ბავშვი და წესრიგი

გააზიარე:

როგორ მივაჩვიოთ ბავშვი წესრიგს? ეს კითხვა ბევრ მშობელს აწუხებს. ბავშვებსა და მშობლებს შორის უთანხმოების მიზეზიც უმეტესად სწორედ წესრიგი, უფრო სწორად, უწესრიგობაა.

ამა თუ იმ საკითხის მიმართ უფროსებსა და ბავშვებს ხშირად რადიკალურად განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ. არც წესრიგი და სისუფთავეა გამონაკლისი. ის, რაც მშობლებს დაუშვებლად მიაჩნიათ, შვილებისთვის სავსებით მისაღებია, იმას, რაც უფროსებს აღიზიანებთ, ბავშვები და მოზარდები ვერც კი ამჩნევენ. ოთახში უწესრიგოდ მიმოფანტული და ერთმანეთში არეული ტანსაცმელი, სასწავლო ნივთები, წიგნები მშობლებისთვის კატასტროფაა, შვილებისთვის კი – ნორმალური საარსებო გარემო, თუ... ისინი თავიდანვე არ მივაჩვიეთ წესრიგს.

როგორ მივაჩვიოთ ბავშვები წესრიგს, რომ ეს მუდმივი კონფლიქტის საგნად არ იქცეს?

 

უჩვენეთ მაგალითი

ბავშვები მცირე ასაკიდანვე სხვადასხვა გზით შეიმეცნებენ სამყაროს. ცნობილი შვეიცარიელი ფსიქოლოგის, ჟან პიაჟეს თქმით, გარე სამყაროსადმი მცირეწლოვანი ბავშვის დამოკიდებულების აღწერა ორი საკვანძო სიტყვით შეიძლება: ბაძვით და მაგალითით.

ადრეული განვითარების სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ განყენებული წესებისა და ცნებების ბავშვისთვის გაცნობა საუბრისა და ჭკუის დარიგების გზით კედელზე ცერცვის შეყრაა. მათ მაგალითი სჭირდებათ. ნუ მოსთხოვთ ბავშვებს იმ წესების მორჩილებას, რომლებსაც თავად არ იცავთ.

სახლის დალაგებისას აუხსენით, რას აკეთებთ და რატომ: “სათამაშოები იატაკზეა მიმოფანტული, შესაძლოა, დაზიანდეს ან დაიკარგოს. ჯობია, ყველაფერს თავისი ადგილი მივუჩინოთ. ეს სათამაშოების უჯრაა, ეს კი ტანსაცმლის...” ამით ორ კურდღელს ერთად დაიჭერთ: ოთახიც დალაგდება და ბავშვიც მიეჩვევა, თამაშის შემდეგ ყველაფერი მოაწესრიგოს.

 

წახალისების ხიბლი

ყოველთვის, როცა ბავშვი თავად დაალაგებს ოთახს ან თავის ადგილს მიუჩენს ამა თუ იმ ნივთს, შეამჩნიეთ, შეაქეთ, მადლობა გადაუხადეთ, აღნიშნეთ, რომ ხედავთ მის მონდომებას. ბავშვს აუცილებლად დაამახსოვრდება ეს სასიამოვნო განცდა და მომავალშიც მოინდომებს ამ “სასარგებლო და სიამოვნების მომგვრელი” საქმის გაკეთებას. საზოგადოდ, თუ დავუკვირდებით, შევამჩნევთ, რომ ბავშვებს იშვიათად ვაქებთ კარგი საქციელისთვის, სამაგიეროდ, ყოველთვის ვუბრაზდებით ცუდი საქციელის გამო. მოიქეცით საპირისპიროდ, შეაქეთ შვილი, როცა ის კარგად იქცევა და შენიშვნების მიცემის საჭიროებაც თავისთავად მოიკლებს.

 

ყველაფერს თავისი ადგილი აქვს

როდესაც სახლში ყველა ნივთს თავისი ადგილი აქვს, წესრიგის დამყარებაც უფრო ადვილია. ეცადეთ, გამოიმუშაოთ ერთი სასარგებლო ჩვევა – რეგულარულად გადაავლოთ თვალი სახლს. აუცილებლად აღმოაჩენთ რამე ისეთს, რასაც არ ან აღარ იყენებთ. დაიხსომეთ ოქროს წესი: რაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ გამომიყენებია, აღარასოდეს გამომადგება! ეს შეიძლება იყოს მოძველებული, დაპატარავებული ან ფერგადასული ტანსაცმელი, დეკორატიული ნივთები, ნებისმიერი რამ, რაც ოდესღაც გაურკვეველი მიზეზითა და მიზნით შეგიძენიათ. ცალკე გადააწყვეთ ასეთი ნივთები და დაახარისხეთ. რისი გაჩუქებაც შეიძლება, გააჩუქეთ, რაც გამოუსადეგარია, გადაყარეთ. ბავშვის ნივთებშიც კი მუდამ შეიძლება გამშრალი ფლომასტერების, საღებავების, დამტვრეული სათამაშოების პოვნა. ჩართეთ ამ საქმიანობაში ბავშვებიც და ისინიც მიეჩვევიან ზედმეტი ნივთებისგან სივრცის გათავისუფლებას.

 

დალაგების დროა

ცხოვრების თანამედროვე რიტმის წყალობით, შესაძლოა, სახლი ყოველდღე საფუძვლიანად ვერ დავალაგოთ. არც არის საჭირო. სისუფთავისა და წესრიგის შესანარჩუნებლად საკმარისია, კონკრეტულ დროს კონკრეტული უბანი მოაწესრიგოთ და იმავეს მიაჩვიოთ ბავშვიც. მაგალითად, ძილის წინ საკუთარ ოთახში თავისი ადგილი მიუჩინოს ყველა ნივთს, ჩაალაგოს სასკოლო ჩანთა წინა დღეს, მომზადოს მომდევნო დღის ტანსაცმელი და საჭირო ნივთები. მოიფიქრეთ რამე ისეთი, რაც ერთად შეიძლება გააკეთოთ და ეს ოჯახურ ტრადიციად აქციეთ.

ყოველდღიური რუტინა ნამდვილად შეიძლება სახალისო და, იმავდროულად, სასარგებლო საქმიანობად ვაქციოთ. მთავარი, რა ბანალურადაც უნდა ჟღერდეს, მონდომება და სურვილია.

გააზიარე: