ჰემოტრანსფუზია: როდის და რატომ?

გააზიარე:

შესაძლოა, ნემსის დანახვისას უსიამოვნო შეგრძნება გეუფლებოდეთ, მაგრამ სისხლის გაცემის გარეშე ჰემოტრანსფუზია წარმოუდგენელია. სამეცნიერო მონაცემები იმაზე მიუთითებს, რომ მოსახლეობის მეოთხედზე მეტს სიცოცხლეში ერთხელ მაინც დასჭირდება სისხლის გადასხმა.

საქართველოში ყოველწლიურად დაახლოებით 60 ათას ადამიანს სჭირდება ჰემოტრანსფუზია, დონაცია კი არ აღემატება 37 000-ს (რაც ქვეყნის მოსახლეობის 1%-ზე ნაკლებია). ამასთან, საქართველოში დონორთა 95% ფასიანია, თუმცა, როგორც მ. ზოდელავას ჰემატოლოგიური ცენტრის ექიმი ჰემატოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი ნინო შარაშენიძე ამბობს, ბოლო ხანს ნათესავი დონორების ხარჯზე უფასო დონორების რაოდენობამ იმატა.

ქალბატონ ნინოს სისხლის გადასხმის საკითხებზე სასაუბროდ ვესტუმრეთ.

სად და როდის დაიწყეს ჰემოტრანსფუზიის გამოყენება და რა ადგილი უკავია ამ პროცედურას თანამედროვე მედიცინაში? ამ კითხვებზე პასუხი ძალიან საინტერესო აღმოჩნდა...

მოკლე ისტორიული ექსკურსი

– სისხლის გადასხმა პირველად 1662 წელს ჩატარდა საფრანგეთში. ლუდოვიკო XIV-ის ექიმმა ბატკნის სისხლი გადაუსხა 15 წლის პაციენტს, თუმცა უშედეგოდ. მოგვიანებით, 1818 წელს, ბრიტანელმა ფიზიოლოგმა ჯეიმს ბლანდელმა პირველად განახორციელა ადამიანის სისხლის ტრანსფუზია – პაციენტს, რომელსაც შინაგანი სისხლდენა ჰქონდა, რამდენიმე ადამიანის სისხლი გადაუსხა. პაციენტი გარდაიცვალა, მაგრამ მიზეზს ვერავინ მიხვდა.

ტრანსფუზიოლოგიაში გადატრიალება მოახდინა ავსტრიელმა მეცნიერმა კარლ ლანდშტაინერმა, რომელმაც 1901 წელს სისხლის ჯგუფები აღმოაჩინა და დაადგინა, რომ სისხლის გადასხმა სწორედ ჯგუფის გათვალისწინებით უნდა მომხდარიყო.

ამ და სხვა აღმოჩენებმა დასაბამი მისცა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროცედურას – ჰემოტრანსფუზიას.

სისხლის შენახვა პირველი მსოფლიო ომის დროს დაიწყეს, სისხლის კომპონენტების მეორე მსოფლიო ომის წლებში კი ტრანსფუზია უკვე აქტიურად გამოიყენებოდა.

საქართველოში სისხლის პირველი ბანკი 1932 წელს შეიქმნა. მან საქართველოს პირველ სისხლის გადასხმის სადგურში დაიდო ბინა. მოგვიანებით, 1935 წელს, სადგურის ბაზაზე ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტი ჩამოყალიბდა. ინსტიტუტის დამაარსებელი და პირველი ხელმძღვანელი აკადემიკოსი გრიგოლ მუხაძე იყო.

ჯადოსნური სითხე

– სისხლი ორგანიზმის ცხოველმყოფელობისთვის აუცილებელი თხიერი ქსოვილია. მას მრავალი მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია. ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებები, წესისამებრ, მასზეც აისახება, ამიტომ ყველა ექიმი უპირველესად სწორედ სისხლის საერთო ანალიზს ითხოვს. ეს კვლევა ერთგვარ მიმართულებას აძლევს დიაგნოსტიკასა და მკურნალობას.

ზრდასრული ჯანმრთელი ადამიანის სისხლის საერთო მოცულობიდან (დაახლოებით 5 ლ) მოცირკულირე სისხლის მოცულობა 3,5-4 ლიტრია. დანარჩენი სისხლის დეპოებში, მაგალითად, ღვიძლში, ელენთაშია დაგროვილი. სისხლი ფორმიანი ელემენტებისა და თხევადი ნაწილისგან შედგება. ფორმიანი ელემენტებია ერითროციტები, ლეიკოციტები და თრომბოციტები, თხევადი ნაწილი – პლაზმა.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, ადამიანს შესაძლოა სისხლის ერთი ან რამდენიმე კომპონენტის გადასხმა დასჭირდეს. უმეტესად ერითროციტების, თრომბოციტებისა და პლაზმის ტრანსფუზია ხდება.

რკინის ჯარისკაცები

– სისხლის ფორმიანი ელემენტების ძირითადად მასას ერითროციტები ქმნის. სისხლის წვეთი დაახლოებით ხუთ მილიონ წითელ უჯრედს შეიცავს. ნორმის პირობებში ამ უჯრედების საერთო მოცულობა მოცირკულირე სისხლის მოცულობის 36-48%-ია.

ერითროციტების უმეტესი ნაწილი ძვლის ტვინში წარმოიქმნება და 120 დღეს ცოცხლობს. იშლება ღვიძლში, ელენთაში, სისხლძარღვებში.

უჯრედების წითელი ფერი რკინით მდიდარი ჰემოგლობინის დამსახურებაა, რომელიც ჰემისა და ცილოვანი ნაწილისგან – გლობინისგან შედგება. მისი ფუნქცია ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის ტრანსპორტირებაა.

სისხლის წითელი უჯრედების ტრანსფუზია მკურნალობის ერთ-ერთი მეთოდია კრიტიკული ანემიის (ერითროციტების და`ან ჰემოგლობინის რაოდენობის შემცირება სისხლის მოცულობის ერთეულში) დროს. ერითროციტული მასის გადასხმა საჭიროა დიდი რაოდენობის სისხლის დაკარგვის, ტრავმის ან მასშტაბური ქირურგიული ჩარევის შემდეგ. სისხლის წითელი უჯრედები 42 დღე ინახება სპეციალურ რეზერვუარში, 1-დან 6°ჩ-მდე ტემპერატურაზე.

მრავალფუნქციური არმია

– ლეიკოციტი კრებითი სახელია, რომელიც სხავადასხვა ფუნქციის მქონე უჯრედებს აერთიანებს. ძვლის ტვინში წარმოქმნილი უჯრედები მომწიფების სხვადასხვა ეტაპს გადის და გრანულოციტების (ნეიტროფილები, ეოზინოფილები, ბაზოფილები) და აგრანულოციტების (ლიმფოციტები და მონოციტები) სახით პერიფერიულ სისხლში ხვდება. თითოეულ მათგანს თავისი ფუნქცია აქვს და ავადმყოფობის დროს მათი რაოდენობა იცვლება. ზოგიერთ ლეიკოციტს უცხო ნივთიერებებისა და მიკროორგანიზმებისგან სხეულის დაცვა ევალება, ზოგიერთი მონაწილეობს ჰუმორული იმუნიტეტის შექმნაში, რომელიც ინფექციური აგენტების უვნებელყოფისკენაა მიმართული, ზოგსაც მუტირებულ უჯრედებთან მებრძოლი ქსოვილოვანი იმუნიტეტის ჩამოყალიბება ევალება.

სისხლის თეთრი უჯრედების გადასხმა უკიდურესად იშვიათია. ძირითადად მიმართავენ დონორის ლიმფოციტების ტრანსფუზიას ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციის (გადანერგვის) პროცესში.

მეტად მნიშვნელოვანი და უკიდურესად საპასუხისმგებლოა ღეროვანი უჯრედების (სისხლის ფორმიანი უჯრედების წინამორბედთა) ტრანსფუზია. ვინაიდან სისხლი თხევადი ქსოვილია, ღეროვანი უჯრედების ტრანსფუზია სამედიცინო ლიტერატურაში ტრანსპლანტაციად იხსენიება. ამჟამად ხორციელდება აუტოლოგიური (საკუთარი) ან ალოგენური (დონორის) ღეროვანი უჯრედების გადანერგვა. მათ დონორისგან ან თავად პაციენტისგან სპეციალიზებულ აპარატზე (სეპარატორზე) იღებს ექიმი ტრანსფუზიოლოგი სპეციალიზებულ დაწესებულებაში (სისხლის ბანკში). ინახება კონტეინერში, თხევადი აზოტით სავსე რეზერვუარში.

წებოვანი დისკო

– თრომბოციტები სისხლის უჯრედული ფრაგმენტებია. მათი მნიშვნელოვანი ფუნქცია სისხლის შედედებაში მონაწილეობაა. თრომბოციტები ძვლის ტვინში წარმოიქმნება წინამორბედი დიდი ზომის უჯრედების, მეგაკარიოციტების, ნაწილებად დაშლის შედეგად. აქვს დისკოს მსგავსი ფორმა და ცოცხლობს 7-10 დღე. ეწევა შედედების ფაქტორების ტრანსპორტირებას, უზრუნველყოფს სისხლძარღვის კედლის კვებასა და განვლადობას.

პერიფერიულ სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირებას თრომბოციტოპენია ეწოდება, ხოლო თრომბოციტების ფუნქციის დარღვევას, რაც გულისხმობს თრომბოციტების ერთმანეთსა და სისხლძარღვის კედელთან შეწებების უნარის დაქვეითებას, თრომბოციტოპათიას ვუწოდებთ.

თრომბოციტოპენიაც და თრომბოციტოპათიაც სისხლდენისადმი ორგანიზმის მიდრეკილებაზე მიუთითებს.

თრომბოციტების ტრანსფუზია ტარდება დიდი რაოდენობის სისხლის დაკარგვის, თრომბოციტების დისფუნქციის ან სისხლში მოცირკულირე თრომბოციტების რაოდენობის მკვეთრი დაქვეითების დროს. თრომბოციტების 7 დღემდე ინახება 20-24° ტემპერატურაზე, სპეციალურ მოძრავ სეპარატორზე, ვინაიდან ფუნქციურად აქტიურმა თრომბოციტებმა კონტეინერში შესაძლოა თრომბოციტული შენადედი წარმოქმნას. აგრეგირებული თრომბომასის ან თრომბოკონცენტრატის ტრანსფუზია სრულიად უეფექტოა და გამორიცხული არ არის, მეორეული თრომბოზის მიზეზადაც კი იქცეს.

სისხლის პლაზმა

– პლაზმა სისხლის საერთო მოცულობის 55%-ს შეადგენს. მისი დაახლოებით 90% წყალია, დანარჩენი 10% კი იონებისგან, ცილებისგან, საკვები ნივთიერებებისგან, იმუნური კომპლექსებისგან, ნარჩენებისა და დაშლილი აირებისგან შედგება. პლაზმაში არსებული იონები, ცილები და სხვა მოლეკულები მნიშვნელოვანია სისხლის pH-ისა და ოსმოსური ბალანსისთვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს ასრულებს ალბუმინი (ადამიანის პლაზმის მთავარი ცილა).

პლაზმაში შეწონილ ზოგიერთ მოლეკულას უფრო სპეციალიზებული ფუნქციები აქვს. მაგალითად, ჰორმონები შორ მანძილზე გამავრცელებელი სიგნალის როლს ასრულებს, ანტისხეულები ამოიცნობს და ანეიტრალებს პათოგენებს (ანტისხეულებს), სისხლის შედედების (კოაგულაციის) ფაქტორები კი ჭრილობების ადგილას სისხლის შედედებას იწვევს. პლაზმის საშუალებით ხდება მასში შეწონილი წყალში ხსნადი და უხსნელი ცხიმების, საკვები ნივთიერებებისა და ვიტამინების გადატანა.

პლაზმის გადასხმა მიზანშეწონილია ჰიპოკოაგულაციის და ზოგჯერ ჰიპერკოაგულაციის დროსაც. გამოიყენება სისხლის შემდედებელი ფაქტორების დეფიციტის შემთხვევაში, შეუცვლელია სისხლის დისემინირებული შედედების სინდრომის არსებობისას. ასეთ რთულ შემთხვევებში პაციენტს მასიურად უსხამენ ახალგაყინულ პლაზმას.

ზოგჯერ პლაზმა აუცილებელია პრეეკლამფსიისა და ეკლამფსიის დიაგნოზის მქონე ორსულებისთვის, ასევე – მშობიარობის შემდგომი სისხლდენის ლიკვიდირებისთვის, სრულფასოვანი ჰემოსტაზის მისაღწევად.

პლაზმის ტრანსფუზია სჭირდებათ იმ ახალშობილებსაც, რომლებსაც სისხლის შედედების რომელიმე ფაქტორის თანდაყოლილი დეფიციტი აქვთ.

ახალგაყინული პლაზმის გადასხმა ხდება ისეთი დაავადებების დროს, რომლებიც პლაზმის მუდმივი კარგვით მიმდინარეობს (დამწვრობა, ძვლის ქრონიკული ოსტეომიელიტი).

გაყინული პლაზმა ინახება სპეციალურ რეზერვუარში, –32 გრადუსზე, ერთი წლით.

სისხლის კომპონენტების შესანახ რეზერვუარში სპეციალური თერმომეტრის საშუალებით ტემპერატურის მუდმივი მონიტორინგი მიმდინარეობს.

ვინ და როგორ

– როგორ ხდება დონაცია და რამდენად უსაფრთხოა ჰემოტრანსფუზია?

– სისხლის გაცემის მსურველი, დონორი, სისხლის ბანკში მისვლისთანავე გაივლის რეგისტრაციას. რეგისტრაციის შემდეგ დონორთა საერთო ბაზაში ამოწმებენ მის პირად მონაცემებს. ყურადღება ექცევა, აქვს თუ არა გაღებული დონორს სისხლი. შემდეგ ტარდება პირველადი გამოკითხვა. დონორი ავსებს სპეციალურ კითხვარს. ეს ყველაფერი მიზნად ისახავს ამომწურავი ინფორმაციის მოგროვებას, რომლის საფუძველზეც შესაძლებელია დონაციის თანმხლები რისკების ამოცნობა. პოტენციურ დონორს უტარდება წინასაპროცედურო კვლევები სისხლის ჯგუფსა და ჰემოგლობინზე, ექიმი თერაპევტი აფასებს მის ზოგად თერაპიულ სტატუსს. მოწმდება დონორის სიმაღლე, წონა, არტერიული წნევა (დაბალი წნევის მქონე პირებისთვის დონორობა არ შეიძლება, ვინაიდან სისხლის გამოშვების შემდეგ, როცა მოცირკულირე სისხლის რაოდენობა მცირდება, წნევა თავისთავადაც იწევს დაბლა), ორგანოთა სისტემების ფუნქციური მდგომარეობა. საბოლოოდ ექიმი ტრანსფუზიოლოგი წყვეტს, რა რაოდენობის სისხლის გაღება შეუძლია დონორს. აუცილებელი პირობაა ერთი დონაციიდან მეორემდე 60-დღიანი შუალედის დაცვა.

დონორი წვება მოხერხებულ საწოლზე. მსხვილ სისხლძარღვში იდგმება სპეციალური კათეტერი და იწყება სისხლის გამოღება. ერთჯერადად გაღებული სისხლისგან შესაძლებელია სამი კომპონენტის დამზადება: ერითროციტული მასის, თრომბომასის და კრიოპლაზმის. სამივე კომპონენტს, როგორც ვთქვით, შენახვის სხვადასხვა პირობები და ვადა აქვს.

– ვის ეკრძალება სისხლის გაღება?

– დონორს არ უნდა ჰქონდეს (მიმდინარე ან გადატანილი): ჰერპესვირუსული ინფექცია; ციტომეგალოვირუსული ინფექცია; ვირუსული ჰეპატიტი; სიფილისი; ბრუცელოზი; ტუბერკულოზი; ლეიშმანიოზი; ტოქსოპლაზმოზი; ონკოლოგიური დაავადება; ღვიძლის ციროზი; შაქრიანი დიაბეტი; ფარისებრი ჯირკვლის დაავადება; ალერგიული დაავადება. სისხლის გაცემა არ შეუძლია ადამიანს, რომელსაც ამოკვეთილი აქვს რომელიმე (ნებისმიერი!) ორგანო. დონორი ქალის წონა უნდა აღემატებოდეს 55 კგ-ს, მამაკაცისა კი – 65 კგ-ს. ასაკი უნდა იყოს 18-დან 60 წლამდე.

არსებობს დონაციის დროებითი უკუჩვენებებიც: მშობიარობიდან გასული უნდა იყოს ერთი წელი, აბორტიდან – 6 თვე, ლაქტაციის დასრულებიდან – 3 თვე, გრიპის, ანგინის გადატანიდან – 1 თვე, განსაზღვრული აცრებიდან – 1 თვე, ოპერაციიდან – 1 წელი და ა.შ.

ჯერჯერობით გროვდება და შეისწავლება ინფორმაცია ახალი კორონავირუსით განპირობებულ დაავადებებზე.

–  ვის შეუძლია იყოს დონორი?

– ყველა ჯანმრთელ ზრდასრულ ადამიანს შეუძლია სისხლის ჩაბარება 2 თვეში ერთხელ, წელიწადში 5-6-ჯერ, სრულიად უსაფრთხოდ. სისხლი და სისხლის პროდუქტები მუდმივად სჭირდებათ უმძიმეს პაციენტებს, მათ შორის – ბავშვებს. სისხლი მალფუჭებადია, ის ვარგისია მხოლოდ 42 დღე. შესაბამისად, რეგულარული დონორების არსებობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. სისხლის რეგულარული დონორი არის ადამიანი, რომელიც უანგაროდ და მუდმივად აბარებს სისხლს. ის სისხლის ყველაზე უსაფრთხო წყაროდ მიიჩნევა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მუდმივად მოწმდება და თავად დონორიც მისდევს ცხოვრების ჯანსაღ წესს.

ქვეყნის მოსახლეობის 40-50%-ს შეუძლია იყოს სისხლის უანგარო დონორი, რეალურად კი ჩვენს ქვეყანაში მათ 0.5%-ზე ნაკლები აბარებს სისხლს.

იმისთვის, რომ ეროვნული სისხლის მარაგი ეფექტურად ივსებოდეს, ქვეყანას უნდა ჰყავდეს 20-25-მდე რეგულარული დონორი ყოველ 1000 კაცზე.

დონორები კლასიფიცირდებიან შემდეგ ჯგუფებად:

ა) აქტიური დონორები;

ბ) რეზერვის დონორები;

გ) დონორი-ნათესავები.

აუცილებელია ვიცოდეთ, რომ:

* ადამიანების 85%-ს 75 წლამდე ერთხელ მაინც სჭირდება სისხლის გადასხმა. დედამიწაზე ყოველ 3 წამში ვიღაცას სჭირდება სისხლი. ერთ დღესაც ეს შესაძლოა რომელიმე ჩვენგანი აღმოჩნდეს.

* ჩვენ მიერ ჩაბარებული სისხლით შესაძლებელია სამი ადამიანის გადარჩენა (ერითროციტული მასით, კრიოპლაზმით, თრომბოციტული მასით).

* სისხლის პროდუქტები ყოველთვის დეფიციტურია, ვინაიდან მათი შემცვლელი ხელოვნური ხსნარები არ არსებობს.

* დამტკიცებულია, რომ სისხლის რეგულარული დონაცია დონორის ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებულ საფრთხეს არ შეიცავს.

სისხლის უანგარო დონორობა მთელ მსოფლიოში საამაყო და საპატიოა. რეგულარული დონაციის პროცესში შესაძლოა განვითარდეს ვიტამინების დეფიციტი ან დაზიანდეს სისხლძარღვის კედელი, მაგრამ არც ერთი ეს გართულება არ წარმოადგენს სიცოცხლისთვის შეუთავსებელ ან უმართავ პრობლემას. სათანადო ყურადღებას და ლაბორატორიულ მონიტორინგს დონაციის პროცესში გართულების რისკი მინიმუმამდე დაჰყავს.

საზოგადოდ, სისხლის ჩაბარება უსაფრთხოა. უპირველეს ყოვლისა, სისხლის ის რაოდენობა, რომელსაც დონაციის დროს აბარებთ, ორგანიზმისთვის კრიტიკული არ არის და შედარებით სწრაფად აღდგება (პლაზმა – 24 საათში, ერითროციტები კი – 4-6 კვირაში). მეორე მხრივ, სისხლის ჩაბარებამდე დონორს სამედიცინო გამოკვლევა უტარდება. თუ ექიმმა მიიჩნია, რომ სისხლის გამოღება მისთვის საზიანოა, სისხლს აღარ ჩააბარებინებენ.

– რომელი ჯგუფის სისხლის დონაციაა ყველაზე მნიშვნელოვანი?

– ამ კითხვაზე პასუხი არ არსებობს. საზოგადოდ, კონკრეტული ჯგუფისა და რეზუსის სისხლს შეიძლება გადაესხას მხოლოდ მისივე შესატყვისი ჯგუფისა და რეზუსის სისხლი, გარდა იშვიათი გამონაკლისისა. ეს გამონაკლისია პირველი ჯგუფის რეზუსუარყოფითი სისხლი, რომელიც ნებისმიერი პაციენტისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ, მაგრამ მხოლოდ გადაუდებელი საჭიროებისას.

თუ სისხლის ჯგუფი ძალიან გავრცელებულია, ეს ნიშნავს, რომ ამ ჯგუფის პაციენტიც საკმაოდ ბევრია და მათ, რა თქმა უნდა, დონორიც ბევრი სჭირდებათ. თუ სისხლის ჯგუფი იშვიათია, პაციენტი ცოტაა, მაგრამ არც დონორია ბევრი და მათი პოვნა არც ისე ადვილია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ნებისმიერი ჯგუფის სისხლის დონაცია ძალიან მნიშვნელოვანია.

– რა გვერდითი ეფექტი და გართულება შეიძლება მოჰყვეს ტრანსფუზიას?

– გვერდითი მოვლენები ყველაფერს აქვს. დონორის სისხლი რეციპიენტისთვის, ფაქტობრივად, უცხო სხეულია, ასე რომ, ტრანსფუზიას თავისუფლად შეიძლება მოჰყვეს ალერგიული რეაქცია. ამ ტიპის რეაქციები განპირობებულია იმით, რომ დონორის სისხლში არსებული ანტიგენები რეციპიენტის ორგანიზმში ანტისხეულების წარმოქმნას იწვევს, ამ ანტიგენ-ანტისხეულების ურთიერთქმედებას კი შეუძლია, ფილტვების დაზიანებამდე მიგვიყვანოს. არ არის გამორიცხული, სისხლის აღების და`ან გადასხმის დროს სტერილურობა დაირღვეს და დონორის ორგანიზმში ინფექცია შეიჭრას და ა.შ.

ცალკე გამოსაყოფია პაციენტთა ის კატეგორია, რომელსაც მძიმე ჰემატოლოგიური ან ონკოლოგიური დაავადების გამო რეგულარულად სჭირდება ერითროციტული მასის ტრანსფუზია. ასეთ პაციენტებს შესაძლოა განუვითარდეთ ჰემოსიდეროზი – რკინის ჭარბი დაგროვებით გამოწვეული დაავადება, რომელიც მნიშვნელოვანი პრობლემაა და ზედმეტი რკინის ორგანიზმიდან გამომტანი პრეპარატების გამოყენებას მოითხოვს.

– ჰემოტრანსფუზიის ალტერნატიული მეთოდი თუ არსებობს?

– შეიძლება განსაზღვრული ამინმჟავების სიმპტომურად გამოყენება, მაგრამ ისინი სისხლის კომპონენტების პირდაპირ შემცვლელებად არ გამოდგება.

– რა უპირატესობა აქვს უანგარო დონაციას ?

– განვითარებული ქვეყნების ჯანდაცვა უმთავრესად სისხლის უანგარო დონაციას ეფუძნება, რასაც ვერ ვიტყვით საქართველოზე. მთელ მსოფლიოში ათასობით წამახალისებელი და შემეცნებითი აქცია იმართება მოსახლეობის ცნობიერების ასამაღლებლად. უანგარო დონორს არ გააჩნია ფინანსური ინტერესი, ამიტომ დონაციის წინ კითხვარის შევსებისას და ექიმთან გასაუბრებისას არ მალავს ინფორმაციას საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. შესაბამისად, სისხლით რომელიმე დაავადების გადაცემის რისკი გაცილებით დაბალია.

რა გენეტიკური ნიშან-თვისება შეიძლება გადასცეს დონორმა რეციპიენტს?

– არავითარი. სისხლის კომპონენტების ტრანსფუზია ემსახურება მხოლოდ ჰემოგლობინის დონის შევსებას ან ჰემოსტაზის სრულფასოვან კორექციას. სისხლის კომპონენტების საშუალებით რაიმე სახის გენეტიკური ინფორმაციის გადაცემა შეუძლებელია.

მარი მარღანია

გააზიარე: