სიცოცხლის მეხუთე წელი
გააზიარე:
(მეორე ნაწილი)
ცხოვრების ჯანსაღი წესი
სკოლამდელი ასაკი ის პერიოდია, როცა ბავშვის ჯანსაღ ჩვევებზე ზრუნვა უნდა დაიწყოთ. ამას საუკეთესოდ მოახერხებთ პირადი მაგალითით. ცხოვრების წესი, რომელსაც ადამიანი ოთხი-ხუთი წლის ასაკში ეჩვევა, მას ზრდასრულ ასაკშიც მიჰყვება და გავლენას ახდენს ჯანმრთელობისადმი მის დამოკიდებულებაზე: რა და რამდენი ჭამოს, რამდენი იმოძრაოს, საერთოდ, რა ადგილი დაუთმოს თავის ცხოვრებაში სპორტს.
ბოლო ათწლეულებში ბავშვებს შორის განსაკუთრებით გახშირდა ჭარბწონიანობა, რასაც პედიატრები არაჯანსაღ კვებას და მჯდომარე ცხოვრების წესს უკავშირებენ. ბავშვები გარეთ თითქმის აღარ თამაშობენ, დღის უმეტეს ნაწილს ტელევიზორთან, კომპიუტერთან ან სმარტფონით ხელში ატარებენ. მიუხედავად ამისა, ოთხი-ხუთი წლის პატარებს უზღვავი ენერგია აქვთ, რომელიც მიზანმიმართულად უნდა დაიხარჯოს. კარგი იქნება, თუ ბავშვს, მისივე ინტერესების გათვალისწინებით, სპორტის რომელიმე სახეობაზე ატარებთ, ხოლო უქმე დღეებს მთელი ოჯახი უფრო აქტიურად გაატარებთ, მაგალითად, მოაწყობთ ქალაქგარეთ პატარა ლაშქრობას ან პიკნიკს, გამართავთ სპორტულ შეჯიბრებას, ითამაშებთ ხელბურთს, ბადმინტონს...
კვება
ცხოვრების ჯანსაღი წესის აუცილებელი ნაწილია სწორი კვება. შეძლებისდაგვარად ერიდეთ გარეთ ჭამას და ფასტფუდს (როგორი გაპიარებულიც არ უნდა იყოს ის).
ოთხი-ხუთი წლის ასაკში ბავშვები უკვე იმავეს ჭამენ, რასაც უფროსები, მათი ულუფა კი უფროსის ულუფის დაახლოებით ნახევარია.
სასურველია, ბავშვის ყოველდღიურ რაციონში შედიოდეს:
. ხილი და ბოსტნეული;
. დაბალცხიმიანი რძის ნაწარმი (ხაჭო, ყველი, მაწონი, იოგურტი);
. ხორცი (ქათმის, ინდაურის, საქონლის, თევზის);
• მარცვლეული და პური.
განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ რძეს. ოთხი-ხუთი წლის ბავშვმა დღეში ორი ჭიქა (500 მლ) რძე უნდა მიიღოს, ვინაიდან ის კალციუმისა და D ვიტამინის წყაროა. თუ პატარას რძის გემო არ მოსწონს, სხვა, მისთვის უფრო მიმზიდველი ფორმით მიეცით (მაგალითად, კაკაო მოუმზადეთ).
რძესა და მაწონში კალციუმი თანაბარი რაოდენობითაა, ამიტომ თუ პატარა უარს ამბობს რძის ნებისმიერი სახით მიღებაზე, მიეცით მაწონი. კალციუმით მდიდარია ხაჭო და იმერული ყველიც.
გახსოვდეთ: ცხიმიანობა გავლენას არ ახდენს რძეში კალციუმის შემცველობაზე – დაბალცხიმიან და მაღალი ცხიმიანობის რძის ნაწარმში ის ერთნაირი ოდენობითაა.
ნურც D ვიტამინს დაივიწყებთ. შესაძლოა, კალციუმს საკმარისზე მეტსაც იღებდეთ, მაგრამ თუ ორგანიზმში D ვიტამინის ნაკლებობაა, ის სათანადოდ ვერ შეიწოვება სისხლში. განვითარდება ჰიპოკალციემია – კალციუმის დეფიციტი, რომლის აღმოფხვრასაც ორგანიზმი ძვლებიდან კალციუმის გამოტანით შეეცდება, ეს კი ადრეულ ბავშვობაში სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანს. ძვლების დეფორმაცია, რაქიტი, ხშირი მოტეხილობა სწორედ ძვლების კალციუმით გაღარიბების შედეგია.
D ვიტამინის დღიური ნორმის 10%-ს საკვებიდან ვიღებთ, 80-90% კი მზის სხივებთან კონტაქტის შედეგად წარმოიქმნება კანში. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ზომიერი მზის აბაზანები და D ვიტამინით მდიდარი პროდუქტების (თევზის, ქათმის კვერცხის, სოიის, ფორთოხლის, რძის) მიღება.
კვებასთან დაკავშირებული ზოგადი რჩევები
. ბავშვს თავდაპირველად მიეცით უფრო პატარა ულუფა, ვიდრე მოზრდილს. დაუმატეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოგთხოვათ.
. დღეში ორჯერ წახემსება მისაღებია, თუ ამ დროს ჯანსაღ პროდუქტებს მისცემთ – ხილს, ბოსტნეულს, მსუბუქ სენდვიჩს, იოგურტს – და არა ტკბილეულს, ჩიფსებს, გაზიან სასმელებს. ორზე მეტი წახემსება მადას გაუფუჭებს და სრულფასოვან კერძს აღარ შეჭამს.
. ყველა კერძი ერთნაირად ვერ მოეწონება ბავშვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დანებდეთ და საერთოდ აღარ აჭამოთ დაწუნებული ხილი თუ ბოსტნეული. როცა პატარას სასადილოდ დასვამთ, თეფშზე სხვადასხვა საკვები დაუდეთ, რომ არჩევანი ჰქონდეს. არასასურველი პროდუქტის ჯერ ცქერას შეეჩვევა, მერე გემოს გაუსინჯავს და საბოლოოდ მოეწონება კიდეც.
ნუ აქცევთ ტკბილეულს ჯილდოდ. დესერტიც ყოველდღე ნუ გექნებათ მენიუში. ნაყინი, შოკოლადი, ნამცხვარი კვირაში ორ-სამჯერ საკმარისია.
. მხოლოდ მაშინ აჭამეთ, როცა შია. ნუ გამოიყენებთ საკვებს მისი ყურადღების გადასატანად ან გასახალისებლად.
. ნუ მისცემთ უფლებას, ჭამის დროს უყუროს ტელევიზორს, ითამაშოს სმარტფონით, აქეთ-იქით იაროს. მიეცით კვების რიტუალს შეასაბამისი სახე.
. კარგი იქნება, თუ მთელი ოჯახი დღეში ერთხელ მაინც შემოუსხდებით სუფრას და ერთად გაატარებთ დროს.
. მიაჩვიეთ ყოველი ჭამის წინ ხელების დაბანას.
. ბავშვი შესაძლოა ყოველთვის ერთნაირად მადიანად არ შეექცეოდეს კერძს – ერთ დღეს დამატება გთხოვოთ, მეორე დღეს კი მხოლოდ ორი ლუკმა შეჭამოს. ნუ დააძალებთ. უმჯობესია მაშინ აჭამოთ, როცა თავად მოგთხოვთ. თუ უმადობა ყველა კერძის მიმართ ერთ კვირაზე მეტხანს გაგრძელდა ან დაერთო საერთო სისუსტე, უხასიათობა, წონაში კლება, ცხელება – აუცილებლად მიმართეთ პედიატრს.
ოთხი-ხუთი წელი ის ასაკია, როცა უკვე შეიძლება, ბავშვს სუფრასთან ქცევის წესებიც ასწავლოთ. ნორმალური განვითარების ბავშვს ამ ასაკში კოვზი და ჩანგალი უკვე კარგად უჭირავს ხელში. ნელ-ნელა ასწავლეთ დანის ხმარებაც (ბლაგვი დანით). დროა, ისიც აუხსნათ, რომ ლუკმით პირში არ ილაპარაკოს, სხვისი თეფშიდან არაფერი აიღოს.
ძილი
ოთხი-ხუთი წლის ბავშვების უმეტესობა დღისით უკვე აღარ იძინებს. თუ ატყობთ, რომ საღამოსთვის არ იღლება და არ ჭირვეულობს, შუადღისას დაძინებას ნუ დააძალებთ.
რაც შეეხება ღამის ძილს, აქ ისევ სასურველია რუტინის შენარჩუნება: ძილის წინ ბანაობა, კბილების გამოხეხვა, ზღაპრის წაკითხვა. უმჯობესია, პატარამ ოდნავ ადრე დაიძინოს, ვიდრე გვიან. შესაძლოა გეგონოთ, რომ თუ გვიან დააწვენთ დასაძინებლად, დაწოლამდე უფრო მეტად დაიღლება და ადვილად ჩაეძინება, მაგრამ ასე არ არის. გვიანობამდე ფეხზე მყოფი, ზომაზე მეტად დაღლილი, დასტრესილი ბავშვი ჭირვეულობს და ჩაძინება უჭირს, ცუდი სიზმრებიც უფრო ხშირად აწუხებს.
დისციპლინა
მიუხედავად იმისა, რომ ოთხი-ხუთი წლის ასაკში ბავშვი უკვე უწევს ანგარიშს თავის ქმედებებს, უფროსების მიერ დადგენილ წესებსაც ხშირად არღვევს – შესაძლოა, რამე გააფუჭოს, უმცროს დედმამიშვილს აწყენინოს, უფროსს უყვიროს, უცენზურო სიტყვები გამოიყენოს. რაც უნდა გამაღიზიანებელი მომოგეჩვენოთ მისი საქციელი, ეს დარღვევის ნიშანი არ არის და ასაკთან ერთად გაივლის.
შეგიძლიათ, წუთშესვენების ტექნიკას მიმართოთ: როცა პატარა რამეს დააშავებს, აჩვენეთ, რომ გაბრაზებული ხართ, მარტო დატოვეთ ოთახში და მოსთხოვეთ, თავის საქციელს დაუფიქრდეს. წუთშესვენების შემდეგ დაელაპარაკეთ, აუხსენით, რატომ იყო მისი საქციელი მიუღებელი და სთხოვეთ, აღარ გაიმეოროს.
არსებობს მეორე ტექნიკაც – პრივილეგიების ჩამორთმევა. თუ ბავშვმა რამე დააშავა, შეახსენეთ, რომ ცუდი საქციელის გამო თქვენგანაც ვერ მიიღებს დანაპირებს – ახალ სათამაშოს, დესერტს, გასეირნებას...
როცა პატარას შეზღუდვებს უწესებთ, ნუ დაგავიწყდებათ შეახსენოთ, რომ თავადაც შეუძლია გადაწყვეტილების მიღება. მიეცით საშუალება, გამოხატოს თავისი აზრი. მაგალითად, აირჩიოს, რა ჩაიცვას. მაღაზიაში დაავალეთ შინაური ცხოველისთვის საკვების ან სათამაშოს არჩევა.
არ დაგავიწყდეთ, რომ საუკეთესო ტექნიკა კარგი ქცევის წახალისებაა და არა ცუდი ქცევის გამო დასჯა. როცა შეამჩნევთ, რომ პატარა ოჯახში დადგენილ წესებს ემორჩილება, თავის სათამაშებს ალაგებს, უფროსებს საოჯახო საქმიანობაში ეხმარება, აუცილებლად წაახალისეთ. რაც მთავარია, ელაპარაკეთ – ის უკვე იმ ასაკშია, რომ შეუძლია მიზეზშედეგობრივი კავშირის დანახვა (მაგალითად, იმის გაგება, რატომ მოსდევს მის დაუფიქრებელ საქციელს სავალალო შედეგი), ასევე – სხვისი ემოციების აღქმა და სხვის ადგილას საკუთარი თავის დაყენება (თუ ვინმეს აწყენინა). საუბრისას ერიდეთ ხმამაღალ, ემოციურ ტონს და, რაც მთავარია, იარლიყებს – აუხსენით ბავშვს, რომ თვითონ კი არ არის ცუდი, არამედ მისი საქციელია მიუღებელი.
ტყუილები
ამ ასაკში ბავშვებს სჩვევიათ ტყუილები. ბავშვის ტყუილს რამდენიმე მიზეზი აქვს:
. პირველი ის, რომ პატარას სიმართლის აღიარების ეშინია – მაგალითად, ის ნივთი გააფუჭა, რომლის ხელში აღებაც აუკრძალეთ;
. მეორე – მისი ფანტაზია: ბავშვი შესაძლოა იმდენად გაიტაცოს საკუთარმა წარმოსახვამ, რომ ნივთის დაკარგვა წარმოსახვით მეგობარს დააბრალოს. ვიდრე ტყუილის გამო დასჯიდეთ, აუცილებლად გაარკვიეთ მისი მოტივი.
. ტყუილის კიდევ ერთი მიზეზია უფროსების მიბაძვა. ხშირად უფროსები კეთილი განზრახვით ტყუიან, რათა სხვებს არ აწყენინონ. თუ ბავშვმა ეს შეამჩნია, თავადაც მისცემს თავს ტყუილის თქმის უფლებას.
კარგი იქნება, თუ ბავშვს აღიარების შანსს მისცემთ. მაგალითად, თუ რამე გატეხა, ჰკითხეთ, ხომ არ იცის, რა მოუვიდა ნივთს, ვინ გააფუჭა. თუ აღიარა, რომ მისი ნამოქმედარია, ნუ დასჯით, მაგრამ თუ ყველანაირად გაურბის სიმართლის თქმას და ათას რამეს იგონებს, მოუყევით მატყუარა ბიჭისა და მგლის ზღაპარი. აუხსენით, რომ თუ ტყუილების თქმა არ მოიშალა, მას აღარავინ დაუჯერებს, მაშინაც კი, როცა მართალს იტყვის.
ბებიებისა და ბაბუებისთვის
უფროსი თაობა შვილიშვილებისთვის ცალკე სოციუმია, რომელთანაც მჭიდრო და სათუთი კავშირი აქვთ. ვინ ანებივრებს პატარებს ბებიასავით და ბაბუასავით?!
ოთხი-ხუთი წლის ასაკში ბავშვს შეატყობთ, რომ უკვე დამოუკიდებლობას ცდილობს. თუ წინათ კუდში დაგდევდათ, ახლა ცდილობს, თავისი მოთხოვნები წამოგიყენოთ, არ გემორჩილებათ და ზოგჯერ აგრესიასაც კი ამჟღავნებს. გახსოვდეთ, ამას თქვენს გასაბრაზებლად არ აკეთებს. უბრალოდ, ცდილობს გაიგოს, სად გადის ნებადართულის ზღვარი. ნუ აჰყვებით გამოწვევას, თუნდაც ბავშვის ქცევა შეურაცხმყოფელი იყოს.
ამ ასაკში პატარები ბევრ ახალ მეგობარს იძენენ. ხელი შეუწყვეთ სოციალიზაციისკენ მათ სწრაფვას. ხშირად ისეირნეთ ერთად, გაიცანით ბავშვები სათამაშო მოედანზე, მოაწყვეთ ბიძაშვილ-მამიდაშვილების შეკრებები.
თუ ცალ-ცალკე ცხოვრობთ, ეცადეთ, პატარას დღის ერთსა და იმავე მონაკვეთში დაურეკოთ, რომ სტაბილურობის განცდა გაუჩნდეს. გამოჰკითხეთ ყოველდღიური ამბები, დაიმახსოვრეთ მისი საყვარელი ადგილები, სათამაშოები და საქმიანობები, მისი მეგობრების სახელები. როცა მომდევნო დარეკვაზე მათ მოიკითხავთ, ბავშვი იგრძნობს, რომ, სიშორის მიუხედავად, მისი ცხოვრების ნაწილი ხართ და უფრო მეტად მოგენდობათ.
თუ მისი დაბადების დღის წვეულებას ვერ დაესწარით, დაურეკეთ, გაუგზავნეთ მისალოცი ბარათი და საჩუქარი, რათა დაინახოს, რომ თუმცა მის გვერდით ვერ იყავით, ზრუნავთ მასზე და არ გინდათ დააკლდეთ მისთვის მნიშვნელოვან ღონისძიებებს.
მგზავრობა
ოთხი-ხუთი წლის ბავშვებს უჭირთ ერთ ადგილას დიდხანს გაჩერება, ამიტომ მათთან ერთად ხანგრძლივი მგზავრობა შესაძლოა რთული აღმოჩნდეს.
ყველაზე უსაფრთხო ადგილი მათთვის ჯერ კიდევ უკანა სავარძელი და სპეციალური საბავშო სკამია, მგზავრობის გასაადვილებლად კი რამდენიმე რჩევას გთავაზობთ:
. თუ ბავშვი ერთ ადგილას ჯდომით დაიღალა და აწრიალდა, გადაატანინეთ ყურადღება. გაახედეთ ფანჯარაში, ელაპარაკეთ, ჰკითხეთ, რას ხედავს. ეთამაშეთ – სთხოვეთ ჩამოგითვალოთ ფერები, რომლებსაც გზად ხედავს ან დაითვალოს ქუჩაში მიმავალი მანქანები, თვალი ადევნოს საგზაო ნიშნებს ან ბილბორდებს.
. იმღერეთ ან მოასმენინეთ მისი საყვარელი სიმღერები.
. ახლოს გქონდეთ მისი საყვარელი გასართობი – სათამაშო, სახატავი რვეული, ზღაპრების წიგნი.
. ორ საათში ერთხელ შეისვენეთ. დასასვენებლად გაჩერდით ისეთ ადგილას, სადაც პატარა შეძლებს მუხლი გამართოს, ისარგებლოს ტუალეტით ან წაიხემსოს.
. თუ მგზავრობისას გული ერევა ხოლმე, გამგზავრებამდე ნახევარი საათით ადრე დაალევინეთ გულისრევის საწინააღმდეგო საშუალება, მგზავრობისას კი ნუ მისცემთ ბევრ წყალს და საკვებს.
. წუთითაც ნუ დატოვებთ მარტოს მანქანაში.
. თუ პატარა გაჭირვეულდა, ატირდა და აყვირდა, გაართეთ, ყურადღება გადაატანინეთ, ყველანაირად ეცადეთ მის დამშვიდებას, რომ ხმაურით მძღოლს ყურადღება არ გაუფანტოს.
. ნუ მისცემთ ბავშვს უფლებას, ხელი მოჰკიდოს კარის სახელურს. თუ მანქანის კონსტრუქცია იძლევა საშუალებას, სპეციალური საკეტით ჩაკეტეთ მგზავრის კარი.
. სთხოვეთ პატარას, არ შეაწუხოს სხვა მგზავრები.
უსაფრთხო გარემო
ოთხი-ხუთი წლის ბავშვები ძალიან ცელქები, მოუსვენრები და, რაც მთავარია, ცნობისმოყვარეები არიან. ისინი სამყაროს შეცნობის არცერთ შანსს არ უშვებენ ხელიდან, და რადგან საშიშროების შეგრძნება ჯერ კიდევ არ აქვთ სათანადოდ განვითარებული, შესაძლოა, საფრთხეში ხშირად ჩაიგდონ თავი.
იმისთვის, რომ პატარამ უსაფრთხოდ შეისწავლოს გარემო, მშობელს უნდა ახსოვდეს შემდეგი რეკომენდაციები:
სააბაზანოში
. ნუ დატოვებთ სააბაზანოს კარს ღიას, რათა ბავშვი უთქვენოდ არ შევიდეს. დაამონტაჟეთ საკეტი, რომელიც გარედანაც იღება – იმ შემთხვევისთვის, თუ პატარა შიგნით ჩაიკეტა.
. დაბანისას ნუ დატოვებთ ბავშვს მარტოს სავსე აბაზანაში – ოთხი-ხუთი წლის ასაკში პატარებს ჯერ კიდევ არაპროპორციულად დიდი თავი აქვთ, ამიტომ წაქცევისას წამოდგომა და წინასწორობის აღდგენა უჭირთ და შესაძლოა, 10 სმ სიღრმის წყალშიც კი დაიხრჩონ.
. საშხაპე კაბინაში დააგეთ მოცურების საწინააღდეგო ფარდაგი.
. ხელ-პირის დაბანისას რომ არ დაიწვას, ასწავლეთ, ჯერ ცივი წყალი მოუშვას და მერე გააზავოს ცხელით.
. დასაბანი და სარეცხი საშუალებები შეინახეთ მისთვის მიუწვდომელ ადგილას.
სამზარეულოში
. სამზარეულო, ალბათ, ყველაზე სახიფათო ზონაა სახლში. დანები, მაკრატლები და სხვა ბასრი საგნები ბავშვისთვის მიუწვდომელ სიმაღლეზე მოათავსეთ. უჯრები, რომლებშიც ისინი გიწყვიათ, კარგად დაკეტეთ და ხშირ-ხშირად შეამოწმეთ.
. ნუ დადგამთ ცხელი კერძით სავსე ქვაბს თუ მდუღარე წყლით სავსე ჩაიდანს მაგიდის (ქურის, კარადის) კიდესთან ახლოს – პატარამ შესაძლოა შემთხვევით გადმოაგდოს და დაიწვას.
. თუ ელექტროხელსაწყო აღარ გჭირდებათ ან სამზარეულოდან გადიხართ, გამოთიშეთ დენის წყაროდან – ბავშვმა შესაძლოა კაბელს მოქაჩოს და ძირს გადმოაგდოს.
. თუ ბავშვი გიჭირავთ, ნუ აიღებთ ცალი ხელით ცხელი კერძით სავსე თეფშს ან ცხელი სასმლით სავსე ფინჯანს.
. აუკრძალეთ პატარას სანთებელათი და ასანთით თამაში.
ველოსიპედი
. ოთხი-ხუთი წლის ბავშვს თავისუფლად შეუძლია სამბორბლიანი ველოსიპედის მართვა. მისი შერჩევისას მთავარი ბავშვის სიმაღლეა. დამატებით ყურადღება მიაქციეთ ბორბლებს – ჯობია, მაღალი ბორბლები ჰქონდეს, რომ ადვილად არ მოცურდეს.
. ველოსიპედის ტარებისას პატარას აუცილებლად უნდა ეხუროს დამცავი ჩაფხუტი.
. ნუ მისცემთ საავტომობილო გზასა და საცურაო აუზთან ახლოს სიარულის უფლებას.
სათამაშო მოედანი
. უმჯობესია, თქვენმა პატარამ თანატოლებთან ერთად ითამაშოს. უფროსების შემხედვარეს ან მათი წაქეზებით შესაძლოა ისეთი რამის გაკეთება მოუნდეს, რაც ტრავმას მიაყენებს.
. როცა ბავშვს საქანელათი აქანავებთ, აუცილებლად შეამოწმეთ, შეკრული აქვს თუ არა ღვედი.
. ასწავლეთ, რომ როცა საქანელაში სხვა ბავშვი ზის, მის წინ და უკან არ გაიაროს.
. სათამაშო მოედანზე ჩააცვით დახურული ფეხსაცმელი – სანდლებსა და ქოშებში ტერფები იოლად გადაეყვლიფება.
. აიწონა-დაიწონაზე დასვით მისივე წონის ბავშვთან ერთად.
წყალი
. წუთითაც არ დატოვოთ ბავშვი მარტო არც წყალში და არც წყლის ნაპირას. არ მოაცილოთ თვალი. ნუ გააბამთ ხანგრძლივ საუბარს (პირისპირ თუ ტელეფონით), ნუ დადგებით წყლისკენ ზურგით, რომ ბავშვი გამუდმებით თქვენი თვალთახედვის არეში იყოს.
. თუ ნავით გასეირნებას აპირებთ, ბავშვს აუცილებლად ჩააცვით თავისი ზომის სამაშველო ჟილეტი.
. ნუ დატოვებთ წყალში გასაბერი რგოლის ამარა – ის ნებისმიერ წუთს შეიძლება ჩაიფუშოს და ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქროს.
. აუხსენით, რომ საცურაო აუზის გარშემო არ შეიძლება სირბილი, თანატოლებთან ჩხუბი, ხელის კვრა.
ცხოველებთან
. ბავშვებს ძალიან უყვართ შინაურ ცხოველებთან თამაში. ამ დროს ხანდახან ავიწყდებათ, რომ ისინი ცოცხალი არსებები არიან და არა სათამაშოები. აუხსენით, რომ ცხოველთან უხეში მოპყრობა არ შეიძლება.
. არ დატოვოთ მარტო ძაღლსა და კატასთან.
. აუხსენით, რომ ძილისა და ჭამის დროს ცხოველის შეწუხება არ შეიძლება.
. არ გააჩეროთ შინ აუცრელი ცხოველი (რა თქმა უნდა, მის შინიდან გაგდებას კი არ ვგულისხმობთ, არამედ იმას, რომ დროულად გაუკეთოთ საჭირო აცრები, უპირველეს ყოვლისა – ცოფის).
. აუკრძალეთ ბავშვს უცხო/უსახლკარო ცხოველებთან მისვლა და, მით უმეტეს, მათი მოფერება.
. ასწავლეთ, რომ თუ ძაღლი მისკენ გამოიქცა, თავად არ გაიქცეს – ძაღლი ამას თამაშად ჩათვლის და შესაძლოა თამაშ-თამაშში წააქციოს კიდეც.
. თუ ბავშვი უცხო ძაღლს შეეჩეხა, ასწავლეთ, არ გააკეთოს მკვეთრი მოძრაობები, ზურგი არ შეაქციოს ცხოველს და, მით უმეტეს, არ გაიქცეს – უკუსვლით, ნელი ნაბიჯით მოშორდეს მას და მერეღა შეტრიალდეს.
. თუ პატარას სხვის ძაღლთან თამაში უნდა, ასწავლეთ, ჯერ პატრონს სთხოვოს ნებართვა, მისი თანხმობის შემთხვევაში ძაღლს ხელი გაუწოდოს, დაყნოსვის საშუალება მისცეს და მხოლოდ ამის შემდეგ მოეფეროს.
სესილი ცირეკიძე