ლაზერული ეპილაცია – მითები და რეალობა

გააზიარე:


არასასურველი თმის სხივებით მოცილების შესაძლებლობით დღეს ვეღარავის გააკვირვებთ. ვეღარც ლაზერის მრავალფეროვნებით. ალექსანდრიტის, დიოდური, ნეოდიმური... თითოეულ მათგანს გამოყენების საკუთარი არეალი აქვს, თითქმის თანაბრად ეფექტიანია და ჭარბთმიანობასთან ბრძოლის ყველაზე თანამედროვე მეთოდად მიიჩნევა, თუმცა ადამიანთა არცთუ მცირე ნაწილი მათ მიმართ ჯერ კიდევ სკეპტიკურად არის განწყობილი და საშიშ პათოლოგიებთან აკავშირებს. მაგალითად, იღლიის ლაზერულ ეპილაციას ბევრი სარძევე ჯირკვლის სიმსივნის განვითარების შიშით უფრთხის, ბევრსაც ჰგონია, რომ თმის ლაზერული მოცილება მელანომის (კანის კიბოს) განვითარების ალბათობას ზრდის. მოდი, გავეცნოთ ამ მეთოდების თავისებურებებს, მათი ეფექტურობის ხარისხს და გავიგოთ, რამდენად უსაფრთხოა ისინი ჩვენი ჯანმრთელობისთვის.

რა არის
ლაზერული ეპილაციის პირველი აპარატი 1960-იან წლებში შეიქმნა და დაახლოებით ოცწლიანი კლინიკური გამოცდისა და სათანადოდ დახვეწის შემდეგ საყოველთაო პრაქტიკაში დაინერგა. მისი მოქმედების მექანიზმი სხივის მეშვეობით თმის ფოლიკულის მკვებავი სისხლძარღვის დახშობას ემყარება, რის შედეგადაც ფოლიკულის კვება ირღვევა და თმის ღერის ზრდა ითრგუნება. ფოლიკულში ალექსანდრიტის და დიოდური ლაზერის სხივის მოხვედრას ხელს უწყობს მელანინი. ეს არის პიგმენტი, რომელიც თმისა და კანის შეფერილობას განაპირობებს. რაც უფრო მუქია თმა, მით უფრო მეტი მელანინია მასში და მეტად შთანთქავს ლაზერის სხივს. ამიტომ ალექსანდრიტის და დიოდური ლაზერით ეპილაცია უფრო მუქი ფერის თმაზეა ეფექტური. ქერა, ნაცრისფერ და ჭაღარა თმას მათი სხივი “ვერ ხედავს”. ასეთ თმაზე გაცილებით ეფექტურია ნეოდიმური ლაზერის სხივი, რომლიც არა მელანინის, არამედ ოქსიჰემოგლობინის დახმარებით მოქმედებს და პიგმენტაციის ხარისხს მისთვის მნიშვნელობა არ აქვს.

რა განსხვავებაა
ალექსანდრიტის, დიოდური და ნეოდიმური ლაზერის სხივები ერთმანეთისგან ტალღის სიგრძით განსხვავდება. ყველაზე მოკლეა ალექსანდრიტის ლაზერის სხივი. მისი სიგრძე 755 მმ-ია. დიოდური ლაზერი შედარებით გრძელი, 810 მმ სიგრძის ტალღის გენერირებას ახდენს. ნეოდიმური ლაზერის ტალღა კი ყველაზე გრძელია – მისი სიგრძე 1064 მმ-ს აღწევს.
მიჩნეულია, რომ რაც უფრო მოკლეა ტალღა, კანის მით უფრო ზედაპირულ შრეებში შთაინთქმება ის და მით უფრო მაღალია დამწვრობისა და პიგმენტური ცვლილებების რისკი, თუმცა გვერდითი მოვლენების ალბათობა კანის ტიპსა და ფერზეცაა დამოკიდებული. მაგალითად, ალექსანდრიტის და დიოდური ლაზერი არ არის რეკომენდებული მათთვის, ვისაც მუქი ან გარუჯული კანი აქვს – ისინი მოქმედებენ მელანინზე, მუქ კანში კი ეს პიგმენტი უფრო მეტია, შესაბამისად, ასეთი კანი მათ ადვილად შეიძლება დააზიანონ. ლაზერის ეს ორი ტიპი შედარებით ბაცი ფერის კანისა და მუქი ფერის თმისთვისაა მიღებული ოქროს სტანდარტად. შეზღუდვა არ აქვს ნეოდიმურ ლაზერს, ვინაიდან მისი მოქმედება პიგმენტ მელანინზე არ არის დამყარებული, თუმცა სპეციალისტები პროცედურამდე, სულ მცირე, 3 დღის განმავლობაში გარუჯვას არც ამ შემთხვევაში გვირჩევენ.

რამდენად ეფექტურია
ლაზერის გამოყენებისას, რომელი ტიპისაც არ უნდა იყოს ის, სასურველი შედეგის მისაღებად ერთი პროცედურა არ კმარა. პროცედურების ხანგრძლივობა, სიხშირე და რაოდენობა დამოკიდებულია კანისა და თმის ტიპზე, საეპილაციო ზონაზე, ორგანიზმის თმიანობის გენეტიკურ თავისებურებებზე, ჰორმონულ ბალანსზე. პროცედურების რეგულარული კურსის დასრულების შემდეგ შედეგის გამყარების მიზნით შესაძლოა წელიწადში ერთხელ ან ორჯერ პროცედურის გამეორება გახდეს საჭირო.
სპეციალისტები ლაზერულ ეპილაციას ჭარბთმიანობის სამკურნალო ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ და უმტკივნეულო მეთოდად მიიჩნევენ. კვლევები მოწმობს, რომ სამივე ტიპის ლაზერით შესაძლებელია თმის ღერის შესამჩნევი დასუსტება და თმოვანი საფარველის მნიშვნელოვანი შემცირება, თუმცა უნდა ითქვას, რომ არც ერთი სახის ეპილაციას თმის 100%-ით გაქრობა არ შეუძლია.

როგორ მოვემზადოთ
* პროცედურამდე 2-3 კვირის განმავლობაში არ უნდა გავირუჯოთ (ნეოდიმური ლაზერის შემთხვევაში ეს პერიოდი უფრო ხანმოკლეა).
* პროცედურის წინ კანის შესაბამისი უბნიდან უნდა მოვიცილოთ ყოველგვარი კოსმეტიკური საშუალება.
* დიოდური ლაზერით დასხივების წინ საჭიროა კანის შესაბამისი უბნის გაპარსვა. ალექსანდრიტის და ნეოდიმური ლაზერით დასხივებისას საეპილაციო ზონაში თმის სიგრძე არ უნდა იყოს 1-2 მმ-ზე ნაკლები, შესაბამისად, გაპარსვა რეკომენდებული არ არის.
* ერიდეთ პროცედურის წინ თმის პინცეტით, ვაქსით ან ელექტროეპილატორით მოშორებას – ამით შესაძლოა ფოლიკულის სტიმულაცია მოახდინოთ და ლაზერული ეპილაციის ეფექტიანობა შეამციროთ.

გვერდითი მოვლენები
ლაზერულ ეპილაციას შესაძლოა გვერდითი მოვლენებიც ახლდეს თან. ყველაზე ხშირად გვხვდება:
* კანის გაღიზიანება. ლაზერული პროცედურის შემდეგ მოსალოდნელია კანის გაღიზიანება, შეწითლება და შეშუპება, თუმცა ეს სიმპტომები რამდენიმე საათში თავისთავად გაივლის.
* პიგმენტური ცვლილებები. ლაზერმა შესაძლოა გაამუქოს ან გააბაცოს კანის განსაზღვრული უბნები, თუმცა ესეც დროებითია. ბაცდება უმეტესად მუქი ფერის კანი, განსაკუთრებით მაშინ, თუ ეპლაციისთვის არასწორი ლაზერი და სხივური ტალღის არასწორი ინტენსივობაა შერჩეული.
შედარებით იშვიათად გვხვდება ბლისტერები (დამწვრობის ბუშტუკები), ფუფხი, ნაწიბურები და სხვა ცვლილებები. კიდევ ერთი იშვიათი გართულებაა ნამკურნალევი თმის გაჭაღარავება ან გამუქება. მაგალითად, ნეოდიმურმა ლაზერმა შესაძლოა ღინღლის გაუხეშება და მისი ჩვეულებრივ თმად გადაქცევა გამოიწვიოს. ისიც შესაძლოა, ლაზერულ ეპილაციას უკუეფექტი – ნამკურნალებ არეზე ან მის გარშემო თმის ჭარბი ზრდა მოჰყვეს.

როგორ მოვუაროთ
როგორც უკვე აღვნიშნეთ, პროცედურის შემდეგ პირველი რამდენიმე საათის განმავლობაში შესაძლოა კანი ოდნავ შეწითლდეს და შეშუპდეს. დისკომფორტის შესამცირებლად ამ ადგილას შეგიძლიათ ყინული დაიდოთ. თუ კანის რეაქცია პროცედურის შემდეგ ძალიან სწრაფად განვითარდა, შესაძლოა სტერიოდის შემცველი კრემის წასმაც დაგჭირდეთ.
ლაზერული ეპილაციის შემდეგ რამდენიმე კვირის განმავლობაში თავი უნდა არიდოთ გარუჯვას. ეს ეხება როგორც ბუნებრივ რუჯს, ასევე სოლარიუმსა და ავტორუჯს. ასევე აუცილებელია შინიდან გასვლისას მზისგან დამცავი კრემის წასმა.

რამდენად უსაფრთხოა
ლაზერული ეპილაციის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კვლევები მოწმობს, რომ ის ჯანმრთელობისთვის საზიანო არ არის. ჯერჯერობით არც შორეული გართულება გამოვლენილა. თუმცა ლაზერული ეპილაციის მსურველებს შესაძლოა აინტერესებდეთ:
* შეიძლება თუ არა პროცედურის ჩატარება ორსულობის დროს?
ორსულობის დროს ლაზერული ეპილაცია რეკომენდებული არ არის. ორსულებისთვის მისი უსაფრთხოება დღემდე ჩატარებული კვლევებიდან არც ერთს არ დაუდასტურებია. ასე რომ, თუ ორსულად ხართ და ლაზერული ეპილაციის ჩატარება გინდათ, ჯობს, ორსულობის დამთავრებამდე მოიცადოთ. ამ პერიოდში მიმდინარე ძლიერი ჰორმონული ძვრების გამო შესაძლოა თმიანობა შედარებით მომატებული იყოს, უმთავრესად – მკერდსა და მუცელზე, თუმცა შემთხვევათა უმრავლესობაში ეს მკურნალობას არ მოითხოვს – ორსულობის დამთავრებისთანავე პრობლემა თავისთავად გვარდება.
* შეუძლია თუ არა ლაზერულ ეპილაციას სიმსივნის გამოწვევა?
სპეციალისტები ირწმუნებიან რომ ლაზერულ ეპილაციას არავითარი სიმსივნური პათოლოგიის გამოწვევა არ შეუძლია. უფრო მეტიც – კანის მოვლის ერთ-ერთი საერთაშორისო ფონდი ამტკიცებს, რომ ლაზერული ეპილაციის პროცედურა ზოგიერთი სიმსივნისწინა მდგომარეობის სამკურნალოდაც გამოიყენება.
ეპილაციის ან კანის სხვა პროცედურების დროს გამოყენებული ლაზერების რადიაციული გამოსხივება ძალიან მცირეა. გაცილებით მაღალი ხარისხის რადიაცია ახასიათებს თუნდაც რენტგენის სხივს ან სოლარიუმს.
* შეუძლია თუ არა ლაზერულ ეპილაციას უნაყოფობის გამოწვევა?
ესეც მითია. ლაზერული სხივი, თავისი ტალღის სიგრძიდან გამომდინარე, მხოლოდ კანში შთაინთქმება. კანქვეშ, უფრო ღრმა შრეებში შეღწევა და შინაგანი ორგანოების დაზიანება მას არ შეუძლია. თუმცა თუ ახლო მომავალში დაორსულებას გეგმავთ, ჯობს, ლაზერული ეპილაციის შესაძლო რისკების თაობაზე მაინც გაესაუბროთ თქვენს ექიმს და მისი რჩევების შესაბამისად იმოქმედოთ.
* შეუძლია თუ არა ლაზერის სხივს თვალის დაზიანება?
თვალი ორგანიზმის ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე ორგანოა და მისი დაზიანება ძალიან ადვილია, ამიტომ არ არის რეკომენდებული ლაზერული ეპილაციის ჩატარება თვალების გარშემო, პროცედურის დროს კი აუცილებელია სპეციალური სათვალის გაკეთება.

ლენე ზურაბიშვილი

გააზიარე: