როგორ დავამარცხოთ შინაური ძაღლის აგრესია
გააზიარე:
არაერთხელ დაგვიწერია ჟურნალში იმაზე, როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ უცხო ძაღლმა შემოგვიტია, საკბენად გამოიწია ან გვიკბინა.
ამჯერად კი ჩვენივე ოთხფეხა მეგობრების ქცევას განვიხილავთ. ეს მასალა თქვენთვის საინტერესო იქნება, თუ:
* თქვენი ძაღლი უღრენს ან უყეფს ოჯახის წევრს;
* აგრესიულად იქცევა კვებისას;
* უყეფს სტუმარს;
* უყეფს სეირნობისას შემხვედრ ძაღლებს ან ადამიანებს.
თავდაპირველად ამგვარი ქცევის წინაპირობები და მიზეზები განვიხილოთ.
ძაღლის შორეული წინაპარი, როგორც იცით, მგელია. კინოლოგები და ცხოველთა ფსიქოლოგები თანხმდებიან, რომ ძაღლის საბაზისო ქცევას სწორედ ის ინსტინქტები განაპირობებს, რომლებიც ველურ პირობებში ჩამოუყალიბდა მის წინაპარს. მაგალითად, ოჯახში ახალ წევრად შემოსული ცუგა თავს "ხროვის" ნაწილად მიიჩნევს. მგლებისა და მგლისებრთა ოჯახის სხვა წარმომადგენლების ჯგუფებში, როგორც იცით, მკაცრი იერარქიაა. ხროვას ჰყავს ლიდერი, რომელიც წყვეტს, როდის ინადირონ, როდის დაისვენონ, პირველმა ვინ მიიღოს მოპოვებული საკვების ულუფა, ვინ მოიკვეთოს ხროვიდან და ა.შ.
იგივე ან მსგავსი მოლოდინი აქვს ოჯახში მცხოვრებ ძაღლსაც. ოჯახი მისთვის "ხროვაა". ზოგ შემთხვევაში საბაზისო ინსტინქტები მეტად იჩენს თავს, ზოგ შემთხვევაში – ნაკლებად. თუ ძაღლმა შეამჩნია, რომ ოჯახს ან პირადად მას არ ჰყავს "ზემდგომი", ის იწყებს ლიდერის თვისებების გამომჟღავნებას და განმტკიცებას. ეს თვალსაჩინო ხდება მაშინ, როდესაც ძაღლი უღრენს ოჯახის წევრს, გააფთრებით იცავს თავის საკვებს ან კვებისა და ძილისთვის გამოყოფილ ადგილს, არ ემორჩილება პატრონს, იწევს სტუმრებისკენ.
ასეთი ქცევა, ცხადია, მიუღებელია, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ თავად ძაღლს ამაში ბრალი არ მიუძღვის, მიზეზი პატრონის გულგრილობა ან უპასუხისმგებლობაა.
ძაღლს პატარაობიდანვე სჭირდება აღზრდა. პატრონმა აუცილებლად უნდა გამონახოს დრო და ცხოველი ისე გაწვრთნას, რომ მომავალში მან საფრთხე არ შეუქმნას გარშემო მყოფებს.
სამწუხაროდ, ჩვენში დამკვიდრებულია მცდარი და მანკიერი პატერნი, რომ ძაღლის დასამორჩილებლად აუცილებელია მისთვის ძალის დემონსტრირება, ევროპულმა და ამერიკულმა კინოლოგიურმა სკოლებმა კი დიდი ხანია უარი თქვეს მათრახისა და თაფლაკვერის მეთოდზე და შეთანხმდნენ, რომ პარტნიორული, ავტორიტეტული და წამახალისებელი აღზრდის სტილი ნებისმიერ ქცევას აკორექტირებს (ცხადია, საუბარია ოჯახის ძაღლებზე და არა პროფესიონალებზე, რომლებსაც საგანგებოდ წვრთნიან პოლიციაში, საზღვარზე თუ საგანგებო სიტუაციების ორგანიზაციებში სამსახურისთვის).
ოჯახში ძაღლმა სიყვარული და პატივისცემა უნდა იგრძნოს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ – ისევ და ისევ პატრონის უგულისყურობის გამო – არასასურველი ქცევა ჩამოუყალიბდა.
სანამ იმ მნიშვნელოვან წესებს გაგაცნობთ, რომლებიც შესავალში აღწერილი სიტუაციებისთვის თავის გართმევაში დაგეხმარებათ, შევთანხმდეთ: ყვირილი, ცემა, დამცირება არ შეიძლება. თქვენი მიზანი, ძაღლმა "ხროვის" მეთაურად გაღიაროთ, ამ საშუალებებს არ ამართლებს. ლიდერობა არ ნიშნავს ჩაგვრას! დაჩაგრული ძაღლი ფსიქიკაშერყეული ძაღლია.
ლიდერი ის არის, ვინც კვებას აკონტროლებს
თუ ძაღლი ლიდერად არ გაღიარებთ, საპირისპიროში უნდა დაარწმუნოთ. საამისოდ ერთ-ერთი ყველაზე მარტივი ხერხია კვების კონტროლი. სასურველია, ოჯახის ერთი წევრი (რომელიც ძაღლმა უპირობო ლიდერად უნდა მიიღოს) სრულად იყოს პასუხისმგებელი ძაღლის კვებაზე.
როგორ მოვიქცეთ
იზრუნეთ იმაზე, რომ ძაღლის ჯამი მუდამ საკვებით არ იყოს სავსე. ვეტერინართან შეთანხმებული ულუფა შემდეგნაირად მიაწოდეთ:
* მის დასანახად მიდით მისი კვებისთვის გამოყოფილ ადგილას. აიღეთ ცარიელი ჯამი. მოათავსეთ შიგ ულუფის ნაწილი. დაუდგით ძაღლს და მიუთითეთ: "ჭამე". მას შემდეგ, რაც ძაღლი ჯამს დაცლის, მისივე დასანახად ცოტაოდენი დაუმატეთ. როცა ამ ნაწილსაც შეჭამს, კვლავ დაუმატეთ და ასე, სანამ ულუფა არ გათავდება.
კვების ეს მეთოდი გამოიყენეთ მაშინაც, როცა ძაღლი კვების პროცესში აგრესიას ამჟღავნებს – უღრენს ოჯახის წევრს ან არავის აკარებს კვების ადგილს.
ულუფებით კვების დროს ძაღლი ხედავს, რომ თქვენ ხართ ის, ვინც საკვებს აძლევს და არა ართმევს; თქვენ ხართ ის, ვინც აკონტროლებს საკვების რაოდენობას და ულუფას.
ლიდერი ის არის, ვინც საფრთხეს ცნობს და შესაბამისად იქცევა
არც ერთ პატრონს არ უხარია, როცა ძაღლი უყეფს ოჯახის სტუმარს ან სეირნობისას უცნობ ძაღლებს.
გიფიქრიათ იმაზე, რატომ იქცევა ძაღლი ასე? ცხადია, ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია, მაგრამ ასეთი ქცევა ძაღლს უმეტესად მაშინ უყალიბდება, როცა "მცველის" ფუნქციას იღებს საკუთარ თავზე – ცდილობს, "ხროვის" უფრო სუსტი წევრი შესაძლო საფრთხისგან დაიცვას.
ამ შემთხვევაში საჭიროა იმის დემონსტრირება, რომ ოჯახში "უფროსი" თქვენ ხართ და საფრთხის ამოცნობაც კარგად შეგიძლიათ.
როგორ მოვიქცეთ
როცა ძაღლი უყეფს სტუმარს ან კარს, რომლის მიღმაც უცნობი დგას, მოიტანეთ საბელი, შეაბით ყელზე, უკან დასწიეთ და თავად მის წინ დადექით, ძაღლი კი საყელურით დააკავეთ თქვენს უკან. მტკიცედ უთხარით: "გმადლობ, მე თვითონ!"
ცხადია, ძაღლს არ ესმის ადამიანის ენა, მაგრამ განწყობას, რომლითაც ამ სიტყვებს წარმოთქვამთ, მშვენივრად გრძნობს და ხვდება, რომ "ხროვის ბელადს" სიტუაცია "პირად კონტროლზე" აქვს აყვანილი და მისი ჩარევა საჭირო არ არის, შეუძლია, მშვიდად იყოს.
თუ ძაღლს უკვე ჩამოყალიბებული აქვს ასეთი ქცევა და გადაჩვევაზე მუშაობთ, საკმაოდ დიდი ხანი და ხშირი გამეორება დაგჭირდებათ. რამდენიმე კვირაში ვერ გადააჩვევთ, მაგრამ თუ თანმიმდევრული იქნებით და "გმადლობ, მე თვითონ" მეთოდს ყოველ ჯერზე გამოიყენებთ, მიზანს აუცილებლად მიაღწევთ.
თუ ძაღლი ყეფას აგრძელებს და არ მშვიდდება, იქაურობას უნდა გაარიდოთ. ამ შემთხვევაში მიზანი დასჯა არ არის. მიზანი სწორედ გარიდებაა. ძაღლი იმას აკეთებს, რაც საჭირო და სასარგებლო ჰგონია. ამიტომაც ვეუბნებით "მადლობას". ძაღლმა უნდა იგრძნოს, რომ მისი ქცევა მიუღებელია, მაგრამ სასჯელი არ დაუმსახურებია. ეს არ არის ქცევა, რომლისთვისაც უნდა დაისაჯოს. გარიდება საკმარისია.
როგორ მოვიქცეთ
თუ თქვენს უკან მდგომი ძაღლი ყეფას არ წყვეტს და სტუმრისკენ იწევს, წაიყვანეთ ისეთ ადგილად, სადაც დამშვიდებას მოახერხებს. იდეალურ შემთხვევაში ძაღლს უნდა ჰქონდეს უსაფრთხო და თბილი, ზომის შესაფერისი ბუნაგი-გალია. თუ არ გაქვთ, გაიყვანეთ მეორე ოთახში. ბევრი საუბარი და ახსნა-განმარტება საჭირო არ არის. დატოვეთ მარტო და მხოლოდ მას შემდეგ გამოუშვით, რაც დაწყნარდება.
თუ ქცევა განმეორდა, იმეორებთ პირველ ხერხს. თუ არ გაჭრა, გადადიხართ გარიდებაზე.
საბოლოოდ ძაღლი მიხვდება, რომ მსგავს სიტუაციებში მისი ჩარევა მისთვის არასასურველი შედეგით სრულდება და ქცევას შეიცვლის. გარდა ამისა, თქვენი მტკიცე "მე თვითონ" დაარწმუნებს, რომ ოჯახს საფრთხე არ ემუქრება და მისი ჩარევა საჭირო არ არის.
ნინო ლომიძე