რაქიტის პროფილაქტიკა

გააზიარე:
რაქიტი პირველად ინგლისელმა ექიმმა გლისონმა აღწერა და “ინგლისური დაავადება” უწოდა, რადგან ნისლიან ალბიონზე იგი საკმაოდ იყო გავრცელებული. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მზიანი დღე გაცილებით მეტია, ამ დაავადების მსუბუქი ფორმები მაინც ხშირად გვხვდება. რა დაავადებაა რაქიტი, ყველაზე მეტად ვის ემუქრება ის და როგორ ავიცილოთ თავიდან მისი განვითარება? ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს პედიატრს მაია ხერხეულიძეს ვესტუმრეთ.
  • – რა დაავადებაა რაქიტი?

– რაქიტი ჩვილი და ადრეული ასაკის ბავშვთა დაავადებაა. მისთვის დამახასიათებელია ძვლოვანი ქსოვილის წარმოქმნაში მონაწილე ორი უმნიშვნელოვანესი ელემენტის – კალციუმისა და ფოსფორის – ცვლის მოშლა, რაც იწვევს ძვლოვანი ქსოვილის ფორმირებისა და მინერალიზაციის დარღვევას, ძვლების დარბილებას, ძვლოვანი მასის შემცირებას, ხრტილოვანი ქსოვილის ჭარბ პროდუქციას და, საბოლოო ჯამში, სხვადასხვა სახის ძვლოვან დეფორმაციას. თუმცა რაქიტი ჩონჩხის დაზიანებით არ შემოიფარგლება – იგი სხვა ორგანოებსა და ორგანოთა სისტემებსაც ვნებს, რაც ხშირად განაპირობებს აღგზნებადობას, ემოციურ ცვალებადობას, კუნთოვან ჰიპოტონიას, ზოგადი განვითარების ტემპის შენელებას, იმუნიტეტის დაქვეითებას, რაც, თავის მხრივ, მკვეთრად ზრდის მრავალი დაავადების განვითარების რისკს.

  • – რა იწვევს რაქიტს?

– რაქიტის მთავარი და ყველაზე გავრცელებული მიზეზი D ვიტამინის დეფიციტია. ის შესაძლოა განპირობებული იყოს, ერთი მხრივ, კვების რაციონში D ვიტამინის მცირე შემცველობით, მეორე მხრივ კი მზის ულტრაიისფერი სხივების უკმარისობით. ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით ადამიანის კანში წარმოიქნება D ვიტამინი, რომელსაც ფასდაუდებელი მნიშვნელობა აქვს გაძვალების პროცესების ნორმალური მიმდინარეობისთვის. იგი აძლიერებს ნაწლავებიდან კალციუმისა და ფოსფორის შეწოვას და ძვლოვან ქსოვილში ჩალაგებას.
რაქიტის განვითარებას ხელს უწყობს საკვებში კალციუმის დაბალი შემცველობაც.
შედარებით იშვიათია ეგრეთ წოდებული მეორეული რაქიტი, რომელიც თავს იჩენს ღვიძლის, თირკმლის ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების ფონზე. ასეთ დროს დარვეულია ნაწლავებიდან საჭირო ნივთიერებების შეწოვისა და მათი აქტიურ ფორმებად გარდაქმნის პროცესი. უფრო მეტიც – მოსალოდნელია მათი გაძლიერებული კარგვა შარდთან ერთად.

  • – რამდენად გავრცელებულია ეს დაავადება?

– ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში რაქიტი ძალზე იშვიათია, რადგან ამ რეგიონებში საკვებს D ვიტამინით ამდიდრებენ. განვითარებად ქვეყნებში კი ის ხუთი ყველაზე გავრცელებული დაავადების ნუსხაში შედის. საქართველოში რაქიტის განვითარებას ხელს უწყობდა აკვნის ფართო გამოყენებაც. სხვათა შორის, იგი მონღოლური საწოლია და სწორედ მონღოლების ბატონობისას გავრცელდა საქართველოში. აკვანში ბავშვის იმობილიზაცია – უძრავად წოლა – არღვევდა სისხლის მიმოქცევას და სხვა პრობლემებთან ერთად რაქიტის განვითარებასაც უწყობდა ხელს. უკანასკნელ ხანს აკვანს პრაქტიკულად აღარ იყენებენ და, საბედნიეროდ, რაქიტის მძიმე ფორმებიც იშვიათად გვხვდება, რაც დაავადების დროული და სწორი პროფილაქტიკით აიხსნება. უნდა ითქვას ისიც, რომ მზის მაღალი ექსპოზიციის მიუხედავად, საქართველოში მაინც გავრცელებულია მსუბუქად მიმდინარე რაქიტი. დაავადება შედარებით ხშირად ემართებათ დღენაკლულ ჩვილებს, რომლებიც კალციუმის მცირე მარაგით იბადებიან (კალციუმი დედის ორგანიზმიდან ნაყოფში უმთავრესად ორსულობის უკანასკნელ ტრიმესტრში გადადის).

  • – როგორ ვლინდება რაქიტი, როგორ ამოვიცნოთ იგი?

– დაავადების პირველი ნიშნები უმეტესად 2-3 თვის ასაკში იჩენს თავს. ესენია აღგზნება და მოუსვენრობა, ძილის დარღვევა, კრთომები. ყურადღებას იპყრობს მკვეთრი ოფლიანობა, განსაკუთრებით – თავისა. ოფლიანობა იმატებს კვებისა და ძილის დროს. ვითარდება ეგრეთ წოდებული რაქიტული სიქაჩლე – კეფის გამელოტება. ამ დროს ძვლოვანი დეფორმაციები ჯერ კიდევ არ შეინიშნება და ჩივილებიც D ვიტამინით მკურნალობის შედეგად მალე გაივლის. თუ დაავადებას ამ ეტაპზე არ ვუმკურნალეთ, თავს იჩენს კუნთთა ჰიპოტონია, მოდუნება და ძვლოვანი დეფორმაციები, რომლებიც იწყება თავის ქალას დაზიანებით და თანდათან ვრცელდება ზემოდან ქვემოთ. თავდაპირველად გაბრტყელდება კეფა, წინ წამოიწევს შუბლისა და თხემის ბორცვები, ამას მოჰყვება გულმკერდის დაზიანება – ქათმის ან მეწაღის ტიპისა, დეფორმირდება ხერხემალი, მენჯი, კიდურები. რაქიტის დროს დარღვეულია გაძვალების პროცესები, კერძოდ, გვიანდება კბილების ამოჭრა, ყიფლიბანდის დახურვა.
ძვლოვანი დეფორმაციების არსებობისას მკურნალობა აუმჯობესებს ბავშვის საერთო მდგომარეობას, ხსნის ნევროლოგიურ სიმპტომატიკას, თუმცა ძვლოვანი დეფორმაციების აღმოფხვრის იმედი, ფაქტობრივად, აღარ უნდა გვქონდეს, ამიტომ მეტად მნიშვნელოვანია სწორი პროფილაქტიკა და პირველი სიმპტომების შემჩნევისთანავე მკურნალობის დაწყება.

  • – რას ითვალისწინებს რაქიტის პროფილაქტიკა და ყველაზე მეტად ვის სჭირდება იგი?

– რაქიტის პროფილაქტიკისთვის, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ბალანსირებული კვება და სუფთა ჰაერზე სეირნობა. ბავშვის რაციონი უნდა შეიცავდეს ყველა აუცილებელ კომპონენტს, მათ შორის – D ვიტამინსა და კალციუმს. მეტად მნიშვნელოვანია ძუძუთი კვების ხელშეწყობა. დედის რძეში კალციუმისა და ფოსფორის თანაფარდობა ოპტიმალურია, რაც ხელს უწყობს მათ შეწოვას. სამაგიეროდ, D ვიტამინი დედის რძეში ცოტაა, ამიტომ ბუნებრივ კვებაზე მყოფ ჩვილებს მზის სხივების უკმარისობის შემთხვევაში, განსაკუთრებით – შემოდგომაზე და ზამთარში, აუცილებლად უნდა მივაწოდოთ D ვიტამინის დამატებითი საპროფილაქტიკო დოზა. ვიტამინის დამატება საჭიროა მაშინაც, თუ ხელოვნურ კვებაზე მყოფი ბავშვი იღებს 500 მლ-ზე ნაკლებ ხელოვნურ საკვებს ან არაადაპტირებული ნარევებით (ძროხის რძე, მაწონი და სხვა) იკვებება. დღენაკლულებში რაქიტის პროფილაქტიკა 2 კვირიდან იწყება, ხოლო დროულად დაბადებულებში – უმეტესად 2 თვიდან. უკანასკნელი რეკომენდაციებით, რაქიტის პროფილაქტიკისთვის D ვიტამინის მიღება შესაძლოა საჭირო იყოს არა მარტო ჩვილ ასაკში, არამედ ბავშვობისა და მოზარდობის პერიოდშიც.

  • – შესაძლებელია თუ არა რაქიტის პროფილაქტიკა მზის აბაზანებით?

– პატარა აუცილებლად უნდა ვასეირნოთ ჰაერზე, მაგრამ უნდა მოვარიდოთ მზის პირდაპირ სხივებს. ჩვილებისთვის უსაფრთხო დასხივების ზღვარი განსაზღვრული არ არის. ჩვილის კანი ძალიან ნაზია და ადვილად იწვება, ამიტომ 6 თვემდე მზის პირდაპირ სხივებს არიდეთ, 6 თვიდან კი შეიძლება, მზის აბაზანები მივაღებინოთ: სახეზე – დღეში არა უმეტეს 17 წუთისა, ხოლო მთელ სხეულზე – 4 წუთი. მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ კანის დამწვრობა, განსაკუთრებით – ადრეულ ასაკში, მკვეთრად ზრდის მომავალში კანის სიმსივნის განვითარების რისკს.

  • – ინიშნება თუ არა რაქიტის პროფილაქტიკისთვის კალციუმის პრეპარატები?

– რაქიტის პროფილაქტიკა, წესისამებრ, გულისხმობს მხოლოდ D ვიტამინის დამატებას, რომელიც თავისთავად აუმჯობესებს საკვებში შემავალი კალციუმის შეწოვას და ძვლებში გადატანას. ქალის რძე, ისევე, როგორც ხელოვნური საკვები, შეიცავს კალციუმს და პროფილაქტიკისთვის მისი დამატება არ არის საჭირო, მაგრამ მაშინ, როდესაც თვალსაჩინო ხდება რაქიტის კლინიკური სურათი და საჭიროა მკურნალობა, D ვიტამინთან ერთად ხშირად კალციუმის პრეპარატებსაც ვუნიშნავთ. აქვე უნდა ითქვას, რომ D ვიტამინისა და კალციუმის სიჭარბეც ისევე საშიშია, როგორც უკმარისობა და თვითნებურად, ექიმის მეთვალყურეობის გარეშე მათი მიღება სახიფათოა. ასე რომ, დედებო, დიდი ყურადღება და სიფრთხილე გმართებთ!
მარი ზაზაშვილი
D ვიტამინი
• D ვიტამინი, იგივე კალციფეროლი, ცხიმში ხსნადი ვიტამინია. ბევრი სხვა ვიტამინისგან განსხვავებით, ის ორგანიზმშიც წარმოიქმნება.
• D ვიტამინი ორგანიზმს საკვებიდან კალციუმის შეწოვაში ეხმარება. კუნთებს ის მოძრაობისთვის სჭირდება, ნერვებს –  ტვინსა და სხეულის ნაწილებს შორის  იმპულსების მიმოცვლისთვის, იმუნურ სისტემას – ვირუსებსა და ბაქტერიებთან ბრძოლისთვის.
• D ვიტამინი ორგანიზმს სიმსივნური დაავადებისგანაც იცავს. იგი მონაწილეობს ჰორმონების სინთეზში, არეგულირებს გულის მუშაობას, კალციუმისა და ფოსფორის ბალანსს, რაც აუცილებელია კბილებისა და ძვლების  ნორმალური ფორმირებისთვის, ასევე – თვალის დაავადებების საპროფილაქტიკოდ.
• D ვიტამინის მიღება 65 წლიდან თითქმის მესამედით ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით სიკვდილიანობის რისკს.
• ზრდასრულ ასაკში D ვიტამინის დეფიციტი ძვლების დეფორმაციას და დარბილებას (ოსტეოპოროზი) იწვევს. D ვიტამინის დეფიციტის პირველი ნიშანია კუნთების სისუსტე.
• კალციფეროლს შეიცავს თევზის ქონი და კვერცხის გული. მისი მიღება კვებითი დანამატების ან პრეპარატის სახითაც არის შესაძლებელი.
• D ვიტამინის ყოველდღიური ნორმა სხვადასხვა ასაკში სხვადასხვაა.
• არსებობს D ვიტამინის რამდენიმე ფორმა. დღეს  უმეტესად მის წყალხსნარსა და ზეთოვან ხსნარს იყენებენ. D ვიტამინის გახანგრძლივებული ფორმა პროფილაქტიკისათვის მხოლოდ 6 თვეში ერთხელ მიიღება, მკურნალობის მიზნით კი გაცილებით ხშირად.
• D ვიტამინს, ცხიმში ხსნადი სხვა ვიტამინების მსგავსად, ორგანიზმში კუმულაცია (დაგროვება) ახასიათებს. მისი დოზის გადაჭარბებამ შესაძლოა ჰიპერვიტამინოზი გამოიწვიოს, რომლის კლინიკური სურათი გაცილებით მძიმეა, ვიდრე დეფიციტისა. კერძოდ, D ვიტამინის სიჭარბე შესაძლოა ნერვული სისტემის ან თირკმელების დაზიანების მიზეზად იქცეს.

გააზიარე: