დიდი თვალები - როგორ შევქმნათ დიდი თვალების ეფექტი მაკიაჟით
გააზიარე:
მას შემდეგ, რაც ვიზაჟის ხელოვნებაში სიტყვა “კონტურინგი” გაჩნდა, მაკიაჟის ტექნიკით კიდევ უფრო მეტის მიღწევა გახდა შესაძლებელი. ფუნჯის რამდენიმე მოსმით შეგვიძლია შევცვალოთ სახის ოვალი, დავმალოთ მუქი წრეები და ნაოჭები, დავივიწროვოთ ცხვირი, გავიდიდოთ ტუჩები და თვალები. ოღონდ ამისთვის საჭიროა, სწორად შევარჩიოთ მაკიაჟის საშუალებები, ვიცოდეთ სწორი ტექნიკა და რამდენიმე პატარა ხრიკი.
ამჯერად გასწავლით, როგორ შეიღებოთ თვალები ისე, რომ უფრო დიდი გამოჩნდეს.
მაკიაჟის ხელსაწყოები და კოსმეტიკა ყველა ქალის ჩანთაში მოიძებნება, მაგრამ მაინც შეგახსენებთ, რომ ამისთვის დაგჭირდებათ: თვალის ჩრდილი, რბილი კაიალი (ფანქარი), ლაინერი, ტუში, პრაიმერი, კონსილერი, ფუნჯები თვალის ჩრდილისთვის (წასასმელად და გასანაწილებლად) და წამწამების ასაპრეხი.
1. პრაიმერი და კონსილერი
უპირველეს ყოვლისა, თვალები კარგად დაიტენიანეთ. დაელოდეთ ხუთი წუთი, ვიდრე დამატენიანებელი შეიწოვება. ზედმეტი საცხი ხელსახოცით მოიშორეთ. თვალების გარშემო და წარბების ქვეშ პრაიმერი დაიტანეთ. ეს არის ბაზა, რომელიც კანის რელიეფს ათანაბრებს და მას მაკიაჟის შემდგომი ეტაპებისთვის ამზადებს. ბაზის წყალობით მაკიაჟიც დიდხანს ძლებს.
თუ თვალების ქვეშ მუქი წრეები გაქვთ, კონსილერი გამოგადგებათ. ის შესანიშნავად ნიღბავს ფერშეცვლილ უბნებს კანზე. მთავარია, შესაბამისი ფერისა და კონსისტენციისა შეარჩიოთ.
კონსილერი ფუნჯით ნაზად წაისვით უპეებზე და კარგად გაინაწილეთ. ლოყაზე ნუ გადახვალთ. სპილოსძვლისფერი კანისთვის მოყვითალო კონსილერი გამოიყენეთ, ცოტა უფრო მუქისთვის – ოქროსფერი.
2. ჩრდილები
მუქი თუ ბაცი? რა თქმა უნდა, ორივე, დიდი თვალების ეფექტისთვის მათი კომბინირებაა საჭირო. ზედა ქუთუთოზე და წარბის ქვეშ ჯერ ბაცი ჩრდილი წაისვით, მაგალითად, კრემისფერი, შამპანურისფერი, ბაცი კაკაოსფერი ან ბაცი ვარდისფერი. თუ არ აღმოგაჩნდათ, შეგიძლიათ, პუდრი გამოიყენოთ. ის პატარ-პატარა დეფექტებს დამალავს და კანს გაათანაბრებს.
ახლა მუქი ჩრდილის დროა. ზედა ქუთუთოზე, წამწამის ხაზის გასწვრივ და ქუთუთოს ნაოჭში პირველზე ორი ტონით მუქი ჩრდილი წაისვით და თვალის გარეთა კუთხესთან სპეციალური ფუნჯით ნელ-ნელა გაშალეთ, ჯერ – ოდნავ ზემოთ, წარბის მიმართულებით, მერე – ქუთუთოზე, დაახლოებით ერთ მესამედზე. მუქი ჩრდილი გამოხედვას სიღრმეს მატებს და თვალიც თითქოს უფრო დიდია.
წასმისას ყურადღება მიაქციეთ გადასვლის ადგილებს: ისინი რბილი და თანაბარი უნდა იყოს და არა უხეში და სწორხაზოვანი. უნდა იგრძნობოდეს ფერთა გრადაცია.
თუ დაშვებული ქუთუთოები გაქვთ, პატარა ხრიკს უნდა მიმართოთ: რადგან თვალის გახელისას ქუთუთო მთლიანად იმალება, მუქი ჩრდილი არა ქუთუთოს ნაოჭში, არამედ ოდნავ ზემოთ, გამოწეულ არეზე წაისვით ქუთუთოს გასწვრივ, ანუ ქუთუთოს ნაოჭი თავად დახატეთ იქ, სადაც ის არ არის, კარგად გამოკვეთეთ და თვალის გარე კუთხესთან ოდნავ ზემოთ, წარბისკენ აპრიხეთ. ამას უფრო ადვილად მოახერხებთ, თუ კრემის ტუბს სწორი მხრიდან თვალის კუთხესა და წარბის ბოლოზე მიიდებთ და მუქ ჩრდილს კარგად გაანაწილებთ, როგორც ზემოთ გითხარით, ჯერ – წარბის მიმართულებით, მერე – ქუთუთოს მესამედზე. ტუბის ნაცვლად შეგიძლიათ პლასტირიც გამოიყენოთ.
3. ლაინერი
დიდი თვალების ეფექტის შესაქმნელად უმჯობესია ყავისფერი ან მორუხო-მოყავისფრო ლაინერი გამოიყენოთ. წაისვით ზედა ქუთუთოზე, წამწამების ხაზზე, და გარეთა კუთხესთან ზემოთ აპრიხეთ, მტრედის ბოლოს დაამსგავსეთ. თუ დაშვებული ქუთუთოები გაქვთ, ლაინერის ხაზი ქუთუთოს ბოლოს დაასრულეთ. შეგიძლიათ, ოდნავ აპრიხოთ. რაც უფრო პატარაა თვალი, მით უფრო წვრილი ხაზი გაავლეთ. სქლად წასმული ლაინერი თვალს უფრო დააპატარავებს.
4. კაიალი
ბაცი ფერის – თეთრი, კრემისფერი, ბაცი ფირუზისფერი კაიალი თვალს ანათებს და უფრო დიდს აჩენს. ქვედა ქუთუთო ოდნავ დასწიეთ და კაიალი შიდა ხაზზე, თვალის გარეთა და შიგნითა კუთხესთან წაისვით. შუა ნაწილი გამოტოვეთ, თვალი ფართოდ გახელილი რომ გამოჩნდეს. მუქი კაიალი შეგიძლიათ წაისვათ ქვედა ქუთუთოზე, მხოლოდ გარეთა კუთხესთან და მხოლოდ წამწამების ხაზზე, ერთ მესამედზე. არამც და არამც არ წაისვათ შავი კაიალი ქვედა ქუთუთოს შიდა ხაზზე – ის თვალს უფრო მეტად დაავიწროებს.
5. მოციმციმე აქცენტები
მოციმციმე აქცენტები მზერას აფხიზლებს და თვალებს აფართოებს. გაითვალისწინეთ: მხოლოდ აქცენტები. ამისთვის ღია ფერის ან მბზინავი ჩრდილები გამოგადგებათ – ოქროსფერი, შამპანურისფერი ან პლატინისფერი. თითით ან ფუნჯით ჩრდილი მოძრავი ქუთუთოს შუა ნაწილზე წაისვით და კარგად გაანაწილეთ.
6. ტუში
რაც უფრო გრძელი და ხშირია წამწამები, თვალებიც მით უფრო დიდი ჩანს. წამწამების ასაპრეხი ხელსაწყო ჯერ ოდნავ გაათბეთ ფენით, მერე კი წამწამები სამ ნაწილად აიპრიხეთ – ჯერ ძირებში, მერე შუა ნაწილში და ბოლოს წვერებში.
წამწამების დაგრძელება და გახშირება ტუშით შეიძლება. ტუშის ფუნჯი წამწამის ძირებიდან ზიგზაგისებურად ამოძრავეთ ბოლოებისკენ. ტუშის ნაწილაკები ეკვრის წამწამებს და ისინი ვიზუალურად სქელდება. ტუშს ნუ დაიშურებთ, უხვად წაისვით, განსაკუთრებით – თვალის გარეთა კუთხესთან. აქ ღერები შედარებით გრძელია და თუ კარგად აიპრეხთ, ეს ფართოდ გახელილი თვალის ილუზიას შექმნის. მაგრამ თუ დახრილი თვალის ჭრილი გაქვთ, პირიქით, დახრილობას მეტად გამოკვეთს. ამ შემთხვევაში უმჯობესია ტუში მხოლოდ თვალის შიგნითა კუთხესთან და შუაში წაისვათ წამწამებზე. არ დაგავიწყდეთ ტუშის ქვედა წამწამებზე წასმა – ასე თვალი კიდევ უფრო დიდი გამოჩნდება. გახსოვდეთ: ქვედა წამწამებიდან ტუში ხშირად კანზე იღვენთება, ამიტომ უმჯობესია, წყალგამძლე გამოიყენოთ.
წამწამები აუცილებლად ტუშის წასმამდე აიპრიხეთ.
7. წარბები
დიდი თვალების ეფექტის შექმნაში წარბებსაც დიდი წვლილი მიუძღვის. გარეთა კიდესთან ოდნავ აწეული რკალი თვალს კარგად გამოკვეთს. თუ წარბის ქვედა არიდან ღინღლსაც მოიცილებთ, ქუთუთოსა და წარბს შორის ადგილი გაიზრდება და თვალს ესეც გააფართოებს.
კარგად გამოკვეთილი წარბის კონტური ხაზს გაუსვამს თვალის სიდიდეს, ამიტომ თუ წარბი მეჩხერი გაქვთ, სპეციალური წარბის ფანქრით შეავსეთ.
8. ჰაილაითერი
ჰაილაითერი საუკეთესო იარაღია პატარა თვალების წინააღმდეგ. ეს არის მბზინავი მასა, რომელიც კანს ბზინვარებას სძენს. ღია ფერის ჰაილაითერი მოციმციმე აქცენტების დასასმელადაც გამოგადგებათ. ამასთან, ძალიან უხდება თვალის შიგნითა კუთხეს – ამ ადგილს ანათებს და კარგად გახელილი თვალის ილუზიას ქმნის. თვალის შიგნითა კუთხეში მსუბუქი დარტყმით დაიტანეთ და ზედა და ქვედა მხარეს გაინაწილეთ. უფრო ფხიზელი და გახსნილი მზერისთვის ჰაილაითერი წარბის ქვეშაც გადაისვით.
ჯილდა გაჩეჩილაძე