სიცოცხლის მესამე წელი
გააზიარე:
(I ნაწილი)
ორიდან სამ წლამდე პერიოდი გარდამავალი ეტაპია ჩვილობასა და სკოლამდელ ასაკს შორის. ამ ეტაპზე იკლებს ბავშვის ფიზიკური ზრდისა და მოტორული ფუნქციების განვითარების ტემპი. სამაგიეროდ, იწყება ინტელექტუალური, სოციალური და ემოციური ცვლილებების ნამდვილი ქარტეხილი.
ამ პერიოდში ბავშვი ცდილობს, ხაზი გაუსვას თავის დამოუკიდებლობას. ეს მისთვის აღმოჩენების პერიოდია: ბავშვი ხვდება, რომ სოციუმი მის გარშემო განსაზღვრულ წესებს ექვემდებარება, ცდილობს, მისი ნაწილი იყოს, ერკვევა სხვადასხვა სახის ურთიერთობებში, სწავლობს საკუთარი თავის კონტროლს.
მშობლისადმი ბავშვის გაორებული დამოკიდებულება – ერთი მხრივ, მიჯაჭვულობა, მეორე მხრივ კი დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა – ხშირად გამოიწვევს თაობათა შორის უთანხმოებას, მაგრამ განვითარების ეს ეტაპი პატარამ აუცილებლად უნდა გაიაროს.
სიტყვიერი მარაგის გამდიდრებასთან ერთად ბავშვს საკუთარი პიროვნების შეგრძნებაც უყალიბდება. სწავლობს ბევრ ახალ თამაშს, მეტ დროს უთმობს თამაშის პროცესს, შეუძლია, მეტხანს დარჩეს მარტო, უვითარდება ფანტაზია და შესაძლოა დაუჯერებელ ამბებსაც მოგიყვეთ გარშემო მყოფების შესახებ.
ამ პერიოდში მშობლის მთავარი საზრუნავია, არ მოაკლოს შვილს ყურადღება, სითბო და პატივისცემა. ამ წლებში განცდილი კომფორტისა და განსაკუთრებულობის შეგრძნება განაპირობებს მომავალში ბავშვის მიერ საკუთარი თავის აღქმას, ვინაიდან ის მალე გაიცნობს ახალ ადამიანებს (ბაღში, სკოლაში, სათამაშო მოედანზე) და საზოგადოებაში თავის დამკვიდრებას დაიწყებს.
ფიზიკური განვითარება
მიუხედავად იმისა, რომ ორიდან სამ წლამდე ბავშვი წინა წლებთან შედარებით ნელა იზრდება, მისი ფიზიკური ტრანსფორმაცია თვალში საცემია. ყველაზე აშკარაა სხეულის პროპორციების ცვლილება. ჩვილს თავი ტანთან შედარებით დიდი აქვს, ხოლო კიდურები – მოკლე. ორი წლიდან მოყოლებული, მომდევნო ათი წლის განმავლობაში თავის გარშემოწერილობა მხოლოდ 2-3 სანტიმეტრით გაიზრდება. იმავდროულად, ბავშვი სიმაღლესაც მოიმატებს ფეხების სიგრძის მატების ხარჯზე. ამ ცვლილებების შედეგად ტანი და ქვედა კიდურები ურთიერთპროპორციულ შესახედაობას მიიღებს.
ცხიმოვანი ქსოვილი, რომელიც სიცოცხლის პირველ წლებში ასე უხვად იყო ბავშვის სხეულში, განლევას დაიწყებს, რაც ხუთ წლამდე გაგრძელდება. სახე უფრო ოვალურ ფორმას მიიღებს, გამოიკვეთება ქვედა ყბა. თეძოები უფრო თხელი გამოჩნდება. ნელ-ნელა შესამჩნევი გახდება ტერფის თაღიც.
დგომის მანერაც შეიცვლება. აქამდე გამობზეკილი მუცელი და საჯდომი პატარას ჩვილისთვის ტიპობრივ შესახედაობას აძლევდა. ახლა, როცა კუნთების ტონუსი იმატებს და იოგოვანი აპარატი ძლიერდება, ბავშვი უფრო გამართული დგას და უფრო მაღალიც ჩანს.
სკოლამდელი ასაკის ბავშვები სიმაღლეში ყოველწლიურად საშუალოდ 6 სმ-ს იმატებენ, ხოლო წონაში – 2 კგ-ს (ეს, რა თქმა უნდა, საშუალოსტატისტიკური მონაცემებია; რეალურად ზრდის ტემპი ყველა ბავშვს ინდივიდუალური აქვს).
ყურადღება მიაქციეთ ბავშვის ზრდის ტემპს და საჭიროების შემთხვევაში საქმის კურსში ჩააყენეთ პედიატრი.
მოძრაობა
ორიდან სამ წლამდე ბავშვები სულ მოძრაობაში არიან – დარბიან, დახტიან, დაცოცავენ, ეჯახებიან საგნებსა თუ ადამიანებს. ყურადღების კონცენტრაციის უნარი ამ ასაკში შეიძლება კიდევ უფრო სუსტი მოგეჩვენოთ. ბავშვი იოლად გადაერთვება ერთი გასართობიდან მეორეზე; შესაძლოა, სულ წამით მოადუნოთ ყურადღება და პატარა ოთახში ვეღარ იპოვოთ... ამის მიზეზი ენერგიის მოზღვავებაა.
ეს ქაოსი ძნელი ასატანია, მაგრამ მოითმინეთ – მოძრაობა ბავშვს კოორდინაციის უნარს უვითარებს, აკაჟებს.
რამდენიმე თვეში პატარა უფრო კოორდინირებულად ივლის და ირბენს. ასევე ისწავლის:
* ბურთისთვის ფეხის დარტყმას სწორი მიმართულებით;
* კიბეზე დამოუკიდებლად ასვლა-ჩასვლას;
* საბავშვო სკამში დამოუკიდებლად ჩაჯდომას;
* ცალ ფეხზე დგომას;
* უკუსვლით სიარულს;
* სიარულისა და სირბილის დროს კუთხეში მოხვევას;
* საუბრის დროს ხელების გამოყენებას და განზე ყურებას.
ამ ასაკში შეგიძლიათ აღარ იმტვრიოთ თავი ბავშვისთვის განმავითარებელი თამაშების მოსაგონებლად – ის ყველაფერს თვითონვე მოახერხებს. თუ შესაძლებლობა მოგეცათ, ჩაერთეთ მის თამაშში. პატარებს ძალიან უყვართ, როცა უფროსებს ისინი ზურგზე მოკიდებული დაჰყავთ, უყვართ იატაკზე კოტრიალი, პატარა გორაკზე აცოცება და ჩამოსრიალება. რაც უფრო მეტს ირბენს და იცოცებს ბავშვი თამაშის დროს, მით უკეთესი.
ოღონდ ეცადეთ, საბავშვო მოედანზე თამაშის დროს თვალი არ მოაშოროთ. ამ ასაკის ბავშვებს თვითკონტროლი და განსჯის უნარი ჯერ კიდევ არ აქვთ განვითარებული სათანადოდ, ამიტომ კონფლიქტს და ტრავმას ყოველთვის ვერ ასცდებით.
ხელებისა და თითების მოძრაობის განვითარება
ორი წლის ბავშვი უკვე თავდაჯერებულად მანიპულირებს პატარა ნივთებით. მას შეუძლია:
* წიგნის გადაფურცვლა;
* 6 კუბისგან კოშკის აშენება;
* ფეხსაცმელების გახდა;
* ელვა-შესაკრავის გახსნა;
* კალმის (ფანქრის) სწორად დაჭერა;
* კარის სახელურის გადატრიალება;
* კალმით (ფანქრით) ჰორიზონტალური და ვერტიკალური ხაზების გავლება, წრის მოხაზვა;
* ბოთლის ხრახნიანი თავსახურის მოხსნა და დახურვა;
* ჭიქის ცალი ხელით დაჭერა;
* კანფეტისთვის ქაღალდის შემოცლა.
ამ ასაკისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა ხატვაა. მართალია, თავდაპირველად ბავშვი ფანქარს მოუხერხებლად დაიჭერს ხელში, მაგრამ დროთა განმავლობაში დახვეწს ტექნიკას და თავის პირველ “შედევრებსაც” შექმნის.
ამ პერიოდში მის განვითარებას დიდად წაადგება, თუ საშუალებას მისცემთ, ხელით ხატოს საბავშვო საღებავებით, ძერწოს (მოძებნეთ არატოქსიკური საბავშვო პლასტელინი!), ააშენოს კუბებისგან კოშკები, ააწყოს მარტივი კონსტრუქტორი.
ორი წლის ბავშვი თამაშის დროს უფრო მეტადაა ფოკუსირებული თამაშის საგანზე და სანამ თვითონვე არ მობეზრდება, არ მიატოვებს. ახლა, როცა უკვე ფურცვლაც შეუძლია, სიამოვნებით ათვალიერებს წიგნებსა თუ ჟურნალებს უფროსთან ერთად.
მეტყველების განვითარება
ორი წლის ბავშვს უკვე ყველაფერი ესმის, რასაც უფროსები ეუბნებიან, მისი ლექსიკონი კი 50-ზე მეტ სიტყვას მოიცავს. მომავალი ერთი წლის განმავლობაში 4-6-სიტყვიან წინადადებებსაც გამართავს (“დედიკო, სად არის ბურთი?”). დაიწყებს პირის (მე, შენ, ის, ჩვენ, ისინი) და კუთვნილებითი (ჩემი, შენი...) ნაცვალსახელების გამოყენებას, თუმცა მისი უსაყვარლესი ნაცვალსახელი “ჩემი” იქნება.
ადამიანის ბუნებაა, ყველაფერი ერთმანეთს შეადაროს, განსაკუთრებით – საკუთარი სხვისას. ეცადეთ, თქვენი შვილის სამეტყველო უნარები სხვა ბავშვებისას არ შეადაროთ, ვინაიდან არ არსებობს არავითარი სტანდარტული კრიტერიუმი პატარების განვითარების შესაფასებლად. ზოგი ბავშვი მეტს ლაპარაკობს, ზოგი – ნაკლებს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პირველებმა მეორეებზე მეტი სიტყვა იციან.
არსებობს კიდევ ერთი მოარული აზრი – რომ ბიჭები უფრო გვიან იწყებენ ლაპარაკს, ვიდრე გოგონები. ნუ იჩქარებთ დასკვნების გამოტანას სასკოლო ასაკამდე – ამ დროს უფრო ობიექტური დასკვნების გამოტანაა შესაძლებელი.
შეგიძლიათ, დაეხმაროთ ბავშვს ლექსიკონის გამდიდრებაში საუბრითა და კითხვით. ასე პატარა არა მარტო ახალ სიტყვებს, არამედ გრამატიკულ ნიუანსებსაც ისწავლის. აუცილებელი არ არის, საუბრისას შეუსწოროთ გრამატიკული შეცდომები – უფროსების საუბრის მოსმენით დროთა განმავლობაში თვითონვე გამოასწორებს ხარვეზებს.
ორი წლიდან ბავშვი უკვე ინტერესით მოისმენს მოთხრობებს, ზღაპრებს, ლექსებს. აქამდე თუ უფროსის ხმის ტემბრსა და მელოდიურობას ჰქონდა მისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა, ამიერიდან შინაარსიც აინტერესებს. მეხსიერების მოცულობა ისე ეზრდება, რომ უკვე შეუძლია, გაჰყვეს თხრობის ხაზს. მიუხედავად ამისა, ერთ ადგილას დიდხანს ჯდომა და სმენა ჯერ კიდევ უჭირს, ამიტომ მოკლე ზღაპრები და ლექსები უკითხეთ. ილუსტრაციების თვალიერებისას მიეცით მარტივი დავალებები, მაგალითად, შეეხოს საგნებს, რომლებსაც ჩამოთვლით ან, პირიქით, დაასახელოს საგნები, რომლებსაც ხელს დაადებთ.
სამი წლისთვის ბავშვს მეტყველება უკვე ისე კარგად ექნება განვითარებული, რომ მოუნდება, თვითონვე წაგიკითხოთ ლექსები, გითხრათ გამოცანები, ენის გასატეხები.
გონებრივი განვითარება
ჩვილ ასაკში ბავშვი მხედველობისა და შეხების საშუალებით ეცნობოდა სამყაროს, ორიდან სამ წლამდე კი შეცნობის პროცესი უფრო დაკვირვებისა და ფიქრის თანხლებით მიმდინარეობს. რაც უფრო ეხვეწება ბავშვს მეტყველება, მით უფრო უვითარდება ფიქრისა და ამოცანების გადაჭრის უნარი, შედეგად – მეხსიერება და ინტელექტიც. ამ პერიოდში ის სწავლობს:
* მოვლენების აღქმას დროში (მაგალითად, “შეგიძლია, სადილის შემდეგ ითამაშო”);
* საგნებს შორის კავშირებს (მაგალითად, შეუძლია განსაზღვრული ფორმის ხვრელს შესაბამისი ფორმის ნივთი მოარგოს);
* რიცხვების დანიშნულებას;
* მიზეზშედეგობრივ კავშირებს.
განვითარების ამ ეტაპზე ბავშვებს ჰგონიათ, რომ ყველაფერი, რაც მათ გარშემო ხდება, მათივე მოქმედების შედეგია, ამიტომ უჭირთ ისეთი ცნებების გაგება, როგორიცაა სიკვდილი, ავადმყოფობა, განქორწინება (დაშორება). ჰგონიათ, თუ მახლობელი ადამიანი ავად გახდა, მათი ბრალია.
ამ ასაკის ბავშვს ყველაფერი პირდაპირი მნიშვნელობით ესმის, ამიტომ ეცადეთ, სიტყვები ფრთხილად შეარჩიოთ. მან ჯერ კიდევ არ იცის, რა არის ხუმრობა, ამიტომ თქვენმა სიტყვებმა: “ნუ ჭამ ამდენ ტკბილეულს, თორემ გასკდები!” – შესაძლოა შეაშინოს.
სოციალური განვითარება
ორიდან სამ წლამდე ბავშვები თავიანთ მოთხოვნილებებზე არიან ორიენტირებულები და ეგოისტურად იქცევიან. უჭირთ, სხვას უწილადონ ის, რაც თვითონაც მოსწონთ (სათამაშოები, ტკბილეული). შესაბამისად, უჭირთ სხვა ბავშებთან კომუნიკაცია.
ამ ასაკის ბავშვები სამყაროს მხოლოდ საკუთარი სურვილებიდან გამომდინარე ხედავენ, ამიტომ უჭირთ, გაუგონ სხვებს. ჰგონიათ, სხვებიც იმავეს ფიქრობენ და გრძნობენ, რასაც თვითონ, ამიტომ ჯერჯერობით ნუ გექნებათ იმის მოლოდინი, რომ ბავშვი შეძლებს, თავი სხვის ადგილას წარმოიდგინოს.
შესაძლოა, მშობლისთვის ეს გამაღიზიანებელი იყოს, მაგრამ მოთმენა მოუწევს – სკოლამდელი ასაკის ყველა ბავშვი ასე იქცევა; ხმაურიანი და მორცხვი, ცელქი და დინჯი ერთნაირად ეგოისტობენ.
ამ ასაკის ბავშვები თამაშის დროს სხვებს (უფროსებს, თანატოლებს) ბაძავენ. იმიტაციური თამაში მათ საყვარელი გასართობია. ასე რომ, ნუ გაგიკვირდებათ, თუ თქვენმა პატარამ სათამაშო დათუნია საწოლში ჩაიწვინა ან “საჭმელს აჭმევს” და თან იმ ფრაზებით მიმართავს, რომლებითაც თქვენ ესაუბრებით ხოლმე. ასეთი თამაშები ასწავლის ბავშვს, როგორ დააყენოს საკუთარი თავი სხვის ადგილას, რაც შემდგომში სოციუმში მის ადაპტაციას დაედება საფუძვლად. მეორე მხრივ, ეს მშობლის წახალისებაცაა, ბავშვისთვის კარგი მაგალითი იყოს.
ბავშვის ცუდი ქცევა არ არის საკმაო საფუძველი, რომ მშობელმა თავი აარიდოს თავშეყრის ადგილებს. პირიქით! თავდაპირველად პატარა შესაძლოა უწესოდ მოიქცეს, ვინმეს უყვიროს, ჩაარტყას, წააქციოს კიდეც თამაშის დროს, მაგრამ თანდათან ისწავლის სოციალური ქცევის წესებს და თანატოლებთან ურთიერთობასაც შეეჩვევა. ოღონდ ამისთვის მათთან მშობლების გარეშე უნდა ურთიერთობდეს, ამიტომ ეცადეთ, იშვიათად ჩაერიოთ მათ თამაშში.
სამი წლისთვის ბავშვი უკვე ხვდება მეგობრობის ცნების მნიშვნელობას, რომელიმე თანატოლს გამოარჩევს და მასთან უფრო ახლო ურთიერთობას იწყებს. ეცადეთ, ამაში ხელი შეუწყოთ (შინ მიიპატიჟეთ შვილის მეგობარი, ერთად გაასეირნეთ პატარები).
ემოციური განვითარება
ორიდან სამ წლამდე ასაკის ბავშვებს ხასიათი ხშირად ეცვლებათ, თუმცა ესეც ზრდის თანმხლები ნორმალური პროცესია; უბრალოდ, მათ ჯერ არ გააჩნიათ ერთბაშად ამდენ ცვლილებასთან გამკლავების გამოცდილება.
2-3 წლის პატარებს ენერგიის ულევი მარაგი აქვთ, სულ თავგადასავლების ძიებაში არიან, საფრთხის განცდა კი თითქმის არ გააჩნიათ, ამიტომ შეიძლება, სახიფათო სიტუაციებში ჩაიგდონ თავი. თუ ჩაერევით და სახიფათო თამაშს შეაწყვეტინებთ, ეს გააბრაზებთ, რასაც ჩარტყმით, კბენით, ყვირილით გამოხატავენ.
შეგიმჩნევიათ, რომ როცა ბავშვს სხვა მომვლელთან (ძიძასთან, ბებია-ბაბუასთან) ტოვებთ, ის სანიმუშოდ იქცევა? ამას თავისი მიზეზი აქვს: პატარა გენდობათ თქვენ, იცის, რომ თუ სახიფათო სიტუაციაში აღმოჩნდა, მაშინვე იხსნით, მათთან კი, ვისაც ასე კარგად არ იცნობს, თავის სათავგადასავლო ექსპერიმენტებს არ ჩაატარებს.
მშობელთან განშორების საკითხი ჯერ კიდევ მწვავედ დგას. ბავშვი ბრაზობს, როცა მას სხვასთან ტოვებთ და თავად საქმეზე ან სამსახურში მიდიხართ. დაამშვიდეთ, რომ მალე დაბრუნდებით, რომ სანამ შინ არ იქნებით, სულ მასზე იფიქრებთ. დაბრუნებისას თბილად და მხიარულად შეხვდით და ნელ-ნელა ეს პრობლემაც წარსულს ჩაბარდება.
რაც უფრო დაცულად გრძნობს თავს ბავშვი, მით უფრო თავდაჯერებულია და მით უფრო სანიმუშოდ იქცევა. შეეცადეთ, წაახალისოთ მისი თვითრწმენა და დამოუკიდებლობა მისთვის გონივრული საზღვრების დაწესებით. დაცულ გარემოში მიეცით საშუალება აკეთოს, რაც უნდა – ისწავლოს, ითამაშოს... თქვენი მითითებები მას მიახვედრებს, რა არის მისაღები და რა – არა. მთავარია, მიდგომა არ შეცვალოთ, თორემ ბავშვი დაიბნევა. როცა კარგად მოიქცევა, აუცილებლად შეაქეთ. ქებით გამოწვეული დადებითი ემოცია დაძლევს ცუდად მოქცევის სურვილს.
სესილი ცირეკიძე