გავუფრთხილდეთ დედამიწას
გააზიარე:
მკითხველისთვის საინტერესო თემის ასარჩევად სამედიცინო კალენდარს გადავავლე თვალი. აპრილის მეორე ნახევარი და მაისის დასაწყისი საკმაოდ დატვირთული აღმოჩნდა: 25 აპრილი მალარიის მსოფლიო დღეა, 26 აპრილი – რადიაციული კატასტროფების შედეგად გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღე, 2 მაისი – ასთმის მსოფლიო დღე... ყველაზე აქტუალურის არჩევა, გამოგიტყდებით, გამიჭირდა. საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ ყველა ამ თემის ერთიანობაში განხილვა საერთო სურათს უკეთესად წარმოაჩენდა და 22 აპრილზე – დედამიწის მსოფლიო დღეზე – შევჩერდი.
- ვზრუნავთ დედამიწის ჯანმრთელობაზე
არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ ჯანმრთელობაზე ზრუნვა თითოეული ჩვენგანის ვალია. მაგრამ იმაზე თუ გიფიქრიათ, რომ თავად დედამიწასაც სჭირდება ზრუნვა? ის თუ“ავად გახდა”, ჩვენს ცხოვრებასაც დაეკარგება აზრი. სამწუხაროდ, ბოლოს ხანს პირიქით უფრო ხდება – დედამიწის უსაფრთხოებას ადამიანები საკუთარი კეთილდღეობისთვის წირავენ.
ისევე როგორც ადამიანის ორგანიზმი, დედამიწაც უმეტესად მოგვიანებით რეაგირებს მავნე გავლენებზე. წლების წინათ ჩადენილი ეკოლოგიური დანაშაულების შედეგებს ახლა ვიმკით. თუ ჩვენც წინაპრებივით მოვიქეცით და საგანგაშო ნიშნებს ყურადღება არ მივაქციეთ, შთამომავლობასაც მძიმე მემკვიდრეობას დავუტოვებთ. თუ შვილების, შვილიშვილებისა და შვილთაშვილების ჯანმრთელობა რამედ გვიღირს, უწინარესად დედამიწის ჯანმრთელობაზე უნდა ვიზრუნოთ.
- დედამიწის მსოფლიო დღე
დედამიწის მსოფლიო დღე ყოველი წლის 22 აპრილს აღინიშნება. ტრადიცია 1970 წლიდან იღებს სათავეს. იდეა სენატორ გეილორდ ნელსონს ეკუთვნის, რომელიც სანტა-ბარბარაში მომხდარ ნავთობის აფეთქებას შეესწრო. მანამდე გარემოს დაცვასა და ეკოლოგიაზე თითქმის არავინ ლაპარაკობდა. უბედურმა შემთხვევამ ცხადყო, რა უსუსური შეიძლება იყოს ადამიანი ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე და რაოდენ მნიშვნელოვანია მავნე ეკოლოგიური მოვლენების პრევენციისა თუ მართვის ეფექტური საშუალებების არსებობა.
სწორედ 1970 წელს გაიმართა პირველი მასობრივი დემონსტრაცია გარემოს დაბინძურების გასაპროტესტებლად. ეკოლოგიისადმი ყურადღებამაც იმატა.
ორგანიზატორებს სურთ, 2020 წლის 22 აპრილს, დედამიწის დღის დაარსების 50-ე წლისთავს, მნიშვნელოვანი ცვლილებებით შეხვდნენ. ისინი მსოფლიოს თითოეულ მოქალაქეს მოუწოდებენ, თუნდაც ერთი “მწვანე აქტით” დედამიწის დახმარების კამპანიაში ჩაერთონ. კამპანიას უკვე 2 მილიარდზე მეტი ადამიანი შეუერთდა. დედამიწის დამცველებს იმედი აქვთ, 2020 წლისთვის მათი რიცხვი 3 მილიარდს გადააჭარბებს.
“მწვანე აქტი“ შეიძლება იყოს ნებისმიერი ქმედება, რომელიც დედამიწის ეკოლოგიას სასიკეთოდ წაადგება – ხის დარგვა, საგანმანათლებლო მუშაობა, სიგარეტისთვის თავის დანებება...
- დედამიწის მტრები და მოკეთეები
- ტყის გაჩეხვა დედამიწის ეკოლოგიისთვის ერთ-ერთი ყველაზე მავნე მოქმედებაა. ტყეების განადგურება სახეობათა გადაშენებას იწვევს. სათბური აირების დაგროვების გამო პასუხისმგებლობის 15%-იც მის წილად მოდის.
- კაცობრიობა ბუნებრივ რესურსებს საშიში ტემპით მოიხმარს. ბოლო წლების განმავლობაში მოხმარებამ საგრძნობლად გადააჭარბა აღდგენის ბუნებრივ ტემპს. თუ ეს დინამიკა შენარჩუნდა, 2050 წლისთვის ორი პლანეტის რესურსების მოხმარება მოგვიწევს. * იცოდით, რომ სათბური აირების 20%-ზე პასუხისმგებლობა ხორცის მრეწველობას ეკისრება? ხორცის გლობალური მოხმარების გამო უკანასკნელი ოთხი ათეული წლის განმავლობაში ამ აირების გამყოფა გასამმაგდა და 36 მილიარდ ტონას მიაღწია.
- დედამიწის “ჯანმრთელობაზე” არანაკლებ გავლენას ახდენს პლასტმასის გამოყენება. ყველამ იცის, რაოდენ მავნეა ეს, მაგრამ ცოტა თუ ცდილობს, მათი გამოყენება შეამციროს.
2017 წელს დედამიწის დღის თემაა განათლება გარემოსა და კლიმატის შესახებ. ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების მოსაგვარებლად უნდა აღვზარდოთ ადგილობრივ თუ გლობალურ ეკოლოგიურ ვითარებაში ზედმიწევნით გარკვეული და დედამიწის ბედზე მზრუნველი გლობალური მოქალაქე.
ახლა კი ჯანმრთელობის იმ დარღვევებზეც ვთქვათ ცოტა რამ, რომლებიც ეკოლოგიური ფაქტორებით არის გამოწვეული.
- არ დააბინძურო ჩემი მომავალი
დარწმუნებული ვარ, შვილის კეთილდღეობისთვის მშობელი სიცოცხლესაც არ დაიშურებს. პრობლემები, რომელთა შესახებაც ქვემოთ ვაპირებთ საუბარს, საფრთხეს უქმნის ჩვენი შვილების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. ყველაზე უარესი კი ის არის, რომ ცალკეულ ადამიანებს მათი აღმოფხვრა თუ თავიდან აცილება არ შეუიძლიათ. არათუ ცალკეულ ადამიანებს, ცალკეულ ქვეყნებსაც კი. ამისთვის მთელი მსოფლიო უნდა გაერთიანდეს. საქმე ეხება ეკოლოგიურ კატასტროფას, რომელიც დედამიწას ემუქრება და რომლის პირველი ნიშნები უკვე ახდენს გავლენას ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე.
დიდი ხანია, გარემოს დაბინძურება სამედიცინო საზოგადოების ინტერესსა და წუხილს იწვევს. ამ საკითხს არაერთი პუბლიკაცია თუ ღონისძიება მიეძღვნა. ცოტა ხნის წინ, მარტში, ჯანმომ ორი ახალი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლებიც ბავშვთა ჯანმრთელობაზე ეკოლოგიური ფაქტორების გავლენას ეხება. ანგარიშები პრობლემის აქტუალობასა და მასშტაბურობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. ვფიქრობ, ყველა მშობელს აინტერესებს, რომელი ეკოლოგიური ფაქტორები ახდენს გავლენას ბავშვების ჯანმრთელობაზე და რა შეგვიძლია ვიღონოთ რისკის აღსაკვეთად ან შესამცირებლად, ამიტომ მოკლედ მიმოვიხილავთ ანგარიშს.
- ეკოლოგია და სტატისტიკა
გარემოს დაბინძურებას: ჭუჭყიან ჰაერსა და წყალს, კვამლს, კანალიზაციის არარსებობას და არასათანადო ჰიგიენას, – ყოველწლიურად ხუთ წლამდე ასაკის დაახლოებით 1.7 მილიონი ბავშვის სიცოცხლე ეწირება.
ჯანმოს მონაცემებით, ხუთ წლამდე ასაკის ბავშვთა გარდაცვალების შემთხვევათა მეოთხედი არაჯანსაღი გარემოთია გამოწვეული. მაგალითად, 2012 წელს ბავშვთა სიკვდილიანობის 26% და საერთო ავადობის 25% ეკოლოგიური ფაქტორების ზემოქმედების შედეგად დადგა, 2015 წელს კი ამავე მიზეზით ხუთ წლამდე ასაკის 5.9 მლნ ბავშვი გარდაიცვალა. სიკვდილის ძირითადი მიზეზები გახლდათ პნევმონია, ნაადრევი მშობიარობა, მშობიარობასთან დაკავშირებული გართულებები, ნეონატალური სეფსისი, თანდაყოლილი ანომალიები, დიარეა, ტრავმა, მალარია და ამ პათოლოგიათა უმეტესობა, ნაწილობრივ მაინც, გარემოს მდგომარეობით იყო გამოწვეული.
ჯანმოს გენერალური დირექტორის მარგარეტ ჩანის თქმით, დაბინძურებული გარემო მომაკვდინებელ გავლენას ახდენს მთელ საზოგადოებაზე, განსაკუთრებით – პატარა ბავშვებზე. ორგანოთა სისტემებისა და იმუნიტეტის უმწიფრობა დაბინძურებული ჰაერისა და წყლის მიმართ მათ ორგანიზმს უფრო მოწყვლადს ხდის.
საგულისხმოა, რომ მავნე ზემოქმედება შესაძლოა მუცლად ყოფნის პერიოდშივე დაიწყოს და გამოიწვიოს ნაადრევი მშობიარობა თანმხლები გართულებებით. ბავშვებს, რომლებსაც მცირე ასაკში დაბინძურებულ გარემოში მოუწიათ ცხოვრება, უფრო ხშირად ემართებათ პნევმონია და სამუდამოდ მომატებული რჩებათ გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემების ქრონიკული დაავადებების, ინსულტისა და კიბოს განვითარებას რისკი.
- ხუთ წლამდე ასაკის ბავშვების 5 მთავარი მკვლელი
მთელ მსოფლიოში ყოველწლიურად 570 000 ბავშვი პნევმონიით იღუპება. ამის ერთ-ერთი მიზეზი დაბიძურებული ჰაერი და თამბაქოს კვამლის მუდმივი ზემოქმედებაა.
- 361 000 ბავშვი დიარეას ეწირება. ნაწლავური აშლილობის განვითარებას სუფთა წყლის, სანიტარიული და ჰიგიენური პირობების არარსებობა უწყობს ხელს.
- 270 000 ბავშვი სიცოცხლის პირველსავე თვეს ეწირება ამა თუ იმ პათოლოგიას, მათ შორის – ნაადრევ მშობიარობას, რომლის თავიდან აცილებაც გარემოს დაბინძურების შემცირებით, წყლის სისუფთავით და სამედიცინო დაწესებულებებში სათანადო სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების შექმნით იქნებოდა შესაძლებელი.
- 200 00 ბავშვი იღუპება გარემოსთან დაკავშირებული მოულოდნელი ტრავმის – დაცემის, დახრჩობის და სხვათა – შედეგად.
- 200 000 ბავშვი მალარიით კვდება. მალარიის გავრცელება მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული წყალსატევების მდგომარეობაზე – დაავადების გადამტანი კოღო ანოფელესი უმთავრესად სწორედ წყალსატევების გარშემო ბინადრობს.
- 2017 წლის ერთ-ერთი თემა მალარიის საბოლოოდ დამარცხებაა.
- შესაძლებელია თუ არა მალარიის აღმოფხვრა?
ევროპა მსოფლიოში პირველი რეგიონია, სადაც მალარიის ადგილობრივი გადაცემა შეჩერდა. 1995 წელს ევროპაში ამ დაავადების 90 712 შემთხვევა იყო რეგისტრირებული, უკვე 2015 წელს კი ადგილობრივი მალარიის არც ერთი შემთხვევა აღარ აღრიცხულა. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ მიზნის მიღწევა სავსებით შესაძლებელია. 2010-2015 წლებში რისკჯგუფებში მალარიის გავრცელება 21%-ით შემცირდა, სიკვდილიანობამ კი 29%-ით იკლო. ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებთან იგივე მაჩვენებლის 35%-ით კლება დადასტურდა. თუმცა აფრიკის ქვეყნებში მალარიის ტვირთი კვლავაც მძიმეა და ამჟამად ჯანდაცვის ორგანიზატორთა მთელი ძალისხმევა ამ ქვეყნებში მისი გავრცელების შემცირებისკენაა მიმართული. 2015 წელს სწორედ აფრიკის რეგიონში აღირიცხა მალარიით ავადობის 90% და ამ დაავადებით სიკვდილის შემთხვევათა 92%.
საქართველო მალარიის ელიმინაციის სტადიაშია. ამჟამად მისი მიზანი მალარიისგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსის შენარჩუნებაა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 20 აპრილის განცხადებაში, რომელიც 2016 წლის მალარიის მსოფლიო დღეს მიეძღვნა, ნათქვამია: ევროპამ მიაღწია 2015 წლისთვის დასახულ მიზანს, რითაც ხელი შეუწყო გლობალური გეგმის – “საბოლოოდ დავამარცხოთ მალარია” – რეალობად ქცევას. ევროპის რეგიონის ქვეყნებთან ერთად ადგილობრივი მალარიისგან გათავისუფლებაში საკუთარი წვლილი შეიტანა საქართველომაც, სადაც XXI საუკუნის პირველ წლებში მალარიის ეპიდემიის ფონზე და მის სალიკვიდაციოდ გატარებული ეპიდსაწინააღმდეგო`ანტიმალარიული ღონისძიებების შედეგად ადგილობრივი მალარიის შემთხვევები 2010 წლიდან აღარ აღრიცხულა.
- რა აბინძურებს გარემოს?
- კლიმატის ცვლილება გარემოს დაბინძურებით გამოწვეული მოვლენაა, რომელიც უდიდეს საფრთხეს უქადის ბავშვთა ჯანმრთელობას. ტენდენცია არცთუ იმედის მომცემია: წყლის მარაგის შემცირება და მოუსავლიანობა შიმშილობის ზრდას და ზრდის შეფერხებას შეუწყობს ხელს. ტემპერატურის მომატებასთან ერთად ბავშვებში მოიმატებს დამწვრობითი სტრესით განპირობებული თირკმელების დაზიანების გავრცელებაც. გარემოში მეტი იქნება ყვავილის მტვერი, რის შედეგადაც მოიმატებს ასთმის მაჩვენებელი.
ასთმა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული არაინფექციური დაავადებაა. ამჟამად ეს დაავადება უდასტურდება 235 მილიონ ადამიანს. მთელ მსოფლიოში 1-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვების 14%-ს ასთმის სიმპტომები აქვს. ექსპერტთა შეფასებით, აღრიცხულ შემთხვევათა 44% სწორედ გარემოს დაბინძურების შედეგია. დაბინძურებული ჰაერი, თამბაქოს კვამლი, ობი და ნესტი საცხოვრებელ გარემოში ასთმის მიმდინარეობას კიდევ უფრო ამძიმებს.
- გარემოს დაბინძურებას ხელს უწყობს არასათანადო სანიტარია და არაჯანსაღი საწვავის (მაგალითად, ნახშირის ან ნაკელის) გამოყენება. ორივე ფაქტორი ზრდის ბავშვთა მთავარი მკვლელების – დიარეისა და პნევმონიის – განვითარების რისკს.
- ელექტრონული და ელექტრონარჩენები (მაგალითად, ძველი მობილური ტელეფონები), რომლებსაც არასათანადოდ გადაამუშავებენ, გამოყოფს ტოქსინებს, რომლებიც ბავშვების ინტელექტის დაქვეითებას, ყურადღების დეფიციტს, ფილტვების დაზიანებასა და კიბოს იწვევს. პროგნოზის თანახმად, 2018 წლისთვის ელექტრონული და ელექტრონარჩენების წარმოება 19%-ით გაიზრდება.
- ბავშვები ასევე ხშირად განიცდიან მავნე ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედებას. ბევრგან ისევ იყენებენ ტყვიის შემცველ საღებავებს. ტყვია ერთ-ერთი ყველაზე საშიში ქიმიური ნივთიერებაა. მცირეწლოვანი ბავშვები განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან მისი მავნე ზემოქმედების მიმართ. ყველაზე მეტად ტყვია თავის ტვინს აზიანებს. იქიდან გამომდინარე, რომ პატარები ხშირად თამაშობენ მიწაში, მერე კი ჭუჭყიან ხელებს პირში იდებენ, დიდია ალბათობა, ტყვიის მავნე ზემოქმედების ქვეშ მოექცნენ.
- ყველაფრისთვის გემოს გასინჯვის სიყვარულის გამო პატარებს ემუქრებათ მწერებისა და მღრღნელების საწინააღმდეგო თუ დასასუფთავებელი საშუალებებით, ბენზინით, ნავთით, გამხსნელებით მოწამვლაც. ფიზიოლოგიური უმწიფრობის გამო პატარები ინტოქსიკაციის მიმართ ზრდასრულებზე მოწყვლადნი არიან.
მწვავე მოწამვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი პესტიციდების არასწორი შენახვა, გამოყენება და უტილიზაციაა. ფთორიდები, ტყვია, ვერცხლისწყალი, პესტიციდები თუ სხვა დამაბინძურებლები საბოლოოდ ხშირად საკვებში ხვდება.
- შევუქმნათ ბავშვებს უსაფრთხო გარემო
ანგარიშის ავტორები მოგვიწოდებენ, ბავშვებს უსაფრთხო გარემო შევუქმნათ. ამ კუთხით ექსპერტებს მიზანშეწონილად მიაჩნიათ შემდეგი ღონისძიებების გატარება:
- გასათბობად და საკვების მოსამზადებლად სუფთა საწვავის გამოყენება; საშიში საშენი მასალების გამოყენების აღკვეთა;
- სკოლებში უსაფრთხო სანიტარიისა და ჰიგიენის უზრუნველყოფა; ხმაურისგან ბავშვების დაცვა; მათი ჯანსაღი კვების ხელშეწყობა;
- სამედიცინო დაწესებულებების უზრუნველყოფა სუფთა წყლით, საიმედო ელექტროენერგიით; სანიტარიისა და ჰიგიენის ზედმიწევნით დაცვა;
- ქალაქებში მწვანე საფარის გაზრდა, ფეხითა და ველოსიპედით სავალი უსაფრთხო გზების დაგება;
- ქუჩებში გამონაბოლქვის შემცირება; საზოგადოებრივი ტრანსპორტით მეტად სარგებლობა;
- სოფლის მეურნეობაში საშიში პესტიციდების გამოყენებისა და ბავშვთა შრომის აღკვეთა;
- მრეწველობაში მავნე ქიმიური ნივთიერებების გამოყენების შემცირება და საშიში ნარჩენების სწორი მართვა;
- ჯანმრთელობაზე ეკოლოგიური ფაქტორების გავლენის მონიტორინგი და საზოგადოების განათლება გარემოს დაბინძურების საშიში შედეგების, პროფილაქტიკურ ღონისძიებათა მნიშვნელობის შესახებ.
ალბათ, დარწმუნდით, რა საშიშია ბუნებისადმი დაუდევარი დამოკიდებულება. ვიზრუნოთ დედამიწაზე, ვიზრუნოთ მომავალზე.
გვანცა გოგოლაძე