როგორ მივაჩვიოთ ძაღლი საბლით სეირნობას
გააზიარე:
ძაღლის გასეირნება ყოველდღიური რუტინაა პატრონისთვის. დღეში, სულ ცოტა, ორჯერ მისი გარეთ გაყვანა სავალდებულო პროცედურაა და თუ თავის დროზე პატრონმა ძაღლი საბელს არ მიაჩვია და აღზრდისას სხვა შეცდომებიც აქვს დაშვებული, სეირნობა შესაძლოა უსიამოვნო ვალდებულებადაც ექცეს.
როცა ძაღლი მშვიდად მიჰყვება პატრონს, არ ექაჩება საბელს, არ უყეფს გამვლელებს ან სხვა ძაღლებს და ცდილობს, პატრონის ნაბიჯს ფეხი აუწყოს, ჩანს, პატრონს ლეკვობიდანვე მიუქცევია ყურადღება და შედეგად “კარგად აღზრდილი“ კომპანიონიც ჰყავს.
არიან ძაღლები, რომლებიც თითქოს თავად “ასეირნებენ” პატრონებს, იქით ექაჩებიან საბელს, საითაც თავად სურთ წასვლა. მათი საბლით გასეირნება ნამდვილი ტანჯვაა. პატრონი იღლება და ღიზიანდება, მტკივნეულად ქაჩავს საბელს, ყვირის, ცდილობს, რამე შეასმინოს თავის ჯიუტ კომპანიონს, მაგრამ ის უკვე მიჩვეულია თვითნებობას და ადვილად ვეღარ გადაეჩვევა.
ვეტკაბინეტში ამჯერად სწორედ ამ პრობლემას განვიხილავთ.
პირველი კითხვა: შესაძლებელია თუ არა, წლების განმავლობაში საბლის ქაჩვას მიჩვეული ძაღლი ამ ცუდ ჩვევას გადავაჩვიოთ?
პასუხი ერთმნიშვნელოვნად დადებითია.
დიახ, შესაძლებელია. ოღონდ აქ გასათვალისწინებელია ერთი მნიშვნელოვანი რამ: რაც უფრო დიდხანსაა მიჩვეული ძაღლი “არასწორად” სეირნობას, მით უფრო მეტი დრო დასჭირდება მის გადაჩვევას და საბლით მშვიდად სეირნობის მიჩვევას. შესაბამისად, თუ ძაღლი წლებია ქაჩავს საბელს, ორ კვირაში ეს ქცევა არ გამოსწორდება და პატრონი მოთმინებით უნდა აღიჭურვოს. სულ მცირე, 5 ან 6 კვირაა საჭირო იმისთვის, რომ პირველი შედეგი დავინახოთ.
შემდეგი კითხვა: რით დავიწყოთ?
გეგმის შემუშავებით.
ყველაზე მნიშვნელოვანი რამ თანმიმდევრულობაა – განსაზღვრეთ, რამდენი დრო შეგიძლიათ დაუთმოთ დღის ერთსა და იმავე მონაკვეთში ქცევის კორექციაზე მუშაობას. ეს არ იქნება მხოლოდ გასეირნება. თქვენ დაგჭირდებათ გარკვეული გეგმის შემუშავება და მიყოლა.
უწინარეს ყოვლისა, აუცილებელია, ვარჯიშს დაეთმოს 10 ან 15 წუთი ყოველდღე, ერთსა და იმავე დროს. მაგალითად, თუ დილის სეირნობისთვის 8-დან 9 საათამდე შუალედი გაქვთ გამოყოფილი, ამ ხნის განმავლობაში 10-15 წუთი დაეთმობა უშუალოდ სავარჯიშოს შესრულებას. გეგმას უნდა მიჰყვეთ თანმიმდევრულად, გადახვევებისა და დღის ჩაგდების გარეშე.
შეიძლება, ვარჯიშისთვის გამოვყოთ შუადღე, თუ ძაღლს 2-დან 3 საათამდე პერიოდში ასეირნებთ, ან საღამო – 8-დან 9-მდე.
სასურველია, ვარჯიში ჩაატაროს ოჯახის იმ წევრმა, რომელსაც ძაღლი “უფროსად”, “მთავარ პატრონად” მიიჩნევს (ბავშვს ან მოზარდს ეს პასუხისმგებლობა არ დააკისროთ). მას შემდეგ, რაც ძაღლი გამოიმუშავებს საბლით მშვიდად სეირნობის ჩვევას, ის მოზარდსაც დაემორჩილება და მშვიდად გაჰყვება საბელზე.
ვარჯიში იწყება სახლში
ბევრს ჰგონია, რომ მეცადინეობა მხოლოდ მოედანზე ან სპეციალურად გამოყოფილ ადგილზეა შესაძლებელი. ასე არ არის. ვარჯიში და ქცევის კორექციაზე მუშაობა იწყება ძაღლისთვის ყველაზე მშვიდ და უსაფრთხო ადგილას – შინ.
თავდაპირველად დააკვირდით, როგორ იქცევა ძაღლი, როცა საბელს იღებთ ხელში და გარეთ გასასვლელად ემზადებით: ის აღტაცებული მოვარდება თქვენთან, დახტის, ყეფს, სიხარულით აქიცინებს კუდს... ამ დროს მნიშვნელოვანია, ძაღლმა იგრძნოს, რომ თქვენ გაგყავთ ის სასეირნოდ და არა პირიქით. მოსთხოვეთ, შეასრულოს ბრძანება “დაჯექი!” და მხოლოდ ამის შემდეგ შეაბით სასეირნო საბელი. თუ ძაღლი ისევ აგზნებულია და არ მშვიდდება, საბელი მოხსენით, დადექით ლოდინის პოზაში და უბრძანეთ, დაჯდეს. როცა დაჯდება, შეაბით საბელი. თუ ისევ აწრიალდა, გაიმეორეთ იგივე კიდევ ერთხელ. დაიჭირეთ ის მომენტი, როცა ძაღლი შედარებით მშვიდადაა და მხოლოდ ამ დროს გადით გარეთ.
დადებითი განმამტკიცებელი
გარეთ გასვლამდე აუცილებლად მოიმარაგეთ ძაღლის საყვარელი სასუსნავი. ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს ტკბილეული – ნამცხარი, კანფეტი... არსებობს სპეციალური კრეკერები, რომლებიც ზოომაღაზიებში იყიდება. მის ნაცვლად შეგიძლიათ მოიმარაგოთ პატარა კუბებად დაჭრილი უმარილო ყველი. შეიძლება ხილის ან ბოსტნეულის მიცემაც (თუ ძაღლი მას სიამოვნებით შეექცევა), მაგრამ საუკეთესო მაინც სპეციალური საკვებია. გახსოვდეთ: სასუსნავი ძაღლს უნდა მისცეთ მხოლოდ მაშინ, როცა თქვენთვის სასურველად მოიქცევა.
გარეთ
როგორც კი გარეთ გახვალთ, ძაღლი საბლის ქაჩვას დაიწყებს. პირველი, რასაც ამ დროს აკეთებთ, მიმართულების შეცვლაა. როგორც კი ძაღლი საბელს მოქაჩავს, შეუცვალეთ მიმართულება და საპირისპირო მიმართულებით წადით. ისევ თუ მოქაჩავს – იგივე გაიმეორეთ. ეს სავარჯიშო უცნაურად კი გამოიყურება, მაგრამ ძაღლს მნიშვნელოვან გზავნილს აწვდის: “თუ საბელს მოქაჩავ, იმ მხარეს აღარ წავალთ!“ და “მე ვწყვეტ, საით წავიდეთ და არა შენ!”
როდესაც ამ სავარჯიშოს, სულ მცირე, ათჯერ გაიმეორებთ, შეგიძლიათ, გააგრძელოთ სეირნობა და სიარულისას გამოიყენოთ მეორე მეთოდი: თუ საბელი დაჭიმულია, ვჩერდებით.
ეს ნიშნავს, რომ როგორც კი ძაღლი მოისურვებს, გაგიყოლოთ და საბელს მოქაჩავს, თქვენ ჩერდებით და დგახართ მანამდე, სანამ საბელი ოდნავ მაინც არ მოეშვება. როგორც კი ძაღლი მიხვდება, რომ დაჭიმული საბელი გაჩერებას ნიშნავს და შეეცდება, უკან დაიხიოს, თქვენ შემოგხედოთ ან შეწყვიტოს საბლის ქაჩვა, მაშინვე მიეცით სასუსნავი და შეაქეთ. აქ მნიშვნელოვანია სწრაფი რეაქცია – როგორც კი საბელი მოეშვება, უმალვე ვაფიქსირებთ სასურველ ქცევას, ვასაჩუქრებთ ძაღლს სასუსნავით და ვაქებთ.
არ გეგონოთ, რომ ძაღლი მეორე ჯერზევე შეწყვეტს ქაჩვას. ამ სავარჯიშოს საკმაოდ ბევრი დრო უნდა დაეთმოს.
სეირნობისას მიუახლოვდებით იმ ადგილს, სადაც ძაღლს თავისუფლად სირბილი და მოსაქმება შეუძლია. აქ ყოველგვარი შეზღუდვა იხსნება და ძაღლი სრული თავისუფლებით ტკბება. არავითარ შემთხვევაში არ დაიწყოთ ვარჯიში ამ ეტაპზე. ძაღლმა ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები უნდა დაიკმაყოფილოს.
უკანა გზაზე სავარჯიშო კიდევ რამდენჯერმე გაიმეორეთ.
დაიმახსოვრეთ: თუ ძაღლი დიდი ხანია არ ყოფილა გარეთ და სასწრაფოდ სჭირდება ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, ვარჯიში არ შეიძლება. ამ შემთხვევაში ვარჯიში უკანა გზაზე, შინ დაბრუნებისას დაიწყეთ. თუ ძაღლს შარდის ბუშტი სავსე აქვს და მისი ყურადღება მთლიანად აქეთაა მიმართული, ის შესასრულებელ დავალებებზე ვერ კონცენტრირდება. გარდა ამისა, ამ მდგომარეობაში ვარჯიში ძაღლის ჯანმრთელობისთვისაც საზიანოა.
უარყოფითი განმამტკიცებელი
თანამედროვე კინოლოგიაში ნებისმიერი უარყოფითი განმამტკიცებელი დაუშვებლად მიიჩნევა. გამონაკლისია ის შემთხვევა, როცა ძაღლი სპეციალური დანიშნულებისაა და არა ოჯახის წევრი.
ცემა, ყვირილი, მოსაქმებულში ცხვირის ჩაყოფა და სხვა ძალადობრივი, დამამცირებელი მეთოდები ძაღლის ფსიქიკას აზიანებს. შესაძლოა, სასურველი შედეგი მიიღოთ, მაგრამ იკარგება უმთავრესი – ნდობა, სიყვარული და პატივისცემა თქვენსა და თქვენს ოთხფეხა მეგობარს შორის.
ნინო ლომიძე