რატომ ეტანება ძაღლი ექსკრემენტებს
გააზიარე:
თუ ძაღლს ლეკვობიდანვე ზრდით და სასეირნოდ ქალაქგარეთაც გაგიყვანიათ, აუცილებლად გაგიჩნდებოდათ კითხვა:
* რატომ ეტანება ძაღლი ექსკრემენტებს?
* რა საფრთხის შემცველია ეს ჩვევა?
* ხომ არ არის ეს საგანგაშო სიმპტომი?
* როგორ გადავაჩვიოთ?
დავიწყოთ მთავარი კითხვით – რატომ.
კითხვაზე, რატომ ჭამენ ძაღლები ექსკრემენტებს (მედიცინაში ამგვარ ქცევას კოპროფაგია ეწოდება), ზუსტი პასუხი არ არსებობს, თუმცა მეცნიერებმა შეამჩნიეს, რომ:
* ექსკრემენტებს უფრო მეტად ეტანებიან იმ ჯიშების წარმომადგენლები, რომლებიც უფრო ახლოს არიან თავიანთ ველურ წინაპართან — მგელთან. ასეთია უმთავრესად ლაიკა, მალამუტი, ჰასკი, თუმცა მსგავსი ქცევა სხვა დიდი ჯიშების წარმომადგენლებთანაც დასტურდება.
* ასეთი ქცევა შემჩნეულია ველურ ბუნებაშიც. მგლები, მაგალითად, ასე ასუფთავებენ თავიანთ საცხოვრებელ არეალს, იცავენ ხროვის წევრებს პარაზიტებისგან, რადგან ექსკრემენტები ჭიების ლარვებს შეიცავს.
უკონტროლო კოპროფაგიას ვეტერინარები, ერთი მხრივ, აღზრდის თავისებურებებს, მეორე მხრივ კი კვების რაციონს უკავშირებენ. ლეკვობისას კოპროფაგია ნორმალურია, მაგრამ ზრდასრული ძაღლი კარგი აღზრდისა და კვების პირობებში ასე აღარ უნდა იქცეოდეს.
ზრდასრულ ასაკში კოპროფაგიის მიზეზი შეიძლება იყოს:
ა) დაუბალანსებელი კვება – თუ საკვები ერთფეროვანია და ორგანიზმის მოთხოვნილებას ვერ აკმაყოფილებს, ძაღლი ეცდება, დამოუკიდებლად "გაიმრავალფეროვნოს" რაციონი.
აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ვეტერინართან, რათა თქვენი ძაღლის ზომა-წონისა და ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით შეარჩიოთ საკვები, რომელიც სხეულს საჭირო საკვები ნივთიერებებით, მაკრო- და მიკროელემენტებით, მინერალებით, ვიტამინებით მოამარაგებს.
ბ) დაუბალანსებელი დღის რეჟიმი – თუ ძაღლი ვერ ახერხებს ენერგიის დახარჯვას, საკმარის დროს არ ატარებს სუფთა ჰაერზე და საკმარისად არ მოძრაობს, ვერ იკმაყოფილებს სირბილისა და თამაშის მოთხოვნილებას, მას ექმნება ფსიქოლოგიური პრობლემები.
გ) დაგროვილი ნეგატიური ენერგია – ძაღლთან ურთიერთობის ენა არ უნდა იყოს კონტროლი, აკრძალვები და სასჯელი. ძაღლის პატრონმა დამოუკიდებლად ან სპეციალისტის (კინოლოგი, ძაღლების ფსიქოლოგი, ქცევის კორექტორი, ვეტერინარი) დახმარებით უნდა მოიძიოს ინფორმაცია იმის შესახებ, როგორ ყალიბდება ძაღლის ხასიათი. წვრთნისა და აღზრდის საბაზისო წესების ცოდნა აუცილებელია. ტვინის განმავითარებელი და ინტელექტუალური აქტივობების მასტიმულირებელი სავარჯიშოები ყოველდღიურად უნდა შესრულდეს. ამ შემთხვევაში ძაღლი სწორად, ჯანსაღად განვითარდება და პატრონსაც ნაკლები პრობლემა შეექმნება მასთან ურთიერთობისას.
საშიშია თუ არა
საზოგადოდ, ძაღლების საჭმლის მომნელებელი სისტემა საკმაოდ მდგრადია და კარგად ინელებს იმას, რაც, მაგალითად, ადამიანისთვის დამღუპველი იქნებოდა. გვინახავს, როგორ სვამენ ძაღლები გუბურებიდან წყალს, პირში იდებენ მიწიდან აღებულ, ტალახიან ნივთებს, ღრღნიან ჯოხებს და ა.შ.
მიუხედავად ამისა, ექსკრემენტების ჭამა, რასაკვირველია, შეიძლება იყოს საფრთხის შემცველი, განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს დაავადებული ორგანიზმის გამონაყოფია, ამიტომ ასეთი ქცევის პრევენცია და, საჭიროებისამებრ, კორექცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ცუგასთვის.
თუ დამოუკიდებლად ვერ ართმევთ თავს პრობლემას, მიმართეთ სპეციალისტს და მისდიეთ თქვენი ძაღლისთვის ინდივიდუალურად შემუშავებულ რეკომენდაციებს.
ნინო ლომიძე