გამოუსწორებელი პესიმისტების დაავადება

გააზიარე:

ზოგიერთი დაავადება ხასიათს ცვლის, ზოგჯერ კი პირიქით ― ხასიათი უწყობს ხელს დაავადების ჩამოყალიბებას. სენი, რომელზეც ახლა ვაპირებთ საუბარს, უმთავრესად მელანქოლიკებისა და პესიმისტების ხვედრია. 

არც თუ ისე დიდი ხნის წინ ავადმყოფობის ისტორიებსი ხშირად შეხვდებოდით აბრევიატურებს ნცდ ან ვსდ. თუმცა გაშიფრულიც არანაკლებ გაუგებარია. პირველი ნეიროცირკულატორულ დისტონიას ნიშნავს, მეორე ― ვეგეტოსისხლძარღვოვანს, უფრო მოკლედ ― ვეგეტოდისტონიას. ამდენმა ლათინურმა სულმთლად რომ არ დაგვაბნიოს, ამთავითვე შევთანხმდეთ, რომ ავბედითად მხოლოდ სახელი ჟღერს, დიაგნოზი კი არც ისე საშინელია. ყველაფერი ბევრად უფრო ნათელი გახდება, თუ ვიტყვით, რომ საბჭოთა სკოლა ამ მდგომარეობას ვეგეტონევროზს უწოდებდა. შემდეგ ალბათ გაითვალისწინეს ავადმყოფების სურვილი, მათ მდგომარეობას სერიოზული სახელი რქმეოდა და ახალი სახელწოდება შემოიღეს. თუ ამ სახელს ქართულად ვთარგმნით, ხელში შეგვრჩება სისხლძარღვების ტონუსის ცვალებადობა ― მათ კედლებში მოთავსებული გლუვი კუნთების თვითნებობა, რომლებიც მაკონტროლებელმა ანუ ვეგეტატიურმა ნერვულმა სისტემამ ნებაზე მიუშვა ანდა პირიქით ― უაზრო ბრძანებებს აძლევს.

ისე კი, ლათინურის დამახსოვრებით თავს ნუ გაიტანჯავთ ― ეს ტერმინები მალე ალბათ ისტორიის კუთვნილებად იქცევა. დაავადებათა თანამედროვე კლასიფიკაციაში ასეთ დიაგნოზს ვეღარ შეხვდებით. სამედიცინო და ჩვეულებრივი ენა ერთმანეთისკენ მიისწრაფვის. ექიმები, განსაკუთრებით ― დასავლეთში, თავს ანებებენ ვრცელ ლათინურ ფრაზებს და ადამიანურ ენაზე ლაპარაკს ამჯობინებენ, ამიტომაც გულის წასვლას გულის წასვლა ჰქვია, დაბალ წნევას ― დაბალი წნევა და ა. შ. ეგ კი არა, ჩვენთვის ასე მშობლიურად ქცეულ ნევროზსაც ჩამოართვეს მოქალაქეობის უფლება ― მეტისმეტად ვრცელი და ზოგადია, კონკრეტულად არაფერს ამბობსო, მაგრამ ხომ იცით, ჩვეულება რჯულზე უმტკიცესია… ასე რომ, სანამ ტერმინოლოგია საბოლოოდ დალაგდება და ექიმები თავიანთ ჟარგონში ჩვენც გაგვარკვევენ, მოდი, დაავადებები ისევ ძველი სახელით მოვიხსენიოთ.

ვეგეტატიური დარღვევების მიზეზად შეიძლება იქცეს:

* ვეგეტატიური ნერვული სისტემის თანდაყოლილი სისუსტე;
* ენდოკრინული გარდაქმნები (დარღვევებს არ ვგულისხმობთ). ასე, მაგალითად: სქესობრივი მომწიფება ზოგ მოზარდში მშვიდად მიმდინარეობს, ზოგიერთში კი ვეგეტატიური დარღვევები იჩენს თავს;
* შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების, პირველ რიგში ― ფარისებრი ჯირკვლის დაზიანება;
* ალერგიული რეაქციები;
* ქრონიკული დაავადებები, გადატანილი ტრავმები თუ ინფექციები. სხვათა შორის, ასიდან 15-20 შემთხვევაში დისტონია გრიპსა თუ ფილტვების ანთებას მოყვება სართად, ხოლო იმ ადამიანების 80%-ს, ვინც ქალა-ტვინის ტრავმა გადაიტანა, ნცდ უვითარდება. 

ჩივილები უმეტესად გულს უკავშირდება: ჩხვლეტა, დისკომფორტის შგრძნება, ჰაერის უკმარისობა, გულის ფრიალი... ზოგიერთს კი შეტევები ემართება, უწევს წნევა, სიცხე, უჩქარდება გულისცემა, აკანკალებს, თავბრუ ეხვევა, ანდა, პირიქით ― თავს სუსტად გრძნობს, თვალთ უბნელდება, პულსი უიშვიათდება.

უგუნებობა, რომელიც ასე ხშირია წლის ცივ პერიოდში, 40%-ით ზრდის ნცდ-ს გამოვლენის რისკს. როგორც თვითონვე დარწმუნდით, ამ ჩივილებში უცნაური არაფერია. მთავარი მათი სიჭარბე და ერთობლიობაა. ასეა თუ ისე, სანამ ყველაფერს ნერვებს დავაბრალებთ, ექიმებმა ყველა სხვა მიზეზი უნდა გამორიცხონ.

ნცდ-ს დროს ცვლილებები მხოლოდ ნერვულ რეგულაციას ეხება და არა შინაგან ორგანოებს. ამ სინდრომისგან არ კვდებიან (თუმცა ბევრ ავადმყოფს ამაში ეჭვი ეპარება). მეტიც: სტატისტიკური მონაცემებით, ვეგეტოდისტონიკები ე.წ. პრაქტიკულად ჯანმრთელებთან შედარებით უფრო მეტხანს ცოცხლობენ ― ექიმთან ხშირი სიარული სხვა სნეულებების დროულად გამოვლენას უწყობს ხელს.

ზოგადი რჩევები ნცდ-ს დროსაც სტანდარტულია (ამ ყველაფერს, მგონი, ყველა გვერდზე ვიმეორებთ): ნორმალური დღის რეჟიმი, ზომიერი ფიზიკური აქტივობა, სრულყოფილი ძილი, ჯანსაღი კვება, უარი ყველა მავნე ჩვევაზე და ა. შ.

ქრონიკულ ინფექციებთანაც გაარკვიეთ ურთიერთობა, ნებისმიერი მათგანი საქმეს უფრო აფუჭებს. სხეული ― თავისთავად, მაგრამ, როგორც უკვე ვთქვით, მთავარი დამნაშავე ნერვებია, ამიტომაც განკურნების საიდუმლო, არც მეტი, არც ნაკლები, პაციენტის თავში დევს. მთავარია ირწმუნოს, რომ ექიმები არ ცდებიან და მოურჩენელი არაფერი სჭირს.

და კიდევ რამდენიმე რჩევა:

* ცხოვრებას იმ მხრიდან შეხედეთ, საიდანაც უფრო ლამაზი მოჩანს. თქვენი აზრით ჭიქა ნახევრად ჭიქა ნახევრად ცარიელია თუ ნახევრად სავსე? ფიქრს ასე ხომ არ იწყებთ: “ალბათ არაფერი გამომივა”, “თუ ვიცოცხლე…” გახსოვდეთ, აზროვნების ასეთი წესი უბრალოდ მავნებელია ჯანმრთელობისთვის.
* ნუ მოიკლებთ დასვენებასა და სიამოვნებას. მერი პოპინსისა არ იყოს, სამყარო უფრო ნათელი რომ გამოჩნდეს, ზოგჯერ ერთი კოვზი შაქარიც კმარა.
* გაიჩინეთ შინაური ცხოველი. მასთან მართლაც ხსნის სტრესს. ფისოს მოფერება, ზაზუნას ანდა აკვარიუმის თევზების ცქერა მთელი დღის პრობლემებს თითქოს ხელის ერთი მოსმით აქრობს ჩანს.
* მარცვლეთ კრიალოსანი. სპეციალისტების აზრით, ეს მარტივი ხერხი გულის ტკივილებს ბევრ წამალზე უკეთ აცხრობს. ზუსტად არავინ იცის, რატომ არის ასე. ფაქტია: ჩვენს წინაპრებსაც შველოდა და დღესაც მოქმედებს.

გააზიარე: