ლეკვი და კბენა
გააზიარე:
ლეკვების წმიდათაწმიდა წესია, პაწაწა, სამართებელივით ბასრი კიჭებით ჩაეჭიდონ, ჩაკბიჩონ, გემო გაუსინჯონ ყველას და ყველაფერს. მათ კბილებს ხშირად ემსხვერპლება ხოლმე რბილი ავეჯი, ფეხსაცმელი, ტანსაცმელი, ნებისმიერი რამ, რასაც მათი ცნობისმოყვარე დრუნჩი მისწვდება.
ბევრი ოჯახი საკმაოდ მტკივნეულად აღიქვამს ამ პერიოდს და შინიდან ძაღლის გამოძევების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზიც დიასახლისების პროტესტია: “შემიჭამა ყველაფერი! როდემდე უნდა ვითმინო?!”
მართლაც, როდემდე უნდა ვითმინოთ? საერთოდ, უნდა ვითმინოთ თუ არა? არის თუ არა საშველი? რა გზას დავადგეთ, რომ ნორმალური ფსიქიკა და მოწესრიგებული სახლი შევინარჩუნოთ? როგორ ავუხსნათ ლეკვს, რისი ღეჭვა შეიძლება და რისი – არა?
თავდაპირველად აუცილებელია იმის გაცნობიერება, რატომ იქცევიან ლეკვები ასე.
დავიწყოთ იმით, რომ კბენა ნორმალური, ჯანსაღი განვითარების თანმხლები მოვლენაა. ლეკვი სწორედ ასე იკვლევს, შეიმეცნებს გარემომცველ სამყაროს, სწავლობს ურთიერთობას.
როგორც ცნობილია, ადამიანის ნაშიერს დაბადებიდან 12 თვემდე კარგად აქვს განვითარებული წოვის რეფლექსი. ეს სასიცოცხლო მნიშვნელობის უნარი სამყაროს შესწავლის საშუალებაცაა. ბავშვი ყველაფერს პირში იდებს, მისთვის მხოლოდ შეხება არ არის საკმარისი. ზუსტად იგივე შეიძლება ითქვას ლეკვებზეც.
კბილების ჭრისა და ცვლის პერიოდში ლეკვები პირის ღრუში დისკომფორტს განიცდიან. მყარი საგნების ღეჭვა მათ ქავილის შეგრძნებას უცხრობს. ამასთან, ლეკვები ბუნებრივ გარემოში ერთმანეთთან თამაშით სწვლობენ, რამდენად ძლიერი უნდა იყოს კბენა. თამაშის დროს ძალების დაზოგვაა საჭირო, მაგრამ როცა საქმე თავის დაცვაზე ან საკვების მოპოვებაზე მიდგება, კბილები უმთავრესი იარაღია ძაღლისთვის.
ერთმანეთზე ძალების მოსინჯვით, იმაზე დაკვირვებით, “მსხვერპლის” როგორ რეაქციას იწვევს სხვადასხვა ინტენსივობის კბენა, ლეკვი ითავისებს, ვისთან როგორ უნდა მოიქცეს.
ახლა ეს ყველაფერი ადამიანებისა და ლეკვის ურთიერთობაზე განვაზოგადოთ.
როცა ლეკვი გკბენთ, ეს აგრესიის ნიშანი კი არ არის, არამედ ერთგვარი ვარჯიშია. სწორედ ასე სწავლობენ და იძენენ მომავლისთვის მნიშვნელოვან უნარებს ჩვენი ოთხფეხა მეგობრები.
სამახსოვრო:
* ლეკვი იმიტომ კი არ გკბენთ, რომ არ უყვარხართ ან თქვენთვის ზიანის მოყენება უნდა – კბენა მისთვის ბუნებრივი რეფლექსია.
* სოციალიზაციისთვის მნიშვნელოვანია, ლეკვმა იცოდეს, რა რეაქცია მოჰყვება ამა თუ იმ ინტენსივობის კბენას, როდის მტკივნეულია და როდის – არა, როგორი კბენა შეიძლება ჩაითვალოს თამაშად და როგორი – გამაფრთხილებელ სიგნალად.
* არ შეიძლება ყვირილი, ცემა, დასჯის მიზნით გალიაში გამოკეტვა.
* ძალიანაც რომ მოვინდომოთ, ლეკვს კბენას ვერ “გადავაჩვევთ”.
* მოითმინეთ. კბილების გამოცვლის შემდეგ ლეკვი კბენას თავს დაანებებს. 6-8 თვიდან მისი ქცევა უფრო დინჯი და გონივრული გახდება.
რა გზას დავადგეთ?
უპირველეს ყოვლისა, გაუფრთხილდით ნივთებს, რომლებიც თქვენთვის ძვირფასია. თუ ძაღლმა იპოვა იატაკზე ან დივანზე “უპატრონოდ მიგდებული” რაიმე ნივთი, სრული უფლება აქვს, დაეპატრონოს მას და გემოც გაუსინჯოს.
* შეიძინეთ სპეციალური საღეჭი სათამაშოები. ყურადღება მიაქციეთ ხარისხს. დააზუსტეთ, ხომ ნამდვილად უსაფრთხოა მასალა. თუ სათამაშო ტოქსიკური მასალისგან არის დამზადებული, ვეტერინართან ვიზიტი არ აგცდებათ.
თუ ძაღლმა დღის განმავლობაში საკმარისად ღეჭა და ათამაშა ნებადართული ნივთები, აკრძალულისკენ თვალი, წესით, აღარ უნდა გაექცეს. მისთვის ნამდვილად არ არის პრინციპული რომელიმე კონკრეტული ნივთის ლოღნა.
თუ ლეკვმა ხელზე ან ფეხზე მწარედ გიკბინათ, მიაწოდეთ სწორი სიგნალი – შეყვირებით (ოჰ, ვაი, უი...) დაანახეთ, რომ არ გესიამოვნათ, გეტკინათ. როგორც კი ლეკვი თქვენს შეყვირებას თავის ქმედებას დაუკავშირებს, ის თავს დაანებებს კბენას ან შეეცდება, ნაკლები ინტენსივობით გამოიყენოს თავისი პაწაწა ბასრი იარაღი.
კბენისას მნიშვნელოვანია ხელის ან ფეხის სასწრაფოდ ჩანაცვლება რაიმე “სალოღნი” საგნით.
სწორი ქმედება:
ლეკვი იკბინება -> ვატყობინებ, რომ არ მომწონს -> სასწრაფოდ ვჩრი პირში სამაგიერო ნივთს.
მცდარი ქმედება:
ლეკვი იკბინება -> ვაჩვენებ, ვინ არის აქ უფროსი და მაგრად ვცემ -> გალიაში ჩავკეტავ. იჯდეს და იფიქროს თავის საქციელზე!
ლეკვებთან ურთიერთობა დიდ მოთმინებას მოითხოვს. ძაღლის აყვანამდე კარგად უნდა დაფიქრდეთ იმაზე, რა საპასუხისმგებლო საქმეს ეჭიდებით.
ნინო ლომიძე