მთავარი სტრატეგია დიარეის დროს

გააზიარე:

ზაფხულობით, წესისამებრ, ხშირდება კუჭ-ნაწლავის სისტემის დაავადებები, რომლებიც უმეტესად დიარეით ან, უბრალო ენით რომ ვთქვათ, კუჭის აშლილობით ვლინდება. დიარეა საყურადღებო და არცთუ უსაფრთხო სინდრომია, განსაკუთრებით – ბავშვებში. იგი უმეტესად მშვიდობიანად ჩაივლის ხოლმე, მაგრამ ზოგჯერ სერიოზულ საფრთხეს უქადის ადამიანის სიცოცხლეს. სტატისტიკა მოწმობს, რომ დიარეით მსოფლიოში ყოველწლიურად 5 მილიონი კაცი იღუპება. სავალალო შედეგის თავიდან ასაცილებლად დიდი მნიშვნელობა აქვს მშობლის სწორ მოქმედებას, რათა ბავშვს კუჭის აშლილობის შემთხვევაში დროულად გაეწიოს სათანადო დახმარება.
ბავშვთა ასაკში დიარეის შესახებ გვესაუბრება მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ბავშვთა განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი, პედიატრი, მედიცინის დოქტორი მაია ხერხეულიძე. 

  • – ქალბატონო მაია, რამდენად სერიოზული პრობლემაა დიარეა?

– დიარეა ბავშვთა ასაკის ერთ-ერთი გავრცელებული პრობლემაა. მის მნიშვნელობაზე სიკვდილობის მაჩვენებლებიც მიუთითებს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, დიარეა 5 წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილობის გამომწვევი დაავადებების ხუთეულში შედის და მისი ხვედრითი წილი სიკვდილობის სტრუქტურაში 19%-ს შეადგენს.

  • – როდის მიიჩნევა კუჭის მოქმედების მოშლა დიარეად?

– დიარეა არის ნაწლავთა გახშირებული (დღე-ღამეში სამზე მეტი) მოქმედება შეცვლილი, თხელი კონსისტენციის, ჩვეულებრივზე მეტი მოცულობის, პათოლოგიური მინარევების (წყალი, სისხლი, ლორწო) შემცველი განავლით, რასაც ნაწლავში სითხისა და მარილების შეწოვისა და გამოყოფის (აბსორბციისა და სეკრეციის) დისბალანსი განაპირობებს.

  • – რისი ბრალია დიარეა?

– განსხვავებენ მწვავე და გახანგრძლივებულ (პერსისტიულ) დიარეას. გახანგრძლივებულად ითვლება დიარეა, რომელიც გრძელდება 14 დღეს და მეტხანს. დიარეის, განსაკუთრებით – მისი მწვავე ფორმის, ყველაზე გავრცელებული მიზეზია ინფექცია, რომელიც შესაძლოა გამოწვეული იყოს როგორც ვირუსებით, ისე ბაქტერიებითა და უმარტივესებით. ბავშვთა ასაკში საკმაოდ ხშირია ვირუსული, განსაკუთრებით კი როტავირუსული დიარეა, რომელიც ერთხელ მაინც აქვს გადატანილი 5 წლამდე ასაკის ყველა ბავშვს. გარდა ინფექციისა, დიარეა შესაძლოა განპირობებული იყოს:
. მედიკამენტებით (ანტიბოტიკები, საფაღარათო საშუალებები, მაგნეზიის შემცველი ანტაციდები და სხვა);
. კვებითი ალერგენებით ან საკვების აუტანლობით (ალერგია ძროხის რძეზე, სოიის ცილაზე და სხვა);
. მონელებისა და შეწოვის პროცესების დარღვევით (ლაქტოზის, საქაროზის, იზომალტოზის დეფიციტი, მალაბსორბცია და სხვა);
. ქიმიოთერაპიით ან რადიაციით გამოწვეული ენტერიტით;
. ქირურგიული პათოლოგიებით (აპენდიციტი, ნაწლავთა ინვაგინაცია);
. ზოგიერთი ვიტამენის დეფიციტით (ნიაცინის, ფოლიუმის მჟავას დეფიციტი) ან ჰიპერვიტამინოზით (ვიტამინი C, ვიტამინი B3);

. მძიმე მეტალებით ან ტოქსინებით.

  • – როგორ ვრცელდება დიარეის გამომწვევი ინფექციები?

– მათი გადაცემის ძირითადი გზა ორალურ-ფეკალურია, ანუ დაავადებას განაპირობებს ფეკალიებიდან გამოყოფილი გამომწვევის პირში მოხვედრა (დაბინძურებული ხელებით, სათამაშოებით). ზოგჯერ (მაგალითად, შიგელას, როტავირუსის შემთხვევაში) დაავადების განვითარებისთვის მიკრობის მეტად მცირე ულუფაა საკმარისი. ინფექცია ხშირად გადაეცემა დაბინძურებული წყლისა და საკვების მეშვეობითაც. 

  • – როგორია ინფექციის კლინიკური სურათი?

– მისი ძირითადი კლინიკური სიმპტომებია ნაწლავთა გახშირებული მოქმედება, ღებინება, გარკვეული სიმძაფრით გამოხატული ტემპერატურული რეაქცია, გაუწყლოების ნიშნები. არაინფექციური აგენტებით (მაგალითად, მედიკამენტებით, მალაბსორბციით) განპირობებულ შემთხვევებში ტემპერატურული რეაქცია და ინტოქსიკაცია, წესისამებრ, არ არის გამოხატული. ინფექციურ დიარეას ახასიათებს გაუწყლოების ნიშნები, რაც ორგანიზმის სრულყოფილი ფუნქციობისთვის აუცილებელი სითხისა და მარილების დანაკარგზე მიუთითებს. ეს ნიშნებია კანისა და ლორწოვანი გარსების სიმშრალე, თვალების ჩაცვენა, უცრემლო ტირილი, ძლიერი აღგზნება ან, პირიქით, ლეთარგია ანუ ძილად მივარდნა, სითხის მიღების შეუძლებლობა დასხვა.

  • – ზაფხულობით ზოგიერთი ისეთ ადგილას ისვენებს, სადაც ექიმის გამოძახება ან ბავშვის სტაციონარში გადაყვანა ძნელია და ექიმთან მხოლოდ სატელეფონო კავშირის დამყარებაა შესაძლებელი. რას უნდა მივაქციოთ ამ დროს ყურადღება, როგორ შევაფასოთ ბავშვის მდგომარეობა, რომ ექიმსაც ინფორმაცია სწორად გადავცეთ?

– ექიმი შესაბამის კითხვებს თავად დაგისვამთ, თუმცა, რა თქმა უნდა, ჯობია, პასუხები მზად გქონდეთ. მნიშვნელოვანია, რამდენი ხნის დაწყებულია დიარეა, ხომ არ არის განავალში სისხლი, როგორია ბავშვის საერთო მდგომარეობა, აქვს თუ არა გაუწყლოების ნიშნები. მშობლებს უნდა ახსოვდეთ, რომ ბავშვის ძლიერი აღგზნება და გამუდმებით წყლის მოთხოვნა გაუწყლოებაზე მიუთითებს – ამ დროს, განურჩევლად ჩვენი ადგილსამყოფელისა, აუცილებელია ექიმთან მისვლა. თუ ბავშვმა სათანადო რაოდენობის სითხე არ მიიღო, ვითარება გართულდება. მოსალოდნელია ლეთარგიული მდგომარეობა, გონის დაკარგვა, სითხის მიღების შეუძლებლობა, შოკი... ასეთ დროს დაუყოვნებელი დახმარებაა საჭირო.

  • – რა ვიღონოთ ექიმთან მისვლამდე? 

– უპირველესად, არ დაუშვათ გაუწყლოება, მიაწოდეთ ორგანიზმს იმდენი სითხე, რამდენსაც კარგავს. დიარეით განპირობებული სიკვდილის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ გაუწყლოება და შოკია.
ხშირად მშობლები გაუწყლოების თავიდან ასაცილებლად ბავშვს ჩვეულებრივ წყალს ან საქართველოში საკმაოდ გავრცელებულ მინერალურ წყალს ასმევენ. ეს არ არის გაუწყლოების პრევენცია. რა თქმა უნდა, დიარეის დროს ექიმის ერთ-ერთ რეკომენდაცია სითხით დატვირთვაა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დიარეის შემთხვევაში იკარგება არა მარტო წყალი, არამედ მინერალური მარილებიც, მათ შორის – ნატრიუმისა და კალიუმისა, ამიტომ აუცილებელია, სითხესთან ერთად ავადმყოფს სპეციალური სარეჰიდრატაციო ხსნარიც მივაწოდოთ. სარეჰიდრატაციო მარილოვანი ხსნარი წარმოადგენს დიარეის მკურნალობის ძირითად და ყველაზე ეფექტურ მეთოდს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დადგენილია, რომელ მარილებს უნდა შეიცავდეს ხსნარი და როგორი კონცენტრაციით, რომ მოახდინოს გაუწყლოების პრევენცია და ამასთან ერთად ხელი შეუწყოს სითხის დანაკარგისა და ნაწლავთა მოქმედების გაიშვიათებას.
საქართველოს ფარმაცევტულ ქსელში საკმაოდაა სარეჰიდრატაციო ხსნარები, მათ შორის – საქართველოში წარმოებული აისოლი. აისოლი წარმოადგენს დაბალოსმოლარულ სარეჰიდრატაციო მარილოვან ხსნარს, რომლის შემადგენლობაში შედის ნატრიუმის ქლორიდი, კალიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ციტრატი და დექსტროზა, რომელთა კონცენტრაცია სავსებით შეესაბამება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის უახლეს რეკომენდაციებს. დადგენილია, რომ დაბალოსმოლარული სარეჰ
იდრატაციო ხსნარები, მათ შორის – აისოლიც, გაცილებით უკეთ ახდენს რეჰიდრატაციის პრევენციას, აღადგენს ორგანიზმის წყალმარილოვან ბალანსს და აჩქარებს განკურნებას, ვიდრე რამდენიმე წლით ადრე გამოშვებული შედარებით მაღალი ოსმოლარობის მქონე სარეჰიდრატაციო მარილოვანი ხსნარები. გაუწყლოების თავიდან ასაცილებლად საჭიროა, ბავშვმა ყოველი დიარეული ეპიზოდის შემდეგ მიიღოს სარეჰიდრატაციო მარილოვანი ხსნარი, 2 წლამდე ასაკში – 50-100, ხოლო 2 წლიდან – 100-200 მლ. ეს სითხე ბავშვს უნდა მივცეთ არა ერთბაშად, არამედ მცირე ულუფებით (ერთი-ორი კოვზი) და ხშირ-ხშირად, რათა თავიდან ავიცილოთ ღებინებაც. გამოხატული გაუწყლოების შემთხვევაში სითხის მიწოდების გრაფიკი იცვლება.
მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ არამც და არამც არ შეიძლება ორალური სარეჰიდრატაციო მარილოვანი ხსნარის კონცენტრაციის შეცვლა – ამან, შესაძლოა, გაამწვაოს დიარეა. კონცენტრირებული ფხვნილი უნდა გაიხსნას ზუსტად იმ რაოდენობის ანადუღარ ცივ წყალში, რომელიც მითითებულია ეტიკეტზე.

  • – რა შემთხვევაში მიმართავენ ინტრავენურ გადასხმებს ან სითხის ზონდით მიწოდებას? 

– ინტრავენურად ან ზონდით სითხის მიწოდება საჭიროა მაშინ, როდესაც ვერ ხერხდება პერორალური რეჰიდრატაცია, ანუ ბავშვი თავად ვერ იღებს საჭირო რაოდენობის სითხეს, მაგალითად, უგონოდაა. ასეთ დროს დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს ინტრავენურად სითხის მიწოდება, ხოლო მას შემდეგ, რაც ბავშვის მდგომარეობა გაუმჯობესდება, გადასხმის პარალელურად უნდა ასვან კიდეც სითხე.

  • – გარდა რეჰიდრატაციისა, რა არის საჭირო?

– რეჰიდრატაციასთან ერთად რეკომენდებულია თუთიის პრეპარატების მიწოდება. დადგენილია, რომ თუთია იმუნური სისტემის ფუნქციობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია; მისი მიღება ამცირებს დიარეის ხანგრძლივობას, მისი მიმდინარეობის სიმძიმეს, ახდენს მომდევნო 2-3 თვის განმავლობაში დიარეის ახალი ეპიზოდების პრევენციას. აქვე უნდა ითქვას, რომ თუთიის პრეპარატები აუმჯობესებს ბავშვებში მადას და ზრდის პროცესებს.
დიარეის სამკურნალოდ შეიძლება გამოყენებულ იქნეს პრობიოტიკები. ეს პრეპარატები შეიცავს ცოცხალ ბაქტერიებს, რომლებიც ჯანმრთელი ადამიანის ნაწლავის ფლორის შემადგენელი ნაწილია. პრობიოტიკები ავლენენ ანტიმიკრობულ აქტივობას მრავალი პათოგენური, ანუ დაავადების გამომწვევი ბაქტერიის მიმართ, აფერხებენ მათ გამრავლებას ნაწლავის სანათურში, ასტიმულირებენ ადგილობრივ იმუნიტეტს, მონაწილეობენ ვიტამინების სინთეზში და, საზოგადოდ, აწესრიგებენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოქმედებას. ევროპის პედიატრ გასტროენტეროლოგთა, ჰეპატოლოგთა და ნუტრიციოლოგთა ორგანიზაცია გვირჩევს, ორალური სარეჰიდრატაციო მარილოვანი ხსნარის პარალელურად გამოვიყენოთ პრობიოტიკებიც, რომელთაც ახასაითებთ ზომიერი ეფექტი ანუ ამცირებენ დიარეის ხანგრძლივობას ერთი დღით და ამციერებენ ნაწლავთა მოქმედების სიხშირეს. თუ დიარეა განსაზღვრული მიკრობებითაა გამოწვეული, საჭიროა ანტიბიოტიკიც.

  • – დიარეის დროს მშობლები ბავშვებს ხშირად თვითნებურად აძლევენ ანტიბიოტიკებს ან სხვა ანტიბაქტერიულ პრეპარატებს...

– ანტიბიოტიკების აღმოჩენა მეოცე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშნელოვან აღმოჩენად უნდა ჩაითვალოს. ამავე დროს, გასათვალისწინებელია, რომ ანტიბიოტიკი მოქმედებს მხოლოდ ბაქტერიულ ინფექციაზე, ვირუსითა და სოკოთი გამოწვეულ დაავადებებზე ის არავითარ ეფექტს არ ახდენს და არ იცავს პაციეტს მეორეული ბაქტერიული ინფექციისგან. აქედან გამომდინარე, ანტიბიოტიკის გამოყენება არაბაქტერიული ინფექციების შემთხვევაში არ არის სწორი. დამტკიცებულია, რომ ანტიბიოტიკოთერაპია არ იწვევს ბაქტერიული ინფექციის პრევენციას, ეფექტურია მხოლოდ არსებული ბაქტერიული ინფექციის სამკურნალოდ.
ანტიბიოტიკების არარაციონალური, არასწორი გამოყენება მრავალ საფრთხეს მოიცავს. უპირველესად, ეს არის მიკროორგანიზმების რეზისტენტობის მომატება ანტიბიოტიკების მიმართ. ასე თუ გაგრძელდა, შესაძლოა ერთ მშვენიერ დღეს ანტიბიოტიკებმა ვეღარ იმოქმედონ მიკრობებზე, რომლებიც შეეგუვნენ ამ მედიკამენტებს და რეზისტენტული ანუ უგრძნობი გახდნენ მათ მიმართ. გარდა ამისა, ანტიბიოტიკების არარაციონალური გამოყენება ხშირად აუარესებს მდგომარეობას და ზრდის მრავალი გვერდითი მოვლენის განვითარების რისკს, ისეთებისა, როგორიცაა ალერგიული რეაქცია, დიარეა, ღებინება, სოკოვანი ინფექცია.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ ანტიბიოტიკოთერაპია ეფექტურია ასიდან მხოლოდ 5-15 შემთხვევაში, ზოგიერთი მიკრობით ან უმარტივესით განპირობებული დიარეის დროს. შემთხვევათა დანარჩენ 85-95%-ში ანტიბიოტიკები უეფექტოა.

  • – როგორია ფაღარათიანი ბავშვის კვების რეჟიმი?

– დიარეის დროს ჩვილს სითხესთან ერთად სჭირდება ოპტიმალური კვებაც, რათა კვების დეფიციტი არ განუვითარდეს, ოღონდ, რეკომენდებულია, ვკვებოთ უფრო მცირე ულუფებით და ხშირ-ხშირად. ბავშვმა უნდა მიიღოს ასაკისთვის შესაბამისი საკვები. არ არის რეკომენდებული შაქრის დიდი რაოდენობით შემცველი სითხეების ან საკვების, ასევე მხოლოდ უჯრედისით მდიდარი საკვების მიცემა – ეს უკანასკნელი ნაწლავის პერისტალტიკას აძლიერებს. დიარეის ეპიზოდის შემდეგ რეკომენდებულია, ბავშვს ერთი კვირის განმავლობაში მაინც მივცეთ საკვების ერთი დამატებითი ულუფა – ეს ხელს შეუწყობს ავადმყოფობის დროს დაკარგული წონის აღდგენას.
ძლიერი გაუწყლოებისას, როდესაც სამედიცინო დაწესებულებაში ტარდება სწრაფი რეჰიდრატაცია, შეიძლება, კვება 4 საათით შევწყვიტოთ (მხოლოდ ხელოვნური; ძუძუთი კვება ჩვეულებისამებრ გრძელდება) და სათანადო სიხშირითა და ოდენობით მივცეთ ბავშვს ორალური სარეჰიდრატაციო ხსნარი. ამის შემდეგ კვება გრძელდება.

  • – როდის არის აუცილებელი ბავშვის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა?

– ავადმყოფი ბავშვი, მიზანშეწონილია, ნებისმიერ შემთხვევაში ნახოს ექიმმა, რათა ადეკვატურად შეაფასოს მისი ზოგადი მდგომარეობა და დასახოს სათანადო ღონისძიებები გართულების თავიდან ასაცილებლად. ამავე დროს, მშობლებს უნდა ახსოვდეთ საფრთხის ნიშნები, რომელთა გაჩენისას აუცილებელია სამედიცინო დაწესებულებაში ბავშვის დაუყოვნებლივ მიყვანა: 
. შეუპოვარი ღებინება (საათში 3-ჯერ და მეტჯერ) და ღებინება ნაღვლის შემცველი მასით;
. კრუნჩხვა;

. გამოხატული ლეთარგია, ძილიანობა ან უგონო მდგომარეობა;
. სითხის (მათ შორის – ორალური სარეჰიდრატაციო მარილოვანი ხსნარის) მიღების შეუძლებლობა ან წყლის ხარბად სმა;
. მკვეთრი აღგზნება;
. გახანგრძლივებული დიარეა.

  • – რას გულისხმობს ზაფხულში დიარეის პრევენცია?

– დიარეის პრევენციის საუკეთესო მეთოდია ჰიგიენური ნორმების დაცვა. უპირველესად, აუცილებელია ხელების ხშირი ბანა, სუფთა წყლის სმა, ხორცის, ხილ-ბოსტნეულის კარგად რეცხვა, სურსათის მაცივარში შენახვა.
საქართველოს იმუნიზაციის კალენდარს დაემატა ახალი, როტავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა (როგორც აღვნიშნეთ, ბავშვთა ასაკში დიარეის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზი სწორდ როტავირუსული ინფექციაა – მის წილად მოდის დიარეის შემთხვევათა დაახლოებით მესამედი. ვაქცინაცია ორალურია – ხდება ვაქცინის ჩაწვეთება პირის ღრუში. უტარდება 2 და 3 თვის ბავშვს დიფტერიის, ყივანახველის, ტეტანუსის, ჰეპატიტის, პოლიომიელიტის ვაქცინაციის პარალელურად. ვაქცინაცია, ჰიგიენური ნორმების დაცვასთან ერთად, დიარეის პრევენციის რეალური და ეფექტური საშუალებაა.
ლამაზი თვალების საიდუმლო
თქვენც შეგიმჩნევიათ, ყველა დედას საკუთარი შვილი ყველაზე ლამაზი რომ ჰქონია?! ზოგჯერ დედობრივი სიყვარული იმდენად ბრმაა, რომ შვილის აშკარა კოსმეტიკურ ნაკლსაც კი ვერ ვამჩნევთ. არადა, ყველაზე დიდი დაკვირვება დედას თურმე ბავშვობაში მართებს – სწორედ ამ ასაკში გამოჩენილმა დაუდევრობამ შეიძლება მიგვიყვანოს სავალალო შედეგამდე და ბავშვის მომავალს მძიმე დაღი დააჩნიოს.
სიელმე, მედიცინაში სტრაბიზმსაც რომ უწოდებენ, თურმე ბავშვების 2-3 პროცენტს ემართება. უკეთ რომ ჩავწვდეთ მის არსს, მოდი, თვალის ანატომია გავიხსენოთ.
ჩვენს სრულფასოვან მხედველობას უამრავი სტრუქტურა, კუნთი და ნერვი განაპირობებს. თვალის განზიდვა, მოზიდვა, აწევა, დაწევა და ხედვის ობიექტის მდებარეობის ცვლილების შესაბამისად მოძრაობა სწორედ ამ კუნთების დამსახურებაა. ხდება ხოლმე, რომ მხედველობის ღერძები საფიქსაციო საგანზე არ იკვეთება, ცალი თვალის მხედველობის ხაზი საფიქსაციო საგნისკენაა მიმართული, მეორის საფიქსაციო ხაზი კი ამ საგანს გვერდს უვლის. სწორედ ამ დროს ვითარდება სიელმე. სიელმის გამომწვევი მიზეზების, მკურნალობისადმი თანამედროვე მიდგომებისა და პროფილაქტიკის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თვალის სნეულებათა კათედრის ასოცირებული პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ოფთალმოლოგი დავით შენგელია გვესაუბრება.

  • – ბატონო დავით, რა არის სიელმე და რამ შეიძლება გამოიწვიოს იგი?

– სიელმე კომბინირებული პათოლოგიაა. ამ დროს დარღვეულია ორი თვალით ხედვის უნარი, რასაც, მოგეხსენებათ, კოსმეტიკური დეფექტიც ერთვის. ასეთ ადამიანებს რამდენადმე შეზღუდული აქვთ პროფესიული არჩევანი. გარდა ამისა, სიელმე უარყოფით გავლენას ახდენს ბავშვის ფსიქიკაზე. ასე რომ, მისი დროული კორექცია აუცილებელია.
სიელმე მჭიდრო კავშირში
ა მხედველობის დარღვევებთან, რეფრაქციის მანკი იქნება ეს, აკომოდაციის პათოლოგია თუ კუნთების მდგომარეობა. სიელმის მიზეზად შეიძლება იქცეს ჰიპერმეტროპია (შორსმხედველობა), მიოპია (ახლომხედველობა), ასტიგმატიზმი (რქოვანას არასწორი ფორმა) და თვალის ყველა ის პათოლოგია, რომელიც მხედველობის მკვეთრ დაქვეითებას იწვევს. აღნიშნული დარღვევები გავლენას ახდენს ბავშვის ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელ მხედველობის ორგანოზე და სხვადასხვა უარყოფითი ფაქტორის ზემოქმედებით ტვინისთვის ინფორმაციის მიწოდების არასრულფასოვნების გამო თვალის გადახრა, სიელმე ვითარდება.
არსებობს სიელმის მრავალი ფორმა. უპირველესად, განასხვავებენ თანდაყოლილ და შეძენილ სიელმეს. თანდაყოლილი სიელმის მიზეზი შეიძლება იყოს მუცლადყოფნის პერიოდში გადატანილი ინფექცია, რაც, როგორც იცით, თითქმის ყველა ორგანოს ვნებს, ასევე – ჰიდროცეფალია, სამშობიარო ტრავმა, მაღალი ქალასშიდა წნევა, თანდაყოლილი კატარაქტა, დღენაკლულებში – ბადურას პათოლოგია, მხედველობის ნერვის ატროფია, თანდაყოლილი გლაუკომა. ვინაიდან ეს ყველაფერი მხედველობის დაქვეითებასთანაა კავშირში, ვითარდება კომპლექსური დაზიანება, ყალიბდება ზარმაცი თვალი და მეტწილად სწორედ თვალის გამოუყენებლობას მივყავართ სიელმემდე.
შეძენილი სიელმის მიზეზად შეიძლება იქცეს ქალასშიდა პათოლოგია, რომელიც გავლენას ახდენს თვალის მამოძრავებელ კუნთებზე, მათ მოძრაობას ზღუდავს, რეტრობულბური (თვალუკანა) სიმსივნური წარმონაქმნი, რომელიც ასევე უშლის ხელს თვალის მოძრაობას, ტრავმა, თავის ტვინის სისხლძარღვოვანი მოშლილობები, ვინაიდან სწორედ თავის ტვიში მდებარეობს თვალის მამოძრავებელი კუნთების ცენტრები.
გამოვლინების მიხედვით განარჩევენ სიელმის პარალიზურ და შეუღლებულ ფორმებს. ბავშვთა ასაკში ორივე მათგანი შეიძლება შეგვხვდეს, მაგრამ პირველ შემთხვევაში პრობლემა განმზიდველი ნერვის დაზიანების ხარჯზე განვითარებული თანდაყოლილი მანკია, მეორეში კი რეფრაქციის მანკთან გვაქვს საქმე. ბავშვთა ასაკში ყველაზე ხშირი შეუღლებული შიგნითა სიელმეა. უფრო იშვიათად მას ვერტიკალური კომპონენტიც ახლავს და უმეტესად რეფრაქციის მანკთანაა (ახლომხედველობა, შორსმხედველობა) შეუღლებული. 

  • – როგორ ხდება სიელმის დიაგნოსტირება, პაციენტს რა გამოკვლევები სჭირდება?

– სიელმე შესამჩნევი კოსმეტიკური ნაკლია და, როგორც აღვნიშნე, სერიოზულად მოქმედებს ფსიქიკაზე, ამიტომ სასურველია, აუცილებელიც კი, ეს პრობლემა დროულად, ბავშვის სკოლაში მისვლამდე მოვაგვაროთ. ამისთვის კი ოფთალმოლოგთან მისვლაა აუცილებელი. დიაგნოსტიკას მხედველობის გამოკვლევით ვიწყებთ. როგორც მოგახსენეთ, სიელმე უმეტესად რეფრაქციის მანკებთანაა შეუღლებული, ამიტომ უნდა გავარკვიოთ, ახლომხედველობასთან ან შორსმხედველობასთან ხომ არ გვაქვს საქმე, აკომოდაციის პრობლემა ხომ არ არის სიელმის მიზეზი. თუ ბავშვს ახლო- ან შორსმხედველობა აღმოაჩნდა, მისი კორექცია აუცილებელია. პაციენტს შესაბამის სათვალეს ვუნიშნავთ და შედეგს ველოდებით. სათვალის დანიშვნა ერთი წლიდანვე შეიძლება. თუ გაგვიმართლა და მკურნალობა “ზარმაცი თვალის” ჩამოყალიბებამდე დავიწყეთ, შესაძლოა, მხოლოდ სათვალითაც კი მოვაგვაროთ პრობლემა.

  • – დაგვიანებულ შემთხვევებზე რას გვეტყვით? ამ შემთხვევაში განკურნება შეუძლებელია?

– სიელმის მკურნალობა კომპლექსურია, უმეტესად ერთდროულად ვიყენებთ რამდენიმე მეთოდს. თუ “ზარმაცი თვალი” უკვე ჩამოყალიბებულია, რეფრაქციის მანკის კორექციის შემდეგ პლეოპტო-ორთოპტიულ მკურნალობას ვაგრძელებთ, რაც თვალის ვარჯიშებს მოიცავს. მომდევნო ეტაპი კი უკვე ოპერაციული ჩარევაა. ზოგიერთ ვარჯიშს, რომლებიც მარტივია და სპეციალურ მოწყობილობას არ მოითხოვს, პაციენტებს ვასწავლით, რათა შინაც შეასრულონ. პრაქტიკამ აჩვენა, რომ ეს ვარჯიშები ძალიან ეფექტურია.
თუ ბავშვი მცირეწლოვანია და ენა ჯერ არ ამოუდგამს, დიაგნოზის დასმა ზოგჯერ ჭირს, რადგან გამოკვლევისას ის ვერ გვისახელებს საკვლევ ობიექტებს. ამ შემთხვევაში უმჯობესად მიგვაჩნია, თვალთა დგომა გავასწოროთ და მხოლოდ ამის შემდეგ ჩავატაროთ სტანდარტული ვარჯიშები. საბოლოო ჯამში კომპლექსური მკურნალობა ეფექტურია. ცხადია, თითოეულ პაციენტს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება, მაგრამ ჩვენმა პრაქტიკამ და გამოცდილებამ აჩვენა, რომ ამ ვარჯიშების ჩატარება წელიწადში ორჯერ, მაქსიმუმ სამჯერ, სავსებით საკმარისია. ცხადია, მარტო ვარჯიშებით ფონს ვერ გავალთ – უმეტესად ოპერაციული ჩარევაც გვჭირდება. ოპერაცია და ვარჯიშების სიმბიოზი იდეალური ვარიანტია. 

  • – რა ასაკია იდეალური ოპერაციული მკურნალობისთვის? როგორია ოპერაციის არსი?

– ზოგიერთ სპეციალისტს მიაჩნია, რომ ოპერაციის ჩატარება 12-15 წლის ასაკში ჯობია, რასაც მე არამც და არამც არ ვეთანხმები. არამხოლოდ მე – ჩვენმა და საერთაშორისო გამოცდილებამაც აჩვენა, რომ იდეალური ვარიანტია ოპერაციის 3 წლის ასაკში ჩატარება, სხვა სახის მკურნალობა კი უფრო ადრეულ ასაკში უნდა დაიწყოს, ისე, რომ 6-7 წლისთვის პრობლემა აღმოფხვრილი იყოს და ბავშვი სრულფასოვანი მხედველობითა და ფსიქიკით მივიდეს სკოლაში. 
თუ ძალზე დაგვიანებით მოგვმართეს, კოსმეტიკური ნაკლის გამოსწორება შესაძლებელია, მაგრამ სრულფასოვანი მხედველობის აღდგენა – ძალიან ძნელი. ვგულისხმობ სიელმის იმ ფორმას, რომელიც ზარმაცი თვალის ფონზე ვითარდება. ამიტომ ყველა მშობელმა, თუ შვილს რეფრაქციის მანკი აქვს, სიელმის თავიდან ასაცილებლად აუცილებლად უნდა აიძულოს მას სათვალისნ ტარება.
ოპერაციის არსი, მარტივად რომ ავუხსნათ თქვენს მკითხველს, კუნთის გაძლიერებაში ან დასუსტებაში მდგომარეობს. დადგენილია, რომ ზოგიერთი სახის ოპერაცია (მაგალითად, კუნთის დასუსტება) უფრო ეფექტურია და ამ გზით უფრო დიდი კუთხით გადახრას ვასწორებთ, ვიდრე კუნთის გაძლიერებით. მაგალითად, თუ კუნთის 1 მმ-ით დასუსტება კუთხის 5 გრადუსით გასწორებას იწვევს, კუნთის 1მმ-ით გაძლიერება მას მხოლოდ 1 გრადუსით ასწორებს. ოპერაციული მკურნალობა უსათუოდ ეფექტურია, მაგრამ, ცხადია, ზომიერების პრინციპების გათვალისწინებით. ხშირად არასწორად ჩატარებული ოპერაციის შემდეგ თავს იჩენს ჰიპერეფექტები. ყველაზე რთული იმ შემთხვევების კორეგირებაა, როცა თვალებს შორის კავშირი არ არის, ანუ ობიექტური და სუბიექტური კუთხე ერთმანეთს არ ემთხვევა. შესაძლოა, პარადოქსული ჩანდეს, მაგრამ გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ სიელმის დიდი კუთხის კორეგირება უფრო ეფექტიანია, ვიდრე პატარისა. მიკროსტრაბიზმი, პრაქტიკულად, არ კორეგირდება. 

  • – როგორ შეიძლება, თავიდან ავიცილოთ სიელმე ან მინიმუმამდე დავიყვანოთ ზიანი?

– ზოგიერთი სახის სიელმის თავიდან აცილება შესაძლებელია. ამისთვის მშობელმა ბავშვი რეგულარულად უნდა ატაროს ოფთალმოლოგთან მხედველობის შესამოწმებლად. პირველადი გასინჯვები 6-12 თვის ასაკში აუცილებელია. თუ ბავშვს რამე პრობლემა აღმოაჩნდა, ექიმის დანიშნულება სწორად უნდა შესრულდეს. მაგალითად, თუ ოფთალმოლოგმა ბავშვს სათვალე დაუნიშნა, აუცილებლად უნდა ატაროს, თორემ ზარმაცი თვალის ჩამოყალიბებას ვერ გადავურჩებით. დედა ბავშვს ჩვილი ასაკიდანვე უნდა დააკვირდეს. მართალია, 3 თვემდე ასოცირებული მოძრაობა ყველა ბავშვს არ აქვს განვითარებული, მაგრამ 3-დან 6 თვემდე ის უკლებლივ ყველას უნდა განუვითარდეს. ამ ასაკიდან ბავშვი საგნების (განსაკუთებით – ფერადი საგნების) მოძრაობას თვალს უნდა აყოლებდეს. თუ თქვენი შვილი ასე არ იქცევა, ექიმთან უნდა მიიყვანოთ. ექიმი სათანადო რეკომენდაციებს მოგცემთ, ხოლო, საჭიროებისამებრ, მედიკამენტურ ან სხვა სახის მკურნალობას დაუნიშნავს.
ძუძუთი კვება – თქვენი და თქვენი შვილის ჯანმრთელობის საწინდარი

დედის რძე ახალშობილისთვის საუკეთესო საკვებია – ეს აქსიომაა, რომელიც განხილვას არ ექვემდებარება. თუმცა გამეორება, როგორც იცით, ცოდნის დედაა, ამიტომ ერთხელ კიდევ შეგახსენებთ ძუძუთი კვების დადებით მხარეებს და ვეცდებით, იმ სირთულეთა დაძლევაშიც დაგეხმაროთ, რომლებსაც ახალბედა დედა შეიძლება წააწყდეს ძუძუთი კვების დროს
სპეციალისტები ერთხმად აღიარებენ, რომ დედის რძე ჩვილს მისთვის იდეალური საკვები ნივთიერებებით უზრუნველყოფს. ძუძუთი კვება ამცირებს ბავშვთა ინფექციების სიხშირესა და სიმძიმეს, ის ბავშვთა ავადობისა და სიკვდილიანობის შემცირების ყველაზე ეფექტური გზაა. ძუძუთი კვებას რომ ალტერნატივა არ გააჩნია, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაც ადასტურებს. მეტიც – აღნიშნულმა ორგანიზაციამ არაერთი გამოკვლევა ჩაატარა და შეიმუშავა რეკომენდაციათა წყება იმის თაობაზე, რატომ უნდა მიენიჭოს უპირატესობა ძუძუთი კვებას. ჩვენი რჩევებიც სწორედ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დასკვნებს ეფუძნება.
ყველაზე უსაფრთხო საკვები – დედის რძე შეიცავს ანტისხეულებს და სხვა იმუნოლოგიურ ფაქტორებს, რომლებიც ინფექციისგან იცავს ბავშვის სასუნთქ გზებსა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტს. მეცნიერები ცდილობენ, ხელოვნური საკვები ნარევების შემადგენლობა მაქსიმალურად მიუახლოონ ბუნებრივ რძეს, მაგრამ მასში ადამიანის იმუნური კომპონენტების შეტანა შეუძლებელია. ამიტომაც სჯობია ძუძუთი კვება ხელოვნურს. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ემოციურ-ფსიქოლოგიური ფაქტორიც: ძუძუს წოვა ახალშობილს დაცულობის და კომფორტის შეგრძნებას ჰგვრის, რაც დადებითად აისახება მის ფსიქიკაზე.
მხოლოდ და მხოლოდ დედის რძე
მხოლოდ ძუძუთი ან, როგორც სპეციალისტები ამბობენ, ექსკლუზიურად ძუძუთი კვება განსაკუთრებით საჭიროა სიცოცხლის პირველ 6 თვეს. ამ ხნის განმავლობაში ჩვილი დედის რძიდან საკმარისი რაოდენობით იღებს ყველა საჭირო ნივთიერებას, მინერალსა და ვიტამინს. 6 თვიდან კი ბავშვის რაციონში დამატებით საკვებსაც ვრთავთ.
დღეში რამდენჯერ მოითხოვოს ძუძუ და რამდენი მოწოვოს, ჩვილის საქმეა. ნუ დაუწესებთ გრაფიკს და ნუ მოაქცევთ ჩარჩოებში. სასურველია, ძუძუთი კვება (დამატებითთან ერთად) 2 წლამდე გააგრძელოთ.
დედის ჯანმრთელობისთვის
ძუძუთი კვება არა მხოლოდ ჩვილის, არამედ დედის ჯანმრთელობის საწინდარიცაა. დავიწყოთ იმით, რომ 6 თვემდე ძუძუთი ექსკლუზიური კვება კონტრაცეფციის ბუნებრივი საშუალებაა. გარდა ამისა, მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ძუძუთი კვება ამცირებს საკვერცხისა და ძუძუს კიბოს, ასევე – ძუძუს სხვა ტიპის დაავადებების, მათ შორის – მასტოპათიის, ჩამოყალიბების რისკს. იმავდროულად ხელს უწყობს დედის ორსულობამდელი წონის დაბრუნებას.
ბავშვის მომავალი ჯანმრთელობისთვის
კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანებს, რომლებიც ბავშვობაში ძუძუს წოვდნენ, ზრდასრულ ასაკში მაღალი წნევა და ქოლესტერინი იშვიათად აწუხებთ. ამასთან, ნაკლებად არიან მიდრეკილნი ჭარბწონიანობისკენ, სიმსუქნისა და მეორე ტიპის დიაბეტისკენ. მრავალ მეცნიერს მიაჩნია, რომ ასეთი ბავშვები ხელოვნურად გაზრდილებთან შედარებით მაღალი ინტელექტითაც გამოირჩევიან. 
როგორ მოვემზადოთ ძუძუთი კვებისთვის
ძუძუთი კვებისთვის ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად მზადება ქალმა ჯერ კიდევ ორსულობის პერიოდში უნდა დაიწყოს. ნუ გეგონებათ, რომ თუ დედას და ბებიას რძე არ ჰქონდათ, ვერც თქვენ შეძლებთ თქვენი შვილის ძუძუთი კვებას. მართალია, ლაქტაცია გენეტიკურ ფაქტორზე ბევრად არის დამოკიდებული, მაგრამ უფრო დიდი მნიშვნლობა აქვს დედის სურვილს, აწოვოს პატარას ძუძუ. ორსულმა ძუძუთი კვებისთვის მკერდის მომზადება ორსულობის მესამე ტრიმესტრიდან, 27-ე კვირიდან უნდა დაიწყოს. ძუძუსთავებზე კანი მეტად სათუთია და თუ წინასწარ არ მოამზადეთ, შესაძლოა გაგიღიზიანდეთ და დაგისკდეთ, რაც ძუძუთი კვებას მტკივნეულსა და უსიამოვნოს გახდის. ძუძუსთავების მოსამზადებლად კარგი იქნება, თუ ბიუსტჰალტერში ბუნებრივი, უხეში ქსოვილის (ე.წ. ვაფლის პირსახოცის, ჯინსის, ტილოს და ა.შ.) საფენებს ჩაიფენთ. შხაპის მიღების დროს მკერდი მსუბუქად დაიზილეთ პერიფერიებიდან ცენტრისკენ. თუ ჩაბრუნებული ან სწორი ძუძუსთავები გაქვთ, პირველ ხანებში შესაძლოა სირთულეებს წააწყდეთ, რადგან ბავშვს ძუძუზე პირის მოჭიდება გაუჭირდება. ამის თავიდან საცილებლად საჭიროა ძუძუსთავები ორსულობის პერიოდშივე დაიმუშაოთ. ყოველდღე, შხაპის მიღებისას, ორი თითით რამდენიმეჯერ მსუბუქად გამოსწიეთ ძუძუსთავი. არსებობს სპეციალური აქსესუარებიც, რომლებიც ძუძუსთავების სწორ ფორმირებას უწყობს ხელს. ერთ-ერთი მათგანია ძუძუსთავებზე მისაფარებელი სილიკონის ფორმები, რომებიც ბიუსტჰალტერის შიგნიდან უნდა გაიკეთოთ. თუ ისინი მთელი დღე გეკეთებათ, მექანიკური ზემოქმედების შედეგად ძუძუს თავი თვითონვე წამოიწევს წინ. თუ ორსულობის პერიოდში ძუძუსთავების მომზადება ვერ მოახერხეთ, ნუ შეშინდით – მართალია, თავდაპირველად პატარას ძუძუზე მოჭიდება გაუჭირდება, მაგრამ დროთა განმავლობაში (დაახლოებით 3-4 კვირაში) ბავშვი წოვით ისე დაამუშავებს კერტებს, რომ ისინი მისთვის სასურველ ფორმას მიიღებს. ამაში პატარას რძის გამოსაწველი აპარატიც დაეხმარება. მნიშვნელოვანია, რომ ძუძუსთავების ჩამოყალიბებამდე ბავშვს არამც და არამც არ მისცეთ საწოვარა (არც მატყუარა და არც საწოვარიანი ბოთლი) – თუ პატარა მიხვდა, რომ საწოვარათი კვება უფრო ადვილია, ძუძუს აღარც მიეკარება.
პირველი კონტაქტი
თუ გსურთ, ბავშვი საკუთარი რძით გამოკვებოთ, დაბადებისთანავე დაიწვინეთ მკერდზე. რა გასაკვირიც არ უნდა იყოს, ახალშობილთა 90% ძუძუსკენ გზას თავად პოულობს. ბავშვის ძუძუსთან მიყვანა აჩქარებს დედის ორგანიზმში პროლაქტინის გამომუშავებას, რაც ლაქტაციისთვის აუცილებელია. გარდა ამისა, დედასა და შვილს შორის პირველი კონტაქტის შემდეგ მათ შორის უხილავი კავშირი მყარდება, რომელიც დადებით ზემოქმედებას ახდენს როგორც დედის, ისე ახალშობილის ფსიქიკაზე. 
ზოგეირთ სპეციალისტს მიაჩნია, რომ ძუძუთი კვების პირველ დღეს ახალშობილმა 5-5 წუთი უნდა წოვოს ორივე ძუზუ. მეორე დღეს წოვის ხანგრძლივობა 10 წუთამდე უნდა გაიზარდოს, მომდევნო დღეებში კი 15 წუთამდე მხარეს. ეს დრო საჭიროა, რათა ძუძუ სათანადოდ დაიცალოს რძისგან, მოხდეს კერტების სტიმულაცია და რძის გამომუშავება. თუმცა არსებობს უფრო თანამედროვე მოსაზრებაც, რომლის თანახმად, ასეთი მიდგომა არასწორია, რადგან კვებისთვის ყველა ბავშვს სხვადასხვა დრო სჭირდება, ისევე როგორც ქალს – სარძევე ჯირკვლის დასაცლელად. როდის ნაყრდება პატარა და როდის იცლება სარძევე ჯირკვალი რძისგან, ამას ყველაზე უკეთ თავად დედა და ბავშვი ხვდებიან. მთავარია, კარგად მიუგდოთ ყური საკუთარ ორგანიზმს. გაითვალისწინეთ: რძისგან დაცლილი ძუძუ რბილია, სიმაგრეები არ აღენიშნება. ძუძუთი კვების დროს დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვისა და დედის სწორ პოზიციას. სარძევე ჯირკვლების ადეკვატური სტიმულაცია რომ მოხდეს და ბავშვიც დანაყრდეს, ეცადეთ, მთლიანად ჩაუდოთ პირში ძუძუსთავი (ორეოლითურთ) – კერტებიც ნაკლებად გეტკინებათ და პატარაც უკეთ გამოწოვს რძეს. თუ კერტები დაგისკდათ, შეგიძლიათ წაისვათ სპეციალური მალამო, ოღონდ არ დაგავიწყდეთ კვების წინ მკერდის დაბანა თბილი წყლითა და საპნით, მერე კერტებზე თქვენივე ძუძუდან გამოწველილი რძე მოისვით და ისე მიეცით ბავშვს. ზოგჯერ ძუძუსთავების საკუთარი რძით დასველებაც საკმარისია – რბილდება, ძნელად სკდება და პატარაც ადვილად ჰკიდებს პირს.
დაბოლოს, მნიშვნელოვანია, ორსულობის დროს ფსიოლოგიურად მოემზადოთ ძუძუთი კვებისთვის, კარგად გაიაზროთ ყველა პრობლემა, რომელსაც შეიძლება წააწყდეთ და არ შეუშინდეთ სირთულეებს. თუ პირველ ხანებში რამე არ გამოდის, ბავშვი ტირის, ძუძუში რძე გიგროვდებათ და სხვა, გახსოვდეთ – ყველაფერს ეშველება, მთავარია, დროულად მიმართოთ შესაბამის სპეციალისტს. ეცადეთ, თავი არიდოთ სტრესსა და დაძაბულობას, მძიმე ფიზიკურ დატვირთვას, დაიძინეთ თქვენს პატარასთან ერთად, ბევრი ისეირნეთ სუფთა ჰაერზე და, რაც მთავარია, განეწყვეთ საიმისოდ, რომ ძუძუთი კვება ერთადერთი სწორი არჩევანია და მას ვერაფერი შეცვლის.

გააზიარე: