ლიმფედემა - ლიმფური შეშუპება
გააზიარე:
ადვილი წარმოსადგენია, რა მოხდება, თუ ლიმფის სავალი გზა ჩაიკეტა: კაპილარებიდან ქსოვილებში გადასული სითხის ის ნაწილი, რომელიც ლიმფური სადინარებით უნდა დაბრუნებოდა სისხლის მიმოქცევის სისტემას, ქსოვილებშივე დარჩება და უჯრედთაშორის სივრცეში დაგროვდება, სხეულის შესაბამისი ნაწილი კი შეშუპდება. ამ შეშუპებას ლიმფედემას უწოდებენ.
რისი ბრალია
თუ ლიმფედემა ლიმფური სისტემის განუვითარებლობის შედეგია, ის პირველადია, ხოლო თუ ლიმფური სადინარების დახშობისა ან დაზიანებისა – მეორეული.
თანდაყოლილი პრობლემა
პირველადი ლიმფედემა იშვიათია. ლიმფური სადინარები, თუ განუვითარებელი ან საჭიროზე ნაკლებია, ვეღარ აუდის უჯრედებს შორის დარჩენილი სითხის ტრანსპორტირებას, რის გამოც შუპდება კიდურები, უმეტესად – ფეხები.
პირველადი ლიმფედემის მიზეზად გენეტიკურ პათოლოგიებს განიხილავენ. ამ მიზეზით გამოწვეული ლიმფური შეშუპება სხვადასხვა ასაკში იჩენს თავს. დაბადებისთანავე ის თითქმის არასდროსაა შესამჩნევი.
ყველაზე ადრე, ორ წლამდე, მილროის დაავადება ვლინდება. ის ავტოსომურ-დომინანტური გზით გადაეცემა და სისხლძარღვის ენდოთელიური ზრდის ფაქტორის ერთ-ერთი რეცეპტორის გენის მუტაცია განაპირობებს. ზოგჯერ მას ქოლესტაზიური სიყვითლეც ახლავს თან.
ავტოსომურ-დომინანტური ტიპისაა მეიჯის დაავადებაც, რომელიც 2-დან 35 წლამდე იჩენს თავს, წესისამებრ, ქალებთან და ყველაზე ხშირად – პირველი მენსტრუაციის ან ორსულობის დროს. მას სხვა სიმპტომებიც აქვს: დამატებითი ქუთუთოები, სასის ნაპრალი... კიდურებთან ერთად შესაძლოა სახეც შეშუპდეს.
გვიანი ლიმფედემა 35 წლის შემდეგ მჟღავნდება. არსებობს მისი ოჯახური და სპორადული ფორმებიც. მათი გენეტიკური საფუძველი უცნობია.
ზოგჯერ ლიმფედემა სხვა გენეტიკურ სინდრომებს ახლავს თან, მაგალითად:
* ტურნერის სინდრომს – ამ დროს გოგონას მთლიანად ან ნაწილობრივ აკლია ერთი X ქრომოსომა;
* ყვითელი ფრჩხილების სინდრომს – ლიმფედემასთან ერთად მას ახასიათებს პლევრიდან (ფილტვებისა და გულმკერდის ამომფენი ქსოვილიდან) გამონადენი და ყვითელი, დისტროფიული ფრჩხილები;
* ჰენეკამის სინდრომს – ამ დროს გაფართოებულია ნაწლავებისა და სხვა ორგანოების ლიმფური სადინარები, შეინიშნება გონებრივი ჩამორჩენილობა და სახის ნაკვთების ანომალიები: უუნაგირო ცხვირი, შორიშორს ჩასმული თვალები, შეშუპებული ქუთუთოები, პატარა ყურები, ზოგჯერ – მიკროცეფალია ანუ ზომაზე პატარა თავი.
პირველადი ლიმფედემის დროს ლიმფური შეშუპება ერთ ან ორივე ფეხზე იწყება და თანდათანობით იმატებს. თავდაპირველად ტერფი შუპდება, ავადმყოფს დღის ბოლოს ფეხსაცმელი უჭერს, მოჭერის ადგილებზე კი ჩაღრმავებები რჩება. ამ ჩაღმავებით განსხვავდება ლიმფური შეშუპება სხვა მიზეზით, მაგალითად, ფეხზე დიდხანს დგომით გამოწვეული შეშუპებისგან, რომლის დროსაც კოჭებზე დარჩენილი წინდების კვალიც ნაკლებად ღრმაა და არც მის გარშემო ქსოვილია შეშუპებული.
დაავადების საწყის სტადიებზე შეშუპება ფეხების აწევის შემდეგ ქრება, მერე და მერე კი მდგომარეობა რთულდება, შეშუპება უფრო და უფრო აშკარა ხდება და მთელი ღამის დასვენების შემდეგაც კი არ ცხრება ბოლომდე.
შეძენილი ლიმფედემა
ლიმფედემის მეორეული, შეძენილი ფორმა გაცილებით ხშირია. მსუბუქად ის შესაძლოა ქრონიკული ვენური უკმარისობის მქონე პაციენტებსაც ჰქონდეთ გამოხატული. შეძენილი ლიმფედემის ძირითადი მიზეზებია:
* ქირურგიული ჩარევა – წესისამებრ, ლიმფური ჯირკვლების ამოკვეთა, რასაც ხშირად მიმართავენ ძუძუს კიბოს მკურნალობის დროს;
* რადიაციული თერაპია, განსაკუთრებით – იღლიის ქვეშ და საზარდულის არეში;
* ტრავმა, დამწვრობა;
* სიმსივნით ან მისი მეტასტაზით ლიმფური სადინარის დახშობა;
* ლიმფური ფილარიაზი – ტროპიკულ და სუბტროპიკულ ქვეყნებში გავრცელებული პარაზიტული ინფექცია.
შეშუპება უმეტესად ცალ მხარეს ვითარდება. შესაძლოა, შეშუპდეს მხოლოდ თითები, კიდურის რომელიმე სხვა ნაწილი ან მთელი კიდური. ზოგჯერ – კისერიც. შეშუპება შესაძლოა ოდნავ შესამჩნევიც იყოს და იმდენად აშკარაც, რომ შეშუპებული კიდური მეორეზე რამდენჯერმე დიდი გახდეს. თავდაპირველად ადამიანი სწორედ ამ ასიმეტრიას ამჩნევს, უჭერს ტანსაცმელი, ბეჭედი, სამაჯური. ძლიერი შეშუპება იწვევს დაღლილობას, ადამიანს ხელს უშლის ყოველდღიურ საქმიანობაში. თუ სახსრის ირგვლივ არსებული მიდამოა შეშუპებული, ავადმყოფს უჭირს მოძრაობა. შეშუპება იმატებს სიცხეში, მენსტრუაციის წინა დღეებში, კიდურის ჩამოკიდებულ მდგომარეობაში დიდხანს გაჩერებისას.
ხანგრძლივი შეშუპება, ქსოვილებში სითხისა და პროტეინების დაგროვება ანთებას და შეხორცებებს იწვევს. შეშუპებული ადგილი მკვრივდება, კანის სიღრმეში და კანქვეშა ცხიმოვან შრეში მიმდინარე ანთებითი პროცესის შედეგად კანი სქელდება და ფორთოხლის ქერქისმაგვარი ხდება (ცელულიტი), მაგრდება (ჰიპერკერატოზი), მუქდება, იქერცლება და სკდება. ეს ხელს უწყობს ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციების გავრცელებას. ჩნდება პაპილომები, მეჭეჭები... დაზიანებული ადგილები დაჭიმული და მტკივნეულია, ადამიანი უწინდებურად მოქნილი და მოძრავი ვეღარ არის. ზოგჯერ გასპილოვნებაც ვითარდება: კიდური უშველებელი ხდება, კანი სპილოს ტყავივით უხეშდება.
ცვლილებების მიხედვით, შეშუპების სამ სტადიას განასხვავებენ:
* პირველ სტადიაში შეშუპებულ ადგილას თითის დაჭერისას ღრმული რჩება. ასეთი შეშუპება უმეტესად დილისთვის გაივლის.
* მეორე სტადიაში შეშუპება მკვრივია, თითის დაჭერისას გაჩენილი ღრმული თითის აღებისთანავე ივსება. რბილი ქსოვილების ქრონიკული ანთება იწვევს ადრეულ ფიბროზს.
* მესამე სტადიაში ფიბროზი ღრმაა, კანი გამუქებულია, შეშუპება – შეუქცევადი.
შეშუპებას შესაძლოა თან ახლდეს:
* დაზიანებული ადგილის გახურება, სიწითლე, ქავილი;
* ჩხვლეტა, წვის შეგრძნება;
* ტკივილი, სიმძიმისა და სისავსის შეგრძნება;
* ცხელება და შემცივნება;
* სახსრების მოძრაობის შეზღუდვა;
* გამონაყარი.
ლიმფედემის ადგილას შესუსტებულია იმუნური ფუნქციაც, რაც ხშირ ინფექციას, ლიმფური ჯირკვლების ანთებას, ზოგჯერ ლიმფური კვანძის ან სადინარის ავთვისებიან გადაგვარებასაც იწვევს.
ლიმფედემა ფსიქოლოგიურ გავლენასაც ახდენს ჯანმრთელობაზე – გარეგნობის არასახარბიელო ცვლილება ხშირად დეპრესიას იწვევს.
როგორ სვამენ დიაგნოზს
ლიმფედემაზე ეჭვის არსებობისას საჭიროა პაციენტის საფუძვლიანი გამოკითხვა და გასინჯვა, რათა გამოირიცხოს შეშუპების სხვა მიზეზები: გულის უკმარისობა, თირკმლის უკმარისობა, თრომბოზი... დიაგნოზის დასმას ხშირად აადვილებს ინფორმაცია გადატანილი ოპერაციის ან ლიმფური ჯირკვლების დაავადების შესახებ. საჭიროების შემთხვევაში, ლიმფური ჯირკვლების შენების, მათი სიმსივნური გადაგვარების ან სხვა პათოლოგიების აღმოსაჩენად, ტარდება კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, ლიმფოსცინტიგრაფია – ლიმფურ სადინარებში სპეციალური ნივთიერება შეჰყავთ, მის მიმოქცევას აკვირდებიან და ლიმფის დინებას ამ გზით აფასებენ. ულტრაბგერითი დოპლეროგრაფიით გამოირიცხება ვენაში თრომბის არსებობა.
მკურნალობა
ლიმფედემა, სამწუხაროდ, არ იკურნება. მკურნალობა მიზნად ისახავს შეშუპების შემცირებას, დისკომფორტის გაქრობას.
ლიმფედემის მკურნალობისას უდიდესი როლი ენიჭება კომპრესიულ, ზეწოლით თერაპიას. ის ამცირებს შეშუპებას და თავიდან გვაცილებს გართულებებს.
კომპრესიული თერაპიისთვის იყენებენ:
* ელასტიკურ წინდებს და სამკლაურებს;
* ელასტიკურ ბინტს – ის შედარებით მჭიდროდ უნდა მოიხვიოთ კიდურის ბოლოსკენ, ხოლო ტანისკენ – უფრო ფართოდ. ეს ლიმფურ ნაკადს აიძულებს, კიდურიდან ცენტრისკენ იდინოს;
* პნევმატიკურ კომპრესიას – ეს არის ხელზე ან ფეხზე ჩამოსაცმელი სპეციალური მოწყობილობა, რომელიც თანდათან იბერება, უჭერს კიდურს და ლიმფას გადადენის;
* მანუალურ კომპრესიას – მასაჟის განსაკუთრებულ ტექნიკას, რომელსაც ლიმფის მანუალურ დრენაჟს უწოდებენ;
* ვარჯიშს, რომლის მიზანია ხელ-ფეხის კუნთების შეკუმშვა, რომ ლიმფამ უკეთესად იმოძრაოს სადინარებში.
ჭარბის სითხის ამოსაღებად იშვაითად ქირურგიულ ჩარევასაც მიმართავენ. თანმხლები ინფექციების სამკურნალოდ ანტიბიოტიკები ინიშნება, რათა ინფექცია სისხლში არ გავრცელდეს და სეფსისი არ გამოიწვიოს. ლიმფედემის მქონე პაციენტები ყურადღებით უნდა იყვნენ, რომ დაზიანებული არის ინფიცირება არ გამოეპაროთ.
როგორ ავიცილოთ თავიდან
პირველადი ლიმფედემის თავიდან აცილება შეუძლებელია, მაგრამ მეორეულის რისკი, მაგალითად, სიმსივნის ამოკვეთის ან რადიოთერაპიის შემდეგ, შეგიძლიათ შეამციროთ. გარდა ამისა, უნდა მოუფრთხილდეთ შეშუპებულ ადგილს, რომ კანი არ დაგისკდეთ – შესაძლოა, ნახეთქებიდან სხეულში ინფექცია შეიჭრას.
ამისთვის:
* ეცადეთ, დაზიანებული კიდური ხშირად გქონდეთ აწეული გულის დონეზე მაღლა.
* ერიდეთ მჭიდრო ტანსაცმელს და სამკაულს. ნუ გაიზომავთ წნევას შეშუპებულ ხელზე.
* შეშუპებულ ადგილას არ დაიდოთ სათბური, არ დაიბანოთ ცხელი წყლით. შეშუპების დაცხრობამდე ერიდეთ საუნას.
* ნუ ასწევთ შეშუპებული ხელით მძიმე ტვირთს. ეცადეთ, ხელჩანთაც კი (თუ ოდნავ მაინც მძიმეა) მეორე ხელით ატაროთ. თუმცა მთლად უმოქმედობაც არ ვარგა, შეშუპებული კიდურის ზომიერი დატვირთვა სასარგებლოც კია.
* ზედმიწევნით დაიცავით სხეულის ჰიგიენა.
* ყოველდღე წაისვით დამატენიანებელი კრემი.
* ერიდეთ მკბენარა მწერებს და მცხუნვარე მზეს.
მარი აშუღაშვილი