დედა, მამა, მე მილენიალი ვარ
გააზიარე:
ახლახან მკითხეს: ყველაზე ხშირად ვინ დადის თქვენთან? დავფიქრდი: რა აქვს ყველა ჩემს კლიენტს საერთო? დიახ, შფოთვაც, დეპრესიაც, პანიკური შეტევებიც, სეზონური არასტაბილურობაც, კოვიდით გამოწვეული ეგზისტენციური კითხვებიც სიცოცხლესა და სიკვდილზე... მაგრამ თუ მთხოვთ, გამოვყო ერთი თვისება, რომელიც ყველა ჩემს კლიენტს ახასიათებს, ეს მათი დემოგრაფიული, ასე ვთქვათ, თაობრივი პოზიციაა. ვგულისხმობ არა მხოლოდ ასაკს, არამედ მთელ იმ ფსიქოლოგიურ ტვირთს, რომელიც ამ თაობისთვის არის დამახასიათებელი.
თავიდან შევწუხდი: რატომ დადიან ჩემთან უმეტესად მილენიალები? ზედმეტად ახალგაზრდული და მხიარული ხომ არ ვჩანვარ? იქნებ უფროსი თაობის წარმომადგენლები არ მენდობიან? რა მეშლება? იქნებ პოსტი დავწერო? არა, სტატია ჯობია, რომელსაც ინტერნეტში განვათავსებ და ბევრი წაიკითხავს, გამომეხმაურებიან, ერთად ვიმსჯელებთ, ერთად გავიზრდებით...
ალბათ გესმით, რა სასაცილოა ჩემი შფოთვა და სწრაფვა, მოვთხოვო საკუთარ თავს მაქსიმუმი, ყველაფერში თავი დავიდანაშაულო. იმასაც შეამჩნევდით, რა ხშირად ვამბობ: “მე”, “ჩემი”, "ჩემთან”; რამდენად "ლიკაცენტრირებულად” ვუყურებ სამყაროს; როგორ ვიყენებ საკუთარ ისტორიას თეორიული საკითხების აღსაწერად. შეამჩნევდით გვერდიდან – სასაცილო, ჰიპერდრამატიზებულ, მაგრამ შიგნიდან რთულად მისაღებ მდგომარეობას, განსაკუთრებით მტკივნეულად აღვიქვა გამოწვევები და გამოსავალი ინტერნეტში ვეძებო, ჯერ – ინფორმაციით საკუთარი ნიადაგის გასამყარებლად, მერე კი მის ყველასთვის გასაზიარებლად, რადგან ამდენმა თვითჩხრეკამ, უწყვეტმა განთლებამ და მუდმივად განახლებადი ინფორმაციის ბრუნვამ გამოიწვია ჩემი თაობის მთავარი “ვირუსი”: მარტოობის უკიდეგანო განცდა, რომელსაც ციფრული ღიაობით ვებრძვით.
ყველაფერი, რაც ზემოთ აღვწერე, მილენიალებისთვისაა დამახასიათებელი.
მილენიალი? ვინ არის ეს?
დიახ, შემთხვევითი არ ყოფილა, რომ ჩემი კლიენტების უმეტესობა მილენიალია. მათ ხშირად აღწერენ როგორც თერაპიის თაობას. ანუ მე არაფერ შუაში ვყოფილვარ – მთელ მსოფლიოში თერაპევტების კლიენტთა უმეტესობა მილენიალია.
მაგრამ რატომ?
მილენიალებს 1981-1996 წლებში დაბადებულებს უწოდებენ. მიიჩნევა, რომ ეს თაობა ეგოცენტრულია, კრიტიკისადმი ჰიპერსენსიტიური, მოუსვენარია და ვერ უმკლავდება ნამდვილი ცხოვრების სტრესს. ამავე დროს, წინა თაობაზე გაცილებით მრავალფეროვანი, გულახდილი და ემპათიურია. ცდილობს, დაუპირისპირდეს სისტემას, მოახდინოს ცვლილებები და ამისთვის ბევრს შრომობს.
ყოველივე ეს კი შემდეგ სურათს გვაძლევს:
* დეპრესიის მაჩვენებელი მილენიალებში უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ნებისმიერ სხვა თაობაში.
* მაღალია სუიციდის და დამოკიდებულების გამომწვევი ნივთიერებების მოხმარებასთან დაკავშირებული სიკვდილიანობის სტატისტიკა.
* რამდენიმე კვლევამ მილენიალებს “ყველაზე მარტოსული თაობა” უწოდა. ბევრ მათგანს არ ჰყავს ახლო მეგობარი, მუდმივი პარტნიორი.
* მილენიალებს არ რცხვენიათ საკუთარი ემოციებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის გამოწვევების. მათთვის მენტალური ჯანმრთელობა უმნიშვნელოვანესია.
ფული და კარიერა
მილენიალებისთვის გადამწყვეტია, სად იმუშავებენ და რას გააკეთებენ. ამ მხრივ ჩვენს თაობაში ღირებულებათა მუდმივი ცვლაა, რომელიც ისე სწრაფად მიმდინარეობს, რომ, მიუხედავად მთელი ჩვენი ინფორმაციული ღიაობისა, ვერ ვეწევით.
რას მეუბნებოდნენ, როდესაც მოზარდი ვიყავი? რომ თუ ბევრს ვიმეცადინებდი, კარგად დავსაქმდებოდი. ჩემს დროს გასაგები იყო, რა უნდა მეკეთებინა: ბევრი მემეცადინა, როგორმე საზღვარგარეთ გამეღწია, მერე კი, “ინგლისურისა და კომპიუტერის” მცოდნეს, ლიბერალური განათლებით ზურგგამაგრებულს, ამიყვანდა რომელიმე დიდი ორგანიზაცია – ან სამთავრობო, ან არასამთავრობო. მომდევნო თაობას გაუჭირდა – მეტი და მეტი გრანტი დარიგდა, მეტმა და მეტმა ისწავლა “ინგლისური და კომპიუტერი”, ამავე დროს, ერთიანი ეროვნული გამოცდების წყალობით წინ წამოიწია მანამდე უჩინარი შრომისმოყვარე ახალგაზრდების ტალღამ... სანამ ერთ დღესაც არ აღმოჩნდა, რომ რამდენიც არ უნდა იშრომო და ისწავლო, ვერ დასაქმდები, რადგან გარეთ ეკონომიკური კრიზისია.
ამავე დროს, ეს დიდი ორგანიზაციები, ეს შორიდან მოციმციმე ოფისები, რომლებში მოხვედრაც ჩემი კოჰორტის მილენიალებისთვის სანუკვარი ოცნება და დამსახურებული ჯილდო იყო, გაუფასურდა. არ ვიცი, პირველად კორპორაციებმა უთხრეს უარი მეამბოხე ნორჩ მილენიალებს თუ თავად მილენიალებმა უარყვეს დაქირავებული შრომის მარყუჟზე... მოკლედ, ბანკირებსა და ჰიპსტერებს შორის ომი დაიწყო და დღემდე მიმდინარეობს.
ახალგაზრდებმა თქვეს: “მორჩა, ჩვენ ამ წესებით აღარ ვთამაშობთ, არ გვინდა თქვენი დაუთოებული პერანგები და აბრეშუმის შარფები, გვაცადეთ, ჩვენი მაროკოული შარვლებით დავიწყოთ მცირე სტარტაპები და ჩვენი საინტერესო იდეებით გავიტანოთ თავი! ამისთვის კი არ გვჭირდება ამდენი აკადემიური განათლება. აგერ, გუგლი, ტრენინგი, ვორკშოპი, ბლოგი, ტიკტოკი...” გეცნოთ ეს სიტყვები? თუ არა, მილენიალი არ ყოფილხართ.
ჩემი თაობა თუ ათ-თხუთმეტ სამუშაო ადგილს იცვლიდა და ეს მიგვაჩნდა სწრაფ ცვლილებად, ნორჩი მილენიალები დასაქმების ადგილებს აღარც კი ითვლიან. მეტსაც გეტყვით – ეს სიტყვა სულ სხვანაირად ესმით. საკუთარი შემოქმედებითობისა და თავდაუზოგავი შრომის ხარჯზე მათმა ერთმა ნაწილმა შეძლო, ისე ემუშავა, რომ არსად ყოფილიყო დასაქმებული – გახდა ფრილანსერი, ააწყო საკუთარი მცირე, მოქნილი ბიზნესი ან კონტრაქტით თანამშრომლობს ბევრთან. და აღმოჩნდა, რომ ამისთვის ბაკალავრის ხარისხიც კი არ ყოფილა საჭირო.
თუმცა ცხოვრების ასეთ სტილს ავტომატურად მოჰყვა გაასმაგებული პასუხისმგებლობა, შფოთვა, საკუთარ გადაწყვეტილებათა სიმძიმის ადრეული ასაკიდან ზიდვა და უაღრესად არასტაბილური გარემო, სტრუქტურების, სისტემების დანაკარგი, რომლებიც, ერთი მხრივ, ინდივიდუალობას ახშობდა, მეორე მხრივ კი ქაოსისგან გვიცავდა.
ამავე დროს, იყო გამორჩეული, იყო შემოქმედებითი, ამდენი დრო გამოუყო საქმეს, ბოლოს და ბოლოს, იცოდე, რისი კეთება გინდა – ეს ხომ ყველას არ შეუძლია! ახალგაზრდა მილენიალები, ერთი მხრივ, ცუკერბერგს და მის ქართველ ანალოგებს შენატრიან, მეორე მხრივ, სამი წელია, ბაკალავრიატის მეოთხე კურსი ვერ დაუმთავრებიათ, რადგან “რა საჭიროა დიპლომი?!“ არც იმისი სჯერათ, რომ დაბალი პოზიციით უნდა დაიწყონ და ნელ-ნელა წაიწიონ წინ – ყველაფერი ან არაფერი უნდათ, ახლავე, ამ წამს და აი, სწორედ აქ ვხედავ ჩემს ახალგაზრდა კლიენტებს შორის განსხვავებას: ერთი ჯგუფი პრაქტიკულად საქმეში ცხოვრობს და “დეპრესიისთვის არ სცალია”, გაცილებით ძვირიან გაჯეტს ყიდულობს და პანიკური შეტევებით გადის ფონს, მეორე კი შინ, მშობლებთან მჯდომი ჯგუფია, რომელსაც ვერ გაურკვევია, რა უნდა, საკუთარი ადგილი ვერ უპოვია და ღრმა, ეგზისენტიციური დეპრესიით არის დამძიმებული, რომელიც წინათ შუახნის კრიზისის ტიპობრივ მახასიათებლად მიგვაჩნდა.
იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ კულტურულ ნორმებს ახლა უკვე ეს ენთუზიაზმით და შემოქმედებითი ენერგიით აღსავსე ახალგაზრდები აწესებენ მედიის, განსაკუთრებით კი ციფრული მედიის დომინირებით. ოცდაათს გადაცილებული თაობაც აგვიყოლიეს – დავდივართ და მეორე და მესამე პროფესიას ვეუფლებით, რადგან – და ეს ნამდვილად ახალი ღირებულებაა – როგორ შეიძლება იმუშაო იქ, სადაც არ მოგწონს და პიროვნულად არ ვითარდები?!
უამრავი გადაწყვეტილება
თუმცა მხოლოდ ღირებულებებში არ არის საქმე. მილენიალები ის თაობაა, რომელიც მკაცრი მშობლების შვილებმა გაზარდეს. გაზარდეს წახალისებით, ქებით, “რა კარგად გამოგდის” ძახილით, მისცეს თავისუფლება, თავად აერჩიათ, სად ესწავლათ, რამდენი და როგორ. ამავე დროს, როგორც კი გაიზარდნენ, ოდნავ დასტაბილურებული სამყარო აირია და გამოვიდა, რომ მშობლებმა დანაპირები ვერ შეასრულეს. ჩვენ ყველაფერი არ გამოგვდის. მეტიც – ძალიან ხშირად არ გამომგვდის. ჩვენ დაგვაჯერეს, რომ სამყაროს ბატონ-პატრონები ვართ, და აი, უცებ დავინახეთ, რომ სამყარო თავისი ტემპით ფართოვდება, ჩვენი არჩევანი კი იმით შემოიფარგლება, რამდენად შევძლებთ მასთან ადაპტაციას.
ახლანდელ ოცდახუთი წლის ახალგაზრდას ათჯერ მეტი გადაწყვეტილების მიღება უწევს, ვიდრე მე მიწევდა ათი წლის წინ. ყოველი არჩევანი სწრაფად უნდა გაკეთდეს. ყოველი მათგანი მნიშვნელოვანია და მომავალზე გრძელვადიან გავლენას ახდენს. თანაც ერთმნიშვნელოვანი პასუხები არ არსებობს. უკიდურეს ინდივიდუალიზმს უკიდურესი პასუხისმგებლობა მოჰყვება – ყოველი სცენარი თავიდან უნდა აწონ-დაწონო. დასავლური მედია სავსეა სტატიებით, რომლებიც ზედმეტი ფიქრის, ოვერტჰინკინგ-ის ტენდენციას ეხება. ჩვენი თაობა უბრალოდ ასეა მოწყობილი: ყოველი მოვლენა უნიკალურად, მნიშვნელოვნად და ემოციურად დატვირთულად აღიქმება. ის, რასაც ვაკეთებთ, “ზედმეტი ფიქრი” არ არის. მოვლენების გადატვირთული ანალიზი იმის შედეგია, რომ გაკვალულ ბილიკებზე უარს ვამბობთ. არის ამაში რაღაც პოეტური, თუმცა, ამავე დროს, ვაღიარებ: დავიღალე.
რა არის მეინსტრიმი და ვის ეშინია მისი?
ჭეშმარიტი მილენიალის ყველაზე დიდი შიშია, შეუერთდეს მთავარ ნაკადს, მეინსტრიმს. ყველაფერი, რაც პოპულარულია, მილენიალს სძაგს. თუ ყველას თანამედროვედ აცვია, მილენიალი მამის ნაქონ, ვინტაჟურ სპორტულ ზედას ჩაიცვამს. თუ ყველას მოსწონს სუში (რომელიც ადრეულმა მილენიალებმა დიდი გაუგებრობის ფონზე ძლივს “დავამეინსტრიმეთ”), მილენიალი ორგანული ბიოპროდუქტებისგან დიდი ბებიის ხელნაწერი რეცეპტით ნაანდერძევ სალათას მოამზადებს. ნოსტალგია “მასებში” პოპულარული არ არის, ამიტომ მილენიალი სულ ნოსტალგიაშია. აგერ, აიპოდს ხმის საუკეთესო ხარისხი აქვს, მილენიალები კი ფირფიტებს უსმენენ. ამ მხრივ ახალგაზრდა მილენიალი დროს უსწრებს და მოდას, ტრენდს აწესებს, მაგრამ როგორც კი ტრენდი – ახალი სიმღერა იქნება ეს თუ ახალი ფბ ჯგუფი – გახდება ზედმეტად „ტრენდული“, თავს ანებებს მას და ქმნის ახალს, ძველისგან განსხვავებულს, სანამ ეს ახალიც არ “გაპაპსავდება”.
ამიტომ მილენიალი სულ გარბის, სულ შფოთავს. ის მუდამ მომავალში ცხოვრობს. ერთი მხრივ, ყველას ემიჯნება, მეორე მხრივ კი მუდამ თავისიანებს ეძებს. და რადგან მილენიალებს მიგვაჩნია, რომ განსაკუთრებულები ვართ, ურთიერთობისთვისაც ასეთივე განსაკუთრებულებს ვეძებთ. ამიტომაც ვართ მუდამ მარტოსულები.
რატომ ვერ ვამყარებთ კონტაქტს?
სიღრმისეულ, ნამდვილ კონტაქტს დრო სჭირდება. სჭირდება ცოცხლად ერთმანეთის მონახულება, სისულელეებზე სიცილი. მოთმინება, ნაკლები ფიქრი და მეტი ნდობა. მილენიალებს არ ეშინიათ საკუთარი მოწყვლადობის გამოჩენის, პირიქით, ძალიან გაბედულნი არიან. შესაძლოა, ონლაინ ჯგუფში იმ დღეს გაცნობილ ადამიანს სანუკვარი საიდუმლო გაანდონ და საოცარია, მაგრამ ის მათ გაუგებს, რადგან თავადაც მარტოსულია. რადგან მასაც არავინ უსმენს. თუმცა ასეთი სპონტანური და ინტენსიური კონტაქტი დიდხანს ვერ გაგრძელდება. ის დროებით მოიტანს შვებას, მაგრამ მიკუთვნებულობის, სითბოს, ურთიერთობის ძირეულ საჭიროებას ვერ დააკმაყოფილებს.
რატომ ვმუშაობთ მილენიალები ამდენს? იმიტომ, რომ თვითრეალიზაციას აქ ვახდენთ. იმიტომ, რომ გადავწყვიტეთ, რომ მშობლებთან ცხოვრება არ გვინდა, ჩვენი ყოველი რომანტიკული ურთიერთობა დრამაა, საბოლოო ჯამში კი კატასთან ვცხოვრობთ. ამიტომ ჯობია, დღეში 14 საათი ვიმუშაოთ და მერე გავითიშოთ.
ამავე დროს, ვართ დამოუკიდებლები, ვართ თვითკმარები. ეს ძალიან სათუთი გაცვლა-გამოცვლაა.
რა (გვ)ეშველება?
მილენიალები ის თაობაა, რომელიც ბევრ სწრაფ ცვლილებას მოიტანს. თაობა, რომელმაც შარშან ხელოვნური სატელიტების წყება გაუშვა კოსმოსში. თაობა, რომელიც ყავასაც ვერ სვამს ისე, სელფი არ გადაიღოს. თაობა, რომელმაც დამოუკიდებელი ტელევიზია და კინო არნახულ სიმაღლეზე აიყვანა, გვაჩუქა ისეთი სერიალები, როგორიცაა “Breaking Bad” და “Fლეაბაგ”, ისეთი წიგნები, როგორიცაა “დედის რძე” და “გათვლა”. თაობა, სადაც ნებისმიერი სახე-ხატი უკვე სამჯერ და ოთხჯერ გამოცვლილია, მაგრამ ჩვენ მაინც ვახერხებთ, ამოვიცნოთ ისინი და არსებულ რეალობას შევუხამოთ (მაგალითად, პოპულარული სერიალის “BoJack Horseman-ის” შესავალი, როდესაც ბოჯეკი საკუთარ თავს აუზში დამხრჩვალს ხედავს, თითქმის კადრი-კადრში იმეორებს გასული ათწლეულის პოპულარული სერიალის “Mad Men-ის” აუზის ეპიზოდს, რომელიც ალუზიაა დასტინ ჰოფმანის პერსონაჟზე ფილმიდან “კუსრდამთავრებული” (“The Graduate”), რომელიც, თავის მხრივ, სათავეს კიდევ უფრო ძველი, ჯერ კიდევ შავ-თეთრი ფილმიდან – “Sunset Boulevard-იდან” იღებს. ამდენი იმისთვის ვწერე, რომ კიდევ ერთხელ გამესვა ხაზი, რამდენ ინფორმაციას ვატარებთ, და თუ რამეს არ ვატარებთ, მაშინვე “ვგუგლავთ”.
ეს არის თაობა, რომელიც ტექნოლოგიურ სასწაულებს სჩადის. თაობა, რომელიც ავტოფარეხში დაწყებულ ბიზნესს მრავალმილიარდიან ბრუნვამდე ავითარებს. თაობა, რომელიც 60-იანების შემდეგ პირველად დაუპირისპირდა აქტიურად რასიზმს, ქალების დისკრიმინაციას, სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულს. ეს არის თაობა, რომელიც ძალიან ბევრს ითხოვს, მაგრამ, ამავე დროს, უამრავს გასცემს. ეს არის დაპირისპირებებით აღსავსე, ნარცისული, მაგრამ სენსიტიური, საკუთარ თავში ჩარღმავებული, მაგრამ იმავდროულად უსაზღვროდ ღია თაობა.
და, რაც ყველაზე საგულისხმოა, ეს არის ბოლო ათწელეულების ყველაზე მარტოსული და დეპრესიული თაობა. ამას თავად მილენიალები გვეუბნებიან. ერთადერთი, რაც შემიძლია, მათი მოსმენაა. ხშირად მეტს არც არაფერს ითხოვენ.
რუბრიკას უძღვება ფსიქოთერაპევტი ლიკა ბარაბაძე