მშობლისა და შვილის ჯადოსნური კავშირი

გააზიარე:

მშობელსა და შვილს შორის განსაკუთრებული მიჯაჭვულობაა, რომელიც მთელი სიცოცხლე გრძელდება და უფრო და უფრო ძლიერდება. სწორედ ეს კავშირია, შვილის ოდნავ წამოტირებაზეც კი რომ გვაღვიძებს და მის დამშვიდებაში შესაძლოა ღამეც გაგვათენებინოს, და სწორედ ამ ჯადოსნური კავშირის დამსახურებით, მიუხედავად უძილო ღამეებისა, მშობლებს ყველაზე მეტად გვიყვარს ეს პატარა ადამიანი, გამუდმებით ყურადღებას რომ ითხოვს, ტირის და მოსვენებას არ გვაძლევს.

მეცნიერები დღემდე იკვლევენ მშობლისა და შვილის ამ საოცარი კავშირის ფენომენს. ერთადერთი, რაც მათ დანამდვილებით იციან, ის არის, რომ მშობელთან კავშირი ბავშვისთვის ახლო ურთიერთობის პირველი მაგალითია. ის ანიჭებს ბავშვს დაცულობის განცდას და თავდაჯერებას, უდიდეს გავლენას ახდენს მის სოციალურ და კოგნიტიურ განვითარებაზე.

ზოგი მშობელი შვილის დანახვისთანავე აცნობიერებს, რომ ის ქვეყნიერებაზე მეტად უყვარს, ზოგი კი საერთოდ ვერ გრძნობს ახალშობილთან სიახლოვეს და მასთან ამ უნიკალური კავშირის დასამყარებლად დრო სჭირდება. ეს დრო ყველასთვის ინდივიდუალურია.

ხშირია მშობიარობის შემდგომი დეპრესიაც, რომლითაც ახალბედა დედები და ზოგჯერ მამებიც იტანჯებიან.

არ აქვს მნიშვნელობა, რომელ კატეგორიას მიეკუთვნებით; გახსოვდეთ, რომ ადრე თუ გვიან ეს ჯადოსნური კავშირი თქვენამდეც მოაღწევს და თქვენც იგემებთ იმ სიამოვნებას, რომელიც შვილის ღიმილს, მის შეხებას, მასთან გატარებულ თითოეულ წუთს მოაქვს.

რატომ არის ეს კავშირი ასეთი მნიშვნელოვანი?

ხანგრძლივი დაკვირვებებით დასტურდება, რომ ბავშვები, რომლებიც დაბადებიდანვე მშობლებთან, ჯანსაღ გარემოში იზრდებიან, უფრო სოციალურები არიან და ნაკლებად ახასიათებთ შფოთვა.

ჩვილი, თუ ჯანმრთელობის რამე პრობლემა არ აქვს, დაბადებისთანავე მზადაა მშობლებთან კავშირისთვის. მისთვის სიცოცხლის პირველივე წამიდან მნიშვნელოვანია დედასა და მამასთან სიახლოვე. მშობლები კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ზოგჯერ ფსიქოლოგიურად მზად არ არიან ამისთვის. თუმცა ამაში არაფერია შემაშფოთებელი. შერეული გრძნობები, რომლებსაც ახალბედა მშობლები განიცდიან, ნორმალურია.

მშობლისა და შვილის კავშირის ჩამოყალიბება განგრძობითი პროცესია და ყველასთვის ინდივიდუალურად მიმდინარეობს. მას არ აქვს დროის ლიმიტი. ბევრ მშობელს შვილისადმი მიჯაჭვულობა მასზე ყოველდღიური ზრუნვის შედეგად უყალიბდება, ზოგი კი მას ახალშობილის დანახვისთანავე გრძნობს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ერთი კავშირი მეორეზე ძლიერია. ადრე თუ გვიან, როდესაც შვილის ღიმილზე გული სიყვარულით აგევსებათ, ჩაეხუტებით და შინაგანად გათბებით, მიხვდებით, რომ ჯადოსნური კავშირი თქვენსა და თქვენს პატარას შორისაც შედგა.

როგორ ამყარებენ კავშირს პატარები

ახალბედა მშობლებს ხშირად უჭირთ შვილის სურვილების ამოცნობა და მასთან ურთიერთობის გზების გაკვალვა. მათთვის სასარგებლო იქნება იმის ცოდნა, რომ:

. ჩვილთან კონტაქტისას პირველ რიგში შეხებას ენიჭება მნიშვნელობა. მშობლის კანზე კანით შეხება ბავშვისთვის უდიდესი სიამოვნებისა და უსაფრთხოების განცდის წყაროა. ის მშობლისთვისაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, რადგან შეხება განამტკიცებს მიჯაჭვულობას, რომელიც აუცილებელია მშობელსა და შვილს შორის უნიკალური კავშირის დასამყარებლად.

. ძალიან მნიშვნელოვანია თვალებით კონტაქტიც. ის უფრო მეტად განამტკიცებს კავშირს მშობელსა და შვილს შორის.

. ბავშვთან ურთიერთობის კარგი დასაწყისია მისთვის ფერადი, მოძრავი საგნების ჩვენებაც – პატარა თვალს აყოლებს ამ ნივთებს და ესეც სოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა.

. ჩვილებს მშობლის მიმიკის გამეორების უნარიც შესწევთ. სახის გამომეტყველებაზე დაკვირვებით ისინი უკეთ იმახსოვრებენ მათთვის მნიშვნელოვან ადამიანებს.

. პატარები ხმის ტემბრსაც იმახსოვრებენ და სხვებისგან არჩევენ მათთვის ძვირფასი ადამიანების ხმებს. ზოგიერთი ხმის ტემბრი სიამოვნებას ანიჭებთ, ზოგისა კი – არა.

. ჩვილ ბავშვებს მშობლების ერთმანეთთან საუბრის მოსმენაც სიამოვნებთ. ზოგადად, ადამიანის ხმის მოსმენა მოსწონთ და ამშვიდებთ.

მიჯაჭვულობის ჩამოყალიბება

ეს პროცესი ბავშვის აღზრდის ყველაზე სასიამოვნო ნაწილია. თუ დედა და მამა ხშირად არწევენ ჩვილს ხელში, ეფერებიან და ეხებიან მას, ის ნელ-ნელა დაიწყებს მშობლების ერთმანეთისგან გარჩევას. შესაძლოა შეატყოთ, რომ ძილის წინ დედის შეხება უფრო სიამოვნებს, ხოლო თამაშის დროს – მამის, ან პირიქით, მშიერი დედის ხელში მშვიდდება, რადგან იცის, რომ დედის ხმას და შეხებას ძუძუს წოვა მოჰყვება, გარეთ სეირნობის დროს კი მამასთან უფრო კარგად გრძნობს თავს, რადგან მის მკლავებში უფრო თავისუფლადაა.

მამასთან კავშირი არანაკლებ მნიშვნელოვანია

დღესდღეობით მამები პატარებთან მეტ დროს ატარებენ და ეს ტენდენცია უფრო და უფრო აშკარა ხდება, რაც კარგია, რადგან მამასთან მჭიდრო კავშირი ძალზე დადებით გავლენას ახდენს ბავშვის განვითარებაზე. მამა დაბადებიდანვე უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს შვილის ცხოვრებაში, ამიტომ უნდა ეცადოს, ჩვილობიდანვე რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროს მასთან ერთად. კავშირი, რომელიც ძუძუთი კვების დროს დედასა და შვილს შორის მყარდება, რა თქმა უნდა, შეუცვლელია, მაგრამ თუ მამა დროს სწორად გაანაწილებს, მასთან კავშირიც შეუცვლელი და არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება შვილისთვის.

მამებს შეუძლიათ, მოიფიქრონ და აიყოლიონ პატარები ისეთ აქტივობებში, რომლებიც მხოლოდ მათი იქნება და რომლებშიც სხვა არავინ ჩაერევა, ისევე როგორც ძუძუთი კვების პროცესია მხოლოდ დედა-შვილის.

რამდენიმე რჩევა მომავალ მამებს

. სურვილის შემთხვევაში დაესწარით მშობიარობას. ეს ძალიან უწყობს ხელს შვილისადმი მიჯაჭვულობის გაღვივებას.

. თუ ბავშვი ხელოვნურ ან შერეულ კვებაზეა, ეცადეთ, გადაინაწილოთ კვების საათები და აქტიურად ჩაერთოთ პროცესში.

. უკითხეთ და უმღერეთ პატარას.

. აბანავეთ.

. ხშირად ესაუბრეთ, უყურეთ თვალებში.

. მიეცით საშუალება, შეგეხოთ, დაათვალიეროს და შეისწავლოს თქვენი სახე.

. ასეირნეთ ეტლით ან კენგურუთი.

ნუ მოგერიდებათ დახმარების თხოვნის

ბავშვის დაბადებისთანავე ოჯახში ყველაფერი იცვლება. დედას, განსაკუთრებით – თუ ჩვილი ბუნებრივ კვებაზეა და, მით უმეტეს, ოჯახში არიან სხვა მცირეწლოვანი ბავშვებიც, იმდენი დრო აღარ რჩება საოჯახო საქმეებისთვის, შვილების სხვადასხვა წრეზე სატარებლად, მეუღლესთან ერთად დროის გასატარებლად და თავის მოსავლელად. მის გარშემო მყოფი ადამიანები უნდა ხვდებოდნენ, რომ ასეთ დროს მას დახმარების ხელი უნდა გაუწოდონ.

საუკეთესო შემთხვევაში, მეუღლეებმა ისე უნდა გაინაწილონ მოვალეობები, რომ ორივეს დარჩეს საკმარისი დრო, რათა თავი კვლავ ადამიანებად იგრძნონ და საოჯახო საქმეებიც მწყობრში იყოს, მაგრამ თუ გარემოებათა გამო ეს ვერ ხერხდება, აუცილებლად იპოვეთ დამხმარე, რადგან გადაღლილი და დასტრესილი მშობლისა და შვილის კავშირი ვერ იქნება იმდენად მყარი, რამდენადაც მშვიდი და სწორედ ამ კავშირზე კონცენტრირებული მშობლისა იქნებოდა. თუ ოჯახის ფინანსური მდგომარეობა დამხმარე ქალის დაქირავების საშუალებას არ გაძლევთ, დაიხმარეთ ოჯახის წევრები, ახლო ნათესავები. სთხოვეთ, ცოტა ხნით მიგიხედონ უფროს ბავშვებს. მოკლედ, საკუთრი მდგომარეობისა და შესაძლებლობების მიხედვით იმოქმედეთ. მთავარია, არ იფიქროთ, რომ დახმარების თხოვნა უხერხულია. გამოიყენეთ ყველანაირი დახმარება, რათა დაგრჩეთ დრო და ნერვები შვილთნ ჯანსაღი კავშირის დასამყარებლად.

თუ რაღაც ვერ არის რიგზე

სტრესი, დაძაბული ოჯახური მდგომარეობა, მატერიალური პრობლემები, დროის უქონლობა, მშობიარობის შემდგომი დეპრესია - ეს მცირე ჩამონათვალია იმ პრობლემებისა, რომლებიც შეიძლება მშობლისა და შვილის კავშირის შემაფერხებელ მიზეზად იქცეს. ნუ შეგეშინდებათ, გამოსავალი ყოველგვარი სიტუაციიდან მოიძებნება. აქციეთ შვილთან ურთიერთობა პრიორიტეტად და ისე იმოქმედეთ.

გახსოვდეთ, რომ ბავშვთან კავშირი მისი დაბადებისთანავე მყარდება და მთელი სიცოცხლე გრძელდება. წლების მატებასთან ერთად ეს კავშირი ღრმავდება და უფრო და უფრო სასიამოვნო ხდება. ბავშვის ყველა ასაკს თავ-თავისი თავისებურებები აქვს და მშობელი ამას ყველაზე უკეთ ხედავს. 5-6 თვის ჩვილი თუ გამუდმებით ხელში აყვანას და ჩახუტებას ითხოვს, 8-9 თვის პატარას თავისუფლება და ხოხვა ანიჭებს სიამოვნებას. მერე სიარულის მოთხოვნილება უჩნდება, ეჭიდება ავეჯს და კედლებს, აღებს კარებს, იწყებს ოთახებში ბოდიალს, ყველაფერი აინტერესებს და ასე, დაუსრულებლად. მაგრამ მშობელთან კავშირი ბავშვისთვის ნებისმიერ ასაკში შეუცვლელია. თუნდაც ამას არ გაგრძნობინებდეთ, დაბადების წამიდან თქვენ მის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ადგილი გიკავიათ, ამიტომ გაატარეთ დრო მასთან ერთად, ეთამაშეთ, ასწავლეთ, გაუზიარეთ საკუთარი გამოცდილება, იყავით მისი მეგობარი, მაგრამ, პირველ რიგში, მშობელი და მასთან ერთად დატკბით იმ ჯადოსნური კავშირით, რასაც მშობლისა და შვილის ურთიერთობა ჰქვია.

ლიკა ქათამაძე

გააზიარე: