პამპერსებთან განშორება

გააზიარე:

პირველი ღიმილი, პირველი სიტყვა, პირველი ნაბიჯი… და ქოთანზე დაჯდომა – პაწაწინა ადამიანების ამ მიღწევებს გულის ფანცქალით და ლამის ერთნაირად ველით. როდის გავაცნოთ ესოდენ საჭირო ნივთი, როგორ დავეხმაროთ უმარტივესი ჰიგიენური ჩვევების ათვისებაში, როგორ დავეხმაროთ უკვე წამოზრდილ ქვეშაფსიას?

გვესაუბრება ბავშვთა ფსიქოლოგი ნატა მეფარიშვილი.

– პამპერსის ფართოდ გავრცელებამ გაართულა ბავშვის ტუალეტის ჩვევების გამომუშავება. საქმე ისაა, რომ პამპერსი ერთგვარი კომფორტია როგორც მშობლისთვის, ისე ბავშვისთვის. შესაბამისად, ნაკლებ დროსა და ენერგიას ვხარჯავთ, პატარას ტუალეტის მოხმარების ჩვევა რომ გამოუმუშავდეს. მაგრამ უნდა გვახსოვდეს – ამგვარი კომფორტით სარგებლობამ მეტისმეტად დიდხანს არ უნდა გასტანოს, ამ მხრივ გადაჭარბება ხშირად წამგებიანია. მნიშვნელოვანია, დაახლოებით ერთი წლის ასაკიდან ბავშვს დავეხმაროთ, ტუალეტის მოხმარებას შეეჩვიოს. 

კონკრეტული ასაკის დასახელება, როცა ბავშვი პამპერსებთან განშორებისთვის მზადაა, ძნელია. საშუალოდ, დაახლოებით 12 თვის ასაკიდან, პატარა მზადაა, საფენებს გამოეთხოვოს..

ზუსტად რომ დაადგინოთ მზად არის თუ არა ბავშვი ტუალეტის ჩვევების ათვისებისთვის, საკუთარ თავს რამდენიმე შეკითხვა დაუსვით:

  • აღუძრავს თუ არა ინტერესს ღამის ქოთანი ან უნიტაზი? მოსწონს, როცა პამპერსის ნაცვლად ტრუსი აცვია? 
  • შეუძლია თუ არა გაიგოს და შეასრულოს მარტივი ინსტრუქციები?
  • შეუძლია მარტივი შეკითხვების დასმა?
  • დღის განმავლობაში დიდხანს (ორი საათს და მეტხანს) რჩება მშრალი? შუა დღის ძილის შემდეგ მშრალი პამპერსით იღვიძებს?
  • კუჭის მოქმედება დაახლოებით ერთსა და იმავე დროს აქვს?
  • სველ ან ჭუჭყიან საფენებში თავს მოუსვენრად გრძნობს?
  • შეუძლია გითხრათ, რომ ტუალეტში უნდა?
  • შეუძლია თუ არა შარვლის ჩაწევა და აწევა?

თუ შეკითხვების უმრავლესობას დადებითად უპასუხეთ, შეგიძლიათ, ქოთანთან მეგობრობა დაიწყოთ. თუ უარყოფითად, მოცდა არჩიეთ, მით უფრო, თუ პატარას ცხოვრებაში დიდი ცვლილებაა მოსალოდნელი, ვთქვათ, დაიკოს ან ძამიკოს ამქვეყნად მივლინება. საერთოდ კი, თუ პატარა მოსწავლე დაინტერესებული და მონდომებულია, წარმატებას უფრო ადვილად მიაღწევთ.

ყველაზე მთავარი, რაც ამ დროს მოგეთხოვებათ, სიმშვიდე, მუდმივობა და მოთმინებაა. ეს უკანასკნელი კი შეიძლება იმაზე მეტიც დაგჭირდეთ, ვიდრე წარმოგედგინათ. ზუსტი რეცეპტი არ არსებობს, თქვენი შვილისთვის საუკეთესო მეთოდი თვითონვე უნდა აღმოაჩინოთ. ფსიქოლოგების რეკომენდაციები კი ასეთია:

  • უცილებელია, ბავშვმა იცოდეს მუდმივ სიმშრალესა და სისველეს შორის სხვაობა (ამისთვის კი დროდადრო მაინც უნდა მოვხსნათ პამპერსი).
  • გულმოდგინედ შეარჩიეთ ღამის ქოთანი. უმჯობესია, არჩევანის უფლება თვითონ მომავალ მფლობელს გადაულოცოთ. არ დაგავიწყდეთ აღნიშნოთ, რომ იგი უკვე გაიზარდა, თუ მოხმარებას ისწავლის კი, უფრო დიდი გახდება.
  • არაფერი დააძალოთ. ახალმა ნივთმა მის სამფლობელოში მხოლოდ სასიამოვნო ემოციები უნდა აღუძრას. წაახალისეთ, ქოთანზე იჯდეს – თუნდაც საფენით. გასაგებად, უბრალო სიტყვებით აუხსენით, რისთვის არის ეს საჭირო. შეგიძლიათ აჩვენოთ, როგორ ზის ქოთანზე თოჯინა ანდა დათუნია.
  • როცა ქოთანზე ჯდომას მიეჩვევა, უპამპერსოდ დასმა სცადეთ. ყურადღება მიაქციეთ, პატარას ფეხები იატაკზე მყარად ედგას. ოღონდ ზედმეტი არ მოგივიდეთ – ეს მცირე მენჯის სისხლის მიმოქცევისთვის არ არის სახარბიელო. 5-10 წუთი საკმარისია. 
  • როგორც კი შეამჩნევთ, რომ ბავშვი გაწითლდა, თამაში შეწყვიტა, ჩაიკუზა ან სასქესო ორგანოებზე ხელი მოიკიდა, ქოთანი შეახსენეთ. ასწავლეთ, თვითონაც მიაქციოს ამ ნიშნებს ყურადღება. შეაქეთ, როცა წინასწარ თქმას მოასწრებს. დააკვირდით, როდის ისაქმებს და ქოთანზე ჯდომის გრაფიკიც ამის მიხედვით შეადგინეთ.
  • შექებასა და ჯილდოს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ნუ დაიშურებთ თბილ სიტყვებსა და საჩუქრებს. მაშინაც კი, როცა არაფერი გამოსდის, შეაქეთ იმისთვის, რომ შეეცადა.
  • იყავით თანმიმდევრული. მოსთხოვეთ ძიძას, ბებიას, დეიდას, ქოთანზე მიჩვევა თქვენი არყოფნის დროსაც განაგრძონ.

თუ ბავშვი გიძალიანდებათ ანდა, უბრალოდ, არ გამოსდის, სჯობს რამდენიმე კვირით შეასვენოთ – შესაძლოა, მის ნერვულ სისტემას მომწიფებისთვის მეტი დრო სჭირდება. ცოტა ხნის შემდეგ უფრო იოლად ისწავლის. 

ვადები ბავშვის გარდა მშობელზეც არის დამოკიდებული: რამდენად ინტენსიურად, სისტემატურად და სწორად უჭერთ მხარს. აჩქარება და შედეგის სწრაფი მოლოდინი ხშირად აფუჭებს საქმეს. ჩვეულებრივ, პირველი მცდელობიდან 3-6 თვეში ბავშვთა უმრავლესობა დღისით საკუთარი ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების კონტროლს ეჩვევა, ღამით კონტროლის მიჩვევას კი ზოგჯერ თვეები და წლებიც კი სჭირდება.

ნებისმიერი ჩვევის ათვისებისას შეცდომები გარდაუვალია. ბავშვები ხშირად ისველებენ, მით უფრო, თუ თამაშით გაერთნენ, გადაიღალნენ ან რაიმეზე ღელავენ. გახსოვდეთ, არც ერთი ბავშვი ამას სპეციალურად – თქვენს გასაბრაზებლად არ სჩადის. ასე რომ, ისედაც დარცხვენილს კიდევ უფრო ნუ დათრგუნავთ. სჯობს უთხრათ, რომ ამით არაფერი დაშავებულა, მომავალში კი უფრო ფრთხილად იქნება და აღარც დაავიწყდება.

ხუთი წლამდე “გაპარვის” თუნდაც ხშირი ეპიზოდები შეშფოთების მიზეზს არ გვაძლევს. ასაკის მატებასთან ერთად ამ შემთხვევითი ეპიზოდების რიცხვი აუცილებლად შემცირდება, თუ ბავშვის განვითარება ნორმალურად წარიმართება. 

აუცილებლად ექიმს უნდა მიმართოთ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი შვილი 5 წელზე მეტისაა და მაინც ისველებს დღეც და ღამეც. განსაკუთრებით – თუ უკონტროლო შარდვას ტკივილი, გაძლიერებული წყურვილი, შარდის ფერის შეცვლა ან ხვრინვა ახლავს. საყურადღებოა მეორეული ენურეზიც, ანუ როცა ბავშვმა ჩასველება ხანგრძლივი მშრალი პერიოდის შემდეგ ისევ დაიწყო.

გააზიარე: