იმუნური სისტემა

გააზიარე:

იმუნური სისტემა – დაცვის მთავარი ხაზი

თვითგანადურება იმუნურად

იმუნოდეფიციტური მდგომარეობები

ალერგია – ცრუ განგაში

როგორ გავაძლიეროთ იმუნიტეტი

 

დაცვის მთავარი ხაზი

ადამიანის ორგანიზმის მაღალორგანიზებულობასა და გასაოცარ შესაძლებლობებზე არაერთხელ გვისაუბრია. ამჯერად იმუნური სისტემა ნომრის მთავარ თემად ავირჩიეთ. მისი არსებობა, სტრუქტურა და მუშაობის პრინციპი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ადამიანი სამყაროს უდიდესი სასწაულია.

იმუნური სისტემა უჯრედების, ცილების, ქსოვილებისა და ორგანოების ერთობლიობაა. მათი შეთანხმებული მუშაობის შედეგია ორგანიზმის თავდაცვითი უნარი, რომელსაც იმუნიტეტს ვუწოდებთ. “იმმუნის” ლათინური სიტყვაა და “თავისუფალს”, “ხელშეუხებელს” ნიშნავს. ალბათ მიხვდით, რატომ უწოდეს ორგანოთა ამ ურთულეს და უნატიფეს სისტემას ეს სახელი – ის ხომ დაცვის მთავარი ხაზია, რომელიც მრავალ განსაცდელს გვაცილებს თავიდან.

 

უსიტყვო სამსახური

როდის მუშაობს იმუნური სისტემა გამართულად? – მაშინ, როდესაც საერთოდ ვერ ვგრძნობთ მის არსებობას. სანამ ის პირნათლად ასრულებს თავის მოვალეობას, აზრადაც არ მოგვდის, რა ბატალიები მიმდინარეობს ჩვენსავე ორგანიზმში. თუ იმუნური სისტემა მწყობრიდან გამოვიდა ან გამომწვევი აღმოჩნდა განსაკუთრებით აგრესიული და დაავადებამ დაგვრია ხელი, მერეღა ვაცნობიერებთ მის მნიშვნელობას.

 

თეთრი ავტონომია

იმუნური სისტემა მრავალი კომპონენტისგან შედგება. ერთი მათგანია ლეიკოციტები – სისხლის თეთრი უჯრედები.

ლეიკოციტები იმდენად რთულ და მნიშვნელოვან პროცესებში მონაწილეობენ, შეიძლება, დამოუკიდებელი სისტემაც კი ვუწოდოთ. ისინი ერთიანდებიან, ეძებენ, ამოიცნობენ და უვნებელყოფენ მტერს.

სისხლის თეთრი უჯრედები წარმოიქმნება და ინახება ლიმფოიდურ ორგანოებში – ძვლის ტვინში, თიმუსსა და ელენთაში. მოიპოვება მთელ სხეულში მიმოფანტულ ლიმფურ კვანძებშიც. ორგანიზმში ეს უჯრედები ლიმფური ძარღვებისა და სისხლძარღვების საშუალებით ცირკულირებს.

არსებობს ლეიკოციტების ორი ძირითადი ტიპი: ფაგოციტები და ლიმფოციტები.

 

პათოგენების მშთანთქმელები

ფაგოციტოზი ეწოდება პროცესს, რომლის დროსაც უჯრედი უცხო აგენტს პირდაპირი მნიშვნელობით ყლაპავს, შთანთქავს. ფაგოციტები ანუ პათოგენების მშთანთქმელები არიან, მაგალითად, ნეიტროფილები და მაკროფაგები. ნეიტროფილები, რომლებიც რიცხობრივად სჭარბობენ სხვა ფაგოციტებს, უმთავრესად ბაქტერიებს ებრძვიან.

საკმარისია, მტერმა საზღვრები გადმოლახოს, რომ ფაგოციტი მყისვე მისკენ გაეშურება, შემოეხვევა და შთანთქავს. ამ დროს ხშირად თავად ფაგოციტიც იღუპება. სწორედ მკვდარი ფაგოციტების, ბაქტერიებისა და ქსოვილის უჯრედების ერთობლიობაა ჩირქი – მასა, რომელიც დაზიანებულ ადგილას წარმოიქმნება.

ლიმფოციტები ბრძოლის სხვა სტრატეგიას ამჯობინებენ. ეს უჯრედები ძვლის ტვინში წარმოიქმნება და ან იქვე რჩება და B ლიმფოციტებად მწიფდება, ან თიმუსში გადაინაცვლებს და თ ლიმფოციტებად ყალიბდება. B ლიმფოციტები მზვერავები არიან – უცხო აგენტებს ეძებენ, ამოიცნობენ და პირველ დარტყმას აყენებენ – გამოიმუშავებენ ანტისხეულებს, რომლებიც პათოგენებს უკავშირდება და ანეიტრალებს, ხოლო დამხმარე რაზმის ჯარისკაცები, თ ლიმფოციტები, იმ “სიმშვიდის დამრღვევებს” ანადგურებენ, რომლებიც დაზვერვის სისტემამ ამოიცნო.

 

“ისწავლება” თუ არა იმუნიტეტი?

განასხვავებენ სამი სახის იმუნიტეტს: თანდაყოლილს, ადაპტაციურს და პასიურს.

თანდაყოლილი იმუნიტეტი, როგორც სახელწოდებაც მიგვანიშნებს, ყველა ჩვენგანს დაბადებიდანვე დაჰყვება თან. სწორედ მისი წყალობითაა, რომ მიკრობების დიდი ნაწილი, რომელიც, მაგალითად, აავადებს ცხოველებს, ადამიანებს ვერაფერს აკლებს.

თანდაყოლილი იმუნიტეტის პირველი დონე ბარიერებია. ისინი მტერს, პირდაპირი მნიშვნელობით, ორგანიზმში შემავალ გზას უღობავენ – მაგალითად, კანი, ცხვირის, ყელისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის ამომფენი ლორწოვანი. თუ მიკრობმა ეს დონე გადალახა, ბრძოლაში მომდევნო ხაზის ჯარისკაცები – ფაგოციტები ერთვებიან, შემდგომ კი ადაპტაციური იმუნიტეტიც ამოქმედდება. მას აქტიურ იმუნიტეტსაც უწოდებენ. ამ ორს მარტივი კრიტერიუმით განასხვავებენ ერთმანეთისგან: თანდაყოლილ იმუნიტეტს არ სჭირდება წვრთნა – უცხოზე ის დანახვისთანავე რეაგირებს, ადაპტაციურს კი იმიტომაც ეწოდება ადაპტაციური, რომ თანდათან ყალიბდება. უცხოსთან პირველი კონტაქტის დროს რეაქცია სუსტია, მერე და მერე კი – უფრო და უფრო ძლიერი და ეფექტური. თანდაყოლილ იმუნტიტეტს მეხსიერება არ გააჩნია – ყოველი ახალი შემოტევისას ისევე იქცევა, როგორც ინფექციასთან პირველი შეხვედრის დროს, მაშინ როდესაც შეძენილი იმუნიტეტის ერთ-ერთი მთავარი ღირსება მეხსიერებაა.

შეგიმჩნევიათ, რომ ყველას სხვადასხვანაირი იმუნური სისტემა გვაქვს? ზოგი თითქმის არ ავადმყოფობს, მაშინ როდესაც სხვები წამდაუწუმ ხდებიან ავად. ეს არაერთ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის – ასაკზე, გენეტიკასა და ცხოვრების წესზე.

ასაკთან ერთად იმუნიტეტი, როგორც წესი, ძლიერდება და ადამიანი უფრო ამტანი ხდება, რადგან იმუნური სისტემა უფრო და უფრო მეტ უცხო ორგანიზმთან შედის კონტაქტში, მათ ამოცნობას და სწრაფ რეაგირებას სწავლობს.

 

ნასესხები თავდაცვა

იმუნიტეტის განსაკუთრებული სახეობაა პასიური იმუნიტეტი, რომელიც სხვა წყაროსგან არის ნასესხები და დიდხანს არ გრძელდება. მაგალითად, დედის რძეში არსებული ანტისხეულები ჩვილს დროებით იმუნიტეტს ანიჭებს, რაც მას საკუთარი იმუნური სისტემის ფორმირებამდე არაერთი მძიმე დაავადებისგან იცავს.

 

იმუნური გადარჩევა

იმუნური პასუხი სპეციფიკურ ორგანოებში – ლიმფურ კვანძებსა და ელენთაში ვითარდება. ამისთვის საჭიროა, იმუნურმა უჯრედებმა ძვლის ტვინიდან დანიშნულების ადგილისკენ გადაინაცვლონ. ზოგი მათგანი წარმოქმნისთანავე მზად არის “შრომისა და თავდაცვისათვის“, ზოგი კი საამისოდ თანდათან უნდა მომწიფდეს. მაგალითად, ნეიტროფილები ძვლის ტვინიდან სისხლში შეიარაღებული გადმოდიან, მონოციტები ორგანოებში გარდაიქმნებიან მაკროფაგებად, ლიმფოციტებს კი გადამზადება-განსწავლა სჭირდებათ. განსაკუთრებით – თ ლიმფოციტებს. ისინი, როგორც გითხარით, ძვლის ტვინიდან თიმუსისკენ მიიწევენ და სწორედ იქ ყალიბდებიან ქილერებად. თიმუსში თ ლიმფოციტების არჩევისა და გადარჩევის რთული პროცესი მიმდინარეობს. აქ ნადგურდება ყველა თ უჯრედი, რომელიც მეტისმეტად ძლიერად რეაგირებს საკუთარ ქსოვილებზე ან მეტისმეტად სუსტად – უცხოზე. საბოლოო ჯამში, ამ ორგანოში მოხვედრილი თ უჯრედების 95% იღუპება. რჩეულები კი პერიფერიაზე – ლიმფურ კვანძებში, ელენთაში, ლიმფურ ძარღვებში – გადაინაცვლებენ და სამუშაოს დასაწყებად სათანადო სიგნალს ელოდებიან. სიგნალი მაშინ ჩაირთვება, როდესაც ორგანიზმის საზღვრებს უცხო გადმოკვეთს.

 

ანტისხეულ-ანტიგენური კავშირები

უცხო აგენტს მედიცინაში ანტიგენი ეწოდება. ანტიგენების ამოცნობისას B ლიმფოციტები ანტისხეულებს გამოიმუშავებენ. ანტისხეული ცილაა, რომელიც ანტიგენს უკავშირდება და ანეიტრალებს. ის “ბრძოლის დასრულების” შემდეგაც ორგანიზმში რჩება, რათა იმუნური სისტემა მომავალში უკეთ იყოს მომზადებული იმავე ანტიგენთან შესახვედრად. ამიტომ არის, რომ ბევრი ინფექცია ადამიანს ერთხელ ხვდება. ამ პრინციპს ემყარება იმუნიზაციაც.

ანტისხეულებს შეუძლიათ ანტიგენის ამოცნობა და ბლოკირება, მაგრამ დაუხმარებლად მათი განადგურების უნარი არ შესწევთ. ეს თ ლიმფოციტების სამუშაოა, ამიტომ მათ თ კილერებსაც უწოდებენ.

იმუნიტეტი სხვადასხვა მტერთან სხვადასხვა სტრატეგიას მიმართავს. როცა აგენტი უჯრედგარე სივრცეს იპყრობს (მაგალითად, ბაქტერიების უმეტესობა), მას ყველაზე ადრე თანდაყოლილი იმუნიტეტის უჯრედები ხვდებიან და ფაგოციტოზის გზით შთანთქავენ. თავდაცვით რეაქციაში ერთვებიან B ლიმფოციტებიც, რომლებიც ანტისხეულებს გამოიმუშავებენ. უჯრედშიდა პათოგენებთან ბრძოლაში კი, რომელთაგანაც, უპირველეს ყოვლისა, ვირუსები უნდა ვახსენოთ, ანტისხეულები უძლურნი არიან. ვინაიდან ვირუსები სასიცოცხლო ციკლის უმეტეს ნაწილს უჯრედში ატარებენ, მათ გასანადგურებლად თ უჯრედები მიემართებიან. ღომელთაც უჯრედის განადგურება ევალებათ.

 

ვინდობთ შინაურს

იმუნურმა სისტემამ ეფექტურობა რომ შეინარჩუნოს, “შინაურისა” და “გარეშეს” გარჩევა უნდა შეეძლოს. ორგანიზმი თავისივე ჯანსაღ უჯრედებს არ უნდა უტევდეს. მიუხედავად იმისა, რომ ზედაპირზე ცილები ამ უჯრედებსაც აქვს, იმუნური სისტემა მათ თავს არ ესხმის, ვინაიდან უკვე შეუძლია მათი იდენტიფიცირება, მაგრამ თუ “შინაურმა” უჯრედებმა რაიმე მიზეზით პათოლოგიური გარდაქმნა განიცადა (როგორც მაგ. სიმსივნის დროს), მათაც ამოიღებს მიზანში და ისევე მოექცევა, როგორც მტერს. ეს იმუნური სისტემის გამართული მუშაობის ერთ-ერთი მთავარი ნიშანია.

სამწუხაროდ, ზოგჯერ იმუნური სისტემაც ცდება – საკუთარ უჯრედებს უცხოდ აღიქვამს ან, პირიქით, უცხოს მიმართ ზედმეტ სტუმართმოყვარეობას იჩენს. ამ შემთხვევაში ავად გახდომა გარდაუვალია. Mოდი გავარკვიოთ, რას უნდა ველოდოთ თუ იმუნური სისტემა მწყობრიდან გამოვიდა.

 

თვითგანადგურება იმუნურად

ციხე შიგნიდან ტყდებაო – მუდამ ეს ანდაზა მახსენდება, როდესაც საქმე ავტოიმუნურ დაავადებებს ეხება. დაავადებებს, რომლებიც მაშინ იჩენს თავს, როდესაც იმუნური სისტემა მწყობრიდან გამოდის, ერთგული მცველი უნებლიე მოღალატედ იქცევა და ჩვენი ჯანმრთელობის დაცვის მაგივრად თვითონვე უდებს პრობლემებს სათავეს.

 

თვითგანადგურების პროგრამა

იმუნური სისტემის გამართული მუშაობის მთავარი პირობა, როგორც არაერთხელ ითქვა, უცხოსა და თავისიანის გარჩევის უნარია. თუ იმუნურმა სისტემამ ეს ნიჭი დაკარგა, საქმე მძიმე ავადმყოფობამდე მივა. ამ დროს ორგანიზმი ავტოანტისხეულების გამომუშავებას იწყებს, რომლებსაც მშობლიურ უჯრედებზე მიაქვთ იერიში. ასე ვითარდება ავტოიმუნური დაავადება. ეს დაავადებები, წესისამებრ, სისტემურია – ერთდროულად რამდენიმე ორგანოს აზიანებს. ხატოვნად რომ ვთქვათ, ირთვება ორგანიზმის თვითგანადგურების პროგრამა. დღემდე უცნობია, რა იწვევს ამ პროგრამის ჩართვას, რა ურევს იმუნურ სისტემას ორიენტაციას.

 

"მე" "მე-ს" წინააღმდეგ

ამჟამად 80-ზე მეტი ავტოიმუნური დაავადებაა ცნობილი. ისინი მთელ მსოფლიოში ავადობის, ინვალიდობისა და სიკვდილის ერთ-ერთ ძირითად მიზეზს წარმოადგენს. მხოლოდ აშშ-ში ავტოიმუნური დაავადება 23.5 მლნ ადამიანს აქვს.

შესაძლოა, სიტყვა "ავტოიმუნური" არაფერს გეუბნებოდეთ, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1, რევმატოიდული ართრიტი, ფსორიაზი, ავტოიმუნური ჰეპატიტი ავტოიმუნური გენეზისაა, მივხვდებით, რომ საქმე საკმაოდ გავრცელებულ და ძნელად სამართავ პრობლემას ეხება.

ოთხმოცივე რომ არ ჩამოვთვალოთ, მხოლოდ ამ ოთხეულის ხსენებაც კმარა იმის დასტურად, რომ ავტოიმუნური დაავადებების მიმდინარეობა, კლინიკური სურათი, სიმძიმე, მკურნალობა, პროგნოზი და გამოსავალი ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება. განსხვავებულია სამიზნეებიც: ნებისმიერი ორგანო ან ორგანოთა სისტემა, კანით დაწყებული, ნერვული სისტემით დამთავრებული. თუმცა, ვინაიდან ყველა ამ დაავადებას ავტოიმუნური ბუნება აქვს, საერთო ნიშნებზე საუბარიც შეგვიძლია. ქვემოთ სწორედ მათ შესახებ ვისაუბრებთ.

 

რატომ მე?

ავტოიმუნური დაავადებისგან დაზღვეული არავინ არის, მაგრამ განსაზღვრულ შემთხვევებში ავტოაგრესიის რისკი იზრდება.

რისკის ფაქტორებია

* რეპროდუქციული ასაკი ქალებისთვის – ავტოიმუნური დაავადებები ქალებთან უფრო მეტად გვხვდება, უმთავრესად – რეპროდუქციულ ასაკში, ამიტომ ზოგიერთ მკვლევარს მიაჩნია, რომ ავტოიმუნურ პროცესებში განსაზღვრულ როლს ჰორმონებიც ასრულებს.

* ავტოიმუნური დაავადების ოჯახური ისტორია – ზოგიერთი ტიპის გენეტიკური მუტაციის დროს ლიმფოციტები ვეღარ ახერხებენ განსაზღვრული ტიპის უჯრედების იდენტიფიცირებას. ასეთი გენეტიკური ინფორმაცია თუ მემკვიდრეობით გვერგო, დიდი ალბათობით, ავტოიმუნური დაავადების სამიზნედ ვიქცევით. ზოგიერთი ავტოიმუნური დაავადების განვითარებაში გენეტიკური ფაქტორების მთავარი როლი უკვე დადგენილია. ხშირად პათოლოგიური პროცესის ტრიგერად გენებისა და სხვა ფაქტორების კომბინაცია გვევლინება.

* გარემო ფაქტორები – ავტოიმუნური დაავადების განვითარების ან გართულების მიზეზად შესაძლოა მავნე გარემო ფაქტორები იქცეს: მზის გამოსხივება, ქიმიური ნივთიერებები, ვირუსები, ბაქტერიები. ცალკე აღნიშვნას იმსახურებს მძიმე ინფექციური დაავადებები, რომელთა გავლენითაც იმუნური უჯრედები არაადეკვატურად იქცევიან.

* რასობრივი და ეთნიკური კუთვნილება – ზოგიერთი ავტოიმუნური დაავადება რომელიმე რასის ან ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებთან უფრო ხშირად გვხვდება. მაგალითად, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1 უმეტესად თეთრკანიანებს ემართებათ, სისტემური წითელი მგლურა კი აფროამერიკელებსა და ლათინოამერიკელებს შორის უფროა გავრცელებული.

 

ავტოიმუნური პროცესები და ქალური ბედნიერება

როგორც ვთქვით, ავტოიმუნური დაავადებები ქალებს უფრო მეტად ემართებათ. შეუძლია ასეთ ქალს ბავშვის გაჩენა? უსაფრთხო იქნება ორსულობა ნაყოფისთვის? ამ კითხვებზე გადაჭრით პასუხის გაცემა ძნელია. ყველაფერი დაავადების ტიპსა და მიმდინარეობაზეა დამოკიდებული. დავიწყოთ იმით, რომ ზოგიერთი ავტოიმუნური დაავადება დაორსულებას ართულებს, ამიტომ თუ ქალს უშვილობის დიაგნოზი დაუსვეს, გამოსარიცხავ დაავადებათა ნუსხაში რამდენიმე ავტოიმუნურიც მოხვდება. რაც შეეხება უკვე დამდგარ ორსულობას, ზოგჯერ ის გაურთულებლად მიდის ბოლომდე, ზოგჯერ კი რისკი საგრძნობლად იმატებს. მაგალითად, სისტემური წითელი მგლურა ზრდის ნაადრევი მშობიარობისა და მკვდარი ნაყოფის დაბადების ალბათობას. მიასთენიამ შესაძლოა სუნთქვის პრობლემები გამოიწვიოს. ნაყოფისთვის სახიფათოა ავტოიმუნური დაავადებების სამკურნალო ზოგიერთი მედიკამენტიც, ამიტომ ქალმა, რომელსაც ასეთი დაავადება აქვს, დაორსულებამდე აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს – შესაძლოა, მკურნალობის კურსის ჩატარება დასჭირდეს ან შედარებით უსაფრთხო წამლებზე მოუწიოს გადასვლა. ორსულობა მხოლოდ ექიმის რეკომენდაციების მიხედვით უნდა დაგეგმოთ.

სხვათა შორის, არც ის არის გამორიცხული, დაავადებამ ორსულობის ფონზე რეგრესი განიცადოს და მდგომარეობა გაუმჯობესდეს.

 

ავტოიმუნური ჩივილები

კლინიკურ სურათზე საუბარი ძნელია, ვინაიდან დაავადების გამოხატულება, როგორც ზემოთაც ვთქვით, მრავალფეროვანია, თუმცა მაინც შესაძლებელია საერთო ნიშნების გამოყოფა. ესენია: წამოწითლება, გახურება, ტკივილი, შეშუპება, დეპრესია, შფოთვა, ძილის დარღვევა, დაღლილობის მუდმივი შეგრძნება, გამონაყარი. ავტოიმუნური დაავადებების უმეტესობა სხეულის ერთზე მეტ ნაწილს აზიანებს.

 

ავტოიმუნური ავტოანტისხეულები

ავტოიმუნური დაავადებების დიაგნოსტიკა ხანგრძლივი და რთული პროცესია. უპირველესად იმიტომ, რომ ბევრი საერთო აქვთ და მათი დიფერენცირება ჭირს, მეორე – ზოგიერთი სიმპტომით სხვა დაავადებებს ჰგვანან.

ავტოიმუნური პროცესის განვითარებას ავტოანტისხეულებს უნდა ვუმადლოდეთ. სწორედ ისინი ესხმიან თავს ნორმალურ უჯრედებს. უკანასკნელი გამოკვლევების შედეგად აშშ-ში ავტოანტისხეულები 32 მლნ-ზე მეტ ადამიანს აღმოუჩინეს. მათი ყველაზე გავრცელებული სახესხვაობა, ანტინუკლეარული ანტისხეულები, უმთავრესად ქალებს, ხანდაზმულებსა და აფროამერიკელებს აღმოაჩნდათ.

როცა ავტოანტისხეულები რომელიმე ერთ ორგანოს აზიანებს, – მაგალითად, ფარისებრ ჯირკვალს გრეივსის დაავადების ან ჰაშიმოტოს თირეოიდიტის დროს, – დიაგნოზს შედარებით ადვილად სვამენ – სიმპტომები დაზიანებულ ორგანოზე მიგვანიშნებს, სისტემური ანტისხეულებით გამოწვეული დაზიანება კი ძნელი ამოსაცნობია, ვინაიდან მისი ნიშნები არასპეციფიკურია: დაღლილობა, ცხელება, სახსრების ტკივილი... ისიც უნდა ითქვას, რომ შესაძლოა, ორგანიზმში ერთზე მეტი სახის ავტოანტისხეულები დაფიქსირდეს, მეტიც – ადამიანს ერთდროულად ჰქონდეს ერთზე მეტი ავტოიმუნური დაავადება. ისეც ხდება, რომ ავტოიმუნური დაავადების დროს სისხლში საერთოდ ვერ პოულობენ ავტოანტისხეულებს. ეს ყველაფერი, ბუნებრივია, საგრძნობლად ართულებს დიაგნოსტიკის პროცესს.

 

როგორ მკურნალობენ

არსებობს ავტოიმუნური დაავადებების სამკურნალო არაერთი მედიკამენტი. რომელი მათგანი დაგჭირდებათ, დაავადების ტიპსა და მკურნალობის მიზანზეა დამოკიდებული:

* სიმპტომების აღსაკვეთად. ზოგიერთი მარტივი სიმპტომის აღკვეთა ასპირინსა და იბუპროფენსაც შეუძლია, რთული და მძიმე სიმპტომების სამართავად კი უფრო სერიოზული პრეპარატებია საჭირო.

* დანაკლისის შესავსებად. ზოგიერთი ავტოიმუნური დაავადება, მაგალითად, შაქრინაი დიაბეტი ტიპი 1 და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, აბრკოლებს ორგანიზმის ფუნქციობისთვის აუცილებელი ნივთიერებების წარმოქმნას, შესაბამისად, ამ დაავადებების დროს ჩანაცვლებითი თერაპიაა საჭირო – ინსულინის ინექციები, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის მიღება და სხვა.

* “შინაური მტრის” დასათრგუნავად. ალბათ გახსოვთ, რომ ზოგიერთი მედიკამენტი იმუნური სისტემის აქტივობას ამცირებს. ასეთებია ქიმიოთერაპიული პრეპარატები, რომლებსაც ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობისას იყენებენ და იმუნოსუპრესანტები, რომელთა გამოყენება აუცილებელია ორგანოს გადანერგვის შემდეგ. ავტოიმუნური დაავადების დროს ეს წამლები პროცესის კონტროლირებისა და ორგანოთა ფუნქციის შენარჩუნების საშუალებას იძლევა.

 

ცხოვრება მასთან ერთად

მართალია, ავტოიმუნური დაავადებების უმეტესობა არ იკურნება, მაგრამ შეგიძლიათ, დაიმორჩილოთ და მართოთ სიმპტომები. ნუ მისცემთ ნებას, თქვენი ყოველდღიურობა და ცხოვრებისეული მიზნები შეცვალოს.

შეტევა დაავადების მოულოდნელი და მწვავე გამოვლენაა. აუცილებლად შეამჩნევდით ტრიგერს – ფაქტორს, რომელიც დაავადების გამწვავებას უწყობს ხელს. ეს შეიძლება იყოს სტრესი, მზე, გადაღლა. სამომავლოდ ეცადეთ, ამ ფაქტორებს თავი აარიდოთ  – ეს ერთიორად გააუმჯობესებს თქვენს მდგომარეობას. ტრიგერების ცოდნა, მკურნალობის სქემის ზედმიწევნით დაცვა და ექიმთან რეგულარული კონტაქტი ავადმყოფობის მართვის გასაღებია.

 

იმუნოდეფიციტური მდგომარეობები

ადამიანის ორგანიზმი რთული, მაგრამ მოწესრიგებული სისტემაა. მისი ნორმალური ფუნქციონირება სწორედ ორგანოებისა და ორგანოთა სისტემების შეთანხმებული და თანმიმდევრული მოქმედების შედეგია. გაგაოცებთ მისი კომპენსატორული და დაცვითი მექანიზმები, რომლებიც საჭიროებისამებრ ირთვება ორგანიზმის შინაგანი გარემოს მუდმივობის შესანარჩუნებლად და გარე სამყაროსთან შესაგუებლად.

გარე სამყაროსთან ურთიერთობის პირველივე წუთებიდან ადამიანის ორგანიზმს უშუალო კავშირი აქვს იქ არსებულ მიკროორგანიზმებსა თუ მავნე ფაქტორებთან, რომლებიც შესაძლოა ავადმყოფობის განმაპირობებელი გახდეს. საბედნიეროდ, ორგანიზმს შესწევს უნარი, ერთმანეთისგან გაარჩიოს საკუთარი და უცხო, ამოიცნოს ეს უკანასკნელი და გაანადგუროს. ყველაფერ ამას იმუნური სისტემა აკეთებს. ის უზრუნველყოფს იმუნიტეტის ფორმირებას, რომელიც ადამიანის ორგანიზმის დამცავ ბარიერს წარმოადგენს.

 

მთავარი მისია

იმუნური სისტემა იმ უჯრედების, ქსოვილების, ორგანოებისა და ორგანოთა სისტემების ერთობლიობაა, რომლებიც უზრუნველყოფს გადამდებ დაავადებათა და მათ გამომწვევთა მიმართ ორგანიზმის შეუვალობას და ამგვარად განაპირობებს მისი შინაგანი გარემოს მუდმივობას.

ორგანიზმის დამცავ ბარიერს ქმნის: კანი, ნუშისებრი ჯირკვლები, ძვლის ტვინი, ლიმფური კვანძები, თიმუსი (მკერდუკანა ჯირკვალი), ელენთა, საჭმლის მომნელებელი და სასუნთქი სისტემების ორგანოთა ლიმფოიდური ქსოვილი, ცხვირის ღრუს, ხორხისა და სასქესო ორგანოების ამომფენი ეპითელიუმი.

იმუნური სისტემის ფორმირება ჯერ კიდევ მუცლად ყოფნის დროს იწყება. ნაყოფს დედისგან იმუნური სისტემის ზოგიერთი მზა კომპონენტი გადაეცემა (თანდაყოლილი იმუნიტეტი). ბავშვის დაბადების შემდეგ კი იმუნიტეტის შემდგომ განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს დედის რძე.

ბავშვს დაბადებისთანავე უხდება შეხება პათოგენურ მიკრობებთან. იმუნური სისტემაც მაშინვე იწყებს მოქმედებას, მერე და მერე კი, ინფექციური დაავადებების გადატანის შედეგად, ვითარდება და ძლიერდება (შეძენილი იმუნიტეტი).

იმუნურ სისტემაში შემავალი ყველა ორგანო მჭიდროდ არის დაკავშირებული ერთმანეთთან და ფუნქციონირებს როგორც ერთი მთლიანობა. თუ ეს მთლიანობა დაირღვა, ორგანიზმი პათოგენური მიკრობებისადმი მოწყვლადი ხდება, რაც იმუნოდეფიციტურ მდგომარეობას განაპირობებს.

 

რა არის და როდის ვითარდება იმუნოდეფიციტი

 

როგორც აღვნიშნეთ, იმუნური სისტემა ორგანიზმის ბუნებრივი დამცავი სისტემაა. ეს არის ერთობლიობა უჯრედებისა, ქსოვილებისა და ცილებისა, რომლებიც ორგანიზმს უცხო და პათოგენურ აგენტებთან ბრძოლაში ეხმარება. იმუნური სისტემის უჯრედები წარმოიქმნება ძვლის წითელ ტვინში. უმეტესი ნაწილი აქვე მწიფდება, მერე კი გადადის პერიფერიულ ქსოვილებში, ცირკულირებს სისხლსა და ლიმფურ სისტემაში, წარმოქმნის სპეციფიკურ ცილებს, რომლებიც სხვადასხვა მეთოდით ანადგურებს ინფექციურ აგენტებს.

იმუნოდეფიციტური მდგომარეობა ვითარდება, როდესაც იმუნური სისტემის ერთი ან მეტი კომპონენტი ინაქტივირდება, სუსტდება პათოგენის მიმართ საპასუხო რეაქციის გამოწვევის უნარი, რაც მთელი სისტემის ფუნქციობას არღვევს. გამოყოფენ პირველად იმუნოდეფიციტს, რომელიც თანდაყოლილია და გენეტიკური დარღვევებითაა განპირობებული და მეორეულს ანუ შეძენილს, რომელიც გარეგანი ფაქტორების ზემოქმედებით ვითარდება. შეძენილი მეტად გავრცელებულია, ვიდრე თანდაყოლილი.

 

რა ასუსტებს იმუნურ სისტემას

პირველადი იმუნოდეფიციტი ადამიანს მემკვიდრეობით გადაეცემა ერთი ან ორივე მშობლისგან და მრავალი ტიპის დარღვევას მოიცავს, რომლებიც დაავადებათა ექვს ჯგუფად ერთიანდება, ხოლო მეორეული იმუნოდეფიციტური მდგომარეობები გარეგანი ფაქტორების ზემოქმედებით ვითარდება. ამათგან საყოველთაოდ არის ცნობილი ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით გამოწვეული შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი (შიდსი). ვირუსი უტევს იმუნური სისტემის განსაზღვრულ უჯრედებს და ხელს უშლის მათ პათოგენური მიკროორგანიზმების განადგურებაში. როდესაც იმუნური სისტემა საგრძნობლად არის შესუსტებული, მას აღარ შეუძლია მიკროორგანიზმებთან ბრძოლა, ამიტომ აივინფიცირებულის ორგანიზმში ადვილად იჭრება და იკიდებს ფეხს სხვადასხვა ატიპური და საკმაოდ მძიმე ინფექცია. მეორეული იმუნოდეფიციტის გამომწვევი ფაქტორებია აგრეთვე კვების მძიმე დარღვევა და ქრონიკულად მიმდინარე დაავადებები (მაგალითად, დიაბეტი). იმუნოსუპრესიული (იმუნიტეტის დამაქვეითებელი) პრეპარატების მიღებამ, ქიმიოთერაპიამ, სხვადასხვა ტიპის კიბომ (მაგალითად, ლეიკემიამ) და ელენთის უქონლობამ (მაგალითად, ტრავმის შედეგად) ასევე შეიძლება იმუნოდეფიციტური მდგომარეობა გამოიწვიოს.

 

როგორ ამოვიცნოთ იმუნოდეფიციტი

როგორც პირველადი, ისე მეორეული იმუნოდეფიციტის ყველაზე გავრცელებული ნიშანია ინფექციებისადმი მიდრეკილების მომატება. ადამიანი უფრო ხშირად და მეტხანს ავადმყოფობს და უფრო ძნელად იკურნება. გარდა ამისა, ადვილად ხვდება ისეთი დაავადებები, რომლებიც ნორმალური იმუნიტეტის მქონე პირებს არ ემართებათ (მაგალითად, ოპორტუნისტული ანუ თანმხლები ინფექციები).

ნიშნები და სიმპტომები დამოკიდებულია იმუნური სისტემის დარღვევის ტიპზე და შესაძლოა მოიცავდეს:

* ხშირ და მორეციდივე პნევმონიას, ბრონქიტს, წიაღების, ყურის ან კანის ინფექციურ დაავადებებს, მენინგიტს;

* შინაგანი ორგანოების ანთებით და ინფექციურ პროცესებს;

* სისხლში ფორმიანი ელემენტების ცვლილებებს, როგორიცაა თრომბოციტების რიცხვის შემცირება ან ჰემოგლობინისა და ერითროციტების რაოდენობის დაქვეითება (ანემია);

* საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემებს: უმადობას, გულისრევას, ღებინებას, დიარეას;

*  ორგანიზმის ზრდა-განვითარების შეფერხებას;

* აუტოიმუნურ დაავადებებს (სისტემური წითელი მგლურა, რევმატოიდული ართრიტი, დიაბეტი ტიპი 1).

 

ვის ემუქრება

პირველადი იმუნოდეფიციტის განვითარების ნორმაზე მაღალი რისკი ემუქრებათ ადამიანებს, რომლებსაც გენეტიკური განწყობა აქვთ.

ნებისმიერი რამ, რაც დაასუსტებს თქვენს იმუნურ სისტემას, შესაძლოა მეორეული იმუნოდეფიციტური დარღვევის მიზეზად იქცეს. მაგალითად, შიდსის ვირუსით ინფიცირება, ელენთის ამოკვეთა. იმუნურ სისტემას ასევე ასუსტებს დაბერება, რადგან ხანდაზმული ადამიანის ორგანიზმი იმუნური სისტემის მნიშვნელოვან უჯრედებს, ლეიკოციტებს, საკმარისი რაოდენობით ვეღარ წარმოქმნის. ნორმალური იმუნიტეტისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია ცილები, ამიტომ თუ ორგანიზმი საკვებით ვერ იღებს საკმარისი რაოდენობის ცილებს, ეს გავლენას ახდენს იმუნიტეტის მდგრადობაზე. ორგანიზმი ცილებს აწარმოებს ასევე ძილის დროს, რათა იმუნურ სისტემას ინფექციებთან ბრძოლაში დაეხმაროს. ამიტომ არის, რომ ძილის ნაკლებობა აქვეითებს იმუნური სისტემის დამცველობით უნარს. კიბომ და ქიმიოთერაპიულმა პრეპარატებმა ასევე შეიძლება დააქვეითონ იმუნიტეტი.

 

როდის მივმართოთ სპეციალისტს

თუ ხშირად გხვდებათ ინფექცია, რომელიც დიდხანს გრძელდება და მკურნალობას ძნელად ექვემდებარება, აუცილებლად მიდით ექიმთან, რადგან შესაძლოა, იმუნური სისტემის პათოლოგიურ მდგომარეობასთან გვქონდეს საქმე.

ექიმს მიმართეთ მაშინაც, თუ იტარებთ ქიმიოთერაპიის კურსს ან იღებთ კორტიკოსტეროიდულ პრეპარატებს და:

* აგიწიათ ტემპერატურამ – 38ºჩ-მდე ან უფრო მეტად;

* დაგეწყოთ ხველა, გაგიჭირდათ სუნთქვა და აგტკივდათ მუცელი.

* უყურადღებოდ ნუ დატოვებთ კეფის კუნთების რიგიდულობას, თავის ტკივილს თანდართული ცხელებით, განმეორებით სოკოვან ინფექციას, პირის ღრუს კანდიდოზურ სტომატიტს.

 

შესაძლებელია თუ არა განკურნება

განკურნება მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული ინფექციის ტიპსა და მიმდინარეობაზე. იმუნოდეფიციტური მდგომარეობა შეიძლება იყოს მსუბუქი, შესაბამისად, მხოლოდ დროდადრო იწვევდეს ამა თუ იმ დაავადებას, ან მძიმე და ფატალურადაც კი დასრულდეს. მკურნალობის მიზანია, თავიდან ავიცილოთ ინფექციები და ვუმკურნალოთ უკვე არსებულ დაავადებებს. თუ თქვენი სუსტი იმუნური სისტემა გაქვთ, ერიდეთ:

* გადამდები დაავადებების მქონე ადამიანებთან კონტაქტს;

* ცოცხალი ვაქცინით აცრილ ადამიანებთან კონტაქტს ორი კვირის განმავლობაში.

ვირუსული ინფექციისა და სხვადასხვა ტიპის კიბოს დროს ნიშნავენ ინტერფერონებს. ეს პრეპარატები აუმჯობესებს იმუნური სისტემის მუშაობას. შიდსით დაავადებულ ადამიანებს სჭირდებათ კომბინირებული ფარმაკოთერაპია, რათა შემცირდეს იმუნურ სისტემაში იმუნოდეფიციტის ვირუსის რაოდენობა და იმუნიტეტი მოძლიერდეს. თუ ელენთის ამოკვეთა გჭირდებათ, 2 კვირით ადრე უნდა აიცრათ ისეთი ბაქტერიების წინააღმდეგ, როგორებიც არის: სტრეპტოკოკები (Streprococcus pneumonia) და ჰემოფილუს ინფლუენზა (Haemofilus influenzae). ზოგიერთი იმუნოდეფიციტური მდგომარეობა საჭიროებს ძვლის ტვინის გადანერგვას. პასიური იმუნიტეტი (იმუნიზებული ცხოველის მზა ანტისხეულების ინექცია ადამიანში) დაგეხმარებათ თვიდან აიცილოთ დაავადების განვითარება მაშინ, როცა თქვენს იმუნურ სისტემას არ ძალუძს, საკმაოდ სწრაფად გამოიმუშაოს ანტისხეულები ბაქტერიებსა და ვირუსებთან საბრძოლველად.

იმუნოგლობულინების (ანტისხეულების ფუნქციის მატარებელი ცილები) დაბალი დონის ან არარსებობის შემთხვევაში რეკომენდებულია მისი ინტრავენურად გადასხმა.

 

რა გართულებებია მოსალოდნელი

იმუნოდეფიციტური მდგომარეობა ადვილად შეიძლება გართულდეს:

* მორეციდივე ინფექციით;

* აუტოიმუნური დარღვევებით (ორგანიზმი საკუთარს უცხოდ აღიქვამს და ჯანსაღ უჯრედებს ანადგურებს);

* გულის, ფილტვების, ნერვული სისტემისა და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაზიანებით;

* ზრდის შეფერხებით;

* კიბოს განვითარების რისკის მომატებით;

* სიკვდილით მძიმე ინფექციური დაავადების გამო.

 

როგორ ავიცილოთ თავიდან

პირველადი იმუნოდეფიციტის მართვა და მკურნალობა შესაძლებელია, თავიდან აცილება კი, სამწუხაროდ, შეუძლებელი, რადგან გენეტიკური დარღვევებით არის განპირობებული.

მეორეული იმუნოდეფიციტის პრევენციისთვის მრავალი გზა არსებობს. თუ სუსტი იმუნური სისტემა გაქვთ, უპირველეს ყოვლისა, ზედმიწევნით დაიცავით ჰიგიენა: კარგად დაიბანეთ ხელები საპნით ქუჩიდან შინ შესვლისას, ტუალეტით სარგებლობის შემდეგ და ჭამის წინ; კბილები დღეში ორჯერ მაინც გაიხეხეთ ჯაგრისით; მიირთვით ჯანსაღი და დაბალანსებული საკვები; იყავით ფიზიკურად აქტიური; იძინეთ ორგანიზმისთვის საკმარისი ხანგრძლივობით; ეცადეთ, ყოველდღე დაიძინოთ და გაიღვიძოთ ერთსა და იმავე დროს და ძილის ხანგრძლივობაც ყოველღამე ერთნაირი იყოს; ეცადეთ, შეამციროთ სტრესი, რადგან, ზოგიერთი კვლევის თანახმად, მას შეუძლია შეაფერხოს იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციონირება; დაიცავით თავი იმუნოდეფიციტური ინფექციებისგან (როგორიცაა, მაგალითად, შიდსი). ერიდეთ დაუცველ სქესობრივ კავშირს და დაავადებულ ადამიანებთან ურთიერთობას. ვაქცინაციისთვის მიმართეთ ექიმს.

 

ალერგია – ცრუ განგაში

მარი აშუღაშვილი

 

ალერგია – ცრუ განგაში

იმუნური სისტემის მუშაობის დარღვევის გავრცელებული ფორმაა ალერგია. მას ჰიპერსენსიბილიზაციასაც – მომატებულ მგრძნობელობასაც – უწოდებენ. ჰიპერსენსიბილიზებულ ორგანიზმს ზოგიერთ ისეთ ფაქტორზე აქვს პათოლოგიური რეაქცია, რომელიც ადამიანთა უმეტესობისთვის სრულიად უვნებელია. ასეთ ფაქტორებს ალერგენებს ვუწოდებთ.

 

რატომ

ალერგია ჯაჭვური რეაქციაა, რომელსაც საფუძველი ადამიანის გენებში უდევს. ალერგიული რეაქციების უმეტესობა იმის შედეგია, რომ იმუნური სისტემა ცრუ განგაშს ტეხს: ალერგენთან კონტაქტის დროს ის იბნევა, მტრად აღიქვამს ალერგენს და მასთან ბრძოლას იწყებს. სწორედ ამ ბრძოლის გამოხატულებაა ალერგიის სიმპტომები.

იმუნური სისტემა ალერგენისგან ორგანიზმის დასაცავად ანტისხეულებს – იმუნოგლობულინ E(IGE)-ს გამომუშავებს. ანტისხეულები უჯრედებს სპეციფიკური ქიმიური ნივთიერებების გამოყოფას აიძულებს. სწორედ ეს ნივთიერებები იქცევა ალერგიული რეაქციის მიზეზად.

ალერგიულმა რეაქციამ შეიძლება მოიცვას ცხვირი, ხორხი, ფილტვები, სინუსები, ყურები, კუჭის ლორწოვანი გარსი, კანი...

იმის მიხედვით, რომელი იმუნოგლობულინები აქვს მომატებული ადამიანს, ალერგიას შესაძლოა იწვევდეს მხოლოდ ერთი, რამდენიმე ან მრავალი ფაქტორი, მაგრამ დღემდე გაურკვეველია, რა აქცევს კონკრეტულ ფაქტორს ზოგი ადამიანისთვის ალერგენად, მაშინ როდესაც სხვებს მასზე არავითარი რეაქცია არ აქვთ.

მთავარი, რაც ზემგრძნობიარობის შანსს ზრდის, ალერგიის ოჯახური ისტორიაა.

 

მაინც რა

ალერგიას ყველაზე ხშირად იწვევს:

* ყვავილის მტვერი;

* ოთახის მტვრის ტკიპა;

* ობის სოკოს სპორები;

* შინაური ცხოველების ქერტლი;

* საკვები;

* მწერის ნაკბენი;

* წამლები;

* ლატექსის ნივთები.

ალერგია განსხვავებულ სიმპტომებს იწვევს: სურდოს, ცემინებას, ქავილს, გამონაყარს, შეშუპებას, ასთმურ შეტევას. ალერგიული რეაქციაც სხვადასხვა სიძლიერისაა – ზოგჯერ უმნიშვნელო, ზოგჯერ კი მკაფიო სიმპტომებით, ყველაზე მძიმე შემთხვევებში – ანაფილაქსიური შოკით.

 

სეზონური ცხელება

ალერგიას შესაძლოა სეზონური ხასიათიც ჰქონდეს. ამისი მაგალითია თივის ცხელება, რომელიც ამა თუ იმ მცენარის ყვავილობის პერიოდში ვითარდება. ამ დროს მცენარეები ჰაერში მტვერს აფრქვევს, რომელიც ცხვირ-ხახაში ხვდება და ალერგიულ რეაქციას იწვევს.

თუ ალერგიის სიმპტომები მთელი წელი გრძელდება, უნდა ვივარაუდოთ, რომ ალერგენი შენობის შიგნითაა. ასეთი ალერგენები უმთავრესად მტვრის ტკიპა და ცხოველის ქერტლია.

თივის ცხელების სიმპტომებია:

* ცემინება, რომელსაც ხშირად თან ახლავს ცხვირის გაჭედვა ან სურდო;

* ხველა და ჩამონადენი;

* ცხვირის, თვალების ან სასის ქავილი;

* წითელი და ცრემლიანი თვალები;

* სიშავე თვალების ირგვლივ.

ალერგია შეიძლება გამოიწვიოს როგორც ხის, ისე ბალახის მტვერმა. ის უმეტესად ქარს გადააქვს. ალერგიის სიმპტომების სიმკვეთრეც ხშირად ამინდზეა დამოკიდებული: ცხელ, მშრალ, ქარიან დღეს ჰაერში მცენარის მტვერი უხვად ტრიალებს, ხოლო ცივ, ნესტიან, წვიმიან ამინდში – ნაკლებად.

თივის ცხელება ხშირად მემკვიდრეობითია. თუ ორივე მშობელს აქვს, დიდი ალბათობით შვილსაც ექნება. თუ ერთი მშობელია ალერგიული, დედის შემთხვევაში ალბათობა მეტია.

მდგომარეობას აუმჯობესებს ექიმის მიერ დანიშნული სპეციალური ტაბლეტები და სპრეი. ასევე შეიძლება ცხვირის გამორეცხვა სტერილური ფიზიოლოგიური ხსნარით.

სეზონური ალერგიის სამკურნალოდ იმუნიზაციაც საკმაოდ ეფექტურია, თუმცა ერთი ნაკლი აქვს: მკურნალობა რამდენიმე წელიწადს გრძელდება. ეს მეთოდი ორგანიზმს სპეციფიკური ალერგენების მიმართ იმუნიტეტის გამომუშავებაში ეხმარება. აცრის სახით ორგანიზმში შეჰყავთ კონკრეტული ალერგენის უმცირესი დოზა, რომელსაც თანდათან ზრდიან.

 

ჭინჭრის ციება და ანგიოედემა

ჭინჭრის ციებას სხვაგვარად ურტიკარია ჰქვია. ის ალერგიული რეაქციის ერთ-ერთი გავრცელებული სახეა. ურტიკარიის მიზეზი უმეტესად საკვები ან წამალია, შედარებით იშვიათად – ვირუსული ინფექციაც. ხშირად ის იდიოპათიურია ანუ გაურკვეველი წარმოშობისა. ჭინჭრის ციება ზოგჯერ ძლიერ ალერგიულ რეაქციას – ანაფილაქსიურ შოკსაც ახლავს თან.

ციებას ახასიათებს ქავილი და სხეულზე წითელი ამობურცული ლაქების გაჩენა. ლაქები სხვადასხვა ზომისაა, ქინძის მარცვლისოდენათი დაწყებული, სადილის თეფშისოდენათი დამთავრებული.

ხშირად ურტიკარია 24 საათზე ნაკლებ ხანში თავისთავად გაივლის, მაგრამ შესაძლოა, გამქრალი ლაქების ადგილას ახალი გამონაყარი გაჩნდეს. ასე რომ, ურტიკარია ზოგჯერ ხუთი-ექვსი კვირაც კი გრძელდება. ამ ფორმას მწვავე ურტიკარიას უწოდებენ. არსებობს ურტიკარიის ქრონიკული ფორმაც, რომელიც უფრო მეტხანს – თვეობით, ზოგჯერ წლობითაც გასტანს. ამ დროს დაავადების ნიშნები პერიოდულად ჩნდება და ქრება.

მწვავე ურტიკარიას, გარდა ალერგიისა, არაერთი სხვა მიზეზიც იწვევს.

კანის ქვეშ გაჩენილ დიდ შეშუპებას ანგიოედემას უწოდებენ. ის შესაძლოა ურტიკარიას ახლდეს თან. ანგიოედემას ახასიათებს დიდი, სქელი, მკვრივი ბუშტუკები, შეშუპება და სიწითლე, ტკივილი და სიმხურვალე დაზიანებულ არეში. ხშირად იწვევს ქუთუთოებისა და ტუჩების შეშუპებას. ამ შემთხვევაში აუცილებელია დროული დახმარება.

ჭინჭრის ციებისა და ანგიოედემის ყველაზე გავრცელებული გამომწვევებია:

* საკვებიდან – მოლუსკები, თევზი, მიწის თხილი, თხილი, კვერცხი და რძე;

* მედიკამენტებიდან – პენიცილინი, ასპირინი, იბუპროფენი, წნევის დამწევი საშუალებები;

* გარემო ფაქტორებიდან – სიცხე, სიცივე, მზის სხივები, წყალი, კანზე ზეწოლა, ემოციური სტრესი და ვარჯიშიც კი;

* მცენარის მტვერი, ცხოველის ქერტლი, ლატექსი, მწერის შხამი, რომელიც ნაკბენიდან იჭრება ორგანიზმში.

ჭინჭრის ციება და ანგიოედემა შესაძლოა განვითარდეს სისხლის გადასხმის, იმუნური სისტემის პათოლოგიის (მგლურას), ზოგიერთი ტიპის სიმსივნის (ლიმფომის), ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიის, ბაქტერიული და ვირუსული ინფექციის (ჰეპატიტის, აივ ინფექციის, ციტომეგალოვირუსის, ეპშტეინ-ბარის ვირუსის) საპასუხოდ. თანდაყოლილი ანგიოედემა დაავადების იშვიათი ფორმაა. ის ზოგიერთი პროტეინის ნაკლებობასთან ან არასწორ ფუნქციობასთანაა დაკავშირებული.

ამ ალერგიული რეაქციების მკურნალობა შინაც შესაძლებელია, მაგრამ მოხრჩობის შეგრძნების, ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელების შემთხვევაში სასწრაფო სამედიცინო დახმარებაა აუცილებელი.

 

ალერგიული კონიუნქტივიტი

ალერგიული რინოკონიუნქტივიტი თვალისა და ცხვირის ალერგიული დაავადების ყველაზე გავრცელებული ფორმაა. ის ვლინდება თვალის სიწითლით, ქავილით, შეშუპებით. იწვევს ცრემლდენას და წვას.

ალერგიული რინოკონიუნქტივიტის დროს პროცესში ორივე თვალია ჩართული.

ალერგიის მიზეზი ხშირად არის მცენარის მტვერი, მტვერი, ცხოველის ქერტლი, ტკიპა და კვამლი.

თვალის ალერგიული რეაქციები ასევე შეიძლება გამოიწვიოს პარფიუმერიამ, კოსმეტიკამ, წამლებმა.

ალერგიული კონიუნქტივიტის მკურნალობის საუკეთესო გზა გამომწვევთან კონტაქტის თავიდან აცილებაა.

სიმპტომების შესამსუბუქებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ხელოვნური ცრემლი, რომელიც ჩამორეცხავს ალერგენებს და, ამასთან, თვალსაც ანოტივებს. ისინი ურეცეპტოდ გაიცემა და თუ კონსერვანტებს არ შეიცავს, მათი გამოყენება შეუზღუდავი რაოდენობით შეიძლება. სხვა საშუალებები ექიმის დანიშნულებით უნდა გამოიყენოთ.

 

ატოპიური დერმატიტი

ატოპიური დერმატიტი ეგზემის ნაირსახეობაა, რომელსაც ამძაფრებს მცენარის მტვრის, ობის სოკოს, მტვრის ტკიპისა და სხვა ალერგენების კანზე ზემოქმედება. ის ქავილს, სიწითლესა და კანის აქერცვლას იწვევს. ქავილის გამო კანზე ნაკაწრები ჩნდება. სიმპტომების 80% ჩვილ ასაკში, ზოგჯერ ორი თვიდანაც კი იჩენს თავს, მაგრამ ბევრს ასაკის მატებასთან ერთად უქრება.

ატოპიური დერმატიტის სიმპტომებს ამძიმებს სიცივე, მშრალი ჰაერი, გაციება, ქიმიურ ნივთიერებებთან კონტაქტი, უხეში ქსოვილი (მაგალითად, შალი), კანის სიმშრალე, ემოციური სტრესი, კანის გამოშრობა ხშირი დასველების გამო, ძლიერი სიცხე და ძლიერი სიცივე, ტემპერატურის მერყეობა, პარფიუმერიული ნაწარმი და საღებავები, რომლებსაც ლოსიონები და საპნები შეიცავს.

ატოპიური დერმატიტის მქონე ბავშვების ნახევარს მოგვიანებით ასთმა უვითარდება. მრავალ მათგანს აქვს სეზონური ალერგიაც.

 

ასთმა

ასთმა ფილტვების ქრონიკული დაავადებაა, რომელიც სასაუნთქ გზებს აზიანებს. ახასიათებს ხველა, განსაკუთრებით – ღამით და ადრიანი დილით, გულმკერდის შებოჭილობა, სუნთქვის გახშირება, მსტვენი სუნთქვა. ასთმის  დროს სასუნთქი გზები შიგნიდან შუპდება. ეს ზრდის მათ მგრძნობიარობას და გაღიზიანებისკენ მიდრეკილებას და ალერგიულ ფაქტორებზე ძლიერ რეაქციას განაპირობებს. სასუნთქი გზები ვიწროვდება და ფილტვებში ნაკლები ჰაერი ჩადის.

ასთმის მქონე ყველა პაციენტს ყველა სიმპტომი არ აღენიშნება. არც ასთმისთვის დამახასიათებელი სიმპტომები მიუთითებს ყოველთვის ასთმაზე. დიაგნოზი ეფუძნება ფილტვის ფუნქციურ ტესტებს, სამედიცინო ისტორიას, გასინჯვას. მნიშვნელოვანია ალერგიული ტესტების შედეგებიც.

ასთმის შეტევის დროს სიმპტომები მძიმდება და ადამიანს გადაუდებელი დახმარება სჭირდება. სხვაგვარად გამორიცხული არ არის, შეტევა ფატალური შედეგით დასრულდეს.

ასთმის მკურნალობა ორ მიმართულებას მოიცავს: შეტევის მოხსნას, მდგომარეობის მყისიერ შემსუბუქებას და ხანგრძლივ მკურნალობას, რომელიც შეტევების პრევენციისთვის არის გამიზნული.

ასთმის მქონე ადამიანთა 78%-ს აქვს ალერგიული რინიტიც.

ასთმის მიმდინარეობა შესაძლოა დაამძიმოს სასუნთქი გზების ინფექციამ, თამბაქოს კვამლმა.

ასთმა არ იკურნება მაგრამ მისი მართვა შესაძლებელია. ასთმის მქონე ადამიანები ნორმალური, აქტიური ცხოვრებით ცხოვრობენ.

 

საკვებისმიერი ალერგია

ამ შემთხვევაში ორგანიზმი საკვებში არსებულ განსაზღვრულ ცილებზე რეაგირებს. რეაქცია მაშინაც კი შეიძლება გამოვლინდეს, როცა საკვებში ალერგენი უმცირესი რაოდენობითაა.

მოზრდილებში ალერგიას ყველაზე ხშირად იწვევს თევზი, მოლუსკები, არაქისი, თხილი, ბავშვებში – ძროხის რძე, კვერცხი, არაქისი, თხილი, სოია და ხორბალი.

საკვებისმიერი ალერგია შესაძლოა გამოიხატოს:

* პირის ქავილითა და შეშუპებით;

* ღებინებით, დიარეით, მუცლის ტკივილით;

* ურტიკარიით ან ეგზემით;

* ხორხის შეშუპებით და სუნთქვის გაძნელებით;

* არტერიული წნევის ვარდნით.

ყველაზე საშიში რეაქცია, რომელიც შეიძლება საკვებისმიერმა ალერგიამ გამოიწვიოს, ანაფილაქსიური შოკია.

ალერგიის თავიდან არიდება მხოლოდ ალერგიულ საკვებზე უარის თქმით შეიძლება, მაგრამ ამისთვის უნდა იცოდეთ, რის მიმართ ხართ მგრძნობიარე. ამის დადგენა შესაძლებელია სპეციალური დიეტის დაცვით, რომელსაც ექიმი დაგნიშნავთ. დიეტა გულისხმობს რაციონიდან ყველა საეჭვო საკვების გამორიცხვას და მერე სათითაოდ დამატებას. ალერგიული პროდუქტი სიმპტომების განვითარებით გამოამჟღავნებს თავს.

ალერგენის აღმოჩენა შესაძლებელია აგრეთვე კანის პრიკ-ტესტით და ალერგენსპეციფიკურ ანტისხეულებზე სისხლის გამოკვლევით.

 

ანაფილაქსია

ანაფილაქსია მძიმე, სიცოცხლისთვის საშიში ალერგიული რეაქციაა. ის ერთბაშად, სწრაფად ვითარდება. ანაფილაქსიურ რეაქციას ყველაზე ხშირად იწვევს საკვები, მწერის ნაკბენი, წამალი და ლატექსისგან დამზადებულ ნივთთან კონტაქტი.

ანაფილაქსია, როგორც წესი, სხეულის რამდენიმე ნაწილს ითრევს. რეაქციაში შესაძლოა ჩაერთოს რამდენიმე ორგანო და ორგანოთა სისტემა:

* კანი (ქავილი, ჭინჭრის ციება, სიწითლე, შეშუპება;)

* ცხვირი (ცემინება, ცხვირის გაჭედვა, გამონადენი);

* პირი (ქავილი, ტუჩების ან ენის შეშუპება);

* ყელი (ქავილი, ყლაპვის გაძნელება, უკანა კედლის შეშუპება);

* გულმკერდი (ქოშინი, ხველა, ხიხინი, გულმკერდის ტკივილი ან შებოჭილობა);

* გული (პულსის შენელება, შოკური მდგომარეობა);

* კუჭ-ნაწლავის ტრაქტი (ღებინება, დიარეა, სპაზმური ტკივილები);

* ნერვული სისტემა (თავბრუხვევა, გულის წასვლა).

ანაფილაქსიური მდგომარეობის დროს ადამიანს დაუყოვნებლივ სჭირდება დახმარება. ამ დროს ადრენალინის ინექციას აკეთებენ და ცუდად მყოფი სასწრაფოდ გადაჰყავთ კლინიკაში, რადგან ანაფილაქსიური რეაქცია შესაძლოა ფატალური აღმოჩნდეს.

 

დიაგნოსტიკა და მკურნალობა

ალერგენის დასადგენად მნიშვნელოვანია ტრიგერის დადგენა.

კანის ტესტი დიაგნოსტიკის ყველაზე მგრძნობიარე მეთოდად მიიჩნევა. პრიკ-ტესტის დროს ალერგენის მცირე დოზას აწვეთებენ გაკაწრულ კანზე და რეაქციას აკვირდებიან.

ზოგიერთ შემთხვევაში განსაზღვრავენ სპეციფიკური IGE-ს (E კლასის იმუნოგლობულინების) ტიტრს.

ალერგიისგან განსაკურნებელი წამალი ჯერჯერობით არ არსებობს, მკურნალობის მიზანია, ადამიანმა თავი უკეთ იგრძნოს და ალერგიამ ცხოვრების ხარისხი არ გაუუარესოს. ზოგიერთ შემთხვევაში ტარდება იმუნური თერაპია აცრების სახით. ის საკმაოდ შედეგიანია და ეფექტიც საკმაოდ ხანგრძლივი აქვს.

 

ალერგენებთან ურთიერთობა

* თუ მცენარის მტვერზე გაქვთ ალერგია, მოერიდეთ ყვავილობის დროს გარეთ გასვლას, განსაკუთრებით – ცხელ, მშრალ და ქარიან ამინდში. მტვერი ყველაზე მეტია დილით და მოსაღამოებულზე. თუ ალერგიული კონიუნქტივიტი გაქვთ, ატარეთ სათვალე, რომელიც ხელს შეუშლის თვალში ალერგენის მოხვედრას.

* დახურეთ ფანჯრები და გამოიყენეთ კონდიციონერი სახლშიც და მანქანაშიც. მტვერთან კონტაქტს ესეც შეამცირებს. არ გამოიყენოთ ფანჯრის ვენტილატორი – მას შიგნით შემოაქვს მტვერი. იზრუნეთ, რომ კონდიციონერი მუდამ სუფთა იყოს, რომ მასში ალერგენი არ დაგროვდეს.

* თუ ალერგია გაქვთ ობის სოკოზე, გაითვალისწინეთ, რომ მას ნესტიანი გარემო უყვარს და ეცადეთ, სახლში ტენიანობა 30-50%-ზე მაღალი არ იყოს. ხშირად დაასუფთვეთ ნოტიო ადგილები (სარდაფი, სააბაზანო, სამზარეულო). შეგიძლიათ, ასეთ ადგილებში ჰაერის გამაშრობელი გამოიყენოთ.

* თუ სახლის მტვერზე გაქვთ ალერგია, მაქსიმალურად ერიდოთ მტვრის ტკიპას. განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ საძინებელს. ლეიბი, საბანი და ბალიში ნაკლებად ალერგიული მასალისა შეარჩიეთ. თეთრეული ხშირად რეცხეთ არანაკლებ 55 0c ტემპერატურის წყალში, რათა ტკიპები დაიხოცონ. იატაკი სველი წესით მოწმინდეთ.

* თუ ალერგიის წყარო ცხოველია, ეცადეთ, ის ეზოში დააბინაოთ და სახლში არ შემოუშვათ. მეტადრე ნუ მისცემთ საძინებელში შესვლის უფლებას.

* ნუ დააგებთ ნოხს, რომელიც აგროვებს და ინახავს ალერგენებს – ცხოველის ქერტლსა და მტვრის ტკიპებს.

* ყოველთვის დაიბანეთ ხელები ცხოველთან ურთიერთობის შემდეგ.

* თუ საკვებისმიერი ალერგია გაქვთ, გამოიკითხეთ კერძის შემადგენლობა, მზა ნაწარმის შეძენისას ყურადღებით წაიკითხეთ ეტიკეტზე ინგრედიენტების ჩამონათვალი, რადგან შესაძლოა ისეთ პროდუქტში აღმოჩნდეს ალერგენი, სადაც საერთოდ არ ელოდებით.

 

როგორ გავიძლიეროთ იმუნიტეტი

იმუნიტეტის გაძლიერება ნამდვილად არ უნდა იყოს ურიგო აზრი. რა სჯობია იმას, თუ ავად აღარ გავხდებით ან ჩვენი ორგანიზმი თვალის დახამხამებაში გაუმკლავდება ყოველგვარ ავადმყოფობას?! ყველას გაგვიგონია იმუნიტეტის გაძლიერების ესა თუ ის გზა. ზოგი ბოსტნეულის წვენს მიაწერს ჯადოსნურ თვისებებს, ზოგი – ბალახების ნაყენს, ზოგიც იმუნიტეტის ასამაღლებელ უებარ პრეპარატს გვთავაზობს. ვენდოთ თუ არა ამ რჩევებს? რა მეცნიერული საფუძველი აქვთ მათ?

იმუნიტეტის გაძლიერების იდეა სინამდვილეში არც ისე ადვილი განსახორციელებელია. უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ, როგორც გაირკვა, არ არსებობს სარწმუნო მტკიცებულებები იმის შესახებ, კერძოდ, რა და როგორ აძლიერებს იმუნიტეტს. გრძელდება კვლევები, რომლებიც იმუნურ სისტემაზე საკვების, ვარჯიშის, სტრესისა თუ სხვა ფაქტორების გავლენას სწავლობს.

ამ თემაზე პედიატრს, ბავშვთა ინფექციონისტს, ოჯახის ექიმს მაია ქაჩლიშვილს ვესაუბრეთ.

 

  • – რა ახდენს გავლენას იმუნურ სისტემაზე?

– იმუნურ სისტემაზე მრავალი ფაქტორი მოქმედებს. ზოგიერთი მათგანის შესახებ უკვე არსებობს სარწმუნო მონაცემები, ბევრი რამ კი ჯერაც შესწავლის საგანია. დავიწყოთ ასაკით. ცნობილია, რომ ასაკთან ერთად იცვლება იმუნური სისტემის მუშაობის ტემპი და ეფექტურობა. ბავშვებს, როგორც სხვა დანარჩენი, იმუნური სისტემაც უმწიფარი აქვთ. ამიტომ ემართებათ ინფექციური დაავადებები დიდებზე ხშირად. თავადაც შეამჩნევდით – ზრდასთან ერთად ეს დაავადებები უფრო და უფრო იშვიათდება, რაც იმუნიტეტის მომწიფების, სრულყოფის ნიშანია.

ჩვილი დედის რძიდან იღებს ანტისხეულებს. ისინი მისთვის აუცილებელია – სხვაგვარად ახალ გარემოსთან შეგუება ძალიან გაუჭირდება. ერთ–ერთი მიზეზი, რის გამოც ექიმები ბუნებრივ კვებას ვუწევთ რეკომენდაციას, სწორედ ეს გახლავთ. თუმცა დედისგან მიღებული იმუნიტეტი პასიურია და ბავშვს დიდხანს ვერ იცავს. მომდევნო თვეებში ის უკვე თავად "სწავლობს" ინფექციებთან ბრძოლას.

 

ეფექტური დაცვა

– ჩვილი ასაკიდანვე იწყება პროფილაქტიკური აცრები – ვაქცინაცია საშიში დაავადებების წინააღმდეგ. აცრები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია! ვაქცინით მართვადი დაავადებებისგან პატარას ვერც ჯანსაღი კვება დაიცავს, ვერც სუფთა ჰაერი. ამ ინფექციათა საწინააღმდეგო ანტისხეულები ორგანიზმში მხოლოდ ორი გზით შეიძლება გამომუშავდეს – ავადმყოფობის გადატანისა და ვაქცინაციიის შედეგად. ბუნებრივია, პირველ გზას მეორე სჯობია, ამიტომ პროფილაქტიკური აცრები არ უნდა გამოვტოვოთ.

მინდა, ხაზი გავუსვა ერთ გარემოებას: ხშირად წლამდე ასაკის პატარებს ვაქცინაციას გეგმის მიხედვით უტარებენ, რევაქცინაციას კი რატომღაც ნაკლებ ყურადღებას აქცევენ და, როგორც წესი, ავიწყდებათ. არადა რევაქცინაციაც ისევე აუცილებელია, როგორც ვაქცინის პირველი დოზა. სხვაგვარად დაავადების მიმართ სრულყოფილი იმუნიტეტი ვერ ჩამოყალიბდება.

 

ხანდაზმული იმუნიტეტი

– მოწიფულ ასაკში იმუნიტეტი ყველაზე გამართულად მუშაობს, მერე კი, ასაკის მატების პირდაპირპროპორციულად, მისი აქტივობა, ბრძოლის უნარი ისევ იკლებს, ამიტომ 65 წლიდან ისევ ხშირდება რესპირატორული ინფექციები, გრიპი, პნევმონია... განსაკუთრებით იმატებს ინფექციურ დაავადებათა გართულების ალბათობა. დანამდვილებით არ ვიცით, რა მექანიზმი უდევს ამას საფუძვლად. ვარაუდობენ, რომ რისკის მატება თ უჯრედების შემცირების შედეგია. უჯრედების შემცირებას კი, თავის მხრივ, თიმუსიის ატროფია განაპირობებს. სავარაუდოდ, ძვლის ტვინიც უფრო ნაკლებად წარმოქმნის ღეროვან უჯრედებს, რომელთაგან საბოლოოდ იმუნური უჯრედები ყალიბდება.

ცნობილია, რომ იმუნური სისტემის ფუნქციაა, ებძოლოს არა მხოლოდ უცხო აგენტებს, არამედ სიმსივნურად გადაგვარებულ საკუთარ უჯრედებსაც, ამიტომ სანამ იმუნური სისტემა გამართულად მუშაობს, ონკოლოგიური დაავადება არ გვემართება. ავთვისებიანი პროცესის განვითარება იმუნოდეფიციტის ნიშანია. ერთ–ერთი მიზეზი, რის გამოც სიმსივნური პათოლოგიები ხანდაზმულებთან უფრო ხშირად გვხვდება, სწორედ ის გახლავთ, რომ ასაკთან ერთად იმუნური სისტემის აქტივობა ქვეითდება და, შესაბამისად, იმატებს ავად გახდომის რისკი.

ეს ყველაფერი ავადმყოფობის მიმდინარეობის თავისებურებებსაც განაპირობებს. მაგალითად, ფილტვების ანთება მოხუცებთან ტემპერატურული რეაქციის გარეშე მიმდინარეობს. მაშასადამე, ხანდაზმულებს იმუნიტეტი დაქვეითებული აქვთ.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, ხსენებულ კონტინგენტს განსაკუთრებული მოფრთხილება სჭირდება. სხვათა შორის, აღმოჩნდა, რომ 65 წელს გადაცილებულებთან გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაც ნეკლებეფექტურია, ვიდრე 2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებთან. ესეც იმუნური სისტემის დაქვეითებული აქტივობის შედეგია. მაგრამ ეს არამც და არამც არ გულისხმობს იმას, რომ მოხუცებმა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არ უნდა ჩაიტარონ – ასეთი ინტერვენცია ერთმნიშვნელოვნად ამცირებს გრიპით გამოწვეულ ავადობასა და სიკვდილიანობას.

 

იმუნომოდულატორები

– იმუნური სისტემისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს გენეტიკას, ცხოვრების წესს და სტრესულ სიტუაციებს. ცხოვრების წესში, უპირველესად, კვებას და ფიზიკურ აქტივობას ვგულისხმობ.

  • – რომელი საკვები აძლიერებს იმუნიტეტს?

– სიმართლე გითხრათ, მეცნიერულად სანდო მონაცემები ამის თაობაზე არ მოიპოვება. არ არსებობს კვლევა, გაიდლაინი თუ სხვა ავტორიტეტული წყარო, რომელიც დაგვიმოწმებდა, რომ, მაგალითად, რომელიმე სახეობის ბოსტნეული იმუნიტეტს აძლიერებს. მეორე მხრივ, ფაქტია, რომ სიღარიბეში მცხოვრებ ადამიანებს, რომლებიც საკვების დეფიციტს განიცდიან, ინფექციური დაავადებებისადმი უფრო ძლიერი მიდრეკილება აქვთ. მაგრამ ცნობები იმუნურ პროცესებზე საკვების გავლენის შესახებ დღემდე მწირია. არსებობს მტკიცებულებები, რომ ზოგიერთი მიკრონუტრიენტის დეფიციტი – თუთიისა, რკინისა, ფოლიუმის მჟავასი, A, B6, C , E ვიტამინებისა – ცვლის ცხოველებში იმუნურ პასუხს. ამ მიმართულებით კველევები გრძელდება. თუმცა ყველა თანხმდება, რომ ჯანსაღი კვება აუცილებელია. საკვები უნდა იყოს ჯანსაღი, სრულფასოვანი, არ უნდა შეიცავდეს ნიტრატებს, პესტიციდებს, კონსერვანტებსა თუ სხვა მავნე დანამატებს. უნდა ვჭამოთ ხშირად, მცირე ულუფებით. ვერიდოთ სწრაფი კვების ობიექტებს, გაზიან სასმელებს, შებოლილ პროდუქტებს.

 

ვარჯიში

  • – რა შეგიძლიათ გვითხრათ ფიზიკურ აქტიურობაზე?

– უპირველეს ყოვლისა – ის, რომ ფიზიკური აქტიურობის კუთხით მთელ მსოფლიოში სავალალო ვითარებაა. საქართველოს მონაცემები, სამწუხაროდ, არ გაგვაჩნია, მაგრამ ისინი სხვა ქვეყნებზე უარესი თუ არა, უკეთესი ნამდვილად არ იქნება. დასავლეთის ქვეყნებს კი სერიოზულად აშფოთებთ მოსახლეობის დაბალი ფიზიკური აქტიურობა. მაგალითად, კანადის ფიზიკური ჯანმრთელობისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის კვლევითი ინსტიტუტი გვამცნობს, რომ კანადელთა 58% უმოძრაო ცხოვრების წესს მისდევს, 48% ზომაზე მეტს იწონის, 15% კი ძალიან მსუქანია. ამ ფონზე კანადაში მკვეთრად იმატა შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის შემთხვევებმა. ექსპერტთა შეფასებით, სიკვდილიანობის 20%-ის მიზეზი სწორედ უმოძრაობაა – ადინამიით გამოწვეული დაავადებებით ყოველწლიურად 2 მილიონამდე ადამიანი კვდება. ზოგიერთ ქვეყანაში იმასაც წერენ, რომ ადინამია უფრო მეტ საფრთხეს უქმნის მოსახლეობას, ვიდრე სიგარეტი. ამ საკითხს ყურადღება განსაკუთრებით ბავშვებთან უნდა მივაქციოთ.

თუმცა დღემდე არც ის გახლავთ დადგენილი, როგორ  აძლიერებს ვარჯიში იმუნიტეტს. ამის შესახებ არსებობს რამდენიმე თეორია. ერთი მათგანის თანახმად, ფიზიკური აქტიურობა ფილტვებიდან და ზედა სასუნთქი გზებიდან ბაქტერიების გამოდევნას უწყობს ხელს. სხვა მოსაზრებით, ვარჯიში აჩქარებს ანტისხეულებისა და სისხლის თეთრი უჯრედების ცირკულაციას, რის გამოც ისინი გამომწვევს უფრო ადრე ამოიცნობენ და უფრო ეფექტურადაც უმკლავდებიან. მეცნიერთა ნაწილს მიაჩნია, რომ ვარჯიშის დროს ტემპერატურის ხანმოკლე მატება ბაქტერიების გამრავლებას აფერხებს. დაახლოებით ისევე, როგორც ცხელებით მიმდინარე დაავადებების დროს. კიდევ ერთი თეორიის მიხედვით კი ფიზიკური აქტიურობა ხელს უშლის სტრესის ჰორმონის გამომუშავებას. სტრესი, მოგეხსენებათ, ზრდის დაავადების რისკს. ამის კვალობაზე, სისხლში სტრესის ჰორმონის ნაკლებობა ავად გახდომის ალბათობას ამცირებს.

ასეა თუ ისე, ვარჯიში ჯანმრთელობისთვის ერთმნიშვნელოვნად სასარგებლოა. ცხადია, ზომიერი. გადამეტებული ფიზიკური დატვირთვა, პირიქით, თვითონვე უქადის საფრთხეს ჯანმრთელობას. ზომიერი ვარჯიში გულისხმობს კვირაში რამდენიმეჯერ ველოსიპედით სეირნობას, ყოველდღე 20-30 წუთის განმავლობაში ფეხით სეირნობას და ა.შ.

 

რას გვიშავებს წამლები?

  • – იმაზეც ვისაუბროთ, რა აქვეითებს იმუნიტეტს. მოარული აზრის თანახმად, ასეთი თვისება აქვთ სიცხის დამწევ პრეპარატებს და ანტიბიოტიკებს. მართებულია ეს მოსაზრება?

– უპირველეს ყოვლისა, აღვნიშნავ, რომ ცხელება სწორედ იმუნური სისტემის გამართული მუშაობის ნიშანია; მას შემდეგ, რაც ორგანიზმში უცხო აგენტი შეიჭრება, იმუნური სისტემა განაგაშის ზარს შემოჰკრავს და მასთან ბრძოლას იწყებს. ამ ბრძოლის ერთ–ერთი გამოხატულებაა ტემპერატურის მომატებაც – ორგანიზმი ცდილობს, თვითონვე გაუმკლავდეს მტერს. ამიტომ მაღალი ტემპერატურისა არ უნდა გვეშინოდეს და განსაზღვრულ ეტაპამდე მისი ხელოვნურად დაწევა არასწორია – ამით ორგანიზმს ინფექციასთან ბრძოლაში ხელს შევუშლით. ამიტომ არის, რომ 38.5-მდე სიცხის დამწევი არ ინიშნება, ესე იგი მანამდე, სანამ მაღალ ტემპერატურას ორგანიზმისთვის მეტი სარგებლობა მოაქვს, ვიდრე ტემპერატურის დაქვეითებას. მეორე მხრივ, არ არსებობს დადასტურებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ანტიპირეტიული საშუალებები იმუნიტეტს აქვეითებს. თუმცა, ვიმეორებ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ 37 გრადუსზეც სიცხის დამწევი დავლიოთ.

გადაჭრით არც იმის თქმა შეგვიძლია, რომ იმუნიტეტს აქვეითებს ანტიბიოტიკები. ინფექციური დაავადების დროს ექიმი ანტიბიოტიკის დანიშვნას აყოვნებს არა იმუნოსუპრესიის, არამედ ანტიმიკრობული რეზისტენტობის განვითარების შიშით. ანტიმიკრობული რეზისტენტობა მეტად საშიში მდგომარეობაა, რომლის დროსაც ბაქტერიები ანტიბიოტიკის მიმართ შეუვალნი ხდებიან. გამოდის, რომ მათ წინააღმდეგ უიარაღოდ ვრჩებით. ანტიმიკრობული რეზისტენტობის განვითარებაში, ბევრ სხვა ფაქტორთან ერთად, ანტიბიოტიკების უკონტროლო მიღებასაც მიუძღვის ბრალი. ამიტომ მანამდე, სანამ ანტიბიოტიკის დანიშვნა გარდაუვალი არ გახდება, ექიმი ამ წამალს არ გამოგიწერთ.

  • რომელი წამალი აქვეითებს იმუნიტეტს?

– არსებობს მედიკამენტების ჯგუფი – იმუნოდეპრესანტები, რომლებიც იმურ სისტემას ასუსტებს. მათ ავტოიმუნური დაავადებებისა და ისეთი მდგომარეობების დროს გამოწერენ, როდესაც იმუნიტეტის დაქვეითება სურთ, მაგალითად, ორგანოს გადანერგვის შემდეგ, თუმცა ამ შემთხვევაში მკურნალობის მიზანი სწორედ იმუნიტეტის დათრგუნვაა და იმუნოდეპრესანტების ეს ეფექტი უარყოფითად არ განიხილება. ზოგჯერ იმუნოდეპრესანტების გამოყენება გვიწევს განსაზღვრული ტიპის დერმატიტებისა და სხვა დაავადებების სამკურნალოდაც. ასეთ დროს მათი იმუნოდამთრგუნველი მოქმედება, ბუნებრივია, არასასურველად მიიჩნევა.

  • – უარყოფითი გავლენა, ცხადია, ექნება მავნე ჩვევებსაც...

– ბუნებრივია, აქვს. მექანიზმი ამ შემთხვევაშიც უცნობია, თუმცა დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ მავნე ჩვევები – თამბაქო, ნარკოტიკი, ჭარბი ალკოჰოლი, სტრესი, უძილობა – სხვებთსან ერთად იმუნურ სისტემაზეც დამანგრევლად მოქმედებს. მაშასადამე, საყოველთაო კანონი ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვის შესახებ იმუნიტეტთან მიმართებითაც აქტუალურია. ასე რომ, იკვებეთ ჯანსაღად, იაქტიურეთ ფიზიკურად, მოერიდეთ სტრესულ სიტუაციებს, საკმარისი იძინეთ, მოერიეთ მავნე ჩვევებს, ისეირნეთ სუფთა ჰაერზე, დაიცავით პირადი ჰიგიენა, ჩაიტარეთ პროფილაქტიკური აცრები და ჯანმრთელად ბრძანდებოდეთ.

გვანცა გოგოლაძე, მარიამ ჯანიაშვილი, მარი აშუღაშვილი

 

გააზიარე: