თეთრხალათიანი დეტექტივები - ვინ და როგორ შექმნა სასამართლო მედიცინა
გააზიარე:
(მეორე ნაწილი)
გახსოვთ, როგორ წარდგება პირველად მაყურებლის წინაშე ბი-ბი-სის სერიალ “შერლოკის” მთავარი გმირი? – ის ბარტსის ინსტიტუტის მორგში წკეპლით სცემს ახალგარდაცვლილის ცხედარს, რომ სხეულზე გაჩენილი სისხლნაჟღენთები შეისწავლოს.
საბედნიეროდ, თანამედროვე კანონები სიკვდილის შემდეგ ადამიანის სხეულისადმი ღირსეული მოპყრობის უფლებასაც ითვალისწინებს, ასე რომ, ეს პასაჟი უფრო მხატვრული გაზვიადებაა, რომელიც მთავარი პერსონაჟის ექსცენტრიკული ხასიათის წარმოჩენას ისახავს მიზნად, მაგრამ სიკვდილის შემდეგ მიყენებული დაზიანებების ამოცნობა და სიცოცხლეში მიყენებულთაგან მათი გარჩევა ნამდვილად მნიშვნელოვანია. მეტიც – ეს სასამართლო მედიცინის ერთ-ერთი საკვანძო საკითხია, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში უამრავი მეცნიერი უტრიალებდა.
ერთ-ერთი პირველი ევროპელი, რომელმაც ამ სფეროში დაგროვილ ცოდნას თავი მოუყარა და მისი სისტემატიზება მოახდინა, გახლდათ XVI საუკუნის ფრანგი ქირურგი, თავისი დროის მედიცინის ერთ-ერთი კორიფე და დიდი ნოვატორი ამბრუაზ პარე.
მის ნაშრომში “ექიმთა დასკვნებისა და გვამების ბალზამირების შესახებ” ვკითხულობთ:
“სასამართლოზე შესაძლოა იკითხონ, სიცოცხლეში მიაყენეს გარდაცვლილს ჭრილობა თუ სიკვდილის შემდეგ. თუ ეს სიცოცხლეში მოხდა, ჭრილობის კიდეები წითელი, სისხლმდენი და შესივებული იქნება, სიკვდილის შემდეგ მიყენებული ჭრილობები კი ამ ნიშნებს მოკლებულია, ვინაიდან სიკვდილის დადგომისთანავე ორგანიზმის სასიცოცხლო ძალები ქრება, ყოველგვარი ფუნქციობა წყდება და ჭრილობისკენ სისხლი და ჰაერი აღარ მიედინება.
...
სასამართლოზე ასევე შესაძლოა გაჩნდეს კითხვა, ადამიანი ჩამოახრჩვეს თუ უკვე გარდაცვლილი ჩამოკიდეს ყულფზე. ცოცხალი ადამიანის ჩამოხრჩობის შემთხვევაში ყელზე რჩება თოკის მკაფიო წითელი, იისფერი ან მოშავო კვალი. იმ ადგილის გარშემო, სადაც ყულფი ჩაეჭდო, კანი მოჭიმული და შეჭმუხნილია. ხშირად შეინიშნება არტერიების გაგლეჯა, ასევე – კისრის მეორე მალის ამოვარდნა ან შეცილება; სახე, ზედა და ქვედა კიდურები სუნთქვის შეკვრის გამო გალურჯებულია; ტუჩებთან მომდგარია ქაფი; ლორწოვანი ქაფი შეინიშნება ნესტოებთან. თოკზე მკვდარი სხეულის ჩამოკიდების შემთხვევაში ეს ნიშნები არ დასტურდება.
...
საკითხი იმის შესახებ, დაიხრჩო ადამიანი თუ უკვე მკვდარი მოხვდა წყალში, წყდება შემდეგი ნიშნების საფუძველზე: პირველ შემთხვევაში ნაწლავები შებერილია და წყლითაა სავსე, ცხვირიდან შეინიშნება ლორწოვანი, ხოლო პირიდან – ქაფისებური გამონადენი. თითებზე კანი გადაცქვლეფილია, რადგან, როდესაც ადამიანი იხრჩობა, თავგანწირვით იბრძვის და ეძებს ხელმოსაჭიდს. თუ წყალში მკვდარი სხეული გადააგდეს, ჩამოთვლილი ნიშნები არ დასტურდება".
* * *
ტერმინი „გვამური ლაქები“ ალბათ ყველა ზრდასრულ ადამიანს გაუგონია. მისი შინაარსი არც ისე ძნელი ამოსაცნობია – ეს არის ლაქები, რომლებიც სიკვდილის შემდეგ ჩნდება სხეულზე. მათი არსებობა დასტურია იმისა, რომ ადამიანი ნამდვილად მკვდარია.
დაუჯერებელია, მაგრამ მედიცინამ მხოლოდ მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეების მიჯნაზე ისწავლა ბიოლოგიური სიკვდილის ასპროცენტიანი სიზუსტით ამოცნობა და ამაში უდიდესი წვლილი მიუძღვის უკვე ნახსენებ ალექსანდრ ლაკასანს – ყოფილ სამხედრო ექიმს, ლიონის უნივერსიტეტის პროფესორს, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზისა და კრიმინალური ანთროპოლოგიის ფრანგული სკოლის მამამთავარს.
გაგონილი გექნებათ, როგორ ეშინოდა დიდ მწერალს ნიკოლაი გოგოლს, ცოცხლად არ დაემარხათ. მისი შიში საფუძველს მოკლებული არ ყოფილა – გოგოლს ლეთარგიის შეტევები ჰქონდა. ლეთარგიული ძილის დროს სისხლის მიმოქცევა ნელდება, სხეული ფითრდება და ცივდება, გულისცემა და სუნთქვა თითქმის შეუმჩნეველი ხდება, გუგები სინათლეზე აღარ რეაგირებს. ლეთარგიაში ჩავარდნილი ადამიანი ძალიან ჰგავს მკვდარს.
დღესდღეობით არსებობს ხელსაწყოები, რომლებიც გულისა და ტვინის უმნიშვნელო ელექტროფიზიოლოგიურ აქტივობაზეც კი რეაგირებს, მაგრამ გოგოლი იმ დროში ცხოვრობდა, როცა გარდაცვლილად მიჩნეული, განბანილი და სუდარაში გახვეული ადამიანი შესაძლოა უეცრად გონს მოსულიყო.
ამ შემზარავი შეცდომის თავიდან ასაცილებლად ევროპაში კუბოებს სპეციალურ მილს აყოლებდნენ, რომ ცოცხლად დამარხულს ესუნთქა და თუ გონს მოვიდოდა, საფლავიდან ყვირილით ეთხოვა შველა. გავრცელებული პრაქტიკა გახლდათ საფლავის თავზე ზანზალაკის დამაგრებაც, რომლის ენაზე გამობმული თოკის მეორე ბოლოს დამარხულს აბამდნენ მაჯაზე, იმ იმედით, რომ, გონს მოსული, ხმას მიაწვდენდა სასაფლაოს დარაჯს.
შეცდომის ალბათობა კი, საუბედუროდ, დიდი იყო, რადგან სიკვდილის დადასტურების მეცნიერულად ზუსტი მეთოდი არ არსებობდა. ერთადერთი, რისი გაკეთებაც ამ დროს შეეძლოთ, მომაკვდავის ცხვირ-პირთან სარკის ან ბუმბულის მიტანა იყო – თუ მინა არ დაიორთქლებოდა და ბუსუსები არ შეირხეოდა, ადამიანი გარდაცვლილად მიიჩნეოდა.
ექიმები სასოწარკვეთილები ეძებდნენ სიკვდილის დადასტურების სანდო მეთოდს. მაგალითად, მეცხრამეტე საუკუნის ფრანგი ექიმი მარი-გიიომ-ალფონს დევერჟი მკერდზე მცირე განაკვეთს აკეთებდა და შიგ თითს ყოფდა, რომ შეხებით შეემოწმებინა, ფეთქავდა თუ არა გული.
გვამურ ლაქებს პირველად ლაკასანმა მიაქცია ყურადღება და მათი გაჩენის მიზეზსაც მიაგნო:
როდესაც გული ფეთქვას წყვეტს, სისხლი, რომელიც მანამდე მთელ სხეულში მიმოიქცეოდა, დედამიწის მიზიდულობის ძალის გავლენით დაბლა ეშვება და სხეულის იმ ნაწილში გროვდება, რომელიც სიკვდილის დროს ქვემოთ იყო მოქცეული. ასეთ ადგილებზე სიკვდილიდან 2-4 საათში (სიკვდილის გარემოებათა შესაბამისად) კანი მოლურჯო-მოიისფრო ლაქებით იფარება.
რა შუაშია სასამართლო მედიცინა?
საქმე ის არის, რომ გვამური ლაქების წარმოქმნა მკაცრ კანონზომიერებებს ემორჩილება და მათზე დაკვირვება გამოცდილ ექსპერტს ძალზე ფასეულ ინფორმაციას აწვდის. კერძოდ, გვამურ ლაქებზე დაკვირვებით შეიძლება, მეტ-ნაკლები სიზუსტით განისაზღვროს სიკვდილის დრო, სიკვდილის სისწრაფე, სხეულის მდებარეობა სიკვდილის მომენტში, მდებარეობის ცვლილება სიკვდილის შემდეგ (მაგალითად, თუ ლაქები ზემოთაც არის და ქვემოთაც, ეს იმის ნიშანია, რომ სიკვდილიდან მცირე ხნის შემდეგ სხეული გადააბრუნეს), გარემო, რომელშიც იმყოფებოდა სხეული სიკვდილის შემდეგ (მაგალითად, საწოლზე იწვა, იატაკზე თუ მიწაზე. თუ ლაქებზე აღბეჭდილი ფაქტურა გვამის აღმოჩენის ადგილს არ შეესაბამება, ეს ნიშნავს, რომ ადამიანი სხვაგან გარდაიცვალა), ზოგიერთ შემთხვევაში – სიკვდილის მიზეზიც.
უკანასკნელი ასი წლის განმავლობაში მედიცინამ უდიდესი პროგრესი განიცადა. თანამედროვე ტექნოლოგიები სიკვდილის გარემოებებთან დაკავშირებულ ფაქტობრივად ყველა კითხვაზე იძლევა პასუხს. ლაკასანის მეთოდი მათთან შედარებით უხეში და მიახლოებითია, მაგრამ ერთი უდავო ღირსება აქვს – გვამური ლაქების შეფასება ყოველგვარი ხელსაწყოსა თუ რეაქტივის გარეშე, შეუიარაღებელი თვალით არის შესაძლებელი, ამიტომ ისინი დღემდე რჩება პირველ კრიტერიუმად, რომლის მეშვეობითაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი გვამის აღმოჩენისთანავე, მეყსეულად მონიშნავს გამოძიებისთვის მეტად მნიშვნელოვან ორიენტირებს.
***
გადმოცემის თანახმად, სწორედ ბიოლოგიური სიკვდილის ამოცნობის შეუძლებლობას შეეწირა ანდრეას ვეზალიუსი – კარლოს მეხუთისა და ფილიპე მეორის კარის ექიმი, პადუის უნივერსიტეტის პროფესორი და თანამედროვე მეცნიერული ანატომიის ფუძემდებელი, და დაუჯერებელია, მაგრამ კაცობრიობამ ამ უდიდესი მეცნიერის საფლავის ადგილსამყოფელიც კი არ იცის.
1564 წელს ვეზალიუსი იერუსალიმში გაემგზავრა წმინდა ადგილების მოსალოცად. როგორც ამბობენ, ეს იყო სასჯელი ლეთარგიულ ძილში მყოფი ადამიანის გაკვეთისთვის. ექიმის შეცდომა, ბუნებრივია, მკვლელობად იქნა კვალიფიცირებული. ინკვიზიცია ვეზალიუსის სიკვდილით დასჯას მოითხოვდა, მაგრამ ფილიპე მეორის შუამდგომლობით მეცნიერი შეიწყალეს და იერუსალიმის წმინდა ადგილების მოლოცვა აკმარეს... ეს მოგზაურობა მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა – გემი, რომლითაც ვეზალიუსი იერუსალიმიდან ბრუნდებოდა, იონიის ზღვაში დაიღუპა, მეცნიერი კი კუნძულ ძაკინთოსზე გაირიყა, სადაც, სავარაუდოდ, გარდაიცვალა კიდეც. როდის და რა ვითარებაში – უცნობია.
თანამედროვე ისტორიკოსები ვეზალიუსის მიერ ცოცხალი ადამიანის გაკვეთის ამბავს ლეგენდად მიიჩნევენ, თუმცა თვით ასეთი გადმოცემის არსებობაც კი ცხადყოფს, რაოდენ სტიგმატიზებული იყო მეთექვსმეტე საუკუნეში ყველაფერი, რაც გაკვეთის გზით ადამიანის სხეულის შესწავლას ეხებოდა. ამიტომ იყო, რომ მეთორმეტე-მეცამეტე საუკუნეებშიც კი მომავალი ექიმები ანატომიას რომაელი ექიმის, გალენუსის, ათი საუკუნით ადრე შექმნილი ნაშრომით სწავლობდნენ, ანატომიის ზედმიწევნითი ცოდნის გარეშე კი მედიცინის განვითარება, ცხადია, წარმოუდგენელი იყო.
ზოგიერთი ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ, მოარული აზრის საპირისპიროდ, ეკლესიას ამაში ბრალი არ მიუძღვოდა, უბრალოდ, პაპ ალექსანდრე მესამის ფრაზა “ეკლესიას სძულს სისხლი” შეცდომით იქნა გაგებული და საფუძვლად დაედო მცდარ წარმოდგენას, თითქოს ეკლესია ანატომიის შესწავლას ეწინააღმდეგებოდა.
ასე იყო თუ ისე, მას შემდეგ, რაც ქრისტიანობამ ძალა მოიკრიბა და მსოფლიო რელიგიად იქცა, გვამების გაკვეთა მკრეხელობად იქნა მიჩნეული და ტაბუ დაედო. ასე გაგრძელდა 1315 წლამდე, ვიდრე ბოლონიის უნივერსიტეტის პროფესორმა მონდინო დე ლუციმ აუტოფსიისთვის ვატიკანის ოფიციალური ნებართვა არ მოიპოვა.
ნავსი გატყდა და მედიცინამ ნელ-ნელა დაიწყო დანაკარგის ანაზღაურება. გვამების გაკვეთა თანდათან მისაღებ პრაქტიკად იქცა და 1543 წლისთვის ვეზალიუსს საკმაო ცოდნა დაუგროვდა საიმისოდ, რომ გამოეცა თავისი უმთავრესი ნაშრომი “Dე ჰუმანი ცორპორის ფაბრიცა ლიბრი სეპტემ” – “ადამიანის სხეულის აგებულების შესახებ”, რომელშიც გალენუსის შეცდომები გამოასწორა და მეცნიერებაში არსებული მრავალი ხარვეზი შეავსო.
ვეზალიუსის მფარველის კარლოს მეხუთის დამსახურებით, სამედიცინო ცოდნა სამართალწარმოების მნიშვნელოვან ინსტრუმენტად იქცა, საუკუნე-ნახევრის შემდეგ კი ლაიფციგის უნივერსიტეტის ანატომიის პროფესორმა იოჰანეს ბონმა პირველად გამოიყენა ტერმინი “სასამართლო მედიცინა”.
***
კიდევ ერთი ადამიანი, რომელმაც ღრმა კვალი დატოვა სასამართლო მედიცინის ისტორიაში, იყო ლაკასანის უფროსი თანამედროვე – ოგიუსტ-ამბრუაზ ტარდიე. პარიზის უნივერსიტეტის სასამართლო მედიცინის პროფესორმა, საფრანგეთის სამედიცინო აკადემიის პრეზიდენტმა თავისი კარიერის განმავლობაში ხუთი ათასზე მეტ სასამართლო პროცესში მიიღო მონაწილეობა მიწვეული ექსპერტის რანგში და მათ საფუძველზე ათამდე ნაშრომი შექმნა.
ეს ბრწყინვალე მეცნიერი და დიდი ჰუმანისტი განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდებოდა ბავშვების მიმართ ძალადობის საკითხებს. მან ბავშვის უფლებათა კონვენციის შექმნამდე საუკუნით ადრე გაამახვილა ყურადღება ფაბრიკებსა და მაღაროებში ბავშვების გაუსაძლის შრომაზე და აღწერა ოჯახში სასტიკი მოპყრობის რამდენიმე ათეული შემთხვევა, რომელთა ნაწილიც სიკვდილით დასრულდა.
მეცხრამეტე საუკუნის პირველი ნახევრის ევროპაში ჯერ კიდევ გავრცელებული იყო ახალშობილთა მოკვდინების შემზარავი პრაქტიკა: არასასურველ და უკანონო ბავშვებს დაბადებისთანავე გუდავდნენ.
კანონი, რა თქმა უნდა, იცავდა ჩვილებს; პრობლემა ის იყო, რომ ჯერ კიდევ არ არსებობდა სანდო მეთოდი, რომლის მეშვეობითაც მოკლული ბავშვის მკვდრადშობილისგან გარჩევა, მაშასადამე, თვით დანაშაულის ფაქტის დადგენა გახდებოდა შესაძლებელი.
ტარდიემ რამდენიმე ახალშობილის ცხედარი გაკვეთა და შეისწავლა. სწორედ მაშინ მიაქცია ყურადღება პლევრისა და ეპიკარდიუმის ქვეშ არსებულ მუქ წითელ წინწკლებს და დაადგინა, რომ ეს მექანიკური ასფიქსიის შედეგად წარმოქმნილი წერტილოვანი სისხლჩაქცევები იყო. საქმე ის არის, რომ ასფიქსიის დროს იმატებს, სისხლის წნევა, მასთან ერთად – კაპილარების კედლის განვლადობაც და სისხლი მიმდებარე ქსოვილებში ჟონავს.
დღეს ასეთ სისხლჩაქცევებს, მეცნიერის პატივსაცემად, ტარდიეს ლაქებს უწოდებენ.
ამჟამად ცნობილია, რომ ტარდიეს ლაქები არც მხოლოდ ასფიქსიის შემთხვევაში წარმოიშობა და, მით უმეტეს, არც ძალადობრივი სიკვდილის უტყუარი ნიშანია (როგორც ტარდიეს ეგონა) – ისინი შეიძლება გაჩნდეს ნებისმიერი მიზეზით გამოწვეული ჟანგბადოვანი შიმშილის და, ზოგიერთ შემთხვევაში, მოწამვლის დროსაც, მაგრამ მათმა აღმოჩენამ კიდევ ერთი შტრიხით გაამდიდრა სასამართლო-სამედიცინო პრაქტიკა და დღემდე ინარჩუნებს მნიშვნელობას გარდაცვალების მიზეზის დადგენისას.
***
1894 წლის ოქტომბერში, სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობისას, ლაიფციგში, წმინდა იოანეს სახელობის ეკლესიასთან არსებულ ძველ სასაფლაოზე, იპოვეს სამი მუხის კუბო, რომელთაგან ერთ-ერთში, სავარაუდოდ, იოჰან სებასტიან ბახის ნეშტი უნდა ყოფილიყო. ცნობილი ექიმისა და მუსიკოსის, ნობელის პრემიის ლაურეატ ალბერტ შვეიცერის გადმოცემით, “ეს გახლდათ ხანდაზმული, არც ისე მაღალი, მაგრამ მაგარი აგებულების ადამიანის ძვლები. თავის ქალას, ერთი შეხედვით, ისეთი ფორმა ჰქონდა, როგორიც ბახის პორტრეტების მიხედვით შეიძლებოდა გვევარაუდა: წინ წამოწეული ქვედა ყბა, მაღალი შუბლი, თვალის ღრმა ფოსოები და კარგად განვითარებული შუბლისა და ცხვირის ძვლები... შეინიშნებოდა რამდენიმე თავისებურებაც: სმენის შინაგანი ორგანოების მფარავი უჩვეულოდ მაგარი საფეთქლის ძვალი და განსაცვიფრებლად დიდი ფენესტრუმ როტუნდუმ (მრგვალი ფანჯარა, შიგნითა ყურის დასაწყისში მდებარე ხვრელი, რომელზეც გადაჭიმულია დაფის აპკი, – რედ.)”.
ჩონჩხი ცნობილ შვეიცარიელ ანატომს ვილჰელმ ჰისს გადასცეს ბახთან მისი იგივეობის დასადგენად. ჰისი დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდა დავალებას და დაწვრილებითი ოსტეოლოგიური ექსპერტიზა ჩაატარა. საფეთქლის ძვლისა და მრგვალი ფანჯრის თავისებურებები კი იმის უტყუარ საბუთად მიიჩნია, რომ ჩონჩხი მუსიკოსს ეკუთვნოდა.
ექსპერტიზის შედეგებით შეგულიანებულმა ჰისმა ერთი თამამი იდეის ხორცშესხმა – თავის ქალას საფუძველზე კომპოზიტორის სკულპტურული პორტრეტის შექმნა გადაწყვიტა.
სანამ პროექტის გადამწყვეტ ფაზას შეუდგებოდა, ჰისმა ოცდაჩვიდმეტი გვამი გამოიკვლია და სახის რბილი ქსოვილების სისქის ეტალონური ტაბულა შექმნა. ქსოვილის სისქეს ჰისი ამოწმებდა დაზეთილი ნემსით, რომელსაც რეზინის მრგვალი ნაჭერი ჰქონდა წამოცმული. ნემსის ქსოვილში ჩარჭობისას “ტივტივა” თავისუფალი ბოლოსკენ მისრიალებდა და ჩერდებოდა, როცა ნემსი ძვალს მიაღწევდა.
ასე შეისწავლა ჰისმა სახეზე წინასწარ მონიშნული თხუთმეტი წერტილი.
ამის შემდეგ ანატომმა დაამზადა ბახის თავის ქალას თაბაშირის ასლი, მონიშნა მასზე საჭირო წერტილები, მიუთითა თითოეულ წერტილში ქსოვილის საორიენტაციო სისქე და ეს ყველაფერი ცნობილ ლაიფციგელ მოქანდაკეს კარლ ზეფნერს გადასცა.
სახის იმ ნაწილების მოდელირებისთვის, რომელთა სარწმუნო ანატომიური მონაცემები არ არსებობდა, ზეფნერმა ბახის სიცოცხლეში შექმნილი ცნობილი პორტრეტი გამოიყენა.
1895 წელს რეკონსტრუქცია დასრულდა და ბახის თაყვანისმცემლებს ხელოვანის სამგანზომილებიანი გამოსახულება წარუდგინეს. ფერწერულ პორტრეტებთან მსგავსება აშკარა იყო, რამაც ჰისიც და ევროპის კულტურული საზოგადოებაც საბოლოოდ დაარწმუნა, რომ სასაფლაოზე ნაპოვნი ნეშტი ნამდვილად დიდ კომპოზიტორს ეკუთვნოდა.
ჰისის და ზეფნერის შრომის ნაყოფი, თაბაშირის ბიუსტი, ამჟამად ეიზენახში, ბახის სახლ-მუზეუმში ინახება, ხოლო მის მიხედვით 1908 წელს ზეფნერისავე ხელით შექმნილი ბრინჯაოს ქანდაკება ლაიფციგის წმინდა თომას ეკლესიის შესასვლელს ამშვენებს.
იმ დროისთვის ეს მსოფლიო სენსაციად იქცა, თუმცა ჰისი არ ყოფილა პირველი, ვინც თავის ქალას მიხედვით ადამიანის სახის აღდგენა სცადა. პიონერი გახლდათ ბონელი ათროპოლოგი ჰერმან შააფჰაუზენი, მანამდე კი ამ მიმართულებით უდიდესი სამუშაო გასწია ევროპის პირველი ანთროპოლოგიური საზოგადოების დამაარსებელმა პოლ ბროკამ. დიახ, სწორედ იმ პოლ ბროკამ, რომელმაც ტვინში მეტყველების ცენტრი აღმოაჩინა და საკუთარი სხეული ანდერძით მეცნიერებას უანდერძა (თავად ბროკას ტვინი ამჟამად პარიზის ადამიანის მუზეუმშია დაცული).
დღეს თაბაშირით, რა თქმა უნდა, აღარავინ მუშაობს, მეცნიერებს სპეციალური კომპიუტერული პროგრამები ეხმარება, მაგრამ ოსტეოლოგიური მონაცემების საფუძველზე სახის რეკონსტრუქციის მეთოდი დღემდე კრიმინალისტიკის ერთ-ერთი შეუცვლელი იარაღია.
ქეთევან ნიკოლეიშვილი