ბალზამი გამომშრალი ტუჩებისთვის
გააზიარე:
დახეთქილი ტუჩები, გარდა იმისა, რომ ულამაზოა, შემაწუხებელიცაა. კანი ტუჩებზე განსაკუთრებით თხელი და მგრძნობიარეა, ამიტომ ინტენსიურ მოვლას მოითხოვს. აქ არ არის ცხიმოვანი ჯირკვლები, ძალიან ცოტაა ფერის პიგმენტიც, ამიტომ ტუჩები ცუდადაა დაცული გარემო პირობების მავნე გავლენისგან.
ზამთარში კი ტუჩების მოვლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ცივი და მშრალი ჰაერის ზემოქმედებით კანი ადვილად შრება, უხეშდება და სკდება.
ტუჩის ბალზამი
გამოშრობისგან ტუჩების დასაცავად ტუჩის ბალზამს გვთავაზობენ. მის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებები კანს ანოტივებს და აღადგენს. ოღონდ ბალზამი არ უნდა შეიცავდეს მავნე კომპონენტებს, რომლებიც ადვილად მოხვდება პირში, იქიდან კი ორგანიზმში. ამის თავიდან ასაცილებლად უნდა ვიცოდეთ, რომელი ნივთიერებაა მავნე და ბალზამის შეძენამდე კარგად წავიკითხოთ ეტიკეტი.
საეჭვო ნივთიერებები
ნივთიერებები, რომლებსაც უნდა ვერიდოთ, სამ ძირითად ჯგუფად იყოფა:
*Mosh (Mineral oil saturated hydrocarbons) – ნაჯერი ნახშირწყალბადები, რომლებიც მინერალური ზეთების შემადგენლობაში შედის;
*Moah (Mineral oil aromatic hydrocarbons) – არომატული ნახშირწყალბადები;
*Posh (Polymer oligomeric saturated hydrocarbons) – სინთეტიკური ნახშირწყალბადები.
პოტენციურად მავნე ნივთიერებები ნაწარმის ეტიკეტზე შეიძლება შემდეგი სახელწოდებით შეგხვდეთ:
*Mineral Oil
*Petrolatum
*Paraffinum Liquidum
*Mikrokristallines Wachs
*Ozokerit
*Ceresin
*Vaseline
*Synthetic Beeswax
რეგულარული გამოყენებისას წლის განმავლობაში 20 გრამამდე ტუჩის ბალზამს ვყლაპავთ, რაც დაახლოებით 4 ფანქარია.
ორგანიზმში ჭარბად მოხვედრილი Mosh შესაძლოა ცხიმოვან ქსოვილში, ღვიძლში, ელენთაში დაგროვდეს. ეს ეხება Posh-საც. კიდევ უფრო მავნეა Moah. რამდენიმე კვლევის თანახმად, ამ ჯგუფში კიბოს გამომწვევი ნაერთებიც შედის. მიუხედავად იმისა, რომ ჯანმრთელობაზე მათი მავნე გავლენა მეცნიერულად დამტკიცებული არ არის, სპეციალისტები გვირჩევენ, მათი გამოყენებისგან თავი შევიკავოთ.
Moah და Mosh კოსმეტიკურ ნაწარმში პარაფინიდან ხვდება, რომელსაც კოსმეტიკური პროდუქციის წარმოებისას აქტიურად იყენებენ. თავად პარაფინი ნავთობის, ტორფისა და სხვა ნედლეულის გადამუშავებით მიიღება. Posh კი სინთეზურად შექმნილი ნივთიერებების საშუალებით ხვდება კოსმეტიკაში.
თუმცა დღეს ბევრი მწარმოებელი ამ ნივთიერებების გამოყენებაზე უარს ამბობს.
მომხმარებელთა გერმანულმა ასოციაციამ Öko-Test-მა ტუჩის მოვლის საშუალებებში კრიტიკული სურნელოვანი ნივთიერებებიც აღმოაჩინა. მაგალითად, იზოევგენოლი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ალერგენია. ასოციაციის წარმომადგენლები არც სინთეზური პოლიმერების (პლასტიკური ნაერთები) გამოყენებას მიიჩნევენ ჯანმრთელობისთვის სასიკეთოდ, თუმცა ჯერ უცნობია, რისი გამოწვევა შეუძლა ამ ნივთიერებებს.
სასარგებლო რჩევები
ასეა თუ ისე, თავის დასაზღვევად აუცილებლად გაეცანით ბალზამის შემადგენლობას. უპირატესობა არა მინერალური, არამედ მცენარეული ზეთის ბაზაზე დამზადებულ ნაწარმს მიანიჭეთ. საუკეთესოა პროდუქცია, რომელიც შიის კარაქს და გარგარის კურკის ზეთს შეიცავს, რადგან მათ შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებები კანში არსებული ცხიმების მსგავსია. კარგია ნუშის, ზეითუნის, ჟოჟობას ზეთის შემცველი ნაწარმიც.
ზოგიერთი ბალზამი ხელს უწყობს ტუჩებში კოლაგენის რეზერვის შევსებას. ისინი რეკომენდებულია 40 წელს გადაცილებული ქალბატონებისთვის.
სხვა საშუალებები
თუ ტუჩები ძლიერ გაქვთ დახეთქილი და სიხლიც გდით, ტუჩსაცხს ნუ გამოიყენებთ. უმჯობესია, ისვათ სპეციალური სამკურნალო მალამო, რომელიც ხელს უწყობს კანის გაჯანსაღებას.
ზამთარში ტუჩებს ხშირად ნუ დაისველებთ – უფრო მეტად გამოშრება. ნურც დაიკვნეტთ.
ტუჩების დასატენიანებლად შინაური საშუალებების გამოიყენებაც შეიძლება. მაგალითად, ერთმანეთში აურიეთ ერთი კოვზი არაჟანი და ერთი კოვზი თაფლი, წაისვით ტუჩებზე და ათი წუთი გაიჩერეთ, მერე თბილი წყლით ჩამოიბანეთ. თხლად წაისვით თაფლი ან ზეითუნის ზეთი და დილამდე დაიტოვეთ.
ჯილდა გაჩეჩილაძე