ზაფხულის ინფექციები

გააზიარე:

გაანადგურე ნაწლავთმპყრობელები
ზაფხული კუჭ-ნაწლავისთვის ნამდვილი გამოცდაა. თუ საჭმელს შემთხვევით დაუბანელი ხელი წაატანე, შესაძლოა, მომდევნო რამდენიმე დღე ძალზე
უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდე: ან პირღებინებამ გაგაწამოს, ან დიარეამ, ან სულაც ორივემ ერთად. მაშინ, როდესაც მზის სხივები შინიდან გვიხმობენ, ასეთი უსიამოვნებებით თავის  გატანჯვა ნამდვილად არ ღირს. მაშ, როგორ მოვიქცეთ, ზაფხული მშვიდად რომ გავატაროთ? ამაზე “ავერსის” კლინიკის გასტროენტეროლოგი, ინფექციონისტი, აკადემიური დოქტორი მედიცინაში ქეთინო ჩიტაიშვილიგვესაუბრება.

. ქალბატონო ქეთინო, უპირატესად რომელი ინფექციური დაავადებები ხშირდება ზაფხულობით?
– გავრცელებული აზრის თანახმად, ნაწლავთა ინფექცია ანუ ინფექციური დიარეა უმთავრესად ზაფხულობით ხშირდება, რეალურად კი ამ პრობლემამ წლის ნებისმიერ დროს შეიძლება იჩინოს თავი. მას მრავალი მიკროორგანიზმი იწვევს, რომელთაგან წლის სხვადასხვა დროს სხვადასხვა აქტიურდება. მაგალითად, ზამთრობით ნაწლავთა ინფექციები უმეტესად ვირუსებით – როტავირუსით, კალიცივირუსით, ასტროვირუსით, ადენოვირუსითა და სხვებით – არის გამოწვეული, წლის ცხელ პერიოდში – ბაქტერიებით: სალმონელათი, ეშერიხიათი, შიგელათი, კამპილობაქტერიით...
ბავშვთა ასკში დიარეის ყველაზე გავრცელებული მიზეზი როტავირუსი გახლავთ. სტატისტიკური მონაცემებით, სამი წლისთვის პრაქტიკულად ყველა ბავშვს ერთხელ მაინც შეხვედრია როტავირუსული ინფექცია. დიარეის გამომწვევად ხშირად გვევლინებიან უმარტივესები, მათ შორის ამება, რომელიც გარემოში ერთ-ერთი ყველაზე მეტად გავრცელებული პარაზიტია. მსოფლიოს მოსახლეობის 
დაახლოებით 10% ამ პარაზიტით არის ინფიცირებული. ასევე გავრცელებული პარაზიტი გახლავთ ლამბლია.
ბაქტერიებით ინფიცირება უპირატესად საკვებისა და წყლის საშუალებით ხდება. ამიტომაც არის, რომ ამ 
მიკროორგანიზმებით გამოწვეული ნაწლავური 
პრობლემები წელიწადის ცხელ დროს ხშირდება.

. ესე იგი ინფექციები უმთავრესად დაბინძურებულ წყალსა და საკვებში ბუდობენ? კიდევ რა გზით არის მოსალოდნელი მათი გავრცელება?
– ნაწლავური ინფექციის გამომწვევი უმთავრესად ალიმენტური გზით გადაეცემა. გადაცემის ფაქტორებია წყალი, საკვები, მიკროორგანიზმებით დაბინძურებული ნივთები და ხელები. ინფექციის გადაცემის ამგვარ მექანიზმს ფე

კალურ- ორალური ეწოდება.
ინფექციის წყაროა ინფექციის მწვავე ან ქრონიკული ფორმით დაავადებული ადამიანი, რეკონვალესცენტი (გამოჯანმრთელების პერიოდში მყოფი ადამიანი) და ბაქტერიამატარებელი (ე. წ. სუბკლინიკური ფორმით დაავადებული პირი). ეპიდემიოლოგიურად ანუ გავრცელების თვალსაზრისით განსაკუთრებით საშიში მსუბუქი ფორმით დაავადებული ადამიანია, რომელიც ჩვეულებრივი რიტმით აგრძელებს ცხოვრებას და ავრცელებს ინფექციას. რისკის ჯგუფს მიეკუთვნება სამედიცინო პერსონალი, რომელსაც პაციენტებთან უშუალო კონტაქტი აქვს.
. რა ნიშნები იჩენს თავს ინტოქსიკაციის ან, უბრალო ენით რომ ვთქვათ, მოწამვლის შემთხვევაში?
– ნაწლავური ინფექციისთვის დამახასიათებელი კლინიკური სურათი მრავალფეროვანია: ფაღარათი (მრავალჯერადი, თხიერი მასებით), ტემპერატურული რეაქცია, ტოქსიკოზი, რომელსაც შესაძლოა დაერთოს მუცლის ტკივილი (უპირატესად მოვლითი ხასიათისა), მეტეორიზმი, გულისრევის შეგრძნება, ღებინება, საერთო სისუსტე, თავბრუხვევა.
. რამდენად ხშირდება ნაწლავთა მოქმედება დიარეის დროს?
– ფაღარათი ანუ დიარეა ნიშნავს ნაწლავთა მოქმედებას დღე-ღამეში 3-4-ჯერ და მეტად, შედარებით თხიერი კონსისტენციის მოუნელებელი მასებით. წარმოშობის მიხედვით განასხვავებენ დიარეის ინფექციურ და არაინფექციურ ფორმებს, მიმდინარეობის მიხედვით კი მწვავესა და ქრონიკულს. ამჟამად ჩვენ მწვავე ინფექციურ დიარეას განვიხილავთ. მწვავედ ითვლება დიარეა, რომელიც გრძელდება რამდენიმე დღე, უმეტესად 1 კვირამდე. 2 კვირაზე მეტხანს გაგრძელებული დიარეა გახანგრძლივებულად  ითვლება, ხოლო თუ 3 თვეზე მეტხანს გაგრძელდა – ქრონიკულად. უკანასკნელი ფორმა უფრო მოზრდილებშია გავრცელებული.
. განსხვავდება თუ არა სიმპტომატიკით ერთმანეთისგან ვირუსული და ბაქტერიული წარმოშობის ინფექციური დიარეა? 
– საზოგადოდ, ნაწლავური ინფექციების კლინიკური სურათი გამომწვევზეა დამოკიდებული. ვირუსული ნაწლავური ინფექციისთვის დამახასიათებელია 
 მოკლე, დაახლოებით 24-48 საათიანი საინკუბაციო პერიოდი, შედარებით მსუბუქი ცხელება, დაავადების დაწყება ღებინებით, რომელიც წყლისებური დიარეით გრძელდება და ერთიდან 4 დღემდე გასტანს. იშვიათია მუცლის ტკივილი, ხშირად თვითლიმიტირებადია ანუ თავისთავად გაივლის. რაც შეეხება ბაქტერიულ ინფექციას, მისი საინკუბაციო პერიოდი შედარებით ხანფრძლივია – 6-დან 72 საათამდე, ზოგჯერ უფრო მეტხანს, 7 დღემდეც კი გრძელდება. ტემპერატურა ხშირად აღწევს 38-40 გრადუსს, თან სდევს მუცლის მოვლითი ტკივილი, ზოგჯერ – ტენეზმები, ფაღარათი ლორწოსა და სისხლის მინარევებით. ვითარდება ძლიერი სისუსტე.
ამგვარი განსხვავებები საშუალებას გვაძლევს, მკურნალობის ტაქტიკა ლაბორატორიული შედეგების მიღებამდე შევიმუშაოთ.
. დიარეას საშიშ სიმპტომად არ მიიჩნევენ, მაგრამ მაინც – რამდენად დიდი ყურადღების გამოჩენა გვმართებს ინფექციური დიარეის განვითარების დროს?
– დიარეის უყურადღებოდ დატოვება არამც და არამც არ შეიძლება. მას მოჰყვება ძალზე საყურადღებო მდგომარეობა – გაუწყლოება ანუ დეჰიდრატაცია. ის ვლინდება  წყურვილის შეგრძნებით, ლორწოვანი გარსების სიმშრალით, კანის ელასტიკურობის დაქვეითებით, შარდვის შემცირებით, არტერიული წნევის დაცემით. გაუწყლოება განსაკუთრებით მძიმედ გადააქვთ 1 წლამდე ასაკისა და ხელოვნურ კვებაზე მყოფ ბავშვებს. ბავშვთა ასაკში გაუწყლოების ნიშნები ასეთია: თავდაპირველად – მოუსვენრობა, შემდეგ – სისუსტე და ძილად მივარდნა, ხმის შეცვლა, ჩახლეჩა, თვალების ჩავარდნა, წყურვილის გაძლიერება.
ასევე ძალზე საყურადღებო სიმპტომებია ფეკალურ მასებში სისხლიანი მინარევისა და ლორწოს არსებობა, ძლიერი მუცლის ტკივილი, დიარეის გახანგრძლივება, მაღალი ტემპერატურა. სწორედ ამ სიმპტომების საწინააღმდეგო მკურნალობის დროული დაწყებაა აუცილებელი ნაწლავური ინფექციების დროს.  მკურნალობის მთავარი პრინციპი რეჰიდრატაციის დროულად დაწყება გახლავთ. ეს საშუალებას მოგვცემს თავიდან ავიცილოთ   მოსალოდნელი გართულებები.
. რა პრინციპით ტარდება რეჰიდრატაცია? როგორი უნდა იყოს კვების რეჟიმი დიარეის დროს?
– დაავადების მსუბუქი მიმდინარეობისას საკმარისია რეჰიდრატაციული ხსნარების, მაგალითად, აისოლის, პერორალური მიღება მცირე ულუფებით. რაც შეეხება კვებას, სასურველია, პირველი ოთხი საათის განმავლობაში არაფერი ვჭამოთ, შემდეგ კი გადავიდეთ ე. წ. ინდიფერენტული პროდუქტების (კარტოფილის პიურე, ჩაი, ორცხობილა, ბრინჯის ფაფა, შემდეგ – ქათმის ან ხბოს მოხარშული ხორცი) მიღებაზე. თუ ახალშობილს ან ჩვილს ძუძუს ვაწოვებთ, ეს უთუოდ უნდა გავაგრძელოთ.
ბაქტერიებით გამოწვეულ დიარეას ანტიბიოტიკებით მკურნალობენ, თუმცა ანტიმიკრობული თერაპია ყოველთვის არ არის საჭირო, ამიტომ მისი შერჩევა და დანიშვნა ექიმის პრეროგატივაა.
. რამდენად ეფექტიანია ბოთლებში ჩამოსხმული წყლის (ე. წ. წყაროს წყლის) გამოყენება ზაფხულში ნაწლავური ინფექციების დროს თუ მათი პროფილაქტიკისთვის?
– როგორც უკვე მოგახსენეთ, ინფექციური დიარეის დროს რეჰიდრატაციას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. ამავე დროს, უნდა ითქვას, რომ ჩვენს ქვეყანაში ჩამოსხმული წყაროს წყლები აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებულ ჰიგიენურ მოთხოვნებს, ამიტომ მათი გამოყენება უსაფრთხოა და თამამად შეგვიძლია.
. რას ურჩევდით  ჩვენს მკითხველს? როგორ მოიქცნენ, რომ ზაფხულში ინფექციებთან კონტაქტი თავიდან აიცილონ?
– მწვავე დიარეის პროფილაქტიკის ყველაზე ეფექტური მეთოდი პირადი ჰიგიენის დაცვაა. საკვებად არ უნდა გამოვიყენოთ უხარისხო ან არასწორად შენახული, ასევე თერმულად არასრულყოფილად  დამუშავებული პროდუქტები. ხილი და ბოსტნეული გულდასმით უნდა გაირეცხოს, სასმელად კი გამოყენებულ იქნეს მხოლოდ სუფთა წყალი. ამ პირობების ზედმიწევნით დაცვა ნაწლავურ ინფექციებს თავიდან აგვაცილებს.

გააზიარე: