მარწყვი – ზაფხულის არომატული საჩუქარი
გააზიარე:
მარწყვს ჯერ კიდევ ანტიკური ეპოქის სასიყვარულო ბალადებში ასხამდნენ ხოტბას. მაშინ უკვე იცოდნენ, რომ ეს მარჯნისფერი ნაყოფი მხოლოდ გრძნობებს კი არ აღვიძებდა, არამედ ჯანმრთელობისთვისაც დიდი სარგებლობა მოჰქონდა.
უნიკალური შემადგენლობის წყალობით მარწყვი დღესაც მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ჯანსაღი პროდუქტების ჩამონათვალში.
წარმომავლობა
არქეოლოგიური აღმოჩენები მოწმობს, რომ მარწყვი ქვის ხანაშივე ძალიან ფასობდა, თუმცა იმხანად მისი მხოლოდ ველური სახეობები არსებობდა. მარწყვის მოყვანა მხოლოდ შუა საუკუნეებში დაიწყეს.
მარწყვის შესახებ უამრავი ლეგენდა და ზღაპარი არსებობს. ზოგიერთ ფოლკლორულ სიუჟეტში მას უკვდავების წყაროს თვისებებიც კი მიეწერება. უკვდავების რა მოგახსენოთ, მკურნალი კი მართლაც კარგია. ხალხური მედიცინა მას ფართოდ იყენებს ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის, გულის დაავადებების, წითელასა და ჩუტყვავილას სამკურნალოდ. მარწყვის ტანინით მდიდარი ფოთლების ნაყენი მისწრებაა კუჭ-ნაწლავის მოუწესრიგებლობის (დიარეის) და ქრონიკული (მაგალითად, რევმატული) ანთების დროს, მაგრამ თუ თავად გადაწყვეტთ მათ მოგროვებას, უმჯობესია, ყვავილობამდე დაკრიფოთ და გაახმოთ.
ზოგადი ცნობები
მარწყვი (Fragaria), რომელსაც ბაღის დედოფალსაც ეძახიან, ვარდისებრთა ოჯახის მრავალწლოვანი მცენარეა. მიუხედავად იმისა, რომ კენკრას ვუწოდებთ, მთლად კენკრა არ არის. მაგალითად, ქერქი და კურკა საერთოდ არ გააჩნია, თესლი კი ნაყოფის ზედაპირზეა მიმოფანტული.
მარწყვის უამრავი ჯიში არსებობს, რომლებიც ზომითა და არომატით განსხვავდება ერთმანეთისგან. განსაკუთრებით არომატულია პატარა ტყის მარწყვი, თუმცა საჭმელად ყველაზე პოპულარული ეგრეთ წოდებული ბაღის მარწყვია (fragaria × ananassa). ის ჩრდილოეთამერიკული არომატული ალისფერი მარწყვისა და ჩილეს მსხვილნაყოფა მარწყვის შეჯვარების შედეგად მიიღეს XVIII საუკუნეში.
მარწყვის ტრადიციული ჯიშები, სამწუხაროდ, ნელ-ნელა ქრება და მათ ადგილს უფრო გამძლე და დიდნაყოფიანი, თუმცა ნაკლებად არომატული ჯიშები იკავებს, რომელთა გახარება კომერციულად გაცილებით ხელსაყრელია.
კვებითი ღირებულება
მარწყვი ისეთი გემრიელია, რამდენიც უნდა ჭამო, კიდევ და კიდევ გინდა. საბედნიეროდ, ამ უგემრიელეს ნაყოფს ზიანზე მეტი სარგებლობა მოაქვს. მისი 90% წყალია. რაც შეეხება ენერგეტიკულ ღირებულებას, 100 გრამი მხოლოდ 32 კილოკალორიას შეიცავს, თანაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნივთიერებების ნამდვილი საბადოა.
ორგანული ნივთიერებები
100 გრამი ახალმოკრეფილი მარწყვის შემადგენლობა დაახლოებით ასეთია:
ნახშირწყლები – 6 გ
ბოჭკო – 2 გ
ცილა – 1 გ
ცხიმი – 0,4 გ
ფრუქტოზისა და გლუკოზის თანაფარდობა მასში თითქმის ერთი ერთზეა, ასე რომ ფრუქტოზის აუტანლობის მქონე ადამიანებსაც შეუძლიათ, თავს ზომიერი სიამოვნების უფლება მისცენ.
მარწყვს დაბალი გლიკემიური ინდექსი აქვს – 1.3, რაც ნიშნავს, რომ სისხლში შაქრის დონეზე ის მცირე გავლენას ახდენს. შედარებისთვის: თეთრი პურის გლიკემიური ინდექსი თითქმის 40-ია, შოკოლადის ფილისა კი დაახლოებით 35. ასე რომ, ტკბილეულის მოყვარულებს ვურჩევთ, შოკოლადის ნაცვლად პირი მარწყვით ჩაიტკბარუნონ.
ვიტამინები და მინერალები
100 გრამი ახალმოკრეფილი მარწყვის შემადგენლობაში შედის:
* 57 მგ C ვიტამინი (ასკორბინის მჟავა)
* 510 მკგ ვიტამინი B3 (ნიაცინი, ნიკოტინის მჟავა)
* 300 მკგ ვიტამინი B5 (პანტოთენის მჟავა)
* 120 მკგ E ვიტამინი (ალფა ტოკოფეროლი)
* 60 მკგ ვიტამინი B6 (პირიდოქსინი)
* 54 მკგ ვიტამინი B2 (რიბოფლავინი)
* 44 მკგ ვიტამინი B9 (ფოლიუმის მჟავა)
* 31 მკგ ვიტამინი B1 (თიამინი)
* 16 მკგ A ვიტამინი (ბეტა კაროტინი)
* 4,0 მკგ ვიტამინი B7 (ბიოტინი, H ვიტამინი)
* 164 მგ კალიუმი
* 25 მგ ფოსფორი
* 19 მგ კალციუმი
* 13 მგ მაგნიუმი
* 13 მგ გოგირდი
* 9 მგ ქლორიდი
* 1 მგ ნატრიუმი
მცენარეული ნაერთები
კვლევებმა აჩვენა, რომ რეგულარული მიღების შემთხვევაში მარწყვს არაერთი დაავადების პროფილაქტიკისა და განკურნების დიდი პოტენციალი აქვს. ის ხელს უშლის ოქსიდაციურ სტრესს, ამცირებს ანთებას, რომელიც, მაგალითად, სიმსუქნის, მეორე ტიპის დიაბეტის, მაღალი არტერიული წნევის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, კიბოს რისკფაქტორია.
მარწყვის ამ თვისებებს, ერთი მხრივ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ნივთიერებათა მაღალ შემცველობას უნდა ვუმადლოდეთ, მეორე მხრივ კი მცენარეულ ნაერთებს, რომელთა მთელი სპექტრია მარწყვში. განსაკუთრებით ფასეულია პოლიფენოლები – ანტოციანები, კვერცეტინი, კემპფეროლი, ფისეტინი, ელაგის მჟავა, კატექინები...
ნორვეგიელ მკვლევართა დასკვნის თანახმად, სხვადასხვა ჯიშის მარწყვში ბიოაქტიური ნივთიერებები სხვადასხვა რაოდენობითაა. მარწყვის 27 ჯიშის ანალიზმა აჩვენა, რომ ფენოლური ნაერთების შემცველობა მათში 57-დან 133 მილიგრამამდე მერყეობს, ანტოციანებისა კი 8,5-დან 66 მილიგრამამდე და დამწიფებასთან ერთად განუწყვეტლივ იმატებს.
საინტერესო აღმოჩენა გააკეთეს იტალიელმა და ესპანელმა მეცნიერებმა: ანტიოქსიდანტების დაახლოებით 40 პროცენტი მარწყვის თესლშია, ამიტომ არ გვირჩევენ ჯემს, რომელიც წვრილ ბადეში გატარებული ნაყოფისგანაა მომზადებული.
მოდი, უფრო ფართოდ ვისაუბროთ მარწყვის ღირსებებზე:
ხელს უწყობს წონის კლებას
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მარწყვი ჭარბწონიან ადამიანებს რამდენიმე უპირატესობას აძლევს. კერძოდ, ის მაღლა სწევს ორგანიზმში ჰორმონ ადიპონექტინის დონეს. ეს ჰორმონი სხვა ფუნქციებთან ერთად ცხიმების წვაზეცაა პასუხისმგებელი, ამიტომ როცა სისხლში მისი დონე იმატებს, წონას უფრო სწრაფად ვიკლებთ და პირიქით.
გარდა ამისა, მარწყვის ანტიოქსიდანტური მოქმედება ამცირებს ჟანგვით სტრესს, რომელიც ჭარბწონიან ადამიანებს ყოველთვის უფრო მკვეთრად აქვთ გამოხატული.
ზრდის ორგანიზმის ანტიოქსიდანტურ მედეგობას
2016 წელს ოკლაჰომის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა კვლევა, რომელშიც 60-მა მოხალისემ მიიღო მონაწილეობა. ჭარბწონიან მოხალისეებს სისხლში ლიპიდების მაღალი დონე ჰქონდათ. ისინი ოთხ ჯგუფად დაყვეს. ორი ჯგუფი 12 კვირის განმავლობაში 25-დან 50 გრამამდე გაყინული ან გამომშრალი მარწყვის სასმელს იღებდა, ორი კი იმავე რაოდენობის კალორიას და ბოჭკოს შემცველ საკონტროლო სასმელს.
კვლევის დაწყებამდე და მის დასასრულს ყველა მონაწილეს შეუმოწმეს პლაზმის ანტიოქსიდანტური შესაძლებლობები და გლუტათიონის შემცველობა (გლუტათიონი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ანტიოქსიდანტია). გაირკვა, რომ მარწყვის ჯგუფში ორგანიზმის ანტიოქსიდანტურმა დონემ შესამჩნევად აიწია.
ამცირებს ქოლესტეროლის დონეს
დასავლეთის ადამიანის კვების კვლევითი ცენტრის (Western Human Nutrition Research Center) მეცნიერებმა რამდენიმეკვირიანი კვლევის შედეგად დაადგინეს, რომ მარწყვი (დღეში ოთხი 80-გრამიანი ულუფა) ამცირებს სისხლში ქოლესტეროლის დონეს, რის შედეგადაც დიაბეტის რისკიც იკლებს.
ზრდის ინსულინისადმი მგრძნობელობას
კალიფორნიის უნივერსიტეტში ჩატარებულ კვლევაში ინსულინისადმი რეზისტენტობის მქონე 21 პაციენტი მონაწილეობდა. ინსულინრეზისტენტობა მდგომარეობაა, როდესაც ადამიანის უჯრედები სათანადოდ ვერ რეაგირებს ჰორმონ ინსულინზე. შედეგად იმატებს სისხლში შაქრის და თავად ინსულინის დონე.
მონაწილეები ნახშირწყლებითა და ცხიმით მდიდარ საკვებს იღებდნენ, დესერტად კი მარწყვის შემცველ სასმელს აყოლებდნენ.
მას, ვინც უფრო მაღალკონცენტრირებულ სასმელს იღებდა, სისხლში ინსულინის კონცენტრაცია სხვებზე გაცილებით დაბალი ჰქონდა.
მკვლევარები ვარაუდობენ, რომ მარწყვი აუმჯობესებს ინსულინისადმი მგრძნობელობას, რაც მასში შემავალი ანტოციანების დამსახურებაა.
ხელს უშლის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებას, აძლიერებს მეხსიერებას
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები მთელ მსოფლიოში სიკვდილიანობის ყველაზე ხშირი მიზეზია. მათ თავიდან ასაცილებლად ექიმები მოგვიწოდებენ, ვებრძოლოთ რისკფაქტორებს, მათ შორის – შაქრის მაღალ დონეს, მაღალ არტერიულ წნევას, ქოლესტეროლის მაღალ დონეს, სიმსუქნეს. ჰარვარდის სამედიცინო სკოლის მკვლევართა აზრით, მარწყვი და მოცვი ამ ბრძოლაში ძალიან დაგვეხმარება.
მარწყვის პრევენციულ ეფექტს მკვლევარები, უპირველეს ყოვლისა, ანტოციანებს მიაწერენ, რომლებიც ხელს უწყობს არტერიული წნევის დაწევას და სისხლძარღვების ელასტიკურობის შენარჩუნებას. გულის ჯანმრთელობისთვის საკმარისია, კვირაში სამი ულუფა მარწყვი (240 გრამი) ან მოცვი მიირთვათ.
შვედეთის ქალაქ ლუნდის უნივერსიტეტში გამოიკვლიეს, როგორ მოქმედებს მარწყვის და სხვა კენკრის სასმელი ხანდაზმული (50-დან 70 წლამდე ასაკის) ადამიანების კოგნიტიურ შესაძლებლობებზე. მონაწილეებს, რომლებიც მარწყვს იღებდნენ, 5 კვირის შემდეგ მეხსიერება შესამჩნევად აღუდგათ.
ამცირებს ტკივილსა და ანთებას
მარწყვის შემადგენლობაში შემავალ ანტოციანებს ძლიერი ანთებასაწინააღმდეგო მოქმედება აქვს, ამიტომ მარწყვს შეიძლება დამხმარე თერაპიის როლი დაეკისროს ქრონიკული ანთების მკურნალობისას, რაც მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა 2017 წელს დაადასტურა.
იმავე წელს მარწყვის სამკურნალო ეფექტი ოკლაჰომის უნივერსიტეტის ჯანმრთელობის ცენტრის მეცნიერებმაც შეისწავლეს. კვლევაში მუხლის ოსტეოართროზის მქონე პაციენტების ორი ჯგუფი მონაწილეობდა. ერთი მათგანი 12 კვირის განმავლობაში დღეში 50 გრამ მარწყვს იღებდა. მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ მარწყვის ჯგუფში ანთების დონემ შესამჩნევად დაიკლო და ტკივილიც საგრძნობლად შემცირდა.
უხდება კანსა და თმას
სალიცილის მჟავის, C ვიტამინის და ანტიოქსიდანტების წყალობით მარწყვი ანთებასაწინააღმდეგო ეფექტს ახდენს. თუ მარწყვის ნიღაბს სახეზე 10 წუთით გაიჩერებთ, ანთებით გამოწვეულ შეშუპებას დაგიცხრობთ, აკნეს დაგიამებთ, მკვდარ უჯრედებს მოგაცილებთ. ის ჯანსაღ, თანაბარ და ცოცხალ შესახედაობას აძლევს კანს, ააქტიურებს რეგენერაციის პროცესს და კანი დიდხანს რჩება გლუვი და ელასტიკური. ამასთან, შეუძლია, საგრძნობლად შეანელოს მემკვიდრეობით გამოწვეული თმის ცვენა და ხელი შეუწყოს თმის სიჯანსაღეს.
მხოლოდ ადგილობრივი
საქართველოში მარწყვის წარმოება წლიდან წლამდე იზრდება, თუმცა, ვინაიდან მოთხოვნა ბევრად აღემატება წარმოებას, მარწყვის იმპორტი სხვა ქვეყნებიდანაც ხორციელდება. მარწყვის სეზონი მაისიდან აგვისტომდე გრძელდება, იმპორტირებული ნაყოფი კი მთელი წლის განმავლობაშია ხელმისაწვდომი. შორეული ქვეყნებიდან, მაგალითად, მექსიკიდან, ჩილედან, ისრაელიდან შემოტანილ მარწყვს ცუდი ეკოლოგიური ბალანსი აქვს და გემოც – შედარებით ნაზი, რადგან მკვახე იკრიფება. მისი კვებითი ღირებულებაც ადგილობრივ მარწყვთან შედარებით დაბალია.
შეძენა და შენახვა
შეძენამდე შეამოწმეთ, რომ მარწყვი თანაბრად ხასხასა წითელი იყოს, არ ჰქონდეს დაობებული ადგილები, შემჭკნარი არ ჰქონდეს ფოთლები და ყუნწი. გაურეცხავი მარწყვის შენახვა მაცივარში ორი-სამი დღე შეიძლება, ოღონდ წინასწარ გადაარჩიეთ, გაფუჭებული ნაყოფი რომ არ შეჰყვეს.
მარწყვით ყველა სეზონზე ისიამოვნებთ, თუ მისგან მურაბას ან სმუზს მოამზადებთ ან უბრალოდ გაყინავთ. საკვებ ნივთიერებებს კი გაყინული უკეთ შეინარჩუნებს, თანაც მთელი წელი გაძლებს.
სამზარეულოში
მარწყვი ყოველგვარ დესერტს აგემრიელებს. საუზმეზე ის შეგიძლიათ მიუსლის ან იოგურტს დაამატოთ. მარწყვის არომატი ძალიან უხდება რძეს და მის ნაწარმს, მაგალითად, მაწონს, არაჟანს, თუმცა სუსტ კუჭ-ნაწლავში რძემ და მარწყვმა ერთად შესაძლოა დიდი არეულობა გამოიწვიოს.
მარწყვით სალათების გაფერადებაც შეიძლება. მშვენივრად ეხამება პომიდორს, ცერეცოს, ქოქოსის რძეს, ცხარე კარის, სატაცურს. სანელებლებიდან კი დარიჩინს, პიტნას, რეჰანს, სალბს, კურკუმას და ჩილის მოიხდენს.
აქვე ორიგინალურ რეცეპტსაც შემოგთავაზებთ:
ქათმის მკერდი მარწყვის პიკანტური სალათით
4 ულუფა
დაგჭირდებათ: 500 გ მარწყვი, 1,5 ს. კ. შაქრის პუდრი, 1 ს. კ. ჩილის ფანტელი, პიტნის 10 ფოთოლი, 1 ს. კ. ცივად დაწნეხილი ზეითუნის ზეთი, 4 ცალი საშუალო ზომის კანგაცლილი ქათმის მკერდი, 2 ღერო როზმარინი, 1 ცალი ლიმონი, ზეითუნის ზეთი შესაწვავად, მარილი და პილპილი – გემოვნებით.
მარწყვი დაარჩიეთ. დიდი მარწყვები შუაზე დაჭერით. პიტნის ფოთლები დაჭერით სიგრძეზე. მარწყვი, პიტნა, შაქრის პუდრი, ჩილის ფანტელი, ცივად დაწნეხილი ზეითუნის ზეთი ერთმანეთში აურიეთ და ნახევარი საათით გააჩერეთ.
ლიმონი ოთხად გაჭერით. ქათმის მკერდი სამზარეულოს ცელოფანში გაახვიეთ და ისე დაბეგვეთ, რომ თანაბარი სისქისა გახდეს, იდეალურ შემთხვევაში – ნახევარი სანტიმეტრი. ტაფაზე გაცხელეთ ზეითუნის ზეთი, შიგ ჩაყარეთ როზმარინი და ლიმონი და ქათმის ფილე ორივე მხრიდან კარგად დაბრაწეთ. წვის პროცესში დროდადრო მარილი და პილპილი მოაყარეთ.
შემწვარი ფილე თეფშებზე გაანაწილეთ, შემწვარი ლიმონი დააწურეთ და მარწყვის ცხარე სალათასთან ერთად გემრიელად მიირთვით.
ჯილდა გაჩეჩილაძე