სიცოცხლის მესამე წელი

გააზიარე:

(მეორე ნაწილი)

კვება

ორი წლის ბავშვის დღიური რაციონი სამ სრულფასოვან კვებასა და ორ წახემსებაზე ნაწილდება. ამ ასაკში პატარას თავისუფლად შეუძლია, ჭამოს ის, რასაც ოჯახის დანარჩენი წევრები მიირთმევენ.

ვინაიდან კომუნიკაციისა და მეტყველების უნარ-ჩვევები ორი წლისთვის უკვე საკმაოდ კარგად არის განვითარებული, პატარები სუფრის სრულუფლებიანი წევრები ხდებიან. რაც უფრო ხშირად მისცემთ საერთო სუფრასთან ჯდომის საშუალებას, მით უკეთესი – ჭამის დროს უფროსებთან კომუნიკაცია სწორი კვებითი ჩვევების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.

ამავე დროს, ბავშვი დღითი დღე უფრო და უფრო ცივილიზებულად იქცევა. ორი წლისთვის მას უკვე შეუძლია კოვზის ჭერა, წყლის სმის დროს ჭიქის ცალი ხელით ჭერა, ხელით ჭამა. მიუხედავად ამხელა პროგრესისა, პატარებმა ჯერ კიდევ არ იციან ლუკმის ჯეროვნად დაღეჭვა, ამიტომ ნუ დატოვებთ ჭამის დროს მარტო და ეცადეთ, ადვილად დასაქუცმაცებელი საკვები მისცეთ.

მოერიდეთ ისეთი პროდუქტების მიცემას, როგორიცაა:

* სოსისი (აუცილებლად დაუჭერით პატარა კუბებად);

* მთლიანი თხილის (კაკლის, ნუშის) გული;

* მრგვალი და მაგარი კანფეტები;

* ყურძნის მთლიანი მარცვლები;

* მთლიანი უმი სტაფილო;

* ნედლი მწვანილის ღეროები;

* ზეფირი.

ორიდან სამ წლამდე ასაკის ბავშვის დღიური რაციონი, იდეალურ შემთხვევაში, უნდა შეიცავდეს თითო პროდუქტს მაინც ქვემოთ ჩამოთვლილი ოთხივე ჯგუფიდან:

* ხორცი (საქონლის, ფრინველის), თევზი, კვერცხი;

* რძე, ყველი და რძის სხვა პროდუქტები;

* ხილი და ბოსტნეული;

* მარცვლეული, ბრინჯი, კარტოფილი, პური.

თუ ყოველდღე ვერ მოახერხებთ ასეთი მრავალფეროვანი მენიუს შედგენას, არა უშავს. სკოლამდელი ასაკის ბავშვებს სჩვევიათ ორი ან სამი საყვარელი პროდუქტის ამოჩემება, სხვა საჭმელს კი შესაძლოა პირი არც დააკარონ.

ამ ასაკის ბავშვს რაც უფრო დააძალებთ, მით უფრო ძლიერ წინააღმდეგობას გაგიწევთ, ამიტომ გამოიჩინეთ გამომგონებლობის უნარი –მოამზადეთ მიმზიდველი და სახალისო ფორმის საჭმელი, მიეცით ბავშვს ხელით ჭამის უფლება. ასე უფრო ნაკლებ წინააღმდეგობას წააწყდებით.

კბილები და მათი ჰიგიენა

ორწლინახევრის ბავშვს უკვე ყველა სარძევე კბილი აქვს (სულ – ოცი). მუდმივი კბილები უფრო გვიან, ექვსი-შვიდი წლისთვის ამოდის. თუმცა ეს აქსიომა არ არის, ყველა ბავშვი ინდივიდუალური ტემპით ვითარდება და ნუ აღელდებით, თუ კბილების ამოსვლა უფრო ადრე დაიწყო ან დაგვიანდა.

კბილების ამოსვლის პროცესი ამ ასაკშიც ისეთივე შემაწუხებელია ბავშვისთვის, როგორიც სიცოცხლის პირველ წელს იყო: ღრძილები ექავება, გაღიზიანებულია, შესაძლოა, ჰქონდეს დაბალი სიცხე და დიარეა. თუ ეს ჩივილები რამდენიმე დღე გაგრძელდა, უმჯობესია, პედიატრს დაუკავშირდეთ, ვინაიდან შესაძლოა, კბილების ამოჭრა სულაც არ იყოს მათი მიზეზი.

კარგი იქნება, თუ ამ დროს პატარას მისცემთ ღრძილების სპეციალურ მასაჟორს ან რომელიმე მაგარ სათამაშოს, რომ დაღრღნით გული იჯეროს. ნუ დაგავიწყდებათ კბილების ჰიგიენა, რომ კარიესი და ინფექციური გართულებები თავიდან აიცილოთ.

მშობელთა უმრავლესობამ არ იცის, რომ სარძევე კბილების მდგომარეობა მომავალი მუდმივი კბილების ჯანმრთელობაზეც აისახება, ამიტომ მათ ჰიგიენას ნაკლებ ყურადღებას აქცევენ. არადა სარძევე კბილების კარიესი გავლენას ახდენს მუდმივ კბილებზე (განსაკუთრებით – მეზობლად მდებარეზე) და, საზოგადოდ, პირის ღრუს მიკროფლორაზე, ამიტომ ბავშვის პირის ღრუზე ზრუნვა პირველი კბილის ამოჭრისთანავე დაიწყეთ.

თვითონ ბავშვიც აქტიურად ჩართეთ კბილების ჰიგიენაში. ამ ასაკის პატარებს მიბაძვა ძალიან უყვართ, ასე რომ, თუ მაგალითს მისცემთ, ის სიამოვნებით გაიხეხავს კბილებს თქვენთან ერთად. და რაც მეტად წაახალისებთ, მით მეტი ენთუზიაზმით მოეკიდება ამ საქმეს.

ამავე დროს, ნუ დაგავიწყდებათ, რომ ამ ასაკში მოტორული ფუნქციები იდეალურისგან შორსაა, ამიტომ მიაქციეთ ყურადღება, რომ ყველა კბილი და მათთან ერთად ენაც კარგად გაისუფთაოს. დაუთვალიერეთ პირის ღრუ, რომ ნადები არსად დარჩეს. თუ კბილზე ყავისფერი ან თეთრი ლაქები შეამჩნიეთ, სტომატოლოგს მიმართეთ.

როგორ მოვუაროთ კბილებს?

დღეში ორჯერ კბილების გამოხეხვა ბავშვისთვის სავსებით საკმარისია. გამოიყენეთ:

. მისი ასაკისთვის განკუთვნილი რბილჯაგრიანი კბილის ჯაგრისი;

. ფთორის შემცველი საბავშვო კბილის პასტა.

ჯაგრისზე წააცხეთ ცოტაოდენი პასტა. თუ ბავშვს მისი გემო არ მოსწონს, შეუცვალეთ ან სულაც პასტის გარეშე, სუფთა წყლით გამოუხეხეთ.

ამ ასაკში პატარამ ჯერ კიდევ არ იცის პირში წყლის გამოვლება და გადაფურთხება. თუ ცოტაოდენი ქაფი გადაეყლაპა, ნუ ინერვიულებთ. მთავარია, ამას სისტემატური ხასიათი არ მიეცეს.

იმის შესახებ, როგორ ჯობია ვამოძრაოთ ჯაგრისი: ზემოდან ქვემოთ, წრიულად თუ სხვანაირად, – უამრავ განსხვავებულ აზრს მოისმენთ. სინამდვილეში სულერთია. მთავარია, კარგად გაიხეხოს კბილის ორივე ზედაპირი – წინაც და უკანაც – და კბილთაშორისი არე.

თუ ბავშვს მხოლოდ წინა კბილების ხეხვა მოსწონს, უკანა კბილების მეტი ხალისით გასახეხავად რამე თამაში მოიფიქრეთ.

ექვს-რვა წლამდე კბილების გამოხეხვისას ბავშვს უფროსის მეთვალყურეობა სჭირდება.

მოარიდეთ ბავშვი ტკბილეულს, განსაკუთრებით – ისეთს, რომელიც კბილებს ეკვრის და ძნელად შორდება: კარამელი, ტკბილი საღეჭი რეზინი, ჩირი... რაც უფრო მეტხანს დარჩება შაქარი პირის ღრუში, მით უფრო მეტი საფრთხე დაემუქრება კბილებს.

გამოუხეხეთ ბავშვს კბილები ტკბილეულის ყოველი ჭამის შემდეგ. ეცადეთ, დიდხანს არ ეჭიროს ხელში ტკბილი წვენით სავსე ჭიქა – წვენი დალიოს და არა ითამაშოს.

ამერიკის პედიატრთა ასოციაციის რეკომენდაციის თანახმად, სტომატოლოგთან ბავშვის პირველი ვიზიტი უმჯობესია ერთი წლის ასაკში განხორციელდეს, მომდევნოები კი – წელიწადში ერთხელ (თუ დამატებითი ვიზიტის საჭიროება არ წარმოიშვა).

სტომატოლოგის მეთვალყურეობით, მისი რეკომენდაციების შესრულებით უფრო ადვილად აიცილებთ თავიდან როგორც თერაპიულ, ისე ქირურგიულ პრობლემებს.

ძილი

ორი წლის ბავშვს დღეში 9-13 საათი უნდა ეძინოს.

დღის ერთი ძილი ამ ასაკში სავსებით საკმარისია.

ღამის ძილის წინ მნიშვნელოვანია, არ დაირღვეს უკვე არსებული ძილისპირული რუტინა. თუ ასეთი რუტინა ჯერ კიდევ არ გაქვთ, დროა, შეიმუშაოთ. მაგალითად, ტანსაცმლის გამოცვლა, კბილების გამოხეხვა, ზღაპრის წაკითხვა და საყვარელ სათამაშოსთან ერთად დაწოლა.

ძილისპირული რუტინის უმნიშვნელო ცვლილებამაც კი შეიძლება პროტესტი გამოიწვიოს. შესაძლოა, ბავშვი არც კი წამოგყვეთ დასაძინებლად ან შუაღამისას საწოლიდან გადმოძვრეს და უფროსების საძებნელად წამოვიდეს, თან ირწმუნებოდეს, რომ არ ეძინება (თუმცა სინამდვილეში დაღლილობისგან თვალები ეხუჭება).

მიეცით საშუალება, იგრძნოს, რომ სიტუაციას აკონტროლებს – ასე უფრო ადვილად გაუქრობთ პროტესტის სურვილს. მიეცით არჩევანი – დაე, თავად გადაწყვიტოს, რომელი პიჟამის ჩაცმა უნდა ან რომელი ზღაპრის მოსმენა ურჩევნია ძილის წინ.

თუ ცუდმა სიზმარმა გამოაღვიძა, ჩაეხუტეთ, მოეფერეთ და დაამშვიდეთ. თუ მოყოლა შეუძლია, მოაყოლეთ, რა დაესიზმრა და აუცილებლად დარჩით მის გვერდით, სანამ არ ჩაეძინება. რაც უფრო შეშინებულია პატარა, მით უფრო ხშირად შეაწუხებს ცუდი სიზმრები. თუ კოშმარები ხშირად ესიზმრება, ეცადეთ გაარკვიოთ, რისი ბრალი შეიძლება იყოს ეს. მაგალითად, თუ ცუდ სიზმრებს იმ პერიოდში ხედავს, როცა ცდილობთ, ტუალეტს მიაჩვიოთ, რამდენიმე დღით თავი დაანებეთ.

ბავშვის განცდების მიზეზი შესაძლოა მშობლისგან განცალკევება იყოს (მშობელი მიდის სამსახურში ან თვითონ ბავშვი – საბავშვო ბაღში, ან უბრალოდ სხვა საწოლ ოთახში გადაიყვანეს). ამ დროს უბრალო საუბარიც საკმარისია, რომ პატარას მშფოთვარე ფიქრები დაუფრთხოთ.

თვალი ადევნეთ, რა შინაარსის გადაცემებს უყურებს ბავშვი. მაგალითად, ზოგიერთმა ვიდეომ, რომელიც უფროსებს უწყინარი გვგონია, პატარა შესაძლოა შეაშინოს.

ეცადეთ, ყოველდღე დააძინოთ კარგი განწყობით – ძილის წინ მშვიდი თამაშით, საუბრით, ზღაპრის კითხვით. შეგიძლიათ, მშვიდი მუსიკაც მოასმენინოთ და ოთახში მბჟუტავი სინათლის წყაროც დაუტოვოთ, რომელიც დამამშვიდებლად იმოქმედებს. 

დისციპლინა

ამიერიდან დისციპლინა ყველაზე დიდ გამოწვევად იქცევა. რაც უფრო დამოუკიდებელი და მოძრავი გახდება ბავშვი, მით უფრო აჰყვება იმპულსებს, შეეკამათება უფროსებს, ჯიუტად ეცდება, თავისი გაიტანოს.

ნუ გეგონებათ, რომ ბავშვი რამეს განზრახ აფუჭებს – ხშირად ის ვერც კი ხვდება, რომ ცუდად იქცევა, თუმცა ნებით დაარღვევს თქვენს მითითებებს თუ უნებლიეთ, მთავარია, ასეთი ქცევის მიზეზს მიაგნოთ და აღმზრდელობითი ძალისხმევა მისი აღმოფხვრისკენ მიმართოთ.

მკაცრი მშობელი იქნებით თუ შემწყნარებელი, თქვენი გადასაწყვეტია. მთავარი, რითაც უნდა იხელმძღვანელოთ, ბავშვის ტემპერამენტი და პიროვნული თვისებებია.

ჩაქრობის ტექნიკა

დისციპლინის ჩამოყალიბების ეს ტექნიკა გულისხმობს ბავშვის საქციელის უგულებელყოფას, როცა ის წესებს არღვევს (ოღონდ, რა თქმა უნდა, არა მაშინ, როდესაც ბავშვი დესტრუქციულად იქცევა ან მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება). მაგალითად, თუ მაღაზიაში ბავშვი თქვენი ყურადღების მისაპყრობად აყვირდა, არ მიაქციოთ ყურადღება, თუნდაც მთელი მაღაზია თქვენ გიყურებდეთ. თავდაპირველად პატარა უფრო და უფრო უარესად მოიქცევა, რათა თქვენი ნებისყოფა გამოსცადოს და გაიგოს, რამდენად ურყევია თქვენი გადაწყვეტილება, მაგრამ ნელ-ნელა მიხვდება, რომ თქვენს ნებას უნდა დაჰყვეს. თუ აჰყვებით, ამით მხოლოდ მის უსაქციელობას წაახალისებთ.

შედეგად არასასურველი ქცევა თანდათან გაიშვიათდება და ბოლოს ჩაქრება, როგორც უშეშოდ დარჩენილი კოცონი.

ამ ტექნიკის გამოყენება სკოლამდელი ასაკის ბავშვებთანაც შეიძლება.

ნაბიჯები

. თავდაპირველად სახელი დაარქვით ბავშვის ცუდ საქციელს. კერძოდ, რით გამოიხატება ის? მაგალითად, როცა ხალხმრავალ ადგილას (მაღაზიაში, სკვერში) ხართ, უმიზეზოდ ყვირის? ხელს გიშლით, როცა სხვა საქმით ხართ დაკავებული?

. დააკვირდით, რამდენად ხშირად იქცევა ბავშვი ცუდად და თქვენ რას აკეთებთ საპასუხოდ. თავს ანებებთ საქმიანობას და მის დამშვიდებას ცდილობთ? თუ ასეა, ბავშვის მიუღებელ საქციელს უნებურად თვითონვე ახალისებთ.

. დააკვირდით, ისევე ხშირად განაგრძობს თუ არა პატარა ცუდად მოქცევას, თუ მისი საქციელის იგნორირებას მოახდენთ. გახსოვდეთ, დისციპლინის საფუძველი თქვენი ურყევი ნებაა.

. თუ თქვენმა მეთოდმა გაჭრა და პატარა უკეთესად იქცევა იმ სიტუაციაში, რომელშიც წინათ ცუდად იქცეოდა, აუცილებლად შეაქეთ და წაახალისეთ.

. თუ ბავშვმა ისევ დაიწყო იმავე სიტუაციაში ცუდად მოქცევა, თქვენც ისევ მიმართეთ ჩაქრობის ტექნიკას. ის აუცილებლად გაამართლებს. შესაძლოა, მეორე ჯერზე უფრო ნაკლები დროც კი დაგჭირდეთ.

ოჯახის ახალი წევრი

თუ ამ პერიოდში მეორე შვილის გაჩენას გადაწყვეტთ, ნუ გექნებათ მოლოდინი, რომ თქვენს პატარას ეს ამბავი გაახარებს. პირიქით, აუცილებლად იეჭვიანებს იმაზე, ვინც მშობლების ყურადღებასა და დროში შეეცილება.

ეჭვიანობისა და სტრესის თავიდან ასაცილებლად ბავშვი რამდენიმე თვით ადრე შეამზადეთ ოჯახის ახალი წევრის დაბადებისთვის. ჩართეთ სამზადისში: ერთად აარჩიეთ და იყიდეთ ჩვილისთვის ტანსაცმელი და სხვა საჭირო ნივთები, ერთად მოუწყვეთ ოთახი. აუხსენით უფროსს, რომ როცა დრო მოვა, რამდენიმე დღით სამშობიარო სახლში მოგიწევთ წასვლა, საიდანაც მის პატარა დასთან`ძმასთან ერთად დაბრუნდებით.

როცა უმცროსი დაიბადება, მიეცით უფროსს საშუალება, ეთამაშოს, მოეფეროს და მის მოვლაში მოგეხმაროთ (მაგალითად, პამპერსი მოგაწოდოთ), მაგრამ ნუ დააძალებთ. დაელოდეთ, ვიდრე თავად გამოიჩენს ინტერესს. როცა უმცროსს ეთამაშებით, აუცილებლად დაუძახეთ უფროსს და თამაშში ისიც ჩართეთ. აჩვენეთ, როგორ მოექცეს პატარას, როგორ დაიჭიროს ხელში, რომ უნებურად არ ატკინოს, მაგრამ ნურასოდეს დატოვებთ მასთან უმეთვალყურეოდ.

გახსოვდეთ ისიც, რომ აუცილებელია დროის გამონახვა უფროსთან ცალკე საურთიერთობოდ (წაიყოლეთ თუნდაც მაღაზიაში ან, სანამ უმცროსს სძინავს, მხოლოდ მას ეთამაშეთ, მასთან ერთად ისადილეთ).

გმირის თაყვანისცემა

ორი-სამი წლის ბავშვისთვის უფროსი დედმამიშვილი გმირია. ბაძავს მას, ცდილობს, ასიამოვნოს. თავდაპირველად უფროს და-ძმებს ეს ძალიან მოსწონთ, მაგრამ მალევე ბეზრდებათ – პატარები ხომ გამუდმებით ფეხდაფეხ დაჰყვებიან, გასაქანს არ აძლევენ, თუ რამე არ მოეწონათ, ტირილს მორთავენ, შეიძლება ჩაარტყან კიდეც, უფროსი კი "ხურდას" ვერ დაუბრუნებს...

დედმამიშვილების ახლო ურთიერთობა, რა თქმა უნდა, სასიხარულოა, თანაც, როცა ისინი ერთად თამაშობენ, მშობლებს მეტი თავისუფალი დრო რჩებათ, მაგრამ თუ ვითარება დაიძაბა, დროულად უნდა ჩაერიოთ (რასაკვირველია, ნეიტრალიტეტის შენარჩუნებით), რათა ბავშვებს შორის არაჯანსაღი ურთიერთობა არ ჩამოყალიბდეს.

თუ უფროსი შვილი რვა წელს გადაცილებულია, მას, დიდი ალბათობით, უკვე ექნება საკუთარი ცხოვრება: მეგობრები, წრეები, სხვადასხვა ჰობი... ამ შემთხვევაში უმცროსის მიჯაჭვულობა მას გააღიზიანებს. თუ თავად არ გამოთქვამს სურვილს, უმცროსი და ან ძმა მეგობრებთან ერთად გაასეირნოს, ნუ დააძალებთ. შეგიძლიათ, მცირე კომპენსაციაც შესთავაზოთ, თუ თავის პირად დროს პატარას მეთვალყურეობისთვის გაიმეტებს, სანამ თქვენ სხვა საქმე გექნებათ მოსაგვარებელი.

დედმამიშვილებს შორის კინკლაობა გარდაუვალია და ნორმალურიც, მაგრამ თუ წონასწორობის დაცვაში დაეხმარებით, დედმამიშვილობა მათთვის თავის დამკვიდრებისა და ურთიერთპატივისცემის საძირკველი გახდება.

უფროს დებსა და ძმებთან ურთიერთობის წყალობით სკოლამდელი ასაკის ბავშვი იღებს ცოდნას ოჯახის ღირებულებების შესახებ, ექმნება წარმოდგენა იმის თაობაზე, როგორი უნდა იყოს “დიდი”, ხოლო უფროსი აღმოაჩენს, რომ ვიღაცისთვის მისაბაძი მაგალითია, ეს კი საკმაოდ ძლიერი მოტივაციაა.

მეორე მხრივ, როცა ვიღაცა მისაბაძ მაგალითად მიგიჩნევს, ეს დიდი პასუხისმგებლობაცაა.

თუ უფროსი და-ძმა კარგად ართმევენ თავს ამ პასუხისმგებლობას, სანერვიულო არაფერია, მაგრამ თუ თვითონვე იქცევიან ცუდად, მშობელს ისღა დარჩენია, გააცალკეოს დედმამიშვილები, რათა უფროსის ცუდი საქციელი უმცროსსაც არ გადაედოს.

არასოდეს დატუქსოთ და დასაჯოთ უფროსი შვილი უმცროსის თანდასწრებით, მაგრამ, იმავდროულად, ეცადეთ, უმცროსმა კარგ და ცუდ საქციელს შორის განსხვავება დაინახოს.

სესილი ცირეკიძე

გააზიარე: