მზისგან დამცავი საშუალება: ვარჩევთ, სწორად ვიყენებთ, არ გვავიწყდება ვადა

გააზიარე:

ძნელად თუ მოიძებნება ქალი, რომელსაც გარუჯვა არ უყვარს. ოქროსფერ რუჯზე ხომ ყველაფერი გვიხდება, მსუბუქი მაკიაჟითაც კი არაჩვეულებრივად გამოვიყურებით და, შესაბამისად, თავდაჯერებაც გვიასმაგდება.

რა საჭიროა

რუჯის მიღების მრავალი ხერხი არსებობს. თუ მზეზე გარუჯვას ვერ ახერხებთ ან წელიწადის ისეთ დროს გსურთ რუჯით თავის მოწონება, როდესაც მზე არ არის, შეგიძლიათ, ავტორუჯით ან დაფერვით ისარგებლოთ. მოდი, აქვე შევთანხმდეთ, რომ სოლარიუმი ცუდი ვარიანტია, რადგან არა მარტო კანს, არამედ მთელ ორგანიზმს აყენებს ზიანს. შედეგი ამად არ ღირს.

სამწუხაროდ, არც ბუნებრივი რუჯია სასარგებლო. რა პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს, მზეზე მიფიცხებისას აუცილებელია მზის სხივებისგან კანის დაცვა. სწორედ ამისთვის არსებობს მზისგან დამცავი საშუალებები – კრემი და სპრეი, რომლებიც კანის ფერის, გეოგრაფიული წერტილის, წელიწადის დროისა და ამინდის შესაბამისად უნდა შეარჩიოთ.

მაშ ასე, რას მივაქციოთ ყურადღება მზისგან დამცავი საშუალების შეძენისას?

SPF

უპირველეს ყოვლისა, აბრევიატურა SPF-ს. ის აღნიშნავს მზისგან დამცავ ფაქტორს (Sun Protection Factor), რომელიც სხვადასხვა საშუალებას სხვადასხვა სიმძლავრისა აქვს. დერმატოლოგების ნაწილს მიაჩნია, რომ SPF15 მინიმალური დაცვისთვის საკმარისია, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ SPF30-მდე დაცვა არაეფექტურია. SPF ინდექსი 30 მაინც უნდა იყოს, რომ კრემმა ნამდვილად დაიცვას კანი მზის მავნე გამოსხივებისგან.

კანის სტრუქტურა და ფერი

მზისგან დამცავი საშუალების შერჩევისას უნდა გაითვალისწინოთ ულტრაიისფერი გამოსხივების მიმართ კანის მგრძნობელობის ხარისხიც. რაც უფრო თეთრია კანი, მით უფრო ინტენსიური დაცვა სჭირდება.

ადგილი, დრო და ამინდი

გასათვალისწინებელია ისიც, სად იმყოფებით და წელიწადის რომელი დროა. ზაფხულში და მზიან ამინდში, რა თქმა უნდა, უფრო ძლიერი დაცვა დაგჭირდებათ. აქვე უნდა ითქვას, რომ რეალურად SPF100-იც კი არ იძლევა მზის მავნე გამოსხივებისგან დაცვის 100%-იანი გარანტიას.

ულტრაიისფერი ფილტრები ფართო სპექტრის მოქმედებით

მზისგან დამცავი საშუალება მულტიფუნქციური უნდა იყოს, ანუ იცავდეს როგორც UVA, ისე UVB სხივებისგან.

UVA, ალფა ულტრაიისფერი სხივები, გრძელტალღოვანია. ძლიერი არ არის, მაგრამ კანისთვის ზიანის მიყენება მაინც შეუძლია, ღრუბლიან ამინდშიც კი აქტიურია, აღწევს მინაში, იწვევს მიმიკურ ნაოჭებს, პიგმენტურ ლაქებს, ხელს უწყობს კანის ნაადრევ დაბერებას.

UVB ანუ ბეტა ულტრაიისფერი სხივები საშუალო სიგრძის ტალღებისგან შედგება. მათი ნაწილი ღრუბლებში იკარგება, ნაწილს კი ოზონის შრე შთანთქავს, მაგრამ ის ნაწილიც, რომელიც ჩვენამდე აღწევს, საკმარისია, რათა კანის დამწვრობა გამოიწვიოს, ამიტომ დამცავის შეძენისას ყურადღებით წაიკითხეთ ეტიკეტი – აარჩიეთ ისეთი საშUალება, რომელიც ორივე ტიპის ულტრაიისფერი სხივებისგან იცავს.

ბავშვებისთვის სპეციალური საშუალებები გამოიყენეთ

ბავშვებს ნაზი და თხელი კანი აქვთ, ამიტომ მათთვის სპეციალურად შემუშავებული, პედიატრების მიერ აღიარებული და დამტკიცებული მზისგან დამცავი საშუალებები უნდა შეარჩიოთ. მზისგან დამცავი საბავშვო საშუალება მხოლოდ ფიზიკურ UV ფილტრს უნდა შეიცავდეს, რადგან არსებობს ქიმიური UV ფილტრებიც, რომლებიც ქიმიურ რეაქციებს იწვევს და შესაძლოა, ბავშვს სათუთი კანი გაუღიზიანოს ან ალერგიული რეაქციის მიზეზად იქცეს. თუ მხოლოდ ერთი მზისგან დამცავი საშუალების შეძენის საშუალება გაქვთ, შეიძინეთ საბავშვო, რომელსაც თქვენც თამამად გამოიყენებთ.

გამოვიყენოთ თუ არა ვადაგასული დამცავი

თუ დასასვენებლად მიდიხართ და უჯრაში შარშანდელი ან სულაც შარშანწინდელი მზისგან დამცავი საშუალება გეგულებათ, სანამ მას ჩემოდანში ჩააგდებდეთ, შეამოწმეთ, ვადა ხომ არ გასვლია. შესაძლოა, ვადა ჯერ კიდევ აქვს, მაგრამ არ იცავდით შენახვის წესებს – მისი გამოყენება არც ამ შემთხვევაში შეიძლება.

შენახვის ვადა ბუტაფორია არ არის – ისევე როგორც საკვებს, მზისგან დამცავ საშუალებასაც გასდის ვადა და მასში შემავალი ინგრედიენტები ეფექტიანობას კარგავს.

ვადაგასულ საცხს ადვილად ამოიცნობთ წყალწყალა კონსისტენციით, უსიამოვნო სუნით, შეცვლილი ფერით.

მაინც რატომ არ შეიძლება ვადაგასული საშუალების გამოყენება?

ორი მთავარი მიზეზით. ჯერ ერთი, ის უბრალოდ ვეღარ დაგვიცავს. მეორე მიზეზი კი ბაქტერიებია, რომლებიც, დიდი ალბათობით, გაჩნდება ვადაგასულ კრემში, იქიდან კი თქვენს კანზე მოხვდება.

მზისგან დამცავი საშუალებების ვადა უმეტესად სამი წელია, მაგრამ თუ საცხს მზიან, თბილ ადგილას ინახავთ, გაცილებით მალე დაკარგავს დამცავ ეფექტს, ამიტომ, თუნდაც ვადა არ ჰქონდეს გასული, აუცილებლად შეუმოწმეთ კონსისტენცია, სუნი, ფერი და ამის შემდეგ გადაწყვიტეთ, ღირს თუ არა მისი გამოყენება.

მზისგან დამცავი საშუალების შერჩევის შემდეგ კიდევ რამდენიმე რჩევის გათვალისწინება მოგიწევთ:

წაისვით მთელ სხეულზე

მზისგან დამცავი საშუალების წასმისას არ დაგავიწყდეთ ქუთუთოები (ხშირად ავიწყდებათ!), ყურების უკანა მიდამო, კისერი, ფეხისგულები. ბავშვს ჯერ მთელ ტანზე წაუსვით საცხი და მხოლოდ ამის შემდეგ ჩააცვით ტანსაცმელი – პატარები ბევრს მოძრაობენ, შესაძლოა, ტანსაცმელი აეჩაჩოთ და დაუცველი კანი მზის პირისპირ აღმოჩნდეს.

წაისვით უხვად

დამტკიცებულია, რომ მზისგან დამცავი საშუალების რაოდენობას კანის დაცვისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. უმეტესობა იმდენად ცოტას ისვამს, რომ კანის სრული დაცვისთვის ეს საკმარისი არ არის. ნუ დაგენანებათ მზისგან დამცავი საშუალება ნურც თქვენთვის და, მით უმეტეს, ნურც ბავშვისთვის.

ხშირად გაიახლეთ მზისგან დამცავი საშუალების ფენა

ზოგიერთ მზისგან დამცავ საშუალებას ეტიკეტზე აწერია, რომ წყალგამძლეა. მიუხედავად ამისა, ცურვისას მისი ნაწილი სხეულს მაინც შორდება, ამიტომ სასურველია, აუზიდან თუ ზღვიდან ამოსვლის, საშხაპიდან გამოსვლის შემდეგ დამცავის ფენა გაიახლოთ.

ყურადღება მიაქციეთ ბავშვებს – შესაძლოა, წყალში არ ჩავიდნენ, მაგრამ იწუწაონ. კრემი ამ შემთხვევაშიც ჩამოირეცხება.

ტონალური და SPF

არსებობს ტონალური კრემები, რომლებიც მზისგან დამცავ ფაქტორსაც შეიცავს. ამ შემთხევვაშიც საჭიროა თუ არა მზისგან დამცავი კრემის წასმა? რა თქმა უნდა, საჭიროა. ტონალური კრემის შემადგენლობაში შემავალი მზისგან დამცავი ელემენტი მზის მავნე გამოსხივებისგან ვერ დაგიცავთ, რადგან მას დეკორატიული ელემენტები ანეიტრალებს. გარდა ამისა, იმდენ ტონალურს ვერ წაისვამთ, რომ მან კანზე ულტრაიისფერი სხივებისგან დამცავი სათანადო ფენა შექმნას, ამიტომ ტონალურის ქვეშ აუცილებლად წაისვით მზისგან დამცავი საშუალებაც. არ აქვს მნიშვნელობა, მზიანი დღეა, ღრუბლიანი თუ მთელი დღის ოფისში გატარებას აპირებთ – ეს აუცილებელია სახის კანის ნაადრევი დაბერებისგან დასაცავად.

მზისგან დამცავი საშუალება სახლიდან გასვლამდე 15-20 წუთით ადრე უნდა წაისვათ – სწორედ ამდენი ხანი სჭირდება მას, რომ მოქმედება დაიწყოს. ნუ წაისვამთ უშუალოდ გარუჯვის წინ, რადგან წასმის შემდეგ 15-20 წუთის განმავლობაში კანი მზის წინააღმდეგ სრულიად დაუცველი იქნება.

გააზიარე: