ირმა ხეცურიანის მსოფლიო ასპარეზი

გააზიარე:

პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანის ისტორიას გიყვებით – ძლიერი, ჯიუტი და მიზანდასახული ქალისა, რომელმაც უამრავი წინააღმდეგობა გადალახა და დღეს მსოფლიო ჩემპიონი, მსოფლიო თასის ჩვიდმეტგზის მფლობელი და ევროპის ვიცე-ჩემპიონია. ის უდავოდ საუკეთესო მაგალითია მათთვის, ვინც, შეზღუდული შესაძლებლობებისა თუ გარემოს მიუხედავად, ოცნებაზე უარს არ ამბობს, მიზნისკენ მიისწრაფვის.

პირველი მოგონებები

ირმას ისტორია აფხაზეთიდან იწყება. ოჩამჩირის რაიონში, კოპწია სოფელ ცაგერაში დაიბადა:

– შრომისმოყვარე ოჯახში გავიზარდე. მახსოვს ჩემი დიდი სახლი და უზარმაზარი ეზო, ხეხილით, შინაური ცხოველებით და ფრინველებით. დედა მკაცრი იყო, მამა – არც ისე, დაიკო – ცელქი და გადარეული, მე და ჩემი ძმა – უფრო მშვიდები და დინჯები. მამიდა მედდა იყო, ბებო ჩაის კრეფდა, ბაბუ წისქვილს ამუშავებდა. ყველაფერი გვქონდა, იმაზე მეტიც კი, ვიდრე საარსებოდ გვჭირდებოდა. მახსოვს სამეზობლო: ყველა თვალებში შეჰყურებდა ერთმანეთს, ეფერებოდა. დიდი ადამიანური სიყვარული ტრიალებდა ჩვენს პატარა სოფელში.

მახსოვს სოფლის სალოცავი ხე, სადაც ტაძარი უნდა აშენებულიყო, ზღვა და ჩემი სოფლის მდინარე. მახსოვს ჩემი პირველი სკოლა და მერხი, დამრიგებელი – ცოტა მკაცრი და საოცრად თბილი. კლასელებთან დღემდე ვმეგობრობ. მეგობრები ერთადერთი სიმდიდრეა, რომელიც აფხაზეთიდან წამომყვა... ჩემი ფესვები ისე დავტოვე, ამ საოცარი მხარის ბოლომდე გაცნობაც ვერ მოვასწარი.

ომმა უმძიმესი კვალი დატოვა ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში და ყველა ხალისიანი მოგონება გადაფარა, თუმცა სადღაც, მეხსიერების სიღრმეში, აფეთქების შემაძრწუნებელი ხმების ფონზე, ეს თბილი კადრები მაინც შემომრჩა. იმედი მაქვს, სულ ჩემთან დარჩება და დავიწყებას არ მიეცემა.

განსაცდელის პირისპირ

აფხაზეთიდან წამოსული ოჯახი წყალტუბოში დასახლდა. ირმა მაშინ ექვსი წლის იყო. ცხოვრებამ თითქოს ისევ იპოვა კალაპოტი – გაჭირვების მიუხედავად, გოგონამ ახლა აქ დაიწყო ლამაზი კადრების და თბილი მოგონებების შეგროვება, მაგრამ მოულოდნელად მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა... ზურგის ტვინის სწრაფად მზარდმა კეთილთვისებიანმა სიმსივნემ მთელი მისი დაგეგმილი მომავალი თავდაყირა დააყენა.

სასწრაფო ოპერაციამ სიცოცხლე შეუნარჩუნა, თუმცა, თვრამეტი წლისამ, ჯერ არ იცოდა, რომ ოპერაციის შემდეგ ეტლით სარგებლობა მოუწევდა... დაიწყო მისი ცხოვრების უმძიმესი პერიოდი – ცხრაწლიანი ჭიდილი უიმედობასთან და ბრძოლა კვლავ ფეხზე დასადგომად.

მთავარია, სუნთქავდე და გამოსავალი ყველა სიტუაციაში მოიძებნებაო, ამბობს დღეს.

– ახლა რომ შეგეძლოს იმ პატარა ირმასთვის რამის თქმა, რას ეტყოდი?

– ეს მდგომარეობა ჩემთვის უცხო და დამთრგუნველი იყო. საკუთარი თავი დიდხანს მებრალებოდა. წუწუნსა და ქვითინში ბევრი დრო დავკარგე. თუმცა ალბათ ეს გზაც უნდა გამევლო, რომ სიტუაციის ადეკვატურად მიღება შემძლებოდა და ცხოვრება გამეგრძელებინა. იმ ირმას ვეტყოდი: არასდროს არაფრის შეგეშინდეს. ყველანაირ მდგომარეობაში მოიძებნება გზა და სინათლის სხივი, რომელსაც შეიძლება მიჰყვე. საკუთარი თავის რწმენა და დიდი მოთმინებაა საჭირო, რომ ყველა გამოწვევა ღირსეულად მიიღო, არ დანებდე და გიყვარდეს საკუთარი თავი ცოტა უფრო მეტად, ვიდრე მანამდე.

ცხოვრება გრძელდება

ეტლით მოსარგებლეებს პირველად კოალიციის “დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის” ბანაკში შეხვდა. მომდევნო წელს ბანაკის ტრენერობა ითავა. იქიდან დაბრუნებულს, თბილისში, პარაოლიმპიურ კომიტეტში ოფისმენეჯერის თანამდებობა შესთავაზეს. უარი არ უთქვამს, თუმცა ოჯახი სკეპტიკურად შეხვდა მის გადაწყვეტილებას – ოთახის ყვავილივით უვლიდნენ და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის ჯერ მზად არ ეგონათ.

თბილისში ბინა იქირავა. უკიბო სახლს ეძებდა – ვერ იპოვა... ამ და სხვა ბარიერებმა გადაწყვეტილება ვერ შეაცვლევინა.

გავიდა ცოტა ხანიც და მის ცხოვრებაში ფარიკაობა გაჩნდა. მისი შესწავლის იდეა მეგობარმა მიაწოდა. თავდაპირველად არ აღფრთოვანებულა, მაგრამ აზრი მალე შეიცვალა. დარბაზში შესვლისთანავე მოიხიბლა ამ სპორტით.

დღეს თავის ყველაზე ძვირფას მონაპოვრად მოფარიკავეთა დიდ ოჯახს მიიჩნევს, ერთიან სხეულს – მწვრთნელს და ნაკრების გოგონებს.

ახსოვს ემოცია, რომელიც პირველ დიდ გამარჯვებას მოჰყვა:

– ენით აუწერელი განცდა მქონდა, ვიფიქრე, ჭკუიდან არ გადავცდე-მეთქი. სიამაყის და სიხარულის ცრემლები მდიოდა – მიხაროდა, რომ გუნდს და ჩემს გულშემატკივრებს იმედი არ გავუცრუე.

ფარიკაობამ ყველა ყოფითი პრობლემა დამავიწყა, ბევრად უფრო თავდაჯერებული, ბრძოლისუნარიანი, სწრაფი გამხადა. საკუთარ თავში ბევრი ისეთი თვისება აღმომაჩენინა, რაზეც ადრე წარმოდგენა არ მქონდა. გამარჯვება, გუნდური მუშაობა, მარცხის ღირსეულად მიღება მასწავლა. რაც მთავარია, საზოგადოებაში საკუთარი ადგილი მაპოვნინა.

მომავალს კიდევ უფრო დიდი იმედით უყურებს:

– ევროპის ჩემპიონატი პანდემიის გამო გადაიდო, ისევე, როგორც მსოფლიო თასი, თუმცა უახლოეს მომავალში ტოკიოში პარაოლიმპიადა გაიმართება და ჩვენმა ნაკრებმა, ინდივიდუალურად თუ გუნდურად, აუცილებლად უნდა შეძლოს ტიტულებით დაბრუნება. მჯერა, რომ 2021 წლის აგვისტოში ოქრო ჩვენი იქნება.

პრობლემები

– პარასპორტს ძალიან კარგი ფინანსური მხარდაჭერა აქვს, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ მხრივ პრობლემა არ არსებობს. სპორტსმენებიც მრავლად არიან და სპორტით დაინტერესებული ადამიანებიც. მჯერა, რომ კავკასიაში ერთადერთი ადაპტირებული სპორტული კომპლექსი, პარასპორტის განვითარების ცენტრი, კიდევ არაერთ წარმატებულ პარასპორტსმენს გაუზრდის ქვეყანას. რაც შეეხება პარასპორტის პოპულარიზაციას, ახალგაზრდებმა უნდა იცოდნენ, რომ მარტივი არაფერია, წარმატება კოლოსალური შრომის ფასად მოდის, მაგრამ როცა მიზანი გაქვს, ეს ძალას გმატებს.

ცხოვრების ჯანსაღი წესი ნიშნავს, გავიხანგრძლივოთ და გავიხალისოთ სიცოცხლე. უნდა გვიყვარდეს ჩვენი სხეული და ვუვლიდეთ მას.

პირადი სივრცე

ბოლო დროს ძალიან დატვირთულია, თუმცა ამბობს, რომ ვარჯიშის შემდეგ ფიზიკური და სულიერი დასვენებისთვის კარგი ფილმი, საინტერესო წიგნი ან გადაცემა ჰყოფნის.

თავის საუკეთესო თვისებად მოთმინება მიაჩნია. შრომისმოყვარეობა კი დედისგან გამომყვაო, ამბობს. სჯერა, რომ მებრძოლი სული, სიახლისკენ სწრაფვა და მიზანი ადამიანს ყველა დაბრკოლების გადალახვაში დაეხმარება. მისივე სიტყვებით რომ ვთქვა, ზომიერად თავმდაბალი, მაგრამ უზომოდ სენტიმენტალურია. უყვარს პოზიტიური ადამიანები და თვითონაც სულ იღიმება.

– განსაკუთრებით მიყვარს ძმისშვილი – ჩემი გადარეული თომა, რომელიც სულ მენატრება. მიყვარს მუსიკა და ბუნება. კიდევ – მეგობრები, ოჯახი, კაპასი ძაღლი, რომელიც მოწყენის საშუალებას არ მაძლევს. მოგზაურობაც დიდ ბედნიერებას მანიჭებს. როცა განწყობაზე ვარ, ბევრს ვლაპარაკობ, ზოგჯერ კი სიჩუმე მირჩევნია. ერთადერთი, რასაც ვერ ვეგუები, უმოძრაობა და სიზარმაცეა.

თანაბარი პირობებისთვის

– შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება თანდათან იცვლება – დღეს უკვე აღარ აღგვიქვამენ ქველმოქმედების ობიექტებად და სიბრალულით აღარ გვიყურებენ, ამაყობენ ჩვენით და მხარდაჭერას გვიცხადებენ. ეჩვევიან აზრს, რომ ჩვენ ამავე საზოგადოების სრულუფლებიანი წევრები ვართ. მიუხედავად ამისა, ადაპტირებული გარემო და ინფრასტრუქტურა კვლავ პრობლემად რჩება.

საქართველოში ამ პრობლემების მოსაგვარებლად პირველი ნაბიჯები გადადგა კოალიციამ “დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის”, რომელიც ოცდაშვიდ ორგანიზაციას აერთიანებს. მათი დაუღალავი შრომის წყალობით, რა თქმა უნდა, დღეს უკეთეს პირობებში ვართ. ჩვენი თემის პრობლემებს სახელმწიფოც პრიორიტეტად მიიჩნევს – ქვეყნის ბიუჯეტის ფარგლებში მაქსიმალურად ცდილობს გარემოს გაუმჯობესებას, მაგრამ მეტია საჭირო. იმედს ვიტოვებ, ერთ დღესაც ისეთ საქართველოში გამეღვიძება, სადაც ყველას თანაბარი შესაძლებლობა ექნება დამოუკიდებელი არსებობისთვის.

თამარ ციბააშვილი

გააზიარე: