კანის აღმდგენი პროცედურები ცხელი ზაფხულის შემდეგ
გააზიარე:
რუჯი ზაფხულის განუყოფელი ნაწილია. გარუჯულ კანს თითქოს ყველაფერი უხდება და ცხოვრებაც უფრო მშვენიერი გვეჩვენება. მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ნამზეური რამდენადაც ალამაზებს კანს, იმდენადვე უწყობს ხელს მის გამოშრობასა და დაბერებას.
მელანინი პიგმენტია, რომელიც ფერს აძლევს კანს და, იმავდროულად, იცავს სხეულს ულტრაიისფერი სხივებისგან. როდესაც მზის აბაზანებს ვიღებთ, მაშასადამე, ჩვენს სხეულს ჭარბად ხვდება ულტრაიისფერი სხივები, მელანინის გამომუშავებაც იმატებს და კანი მუქდება. სწორედ ეს არის რუჯი. მაგრამ ინტენსიური გარუჯვისას მელანინი ვეღარ აკავებს ულტრაიისფერ სხივებს, ისინი ღრმად აღწევენ კანში და აზიანებენ მის უჯრედებს. შედეგად ვითარდება დამწვრობა, იმატებს კანის კიბოს განვითარების რისკი და ჩქარდება კანის დაბერების პროცესი – კანი შრება, იჭიმება, ნაოჭდება, უჩნდება მუქი ლაქები.
მზისგან დაზიანებული კანის მწყობრში მოსაყვანად, მისი ნაადრევი დაბერების თავიდან ასაცილებლად დამატენიანებელი საშუალებები არ კმარა – საჭიროა დამატებითი პროცედურებიც. სწორედ მათ შესახებ გვესაუბრება “ავერსის კლინიკის” ექიმი დერმატოლოგ-კოსმეტოლოგი ნინო ლომსაძე.
– რას გულისხმობს კანის მოვლა გარუჯვის შემდეგ?
– ვიდრე თავად პროცედურებზე გადავიდოდეთ, შეგახსენებთ, რომ ყველა ეს პროცედურა უნდა ჩატარდეს მხოლოდ და მხოლოდ კლინიკაში, დერმატოკოსმეტოლოგთან და სერტიფიცირებული პრეპარატებით (უფლება გაქვთ, მოითხოვოთ როგორც ექიმის კვალიფიკაციის, ისე მის მიერ გამოყენებული პრეპარატის ავთენტურობის დამადასტურებელი სერტიფიკატი).
მეზოპროცედურები
– მზის სხივების ჭარბი დოზის მიღების შემდეგ კანის რეგენერაციაზე საუბრისას, უპირველეს ყოვლისა, მეზოპროცედურები უნდა ვახსენოთ.
საქართველოს ბაზარზე მრავლადაა სხვადასხვა ბრენდის მეზოთერაპიული პრეპარატები. მხოლოდ სპეციალისტს შეუძლია, შეარჩიოს ამ ასორტიმენტიდან თქვენი კანისთვის ოპტიმალური საშუალება, რომელიც საუკეთესო შედეგს მოგცემთ.
მზით დასხივების შედეგად სახეზე, კისერსა და დეკოლტეზე კანი ეშვება, ლაქავდება. ასეთ დროს უნდა მიმართოთ ექიმ დერმატოკოსმეტოლოგს, რადგან სწორედ მან უნდა განსაზღვროს კანის ტიპი და ამის მიხედვით შეარჩიოს მეზოკოქტეილი მეზოპროცედურის ჩასატარებლად.
მეზოპროცედურები უნდა ჩატარდეს სპეციფიკური პროტოკოლით, იმისდა მიხედვით, რომელ კოქტეილს აირჩევს ექიმი. რაც შეეხება სისტემატურობას – შეიძლება ჩატარება კვირაში ერთხელ, ორ კვირაში ერთხელ, 21 დღეში ერთხელ – ამასაც ექიმი განსაზღვრავს. სახისთვის და კისრისა და დეკოლტესთვის პროტოკოლი სხვადასხვაა.
მეზოთერაპიის პროცედურის დროს ხდება კანისა და კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის აღდგენა ვიტამინების კოქტეილით. ეს კოქტეილები, რომელთა შემადგენლობაშიც შედის ვიტამინები, ანტიოქსიდანტები და სხვა აუცილებელი ნივთიერებები, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და შედეგად აღადგენს კანის სიმკვრივესა და სტრუქტურას.
მეზოთერაპიული პროცედურის ჩატარება შეიძლება როგორც სპეციალური წვრილი ნემსებით, ასევე უნემსოდაც, აპარატით – ეს პაციენტის სურვილსა და კანის პრობლემაზეა დამოკიდებული.
პროცედურა ნებადართულია ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის 16 წლიდან და წინასწარ მომზადებას არ მოითხოვს, ხოლო შედეგი დამოკიდებულია კანის პრობლემაზე, პრეპარატის ხარისხსა და ექიმის პროფესიონალიზმზე.
მეზოპროცედურა უკუნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ასევე – კანის ანთებითი პროცესების დროს და მაშინ, როდესაც პაციენტს აქვს ალერგია კოქტეილის რომელიმე კომპონენტზე.
მეზოთერაპიული პროცედურის შემდეგ შეიძლება მხოლოდ ექიმის მიერ შერჩეული სამკურნალო მაკიაჟის გამოყენება.
პლაზმოლიფტინგი
– პლაზმოლიფტინგს, იმავე PღP თერაპიას, ვამპირულ თერაპიასაც უწოდებენ. პაციენტის სისხლისგან მზადდება აუტოპლაზმა: სისხლს იღებენ სპეციალურ გამყოფტიხრიან სინჯარაში და აცენტრიფუგებენ 3000 ბრუნზე 10 წუთის განმავლობაში. რა თქმა უნდა, ამ პროცედურას ატარებს სპეციალისტი სპეციალურ ლაბორატორიაში, რადგან ზედმიწევნით უნდა განისაზღვროს სისხლისა და პლაზმის საჭირო ოდენობა, რაც სათანადო კვალიფიკაციის გარეშე შეუძლებელია. ამ გზით მიღებული თრომბოციტებით გამდიდრებული პლაზმა დიდი რაოდენობით შეიცავს ზრდის ფაქტორებს, რომლებიც კანში შეყვანის შემდეგ ასტიმულირებს ორგანიზმის საკუთარ ფიბრობლასტებს. ფიბრობლასტები, თავის მხრივ, ააქტიურებს უჯრედშიდა მეტაბოლიზმს, კოლაგენისა და ელასტინის – კანის ახალგაზრდობის განმაპირობებელი ფაქტორების – სინთეზს. ამ პროცესების შედეგად კანს უბრუნდება ახალგაზრდული იერი, ჯანსაღი ფერი, ხდება გლუვი და ელასტიკური.
ვინაიდან საინექციო პრეპარატი მზადდება პაციენტის სისხლის პლაზმისგან ყოველგვარი მინარევის გარეშე, მინიმალურია პროცედურის დროს ალერგიული რეაქციის რისკი. პროცედურა ტარდება ადგილობრივი ანესთეზიით და 30 წუთს გრძელდება.
პლაზმოლიფტინგის ჩატარება არ არის რეკომენდებული ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ასევე მათთვის, ვისაც აქვს იმუნოდეპრესიული მდგომარეობა, კანის ანთებითი პროცესი, სისტემური დაავადება, ნეფროპათია, ჰემოფილია.
პროცედურამდე სამი საათის განმავლობაში არ შეიძლება საკვების მიღება, წყლის გარდა სხვა სითხის დალევა.
ეფექტი 1.5-დან 2 წლამდე გრძელდება. პროცედურა ეფექტიანობით გამოირჩევა, რადგან საკუთარ პლაზმაზე ორგანიზმი აქტიურად რეაგირებს.
პლაზმოლიფტინგის შემდეგ კანზე შესაძლოა დარჩეს მცირე სილურჯეები, რომლებიც მალე გაივლის, მანამდე კი ადვილად იფარება ტონალურით თუ სხვა კოსმეტიკური საშუალებით.
ბიორევიტალიზაცია
– “ბიორევიტალიზაცია” ლათინური სიტყვაა და სიცოცხლის დაბრუნებას ნიშნავს. ეს არის ინექციური მეთოდით განხორციელებადი პროცედურა, რომელიც ფიზიოლოგიურად აღადგენს კანის სტრუქტურას, უბრუნებს მას ელასტიკურობას და ღრმად ატენიანებს, ეფექტურად აქრობს მზისგან გაჩენილ წვრილ ნაოჭებს, ხოლო ზოგიერთი პრეპარატი – მზისგან გაჩენილ ლაქებსაც.
ბიორევიტალიზანტები უმეტესად ჰიალურონის მჟავას ბაზაზე მზადდება. სხვადასხვა ასაკის პაციენტებისთვის ჰიალურონის მჟავას სხვადასხვა შემცველობის პრეპარატებს იყენებენ. შესაძლოა, ბიორევიტალიზანტს დამატებული ჰქონდეს ლიდოკაინი. ამ შემთხვევაში ადგილობრივი გაუტკივარება საჭირო აღარ არის, სხვა შემთხვევაში კი ტარდება აპლიკაციური ანესთეზია ლიდოკაინის 10%-იანი საცხით: საცხს კანზე უსვამენ და 40 წუთს აყოვნებენ სათანადო გაუტკივარებისთვის.
ბიორევიტალიზაცია განსაკუთრებით ეფექტურია 25-დან 65 წლამდე. სასურველია, ჩატარდეს სამი პროცედურა ერთთვიანი შუალედებით. პროცედურის ხანგრძლივობაა 30-40 წუთია.
ვინაიდან ბიორევიტალიზაციის დროს გამოყენებული ჰიალურონის მჟავა მაქსიმალურადაა მიახლოებული ჩვენს ორგანიზმში არსებულ ჰიალურონის მჟავასთან, მინიმალურია ალერგიული რეაქციებისა და სხვა სახის გართულებების რისკი.
პროცედურა არ უნდა ჩატარდეს ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ასევე – ჰიალურონის მჟავას აუტანლობის შემთხვევაში.
სამივე პროცედურა ძალზე ეფექტიანია, მაგრამ რომელია ოპტიმალური კონკრეტულად თქვენი კანისთვის, ექიმმა უნდა განსაზღვროს. ამ პროცედურების ჩატარება შესაძლებელია როგორც ცალ-ცალკე, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, ისე კომბინირებულადაც.
მეზოთერაპია და პლაზმოლიფტინგი უფრო მეტად რეკომენდებულია ახალგაზრდებისთვის 16 წლიდან, ხოლო ბიორევიტალიზაცია – მათთვის, ვინც 25 წელს გადააბიჯა.
კანის ბუსტერი
– ბუსტერი არის კანის შემავსებლის, იმავე ფილერის მიკროინექცია. ტრადიციული ფილერისგან განსხვავებით, ის არ გამოიყენება სახის კანის მოცულობის ან ფორმის შესაცვლელად, მიმიკური თუ სხვა სახის ნაოჭების შესავსებად. ბუსტერი ძალიან წვრილი დერმატოლოგიური შემავსებელია, რომელიც კანში შეჰყავთ მის სრულფასოვნად დასატენიანებლად და ხარისხის გასაუმჯობესებლად.
ბუსტერი განსაკუთრებით აქტუალურია სწორედ ცხელი ზაფხულის შემდეგ, რადგან მზეზე გამომშრალ კანს აცოცხლებს და ბრწყინვალებას მატებს.
ბუსტერის ინექციის გაკეთება შესაძლებელია სახეზე, კისერსა და ხელებზე. მრავალჯერადი ინექცია ააქტიურებს ფიბრობლასტებს, რომლებიც ხელს უწყობს ახალი კოლაგენისა და ელასტინის წარმოქმნას. შედეგად ვიღებთ ჯანსაღ, მბზინავ და მკვრივ კანს.
ბუსტერის უპირატესობები:
* ახალი კოლაგენისა და ელასტინის წარმოქმნის შედეგად კანი მკვრივდება და დიდი ხნით ინარჩუნებს ელასტიკურობას.
. ნებადართულია ნებისმიერი ტიპის კანის მქონე ადამიანისთვის.
ბუსტერის ინექციები რეკომენდებულია მათთვის, ვისაც სურს გაიუმჯობესოს კანის საერთო დატენიანების ხარისხი. ეკრძალებათ მხოლოდ ორსულებს და მეძუძურ დედებს.
კანის ბუსტერი მეზოთერაპიის დანადგარით შეჰყავთ კანქვეშ, თავდაპირველად – სპეციფიკურ წერტილებში, მერე კი – მთელ სამიზნე უბანზე. პრეპარატის რაოდენობა, პროცედურების რაოდენობა და მათ შორის ინტერვალი კანის ტიპის, ასაკისა და მდგომარეობის მიხედვით განისაზღვრება.
პროცედურა ტარდება ადგილობრივი გამაყუჩებლის გამოყენებით.
ლიკა ქათამაძე