სამყაროში რომ გავზრდილიყავით და დასავლურ კულტურაზე გვქონოდა წვდომა, სულ სხვანაირი საზოგადოება გვეყოლებოდა და არა ყავარჯნებით მოსიარულე, როგორიც დღეს გვყავს, ბოლომდე რომ ვერ გარკვეულა ფასეულობებში.

პროფესია – კურატორი

– ოთხმოცდაათიან წლებში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სახელოვნებო სივრცე ცისფერი გალერეა იყო. სწორედ იქ ვნახე კონცეპტუალური ხელოვნების გამოფენა “თბილისის ბიენალე”. სიახლით მოვიხიბლე. იმ დროს თანამედროვე ხელოვნების ტერმინოლოგიაც კი არ ვიცოდი ჯეროვნად. დარბაზში ჩემი მეგობარი ილიკო ზაუტაშვილი დამხვდა. ბნელ საბჭოთა წლებში ის იყო დასავლეთიდან ინფორმაციის ერთ-ერთი წყარო. ჩემი ინტერესი რომ შეამჩნია, კოორდინაცია გამიწია, ინფორმაცია მომაწოდა დონორ ორგანიზაციებზე, რომლებიც დიდ ფინანსურ რესურსს გასცემდნენ იმისთვის, რომ საქართველო დასავლეთის ნაწილი გამხდარიყო და სახელოვნებო სფეროშიც არაერთ პროექტსა და გრანტს გვთავაზობდნენ. ნაბიჯ-ნაბიჯ მივყევი, შევეცადე, ამ მიმართულებით ამემაღლებინა ცოდნა. დღეს კურატორული პროფესიული ცოდნის მიღება შესაძლებელია, თუმცა ვფიქრობ, რომ ამ საქმისთვის აუცილებელი ესთეტიკის შეგრძნება ინსტინქტის დონეზე უნდა არსებობდეს.

მისი შთაგონების წყარო მოგზაურობაა. უცხო ქვეყნებიდან უამრავი საინტერესო შეგრძნება, კადრი და მესიჯი მოაქვს. სძულს შავი ფერი. სიჭრელეში საკუთარ ბავშვობას, იქიდან გამოყოლილ  მოგონებებს ხედავს. ამბობს, ფერად გოგოს მეძახდნენ და დღემდე ეს ფერები მომყვებაო საგზლად. ალბათ, ამიტომ არის, რომ მისი პროექტები ფერადოვნებით, ხალასი ენერგიითა და ესთეტიკურობით გამოირჩევა.

წარუმატებელი ქვეყნის CV

კონცეპტუალურ ხელოვნებაში პირველი მნიშვნელოვანი პროექტი “ხიბლი” 1999 წელს წარუდგინა საზოგადოებას. მას შემდეგ საქართველოშიც და საზღვარგარეთაც უამრავი გამოფენა ჰქონდა.

– ფინანსური ინტერესის გამო არასოდეს მიმუშავია. ჩემთვის სიამოვნება თავად პროექტის შედგენაა, მუშაობა და იმ დინამიკის განცდა, რომელსაც თანამედროვე კონცეპტუალური ხელოვნება ქმნის, თუმცა წარუმატებელი ქვეყნის მოქალაქე ვარ და ამას ყველაზე მძაფრად მაშინ ვგრძნობ, როდესაც ჩემს CV-ს ვუყურებ. ეს კოლოსალური სამუშაო რომელიმე სხვა, განვითარებულ ქვეყანაში რომ შემესრულებინა, სულ მცირე, ფინანსურ კეთილდღეობას მაინც მივაღწევდი, რომ არაფერი ვთქვა იმ მხატვრების პოპულარობაზე, რომლებთანაც ვთანამშრომლობ.

თანამედროვე ხელოვნების არსი

– ხელოვანი ცხოვრების პულსაციას უნდა გრძნობდეს. ის ვერ გაემიჯნება საზოგადოებრივ პროცესებს, ვერ ავა ოლიმპოს მთაზე  და მშვიდად ვერ დაიწყებს ყვავილების კრეფას. ჩემთვის შემოქმედება ცხოვრებაა. ჩემი რწმენით, თანამედროვე კონცეპტუალური მხატვრობის დანიშნულება საზოგადოების გამოფხიზლება და რეალურ საფრთხეებზე საუბარია. ნამუშევარი შინაარსის გარეშე ცარიელია.

მიყვარს, როცა ნამუშევარსა და მნახველს შორის ერთგვარ ბუფერულ ზონას ვტოვებ – ადამიანს ინტერპრეტაციის შესაძლებლობას ვაძლევ.

ხელოვნების თანამედროვე ნამუშევრის წასაკითხად საბაზისო განათლება და აღქმის უნარია საჭირო. საზღვარგარეთ ოჯახების უმრავლესობა შაბათ-კვირას მუზეუმებში დადის და არა სახინკლეში. რა თქმა უნდა, იქაც არის სივრცეები, სადაც ყავას დალევ, ბავშვს გაართობ, თუმცა თანამედროვე ხელოვნების პულსაცია საგრძნობია და თაობები ხელოვნებასთან მუდმივი კონტაქტით იზრდებიან, ჩვენთან კი ეს კულტურა დღემდე ვერ დამკვიდრდა.

კომერციული მიდგომა მუზეუმების ადმინისტრაციებმა თავად უნდა განავითარონ. საგამოფენო სივრციდან გამოსულ ადამიანს არ უნდა მოჰყვებოდეს განცდა, რომ სარკოფაგს ტოვებს. რასაკვირველია, არ ვარ უცხოეთის კულტურული ტრადიციების კალკირების მომხრე. ჩვენს ქვეყანას თავისი რეალობა აქვს და მასთან ადაპტირებული ჩვენეული შეფუთვა უნდა შევთავაზოთ საზოგადოებას, რომ დავაინტერესოთ, მოვიზიდოთ, ტურისტებისთვისაც უფრო მიმზიდველები გამოვჩნდეთ... და, ამასთან ერთად, მთავარ მიზანს – თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციას ვემსახუროთ.

სტუდენტური მაქსიმალიზმი

ნინო გუჯაბიძე სამხატვრო აკადემიაში სასწავლო რესურსების ხელმძღვანელია. ბიბლიოთეკასაც ახალი ფუნქცია მოუძებნა – საგამოფენო სივრცედ აქცია და სტუდენტური პროექტების ბაზად გარდაქმნა.

– სამსახურში სიხარულით მივდივარ. აკადემიაში ისეთი პროექტები ხორციელდება, ნებისმიერ ბიენალეს დაამშვენებდა. სტუდენტებთან განსაკუთრებული ურთიერთობა მაქვს. მათთან თანაარსებობა ჩემთვის ჰაერივით აუცილებელია, რადგან ისინი სხვანაირად გრძნობენ. გრძნობენ იმას, რაც მხოლოდ ამ ასაკის ადამიანს შეუძლია იგრძნოს. მაქსიმალიზმი და სიმართლის თქმის სურვილი მათ ყველგან და ყოველთვის საუკეთესო შემფასებლებად აქცევს. თუ მათი ხმა არ გესმის, უკვე სტაგნაციაში ხარ.

ერთ-ერთი კონცეპტუალური პროექტი – “ფული ყველაფერია”, რომელმაც საზოგადოებას თავი დაამახსოვრა, კონსტანტინე კაკაბაძის და ბესო ლეჟავას ინსტალაცია გახლდათ შარდენზე. საგამოფენო სივრცე მთლიანად ყალბი ათლარიანი კუპიურებით შეფუთეს. საქართველოს ბანკმა ყალბი ფულის დაბეჭდვა კანონის დარღვევად ჩაუთვალა და პროექტის ავტორებს ჯარიმით დაემუქრა. “ხულიგნური” პერფორმანსის ავტორებმა პროტესტის ნიშნად კუპიურები აკადემიის ეზოში დაახვავეს და სტუდენტები ფულში ბანაობდნენ.

– სამხატვრო აკადემიის ბიბლიოთეკის ფონდში ინახება უამრავი უნიკალური წიგნი, ფოტო და დოკუმენტი, რომლებიც “კავკასიის ნატიფი ხელოვნების საზოგადოების” საქმიანობას ასახავს. ეს საზოგადოება 1873 წელს საგანგებო დავალებათა ჩინოვნიკის სტეფანე ტალიზინის ხელმძღვანელობით დაარსდა. ცნობილი ხელოვანები და პედაგოგები ხელოვნების მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების იდეამ გააერთიანა. მათი დამსახურებით არქიტექტურა, ქანდაკება, მხატვრობა, ბალეტი უფრო და უფრო პოპულარული გახდა. ეს ჯგუფი მეზობელ ქვეყნებშიც – სომხეთსა და აზერბაიჯანშიც   აქტიურად მუშაობდა, თუმცა იქ მისი საქმიანობის ნიშანწყალიც არ შემორჩენილა, ქართველმა საზოგადოებამ კი აჩვენა ინტელექტუალური რესურსი, ევროპული სული და მზაობა სიახლეების მიმართ. წლებია ვმუშაობთ ამ ორგანიზაციის საქმიანობის საგამოფენო სივრცეში გამოტანასა და ერთიანი კატალოგის შექმნაზე. ასევე დავასრულეთ მუშაობა ახალ კატალოგზე, რომელშიც მხატვარ გია ბუღაძის ნამუშევრებზე აგებული არქიტექტორული კონცეფციებია წარმოდგენილი. მასში მე და არქიტექტორმა სანდრო ჩუბინიძემ ჩვენი ხედვა წარმოვაჩინეთ.

საინტერესო პროექტები

ამჟამად ნინო კიდევ სამ სოლო გამოფენაზე მუშაობს, სადაც მხატვრებს – თეა თელიას, სოფო ჩერქეზიშვილსა და როკო ირემაშვილს კურირებს.

შარშან საზოგადოება დიდი ინტერესით შეხვდა მის პროექტს “შეხების წერილი”, რომელიც კერძო გალერეა “გამრეკელი მოდერნში” წარმოადგინა. კონცეპტუალისტმა მხატვარმა სოფო ჩერქეზიშვილმა, არქიტექტორმა სანდრო ჩუბინიძემ და ხმის ოპერატორმა თენგო ასიტაშვილმა თავიანთი შემოქმედებითი ხედვა ერთ წერტილში გააერთიანეს.

ხუთ წელიწადზე მეტია, კურატორია ავსტრიაში კერძო საგამოფენო სივრცისა, სადაც არაერთი თანამედროვე ავსტრიელი ხელოვანის ნამუშევრები გამოიფინა.

2004 წელს მეგობართან, ალექსანდრა გაბუნიასთან ერთად დააარსა არასამთავრობო ორგანიზაცია, სადაც მართლაც სოლიდური თანხების მობილიზება მოხერხდა თანამედროვე ხელოვნების განვითარებისთვის. პროექტი სახელწოდებით “ადამიანების უფლებები ქართული კულტურის ნაწილია” კონსტიტუციის თემაზე სხვადასხვა არტისტის შემოქმედების პრეზენტაცია გახლდათ. ცნობილ ხელოვანთა ტილოები, ვიდეორგოლები, ფოტოკოლაჟები და თანამედროვე კონცეპტუალური ნამუშევრები საინტერესო მესიჯებით რეგიონების გალერეებშიც გამოიფინა.

– განსაკუთრებული შთაბეჭდილებებით დავბრუნდით რეგიონებიდან, სადაც ხალხი მზად არის სიახლეებისთვის, იქ ბევრი გონიერი ადამიანია, რომლებიც ხელოვნებას გრძნობენ, აღიქვამენ და დასკვნებიც გამოაქვთ.

ნინო გუჯაბიძის პროექტების ჩამონათვალი ვრცელია. მის დატვირთულ, სავსე ცხოვრებას პანდემიამაც კი ვერ შეუშალა ხელი. ბოლო დროს ციფრულ ფორმატზე გადაეწყო, როგორც საზოგადოების უდიდესი ნაწილი, თუმცა ვირტუალურს არც გამოფენას ემხრობა და არც განათლებას. მიაჩნია, რომ საგამოფენო სივრცეში ნამუშევარი ცოცხლობს, სუნთქავს და სულ სხვა ენერგიას გასცემს.

თამარ ციბალაშვილი

გააზიარე: