თეთრხალათიანი დეტექტივები - ვინ და როგორ შექმნა სასამართლო მედიცინა

გააზიარე:

იცოდით, რომ იმ ოცდასამი ჭრილობიდან, რომლებიც იულიუს კეისარს მიაყენეს შეთქმულებმა, მხოლოდ ერთი იყო სასიკვდილო? ყოველ შემთხვევაში, ასეთი დასკვნა გამოიტანა დიქტატორის მკვლელობის გარემოებათა გამოძიებისთვის მიწვეულმა ექიმმა, რის შესახებაც გაიუს სვეტონიუს ტრანკვილუსი თავის ცნობილ ნაშრომში  – "თორმეტი კეისრის ცხოვრებაში“ მოგვითხრობს.

ყველამ, ვინც დეტექტიური ჟანრის ლიტერატურით ან კინოთია გატაცებული, იცის, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის გარეშე სისხლის სამართლის დანაშაულთა გამოძიება წარმოუდგენელია. სწორედ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზას შეუძლია, დაბეჯითებით გვიპასუხოს კითხვებზე: ბუნებრივად ან უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ადამიანი თუ ძალადობას ემსხვერპლა; სად და როგორ გაატარა სიცოცხლის უკანასკნელი წუთები; ჰქონდა თუ არა სიკვდილის წინ ფიზიკური კონტაქტი სხვა ადამიანთან და თუ კი – ვისთან (რა თქმა უნდა, სავარაუდო მკვლელის საპასპორტო მონაცემებს ექსპერტები მიკროსკოპში ვერ ამოიკითხავენ, მაგრამ მსხვერპლის სხეულზე დარჩენილი ბიოლოგიური მასალის მიხედვით შეუძლიათ გაიგონ მისი სისხლის ჯგუფი, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – გენეტიკური კოდიც, რაც დამნაშავის ძებნას საგრძნობლად აადვილებს)... ეს და სხვა დეტალები, რომლებიც ნათელს ჰფენს გარდაცვლილის წარსულისა და აწმყოს, ცხოვრებისა და საქმიანობის მანამდე უცნობ მხარეებს, გამოძიებას ფასდაუდებელ დახმარებას უწევს.

ჰოლმსის მეთოდი

შერლოკ ჰოლმსს წარდგენა არ სჭირდება. ართურ კონან დოილის წარმოსახვის ეს ბრწყინვალე ნაყოფი გამოჩენისთანავე საკულტო პერსონაჟად იქცა და დეტექტივს როგორც ლიტერატურულ ჟანრს მილიონობით თაყვანისმცემელი შესძინა.

რა შუაშია ჰოლმსი?

პირველი ასოციაცია, რომელიც მისი ხსენებისას უჩნდება მკითხველთა უმრავლესობას, დედუქციური მეთოდია. ლოგიკურ აზროვნებაზე დამყარებული გამოძიების ეს მეთოდი გენიალური მაძებრის ხელში მართლაც უძლეველ იარაღად იქცა, მაგრამ თუ ექიმ უოტსონის ჩანაწერებს ყურადღებით კითხულობდით, გემახსოვრებათ, რომ ჰოლმსის უბადლო ლოგიკას ზურგს უმაგრებდა ანატომიისა და პათანატომიის, ქიმიისა და ფარმაკოლოგიის ბრწყინვალე ცოდნა.

დიახ, კრიმინალისტიკა გაცილებით მეტია, ვიდრე ბუხრის პირას, რბილ სავარძელში, ჩიბუხით ხელში, რთული ლოგიკური ამოცანების მოხდენილი გადაწყვეტა. და, თუ სიმართლე გინდათ, ასე მხოლოდ წიგნებში ხდება. რეალურ ცხოვრებაში კი სახელგანთქმული მაძებრების ზურგს უკან დგანან ადამიანები, რომლებიც სამძებრო საქმის კორიფეებს ამ ამოცანების გადასაწყვეტად აუცილებელი ინფორმაციით ამარაგებენ. ისინი არც გარდასახვის სასწაულებს გვიჩვენებენ, არც მიზანში ეფექტური სროლით იწონებენ თავს და არც დამსახურებული ტრიუმფით ტკბებიან საშიში დამნაშავის დაკავების შემდეგ. მათი საქმიანობა მძიმეა, მოსაწყენი, ხშირად – არცთუ სასიამოვნო: გვამის გაკვეთა და სკრუპულოზური დათვალიერება, ქიმიური და ბიოლოგიური მასალის შესწავლა, მონაცემების ანალიზი და შეჯერება... მეტი სიცხადისთვის დავძენთ, რომ ადამიანი შეიძლება რამდენიმე თვის გარდაცვლილიც კი იყოს, ხოლო მშრალი და ოფიციალური "ბიოლოგიური მასალა" რეალურად პირნაღებ მასას ან კუჭ-ნაწლავის შიგთავსს გულისხმობდეს. დამეთანხმებით, ამ ყველაფრისთვის რკინის ნერვები და პროფესიის თავგანწირული სიყვარულია საჭირო, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ცოდნა, რომელსაც უამრავი ადამიანის თავდაუზოგავ შრომას და ძიების წყურვილს უნდა ვუმადლოდეთ.

ქვემოთ სწორედ ამ ადამიანების შესახებ  გიამბობთ.

პირველი ნაბიჯები

"დიდ აღმოჩენებს დიდი საიდუმლოები შობს", – ამბობდა ალექსანდრ ლაკასანი, ლიონის უნივერსიტეტის მედიცინის პროფესორი. ადამიანის სხეული კი საიდუმლოთა უძირო სკივრია. დღესაც კი. წარმოიდგინეთ, რაოდენ რთული იყო ამ ლაბირინთში გზის გაკვლევა ძველად, როდესაც არც მიკროსკოპი არსებობდა, არც რენტგენის აპარატი და ექიმები იძულებული იყვნენ, იმას დასჯერებოდნენ, რასაც საკუთარი ხელით ეხებოდნენ და საკუთარი (შეუიარაღებელი) თვალით ხედავდნენ.

იმას, რაც დღეს საშუალოსტატისტიკურმა მოსწავლემაც კი იცის, საუკუნეების განმავლობაში ნამცეც-ნამცეც აგროვებდა კაცობრიობა. ყოველი გარღვევა, ყოველი ახალი აღმოჩენა უდიდესი, მართლაც ტიტანური ძალისხმევის ფასად მიიღწეოდა. ადამიანის ანატომიის ზედმიწევნითი ცოდნის გარეშე მედიცინის განვითარება, ცხადია, წარმოუდგენელი იყო, ანატომიის შესწავლა კი ევროპაში ფაქტობრივად მხოლოდ მეცამეტე საუკუნიდან დაიწყო – მას შემდეგ, რაც თითქმის ათსაუკუნოვანი სტაგნაციის შემდეგ ვატიკანმა ექიმებს ოფიციალურად დართო გვამების გაკვეთის ნება.

* * *

გინდ დაიჯერეთ, გინდ არა – აზიამ, რომელიც ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის დასაწყისში ტექნოლოგიურად და ცხოვრების დონით საგრძნობლად ჩამორჩებოდა ევროპას, სასამართლო მედიცინის მნიშვნელობა ხუთი საუკუნით ადრე აღიარა. მაშინ, როდესაც ევროპის ქვეყნებში ექიმებს ოფიციალურად მხოლოდ მეთექვსმეტე საუკუნეში დართეს საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის ნება, ჩინეთში მეათე საუკუნეში უკვე არსებობდა სასამართლო-სამედიცინო სისტემა, ურომლისოდაც საეჭვო გარემოებებში გარდაცვალების არც ერთი გამოძიება არ ჩაივლიდა. მეათე საუკუნეშივე შეიქმნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ერთგვარი სახელმძღვანელო "ძინ იან გე მუ" – "გამოძიებისა და ექსპერტიზის საკითხები", რომელშიც დაწვრილებით იყო აღწერილი გვამის დათვალიერების მეთოდიკა. მეცამეტე საუკუნის პირველ ნახევარში კი სასამართლოს მრჩეველმა სუნ-ციმ შექმნა კიდევ უფრო სრულყოფილი ნაშრომი "ძი იუან ლუ", რომელშიც აღწერდა, მაგალითად, როგორ გაერჩიათ ერთმანეთისგან სიცოცხლეში და სიკვდილის შემდეგ მიღებული დაზიანებები, როგორ ამოეცნოთ დარიშხანით, ვერცხლისწყლით, შხამასოკოთი, თევზით, მხუთავი აირით მოწამვლის ნიშნები, როგორ დაედგინათ გარდაცვალების დრო გვამური ლაქებისა და გვამური გაშეშების მიხედვით. სამედიცინო ექსპერტიზისთვის მიწვეულ ექიმებს ხელთ ჰქონდათ სპეციალური ბლანკები, რომლებზეც ადამიანის სხეულის კონტური იყო მოხაზული. გვამის დათვალიერებისას ექსპერტი ამ კონტურზე მონიშნავდა აღმოჩენილ დაზიანებათა ადგილმდებარეობას და მათ  ხასიათს.

ერთ-ერთი პირველი საგამოძიებო ექსპერიმენტიც მეათე საუკუნეში ჩინეთში ჩატარდა.

წარმოიდგინეთ, რომ ნახანძრალ სახლში დანახშირებული გვამი იპოვეთ. როგორ გაიგებთ, ხანძარს შეეწირა გარდაცვლილი თუ მოკლეს და კვალის დაფარვის მიზნით სახლს განგებ წაუკიდეს ცეცხლი?

სწორედ ამ დილემას შეეჯახა ცინის ეპოქის ერთი მოსამართლე. განსვენებულის ქვრივი ირწმუნებოდა, რომ ქმარი ხანძარმა იმსხვერპლა, მაგრამ მოსამართლემ თავი მოვალედ მიიჩნია, გარდაცვლილის სიკვდილის გარემოებები ძირისძირობამდე გამოეკვლია. და აი, კონსულტაციისთვის მიწვეულმა ექიმმა ასეთი რამ მოიფიქრა: ფარდულში შეიტანა დაკლული ღორი, იქვე ცოცხალიც დაამწყვდია და ფარდულს ცეცხლი წაუკიდა, ხოლო როცა შენობა (და მასთან ერთად – მეცნიერებას შეწირული პირუტყვიც) დაიწვა, ორივე ცხოველი გაკვეთა. აღმოჩნდა, რომ ცოცხლად დამწვარი ღორის სასუნთქი გზები ჭვარტლის ნაწილაკებით იყო სავსე, დაკლულის ფილტვებში კი ჭვარტლის ნასახიც ვერ იპოვეს. ბუნებრივია – მას ხომ სიკვდილის წინ კვამლითა და ჭვარტლით სავსე ჰაერი არ ჩაუსუნთქავს...

გარდაცვლილის სასუნთქი გზებიც სუფთა იყო და მოსამართლემ ერთადერთი ლოგიკური დასკვნა გამოიტანა: კაცი ხანძრის დაწყებამდე მოკვდა. ვინაიდან სიკვდილის წუთებში მხოლოდ ცოლი იყო მის გვერდით, ბუნებრივია, ეჭვი მასზე მიიტანეს და ქალმაც, სხვა რა გზა ჰქონდა, აღიარა დანაშაული.

გარდაცვლილებს ბევრი რამის თქმა შეუძლიათ, ოღონდ მათი ენა ყველას არ ესმის.

* * *

ევროპაში სასამართლო მედიცინამ სისტემური სახე, ფაქტობრივად, მხოლოდ მეცხრამეტე საუკუნეში მიიღო, თუმცა მისი დაბადების ოფიციალურ თარიღად 1533 წელი მიიჩნევა – კარლოს V ჰაბსბურგმა, საღვთო რომის იმპერატორმა, სწორედ იმ წელს გამოსცა თავისი ძეგლისდება (ერთგვარი სისხლის სამართლის კოდექსი) – “Constitutio Criminalis Carolina”, რომლითაც განაწესა ექიმების სავალდებულო მონაწილეობა ყველა იმ სასამართლო პროცესში, რომელშიც გვამი ფიგურირებდა. და, რა თქმა უნდა, შემთხვევითი არ არის, რომ სწორედ კარლოს V-ის კარზე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ანდრეას ვეზელიუსი – აღორძინების ხანის უდიდესი მეცნიერი, მეცნიერული ანატომიის ფუძემდებელი, რომელმაც თავისი სამეცნიერო დასკვნები სწორედ გვამების გაკვეთით მიღებულ ფაქტობრივ ცოდნაზე დააფუძნა.

თუმცა ამაზე უკვე მომდევნო წერილში მოგითხრობთ.

ქეთევან ნიკოლეიშვილი

გააზიარე: