სკოლიოზი – ოპერაციამდე და ოპერაციის შემდეგ
გააზიარე:
სკოლიოზი ხერხემლის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პათოლოგიაა. მისი პირველი ნიშნები სკოლის ასაკში იჩენს თავს და შეწუხებული მშობლებიც ხან მერხს ადანაშაულებენ, ხან – მძიმე ზურგჩანთას, ნამდვილი დამნაშავის პოვნა კი მხოლოდ სპეციალისტის დახმარებით არის შესაძლებელი. სწორედ ამიტომ ვეწვიეთ სასაუბროდ ორთოპედ-ტრავმატოლოგს, ვერტებროლოგს, პროფესორს, მედიცინის აკადემიურ დოქტორს ირაკლი ვარძუკაშვილს.
– სკოლიოზი ხერხემლის პათოლოგიური გამრუდებაა პირდაპირ პროექციაში. ამ დროს ხერხემლის სვეტი სწორი ხაზის ნაცვლად ლათინურ ასო "S"-ს ან "C"-ს ემსგავსება.
– რატომ ვერ ვამჩნევთ სკოლიოზს ადრეულ სტადიაზე?
– ხერხემლის პათოლოგიური გამრუდება თავდაპირველად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. გამოვლენის პირველი ასაკი 7-9 წელია. დაავადება განსაკუთრებით პროგრესირებს სქესობრივი მომწიფების პერიოდში (წვერ– ულვაშის ამოსვლიდან/ მენსტრუაციის დაწყებიდან 2-3 წლის განმავლობაში). დასაწყისში ტკივილი არ არის გამოხატული, ხერხემლის დეფორმაციაც ნაკლებად შესამჩნევია, ამიტომ ადრეულ ეტაპზე სკოლიოზი ხშირად უყურადღებოდ რჩება. აღსანიშნავია ისიც, რომ მოზარდ ასაკში პედიატრთან ვიზიტი იშვიათდება, რაც ასევე უშლის დაავადების დროულ გამოვლენას.
მიზეზები და პრევენცია
– სკოლიოზის უშუალო მიზეზი ხშირად უცნობია. დაავადების ჩამოყალიბებაში, როგორც წესი, გენეტიკური განწყობა ასრულებს მთავარ როლს, რის გამოც მისი პრევენცია შეუძლებელია. ყველაზე მეტად სკოლიოზის სწორედ ასეთი, დაუდგენელი წარმოშობის ანუ იდიოპათიური ფორმაა გავრცელებული.
იშვიათად ხერხემლის გამრუდება დაბადებისთანავე გამოვლინდება (თანდაყოლილი ფორმა) და განპირობებულია ნაყოფის ხერხემლის ან ნეკნების არასათანადო ჩამოყალიბებით ან მალის თანდაყოლი ანომალიით. ნერვებისა და კუნთების დაავადებებმაც (ცერებრული დამბლა, კუნთოვანი დისტროფია, სპინა ბიფიდა, პოლიომიელიტი) შეიძლება გამოიწვიოს ხერხემლის გამრუდება – ნერვკუნთოვანი სკოლიოზი.
არსებობს დაავადების სხვა ვარიანტიც – მოზრდილთა დეგენერაციული სკოლიოზი, რომელიც ზრდასრულებთან გვხვდება და ჩონჩხის ცვეთით და დაზიანებით არის გამოწვეული.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, სკოლიოზის პრევენცია შეუძლებელია. რაც შეეხება ადრეულ გამოვლენას, ამის საუკეთესო საშუალებაა სკრინინგი, რომელიც განსაზღვრულ ასაკშია შესაძლებელი. სკოლიოზის კვლევითი საზოგადოების რეკომენდაციით, პირველი შემოწმება უნდა მოხდეს 6-7 წლის ასაკში (სანამ ბავშვი სკოლაში წავა), მეორე კი – 10-12 წლის ასაკში გოგონებისთვის და 12-14 წლის ასაკში ბიჭებისთვის. წინასასკოლო პერიოდში ხერხემლის პათოლოგიური დეფორმაციის არარსებობა სკოლიოზის განვითარებას არ გამორიცხავს. მნიშვნელოვანია ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა: დაბალანსებული კვება და ასაკის შესაბამისი ფიზიკური აქტივობა, – რათა მაქსიმალურად სწორად ჩამოყალიბდეს ხერხემლის კუნთოვანი სისტემა – ბუნებრივი კუნთოვანი კორსეტი.
– ზემოთ გენეტიკური განწყობა ახსენეთ. მაშასადამე, სკოლიოზი გენეტიკური დაავადებაა?
– უკანასკნელი კვლევების თანახმად, სკოლიოზით დაავადებული მშობლის სამიდან ერთ შვილს აღნიშნული პათოლოგია უვითარდება, რის გამოც სკოლიოზი გენეტიკურ დაავადებათა სიაში შეიყვანეს. უფრო მეტიც: იდიოპათიური ფორმის მქონე მოზარდთა დაახლოებით 30%-ს დაავადების ოჯახური ანამნეზი აქვს.
ნიშნები და სიმპტომები
– დაავადებაზე ეჭვს ბადებს კონკრეტული ვიზუალური ასიმეტრია: ხერხემლის მეტად გამრუდება ცალ მხარეს, მხრებისა და ბეჭების უთანაბრობა, თავის გადახრა ვერტიკალური (ხერხემლის) ცენტრიდან, მენჯისა და თეძოს ფრთების ასიმეტრია, ნეკნოვანი კუზი.
სიმპტომებიდან უმთავრესია ტკივილი, რომელიც ძირითადად ზრდასრულ ასაკში, სკოლიოზის ხანგრძლივი ისტორიის მქონე პირებთან ვლინდება. უმეტესად ვხვდებით ზურგის ან წელის ტკივილს ქვედა კიდურებზე გავრცელებით. ასევე ხშირია ხერხემლის არეში სისუსტისა და დაღლილობის შეგრძნება ხანგრძლივი დგომის ან ჯდომის შემდეგ.
მითი თუ სინამდვილე
– არასწორ პოზაში ჯდომა, ბრტყელი ტერფი, მძიმე ზურგჩანთა, ცეკვა და სპორტი იწვევს სკოლიოზს?
– ეს ყველაზე გავრცელებული მცდარი მოსაზრებაა. მძიმე ზურგჩანთამ შესაძლოა ზურგის ტკივილი გამოიწვიოს. სასურველია, ბავშვმა ატაროს ასაკისთვის შესაფერისი სიმძიმის, ორივე მხარზე ღვედებით თანაბრად დაფიქსირებული ჩანთა. არასწორი ტანდეგობა (როცა ბავშვი ცალ მხარეს იხრება) კი თავად არის სკოლიოზის დამახასიათებელი ერთ–ერთი ნიშანი, ამიტომ, როცა მშობელი შეამჩნევს ვიზუალურ დეფორმაციას, სწორად უნდა განისაზღვროს, კუნთოვანი დისბალანსია ეს თუ ძვლის დეფორმაციით გამოწვეული პათოლოგიური გადახრა. მითია ისიც, რომ სკოლიოზს ბრტყელტერფიანობა იწვევს. რაც შეეხება ცურვას, ტანვარჯიშს და სხვა სპორტულ აქტივობებს, მათ არავითარი საფრთხე არ ახლავთ თან. პირიქით, რაც უფრო ბუნებრივად ვითარდება კუნთოვანი კორსეტი, მით უფრო ნაკლებია სკოლიოზის მძიმე ფორმის ჩამოყალიბების შანსი.
– შეუძლია თუ არა ორთოპედიულ ბალიშს და ლეიბს, თავიდან აგვაცილოს სკოლიოზი?
– სკოლიოზი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში არ ვითარდება. შესაბამისად, არასწორი იქნება, ხერხემლის გამრუდება ბალიშს ან ლეიბს დავაბრალოთ. არც ძვირად ღირებული ორთოპედიული ინვენტარია აუცილებელი – მყარ ზედაპირზე უბალიშოდ წოლას არ შეუძლია სკოლიოზის პრევენცია. დიაგნოზის არსებობისა თუ არარსებობის დროს საუკეთესოა ხარისხიანი, ნახევრად მყარზედაპირიანი მატრასი.
სკოლიოზი და ორსულობა
– რა გავლენას ახდენს სკოლიოზი ორსულობასა და მშობიარობაზე?
– არაერთი კვლევა ჩატარდა სკოლიოზის მქონე ორსულებზე, მაგრამ ვერ მივიღეთ ვერავითარი მტკიცებულება იმისა, რომ აღნიშნული დიაგნოზის მქონე ქალს ბუნებრივად მშობიარობა არ შეუძლია. ორსულობა, როგორც წესი, არ იწვევს სკოლიოზის ხარისხის (გამრუდების კუთხის გრადუსის) მნიშვნელოვან ზრდას. არსებობს კიდევ ერთი გავრცელებული მცადრი წარმოდგენა – თითქოს სკოლიოზის მქონე ქალისთვის ეპიდურული ანესთეზია არ შეიძლება. სინამდვილეში სკოლიოზი უკუჩვენება არ არის; უბრალოდ, მაღალი ხარისხის გამრუდების დროს ანესთეზიოლოგს შესაძლოა გაუჭირდეს პროცედურის ჩატარება.
მოსალოდნელი გართულებები
– თუ სათანადო მკურნალობა დროულად არ ჩატარდა ან სკოლიოზი მძიმე ფორმისაა (გამრუდება 60 გრადუსს აჭარბებს), ხერხემლის გამრუდებას შესაძლოა დაერთოს:
* გულისა და ფილტვების დაზიანება – მძიმე ფორმის სკოლიოზის დროს ნეკნთა რკალი შესაძლოა აწვებოდეს გულსა და ფილტვებს და ხელს უშლიდეს მათ ნორმალურ მუშაობას;
* ზურგის ქრონიკული ტკივილი;
* კიდურების დაბუჟება და სისუსტე.
სკოლიოზი იწვევს გარეგნობის შესამჩნევ ცვლილებებს, რაც დაბალი თვითშეფასების მიზეზად იქცევა: პირველ რიგში – ნეკნოვან კუზს, რომელიც ყველაზე დიდი ფსიქოლოგიური ტრავმაა ბავშვისთვის, მერე კი მენჯის ასიმეტრიას, რის გამოც შესაძლოა კოჭლობაც კი განვითარდეს.
დიაგნოსტიკა და რეკომენდაციები
– გასინჯვის დროს ექიმი ათვალიერებს პაციენტს ჯერ გამართულს, შემდეგ – წელში მოხრილს, თავისუფლად ხელებჩამოშვებულს. ამ დროს უკეთესად ჩანს ხერხემლისა და ნეკნთა რკალის ასიმეტრია. შესაძლოა, გასინჯვამ გამოავლინოს ერთი მხრის მეორეზე მაღლა დგომა და მენჯის დახრილობაც. დიაგნოსტიკის ყველაზე მარტივი მეთოდია ინკლინომეტრია ან სკოლიომეტრია – სპეციალური ხელსაწყოთი იზომება ხერხემლის გამრუდების კუთხე. სკოლიოზის დიაგნოზი ისმება, როცა გამრუდების კუთხე 10 გრადუსზე მეტია.
გამრუდების ფორმის, მიმართულების, მდებარეობის შესაფასებლად გამოიყენება გამოსახულებითი კვლევები, ძირითადად – რენტგენოგრაფია, იშვიათად – კომპიუტერული ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია.
სიმძიმის მიხედვით განასხვავებენ გამრუდების ოთხ ხარისხს:
• გამრუდების კუთხე 10 გრადუსამდე ნორმაა;
• გამრუდების კუთხე 10-25 გრადუსია – საჭიროა სწორად შერჩული სამკურნალო სარეაბილიტაციო პროგრამა, რომელსაც უნდა დაეთმოს დღეში მინიმუმ 40 წუთი;
• გამრუდების კუთხე 25-40 გრადუსია – რეკომენდებულია ინდივიდუალური მყარი კორსეტის ტარება დღე–ღამეში 16-18 საათი და სამკურნალო რეაბილიტაცია დღეში მინიმუმ 60 წუთი;
• გამრუდების კუთხე 40 გრადუსზე მეტია – ინიშნება ოპერაცია.
მკურნალობა
– სკოლიოზი თავისთავად, სამედიცინო ჩარევის გარეშე, ვერ გაივლის, ამიტომ აუცილებელია, სწორად განისაზღვროს მკურნალობის ტაქტიკა.
– რა დანიშნულება აქვს ვარჯიშს?
– ვარჯიში სკოლიოზის მკურნალობის მთავარი საშუალებაა. ის ამაგრებს მუცლისა და ზურგის კუნთებს, ამცირებს ზურგის ტკივილს. მისი მიზანია, ხერხემალს ბუნებრივი კუნთოვანი კორსეტი შეუქმნას. ვარჯიშთა კომპლექსი გამრუდების მდებარეობისა და ხარისხის მიხედვით ირჩევა. ის აუცილებლად ექიმმა უნდა შეარჩიოს, რადგან ზოგიერთ ვარჯიშს სკოლიოზის დამძიმება და მეორეული დაზიანების გამოწვევა შეუძლია. მსუბუქი სკოლიოზის მქონე ადამიანმა რეაბილიტაციის ცენტრში კურსის დასრულების შემდეგ სახლშიც უნდა გააგრძელოს ვარჯიში და ყოველდღე დაახლოებით 40 წუთი ივარჯიშოს (20 – დილით, 20 – საღამოს) გააგრძელოს ვარჯიში.
თუ დაავადება აღარ პროგრესირებს (გამრუდების კუთხე აღარ იმატებს), მთელი სიცოცხლე სპეციალური ვარჯიშების შესრულება არ არის აუცილებელი. საკმარისია ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა და დოზირებული ფიზიკური აქტივობა.
– როდის მივმართავთ სამკურნალო მასაჟს და აპარატულ ფიზიოთერაპიას?
– საქართველოში სამკურნალო მასაჟი ძალიან პოპულარულია, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ის მკურნალობის მხოლოდ 20 პროცენტს შეადგენს. მთავარი აქცენტი სამკურნალო ვარჯიშებზე უნდა დაისვას, რათა კუნთოვანი კორსეტი გამაგრდეს და ხერხემალი დაიჭიროს. რაც შეეხება აპარატულ ფიზოთერაპიას, ის შედეგზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ ახდენს. მასაჟი და ფიზოთერაპია მკურნალობის დამხმარე საშუალებებია და მხოლოდ ვარჯიშთან ერთად აქვს აზრი.
კორსეტი თუ ოპერაცია?
– თუ დაავადება პროგრესირებს (გამრუდების კუთხე 25 გრადუსზე მეტია) და სამკურნალო ვარჯიშებით მისი შეჩერება ვერ ხერხდება, აუცილებელია დაინიშნოს კორსეტი. უფრო დაბალი გრადუსის გამრუდების დროს კი კორსეტის დანიშვნა არ შეიძლება, რადგან ის ზურგის კუნთებს დაასუსტებს.
კორსეტის ტარების პარალელურად პაციენტმა დღეში დაახლოებით 1 საათი უნდა ივარჯიშოს.
კორსეტის ტარება რეკომენდებულია დაახლოებით 16 წლამდე, მერე კი, ექიმის რეკომენდაციით, მისი გამოყენება შეიძლება შეწყდეს.
თუ ხერხემლის 40°-ს აღემატება და სწრაფად პროგრესირებს, ინიშნება ოპერაცია (რასაკვირველია, ასაკის, სქესობრივი სიმწიფის ეტაპის, გამრუდების ტიპისა და ლოკალიზაციის გათვალისწინება). თუ გამრუდების კუთხე დიდია, ხოლო პაციენტის ასაკი – მცირე (9-10 წლამდე), ხდება ხერხემლის ფიქსაცია ზრდადი ღეროთი – ხერხემლის ზრდასთან ერთად ღეროც იჭიმება. გამრუდების ტიპისა და ლოკალიზაცის (გულმკერდის, წელის ან ორივე მიდამოს დეფორმაცია) მიხედვით ქირურგი გადაწყვეტს, მთელი ხერხემალი დააფიქსიროს თუ მისი ნაწილი (წელი ან გულმკერდი).
სტატისტიკურად, მენსტრუალური ციკლის დაწყების შემდეგ დეფორმაციის ხარისხი აგრესიულად იმატებს და თვეში შეიძლება 10-15 გრადუსსაც კი მიაღწიოს.
საქართველოში მრავალი წელია მკურნალობენ სკოლიოზს თანამედროვე ქირურგიული ტექნიკით (ჩატარებულია 800-მდე წარმატებული ოპერაცია), რომელიც გულისხმობს უკან მიდგომით ხერხემლის ფიქსაციას და ტრანსპედიკულური ჭანჭიკებით (პოსტეიორ ფუსიონ) გასწორებას. ამ დროს საფიქსაციო საშუალება უშუალოდ მალაში თავსდება. გამოიყება საშუალოდ 18-20 ჭანჭიკი და 2 სპინალური ღერო, რომლებზეც ეწყობა კონსტრუქცია. ამის შემდეგ კი ხდება ხერხემლის გასწორება და ფიქსაცია. აღნიშნული კონსტრუქცია ტიტანისაა, რომელიც ადამიანის ორგანიზმთან ყველაზე მიახლოებულ ხელოვნურ მასალად ითვლება. ამის წყალობით მინიმუმამდე დადის შეუთავსებლობისა თუ ალერგიული რეაქციის რისკი.
ოპერაციის მსვლელობისას ტარდება ნეირომონიტორინგი, რომლის საშუალებითაც ფასდება ანესთეზიის ქვეშ მყოფი პაციენტის ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემების მუშაობა. ეს მნიშვნელოვნად ამცირებს სკოლიოზის კორექციის ისეთი საშიში ნევროლოგიური გართულებების რისკს, როგორიცაა ზედა და ქვედა კიდურების დამბლა და მენჯის ღრუს ორგანოების ფუნქციის მოშლა (უნებლიე შარდვა და დეფეკაცია).
მაღალი ხარისხის სკოლიოზის დროს დამატებითი ფიქსაციისთვის შეიძლება ძვლის გრაფტების გამოყენება. გრაფტი ორი ტიპისაა: დონორისეული (ალოგრაფტი) და საკუთარი (აუტოგრაფტი). საქართველოში ძირითადას აუტოგრაფტები გამოიყენება, რომელიც მიღებულია თეძოს ძვლის ან დიდი ზომის ნეკნოვანი კუზის რეზექცირებული ნაწილებისგან. ოპერაციის ხანგრძლივობა დაახლოებით 4 საათია. პაციენტის გაქტიურება 48 საათში იწყება. სრული რეაბილიტაცია 6-დან 12 თვემდე გრძელდება. ოპერაციის დროს ჩაყენებული მეტალოკონსტრუქცია სამუდამოდ რჩება სხეულში.
ყველაზე ხშირი ოპერაციის შემდგომი გართულება დიდი ჭრილობის გამო გაჩენილი კანქვეშა ჰემატომაა. დიდი ნეკნოვანი კუზის რეზექციის შემთხვევაში მოსალოდნელია პლევრიტის ან პნევმონიის განვითარებაც. თუმცა სათანადო მკურნალობით ყველა ამ გართულების ალაგებაა შესაძლებელი.
ბავშვები, როგორც წესი, ოპერაციიდან 4-6 კვირის შემდეგ ბრუნდებიან სკოლაში, ხოლო სპორტულ აქტივობებში 6 თვის შემდეგ ერთვებიან. ოპერაციის შემდეგ ორი წლის განმავლობაში საჭიროა ექიმთან ვიზიტი 6 თვეში ერთხელ.
ხერხემალზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ პაციენტს შეუძლია, მისდიოს ნებისმიერ ფიზიკურ აქტივობას, ოღონდ დოზირებულად. შეზღუდვა არ არსებობს, პირიქით, სასურველია ტორსის კუნთოვანი სისტემის მუდმივი გამაგრება და ვარჯიში.
პროგნოზი
– მკურნალობის შედეგი მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. რაც უფრო დიდია გამრუდების კუთხე ბავშვობის ასაკში, მით უფრო სავარაუდოა ზრდასთან ერთად მისი პროგრესირება. სკოლიოზის ზომიერი ფორმა კარგად ექვემდებარება კონსერვატიულ მკურნალობას და არც სამომავლო გართულებები ახასიათებს, თუმცა ასაკთან ერთად მოსალოდნელია, ზურგის ტკივილმა იჩინოს თავი.
სკოლიოზის ნერვკუნთოვანი და თანდაყოლილი ფორმების პროგნოზი სხვადასხვანაირია. თუ გამრუდების მიზეზი სერიოზული პათოლოგიაა (ცერებრული დამბლა ან კუნთოვანი დისტროფია), თერაპიის მიზანიც განსხვავებულია. ხშირად ოპერაცია იმისთვის ტარდება, რომ ბავშვს ეტლში ვერტიკალურად ჯდომის შესაძლებლობა მიეცეს. თანდაყოლილი სკოლიოზის მკურნალობა რთულია და ხშირად არაერთ ქირურგიულ ჩარევას მოითხოვს.
სკოლიოზის შემთხვევათა 90 პროცენტი კონსერვატიულად იკურნება. მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილი მოითხოვს ოპერაციულ მკურნალობას. ამიტომ აუცილებელია, ბავშვი მცირე ასაკიდანვე მივაჩვიოთ ცხოვრების ჯანსაღ წესს.
მარი მარღანია