იქ, სადაც ყველაზე დაცული უნდა იყო ანუ “ჩემი სახლი ჩემი... ციხეა”

გააზიარე:

 

საზოგადოების უდიდესი ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველოში ქალის პატივისცემა მრავალსაუკუნოვანი ტრადიციაა, რომელსაც არც ერთი ღირსეული მამაკაცი არ ღალატობს. ქალის სადღეგრძელოს ჩვენში გამორჩეული სასმისით სვამენ და არც სარვამარტოდ ავიწყდებათ თაიგულის მირთმევა. თუმცა რეალობა არც ისეთი იდეალურია, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს. გაეროს ქალთა ორგანიზაციის სტატისტიკა მოწმობს, რომ მსოფლიოში ყოველი მესამე ქალი ფიზიკური ან სექსუალური ძალადობის მსხვერპლია და ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი.

იმის შესახებ, რამდენად საგანგაშოა ვითარება ჩვენს ქვეყანაში ქალთა მიმართ ძალადობის კუთხით, რით უპირისპირდება ამას სახელმწიფო, რა კეთდება ან უნდა გაკეთდეს ქალთა უფლებების დასაცავად, არასამთავრობო ორგანიზაციის “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის” აღმასრულებელ დირექტორს ანა არგანაშვილს ვესაუბრეთ:

 

– ქალბატონო ანა, რამდენიმე წლის წინ საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობაზე არავინ ლაპარაკობდა, ახლა კი მედია თითქმის ყოველდღე აშუქებს ძალადობის ფაქტებს. რა მოხდა?

– ქალთა მიმართ ძალადობა ყოველთვის არსებობდა, მაგრამ იყო დრო, როცა არ ვიცოდით, რომ ამას ძალადობა ერქვა და ცხოვრების წესად აღვიქვამდით. ჩვენ, ქალებმა, არც ის ვიცოდით, რომ შეგვეძლო, წინააღმდეგობა გაგვეწია ძალადობისა და უთანასწორობისთვის, მოგვეთხოვა თანაბარი უფლებები. დღეს უბრალოდ ამ მოვლენას სახელი დაერქვა. გარდა ამისა, ქალთა მიმართ ძალადობა ყველაზე ხშირად ოჯახში ხდებოდა და ხდება, იქ, სადაც ადამიანი ყველაზე მშვიდად, ბედნიერად და დაცულად უნდა გრძნობდეს თავს. ალბათ ამიტომაც იყო, რომ წინათ ძალადობის ფაქტებზე საუბარი სირცხვილად მიიჩნეოდა. დაუწერელი კანონის თანახმად, მიკროსოციუმის – ოჯახის საქმე სააშკარაოზე არ უნდა გამოეტანათ. დღეს უკვე აღარავინ დავობს, რომ ოჯახში ძალადობა არ არის მხოლოდ ორი კერძო პირის პრობლემა – ეს მთელი საზოგადოებისა და ქვეყნის უსაფრთხოების საკითხია. ტაბუ ნელ-ნელა ჩვენს ქვეყანაშიც ინგრევა. თუ წინათ სამართალდამცავ ორგანოებს წელიწადში 300-500 შემთხვევის გამო მიმართავდნენ, ახლა მიმართვათა რაოდენობა 2000-ს აღემატება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ძალადობამ იმატა – ეს უფრო იმის მაჩვენებელია, რომ ქალები გაცილებით აქტიურად იბრძვიან საკუთარი უფლებების დასაცავად და სამართალდამცველებიცებიც უფრო მეტად რეაგირებენ, ვიდრე სამი ან ხუთი წლის წინ.

არ არსებობს ქვეყანა, სადაც ოჯახში ძალადობის პრობლემა არ იდგეს, მაგრამ საქართველოში ვითარება ძალიან მძიმეა. ამის ერთ-ერთი მიზეზი ის გახლავთ, რომ ხშირია არასრულწლოვანთა ქორწინება. 2017 წლის იანვრიდან 18 წლამდე ასაკის პირთა ქორწინება კანონით აიკრძალა, მაგრამ წარსული შემთხვევები ჯერ კიდევ განაპირობებს ოჯახში ძალადობის მაღალ სტატისტიკას. გვხვდება არარეგისტრირებული ქორწინების შემთხვევებიც, სადაც ერთი მხარე 18 წელს მიუღწეველი ბავშვია.

– ძალადობად მხოლოდ ფიზიკური შეურაცხყოფა მოიაზრება თუ სხვა ტიპის ზეწოლასაც შეიძლება ძალადობა ეწოდოს?

– ხანდახან ძალადობას მხოლოდ ფიზიკურ ანგარიშსწორებასთან აიგივებენ, რაც არ არის სწორი. ძალადობა შეიძლება იყოს ფსიქოლოგიური, ემოციური, ეკონომიკური; ამავე ჩამონათვალში შედის იძულება, სპეციალური საჭიროებების უგულებელყოფა და სხვა. თუმცა, სანამ ფიზიკურ ანგარიშსწორებამდე არ მივა საქმე, ქალები ძალადობაზე ხმამაღლა არ ლაპარაკობენ. კვლევის მიზნით ჩატარებული გამოკითხვის დროსაც კი არ აღიარებენ. ამას აქვს თავისი სიღრმისეული მიზეზები. უპირველეს ყოვლისა, მსხვერპლს აშინებს საზოგადოების რეაქცია, რადგან, სამწუხაროდ, ხალხი ხშირად მსხვერპლს ადანაშაულებს. მეორე ფაქტორია საკუთარი თავის დადანაშაულება, რაც აღზრდიდან და მსოფლმხედველობიდან მომდინარეობს. მესამე – ქალს არ სჯერა, რომ დაეხმარებიან და ვითარება მისთვის სასიკეთოდ შეიცვლება.

– მართლა აქვს საფუძველი ასეთ განწყობას?

– სამწუხაროდ, ჯერ კიდევ აქვს. ხშირად ქალი ატყობინებს სამართალდამცავ ორგანოებს მასზე განხორციელებული ძალადობის შესახებ, მაგრამ შესაბამის დახმარებას ვერ იღებს. განსაკუთრებულ იმედგაცრუებას სწორედ ეს იწვევს. ხშირად მსხვერპლს არ უჯერებენ და მტკიცებულებების წარმოდგენას სთხოვენ. წარმოიდგინეთ: ქალმა, რომელიც საკუთარი თავისა და ბავშვების გადარჩენას ცდილობს, მტკიცებულებების შეგროვებაზეც უნდა იფიქროს. იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც საქმე სასამართლომდე მიდის, მოსამართლე იშვიათად იყენებს პატიმრობას აღკვეთის ღონისძიების სახედ და ძალადობაში ბრალდებულს გირაოს საფუძველზე გარეთ უშვებს. ასეთ დროს მსხვერპლს, რა თქმა უნდა, უდიდესი საფრთხე ემუქრება. სულ ცოტა ხნის წინაც გვქონდა ასეთი შემთხვევა: სასამართლომ ძალადობაში ბრალდებულს პატიმრობა არ შეუფარდა. ქალი ამბობდა, რომ მის მეუღლეს ვერაფერი შეაკავებდა და ახლა კიდევ უფრო მკაცრად გაუსწორდებოდა – შურს იძიებდა პოლიციის გამოძახებისთვის.

ძალადობის მსხვერპლს, ხშირად არათუ არ ეხმარებიან, არამედ ამტყუნებენ კიდეც – აქაოდა, თუ ქმარი სცემდა, დროულად უნდა წამოსულიყო სახლიდან, თუ არ წამოვიდა, არც მსხვერპლი ყოფილაო და ა.შ. ეს მაშინ, როცა ქალს უზომოდ უჭირს ოჯახის დანგრევა უამრავი მიზეზის გამო, საზოგადოებრივი აზრით დაწყებული, ეკონომიკური გარემოებებით დამთავრებული.

სამწუხაროა, რომ საქართველოში სამართალდამცავი ორგანოებიც კი არ არიან სათანადოდ მომზადებულნი. მსხვერპლი კი არ უნდა დაადანაშაულო, რომ თავი ვერ დაიცვა, არამედ რეაბილიტაციაში, საკუთარი თავის რწმენის დაბრუნებაში, გაძლიერებაში დაეხმარო.

– არახალია, რომ ძალადობის მსხვერპლი ქალები ხშირად მხოლოდ იმიტომ რჩებიან ქმრებთან, რომ საკუთარი თავისა და შვილების გამოკვების უნარი არ შესწევთ. მოძალადეები სწორედ ამით მანიპულირებენ. თუ ქალმა გაბედა და მოძალადე ქმარი მიატოვა, რას სთავაზობს მას სახელმწიფო შიმშილით სიკვდილისგან თავის გადასარჩენად?

– ამ კითხვას თუ სამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს დაუსვამთ, გიპასუხებენ, რომ სახელმწიფო ასეთ ქალებზე ზრუნავს. ძალადობის მსხვერპლს ექვსი თვით მართლაც სთავაზობენ თავშესაფარს. ამ ხნის განმავლობაში ქალმა უნდა შეიძინოს რამე პროფესია და დასაქმდეს, რადგან ექვსი თვის შემდეგ მას უკვე თავად მოუწევს ბინის დაქირავება, ბავშვების გამოკვება და სხვა.

თუ ამას მე, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს მკითხავთ, გეტყვით, რომ ამ ტიპის დახმარება, რა თქმა უნდა, აუცილებელია, მაგრამ უკვე დაგვიანებული და არასაკმარისი. სახელმწიფომ, უწინარეს ყოვლისა, პრევენციაზე უნდა იზრუნოს, სათანადო აღზრდის სისტემა დანერგოს და ა.შ.

ქალთა მიმართ ძალადობის თემა უშუალოდ უკავშირდება გენდერული თანასწორობის საკითხს. თუ ბავშვებს სკოლის ასაკიდანვე ვასწავლით, რომ ქალი, ისევე როგორც მამაკაცი, ფულს უნდა გამოიმუშავებდეს და თავს ირჩენდეს, რომ მასაც ისეთივე უფლებები აქვს, როგორიც მამაკაცს, თუ ჩავუნერგავთ, რომ ქალი და მამაკაცი თანასწორნი არიან, ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევები საგრძნობლად შემცირდება.

ის მექანიზმები, რომლებსაც სახელმწიფო სთავაზობს მსხვერპლ ქალებს, არამც და არამც არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ქალმა საკუთარი თავის რწმენა დაიბრუნოს, დასაქმდეს, ბინა იშოვოს და შვილების რჩენა და ცხოვრების ნორმალურად გაგრძელება შეძლოს. ეს მექანიზმები არ არის ორიენტირებული ქალის გაძლიერებაზე. მაგალითად, სახელმწიფო ვერ ეხმარება მათ შვილების ერთი საბავშვო ბაღიდან მეორეში გადაყვანაში, სოციალური დახმარების მიღებაში (ხშირად ქალები ქმართან დაშორების შემდეგ ვეღარ იღებენ სოციალურ დახმარებას, რომელსაც მანამდე იღებდნენ), ჯანმრთელობის დაზღვევაში (რადგან მანამდე შვილები მამას ჰყავდა დაზღვეული) და ა.შ. ასეთ ვითარებაში ქალი ვერ გაბედავს მოძალადის ოჯახის დატოვებას, რადგან, ელემენტარულად, ვერ გადაირჩენს თავს და ვერ გადაარჩენს შვილებს. სახელმწიფო ამ საკითხს რატომღაც ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებს. ქალი, რომელმაც იცის, რომ ვერ მიიღებს იმ ეკონომიკურ, სოციალურ, სამედიცინო და ფსიქოლოგიურ დახმარებას, რომელიც მას გააძლიერებდა და გადარჩენილის პოზიციაში ჩააყენებდა, რა თქმა უნდა, არ მიმართავს შესაბამის ორგანოებს და რომც მიმართოს, მისი ეს ნაბიჯი არ იქნება ეფექტიანი.

შევხვდი ქალს, რომელიც ექვსი თვე ცხოვრობდა ასეთ თავშესაფარში. მან მითხრა, რომ, მიუხედავად მცდელობისა, ამ ხნის განმავლობაში ვერ მოახერხა სამსახურის შოვნა, შვილის საბავშვო ბაღში მიყვანა, დაგროვილი ვალების გასტუმრება... ასეთი პრობლემების წინაშე მდგომი ქალი იძულებული ხდება, დაუბრუნდეს მოძალადე ქმარს.

გარდა ამისა, დღეს საქართველოში არათუ მოძალადის, რომელსაც, აქვს რისკი, რომ ისევ ჩაიდინოს მსგავსი დანაშაული, არამედ მსხვერპლის რეაბილიტაციაც კი არ ხდება. ძალადობის პრევენციაზე არავინ ზრუნავს. ვმუშაობთ მხოლოდ შედეგზე, ამიტომ ყოველგვარი ღინისძიება დაგვიანებულია და ხშირად უეფექტოც.

თუ ამ ყველაფერს შევაჯამებთ, შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფო მსხვერპლს ეხმარება მხოლოდ უკანასკნელ მომენტში, სიკვდილისგან გადასარჩენად, მაგრამ ვერაფერს აკეთებს საიმისოდ, რომ მომავალში მან სრულფასოვანი ცხოვრება შეძლოს.

– არასამთავრობო სექტორს თუ აქვს რაიმე მექანიზმი ძალადობის მსხვერპლთა დასაცავად და დასახმარებლად?

– არასამთავრობო ორგანიზაციები ორი ტიპისაა: სერვისის მიმწოდებელი და ადამიანის უფლებათა დამცველი (ისეთი, როგორიც არის ჩვენი ორგანიზაცია). როდესაც სახელმწიფო თავშესაფრები გადატვირთულია ან მსხვერპლ ქალს უკვე ამოეწურა ასეთ თავშესაფარში ყოფნის ექვსთვიანი ვადა, სერვისის მიმწოდებელი არასამთავრობო ორგანიზაციები მას მართლაც დიდ დახმარებას უწევენ თავშესაფრით უზრუნველყოფის, დასაქმებაში დახმარების კუთხით.

ადამიანის უფლებათა დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები თვალს ადევნებენ, უზრუნველყოფს თუ არა სახელმწიფო მსხვერპლ ქალს მისთვის კანონით განკუთვნილი დახმარებით და თუ ქალმა ეს დახმარება ვერ მიიღო, საქმე სასამართლომდე მიგვაქვს, რათა სახელმწიფომ სათანადოდ შეასრულოს თავისი ვალდებულება.

– მომდევნო კითხვა ქალთა მიმართ ძალადობის უმძიმეს ფორმას – ფემიციდს ეხება. ბოლო ხანს ქალების მკვლელობა ძალზე გახშირდა. რისი ბრალია ეს და რა გზით შეიძლება ამასთან ბრძოლა?

– ამ მხრივ სტატისტიკა მართლაც მძიმეა. სახალხო დამცველის ანგარიშში აღნიშნულია, რომ, საქართველოს მთავარი პროკურატურის მონაცემებით, 2015 წელს ქალთა მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის გამო გამოძიება 26 სისხლის სამართალის საქმეზე დაიწყო. აქედან 14 შემთხვევა ოჯახში ძალადობის პირობებში იქნა ჩადენილი, ხოლო 12-ში დანაშაულის სხვა მოტივი გამოიკვეთა. გარდა ამისა, ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის ორ შემთხვევას მსხვერპლის სიკვდილი მოჰყვა. ამრიგად, 2015 წელს ქალთა მკვლელობისა თუ მკვლელობის მცდელობის 28 შემთხვევა აღირიცხა. თუ ფემიციდის იმ შემთხვევებსაც ჩავთვლით, რომლებსაც ეს კვალიფიკაცია არ მიენიჭა, ვინაიდან პროკურატურამ დანაშაულის გენდერული ნიშანი ვერ შეაფასა, გაცილებით მძიმე სურათს დავინახავთ. სახალხო დამცველის მიერ ქალთა მკვლელობის ფაქტების შესწავლამ ცხადყო, რომ 2014 წელს 2013-თან შედარებით 62%-ით მეტი ქალი იქნა მოკლული. მათ შორის 57%-ით მეტი იყო ქმრის მიერ ცოლის მკვლელობის შემთხვევა, ხოლო ქალის მიმართ ოჯახში ჩადენილი დანაშაულის (მკვლელობის) სტატისტიკამ წინა წელთან შედარებით 53%-ით მოიმატა.

ეს სტატისტიკა განსაკუთრებით დამთრგუნველია არა მხოლოდ იმიტომ, რომ ძალადობის სამი ათეული შემთხვევა სიკვდილით დასრულდა, არამედ იმიტომაც, რომ რამდენიმე მსხვერპლმა მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს, სახელმწიფომ კი მათი დაცვა ვერ შეძლო.

მინდა გამოვყო სალომე ჯორბენაძის შემთხვევა (შეგახსენებთ, რომ 22 წლის სალომე ჯორბენაძე 2014 წლის 25 ივლისს ყოფილმა ქმარმა, ზესტაფონის პოლიციის თანამშრომელმა, 5 გასროლით მოკლა – ავტ.). სალომემ არაერთხელ მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს, მაგრამ ვინაიდან მისი მოძალადე ქმარი იმავე ორგანოებში მუშაობდა, ქალი ვერავინ დაიცვა. ამ შემთხვევასთან დაკავშირებით სასამართლოში მიმდინარეობდა დავა იმის თაობაზე, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ სათანადო რეაგირება არ მოახდინა და, ამგვარად, სალომეს სიცოცხლე ვერ დაიცვა. ეს ორმა ინსტანციამ დაადასტურა და ამჟამად საქმე განსახილველად სტრასბურგშია გადაგზავნილი.

სტრასბურგის სასამართლოს ჰქონდა პრეცედენტი, როდესაც ასეთივე დანაშაულის გამო თურქეთმა როგორც სახელმწიფომ დავა წააგო, რადგან თავისი მოქალაქეები ოჯახში ძალადობისგან ვერ დაიცვა და საქმე მსხვერპლის სიკვდილამდე მივიდა. იქნებ ასეთი საქმეების ბოლომდე მიყოლაც იყოს ამ მძიმე პრობლემასთან ბრძოლის გზა. პოტენციურმა მოძალადემ უნდა გააცნობიეროს, რომ მისი დანაშაული დაუსჯელი არ დარჩება. თუმცა თავისთავად ტრაგედიაა, რომ ამ ქალებსსახელმწიფო უწყებების პასიურობა სიცოცხლის ფასად დაუჯდათ.

– მინდა, ყვარლის მუნიციპალიტეტში გამოვლენილ ქალთა დასახიჩრების ფაქტებზეც გკითხოთ. რა მდგომარეობაა ამ კუთხით საქართველოს სხვა რეგიონებში და რა კეთდება პრობლემის აღმოსაფხვრელად?

– ეს მართლაც ძალზე მგრძნობიარე თემაა. უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ საქმე კონკრეტულ ეთნიკურ ჯგუფს ეხება. გარდა ამისა, საქმე გვაქვს მრავალწლიან ტრადიციასთან, გაუცნობიერებელ დანაშაულთან. იმის თაობაზე, ხდება თუ არა იგივე საქართველოს სხვა რეგიონებში, კვლევა არ ჩატარებულა, თუმცა სახალხო დამცველმაც დაადასტურა, რომ ქალთა გენიტალიების დასახიჩრების პრაქტიკა ყვარლის მუნიციპალიტეტში მრავალი წელია არსებობს. სამწუხაროდ, აქამდე არავინ იცოდა, რომ საქართველოში ასეთი რამ ხდებოდა. ეს თემა იმდენად უცხო გახლდათ ჩვენთვის, კანონმდებლობაში ამ დანაშაულის შესატყვისი ჩანაწერიც კი არ იყო. საბედნიეროდ, აღნიშნული ფაქტებისთვის სათანადო კვალიფიკაციის მინიჭება მოხერხდა. საქმე ის გახლავთ, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ორი წლის წინ ხელი მოაწერა ევროსაბჭოს სტამბოლის კონვენციას, რომელიც ძალადობისგან ქალთა დაცვას ეხება. ეს ორი წელია, მიმდინარეობს მუშაობა, რათა საქართველომ ამ კონვენციის რატიფიკაცია მოახდინოს. მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც კონვენციის რატიფიცირებისთვის იყო აუცილებელი. ცვლილებები მომზადების ბოლო ეტაპზე იყო, როდესაც ყვარელში მომხდარი ფაქტები გახდა ცნობილი. საბედნიეროდ, მოესწრო და პაკეტში ამ ქმედების შესატყვისი ჩანაწერიც გაკეთდა. ქალის გენიტალიების დასახიჩრება სისხლის სამართლის დანაშაულად განისაზღვრა.

როგორც აღვნიშნე, ეს ძალზე ფაქიზი საკითხია. საჭიროა ფსიქოლოგების, ექიმების, სოციალური სამსახურების ერთობლივი მუშაობა, რათა ადამიანებმა გააცნობიერონ, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება.

საზოგადოდ, ძალადობრივი დანაშაულის გამოსავლენად იურისტთა და სამართალდამცველთა ძალისხმევა საკმარისი არ არის. ექიმებსა და პედაგოგებს ჩვენზე გაცილებით მეტი შესაძლებლობა აქვთ, ოჯახური ძალადობის დანაშაული გამოავლინონ.

განვითარებულ ქვეყნებში ექიმებისთვის ადგენენ სპეციალურ გაიდლაინებს, როგორ ამოიცნონ პაციენტში ძალადობის მსხვერპლი ფიზიკური თუ ფსიქოემოციური მდგომარეობის მიხედვით. გარდა ამისა, ექიმს პაციენტთან მარტო დარჩენის მეტი შანსი აქვს, ვიდრე სამართალდამცველს. წესისამებრ, მოძალადე მსხვერპლს მარტო დარჩენის საშუალებას არ აძლევს, რათა მან ხმა არ ამოიღოს, ექიმს კი შეუძლია, საეჭვო შემთხვევაში რამის მომიზეზებით სთხოვოს პოტენციურ მოძალადეს ოთახიდან გასვლა. სწორედ ექიმია ის ადამიანი, ვისაც მსხვერპლი ენდობა, ვისთანაც გაიხსნება...

იგივე შეიძლება ითქვას პედაგოგებზეც. ასე რომ, თუ ექიმები და პედაგოგები ძალადობასთან ბრძოლაში შემოგვიერთდებიან, ჩვენ ძალიან ძლიერები ვიქნებით და ბევრ არასასურველ შემთხვევას ავიცილებთ თავიდან.

– დაბოლოს, რას ურჩევთ ძალადობის მსხვერპლ ქალებს, როგორ მოიქცნენ, რომ ძალადობრივ გარემოს თავი დააღწიონ?

– უპირველეს ყოვლისა, ირწმუნონ საკუთარი თავისა, გააცნობიერონ, რამდენად დიდი ადამიანური და პიროვნული რესურსი აქვთ,  რადგან ცვლილებები არასდროს არის გვიანი. ნუ დარჩებიან ძალადობრივ გარემოში შვილების გადარჩენის საბაბით, რადგან მეცნიერულად დატკიცებულია, რომ იმის ყურება, ფიზიკურად როგორ უსწორდება მამა დედას, ბავშვისთვის ცემის ტოლფასი ტრავმაა, თუ უარესი არა.

ნუ დაელოდებიან ფიზიკური ძალადობის ფაქტს; ძალადობა ჯერ კიდევ მაშინ იწყება, როდესაც ქმარი ეუბნება: “რად გინდა მუშაობა, მე გარჩენ”; “რად გინდა მეგობრებთან ურთიერთობა, გათხოვილი ქალი ხარ და ოჯახზე უნდა იფიქრო”; “შენი მეგობრები არ მომწონს და დაშორდი”. შეამჩნევს თუ არა ქალი, რომ მეუღლე მისი ეკონომიკური დამოუკიდებლობის შეზღუდვას, მის სოციალურ იზოლაციას ცდილობს, უნდა მიხვდეს, რომ რისკის წინაშე დგას და მაქსიმალურად დაიცვას თავისი უფლებები. ამ შემთხვევაში ნაკლებმოსალოდნელია, საქმე ძალადობამდე მივიდეს. ქალი, რომლის თანასწორი უფლებები რეალიზდება, რომელიც ღირსების მატარებელ და ფასეულ პიროვნებად, ძლიერ პროფესიონალად მიიჩნევს თავს, ეკონომიკურად დამოუკიდებელია, პატივს სცემს და ასრულებს საკუთარ მიზნებსა და ოცნებებს, ძალადობის მსხვერპლი იშვიათად ხდება.

 

ოჯახში ძალადობის შემთხვევაში დაუკავშირდით ცხელ ხაზს ნომერზე: 116 006; 112; 1505

თავშესაფრისა და სამართლებრივი დახმარების მისაღებად მიმართეთ ოჯახში ძალადობის თავშესაფრებს და კრიზისულ ცენტრს ცხელი ხაზის მეშვეობით: 116 006

ნინო ბაზერაშვილი

გააზიარე: