გრიპი – სეზონური გამოწვევა

გააზიარე:

წელიწადის ცივ სეზონზე ვირუსები განსაკუთრებით აქტიურდებიან. გრიპის, მისი გართულებებისა და პრევენციის შესახებ სასაუბროდ თსსუ ინფექციურ სნეულებათა დეპარტამენტის ასოცირებულ პროფესორს, აკადემიკოს ვ. ბოჭორიშვილის კლინიკის პედიატრიული დეპარტამენტის ხელმძღვანელს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტს მალვინა ჯავახაძეს ვეწვიეთ.

– გრიპი სასუნთქი გზების ვირუსული დაავადებაა. ადამიანს აავადებს A, B და C ტიპის გრიპის ვირუსები. A ტიპის ვირუსი პანდემიური შტამია ანუ მასობრივ ავადობას იწვევს. ის ათ-თხუთმეტ წელიწადში ერთხელ აქტიურდება მთელ მსოფლიოში. B ტიპის ვირუსი სეზონური გრიპის გამომწვევია. ის ყოველწლიურად ცირკულირებს მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, სახელდახელო ცვლილება ახასიათებს და A გრიპთან შედარებით მძიმე დაავადებას არ იწვევს. შესაძლოა, ადამიანს ის ყოველ წელს შეხვდეს. C ვირუსით გამოწვეული დაავადება კიდევ უფრო მსუბუქად მიმდინარეობს. მას “ჩვეულებრივ გაციებას” ვეძახით. ამ ტიპის ვირუსი არც პანდემიებს იწვევს, არც ეპიდემიებს და არც ჰოსპიტალიზაციას მოითხოვს.

გრიპი იყო, არის და მუდამ იქნება პრობლემა. ის არ უკავშირდება არც ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, არც პაციენტის ასაკს და არც საყოფაცხოვრებო პირობებს. გრიპი შეიძლება შეხვდეს ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც კონტაქტი ექნება დაავადებულთან.

გრიპის ვირუსის მიზანი გადარჩენა და გამრავლებაა. გასამრავლებლად ის ადამიანის სასუნთქი გზების უჯრედებს იყენებს. უჯრედში შეჭრილი ვირუსი მის ფუნქციას არღვევს. ვინაიდან A ვირუსი ქვედა სასუნთქი სისტემის უჯრედებს (ეპითელიოციტებს) აზიანებს, ხოლო B ვირუსი – ზედა სასუნთქი გზებისას, A გრიპის შემთხვევაში გართულების (განსაკუთრებით – ფილტვების ანთების) ალბათობა უფრო მეტია, ვიდრე B გრიპის შემთხვევაში.

– რას ნიშნავს გრიპის HN კლასიფიკაცია?

– H (ჰემაგლუტინინი) და N (ნეირამინიდაზა) გრიპის ვირუსის ცილებია, რომელთა მიხედვითაც ხდება შტამის სუბტიპირება. A ვირუსი სასუნთქი გზების სამიზნე უჯრედებზე ფიქსირდება H-ით, რომლის 16-მდე სუბტიპს ვიცნობთ, ხოლო  N, რომლის ცხრამდე სუბტიპია ცნობილი, ხელს უწყობს უჯრედში სინთეზირებული ვირუსების გამოსვლას ახალი უჯრედების დასაზიანებლად. ამ ორი ცილის ყოველი ახალი კომბინაცია ვირუსის ახალ შტამს ქმნის.

ვირუსი გადარჩენისთვის იბრძვის. როგორც კი დაავადების გადატანის ან აცრის შედეგად მოსახლეობას იმუნიტეტი ჩამოუყალიბდება განსაზღვრული შტამის მიმართ და ამ უკანასკნელის არსებობას საფრთხე დაემუქრება, მაშინვე ახალი შტამი წარმოიქმნება. ამას 10-15 წელი სჭირდება. ახალი შტამი უკვე ყველა ასაკობრივ ჯგუფს აავადებს. სწორედ ეს გახლავთ A გრიპის პანდემიების მიზეზი.

სიმპტომები და გართულებები

– გრიპის ვირუსის სამიზნე სასუნთქი სისტემის უჯრედებია, ამიტომ გრიპს რესპირატორული მოვლენები ახასიათებს: ცხვირიდან გამონადენი, ხველა და სხვა. დაავადება უეცრად, მაღალი – 39-40 გრადუსამდე – ტემპერატურით იწყება. მომდევნო ხუთი-ექვსი დღის განმავლობაში ტემპერატურა მაღალია და თანდათანობით იკლებს. გრიპს ასევე ახასიათებს შემცივნება, ოფლიანობა, კუნთებისა და თავის ტკივილი, მშრალი ხველა, ცხვირის გაჭედვა, ყელის ტკივილი, დაღლილობა, საერთო სისუსტე.

– რა მიანიშნებს გრიპის გართულებაზე?

– გრიპის გართულება შესაძლოა განვითარდეს დაავადების ნებისმიერ ეტაპზე. მასზე მიანიშნებს:

* ტემპერატურის გახანგრძლივება 5-6 დღეზე მეტად;

* ნახველიანი ხველა, განსაკუთრებით – სისხლიანი ან ჩირქიანი ნახველი, რომელიც უმეტესად მოზრდილებში გვხვდება;

* ძალიან ძლიერი თავის ტკივილი;

* ძალიან ძლიერი მუცლის ტკივილი და სხვა.

დაავადების დაწყებიდან 5-6 დღის შემდეგ გრიპთან საქმე აღარ გვაქვს. თუ პაციენტი ისევ ავადაა, უკვე გრიპის გართულებას ვმკურნალობთ და არა თავად გრიპს.

– ვის ემუქრება გართულება?

– გრიპის გართულებათა რისკჯგუფებს მიეკუთვნებიან წლამდე ასაკის ბავშვები, ასაკოვანი ადამიანები, ორსულები, სუსტი იმუნიტეტისა და დატვირთული ფონური დაავადებების მქონე პირები (პაციენტები შაქრიანი დიაბეტით, თირკმელების, ღვიძლის, ფილტვების თუ სხვა ორგანოების პათოლოგიით), ჭარბწონიანები. ასეთ ადამიანებს გრიპი შედარებით მძიმედ გადააქვთ, ამიტომ პირველ რიგში ისინი უნდა აიცრან.

– გრიპით გარდაცვალების მიზეზი ხშირად ექიმთან დაგვიანებით მისვლაა. კერძოდ, რა იწვევს ლეტალურ შედეგს?

– გარდაცვალების ყველა შემთხვევაში, რომელიც წელს საქართველოში აღირიცხა, ლეტალობის გამშვები მექანიზმი გრიპის ვირუსი იყო, მაგრამ ის სიკვდილის უშუალო მიზეზი არ ყოფილა. გრიპის ვირუსით არცერთი პაციენტი არ გარდაცვლილა. ლეტალური შედეგი გართულებებმა გამოიწვია. ამიტომ თუ ვეჭვობთ, რომ ვინმეს გრიპი აქვს და ცხელება ხუთ-ექვს დღეზე მეტია გრძელდება, ექიმთან მისვლა აუცილებელია (თუ პაციენტი მანამდე არ მისულა ექიმთან, თუმცა მანამდეც უნდა მისულიყო!) – გართულების შემთხვევაში ის მდგომარეობის შესაბამის მკურნალობას დანიშნავს.

ანტივირუსული მკურნალობა

– რა შემთხვევაში ინიშნება ვირუსის საწინააღმდეგო სპეციფიკური მკურნალობა?

– როდესაც ვიცით, რომ ქვეყანაში გრიპის ვირუსი ცირკულირებს (ამ ინფორმაციას მუდმივად აქვეყნებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი), გრიპის პირველი სიმპტომების გამოვლენისთანავე დიაგნოზი ისმება კლინიკურად. მკურნალობის ხარისხი, სიმძიმე და ანტივირუსული თერაპიის არჩევანი დამოკიდებულია თანმხლებ დაავადებებზე, გრიპის მიმდინარეობაზე, პაციენტის ასაკსა და სტატუსზე (მაგალითად, ორსულობაზე, მეძუძურობაზე). პაციენტმა დროულად უნდა მიმართოს ოჯახის ექიმს, რომ აუცილებლობის შემთხვევაში ანტივირუსული მკურნალობა ჩაიტაროს, რადგან ასეთი მკურნალობის დაწყებას აზრი აქვს გრიპის მხოლოდ პირველ-მეორე დღეს.

გრიპის დროს ანტივირუსული თერაპიისთვის ორი სახის პრეპარატები არსებობს: M2 ინჰიბიტორები (ამანტადინი და რემანტადინი) და ნეირამინიდაზას ინჰიბიტორები (ტამიფლუ და რელენზა). იმის გამო, რომ ათი-ოცი წლის წინ მოსახლეობამ M2 ინჰიბიტორები არარაციონალურად გამოიყენა – პროფილაქტიკის მიზნით დაიწყო მათი მიღება, ვირუსს რეზისტენტობა განუვითარდა და დღეს ეს პრეპარატები არაეფექტურია. იგივე დაემართება ამჟამად ჩვენს ხელთ არსებულ პრეპარატებსაც (ტამიფლუს, რელენზას) – თუ ზედმეტი შიშის გამო მათაც არარაციონალურად და არამიზანმიმართულად გამოვიყენებთ, მომავალში ჩვენი შვილები გრიპისგან დაუცველები დარჩებიან.

– როგორია ტამიფლუს მიღების წესი?

– ნეირამინიდაზას ინჰიბიტორი ტამიფლუ ხელს უშლის უჯრედში გამრავლებული ვირუსის გარეთ გამოსვლას და მის რეალიზაციას. მისი ზემოქმედებით ვირუსები აგრეგირდება (დაილექება) მასპინძლის უჯრედების ზედაპირზე და აღარც გარემოში და აღარც პაციენტის სხვა უჯრედებში აღარ ვრცელდება. აქედან გამომდინარე, დაავადების დაწყებიდან ორი დღის შემდეგ ტამიფლუს მიღებას აზრი აღარ აქვს, მხოლოდ მისი უარყოფითი მოვლენები გამოვლინდება.

ძალიან მნიშვნელოვანია ტამიფლუს დოზის სწორად შერჩევა (ცხადია, ეს ექიმმა უნდა გააკეთოს!) და მკურნალობის სრული, ხუთდღიანი კურსის ჩატარება. ამ წამლის ორი დღით მიცემა დიდი შეცდომაა. პაციენტის გამოკეთება და ტემპერატურის დაწევა არ ამართლებს ტამიფლუს მოხსნას. ორგანიზმში ვირუსი სრულიად უნდა განადგურდეს, თორემ გადარჩენილი ვირუსები დასაბამს მისცემენ რეზისტენტულ შტამს.

რას ვაკეთებთ

– როგორ ვიქცევით გრიპის ნიშნების გამოვლენისას?

– უპირველეს ყოვლისა, მიდიხართ ოჯახის ექიმთან და არ იწყებთ თვითმკურნალობას! ოჯახის ექიმი სიმპტომებს შეაფასებს. თუ ისინი გრიპისას ჰგავს, შესაძლოა, ანტივირუსული მკურნალობა დანიშნოს. შესაძლოა, ეს ნიშნები არა გრიპისა, არამედ გრიპის მსგავსი დაავადებისა იყოს. ანტივირუსული თერაპია მხოლოდ და მხოლოდ A გრიპს სჭირდება, რომელსაც მეტი გართულება ახასიათებს.

გარდა ამისა, გრიპის და სხვა მსგავსი ვირუსით დაავადებისას ადამიანმა უნდა მიიღოს ბევრი სითხე. საჭიროა მისი იზოლაციაც: არ უნდა იაროს სასწავლებელსა თუ სამსახურში. ოთახი ხშირად უნდა განიავდეს, სველი წესით დამუშავდეს. ამ ყველაფერს ემატება სიმპტომური მოვლა: ცხვირიდან გამონადენისა თუ ყელის ტკივილის შესაბამისი საშუალებების გამოყენება და ა.შ.

– ბევრი გართულებას არც ელოდება და პროფილაქტიკის მიზნით გრიპის დაწყებისთანავე ანტიბიოტიკებს იღებს. რას გვეტყვით ამაზე?

– ეს დიდი შეცდომაა. ანტიბიოტიკი გრიპის ვირუსზე არ მოქმედებს. გრიპის პირველი ხუთი დღის განმავლობაში ანტიბიოტიკებით მკურნალობა არაფრით არ შეიძლება. საზოგადოდ, არაფრით არ  შეიძლება ამ პრეპარატებით თვითმკურნალობა. მეტიც: არც ექიმმა უნდა დანიშნოს ისინი, თუ ვერ აღმოაჩინა ხილული ჩირქოვანი კერა, ბაქტერიული ტონზილიტი, ოტიტი (ყურის ანთება), პნევმონია და სხვა. მოგვიანებით, თუ მეორეული გართულებები განვითარდა, ექიმმა სწორად უნდა შეარჩიოს შესაბამისი ანტიბიოტიკი.

პროფილაქტიკა

– როგორ ვიცავთ თავს გრიპისაგან?

– გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო იმუნიტეტი გამომუშავდება აცრის ან დაავადების გადატანის შედეგად. თუმცა აცრა მხოლოდ ერთი წელი გვიცავს, მეორე წელს საჭიროა განმეორებითი ვაქცინაცია. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა გვიცავს არა მხოლოდ მასში შემავალი გრიპის შტამებისგან, არამედ ნაწილობრივ იმ ახალი შტამებისგანაც, რომლებიც ასევე ცირკულირებს გარემოში. აცრილ ადამიანს დაავადება მსუბუქად და გაურთულებლად გადააქვს.

გრიპის სეზონი ოქტომბრიდან იწყება და შესაძლოა მაისამდეც კი გაგრძელდეს, ამიტომ აცრა სეზონის დაწყებამდე, ოქტომბერშივე უნდა ჩატარდეს. გრიპის აფეთქების დროს, ჯანმოს მითითებით, აცრა ნებისმიერ დროს სასურველია, თუმცა აცრიდან პირველი 2-3 კვირა ადამიანი არ იქნება დაცული.

მარი აშუღაშვილი

 

 

გააზიარე: