აირები კუჭსა და ნაწლავებში

გააზიარე:

ვინ არ შეუწუხებია კუჭ-ნაწლავში დაგროვილ გაზებს. ბევრისთვის იქნებ უხერხულობის მიზეზადაც ქცეულა... აირები ყველა ჩვენგანის ორგანიზმშია, მაგრამ საშიში არ არის. ადამიანების უმეტესობა დღეში ნახევარი ლიტრიდან ლიტრ-ნახევრამდე აირს წარმოქმნის და საშუალოდ 14-ჯერ უშვებს გარეთ პირიდან ან სწორი ნაწლავიდან.

გაზები მეტწილად უსუნო ნივთიერებებისგან შედგება: ნახშირორჟანგისგან, ჟანგბადისგან, აზოტისგან, წყალბადისგან, ზოგჯერ – მეთანისგანაც, თუმცა მსხვილ ნაწლავში მობინადრე ბაქტერიები გოგირდის შემცველ აირებს გამოყოფენ. სწორედ გოგირდი აძლევს სწორი ნაწლავიდან გამოშვებულ ჰაერს უსიამოვნო სუნს. რაც უფრო მეტ გოგირდს შეიცავს ჰაერი, მით უფრო ცუდი სუნი აქვს მას.

როგორ ჩნდება

საჭმლის მომნელებელ ტრაქტში აირების გაჩენას ორი მიზეზი აქვს:

1. აეროფაგია, ჰაერის ყლაპვა – ჰაერს ვყლაპავთ სწრაფად ჭამისა და სმის, საღეჭი რეზინის ღეჭვის, სიგარეტის მოწევის დროს. თუ კბილის პროთეზი კარგად არ არის მორგებული და ყანყალებს, ღეჭვის დროს ადამიანს მეტი ჰაერი ეყლაპება. გადაყლაპული ჰაერის ნაწილი ბოყინის დროს ამოდის კუჭიდან, ნაწილს წვრილი ნაწლავი იწოვს, ნაწილი კი მსხვილ ნაწლავში გადადის და სწორი ნაწლავიდან გამოიყოფა.

2. მსხვილი ნაწლავის ბაქტერიების ცხოველმყოფელობა – წვრილ ნაწლავში განსაზღვრული ფერმენტების სიმცირის ან არარსებობის გამო ზოგიერთი ნახშირწყალი ვერც იშლება და ვერც შეიწოვება. ეს მოუნელებელი და შეუწოველი ნარჩენები მსხვილ ნაწლავში გადადის, სადაც მათ ჩვენთვის უწყინარი ბაქტერიები შლის. ამ პროცესში წარმოიქმნება აირები, რომლებიც სწორი ნაწლავიდან გამოიყოფა.

გაზების წარმომქმნელი საკვები

გაზების წარმოქმნის ინტენსივობა დიდად არის დამოკიდებული საკვების ტიპზე. მაგალითად, ცხიმებისა და ცილების მონელებისას ცოტა აირი წარმოიქმნება, ნახშირწყლების მონელებისას კი – უფრო მეტი.

ნახშირწყლებს, რომლებიც ხშირად იწვევს აირების წარმოქმნას, მიეკუთვნება:

. რაფინოზა – რთული შაქარი, რომელიც გვხვდება ლობიოში, კომბოსტოში, ბრიუსელის კომბოსტოში, ბროკოლიში, სატაცურში, სხვა ბოსტნეულში, საღ მარცვლეულში;

. ლაქტოზა – ბუნებრივი შაქარი, რომელსაც შეიცავს რძე და რძის ნაწარმი – ყველი, ნაყინი... მცირე რაოდენობით – გადამუშავებული საკვებიც (პური, ბურღულეული, მზა სოუსები). ასეთი საკვების მიღების შემდეგ აირების დაგროვება შესაძლოა ლაქტოზის აუტანლობაზე მიანიშნებდეს;

. ფრუქტოზა – შაქარი, რომელიც შედის ხახვის, მსხლის, არტიშოკის, ხორბლის შემადგენლობაში. გამოიყენება ზოგიერთი გამაგრილებელი და ხილის სასმლის დამატკბობლადაც;

. სორბიტოლი – შაქარი, რომელიც ბუნებრივად გვხვდება ხილში, მათ შორის – ვაშლში, მსხალში, ატამსა და ქლიავში. ასევე გამოიყენება როგორც ხელოვნური დამატკბობელი დიეტური და უშაქრო საკვებისა და ტკბილეულის წარმოებაში;

. სახამებელი –  სახამებლების უმეტესობა, მათ შორის – კარტოფილისა, სიმინდისა, ხორბლისა, წარმოქმნის გაზებს, რადგან მსხვილ ნაწლავში იშლება. ერთადერთი სახამებელი, რომელიც აირების წარმოქმნას არ იწვევს, ბრინჯის სახამებელია;

. ხსნადი ბოჭკო – ის ადვილად იხსნება წყალში და ნაწლავში იღებს რბილ, ჟელესმაგვარ ტექსტურას. გვხვდება შვრიის ქატოში, ლობიოში, ბარდაში, მრავალი სახეობის ხილში;

. უხსნელი ბოჭკო – მას შეიცავს ხორბლის ქატო და ზოგიერთი ბოსტნეული. ასეთი ბოჭკო ფაქტობრივად უცვლელად გაივლის ნაწლავებს და ცოტა აირს წარმოქმნის.

დაავადებები

ნაწლავში აირების ჭარბი წარმოქმნა ზოგჯერ ავადმყოფობაზე მიუთითებს. თუ ადამიანი დღეში 20-ზე მეტჯერ აბოყინებს ან ნაწლავიდან უშვებს გაზებს, მიზეზი შესაძლოა იყოს:

. SIBO – წვრილი ნაწლავის ბაქტერიების ჭარბი გამრავლება. გაზების წარმოქმნასთან ერთად ახასიათებს ფაღარათი და წონის კლება;

. გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი;

. ნაწლავის ანთებითი დაავადება (წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება);

. გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება (გერდი);

. ლაქტოზის აუტანლობა – ამ დროს გაზების წარმოქმნა რძისა და მისი ნაწარმის მიღების შემდეგ არის მოსალოდნელი;

. ცელიაკია – გლუტენის (ხორბლის, ჭვავის, ქერისა და სხვა მარცვლეულის შემადგენლობაში შემავალი ცილის აუტანლობით მიმდინარე დარღვევა);

. დემპინგ-სინდრომი (ვითარდება კუჭის რეზექციის შემდეგ, გამოიხატება კუჭის შიგთავსის ნაწლავებში სწრაფი გადასვლით);

. გასტროპარეზი – კუჭის კედლის კუნთების ნორმალური მოძრაობის დარღვევა;

. ნაწლავის ობსტრუქცია, დახშობა და გაუვალობა (გამოწვეული სიმსივნით ან სხვა მიზეზით);

. პეპტიკური წყლული;

. ავტოიმუნური პანკრეატიტი;

. დიაბეტი;

. კვებითი დარღვევები (ანორექსია, ბულიმია, ჭარბკვებიანობა).

სიმპტომები

კუჭ-ნაწლავში აირების დაგროვებამ შეიძლება გამოიწვიოს:

.ბოყინი – ეს ბუნებრივი აქტია, რომლის მეშვეობითაც ორგანიზმი იცილებს ჭარბ ჰაერს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ზედა ნაწილიდან. ქრონიკული ბოყინი შესაძლოა ტრაქტის ამ ნაწილში არსებულ დარღვევებზე მიუთითებდეს. მაგალითად, წყლულოვან დაავადებაზე, გასტროეზოფაგურ რეფლუქსურ დაავადებაზე, გასტრიტზე, დიდი ბუშტის სინდრომზე (მეგანბლასე სყნდრომე) – იშვიათ პათოლოგიაზე, რომლისთვისაც დამახასიათებელია მსუყე, მძიმედ მოსანელებელი საკვების მიღებისას დიდი რაოდენობით ჰაერის ჩაყლაპვა, კუჭში ჰაერის დიდი ბუშტის წარმოქმნა, კუჭის სისავსის შეგრძნება, ქოშინი, ტკივილი, რომელიც შეცდომით შესაძლოა გულის შეტევის გამოხატულებადაც კი  მიიჩნიონ.

.გაზებზე გასვლა – სწორი ნაწლავიდან დღეში 15-25-ჯერ ჰაერის გამოშვება ნორმალურად ითვლება.

.მუცლის შებერილობა. ის, როგორც წესი, ნაწლავის მოტორიკის – რიტმული ტალღისებური მოძრაობის – დარღვევის შედეგია. მოტორიკის დარღვევა ზოგჯერ შებერილობის ცრუ შეგრძნებასაც იწვევს. მოტორიკის დარღვევა დამახასიათებელია გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომისთვის, კრონის დაავადებისთვის, მსხვილი ნაწლავის კიბოსთვის, ნაწლავთა გაუვალობისთვის, შეხორცებებისთვის.

.მუცლის ტკივილი და დისკომფორტი – ზოგს ნაწლავში აირების არსებობა ტკივილს ჰგვრის. თუ ტკივილი მსხვილი ნაწლავის მარცხენა მხარეს აღმოცენდა, შესაძლოა, გულის დაავადებაშიც კი აერიოთ, მსხვილი ნაწლავის მარჯვენა მხარეს აღმოცენებული ტკივილი კი ნაღველკენჭოვან დაავადებას ან აპენდიციტს ჰგავს.

ექიმს უნდა მიმართოთ, თუ:

. აირების დაგროვება გაწუხებთ;

. სიმპტომები ერთბაშად შეიცვალა;

. გაზების დაგროვებასთან ერთად გაქვთ ყაბზობა, დიარეა ან დაიკელით წონა.

დიაგნოსტიკა

ვინაიდან საჭმლის მომნელებელ ტრაქტში აირების არსებობა შესაძლოა სერიოზული პათოლოგიით იყოს გამოწვეული, მიზეზის დადგენა აუცილებელია. ექიმი დაინტერესდება, რას უჩივით, როგორია თქვენი კვებითი ჩვევები, რას მკურნალობთ ამჟამად,  რა წამლებს იღებთ, რა გაქვთ გადატანილი. ამის შემდეგ გაგსინჯავთ. შესაძლოა, შემოგთავაზოთ კვების დღიურის წარმოებაც – მისი დახმარებით უფრო ადვილად მიაგნებს საკვებს, რომელიც აირების ჭარბ წარმოქმნას იწვევს. შესაძლოა, გამოკვლევაც დაგინიშნოთ, მაგალითად, მუცლის ღრუს რენტგენი ან კოლონოსკოპია. ამ ყველაფერთან ერთად, ექიმი დაადგენს, ზედმეტად მგრძნობიარე ხომ არ ხართ ნორმალური რაოდენობის აირების მიმართ, ხოლო თუ გაზები მართლა ჭარბად გიგროვდებათ –  რისი ბრალია.

მკურნალობა

ნაწლავებში აირების სიჭარბის და ამით გამოწვეული უსიამოვნო სიმპტომების თავიდან ასაცილებლად:

. ეცადეთ, ნაკლები ჰაერი გადაყლაპოთ. ჭამეთ ნელა, არ ღეჭოთ კევი, უარი თქვით საწუწნ კანფეტებზე, საწრუპ ჩხირებზე. თუ პროთეზს ხმარობთ, მიმართეთ სტომატოლოგს, რათა დარწმუნდეთ, რომ ის სწორად გაქვთ მორგებული. ასე აირების დაგროვებით გამოწვეული სიმპტომები ნელ-ნელა შემსუბუქდება, განსაკუთრებით მაშინ, თუ ბევრს აბოყინებთ.

. თავი დაანებეთ მოწევას. გაითვალისწინეთ, რომ, გამოკვლევების თანახმად, წარმატების მეტი შანსი აქვთ ადამიანებს, რომლებიც პროფესიონალს მიმართავენ ამ ჩვევის დაძლევაში დახმარებისთვის.

. შეიცვალეთ დიეტა. მიირთვით უფრო მცირე ულუფებით და უფრო ხშირად.  ერიდეთ აირების წარმომქნელ საჭმელსა და სასმელს, მათ შორის – გაზიან სასმელებს, შემწვარ და ცხიმიან ხორცს, შაქარს, ბოჭკოთი მდიდარ საკვებს (თუმცა რამდენიმე კვირის შემდეგ საკვებში ბოჭკოს შემცველობა თანდათანობით გაზარდეთ). თუ ცელიაკია დაგიდგინეს, უნდა დაიცვათ უგლუტენო დიეტა, თუ  ლაქტოზის აუტანლობა –  უნდა შეზღუდოთ რძის ნაწარმი.

. მიიღეთ მედიკამენტები, ოღონდ ექიმის რჩევით. მან შესაძლოა დაგინიშნოთ:

- ალფა-გალაქტოზიდაზა – ფერმენტი, რომელიც საჭიროა მარცვლეულსა და ბოსტნეულში, მათ შორის – პარკოსნებში, არსებული რთული შაქრების დასაშლელად (ინიშნება 12 წლიდან);

- სიმეტიკონი,  რომელიც ხსნის აირებით გამოწვეულ შებერილობას და ტკივილს და ხელს უწყობს გაზებისგან გათავისუფლებას. მას ახალშობილებისა და მცირეწლოვან ბავშვებისთვისაც იყენებენ;

- ლაქტოზის აუტანლობის მქონე ადამიანებისთვის – ლაქტაზა.

რაც შეეხება გააქტიურებულ ნახშირს, ნაწლავში აირების ჭარბი დაგროვებისას მისი ეფექტიანობა კვლევათა უმრავლესობით არ დასტურდება, თუმცა ზოგიერთი კვლევა მის სასარგებლოდაც  მეტყველებს. აშშ-ში გააქტიურებულ ნახშირს  უმეტესად განსაზღვრული ტიპის ტოქსინებით გამოწვეული მოწამვლის გადაუდებელი მკურნალობისთვის იყენებენ.

ოკუპანტი ბაქტერიები

წვრილი ნაწლავის ბაქტერიების ჭარბი ზრდა

წვრილი ნაწლავის ბაქტერიების ჭარბი ზრდა (SIBO – Small intestinal bacterial overgrowth) წვრილ ნაწლავში ამ ადგილისთვის უჩვეულო ბაქტერიების დიდი რაოდენობით არსებობაა. ამ მდგომარეობას ზოგჯერ ბრმა მარყუჟის სინდრომსაც უწოდებენ, ვინაიდან უმეტესად საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან ნაწლავის გარკვეული ნაწილის გამოთიშვას, შემოვლითი გზის ჩამოყალიბებას და “ბრმა” ნაწილში შიგთავსის შეგუბებას უკავშირდება.

მიზეზები

წვრილი ნაწლავი საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ყველაზე გრძელი, დაახლოებით ექვსმეტრიანი მონაკვეთია. მასში საკვებს ერევა საჭმლის მომნელებელი წვენები, რომლებიც მის დაშლას და გადამუშავებას უწყობს ხელს, ხოლო საკვები ნივთიერებები ნაწლავის კედლიდან სისხლში შეიწოვება. წვრილ ნაწლავში მსხვილთან შედარებით ნაკლები ბაქტერიაა, მაგრამ თუ საკვები იქ დიდხანს დაყოვნდა, წვრილი ნაწლავი ბაქტერიების გამრავლებისთვის იდეალურ ადგილად იქცევა. ამ შემთხვევაში ბაქტერიები წარმოქმნიან ტოქსინებს, ხელს უშლიან საკვები ნივთიერებების შეწოვას, მათი ცხოველმყოფელობის პროდუქტები კი დიარეას იწვევს.

წვრილი ნაწლავის ბაქტერიების ჭარბი ზრდა შესაძლოა გამოიწვიოს:

. მუცლის ღრუს, მათ შორის – სიმსუქნის, წყლულოვანი დაავადების, კუჭის კიბოს სამკურნალოდ ჩატარებულმა ოპერაციებმა, მათმა გართულებებმა;

. წვრილ ნაწლავში და მის გარშემო არსებულმა სტრუქტურულმა ცვლილებებმა, მათ შორის – ნაწიბუროვანმა ქსოვილმა, რომელიც გარედან ეკვრის ნაწლავს და ხელს უწყობს გამობერილობების, დივერტიკულების ჩამოყალიბებას;

. ზოგიერთმა დაავადებამ, რომლებიც ანელებს ნაწლავის მოძრაობას და, შესაბამისად, ნარჩენი პროდუქტების გადაადგილებას მასში. ასეთია კრონის დაავადება, სხივური მკურნალობის შედეგად განვითარებული ენტერიტი, სკლეროდერმია, ცელიაკია, დიაბეტი და სხვა.

სიმპტომები

წვრილი ნაწლავის ბაქტერიების ჭარბი ზრდა შესაძლოა გამოვლინდეს:

. უმადობით;

. მუცლის ტკივილით;

. გულისრევით;

. მუცლის შებერილობით;

. ჭამის შემდეგ სისუსტის უსიამოვნო შეგრძნებით;

. დიარეით;

. წონის უმიზეზო კლებით;

. მალნუტრიციით – კვების დარღვევით, არასაკმარისი ნაკვებობით.

გართულებები

წვრილი ნაწლავის ბაქტერიების ჭარბმა ზრდამ შესაძლოა:

. შეაფერხოს ცხიმების, ნახშირწყლებისა და ცილების შეწოვა. ბაქტერიები შლის ნაღველში შემავალ მარილებს, რომლებიც აუცილებელია ცხიმების მოსანელებლად. შედეგად ცხიმები არასრულად იშლება. ვითარდება დიარეა. გარდა ამისა, ბაქტერიებს შეუძლიათ, დააზიანონ წვრილი ნაწლავის ლორწოვანი გარსი, რის შედეგადაც ხელი ეშლება ნახშირწყლებისა და ცილების შეწოვას. დიარეა შესაძლოა გამოიწვიოს ბაქტერიების მიერ ნაწლავში შეგუბებული საკვების დაშლის შედეგად წარმოქმნილმა ნაერთებმაც. ეს ყველაფერი ერთად მალნუტრიციისა და წონის კლების მიზეზად იქცევა.

. ვიტამინების უკმარისობა – ცხიმების არასრული შეწოვის შედეგად ორგანიზმი ბოლომდე ვერ ითვისებს ცხიმში ხსნად (A, D, E და K) ვიტამინებს. შესაძლოა, განვითარდეს ვიტამინ B12-ის დეფიციტიც. მართალია, მას წვრილ ნაწლავში არსებული ბაქტერიები ასინთეზებენ, მაგრამ თვითონაც მოიხმარენ. ეს ვიტამინი კი აუცილებელია ნერვული სისტემის ნორმალური მუშაობისთვის, სისხლის უჯრედებისა და დნმ-ს წარმოქმნისთვის. B12-ის დეფიციტი იწვევს სისუსტეს, დაღლილობას, ხელ-ფეხში ჩხვლეტის შეგრძნებას, დაბუჟებას, გონების არევას. B12-ის დეფიციტით გამოწვეული ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება ზოგჯერ შეუქცევადია.

. ძვლების დასუსტება (ოსტეოპოროზი). დაზიანებული ნაწლავი სათანადოდ ვერ იწოვს კალციუმს, რამაც დროთა განმავლობაში შესაძლოა ძვლის დაავადებამდე, მაგალითად, ოსტეოპოროზამდე მიგვიყვანოს.

. თირკმლის ქვები. მათი ჩამოყალიბების მიზეზიც კალციუმის ცუდი შეწოვაა.

დიაგნოზი

წვრილი ნაწლავის ბაქტერიების ჭარბი ზრდის დასადგენად ოქროს სტანდარტია წვრილი ნაწლავის ბაქტერიული კულტურის ლაბორატორიული შესწავლა. მასალას ენდოსკოპიურად იღებენ.

ნაკლებად სპეციფიკურია სუნთქვითი ტესტი – გლუკოზისა და წყლის ნარევის დალევის შემდეგ ამოსუნთქულ ჰაერში წყალბადის ან მეთანის რაოდენობის განსაზღვრა.

ამ გამოკვლევებთან ერთად ზოგჯერ ინიშნება სისხლის ანალიზი ვიტამინების დეფიციტის აღმოსაჩენად, განავლის ანალიზი ცხიმის შეწოვის შესაფასებლად, ვიზუალიზაციის ტესტები ნაწლავის სტრუქტურული ცვლილებების დასადგენად – რენტგენი, კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული გამოსახვა. 

მკურნალობა

ექიმები შეძლებისდაგვარად ცდილობენ, მოაგვარონ ის პრობლემა, რომელმაც წვრილი ნაწლავის ბაქტერიების ჭარბი ზრდა გამოიწვია, მაგალითად, ოპერაციულად უმკურნალონ ფისტულას, ნაწლავის სტრიქტურას (შევიწროებას), ბრმა მარყუჟს. მაგრამ უმეტესად მკურნალობა მიმართულია საკვები ნივთიერებების დეფიციტის აღმოფხვრისა და ბაქტერიების ჭარბი ზრდის დათრგუნვისკენ. ამ უკანასკნელისთვის გამოიყენება ანტიბიოტიკოთერაპია, რომელიც ზოგჯერ საკმაოდ ხანგრძლივია. ზოგს იშვიათად სჭირდება წამლების მიღება, ზოგს – რეგულარულად.

ნუტრიენტების დეფიციტის აღმოფხვრა მკურნალობის გადამწყვეტი ნაწილია. პაციენტს შესაძლოა დასჭირდეს ვიტამინ B12-ის ინექციები კუნთში, ვიტამინების, კალციუმისა და რკინის დანამატების სმა. თუ წვრილი ნაწლავის დაზიანების გამო ადამიანს დაკარგული აქვს რძის შაქრის მონელების უნარი, ეზღუდება ლაქტოზის შემცველი პროდუქტების მიღება ან ენიშნება ფერმენტ ლაქტაზის შემცველი პრეპარატები, რომლებიც ხელს უწყობს რძის შაქრის მონელებას.

გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი

გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი (გნს) მდგომარეობაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია დეფეკაციის ცვლილებით გამოწვეული დისკომფორტი. ბოლოდროინდელმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ამ სინდრომის მრავალი სიმპტომი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის კედელში არსებული ნერვების მომატებულ მგრძნობელობას უკავშირდება. ქალებთან ის ორჯერ ხშირად აღირიცხება, ვიდრე მამაკაცებთან და აშშ-ის მოსახლეობის 15 პროცენტს აქვს.

გნს-ის პირველი სიმპტომები უმეტესად 50 წლამდე იჩენს თავს. ხშირია ოჯახური შემთხვევებიც. იშვიათად ის მწვავე ნაწლავური ინფექციის შემდეგ ვითარდება, ამ ფორმას პოსტინფექციური გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომს უწოდებენ. რისკის ფაქტორებს მიეკუთვნება შფოთვა, დეპრესია, ფსიქიკური ჯანმრთელობის სხვა პრობლემები. რისკს ზრდის სქესობრივი, ფიზიკური და ემოციური ძალადობის ისტორია.

სიმპტომები

არსებობს გნს-ის ოთხი ქვეკატეგორია, რომლებიც თანაბრადაა გავრცელებული:

• ძირითადად დიარეა და მუცლის დისკომფორტი;

• ძირითადად ყაბზობა და მუცლის დისკომფორტი;

• თხელი განავლისა და ყაბზობის მონაცვლეობა მუცლის დისკომფორტით;

• განუსაზღვრელი ქვეტიპი, რომლის სიმპტომებიც განსხვავებულია.

გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის მთავარი ჩივილია მუცლის ტკივილი ან დისკომფორტი, რომელიც ნაწლავის მოქმედების (განავლის ფორმის, დეფეკაციის სიხშირის) ცვლილებასთან ასოცირდება. ის შესაძლოა გამოვლინდეს მწვავე ტკივილით, სპაზმებით, შებერილობით, სისავსის შეგრძნებით და წვითაც კი. ტკივილი შესაძლოა გამოიწვიოს კონკრეტული საკვების მიღებამ, უბრალოდ ჭამამ, ემოციურმა სტრესმა, ყაბზობამ ან დიარეამ.

სხვა სიმპტომებია: ლორწო განავალში, ნაწლავის არასრული დაცლის შეგრძნება, შაკიკი, ძილის დარღვევა, შფოთვა ან დეპრესია, ფიბრომიალგია, მენჯის ქრონიკული ტკივილი.

ზოგი უმკლავდება გნს-ის სიმპტომებს და მათ გამო ყოველდღიური ცხოვრების რუტინას არ ცვლის, ზოგს კი მათ გამო სამსახურის გაცდენა თუ სხვა მნიშვნელოვან საქმეებზე უარის თქმა უწევს.

გნს-ის სიმპტომების გამოვლენა ხშირად სტრესს უკავშირდება. ამ შემთხვევაში სტრესის მოხსნის შემდეგ მისი სიმპტომებიც ქრება.

ზოგს სიმპტომები ყოველგვარი აშკარა ტრიგერის ზემოქმედების გარეშე ეწყება, ზოგთან ხანგრძლივ სიმპტომურ პერიოდებს ხანგრძლივი უსიმპტომო პერიოდები მოსდევს. ზოგს სიმპტომები განსაზღვრული საკვების, მაგალითად, ხორბლის, ჭვავის, ქერის პროდუქტების, რძისა და მისი ნაწარმის, ციტრუსის, ლობიოს, კომბოსტოს, გაზიანი სასმლის მიღებისას უმწვავდება.

მიზეზები

გნს-ის ზუსტი მიზეზი არ არის ცნობილი. ვარაუდობენ, რომ მის განვითარებაში რამდენიმე ფაქტორი ასრულებს როლს:

. ნაწლავის კუნთების შეკუმშვა. ნაწლავში საკვები მისი კედლის კუნთების შეკუმშვის შედეგად გადაადგილდება. ძლიერმა და ხანგრძლივმა შეკუმშვამ შესაძლოა აირების წარმოქმნა, შებერილობა და დიარეა გამოიწვიოს, შეკუმშვის შესუსტებისას კი შესაძლოა შენელდეს საკვების მოძრაობა და მყარი, მშრალი განავალი ჩამოყალიბდეს.

. ნერვულ სისტემაში მომხდარი დარღვევები. როცა საჭმლის მომნელებელი სისტემის ნერვები დაზიანებულია ან სათანადოდ ვერ ფუნქციობს, აირებით ან ჭინთვებით გამოწვეული მუცლის დაჭიმულობა შესაძლოა ჩვეულებრივ დისკომფორტზე მეტი იყოს. საჭმლის მონელების ჩვეულებრივ პროცესებზე გადაჭარბებული რეაქცია შესაძლოა გამოიწვიოს თავის ტვინსა და ნაწლავებს შორის სიგნალების ცუდმა კოორდინაციამ, რაც ტკივილით, დიარეით ან ყაბზობით გამოვლინდება.

. მძიმე ინფექცია. გნს შესაძლოა განვითარდეს ბაქტერიებით ან ვირუსით გამოწვეული დიარეის (გასტროენტერიტის) მძიმე შეტევის შემდეგ, ასოცირებული იყოს ნაწლავებში ბაქტერიების ჭარბ გამრავლებასთან.

. სტრესი ცხოვრების ადრეულ ეტაპზე. გნს-ის სიმპტომები შესაძლოა ბავშვობაში გადატანილმა სტრესმაც გამოიწვიოს.

. ნაწლავის მიკრობული ფლორის ცვლილებები. გნს-ის მქონე ადამიანებს შესაძლოა ჯანმრთელი ადამიანებისგან განსხვავებული ნაწლავური ფლორა ჰქონდეს – ნაწლავებში მობინადრე ბაქტერიები, სოკოები და ვირუსები, რომლებიც მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისთვის.

დიაგნოზი

დიაგნოსტიკისთვის იყენებენ რომის კრიტერიუმს, რომლის მიხედვითაც მუცლის ტკივილი და დისკომფორტი აღინიშნება კვირაში ერთი დღე მაინც ბოლო სამი თვის განმავლობაში. ეს სიმპტომები, წესისამებრ, ვითარდება დეფეკაციას დროს. იმავდროულად, შეცვლილია დეფეკაციის სიხშირე ან განავლის კონსისტენცია. ადგენენ გნს-ის ტიპს, აფასებენ სხვა ნიშნებსა და სიმპტომებს, რომლებიც შესაძლოა სხვა, უფრო სერიოზულ მდგომარეობაზე მიუთითებდეს.

მკურნალობა

გნს-ის მკურნალობა მიმართულია სიმპტომების შემსუბუქებისკენ, რათა ადამიანმა შეძლებისდაგვარად ნორმალურად იცხოვროს. მსუბუქ სიმპტომებს ხშირად აქრობს სტრესის მართვა, კვების რაციონისა და ცხოვრების წესის შეცვლა. კერძოდ, რეკომენდებულია:

• იმ საკვებისთვის თავის არიდება, რომელიც სიმპტომებს იწვევს;

• ბოჭკოთი მდიდარი საკვების მიღება;

• ბევრი სითხის სმა;

• რეგულარული ვარჯიში;

• საკმარისი ძილი.

ზოგჯერ შედეგიანია რაციონიდან გაზიანი სასმელებისა და აირწარმომქმნელი საკვების ამოღება. ამავე ჯგუფში ხვდება გლუტენიც (ხორბალი, ქერი და ჭვავი), რადგან ზოგიერთ ადამიანს (თუნდაც ცელიაკია არ ჰქონდეს) დიარეა გაუვლის, როდესაც გლუტენის მიღებას წყვეტს.

ზოგიერთი მგრძნობიარეა განსაზღვრული ნახშირწყლების  – ფერმენტული ოლიგოსაქარიდების, დისაქარიდების, მონოსაქარიდებისა და პოლიოლების მიმართ. ეს ნახშირწყლების გვხვდება ზოგიერთ მარცვლეულში, ბოსტნეულში, ხილსა და რძის ნაწარმში. შესაბამისად, რაციონიდან მათი ამოღება შედეგიანია.

სიმპტომებიდან გამომდინარე, ექიმმა პაციენტს შესაძლოა შესთავაზოს ბოჭკოვანი დანამატები, საფაღარათო საშუალებები, დიარეის საწინააღმდეგო მედიკამენტები. ანტიქოლინერგიული მედიკამენტები (ნაწლავის მტკივნეული სპაზმების მოსახსნელად), ანტიდეპრესანტები, ტკივილზე მოქმედი წამლები და სხვა.

ნაწლავის ანთებითი დაავადება

ნაწლავის ანთებითი დაავადება ნაწლავის ორ ქრონიკულ დაავადებას – კრონის დაავადებასა და წყლულოვან კოლიტს აერთიანებს. ორივე შემთხვევაში ვითარდება მსხვილი ნაწლავის ანთება. კრონის დაავადება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სხვადასხვა ადგილას ლორწოვან და ლორწოვანქვეშა შრეებს აზიანებს, წყლულოვანი კოლიტის დროს კი ანთება და წყლულები ყოველთვის სწორი ნაწლავის არეში აღინიშნება. შესაძლოა, გავრცელდეს მსხვილ ნაწლავში, მაგრამ არასდროს – წვრილში.

მიზეზები

ნაწლავის ანთებითი დაავადების ზუსტი მიზეზი უცნობია. წინათ დიეტასა და სტრესს ადანაშაულებდნენ. ახლა დადგენილია, რომ ამ ფაქტორებმა შესაძლოა გაამწვაოს დაავადება, მაგრამ მას არ იწვევს. სავარაუდო მიზეზია იმუნური სისტემის გაუმართაობა, პათოლოგიური იმუნური რეაქცია, რომელიც განაპირობებს იმუნური სისტემის შეტევას საჭმლის მომნელებელი ტრაქტის უჯრედებზე. დაავადებულთა უმეტესობას არ აქვს დაავადების ოჯახური ისტორია, მაგრამ ვისაც აქვს, მისთვის ავად გახდომის ალბათობა ჩვეულებივ პოპულაციასთან შედარებით მეტია.

რისკის ფაქტორები

• ასაკი – აწლავის ანთებითი დაავადების დიაგნოზს უმეტესად 30 წლამდე სვამენ, თუმცა არიან ისეთი პაციენტებიც, რომლებსაც ის 50-60 წლისთვის განუვითარდათ.

• ოჯახური ისტორია – ამ დაავადების მქონე ახლო ნათესავის: მშობლის, და-ძმის, შვილის, –  ყოლა.

• მოწევა – ეს მავნე ჩვევა ზრდის კრონის დაავადების განვითარების და დამძიმების რისკს. მწეველებს უფრო ხშირად აქვთ რეციდივი, სჭირდებათ მედიკამენტური მკურნალობა და განმეორებითი ოპერაციები. საინტერესოა, რომ მოწევა აფერხებს წყლულოვანი კოლიტის განვითარებას, მაგრამ მისი მავნე შედეგები ბევრად აღემატება სარგებელს. მოწევისთვის თავის დანებება აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის საერთო ჯანმრთელობას.

• ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული მედიკამენტების მიღება – არასტეროიდებით მკურნალობა ზრდის ავად გახდომის რისკს, ხოლო უკვე არსებულ დაავადებას ამძიმებს. ამ ჯგუფს მიეკუთვნება, მაგალითად, იბუპროფენი, ნაპროქსენი, დიკლოფენაკი.

სიმპტომები

ნაწლავის ანთებითი დაავადების სიმპტომები ანთების სიმძიმესა და ლოკალიზაციაზეა დამოკიდებული. ისინი მსუბუქიც შეიძლება იყოს და მძიმეც. შესაძლოა, ერთმანეთს ენაცვლებოდეს გამწვავებისა და რემისიის პერიოდები. ორივე დაავადებას ახასიათებს დიარეა, სწორი ნაწლავიდან სისხლდენა, მუცლის სპაზმი, ტკივილი, დაღლილობა, უმადობა, წონის კლება.

კრონის დაავადებას შეუძლია გამოიწვიოს ზრდის შეფერხება, ცხელება, ანემია. იმის მიხედვით, სად არის ლოკალიზებული დაზიანება, მოსალოდნელია სხვა სიმპტომებიც, მათ შორის – სახსრების ტკივილი, ქვები თირკმელებში, საშარდე გზების პრობლემები.

წყლულოვანი კოლიტით დაავადებულები შესაძლოა უჩიოდნენ ხშირ დეფეკაციას, მუცლისა და სწორი ნაწლავის ტკივილს, ცხელებას, სახსრების ტკივილს, გამონაყარს.

გართულებები

წყლულოვან კოლიტს და კრონის დაავადებას აქვს რამდენიმე საერთო გართულება: მსხვილი ნაწლავის კიბო, კანის, თვალისა და სახსრების ანთება, პირველადი სკლეროზული ქოლანგიტი, შეხორცებები ნაღვლის სადინარებში, მათი შევიწროება და საბოლოოდ – ღვიძლის დაზიანება, თრომბების წარმოქმნა, მედიკამენტების გვერდითი მოვლენები – კორტიკოსტეროიდებით გამოწვეული ოსტეოპოროზი, არტერიული წნევის მატება...

კრონის დაავადების გართულებებია ნაწლავის გაუვალობა, მალნუტრიცია, ფისტულა, ანალური ნაპრალი, ხოლო წყლულოვანი კოლიტისა – ტოქსიკური მეგაკოლონი (მსხვილი ნაწლავის გაფართოება და შეშუპება), მსხვილი ნაწლავის პერფორაცია (გახვრეტა), მწვავე გაუწყლოება.

დიაგნოზი

დიაგნოზის დასაზუსტებლად საჭიროა ტესტებისა და პროცედურების კომბინაცია:

.იკვლევენ სისხლს ანემიის დასადგენად, ბაქტერიული ან ვირუსული ინფექციის ნიშნების აღმოსაჩენად, ამოწმებენ განავალს ფარული სისხლდენის ან პარაზიტების გამოსავლენად, ატარებენ ენდოსკოპიურ გამოკვლევებს (მაგალითად კოლონოსკოპიას, სიგმოიდოსკოპიას, ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპიას), რენტგენოგრაფიას, კომპიუტერულ ტომოგრაფიას, მაგნიტურ-რეზონანსულ გამოსახვას.

მკურნალობა

ნაწლავის ანთებითი დაავადების მკურნალობის მიზანია, დაცხრეს ანთება, რომელიც დაავადებისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს იწვევს. საუკეთესო შემთხვევაში მხოლოდ სიმპტომები კი არ შემსუბუქდება, არამედ დგება ხანგრძლივი რემისია და მცირდება გართულებების რისკი.

ინიშნება ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, იმუნური სისტემის დამთრგუნველი საშუალებები, ბილოგიური პრეპარატები, ანტიბიოტიკები, დიარეის საწინააღმდეგო მედიკამენტები, ტკივილგამაყუჩებლები და სხვა.

წონის ძლიერი კარგვისას მიმართავენ ენტერალურ კვებას -  საკვები ნივთიერებების შეყვანას მილით, პარენტერალურ კვებას - საკვები ნივთიერებების ვენიდან შეყვანას. ეს უკანასკნელი ნაწლავს დასვენების საშუალებას აძლევს და ანთებითი პროცესის ჩაცხრობას უწყობს ხელს.

ნაწლავის სტენოზის (შევიწროების) ან სტრიქტურის (შეხორცების) შემთხვევაში რეკომენდაციას უწევენ მცირენარჩენიან დიეტას, რასაც მინიმუმამდე დაჰყავს მოუნელებელი საკვების მიერ ნაწლავის ბლოკირება.

თუ დიეტა, ცხოვრების წესის შეცვლა, მედიკამენტური ან სხვა მკურნალობა არ ამცირებს სიმპტომებს, შეიძლება ოპერაცია ჩატარდეს.

წყლულოვანი კოლიტის დროს ოპერაცია გულისხმობს მსხვილი ნაწლავისა და სწორი ნაწლავის ამოკვეთას და წვრილი ნაწლავის ანუსზე მიმაგრებას. თუ ეს ვერ ხერხდება, კეთდება სტომა - ხვრელი მუცლის კედელზე, საიდანაც განავალი გამოიყოფა.

კრონის დაავადების მქონე ადამიანთა ორ მესამედს სიცოცხლეში ერთი ოპერაცია მაინც სჭირდება. ამასთან, ქირურგიული ჩარევით კრონის დაავადება არ იკურნება, შედეგი დროებითია. ოპერაციის დროს ქირურგი ამოკვეთს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაზიანებულ ნაწილს და ჯანმრთელ ნაწილებს ერთმანეთთან აკავშირებს. ქირურგიულ ჩარევას ასევე მიმართავენ ფისტულების დახურვისა და აბსცესების დრენირების მიზნით.

დიეტა და ცხოვრების წესი

ზოგიერთ საკვებს შეუძლია, გაამწვაოს დაავადების სიმპტომები, ამიტომ ზოგჯერ შედეგიანია:

* რძის ნაწარმის შეზღუდვა – ეს ამცირებს დიარეას, მუცლის ტკივილსა და გაზებს;

* მცირე ულუფებით კვება;

* ბევრი სითხის სმა. საუკეთესოა წყალი. ამასთან, ალკოჰოლისა და კოფეინის შემცველი სასმელები ასტიმულირებს ნაწლავებს და ამძიმებს დიარეას, ხოლო გაზიანი სასმელები საჭმლის მომნელებელ ტრაქტში აირებს წარმოქმნის;

. მულტივიტამინების მიღება (აუცილებლად ექიმის რეკომენდაციით), რადგან კრონის დაავადების დროს შესუსტებულია საკვები ნივთიერებების ათვისების უნარი;

. სტრესის მართვა. კრონის დაავადების სტრესთან კავშირი სადავოა, მაგრამ ბევრს სტრესის პერიოდში სიმპტომები უმწვავდება, ამიტომ სასურველია მისი მართვა ფიზიკური ვარჯიშით, სუნთქვითი ვარჯიშით, მედიტაციით და სხვა მეთოდებით.

ნაწლავთა გაუვალობა

ნაწლავთა გაუვალობა ნაწლავის დახშობაა, რის შედეგადაც ფერხდება მასში საკვების ან სითხის გადაადგილება. მოზრდილებთან გაუვალობას ყველაზე ხშირად იწვევს მუცლის ან მენჯის ღრუს ოპერაციის შემდეგ ჩამოყალიბებული შეხორცება, თიაქარი, მსხვილი ნაწლავის კიბო, ბავშვებთან კი – ინვაგინაცია (ნაწლავის ნაწლავში ჩაჭედვა).

ნაწლავის გაუვალობის სხვა შესაძლო მიზეზებია კრონის დაავადება, დივერტიკულიტი (დივერტიკულების, საჭმლის მომნელებელ ტრაქტში არსებული მცირე ზომის ჯიბისებრი დანამატების, ანთება), მსხვილი ნაწლავის შემოგრეხა, განავლის გაჭედვა.

გაუვალობის მსგავსი სიმპტომები შესაძლოა გამოიწვიოს ნაწლავის ფსევდოობსტრუქციამ (პარალიზური ილეუსი). ამ დროს ნაწლავი დახშული არ არის, მაგრამ კუნთებისა და ნერვების პრობლემების გამო დარღვეულია მისი კუნთების  ნორმალური, კოორდინირებული შეკუმშვა და შენელებულია საჭმლის მომნელებელ სისტემაში საკვებისა და სითხის მოძრაობა.

ნაწლავის გაუვალობის რისკი იმატებს მუცლის ან მენჯის ღრუზე გადატანილი ოპერაციის შემდეგ (როგორც უკვე ვთქვით, ბრალი მიუძღვის ქირურგიული ჩარევის შედეგად განვითარებულ შეხორცებას), კრონის დაავადების, მუცლის ღრუში არსებული კიბოს დროს.

სიმპტომები

ნაწლავის გაუვალობის სიმპტომებია:

* მუცლის მოვლითი სპაზმური ტკივილი;

* უმადობა;

* ყაბზობა;

* ღებინება;

* დეფეკაციის ან გაზებზე გასვლის შეუძლებლობა;

* მუცლის შებერვა.

მკურნალობა

ნაწილობრივი გაუვალობის დროს პაციენტს შესაძლოა შესთავაზონ დაბალბოჭკოვანი დიეტა – ნაწილობრივ დაბლოკილი ნაწლავისთვის ასეთი საკვების გადამუშავება უფრო ადვილია. თუ ობსტრუქცია არ მოიხსნა, ტარდება ოპერაცია. სრული გაუვალობის აღმოსაფხვრელად უმეტესად ოპერაციაა საჭირო.

მკურნალობის გარეშე ნაწლავის გაუვალობამ შესაძლოა გამოიწვიოს სერიოზული გართულება, მაგალითად,  ნაწლავის კედლის სიკვდილი. კედლის სიკვდილს მოჰყვება პერფორაცია –  ნაწლავის კედლის გახვრეტა, რამაც, თავის მხრივ, შესაძლოა პერიტონიტამდე მიგვიყვანოს. ეს არის სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა, რომელიც დაუყოვნებლივ მოითხოვს სამედიცინო ჩარევას, ხშირად – ქირურგიულს.

ავტოიმუნური პანკრეატიტი

ავტოიმუნური პანკრეატიტი პანკრეასის ქრონიკული ანთებაა, რომელიც, სავარაუდოდ, გამოწვეულია იმუნური სისტემის პანკრეასზე შეტევით და რეაგირებს სტეროიდულ თერაპიაზე.

განასხვავებენ ავტოიმუნური პანკრეატიტის ორ ტიპს.

პირველ ტიპს მიეკუთვნება IგG4-თან დაკავშირებული დაავადება, რომელიც პანკრეასთან ერთად ხშირად აზიანებს ნაღვლის სადინარებს, სანერწყვე ჯირკვლებს, თირკმელებს, ლიმფურ კვანძებს. ის უმეტესად 60-70 წლის მამაკაცებს აღენიშნებათ. მეორე ტიპის პანკრეატიტი კი პანკრეასის დაზიანებით შემოიფარგლება, თუმცა ამ დაავადების მქონე ადამიანთა დაახლოებით მესამედს ნაწლავის ანთებითი დაავადებაც აქვს. პანკრეატიტის ეს ტიპი ქალებსა და მამაკაცებთან თანაბრად გვხვდება და შედარებით ადრეულ ასაკში იჩენს თავს.

სიმპტომები

ავტოიმუნური პანკრეატიტი ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ტიპი 1-ის შემთხვევაში მისი სიმპტომები პანკრეასის კიბოსას ჰგავს, რის გამოც შესაძლოა მცდარი დიაგნოზი დასვან. ეს სიმპტომებია:

* მუქი შარდი;

* ღია ფერის განავალი ან განავალი, რომელიც წყალში არ იძირება;

* კანისა და თვალების სიყვითლე;

* ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში ან ზურგის შუაში;

* გულისრევა და ღებინება;

* შებერილობა;

* სისუსტე ან უკიდურესი დაღლილობა;

* უმადობა ან კუჭის სისავსის შეგრძნება;

* წონის დაკლება გაურკვეველი მიზეზით.

ტიპი 1-ის ყველაზე გავრცელებული ნიშანი, რომელიც დაავადებულთა დაახლოებით 80%-თან გვხვდება, ნაღვლის სადინართა დახშობით გამოწვეული უმტკივნეულო სიყვითლეა, ტიპი 2-ის დროს კი ავადმყოფს შესაძლოა ჰქონდეს მწვავე პანკრეატიტის განმეორებითი ეპიზოდები.

ავტოიმუნური პანკრეატიტი შესაძლოა გართულდეს პანკრეასის უკმარისობით. ამ დროს მცირდება ფერმენტების გამომუშავება, რაც ვლინდება დიარეით, წონის კლებით, ძვლის მეტაბოლური დაავადებით, ვიტამინების ან მინერალების დეფიციტით, დიაბეტით, პანკრეასის და სანაღვლე გზების სტრიქტურით (შეხორცებით), პანკრეასში კალციფიკატების ან ქვების წარმოქმნით.

დიაგნოზი

ავტოიმუნური პანკრეატიტის დიაგნოზი რთული დასასმელია, რადგან კლინიკური სურათით ძალიან ჰგავს პანკრეასის კიბოს. არადა, მკურნალობის სწორად წარმართვისთვის ზუსტი დიაგნოზი აუცილებელია. ავტოიმუნური პანკრეატიტის გამოსავლენი ტესტი არ არსებობს. ტარდება ვიზუალიზაცია (ულტრაბგერითი გამოკვლევა, კტ, მრი, რეტროგრადული ქოლანგიოპანკრეატოგრაფია). ენდოსკოპიური ბიოფსია. სისხლში განისაზღვრება IგG4.

დიაგნოსტიკისთვის სტეროიდულ ტესტსაც მიმართავენ – ვინაიდან ავტოიმუნური პანკრეატიტი კარგად რეაგირებს სტეროიდებზე,  ზოგჯერ ინიშნება ამ პრეპარატების საცდელი კურსი.

მკურნალობა

ავტოიმუნური პანკრეატიტის დროს მიმართავენ ნაღვლის სადინარების სტენტირებას,  გამოწერენ სტეროიდებს, იმუნოდეპრესანტებსა და იმუნომოდულატორებს.

გასტროპარეზი: კუჭში დაყოვნებული საკვები

საჭმლის მომნელებელ ტრაქტში საკვების გადაადგილებას კუნთების ძლიერი შეკუმშვა განაპირობებს. როდესაც კუჭის კუნთების მოძრაობა შენელებული ან საერთოდ შეჩერებულია, კუჭი სათანადოდ ვერ იცლება. გასტროპარეზის მიზეზი, როგორც წესი, უცნობია. შესაძლოა, ბრალი მიუძღვოდეს ვაგუსის – ცდომილი ნერვის დაზიანებას, რომელიც კუჭის კუნთებს აკონტროლებს. ცდომილი ნერვი ზოგჯერ დიაბეტის შედეგად ზიანდება, ზოგჯერ კი კუჭსა და წვრილ ნაწლავზე ჩატარებული ოპერაციების შედეგად. კუჭის დაცლა ასევე შეიძლება შეანელოს და გასტროპარეზის სიმპტომები გამოიწვიოს ზოგიერთმა ოპიოიდურმა ტკივილის შემამსუბუქებელმა საშუალებამ, ანტიდეპრესანტმა, წნევისა და ალერგიის წამლებმა. გასტროპარეზის ფონზე ამ მედიკამენტების მიღება მდგომარეობას აუარესებს.

რისკის ფაქტორებს მიეკუთვნება სკლეროდერმია, პარკინსონის დაავადება, ჰიპოთირეოიდიზმი. გასტროპარეზი კაცებზე ხშირად ემართებათ ქალებს.

სიმპტომები

გასტროპარეზის სიმპტომებია:

* გულისრევა;

* ღებინება;

* მუცლის შებერილობა;

* მუცლის ტკივილი;

* კუჭის სისავსის შეგრძნება სულ რამდენიმე ლუკმის შეჭმის შემდეგ;

* რამდენიმე საათის წინ ნაჭამი საკვების მოუნელებელი სახით ამოღება;

* მჟავა რეფლუქსი – გულძმარვა;

* სისხლში შაქრის დონის ცვლილება;

* მადის დაქვეითება;

* წონის კლება და მალნუტრიცია.

გასტროპარეზი ხშირად შეუმჩნეველია, მაგრამ არის მძიმე შემთხვევებიც, როდესაც მისი სიმპტომები საგრძნობლად აქვეითებს სიცოცხლის ხარისხს.

გასტროპარეზი სხვადასხვა გართულებას იწვევს. მაგალითად, ღებინების გამო შესაძლოა განვითარდეს გაუწყლოება, უმადობის გამო ადამიანმა ვერ მიიღოს საკმარისი კალორია ან სასიცოცხლოდ აუცილებელი საკვები ნივთიერებები. დაუმუშავებელი საკვები, რომელიც მაგრდება და კუჭში რჩება, შესაძლოა გამკვრივდეს და ბეზოარად იქცეს, ამ უკანასკნელს კი შეუძლია გამოიწვიოს გულისრევა, ღებინება, შეაფერხოს წვრილ ნაწლავში საკვების გადასვლა. სისხლში შაქრის დონის არაპროგნოზირებადი ცვლა, რასაც წვრილ ნაწლავში საკვების სიჩქარისა და რაოდენობის ხშირი ცვლა იწვევს, ამძიმებს დიაბეტს, უკონტროლო დიაბეტი კი, თავის მხრივ, აუარესებს გასტროპარეზს.

დიაგნოზი

გასტროპარეზის დასადგენად იყენებენ რამდენიმე ტესტს. იმავდროულად, გამორიცხავენ მსგავსი  სიმპტომების მქონე სხვა მდგომარეობებს.

კუჭის დაცლის სისწრაფის დასადგენად შესაძლოა ჩატარდეს:

. სცინტიგრაფია –  ადამიანი ჭამს მსუბუქ კერძს, რომელიც შეიცავს მცირე რაოდენობით რადიაქტიურ ნივთიერებას. ამ ნივთიერების მოძრაობას მუცელზე მოთავსებული სკანერით აკონტროლებენ.

. სუნთქვითი ტესტები – ადამიანი ჭამს ისეთი ნივთიერების შემცველ საკვებს, რომელსაც სხეული შთანთქავს. საბოლოოდ ეს ნივთიერება ამოსუნთქულ ჰაერში ხვდება. ამონასუნთქი ჰაერის ნიმუშები რამდენიმე საათის განმავლობაში გროვდება და საბოლოოდ განისაზღვრება მასში ამ ნივთიერების ოდენობა.

. ენდოსკოპია – იყენებენ საყლაპავის, კუჭისა და წვრილი ნაწლავის საწყისი ნაწილის დასათვალიერებლად, წყლულოვანი დაავადებისა და პილორუსის სტენოზის გამოსარიცხად (ამ ორ მდგომარეობას გასტროპარეზის მსგავსი სიმპტომები ახასიათებს).

. ულტრაბგერითი გამოკვლევა – ეს უკანასკნელი ექიმს იმის დადგენაში ეხმარება, ნაღვლის ბუშტის ან თირკმელების პრობლემები ხომ არ უდევს საფუძვლად სიმპტომებს.

მკურნალობა

გასტროპარეზის მკურნალობა იწყება ძირითადი მდგომარეობის, მაგალითად, დიაბეტის, იდენტიფიცირებითა და მკურნალობით. მნიშვნელოვანია ადეკვატური კვება:

* მცირე ულუფებით და ხშირად ჭამა;

* საჭმლის საფუძვლიანი დაღეჭვა;

* უმის ნაცვლად კარგად მოხარშული ხილისა და ბოსტნეულის ჭამა;

* ბოჭკოს შემცველი ხილსა და ბოსტნეულის (მაგალითად, ფორთოხლის, ბროკოლის) შეზღუდვა, ვინაიდან ასეთმა საკვებმა შესაძლოა ბეზოარის ჩამოყალიბება გამოიწვიოს;

* ძირითადად უცხიმო ან მცირედ ცხიმიანი საკვების მიღება;

* წვნიანების, თხელი პიურეების ჭამა, თუ ადამიანს ყლაპვა უჭირს;

* დღეში დაახლოებით 1-1,5 ლიტრი წყლის სმა;

* ჭამის შემდეგ მსუბუქი ვარჯიში, მაგალითად, სეირნობა;

* გაზიან სასმელებზე, ალკოჰოლსა და მოწევაზე უარის თქმა;

* ჭამის შემდეგ ორი საათის განმავლობაში ფეხზე დგომა ან ჯდომა (წამოწოლა არ შეიძლება!);

* მულტივიტამინის ყოველდღიური მიღება.

გასტროპარეზის დროს რეკომენდებულია სახამებლის შემცველი საკვები (თეთრი პური, კარტოფილი, ბრინჯი, მაკარონი), ცილოვანი საკვები (მოხარშული მჭლე საქონლისა და ღორის ხორცი, ხბოს ხორცი, კანგაცლილი ქათამი ან ინდაური, კრევეტები, თინუსი, ხაჭო, კვერცხი), ხილისა და ბოსტნეულის პიურე, მოხარშული სტაფილო, ჭარხალი, სოკო, ბოსტნეულის წვენი, ბულიონი, ბანანი და სხვა.

ინიშნება მედიკამენტები კუჭის კუნთების სტიმულირებისთვის, გულისრევისა და ღებინების კონტროლისთვის. შესაძლოა, პაციენტს წვრილ ნაწლავში ჩაუდგან საკვები მილი ცხვირიდან, პირიდან ან მუცლის კედლით გავლით. ზოგჯერ პარენტერალური კვება ხდება საჭირო. მიმართავენ კუჭის ელექტრულ სტიმულაციასაც.

დემპინგსინდრომი:კუჭიდან გაქცეული

დემპინგსინდრომი მდგომარეობაა, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს ოპერაციამ, ძირითადად – წონის დასაკლებად, ზოგჯერ კი სხვა მიზნით ჩატარებულმაც (მაგალითად, საყლაპავის ამოკვეთამ).  ამ სინდრომის დროს კუჭი სწრაფად იცლება, საკვები, განსაკუთრებით – შაქარი, ძალიან სწრაფად გადადის წვრილ ნაწლავში. ადრეული დემპინგსინდრომი, რომელიც ბარიატრიული ჩარევის შემდეგ თითქმის ყველა პაციენტს უვითარდება, გრძელდება 3, მაქსიმუმ 9 თვე. გვიანი დემპინგსინდრომი შესაძლოა ოპერაციიდან ორი წლის და მეტი ხნის შემდეგაც კი განვითარდეს.

სიმპტომები

დემპინგსინდრომის მქონე ადამიანთა უმეტესობას ჭამის შემდეგ (ზოგს – 10-30 წუთში, ზოგს – ერთ-ორ საათში) მუცლის სპაზმი და დიარეა ეწყება. სიმპტომები უფრო მეტად ვლინდება სუფრის შაქრით (საქაროზით) ან ხილის შაქრით (ფრუქტოზით) მდიდარი საკვების მიღების შემდეგ.

ადრეული დემპინგსინდრომის სიმპტომებია:

* შებერილობა ან სისავსის შეგრძნება;

* გულისრევა;

* ღებინება;

* მუცლის სპაზმები;

* დიარეა;

* გაწითლება, წამოხურება;

* თავბრუხვევა, გაბრუების შეგრძნება, დიზორიენტაცია;

* გულისცემის აჩქარება.

გვიანი დემპინგსინდრომი იწყება შაქრის შემცველი საკვების მიღებიდან ერთი-სამი საათის შემდეგ. მისი სიმპტომები წვრილ ნაწლავში შაქრის მოხვედრის შედეგად დიდი რაოდენობით ინსულინის გამოყოფას და სისხლში შაქრის დონის შემცირებას უკავშირდება. ესენია: ოფლიანობა, სიწითლე, თავბრუხვევა, გაბრუების შეგრძნება, სისუსტე, გულისცემის აჩქარება.

დიაგნოზი

დემპინგსინდრომის დიაგნოსტიკის დროს გასათვალისწინებელია პაციენტის სამედიცინო ისტორია,  განსაკუთრებით – კუჭზე ჩატარებული ოპერაცია. განისაზღვრება სისხლში შაქრის შემცველობა, ტარდება კუჭის დაცლის ტესტი.

მკურნალობა

ადრეული დემპინგსინდრომი ოპერაციიდან სამ თვეში, სავარაუდოდ, თავისთავად გაივლის. დიდი შანსია, ამ ხნის განმავლობაში დიეტის ცვლილებებმა ჩივილები შეამსუბუქოს. თუ ამან არ იმოქმედა, პაციენტს შესაძლოა ურჩიონ მედიკამენტები ან ოპერაცია.

რაც შეეხება დიეტას, რეკომენდებულია:

* დღეში 5-6-ჯერ მცირე ულუფებით კვება;

* ჭამამდე და ჭამის შემდეგ 30-60 წუთის განმავლობაში სითხის მიღებისგან თავის შეკავება;

* დღის განმავლობაში 1.5-2 ლიტრი წყლის მიღება;

* მეტი ცილის (ხორცი, თევზი) და რთული ნახშირწყლების (შვრიის ფაფა და სხვა ბოჭკოვანი საკვები) მიღება;

* შაქრის შემცველი საკვების შეზღუდვა.

პეპტიკური წყლული

პეპტიკური წყლული კუჭსა და წვრილი ნაწლავის ზედა ნაწილში განვითარებული ერთი ან რამდენიმე ღია, მტკივნეული დაზიანებაა. ის კუჭის ან წვრილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის კუჭის მჟავას მიერ მონელების შედეგია. ყალიბდება მაშინ, როდესაც იმატებს მჟავას რაოდენობა ან თხელდება ლორწოვანი ფენა. ყველაზე ხშირად ამის მიზეზია პილორუსის ჰელიკობაქტერიით (Helicobacter pylori) გამოწვეული ანთება, ზოგიერთი ტკივილგამაყუჩებლის (მაგალითად, ასპირინის, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების – იბუპროფენის, ნაპროქსენის, კეტოპროფენის) რეგულარული მიღება, ამ ჯგუფის მედიკამენტებთან ერთად სტეროიდების, ანტიკოაგულანტების, ასპირინის და სხვათა მიღება. სტრესი და ცხარე საკვები, ისევე როგორც მოწევა და ალკოჰოლის ჭარბი მიღება, არ აჩენს წყლულს, თუმცა სიმპტომების გაუარესება შეუძლია.

სიმპტომები

წყლულის ნიშნებია:

* კუჭის წვა და ტკივილი;

* სისავსის შეგრძნება, შებერილობა, ბოყინი;

* ცხიმიანი საკვების აუტანლობა;

* გულძმარვა;

* გულისრევა.

წყლულოვანი დაავადების ყველაზე ტიპობრივი სიმპტომია კუჭის ტკივილი, რომელიც შიმშილის (კუჭის სიცარიელის) დროს მძაფრდება. ტკივილს აყუჩებს ჭამა,  მჟავას შემამცირებელი მედიკამენტის მიღება. ზოგს ტკივილი უმწვავდება ჭამასა და ჭამას შორის, ღამღამობით, ზოგი კი საერთოდ არაფერს უჩივის. შედარებით იშვიათია მძიმე სიმპტომები:

* ღებინება წითელი ან შავი ფერის სისხლით;

* მუქი სისხლი განავალში ან შავი განავალი;

* სუნთქვის გაძნელება;

* სისუსტე;

* გულისრევა ან ღებინება;

* წონის აუხსნელი კლება;

* მადის ცვლილებები.

მკურნალობის გარეშე პეპტიკურმა წყლულმა შესაძლოა გამოიწვიოს შინაგანი სისხლდენა, კუჭის კედლის პერფორაცია და შედეგად პერიტონიტი, გაუვალობა ანთებით გამოწვეული შეშუპების ან ნაწიბურების გამო, კუჭის კიბო.

დიაგნოზი

წყლულის დიაგნოსტიკისთვის ტარდება სისხლის, განავლის ან სუნთქვითი ტესტები, ენდოსკოპია, რომლის საშუალებითაც ექიმი შიგნიდან ათვალიერებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ზედა ნაწილს და საჭიროების შემთხვევაში იღებს ქსოვილის მცირე ნიმუშს ლაბორატორიაში გამოსაკვლევად, კუჭ-ნაწლავის რენტგენოლოგიური გამოკვლევა ბარიუმის ფაფით. 

მკურნალობა

ინიშნება ანტიბიოტიკები H. pylori-ს გასანადგურებლად (თუ მისი არსებობა დადასტურებულია), მჟავას წარმოქმნის დამთრგუნველი მედიკამენტები, ანტაციდები, რომლებიც ანეიტრალებს კუჭის მჟავას, ლორწოვანის დამცავი საშუალებები.

ერდი – უკან დაბრუნებული საკვები

გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების (გერდი) დროს კუჭის მჟავა შიგთავსი ხშირად უკანვე ამოდის და საყლაპავს აღიზიანებს. მჟავას რეფლუქსის მიზეზი ხშირად საყლაპავის ქვედა სფინქტერის მოდუნებაა. რისკს ზრდის სიმსუქნე, დიაფრაგმის თიაქარი, ორსულობა, შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები (მაგალითად, სკლეროდერმია), კუჭის დაგვიანებული დაცლა. რეფლუქსს ამწვავებს მოწევა, ბევრის ჭამა, გვიან ღამით ჭამა, ცხიმიანი, შემწვარი საკვები, ალკოჰოლი, ყავა, ასპირინი.

გერდის სიმპტომებია:

. გულძმარვა, ჩვეულებრივ – ჭამის შემდეგ. შესაძლოა, გამძაფრდეს ღამით;

. მკერდის ტკივილი;

. ყლაპვის გაძნელება;

. საკვების ან მჟავე სითხის რეგურგიტაცია;

. ბოყინი;

. ყელში ლუკმის გაჩხერის შეგრძნება.

ღამით განვითარებულმა მჟავას რეფლუქსმა შესაძლოა გამოიწვიოს ქრონიკული ხველა, ლარინგიტი, ასთმის განვითარება ან უკვე არსებულის დამძიმება, ძილის დარღვევა.

დიაგნოზი

დიაგნოზს ენდოსკოპიისა და რენტგენოგრაფიის საფუძველზე სვამენ. მკურნალობისთვის მნიშვნელოვანია ცხოვრების წესის შეცვლა (ჯანმრთელი წონის შენარჩუნება, მოწევის შეწყვეტა, საწოლის თავის წამოწევა,   დაწოლამდე მინიმუმ სამი საათის განმავლობაში ჭამისგან თავის შეკავება, ნელა ჭამა და კარგად ღეჭვა, ცხიმიანი და შემწვარი საკვების, პომიდვრის სოუსის, ალკოჰოლის, შოკოლადის, პიტნის, ნივრის, ხახვისა და კოფეინის შეზღუდვა, წელზე მჭიდროდ მომდგარი ტანსაცმლისთვის თავის არიდება). თუ ამან შედეგი არ გამოიღო, ინიშნება წამლები ან ტარდება ოპერაცია.

მონელების პრობლემები

გაზების წარმოქმნისა და შებერილობის მიზეზად შეიძლება იქცეს:

.ლაქტოზის აუტანლობა – შებერილობა, გაზები, დიარეა ვითარდება რძის ან მისი ნაწარმის მიღების შემდეგ. გამოწვეულია წვრილი ნაწლავის მიერ ლაქტოზის მომნელებელი ფერმენტის, ლაქტაზის, არასაკმარისი წარმოქმნით. ამ მდგომარეობის სიმპტომების მართვა შესაძლებელია დიეტით – ლაქტოზის შემცველი საკვების შეზღუდვით ან რაციონიდან ამოღებით, ზოგჯერ კი ლაქტაზის პრეპარატების მიღებით.

.ფრუქტოზის აუტანლობა – შებერილობა, გაზები, დიარეა ფრუქტოზის შემცველი საკვების (ხილი, თაფლი) მიღების შემდეგ ვითარდება;

.ცელიაკია – იმუნური აშლილობა, რომლის დროსაც ადამიანი ვერ ითვისებს გლუტენს, ხორბლის, ჭვავის, ქერისა და ზოგიერთი სხვა მარცვლეულის შემადგენლობაში შემავალ ცილას. ამ დაავადების დიაგნოზის დასმის შემთხვევაში ადამიანმა მთელი სიცოცხლე უგლუტენო დიეტა უნდა დაიცვას.

კვებითი ქცევის დარღვევა

საჭმლის მომნელებელ ტრაქტში აირების სიჭარბის მიზეზად შესაძლოა კვებითი ქცევის დარღვევაც იქცეს. კვებითი ქცევის ყველაზე გავრცელებული დარღვევებია ნერვული ანორექსია, ნერვული ბულიმია და ჭარბკვებიანობა. ისინი უმეტესად თინეიჯერებთან გვხვდება, თუმცა სხვა ასაკშიც შეიძლება განვითარდეს.

კვებითი ქცევის დარღვევის მკურნალობა კომპლექსურია. პროცესში მონაწილეობენ ოჯახის ექიმები, ფსიქიატრები, დიეტოლოგები. თუ პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ის დაუყოვნებლივ გადაჰყავთ საავადმყოფოში.

მკურნალობის შედეგად ადამიანი უბრუნდება ჯანმრთელ კვებას და ზოგჯერ სერიოზული გართულებებიც კი უკუვითარდება.

მარი აშუღაშვილი

გააზიარე: