როგორ შევარჩიოთ ფრიტიურის აპარატი

გააზიარე:

 

ცოდვა გამხელილი ჯობია და ყოველთვის ვერ ვუმკლავდები ნიგვზით, ყავის კრემითა და ათქვეფილი ნაღებით მორთული ტორტით ყელის ჩაკოკლოზინების ცდუნებას, ღორის ქონში მადის აღმძვრელად შებრაწული კარტოფილიც ძალიან მიყვარს და ერბონარევი ყველით გულამოვსებულ ხაჭაპურსაც სიამოვნებით გეახლებით, მაგრამ ერთსაც, მეორესაც და მესამესაც დაუფიქრებლად შეველევი ღუმელში გამომცხვარი, ყველმოხეხილი და არაჟანმოსხმული ბოსტნეულის ომლეტისთვის (მე უმეტესად კარტოფილის, ბროკოლისა და ბულგარული წიწაკისგან ვამზადებ, თუმცა, რასაკვირველია, ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია, შემადგენლობა სურვილისამებრ ცვალოს). ლორით, ყველითა და ზეითუნის ზეთით შეზავებულ უმი კიტრისა და პომიდვრის სალათაზე, დარწმუნებული ვარ, არც თქვენ იტყოდით უარს. ლიმონის წვენმოსხმული, გრილზე შემწვარი თევზი და ქათმის ფილე ანანასის ან სოკოს გარნირით ხომ მთლად ღმერთების საკადრისია!

კიდევ უამრავ გემრიელ კერძს ჩამოგითვლიდით, რომელთა მარგებლობის კოეფიციენტს ყველაზე ჭირვეული გურმანიც ვერ დასდებს წუნს, მაგრამ თუ მაინცდამაინც ცხიმში შებრაწული კატლეტი ან კარტოფილი ფრი გირჩევნიათ და ფრიტიურის აპარატის ყიდვაზე ოცნებობთ, ნება თქვენია. სიამოვნებით გაგიზიარებთ, რაც მის შესახებ ვიცი (იმ პირობით, რომ ვახშმად დამპატიჟებთ და სწორედ ამ აპარატში მომზადებული ბელიაშით გამიმასპინძლდებით).

 

როგორ შევარჩიოთ ფრიტიურის აპარატი

 

თავდაპირველად გაარკვიეთ, რა სიმძლავრისაა აპარატი – რაც უფრო მძლავრია, მით უფრო სწრაფად ცხელდება ზეთი. ფრიტიურის აპარატების სიმძლავრე საშუალოდ 1200-2500 ვატია. გაითვალისწინეთ ისიც, რომ რაც უფრო პატარაა ჯამი, მით უფრო მცირე სიმძლავრე სჭირდება აპარატს. დიდი სიმძლავრის აპარატის კონტეინერი შესაძლოა 5 ლიტრამდე ზეთსაც იტევდეს.

ყურადღება მიაქციეთ ჯამის არა მხოლოდ ტევადობას, არამედ მასალასაც – ის შესაძლოა იყოს ალუმინისა, უჟანგავი ლითონისა, მომინანქრებული ან ტეფლონისა.

ალუმინი და უჟანგავი ლითონი სწრაფად ცხელდება და არ იწვავს. ტეფლონის ზედაპირზე ნარჩენების მიწვაც, ფაქტობრივად, გამორიცხულია. მომინანქრებული ზედაპირი მალე ყვითლდება, იწვება და პროდუქტსაც უფრო იოლად იწვავს, თუმცა მოდელები, რომლებსაც ასეთი ჯამები მოჰყვება, უფრო იაფიცაა.

ფრიტიურის აპარატი, რომლის ჯამიც დახრილად ბრუნავს, ორჯერ უფრო ეკონომიურია, რადგან ნაკლები ზეთის ჩასხმას მოითხოვს – 1-1,2 ლიტრი საკმარისია 1 კგ პროდუქტის მოსამზადებლად, მაშინ როცა ჩვეულებრივ მოდელში 1 კგ კარტოფილის შესაწვავად 2 ლიტრი ზეთი დაგჭირდებათ.

არსებობს ეგრეთ წოდებული უზეთო მოდელებიც, რომლებსაც აეროფრიტიურს უწოდებენ. მათ 1 კგ კარტოფილის მოსამზადებლად ერთი სუფრის კოვზი ზეთიც ჰყოფნით. ამასთან, მზა პროდუქტი არც შესახედაობით, არც გემოთი არ განსხვავდება ჩვეულებრივი ფრისგან.

აეროფრიტიურის აპარატი აირღუმელის პრინციპით მუშაობს – პროდუქტს ცხელი ჰაერის ზემოქმედებით წვავს, ამიტომ მასში მომზადებული კერძი უფრო ნაკლებკალორიული და ჯანსაღია.

ჩვეულებრივ ფრიტიურის აპარატში პროდუქტს შესაწვავად არა ჯამში, არამედ სპეციალურ კალათაში ათავსებენ, რომელიც პროდუქტიანად უნდა ჩაუშვათ ზეთით სავსე ჯამში. ყურადღება მიაქციეთ კალათის მასალასაც – უჟანგავი ლითონი, რა თქმა უნდა, საუკეთესო არჩევანია.

გასათვალისწინებელია კალათის ტევადობაც – მისი მაჩვენებელი შესაძლოა ან თავად კალათაზე, ან ინსტრუქციაში იყოს მითითებული. ტევადობა აჩვენებს კალათაში მოსათავსებელი პროდუქტის (უმთავრესად – კარტოფილის ნაჭრების) მაქსიმალურ მასას, თუმცა ზოგიერთი მწარმოებელი ინსტრუქციაში სხვა პროდუქტების მაქსიმალურ მასასაც მიუთითებს.

 

ფილტრები

ფრიტიურის აპარატებს უმთავრესად ორნაირი ფილტრი აქვს: სუნის საწინააღმდეგო, რომელიც სამზარეულოს უსიამოვნო სუნისგან იცავს და ზეთისა, რომელიც ზეთს წმენდს, რათა მისი მეორედ გამოყენებაც შეძლოთ. მიუხედავად ამ მექანიზმის არსებობისა, გაითვალისწინეთ, რომ ერთხელ უკვე გამოყენებული ზეთი საკვებად უვარგისია.

ორივე სახის ფილტრი შეიძლება იყოს სტაციონარულიც და მოსახსნელიც. პირველი არ იცვლება, მაგრამ იხსნება და იოლად ირეცხება (ჭურჭლის სარეცხ მანქანაშიც კი), მეორე კი დროდადრო გამოცვლას მოითხოვს. სუნის შესაკავებლად მოსახსნელი ფილტრი ჯობს – ის იონიზებულია, რამდენიმე შრისგან შედგება და სუნის განეიტრალების საუკეთესო მექანიზმით არის აღჭურვილი, სტაციონარული ფილტრი კი ყოველი გამოყენების შემდეგ უნდა გაირეცხოს.

რაც შეეხება ზეთის წმენდას, აქ სტაციონარულიც და მოსახსნელიც თანაბრად ეფექტურად მუშაობს, ამ ფუნქციას ორივე შესანიშნავად ართმევს თავს, თუმცა ზეთის ფილტრი ფრიტიურის აპარატის სტანდარტულ კომპლექტში არ შედის, მისი ცალკე შეძენა მოგიწევთ.

 

როგორ მოვუაროთ

ფრიტიურის აპარატის სისუფთავე აუცილებელია, რათა კერძი ზედმიწევნით უვნებელი იყოს, ამიტომ უმჯობესია შეიძინოთ მოდელი, რომელიც იშლება და ადვილად ირეცხება. აპარატს უნდა ჰქონდეს ზეთისთვის განკუთვნილი მოსახსნელი ჯამი, მოსახსნელი თავსახური და მოსახსნელი ფილტრი, რომლებიც ცალ-ცალკე ირეცხება, ხელითაც და ჭურჭლის სარეცხი მანქანითაც.

 

გამათბობელი ელემენტი

ფრიტიურის აპარატის გამათბობელი ელემენტი ღიაც შეიძლება იყოს და დახურულიც. ეს უკანასკნელი გარედან არ ჩანს, რადგან ფოლადის ბრტყელი ფირფიტის ქვეშ არის მოთავსებული. თანამედროვე მოდელებში ღია ელემენტს ფაქტობრივად აღარ იყენებენ, რადგან დახურული, მიუხედავად იმისა, რომ უფრო გვიან ცხელდება, გაცილებით უსაფრთხო და ადვილი მოსავლელია.

უახლეს მოდელებს აქვს ცივი ფსკერის სისტემა – ჩოოლ ძონე. ეს ზონა კონტეინერის ქვედა ნაწილში, გამაცხელებელ ელემენტსა და კონტეინერის ფსკერს შორის, მდებარეობს და ზეთს საშუალებას არ აძლევს, საჭიროზე მეტად გაცხელდეს. საკვების ნამცეცები ამ ზონაში მოხვედრისას არ იწვება, რისი წყალობითაც ზეთი მეტხანს ინარჩუნებს სისუფთავეს.

თავად ზეთის ტემპერატურის რეგულირება კი მართვის ბლოკის საშუალებითაა შესაძლებელი.

მართვის სისტემა ორი ტიპისაა: ნახევრად ავტომატური ანუ ელექტრომექანიკური და ავტომატური ანუ მთლიანად ელექტრონული. ავტომატური მართვის ბლოკი აღჭურვილია ინდიკატორებით, რომლებიც ზეთის სისუფთავისა და ფილტრის დაბინძურების ხარისხს გვიჩვენებს.

ტემპერატურის რეგულირების ვარიანტიც ორია: მწყობრი და მკვეთრი. ეს უკანასკნელი მხოლოდ ერთი ტემპერატურული რეჟიმის არსებობას გულისხმობს, მწყობრი რეგულირებით კი სასურველი ტემპერატურის მითითება შეგიძლიათ. სხვადასხვა პროდუქტის მომზადებისას ეს ვარიანტი უფრო ხელსაყრელია.

 

ტაიმერი

თანამედროვე მოდელები აღჭურვილია ტაიმერით, რომლის წყალობითაც კერძი არ დაგეწვებათ. მიუთითებთ სასურველ დროს და ამ დროის ამოწურვისთანავე ტაიმერი ხმამაღალი სიგნალით გამცნობთ, რომ კერძი მზადაა. თუ დიდი სახლი გაქვთ და კერძის მომზადებისას სხვა ოთახში გასვლა ან ეზოში ჩასვლა მოგიხდათ, შეგიძლიათ, ტაიმერი თან წაიღოთ.

გაითვალისწინეთ: ტაიმერს მექანიზმის გამორთვის ფუნქცია არ გააჩნია, ის მხოლოდ შეგახსენებთ, რომ კერძის მომზადებისთვის განკუთვნილი დრო ამოიწურა, აპარატი უნდა გამორთოთ და კერძი ამოიღოთ. საქმე ის გახლავთ, რომ ავტომატური გათიშვის მექანიზმის არსებობას აზრი არ აქვს, რადგან ზეთი დიდხანს ინარჩუნებს მაღალ ტემპერატურას და თუ პროდუქტი მასში საჭიროზე მეტხანს დატოვეთ, შესაძლოა, დაგეწვათ კიდეც.

თუმცა ფრიტიურის აპარატების უმრავლესობას ავტომატური გათიშვის მექანიზმი მაინც აქვს. ის მაშინ ამოქმედდება, როცა ზეთი საჭირო ტემპერატურას აღწევს. ზეთს ეს მექანიზმი არ აგრილებს, ასე რომ, თუ შინიდან გახვედით და აპარატი ჩართული დაგრჩათ, კერძის დაწვას ვერ გადაურჩებით, მაგრამ ხანძრის გაჩენა პრაქტიკულად გამორიცხულია.

 

რჩევები

* სასურველია, გაყინულ პროდუქტს კალათაში ჩაწყობამდე ყინულის კრისტალები მოაცილოთ – სითხის სიჭარბისგან ზეთი შესაძლოა გადმოიღვაროს.

* ეცადეთ, ერთმანეთში არ აურიოთ ახალი და უკვე გამოყენებული ზეთი – ეს არათუ ვერ გააუმჯობესებს, არამედ გააუარესებს კიდეც კერძის გემოს.

* ფრიტურის აპარატის გამართული მუშაობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ზეთის ხარისხს, ამიტომ ეცადეთ, მხოლოდ ხარისხიანი გამოიყენოთ.

* კალათამ პროდუქტი რომ არ მიიკრას, გამოყენებამდე ზეთი მოუსვით.

გააზიარე: