ბიოტინი – სილამაზის ვიტამინი
გააზიარე:
სილამაზეს ყველა თავისებურად აღიქვამს, თუმცა არსებობს საყოველთაოდ მიღებული სტანდარტებიც, რომლებსაც გულის სიღრმეში ყველა მიელტვის.
დრო იცვლება და მასთან ერთად იცვლება წარმოდგენაც სილამაზის შესახებ, თუმცა სილამაზის კრიტერიუმებს საფუძვლად ყოველთვის ჯანმრთელობა უდევს. ჯანსაღი, ბზინვარე თმა, ჯანმრთელი და მოვლილი ფრჩხილები, სუფთა და ჯანმრთელი კანი სილამაზის განუყოფელი ელემენტებია.
ბიოტინს, რომელიც ვიტამინების B ჯგუფში შედის, სილამაზის ვიტამინს უწოდებენ. ის ორგანიზმს საკვები ნივთიერებების ენერგიად გარდაქმნაში ეხმარება, კერძოდ, ხელს უწყობს ნახშირწყლებისა და ამინმჟავების მეტაბოლიზმს, ცხიმების დაშლას.
ისტორია
სიტყვა "ბიოტინი" ბერძნული ბიოს-ისგან მომდინარეობს, რაც სიცოცხლეს ნიშნავს. ეს ელემენტი აუცილებელია კანის, თმის, თვალების, ღვიძლისა და ნერვული სისტემის ჯანმრთელობისთვის. გარდა ამისა, ბიოტინს უდიდესი როლი აკისრია ემბრიონის ჩამოყალიბებაში, ზრდასა და განვითარებაში.
ბიოტინის როლი
ბიოტინი სხვადასხვა დასაახელებით გვხვდება სამედიცინო ჩანაწერებში. ზოგჯერ მას B7 ან H ვიტამინს უწოდებენ, ზოგჯერ კი უბრალოდ კოფერმენტ ღ-ს. ბიოტინს ორგანიზმის ცხოველმყოფელობაში საკმაოდ მრავალფეროვანი წვლილი შეაქვს: ეხმარება მას მეტაბოლიზმსა და ნახშირორჟანგის გამოძევებაში, ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის რეგულირებას. გარდა ამისა, ის მონაწილეობს:
* მაკროელემენტების გარდაქმნაში – საკვებით მიღებული მაკროელემენტების შეწოვა რომ შეძლოს, ორგანიზმმა ისინი მარტივ ნივთიერებებად უნდა გარდაქმნას. სწორედ გარდქმნისთვის საჭირო ფერმენტების სტიმულაციას ახდენს ბიოტინი.
* გლუკონეოგენეზში – ეს პროცესი მოიცავს გლუკოზის სინთეზს არა ნახშირწყლოვანი, არამედ სხვა წყაროებიდან, მაგალითად, ცილებიდან ან ცხიმებიდან.
* ცხიმოვანი მჟავების სინთეზში – ბიოტინის დახმარებით აქტიურდება მთელი რიგი ფერმენტებისა, რომლებიც აუცილებელია ცხიმოვანი მჟავების სინთეზისთვის. მეტიც: მისი დახმარებით რეგულირდება ორგანიზმში ცუდი (LDL) და კარგი (HDL) ქოლესტეროლის დონე კარგის სასარგებლოდ.
* ამინმჟავა ლეიცინის სინთეზში – ლეიცინს ჯანმრთელი კუნთოვანი ქსოვილისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. მეტიც: მას შეუძლია, ხელი შეუწყოს კუნთოვანი ცილების სინთეზს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტრავმის დროს, დაზიანებული კუნთის აღსადგენად.
არსებობს მონაცემები იმის შესახებ, რომ ბიოტინი თმის, ფრჩხილებისა და კანის ჯანმრთელობას უზრუნველყოფს. კვლევებმა აჩვენა, რომ ბიოტინი აჩერებს თმის ცვენას, სიმტკიცეს უბრუნებს მტვრევად ფრჩხილებს, ამცირებს გამონაყარს. ამ ელემენტით მკურნალობა შედეგიანია ალოპეციისა (თმის ბუდობრივი ცვენა) და დერმატიტის (კანის ანთებითი რეაქცია) დროს.
* ბიოტინი ხელს უწყობს ნაყოფის ნერვული სიტემის ჩამოყალიბებას, ამიტომ ორსულებს ხშირად უნიშნავენ ვიტამინების კომპლექსს, რომლის შემადგენლობაშიც შედის ბიოტინი, თუმცა ამ ელემენტის დიდმა დოზებმა შესაძლოა ავნოს ნაყოფს, ამიტომ პარალელურად ბიოტინის დანამატების მიღება არ არის რეკომენდებული.
ბიოტინის დეფიციტი
ბიოტინი წყალში ხსნადი ვიტამინია, ამიტომ ორგანიზმი მის მომარაგებას ვერ ასწრებს – ორგანიზმში მოხვედრიდან მცირე ხნის შემდეგ ის შარდთან ერთად გამოიყოფა. მიუხედავად ამისა, ბიოტინის დეფიციტი იშვიათად ვითარდება, რადგან მას მრავალი საკვები პროდუქტი შეიცავს. გარდა ამისა, ადამიანის ნაწლავებში ბინადრობენ ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ბაქტერიები, რომლებსაც ბიოტინის წარმოქმნა შეუძლიათ.
რა იწვევს ბიოტინის დეფიციტს?
. მედიკამენტები
ზოგიერთი მედიკამენტი ხელს უშლის ორგანიზმს ვიტამინების, მათ შორის – ბიოტინის, ათვისებაში. ასეთებია ანტიბიოტიკები და ანტიკონვულსიური (კრუნჩხვის დამთრგუნველი) პრეპარატები. გარდა ამისა, ანტიბიოტიკები ანადგურებენ ორგანიზმში მობინადრე სასარგებლო ბაქტერიებს, რომლებიც, როგორც უკვე ვთქვით, ბიოტინს ასინთეზებენ.
. პარენტერალური კვება
უკურნებელი დაავადების მქონე პაციენტებს ხშირად არ შეუძლიათ საკვების ყლაპვა, რის გამოც ისინი ნაზოგასტრალურ (ზონდით) კვებაზე გადაჰყავთ (ცხვირის ღრუდან კუჭამდე იდგმება წვრილი ზონდი, რომლითაც ავადმყოფს საკვები მიეწოდება). ასეთ პაციენტებს ხშირად უვითარდებათ ბიოტინის დეფიციტი.
. საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ისეთი ქრონიკული დაავადებები, როგორიც კრონის დაავადება ან კოლიტია, შესაძლოა ბიოტინის დეფიციტის მიზეზად იქცეს. ეს დაავადებები აზიანებს ნაწლავის ლორწოვან გარს და მიკროფლორას, რის გამოც ვიტამინების, მათ შორის – ბიოტინის, შეწოვა და სინთეზი ირღვევა.
. ხანგრძლივი დიეტა
ხანგრძლივმა და მკაცრმა დიეტამ ორგანიზმი შესაძლოა აუცილებელი ნივთიერებების გარეშე დატოვოს. ჯანმრთელობისა და სრულფასოვანი ცხოვრებისთვის საჭიროა დაბალანსებული, მრავალფეროვანი კვება, რომელიც წონის შენარჩუნებაში უფრო მეტად დაგეხმარებათ, ვიდრე შიმშილობა.
. ბიოტინიდაზას დეფიციტი
ორგანიზმს რამდენჯერმე შეუძლია ბიოტინის გამოყენება. ბიოტინიდაზა ფერმენტია, რომელიც მას ამ ვიტამინის ხელახლა გამოყენებაში ეხმარება. ამ ფერმენტის დეფიციტი გენეტიკური დაავადებაა და დაბადებიდან რამდენიმე თვეში გამოვლინდება, ბიოტინის დეფიციტისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით.
. სხვა გენეტიკური მიზეზები
არსებობს ბიოტინის დეფიციტის გამომწვევი სხვა გენეტიკური პათოლოგიებიც, კერძოდ, ბიოტინის ტრანსპორტის დარღვევა და ფენილკეტონურია. ფენილკეტონურია თანდაყოლილი ფერმენტოპათიაა, რომელიც გარეგანი ჩარევის გარეშე საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობს, ამიტომ მისი სკრინინგი დაბადებისთანავე, საშობიარო სახლში ტარდება.
როგორ ვლინდება
ბიოტინის დეფიციტის ნიშნებია:
* წითელი გამონაყარი, განსაკუთრებით – სახეზე;
* კანის სიმშრალე და აქერცვლა;
* თვალების სიმშრალე;
* თმის მტვრევადობა;
* თმის ცვენა;
* დაქანცულობა;
* უძილობა
* უმადობა;
* გულისრევა;
* დეპრესია;
* ხელ-ფეხის წვის შეგრძნება;
* კუნთების ტკივილი;
* კუჭ-ნაწლავის მოქმედების დარღვევა (ხშირად – დიარეა);
* ნახეთქები ტუჩის კუთხეებში;
* კრუნჩხვები.
ეს სიმპტომები არაერთ სხვა დაავადებასაც ახასიათებს, ამიტომ ბიოტინის დეფიციტის ამოცნობა სპეციალისტს უნდა მივანდოთ, რომელიც დააკვირდება სიმპტომებს, შეკრებს ანამნეზს, ეჭვის შემთხვევაში ლაბორატორიულ ანალიზებსაც დანიშნავს და ამ მონაცემების შეჯერებით ბიოტინის დეფიციტს დაადასტურებს.
მკურნალობა
ბიოტინის დეფიციტს ორი ძირითადი მეთოდით ებრძვიან: კვებით და ბიოტინის დანამატებით. ექიმების უმრავლესობა იზიარებს იმ მოსაზრებას, რომ ვიტამინების მიღება ბუნებრივი წყაროდან – საკვებიდან ჯობია, ამიტომ დანამატები მხოლოდ მძიმე დეფიციტის დროს ინიშნება.
ბიოტინით მდიდარია:
* კვერცხის გული;
* ზღვის პროდუქტები, უწინარესად – ორაგული;
* რძის ნაწარმი, უწინარესად – რძე, ყველი და იოგურტი;
* ღვიძლი, თირკმელები;
* თხილი, კაკალი, ნუში, არაქისი, პეკანი;
* პარკოსნები (სოია, მწვანე ბარდა, ოსპი);
* მარცვლეული (სიმინდი, შვრია);
* სტაფილო;
* ბანანი;
* სოკო.
თერმული დამუშავებისას და არასწორი მომზადებისას ამ პროდუქტებში შემავალი ბიოტინი შესაძლოა დაიშალოს, ამიტომ უმჯობესია, ისინი დაუმუშავებელი ან თერმულად სწორად მომზადებული მივირთვათ. მაგალითად, ბოსტნეული შეგვიძლია უმად ვჭამოთ, ღვიძლისა და ორაგულის მომზადება კი ორთქლზე ჯობია.
მოზარდებისა და ზრდასრულებისთვის დღიურად 30-100 მკგ ბიოტინის მიღებაა რეკომენდებული.
ბიოტინის დანამატები
ბიოტინს მულტივიტამინებიც შეიცავს და ინდივიდუალური დანამატების სახითაც გამოდის – 10, 50 და 100 მკგ დოზით. დანამატები მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით უნდა მივიღოთ. ბიოტინს შეუძლია სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება და უსიამოვნო გვერდითი მოვლენების გამოწვევა. მისმა ჭარბმა მიღებამაც შეიძლება არასასურველი შედეგები გამოიწვიოს.
თამთა კაპანაძე