შუა ყურის ანთება

გააზიარე:

პატარა ჭირვეულობს, ჭამაზე უარს ამბობს, ტირის. შესაძლოა, ყურიდან გამონადენიც შევამჩნიოთ. გამოცდილი დედები ყურის ტკივილს ხშირად ტრაგუსზე – გარეთა სასმენი მილის წინა კედელთან არსებულ ხრტილოვან წარმონაქმნზე – ხელის დაჭერით ამოწმებენ. ზოგი წინდახედულად ყურის წვეთებსაც იმარაგებს. კვალავ პოპულარულია ცხელი მარილის სათბური, ქაფურის სპირტი... გამართლებულია თუ არა ასეთი “მკურნალობა”? როგორ მოვიქცეთ?

 

ოტიტი ყურის სხვადასხვა ნაწილის ანთების ზოგადი სახელწოდებაა, თუმცა მისი ხსენებისას უმეტესად გულისხმობენ შუა ყურის ანთებას – შუა ოტიტს, რადგან სწორედ ისაა ყურის ყველაზე გავრცელებული ანთებითი დაავადება. მისი არსის უკეთ გასაგებად მოკლედ მიმოვიხილოთ ყურის ანატომია.

ყური ანატომიურად და ფუნქციურად განსხვავებული სამი ნაწილისგან შედგება.

  • გარეთა ყური ყურის ნიჟარასა და გარეთა სასმენ მილს მოიცავს. მისი დანახვა თითოეულ ჩვენგანს შეუიარაღებელი თვალითაც შეუძლია. გარეთა ყურის ფუნქცია ბგერების დაჭერა და დაფის აპკისკენ გატარებაა. დაფის აპკი ერთგვარი საზღვარია გარეთა და შუა ყურს შორის და უმცირესი ჩქამის დროსაც კი ირხევა.
  • შუა ყური მოიცავს ერთმანეთთან მოძრავად შეერთებულ ძვლებს: ჩაქუჩს, გრდემლსა და უზანგს. მათი წყალობით გარედან მიღებული სიგნალი ძლიერდება და შიგნითა ყურს გადაეცემა.
  • შიგნითა ყური ნამდვილი ლაბირინთების სამეფოა. აქ მდებარეობს წონასწორობის ორგანო და სმენის რეცეპტორები.

შუა ყური ცხვირ-ხახას სპეციალური მილის – ე.წ ევსტაქის მილის – საშუალებით უკავშირდება. შუა ყურის ფუნქციობისთვის აუცილებელია დაფის ღრუში წნევის რეგულირება, რაც სწორედ ევსტაქის მილის საშუალებით ხდება. ყლაპვის დროს მილი იხსნება და შუა ყურში წნევა ატმოსფერულს უთანაბრდება.

შუა ყურის ანთება ყველაზე ხშირად სწორედ ევსტაქის მილის დახშობის ბრალია. მილის ბლოკირება შუა ყურის აერაციის დარღვევას, ლორწოს პასაჟის შეფერხებას და ვირუსებისა თუ ბაქტერიების გამრავლებას უწყობს ხელს.

შუა ყურის ანთება ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეიძლება დაემართოს, თუმცა უმეტესად ბავშვთა ასაკში შეინიშნება.

რატომ ემართებათ ბავშვებს შუა ყურის ანთება უფრო ხშირად?

ამის ერთ-ერთი მიზეზი ანატომიური თავისებურებაა. ბავშვის ევსტაქის მილი უფრო ვიწროა და ჰორიზონტალურად მდებარეობს, ამიტომ ადვილად იხშობა.

მილთან ახლოსაა ადენოიდები, რომელთა ჰიპერტროფია (ჭარბი ზრდა) და ანთება ევსტაქის მილზე ზეწოლას იწვევს.

სტატისტიკური მონაცემებით, ოთხიდან ერთ ბავშვს ათ წლამდე ერთხელ მაინც ემართება ოტიტი. ავადობა პიკს 3-დან 6 წლამდე აღწევს. კვლევები ადასტურებს, რომ ოთხ წლამდე ბავშვების 80%-ს ერთხელ მაინც ჰქონია ოტიტი გამონადენით და მწებავი საცობით ყურში. მოზრდილებთან მწვავე ოტიტი შედარებით იშვიათია.

 

მთავარი დამნაშავეები

შუა ყურის მწვავე ანთებას უმეტესად ზედა სასუნთქი გზების მწვავე ვირუსული ინფექციები იწვევს. ვირუსული ოტიტების 80% რესპირატორულ-სინციტიური ვირუსით, გრიპისა და პარაგრიპის ვირუსებითაა გამოწვეული. ბაქტერიული ოტიტის გამომწვევი კი 100-დან 95 შემთხვევაში ეს სამეულია: S.pneumoniae, H.influenzae და M.cattarhalis. განვითარებულ ქვეყნებში პირველი ორი ბაქტერიის გეგმურმა ვაქცინაციამ საგრძნობლად შეამცირა ბაქტერიული ოტიტების რიცხვი. საქართველოში ეს აცრა ეროვნულ კალენდარში 2015 წელს შეიტანეს.

შუა ოტიტიტს განვითარების რისკფაქტორებია:

  • ორ წელზე უმცროსი ასაკი;
  • მამრობითი სქესი;
  • ანამნეზში სეზონური ალერგია;
  • გასტროეზოფაგური რეფლუქსი;
  • ოჯახის წევრების ავადობა სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციებით;
  • ადენოიდების ჰიპერტროფია;
  • საბავშვო ბაღში სიარული;
  • პასიური მწეველობა (არსებობს მორეციდივე ოტიტების რისკია);
  • ხელოვნური კვება ბოთლით.

კვლევები მოწმობს, რომ პატარებს, რომლებიც პირველი 6 თვის განმავლობაში ძუძუს წოვენ, ოტიტის განვითარების გაცილებით დაბალი რისკი აქვთ. განსაკუთრებით საყურადღებოა ბოთლით კვების პერიოდი. ნუ აჭმევთ ბავშვს დაწოლილს, რადგან წოლის დროს საკვები ადვილად გადადის ევსტაქის მილში და ახშობს მას.

შუა ყურის ანთებისთვის დამახასიათებელია:

  • ყურის ტკივილი – ოტალგია. მცირე ასაკის ბავშვებს ტკივილის დროს ხელი ყურთან მიაქვთ ან თმას იწიწკნიან, უარს ამბობენ საწოვარასა და ძუძუზე, ტირიან, რადგან წოვისას ტკივილი ძლიერდება. ტკივილი ასევე ძლიერდება ღამით, რადგან წოლისას ევსტაქის მილის ფუნქცია უფრო მეტად ირღვევა.
  • ყურიდან გამონადენი. გამონადენი დაფის აპკის პერფორაციაზე მიუთითებს. შუა ყურის ანთების დროს დაფის ღრუში დაგროვილი გამონაჟონი აწვება აპკს და ტკივილს აძლიერებს. აპკი ზოგჯერ თავისთავად სკდება (ამას პერფორაცია– გახვრეტა, მთლიანობის დარღვევა – ეწოდება) და დაგროვილი სეკრეტი გარეთ გამოდის. ამ დროს ტკივილი სუსტდება და ტემპერატურაც იკლებს. მშობლებს დაფის აპკის პერფორაცია აშფოთებთ – ჰგონიათ, ეს სმენის დაკარგვას გამოიწვევს. ნუ შეგეშინდებათ – გამოჯანმრთელებისას აპკი თავისთავად აღდგება და განაგრძობს ფუნქციობას.

დაფის აპკის პერფორაციის შემთხვევაში უნდა ვერიდოთ ყურში წყლის მოხვედრას. ამისგან თავის დასაზღვევად ბამბის ტამპონები გამოიყენეთ. განმეორებითი გამოკვლევა საჭიროა 6 კვირის შემდეგ.

  • თავის ტკივილი.
  • ზოგადინტოქსიკაციური მოვლენები: ცხელება (იშვიათად – 40 °c), გულისრევა და ღებინება, ძილიანობა, გაღიზიანებადობა. სპეციფიკური ნიშნების ნაკლებობა  ორ წლამდე ასაკის ბავშვებთან დიაგნოსტირებას ართულებს.
  • სამ წლამდე ასაკის ბავშვებთან უფრო ხშირია არასპეციფიკური სიმპტომები: აღგზნებადობა, ცხელება, ღამით გაღვიძება, მადის დაქვეითება, რინიტი, კონიუნქტივიტი. ადრეული ასაკის ბავშვთა 90%-ს აღინიშნება რინიტის სიმპტომებიც.
  • სმენის დაქვეითება, ყურების შუილი, თავბრუხვევა.

 

დაველოდოთ ექიმს

სანამ პატარას ყურში რამეს ჩააწვეთებდეთ ან სათბურს დაადებდეთ, ჯობს, მდგომარეობა ექიმმა შეაფასოს. პედიატრი სპეციალური ხელსაწყოს – ოტოსკოპის საშუალებით სრულიად უმტკივნეულოდ დაათვალიერებს გარეთა სამენ მილს და დაფის აპკს. დიაგნოზის დასადასტურებლად შესაძლოა ტიმპანომეტრია დაგჭირდეთ. მორეციდივე ოტიტის დროს, თუ სმენის დაქვეითებაა საეჭვო, აუცილებელია სპეციალური გამოკვლევა – აუდიომეტრია. თუ ერთკვირიანი მკურნალობის შედეგად მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, ხელახლა უნდა მიმართოთ ოტორინოლარინგოლოგს.

 

მკურნალობა

მწვავე ოტიტის მსუბუქი ფორმა ათიდან დაახლოებით 8 შემთხვევაში სამ დღეში თავისთავად იკურნება. ანთება შესაძლოა განმეორდეს უეფექტო მკურნალობის ან რეინფექციის გამო. მიუხედავად მრავალი კვლევისა, ოტიტის მკურნალობის საერთაშორისო კონსენსუსი არ არსებობს და დღემდე დავობენ მკურნალობის მეთოდებსა თუ ხანგრძლივობაზე.

ტკივილის კუპირების მიზნით პირველი 24 საათის განმავლობაში მიეცით პატარას პარაცეტამოლი. გართულებების თავიდან ასაცილებლად დაიცავით პრეპარატის დოზირება.

ყურის წვეთები ყველა დედის აფთიაქის განუყრელი ატრიბუტია, მაგრამ მათ ჩაწვეთებამდე გულდასმით წაიკითხეთ ინსტრუქცია და გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. დაფის აპკის პერფორაციის დროს ყურის წვეთებს უკუეფექტი აქვს – შესაძლოა თავბრუხვევა, ღებინება და სმენის ნერვის დაზიანებაც კი გამოიწვიოს. ერიდეთ ქაფურისა და სხვა სპირტების გამოყენებას – შესაძლოა, ბავშვს ყური დასწვათ. მდგომარეობის გარკვევამდე ნურც თბილ სათბურს დაადებთ – ჩირქოვანი ოტიტის შემთხვევაში ამით შესაძლოა მდგომარეობა უფრო გაართულოთ.

რაც შეეხება ანტიბიოტიკოთერაპიას, სხვადასხვა ქვეყანაში მისი სხვადასხვა სქემაა მიღებული. ამერიკის პედიატრთა ასოციაციის (AAP) რეკომენდაციის თანახმად:

  • 6 თვემდე ასაკის ბავშვებს უნდა ჩაუტარდეთ ანტიბიოტიკოთერაპია.
  • ექვსი თვიდან ორ წლამდე ასაკის ბავშვს ანტიბიოტიკი უნდა დაენიშნოს დიაგნოზის დაზუსტების შემდეგ. თუ დიაგნოზი დაუდგენელია და მდგომარეობა არ არის მძიმე, მიზანშეწონილია დაკვირვება.
  • ორ წელზე უფროსი ასაკის ბავშვმა ანტიბიოტიკები უნდა მიიღოს, თუ დიაგნოზი ნათელია, ხოლო მდგომარეობა – მძიმე. თუ დიაგნოზი არ არის ნათელი ან ნათელია, მაგრამ მდგომარეობა არ არის მძიმე, მიზანშეწონილია დაკვირვება 72 საათის განმავლობაში ტკივილგამაყუჩებლის გამოყენებით.

ოტიტის მძიმე ფორმის დროს 5 წლამდე ასაკის ბავშვებთან ანტიბიოტიკოთერაპიის ხანგრძლივობა 10 დღეა, 6 წლიდან და საშუალო სიმძიმის ფორმის შემთხვევაში კი საკმარისია 5-7 დღიანი კურსი.

რაც შეეხება ანტიბიოტიკებს, პირველი რიგის არჩევის პრეპარატია ამოქსაცილინი. დოზა ბავშვის სხეულის მასის მიხედვით ირჩევა. თუ მდგომარეობა მძიმეა და მკურნალობის დაწყებიდან 72 საათში არ გაუმჯობესდა, რეკომენდებულია ამოქსაცილინის სხვა ანტიბიოტიკით შეცვლა. თუ სიმპტომები უცვლელია ან ბავშვს ანტიბიოტიკის დალევა არ შეუძლია, საჭიროა მესამე თაობის ცეფალოსპორინის კუნთში შეყვანა.

 

რა გართულებებს ველოდეთ

მორეციდივე ოტიტი. მორეციდივე მწვავე ოტიტის დიაგნოზს სვამენ, თუ წლის განმავლობაში ბავშვს 4-ზე მეტჯერ დაემართა მწვავე ოტიტი. მორეციდივე მწვავე ოტიტის განვითარების რისკჯგუფში შედიან ბავშვები, რომლებსაც დაუნის სინდრომი აქვთ ან 6 თვემდე გადაიტანეს ანთების პირველი ეპიზოდი. შესაძლოა სხვა გართულებებიც: სმენის დაქვეითება, დაფის აპკის პერფორაცია, ქრონიკული ოტიტი, ქოლესტეატომა (სპეციფიკური ქსოვილოვანი წარმონაქმნი დაფის აპკის უკანა კედელზე), სახის ნერვის პარალიზი, ლაბირინთიტი – შიგნითა ყურის ანთება, მასტოიდიტი – დვრილისებრი მორჩის ანთება, რომელიც ყურის უკანა მიდამოს სიწითლითა და შეშუპებით ვლინდება. სიცოცხლისთვის განსაკუთრებით საშიშ გართულებად მიიჩნევენ ოტოგენურ მენინგიტს.

თეონა ირემაძე

 

გააზიარე: