სპონდილოზი - ხერხემლის ასაკობრივი ცვლილებები
გააზიარე:
ადამიანების უმრავლესობას ასაკთან ერთად ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებიც ემატება. განსაკუთრებით ხშირია ძვალ-სახსართა დაავადებები. ხერხემლის, ჩვენი სხეულის ღერძის ასაკობრივ ცვლილებებს მისი ანატომიური აგებულებაც განაპირობებს. წლებთან ერთად მალებს შორის მოთავსებული დისკოები განილევა და შრება, სასახსრე ზედაპირების ხრტილები ცვდება, იოგები სქელდება, ვითარდება ოსტეოართრიტის ნიშნები. ასაკთან დაკავშირებულ ყველა ამ ცვლილებას სპონდილოზს უწოდებენ.
რა ნიშნებით ვლინდება სპონდილოზი, როგორ მკურნალობენ და როგორ ავიცილოთ თავიდან? ამ კითხვებით აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმ ნევროლოგს, მედიცინის მეცნიერებათ დოქტორ ია რუხაძეს მივმართეთ.
– სპონდილოზი, ფაქტობრივად, ხერხემლის ოსტეოართრიტია, რომელიც ძირითადად დისკოგენური ცვლილებებით არის გამოწვეული. ფაქტობრივად უკვე 40 წლიდან მალათაშუა დისკოები, რომლებიც მალებს შორის ბალიშებივითაა ჩაფენილი, დეგენერაციული პროცესის შედეგად შრება, პატარავდება, ბრტყელდება. ვიწროვდება მალათაშუა ნაპრალები, შესაძლოა, განვითარდეს თიაქარიც – მალათაშუა დისკოს გაუჩნდეს ნაპრალი, ხოლო მისი რბილი შიგთავსი გარეთ გამოვიდეს და ნერვის ფესვებს მიაწვეს. ამის საკომპენსაციოდ, ხერხემლის სიმყარის შესანარჩუნებლად, მალებზე ჩნდება ძვლოვანი წანაზარდები, რომლებიც ნერვის ფესვებს აწვება. ცვდება მალების სხვა სასახსრე ზედაპირებიც, მკვრივდება ხერხემლის იოგები, რომლებიც ძვლებს ერთმანეთთან აკავშირებს. ამიტომ ხერხემალს მოქნილობა ეკარგება. ჩამოთვლილი ცვლილებები ერთად და ცალ-ცალკე კლინიკური სიმპტომების მთელ წყებას განაპირობებს.
ასაკთან ერთად ცვლილებები ხერხემლის მთელ სვეტს მოიცავს, მაგრამ სპონდილოზის დიაგნოზს მაშინ ვსვამთ, როდესაც სუბიექტური ჩივილები იჩენს თავს. იმის მიხედვით, ადამიანს კლინიკურად რა აწუხებს, განასხვავებენ კისრის სპონდილოზს, გულმკერდის სპონდილოზს, წელის სპონდილოზს და მულტიფოკალურ სპონდილოზს – სხვადასხვა ლოკალიზაციის (მაგალითად, გულმკერდისა და წელის ან გულმკერდისა და კისრის) სპონდილოზის ერთდროულ არსებობას.
ვის ემუქრება
– სპონდილოზის სიხშირე ასაკთან ერთად იმატებს. ის 60 წელს გადაცილებულთა 85%-ზე მეტს აღენიშნება. რაც უფრო მეტია ადამიანის ასაკი, მით უფრო მეტია სპონდილოზის განვითარების ალბათობაც. ყველაზე გავრცელებული მაინც კისრის სპონდილოზია.
– გარდა ასაკისა, რა მიიჩნევა სპონდილოზის რისკფაქტორად?
– გენეტიკური განწყობა, მოწევა, საქმიანობა, რომელიც მოითხოვს კისრის ხშირ განმეორებით მოძრაობებს, კისრის უხერხულ პოზაში ჭერას ან კისერზე დამატებით ძლიერ დატვირთვას, კისრის ტრავმა, ჭარბი წონა. ხერხემალი საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ძირთადი ბერკეტია. მისი მთავარი ფუნქციაა, უზრუნველყოს სხეულის ნორმალური მოძრაობა და კოორდინაცია. რაც უფრო მეტია ადამიანის წონა, მით უფრო მეტად იტვირთება ხერხემალი და მით უფრო მეტია დეგენერაციული ცვლილებების – მალათაშუა დისკების გაუწყლოების, ნაპრალის გაფართოების, დისკის შიგთავსის გადმოსვლის ალბათობაც.
ნიშნები
– რა მიგვანიშნებს სპონდილოზზე და რით ფასდება დაავადების სიმძიმე?
– სპონდილოზი არ ითვლება განსაკუთრებით მძიმედ მიმდინარე პათოლოგიად, იშვიათია მდგომარეობა, რომელიც არ ექვემდებარება მედიკმანეტურ ან ფიზიოთერაპიულ მკურნალობას ან კომბინირებულ თერაპიას, თუმცა პროცესი ქრონიკულია და ნებისმიერ დროს შეიძლება გამწვავდეს. ყველაზე ხშირად სპონდილოზი ვლინდება როგორც ფესვობრივ-ალგიური სინდრომი – ნერვის ფესვზე ზეწოლის შედეგად განვითარებული ტკივილი, თუმცა არის მიელოპათიების შემთხვევებიც, რაც შესაძლოა სპინალური სტენოზის, დისკოს დეგენერაციის ან თიაქრის შედეგი იყოს. ამან შესძალოა გამოიწვიოს შარდვისა და დეფეკაციის ფუნქციის მოშლა, კიდურების მოძრაობის შეზღუდვა, კიდურების სისუსტე, პარესთეზიები (დაბუჟება, ჩხვლეტა, გაჭიმვის შეგრძნება, დისკომფორტი), კოორდინაციისა და სიარულის დარღვევა.
გამოკვლევა
– რომელი გამოკვლევებით დასტურდება დიაგნოზი?
– პაციენტის ჩივილების მოსმენისა და მისი გასინჯვის შემდეგ ვატარებთ ინსტრუმენტულ გამოკვლევებს. პირველი ეტაპი შესაძლოა რენტგენოგრაფია იყოს. ის აჩვენებს ხერხემალზე ძვლოვანი წანაზარდების ან დეგენერაციული ცვლილებების არსებობა-არარსებობას. შეიძლება გამორიცხოს ტკივილის იშვიათი და უფრო სერიოზული მიზეზები, მაგალითად, კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი სიმსივნე, ინფექცია, მოტეხილობა.
სპონდილოზი ხშირად იწვევს მოძრაობის შეზღუდვას. შეზღუდვის მასშტაბის შესაფასებლად გამოიყენება ფუნქციური რენტგენორაფია -ვიღებთ რენტგენს ხერხემლის სხვადასხვა პოზიციაში და ვნახულობთ, როგორ გადაადგილდება მალები და მალათაშუა დისკოები ერთმანეთის მიმართ.
კომპიუტერული ტომოგრაფია უფრო დეტალურ წარმოდგენას გვიქმნის ძვლოვან სტრუქტურებზე. მხოლოდ მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია იძლევა ზუსტ ინფორმაციას ზურგის ტვინის, ხერხემლის არხის, ნერვული ფესვების მდგომარეობის შესახებ.
– ანატომიური ცვლილების პარალელურად როგორ ისაზღვრება ნერვის დაზიანება?
– ნერვის დაზიანების შესაფასებლად ტარდება მისი ფუნქციური გამოკვლევა. ელექტრონეირომიოგრაფიით განისაზღვრება ნერვების გამტარობა, ელექტრული აქტივობა, შესაბამისად ფასდება ნერვის როგორც მოტორული ანუ მამოძრავებელი, ისე სენსორული ანუ მგრძნობელობითი ფუნქციის დაზიანების ხარისხი.
გამოსაკვლევი ნერვის საპროექციო არეზე უშვებენ ელექტრულ იმპულსს, მერე კი ზომავენ იმპულსის გატარების სიჩქარეს და ამპლიტუდას. ამ პარამეტრების მიხედვით ფასდება, ნერვის რომელი ნაწილი უფრო მეტადაა დაზიანებული – აქსონი (ღერძი) თუ მასზე შემოხვეული მიელინის გარსი, რომელიც აქსონის იზოლაციას და იმპულსის სრულყოფილ გატარებას უზრუნველყოფს. ნერვის გამტარობა ნებისმიერი მათგანის დაზიანებისას ირღვევა. კლინიკურად ვლინდება მოტორული მოძრაობის დეფიციტი ან მგრძნობელობითი ცვლილებები დაბუჟების, პარესთეზიების, სხვა უსიამოვნო სიმპტომების სახით. ზოგჯერ – ორივე ერთად.
მკურნალობა
– სპონდილოზის მკურნალობა მის სიმძიმეზეა დამოკიდებული. მკურნალობის მიზანია ტკივილის შემსუბუქება, ჩვეული აქტივობის შენარჩუნება და ზურგის ტვინისა და ნერვების დაზიანების თავიდან აცილება.
– ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია თუ არა სპონდილოზის მედიკამენტური მკურნალობა?
– მსუბუქი მიმდინარეობისას, როდესაც ნერვზე ზეწოლა არ აღინიშნება, ტკივილის მოსახსნელად შესაძლოა საკმარისი აღმოჩნდეს სპეციალური გაწელვითი ვარჯიშები, რომლებიც კისრისა და მხრების კუნთებს გაჭიმავს. კარგია ცურვა, წყალქვეშა დაჭიმვები, რადგან ნებისმიერი ტიპის დაჭიმვა ზრდის მალათაშუა სივრცეებს, რომლებიდანაც ნერვების ფესვები გამოდის.
როდესაც ფიზიოპროცედურებით და ვარჯიშით შედეგს ვერ ვიღებთ, ინიშნება ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები. ტკივილს, გარდა გამაყუჩებლებისა და ვარჯიშისა, ამცირებს თბილი კომპრესი ან ყინულიც. კისრის სპონდილოზის დროს კისრის რბილი ბალიშის ტარებაც შეიძლება, თუმცა არა მუდმივად, რადგან შესაძლოა კისრის კუნთები დაასუსტოს.
ნერვზე ზეწოლის შემთხვევაში ტკივილი ზოგჯერ იმდენად ძლიერია, რომ საჭირო ხდება მკურნალობაში ანტიდეპრესანტების, კორტიკოსტეროიდების, კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატების, კუნთების სპაზმის მოსახსნელად მიორელაქსანტების ჩართვა.
– როდის ტარდება ოპერაცია?
– თუ კონსერვატიული მკურნალობა წარუმატებელი აღმოჩნდა, არ მოიხსნა ან გაუარესდა კიდეც ნერვის კომპრესიით გამოწვეული ნევროლოგიური სიმპტომები, მაგალითად, თავი იჩინა ხელებისა და ფეხების სისუსტემ, შესაძლოა საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა. გასათვალისწინებელია, სად მდებარეობს დაზიანება, რის დეფიციტს იწვევს, რომელ ფუნქციას აზიანებს – მოტორულს, სენსორულს თუ ორივეს ერთად და სხვა. ოპერაციის დროს ხდება დისკოს თიაქრის, ძვლოვანი წანაზარდების ან მალათაშუა დისკოს ნაწილის მოცილება ან სეგმენტური ფიქსაცია.
პრევენცია
– სპონდილოზის თავიდან ასაცილებლად დიდი მნიშვნელობა აქვს რეგულარულ ვარჯიშს. ნებისმიერი გაჭიმვითი ვარჯიში ეფექტურია. პრევენციასთან ერთად ვარჯიში ხელს უწყობს გამოჯანმრთელების დაჩქარებას, მაშინაც კი, როდესაც ტკივილის გამო სრულფასოვნად ვერ სრულდება. ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად დადიან ფეხით, ნაკლებად სტკივათ კისერი და წელი.
გაითვალისწინეთ, რომ კისრის სპონდილოზის დროს პროცესში ერთვება ამ მიდამოში გამავალი ხერხემლის არტერიები და ირღვევა კოორდინაციული ფუნქცია, რამაც შესაძლოა პოზიციური თავრუხვევები გამოიწვიოს. ამდენად, წრიული და ფართო დიაპაზონის მოძრაობები კისრის სეგმენტში ნაკლებრეკომენდებულია. ასეთი ჩივილის არსებობისას პაცეინტმა კისრის სისხლძარღვების დოპლეროგრაფიული გამოკვლევაც უნდა ჩაიტაროს.
ვარჯიშები
სპონდილოზის პროფილაქტიკისთვის და მსუბუქი ფორმების სამკურნალოდ არაერთი ვარჯიშია რეკომენდებული. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს, რომლებიც შეგიძლიათ სკამზე მჯდომმაც შეასრულოთ.
კისრის კუნთების გაჭიმვა
თავი დახარეთ წინ და ოდნავ მარჯვნივ.
მარჯვენა ხელი შემოიდეთ თავზე და თავს ფრთხილად დააწექით. იგრძნობთ სასიამოვნო, მსუბუქ დაჭიმვას კისრის უკანა მარცხენა მხარეს.
ასე გაჩერდით დაახლოებით 30 წამი და გაიმეორეთ იგივე საპირისპირო მხარეს.
ბეჭების ერთმანეთისკენ მიზიდვა
დაჯექით უსახელურო სკამზე. მხრებში გამართულმა ბეჭის კუთხეები მაქსიმალურად მიუახლოვეთ ერთმანეთს. გაჩერდით ხუთი წამი და შემდეგ დაისვენეთ. შეასრულეთ ყოველდღე ორ წყებად, თითო ჯერზე 3-5-ჯერ.
წელის კუნთების გაჭიმვა
დაჯექით უსახელურო სკამზე. მარჯვენა ფეხი მარცხენაზე გადაიდეთ, მარცხენა იდაყვი მიადეთ და მიაჭირეთ მარჯვენა მუხლის გარეთა მხარეს, მარჯვენა ხელით ჩაეჭიდეთ სკამის უკანა კიდეს. მიტრიალდით მარჯვნივ და კარგად გაიჭიმეთ. გაჩერდით 10 წამი. გაიმეორეთ მოძრაობა საპირისპირო მხარეს. შეასრულეთ 3-5-ჯერ თითოეულ მხარეს დღეში ორჯერ.
მარი აშუღაშვილი