ჟანრი ლოლაშვილი: “ცხოვრება ლამაზი წუთების ერთობლიობაა”

გააზიარე:

ჟანრი ლოლაშვილი პედაგოგების ოჯახში დაიბადა. მამა ხატავდა და თავადაც დაინტერესდა მხატვრობით. ჯერ კინოსტუდიაში მუშაობდა მხატვრად, მერე მოსკოვში, კინოსტუდია “მოსფილმში” სწავლობდა მხატვარ-მულტიპლიკატორის კურსებზე. საბოლოოდ მისი სტიქია მაინც თეატრი აღმოჩნდა – თბილისის თეატრალური ინსტიტუტი დაამთავრა, სადაც მისი მასწავლებელი აკაკი ხორავა იყო.
თეატრალური კარიერა ზუგდიდის დრამატულ თეატრში დაიწყო, მერე რუსთაველის თეატრში გადავიდა და მას შემდეგ ისაა მისი სახლი. ჟანრი ლოლაშვილი საქართველოს სახალხო არტისტი და სახელმწიფო პრემიის ლაურეატია. სულითა და ხორცით ხელოვანი, ხელოვნებას ისე ეთაყვანება, როგორც მშვენიერ ქალს.

ხელოვნების ენა
– ყველაზე დიდი ბედნიერება აღტაცების უნარია – ეს ჩემი პოსტულატია. აღტაცებული ადამიანი სხვანაირია – კეთილგანწყობილი, დიდსულოვანი და მიმტევებელი. ფანტასტიკურია შეგრძნება, რომ სცენიდან მაყურებლის აღტაცებაში მოყვანის უნარი შეგწევს. მსახიობმა ისიც უნდა იცოდე, რომ თუ რაღაცაზე მიუთითე, უკურეაქციას მიიღებ. ეს განცდა უნდა იყოს და არა დიდაქტიკური მითითებები. ასე რომ, ესაუბრები ხელოვნების, შეგრძნებების და ემოციის ენით და სულ სხვა – ილუზორულ სამყაროში გადაგყავს მაყურებელი. რეალურ ყოფას აშორებ და ყოველდღიურ ცხოვრებაში რაღაც ძლიერი გრძნობა – აღტაცება შემოგაქვს.
იმისთვის, რომ ხელოვანმა ეს მოახერხოს, თავად უნდა ჰქონდეს სილამაზისა და ცხოვრებისეული ღირებულებების საკუთარი ხედვა. დიალოგი ჯერ საკუთარ თავთან უნდა შედგეს, რომ ახალი მატრიცა გარშემო მყოფებს შესთავაზო. ილუზორული ბევრად სჯობია რეალურს და თუ ამ რეალობის გალამაზებას შევძლებთ, თუ უბრალოში დიდს აღმოვაჩენთ, ყველაფერი დალაგდება.
თეატრში ბევრი ისეთი როლი ვითამაშე, რომელიც აუდიტორიისთვის უშუალოდ მიმართვის საშუალებას მაძლევდა. კარგად ვგრძნობ, რას ფიქრობს და განიცდის მაყურებელი. ხშირად ის ჩემს მიმიკას იმეორებს, მომყვება... ეს ჰიპნოზია, აბა რა არის!
ადამიანი საქციელთა ჩამონათვალია და მისი ამოცნობა-შეფასება მის მიერვე ჩადენილი საქციელებით არის შესაძლებელი, ამიტომ მიმაჩნია, რომ რაც უფრო მეტ ადამიანს მოვიყვანთ აღტაცებაში, რაც უფრო მეტად გავულამაზებთ ყოველდღიურობას, მით დიდი ადამიანები ვიქნებით.

ჩემი დღესასწაული
– მუსიკაში არსებობს მაჟორული და მინორული ტონალობები. ასეა ცხოვრებაშიც – ლამაზი და უსიამოვნოდ გასახსენებელი, ზოგჯერ კი ერთფეროვანი დღეები ერთმანეთს ცვლის. ამ ერთფეროვნებას პატარ-პატარა სიამოვნებებით ვილამაზებთ – ცხოვრება ხომ დღესასწაულის მოწყობის მცდელობაა. ჩემთვის კარგი წიგნის კითხვაც დღესასწაულია. მიმაჩნია, რომ კითხვა, ისევე, როგორც კარგი მუსიკის მოსმენა, ინტიმური პროცესია. თავად ხელოვნებაა ინტიმური. მასში წვდომა სასიამოვნო და საინტერესოა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მისი შენეული აღქმაა – როდესაც, საკუთარ თავთან დარჩენილი, შენი შეგრძნებების, მოსმენილის, წაკითხულის გააზრებას, განზოგადებას ცდილობ.
ადამიანი ბუნების კანონებთან, გარე სამყაროსთან, იმავდროულად კი საკუთარ თავთან, თავის ფიქრებსა და შეგრძნებებთან ჰარმონიაში უნდა ცხოვრობდეს. ვაჟამ ეს კარგად იცოდა, ამიტომ მასზე გლობალური, ზოგადსაკაცობრიო და მასავით დიდი დედამიწის ზურგზე არავინ მეგულება. ის გადიოდა გრავიტაციიდან და იქიდან უყურებდა სამყაროს. ხელოვანი იმით ფასობს, რამდენად მასშტაბურ და მარადიულ იდეებს ეხმიანება.
კაცობრიობის განვითარება სწორედ ამ იდეებისა და ხელოვნების დამსახურებით ხდება. სამწუხაროდ, პოლიტიკა ამას მუდამ უშლიდა ხელს, მაგრამ ხელოვნება ყოველთვის იმარჯვებდა.

თეატრი როგორც ჯანყი
– რუსთაველის თეატრის მთელი ისტორია, ყვარყვარე თუთაბერით დაწყებული, ლუარსაბ თათქარიძით დამთავრებული, ჯანყია.
თეატრი სარკეაო, ამბობდა ილია. თეატრი კიდევ იმითაა მნიშვნელოვანი, რომ აქ ვსაუბრობთ თემებზე, რომლებიც მნიშვნელობას არასოდეს კარგავს. უკვე ვთქვი, პოლიტიკა ამას ხშირად ეწინააღმდეგება. ასე იყო საბჭოთა რეჟიმის დროსაც...
– მაგალითად, სპექტაკლი “ლურჯა ცხენები წითელ მინდორზე” აიკრძალა კიდეც, როგორც პოლიტიკურად არამიზანშეწონილი დადგმა...
– რუსეთში გახლდით გასტროლებზე. “ლურჯა ცხენების” გარდა კიდევ ოთხი სპექტაკლი გვქონდა წაღებული და ხუთივეში მთავარ როლს ვასრულებდი. ერთ დღეს სასტუმროში უშიშროების სამსახურის წარმომადგენლები მესტუმრნენ და გამომიცხადეს, რომ “ავად” უნდა გავმხდარიყავი. ავუხსენი, რომ გასტროლები შეწყდებოდა. საბოლოოდ ცენზურამ ეს სპექტაკლი მაინც დაბლოკა... თუმცა თავისუფლება, მით უმეტეს ადამიანის შინაგანი თავისუფლება, იმ მარადიულ თემათაგანია, რომლებზეც თეატრი და ხელოვნება უნდა ლაპარაკობდეს.

თავისუფლების იდეა
– ცხოვრებას თავის წესები აქვს, რომლებსაც ვემორჩილებით. კანონმდებლობა ადამიანის დამორჩილების აუცილებელი ბერკეტია. სამწუხაროდ, შინაგანი ეთიკის ნორმები ყოველთვის არ გახლავთ ეფექტური და ვერ ვაცნობიერებთ, რომ ჩვენი თავისუფლება იქ მთავრდება, სადაც სხვისი იზღუდება...
დემოკრატიაზე ბევრს ვლაპარაკობთ, თუმცა ეს არის უფლება, ადამიანის უფლება, გააკეთოს მცდარი არჩევანი.
რელიგიაც დამორჩილების ბერკეტია. მწამს ღმერთის, “რომელმან შექმნა სამყარო”, რადგან სამყაროში ყველაფერი რაღაც საოცარ ლოგიკას, კანონზომიერებას ემორჩილება. თუმცა ბევრი რამ შეუცნობელია ჩვენთვის, ამიტომ რელიგიაც ილუზორულ განზომილებად რჩება. ამ სიცარიელის შესავსებად ისევ და ისევ კანონებს, აკრძალვებს მივმართავთ. მოუსვენარია ადამიანი, მეამბოხეა სული და სოციალურ თუ პოლიტიკურ მარწუხებს გაურბის – ემიჯნება გარე სამყაროს და განმარტოებით ცხოვრებას ამჯობინებს.

ასაკს ამაოების შეგრძნება მოაქვს
– სიკვდილი უფრო ადვილია, ვიდრე სიცოცხლე. მძიმე ტვირთია ცხოვრება – პასუხისმგებლობა, გზის გაკვლევა, ფიქრი, ნანახის აღქმა, ახლობლის დაკარგვა, ავადმყოფობა – ადამიანი საცოდავი რამაა.
ასაკთან ერთად ამაოების განცდა სულ უფრო მძაფრდება... ინტერესთა სფერო იკვეცება, იცვლება... დღეს თითქმის აღარ მაინტერესებს ბევრი რამ, რისთვისაც ადრე თავს ვიკლავდი.
საბოლოოდ მაინც იმ დასკვნამდე მივდივართ, რომ მთავარი სიყვარულია. სამშობლოს, სახლის, ქუჩის, ფესვის, ადამიანების, ბუნების, ყოველი ნათელი დღის სიყვარული... სხვა ყველაფერი ამაოა – ამბიციები, შფოთვა, მრისხანება...
ბევრს ვკითხულობ, ვხატავ, ვუსმენ მუსიკას... ბედნიერებაა, რომ ბევრი მეგობარი მყავს – ეს ყველაფერი ძვირფასი და მნიშვნელოვანია ჩემთვის. დღეს მიმაჩნია, რომ ადამიანმა სიწყნარეში უნდა იცხოვროს და მშვიდად მიიცვალოს.

ფერწერა
– თეთრი ფურცელი თავისთავად ლამაზია, მაგრამ დაჯდა ეს ლოლაშვილი და დაიწყო ხატვა... ესეც სიმშვიდისა და ბედნიერების განცდაა. გამოფენებიც მქონდა. შემიძლია, ორ თვეში ერთხელ ახალ-ახალი ნამუშევრებით წარვუდგე საზოგადოებას, მაგრამ თავს ვიკავებ – აუდიტორიას პატივი უნდა სცე, თავი არ უნდა მოაბეზრო. დიდი სიფრთხილეა აქ საჭირო. პრემიერაზეც არავის ვეპატიჟები – მოდი და მიყურე-მეთქი. დისტანცია აუცილებელია. ქართველებს ერთი ცუდი ზნე გვაქვს – ზედმეტად ფამილარულები ვართ ერთმანეთის მიმართ. თამამად გკითხავენ, ვინ იყო ის ქალი, გუშინ რომ ელაპარაკებოდიო. იოლად იჭრებიან შენს სივრცეში. ყველა ქართველმა უკეთ იცის, როგორ უნდა იცხოვროს მეორემ.

კინო და ტელევიზია
– კინოში სიუჟეტური ქარგა გაიძულებს, ერთი მიმართულებით იარო, თეატრი კი ცოცხალია. შენი თვალით უყურებ, რა ემართება პერსონაჟს, რას განიცდის იმწამიერად... აქ ხასიათის დახატვის მცდელობაა. კინო კი ფაბრიკაა, მონტაჟი... ასე რომ, ვერაფრით შევადარებ. სამაგიეროდ, პოპულარობა მოაქვს. “ცხელი ძაღლით” ფართო საზოგადოებამ გამიცნო. მიმიღო კიდეც – ციხიდან დამირეკეს, მართლა ოპერი ხომ არ ხართ, რა ზუსტად ასრულებთო როლს.

შეგრძნებების ფერადი სამყარო
– საქართველოს ყველა კუთხე-კუნჭული მომივლია. ეს ქვეყნის დანახვის, მისი შეგრძნების უნიკალური საშუალებაა. ეს არის შენი სამშობლოს გაცხადებული სიყვარული... ბევრ ქვეყანაში ვყოფილვარ, მაგრამ ადამიანი მაინც თავისი ფესვებისკენ მიილტვის...
წარმოშობით ქიზიყელი ვარ. იქ ჩემი ბიძები ცხოვრობდნენ. თბილად მახსენდება ეს ურთიერთობები. თბილისური ეზოც, მეზობლებიც... ეს შეგრძნებების ულამაზესი სამყაროა... თუმცა ქალი ყველაზე დიდი ძალაა, რომელიც გრავიტაციასთან ერთად კაცს აკავებს.
ქალის პირველი აღქმაც საოცრებაა. მახსოვს პლეხანოვზე პატარ-პატარა სახელოსნოები იყო: “გოფრე”, “კორდონე”, “პლისე”, “შლაპა”, “მერეშკა”... იქ ლამაზად ჩაცმული ქალები მოდიოდნენ და ჩვენ, ჯერ კიდევ ბავშვები, მათი სილამაზით ვტკბებოდით. კაიროს ქუჩაზე კი აბანოში ჭუჭრუტანიდან ვუთვალთვალებდით. ამაოების განცდა ზოგჯერ გაფიქრებინებს, რამდენი დრო დაკარგე ფუჭად, თუმცა საბოლოოდ ხვდები, რომ მაინც სიყვარულია მთავარი და იმ ლამაზი წუთების ერთობლიობა, რომლებიც სიბერეშიც გათბობს.

გააზიარე: