პეტრე ქავთარაძე – ნევროლოგიური აზროვნების ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში

გააზიარე:

ადამიანის ცხოვრებაში ზოგჯერ ჩნდება ვიღაც ისეთი, ვინც მის მომავალს ძირფესვიანად ცვლის, ვისი რამდენიმე სიტყვაც ცხოვრების კრედოდ ექცევა. აკადემიკოს პეტრე ქავთარაძისთვის ასეთი შთამაგონებელი აღმოჩნდა მასწავლებელი – იოსებ ოცხელი. დიდი მეცნიერი ამბობდა, რომ სიტყვები “იყავ კეთილი და პატიოსანი”, რომლებიც ოცხელმა თავისივე ნაჩუქარ წიგნზე, “ბიძია თომას ქოხზე” წაუწერა, მისი შეგნებული ცხოვრების გზის მაჩვენებელი გახდა, ხოლო მასწავლებლის სახე მძიმე წუთებში მხნეობას მატებდა.

პეტრე ქავთარაძის შესახებ გვესაუბრნენ ქართული მედიცინის ისტორიის მოამაგე, გასტროენტეროლოგი ხუტა პაჭკორია და პეტრე ქავთარაძის მოწაფე, პროფესორი ნინული ნინუა. მასალების მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით დიდი მეცნიერის შვილიშვილს მერაბ ქავთარაძეს.

ეს წიგნი რომ მიიღო საჩუქრად, მესამეკლასელი პეტრე სიცხიანი იწვა. იოსებ ოცხელმა, მისმა საყვარელმა მასწავლებელმა, ექიმი მიუყვანა, წამლებიც თვითონვე უყიდა და გამოჯანმრთელებამდე ყოველდღე აკითხავდა. ოჯახს მოშორებულ ობოლ ბავშვზე მშობლიურმა მოპყრობამ ბევრ წამალზე უკეთ იმოქმედა. 

პეტრე ქავთარაძე სენაკის მაზრის სოფელ ნოსირში დაიბადა 1888 წლის 20 მაისს. მამამისი, პავლე ქავთარაძე, გადამდგარი სამხედრო იყო, რუსეთ-თურქეთის ომის მონაწილე, გიორგის ჯვრის კავალერი. ომიდან დაბრუნების შემდეგ სოფლის მეურნეობას ეწეოდა.

დედა, მართა კიზირია, დიასახლისი, თავისი დროის კვალობაზე განათლებული ქალი ყოფილა.

ოჯახში კიდევ ოთხი ბავშვი იზრდებოდა: პლატონი, ნიკოლოზი, ალექსანდრე და ნადეჟდა, პეტრეს ნაბოლარა, საყვარელი და.

ექვსი წლის იყო პეტრე, მამა რომ გარდაეცვალა და მისი აღზრდა პლატონმა ითავა. მანვე მოამზადა უმცროსი ძმა ძველი სენაკის სათავადაზნაურო სასწავლებელში შესაყვანად, რომლის დამთავრების შემდეგ პეტრე ქავთარაძე ქუთაისის სათავადაზნაურო ქართული გიმნაზიის პირველ კლასში მიიღეს.

პეტრე ბეჯითი და მოწაფეობის წლებშიც დიდი ადამიანივით სერიოზული, დინჯი, დაკვირვებული ყოფილა. მასწავლებლებიც კი თურმე მორიდებით და პატივისცემით ეპყრობოდნენ.

სტუდენტობა

გიმნაზიის დამთავრების შემდეგ პეტრე ქავთარაძე ნოვოროსიის (ოდესის) უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე ჩაირიცხა. პირველ ხანებში ნადეჟდა უგზავნიდა ყოველთვიურად 25 მანეთს, შემდეგში კი თვითონვე ირჩენდა თავს კერძო გაკვეთილებით და თარგმანით.

როგორც იმდროინდელი ახალგაზრდების უმეტესობა, პეტრეც ჩართული იყო პოლიტიკურ მოვლენებში. სტუდენტთა რევოლუციურ გამოსვლებში მონაწილეობისთვის ის უნივერსიტეტიდან გარიცხეს, ქალაქიდან გაასახლეს და ორი წელი პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა, თუმცა სწავლა არ შეუწყვეტია. სასწავლებელში დაბრუნების შემდეგ, მესამე კურსის სტუდენტმა, ნაშრომი დაწერა ანაბიოზის შესახებ, რომელიც 1914 წელს გამოიცა. იმავე წელს ჟურნალ “ცხოვრება და მეცნიერებაში”, რომლის ერთ-ერთი რედაქტორი თავადაც იყო, ნიკოლოზ კახიანთან ერთად მეორე ნაშრომი – “უჯრედი და ქსოვილი” გამოაქვეყნა.

პეტრე ძალიან კარგი მოქართულე იყო და კალამიც უჭრიდა. გაზეთებში “კოლხიდასა” და “იმერეთში”, ჟურნალ “ცხოვრება და მეცნიერებაში” პუბლიცისტურ წერილებსა და მოთხრობებსაც აქვეყნებდა ხან საკუთარი გვარით, ხან – “ნოსირელის” ფსევდონიმით.

სამკურნალო ფაკულტეტის დამთავრებისთანავე მინსკის სამხედრო ჰოსპიტალში მიიღეს ორდინატორად. ორდინატურის გავლის შემდეგ პოლკის ჯერ უმცროსი, მერე კი უფროსი ექიმი გახდა. 1918 წელს სახელმწიფო გამოცდები ჩააბარა, ექიმის დიპლომი მიიღო და საქართველოში დაბრუნდა, სადაც მალევე იქორწინა სოხუმელი ბანკირის, სტეფანე თურქიას ქალიშვილზე. ნეონილა თურქიას სოხუმის გიმნაზიაში, თბილისის წმინდა ნინოს დახურულ სასწავლებელსა და, მოსკოვის კბილის საექიმო ტექნიკუმში ჰქონდა მიღებული განათლება. ახალგაზრდებმა თბილი და ტკბილი ოჯახი შექმნეს.

ნერვულ სნეულებათა კლინიკა

საქართველოში დაფუძნების შემდეგ პეტრე ქავთარაძე სამი წელი სენაკის სამაზრო ერობაში განაგებდა საექიმო-სასანიტრო განყოფილებას, მერე კი, უკვე დაწვრილშვილებული, თბილისში გადასახლდა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის ნერვულ სნეულებათა კლინიკაში ორდინატორად დაიწყო მუშაობა, ჯერ – პროფესორ იაკობ ანფიმოვის, მერე კი პროფესორ სიმონ ყიფშიძის ხელმძღვანელობით. მალე გახდა უმცროსი ასისტენტი, მერე – უფროსიც.

კლინიკაში პეტრე ქავთარაძე სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწეოდა. დაწერა არაერთი ნაშრომი, სიმონ ყიფშიძესა და სხვა კოლეგებთან ერთად საფუძველი ჩაუყარა ნევროლოგიის განვითარებას საქართველოში, იყო სამკურნალო ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭოს წევრი, ჟურნალ “თანამედროვე მედიცინის” სარედაქციო კოლეგიის პასუხისმგებელი მდივანი.

1931 წელს პეტრე ქავთარაძემ ქალაქის პირველ საავადმყოფოში ნერვულ სნეულებათა განყოფილება დააარსა, რომელიც მოგვიანებით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული, სანიტარიული და ჰიგიენური ფაკულტეტების ნერვულ სნეულებათა კათედრის ბაზად იქცა. ამ კათედრას პეტრე 1953 წლამდე, სიმონ ყიფშიძის გარდაცვალებამდე განაგებდა, მერე კი საყვარელი მასწავლებლისგან ესტაფეტა გადაიბარა – სათავეში ჩაუდგა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის ნერვულ სნეულებათა კათედრას, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა.

თუმცა მანამდე მის ცხოვრებაში ბევრი რამ მოხდა: დაიცვა დისერტაცია თემაზე “ქრონაქსიის დიაგნოსტიკური მნიშვნელობისათვის”, მოიპოვა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი და პროფესორის წოდება, მერე კი – მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდებაც.

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში კლინიკა ჰოსპიტლის ბაზად გადაკეთდა, სადაც პეტრე ქავთარაძე და მისი კოლეგები დაჭრილების მკურნალობის პარალელურად აქტიურ სამეცნიერო-კვლევით მუშაობას ეწეოდნენ.

– ამასობაში დაიზარდნენ მისი შვილებიც – ლეილა, ლეონი და ნოდარი, – გვიყვება ხუტა პაჭკორია, – ვერაზე, სადაც ოჯახი ცხოვრობდა, ბევრი მეგობარი ჰყავდათ, მათ შორის – ცნობილი თერაპევტი გივი ბახტაძე და ფილოლოგი და ისტორიკოსი გურამ შარაძე. ამბავი, რომელსაც ახლა მოგიყვებით, სწორედ გივი ბახტაძისგან ვიცი.

ლეილა, სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტი, ახალგაზრდა ინჟინერს გიორგი ლოლუას შეუყვარდა. მისი გრძნობა უპასუხოდ არ დარჩენილა, მაგრამ წყვილს ერთად ყოფნა არ ეწერა. ომი დაიწყო და გიორგი ფრონტზე გაიწვიეს, ლეილა კი ოცდახუთი წლისაც არ იყო, რომ იმ დროს განუკურნებლად მიჩნეული დაავადებით, ტუბერკულოზით გარდაიცვალა.

პეტრემ მთელი ცხოვრება ვერ მოიშუშა ეს ტკივილი. დაიბარა, ლეილას გვერდით დამასაფლავეთო. ანდერძი აუსრულეს – საყვარელი ქალიშვილის გვერდით დაკრძალეს ვაკის სასაფლაოზე.

საინტერესოა გიორგი ლოლუას ბედიც. ის ტყვედ ჩავარდა. ტყვეობიდან ქართველმა ემიგრანტებმა დაიხსნეს. შემდეგ იტალიაში მოხვდა, მილანელ ქალზე დაქორწინდა, ბევრი თავგადასავლის შემდეგ ამერიკაში ამოყო თავი, საბოლოოდ კი ოჯახითურთ კანადაში დასახლდა და მეტალურგიულ ქარხანაში დაიწყო მუშაობა. გიორგი ლექსებს წერდა, ომამდე ქართულ ჟურნალ-გაზეთებშიც აქვეყნებდა, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე კი თავისი ხელნაწერების კრებული გურამ შარაძეს გამოუგზავნა. 1990 წელს გარდაიცვალა, სამი შვილი დარჩა და ერთ მათგანს ლეილა ჰქვია.

ამერიკაში მოგზაურობისას გივი ბახტაძემ მოინახულა გიორგი ლოლუას საფლავი და სამშობლოდან გადახვეწილ ბავშვობის მეგობარს შესაფერისი პატივი მიაგო.

რაც შეეხება პეტრეს ვაჟიშვილებს, ლეონმა პროფესიად მათემატიკა აირჩია, ნოდარი კი მამის კვალს გაჰყვა, ნევროლოგიას მიუძღვნა თავი. ერთხანს თსსუ-ს პედიატრიული ფაკულტეტის ნერვულ სნეულებათა კათედრასაც ხელმძღვანელობდა.

სიმართლის დამცველი

–  პეტრეს ძალიან უყვარდა სიმონ ყიფშიძე და დიდად აფასებდა მის ღვაწლს ქართული ნევროლოგიის წინაშე. 1957 წელს ერთ-ერთ საბჭოთა ჟურნალში გამოქვეყნდა სტატია, სადაც საქართველოში ნევროპათოლოგიის ფუძემდებლად პეტრე სარაჯიშვილი მოიხსენიებოდა. სარაჯიშვილთან მეგობრობის მიუხედავად, პეტრემ ამ უსამართლობაზე თვალი ვერ დახუჭა და რედაქციას წერილი მისწერა, რომელშიც დაასაბუთა, რომ საქართველოში ნევროლოგიის ფუძემდებლის სახელი სიმონ ყიფშიძეს ეკუთვნოდა.

მადლიერება

მადლიერების გრძნობა პეტრე ქავთარაძის კიდევ ერთი დიდი ღირსება იყო. იოსებ ოცხელის ხატებას მთელი ცხოვრება თან ატარებდა. 1960 წელს მის მოწაფეებთან – კონსტანტინე ერისთავთან, ტროფიმე ხუნდაძესთან, პლატონ შუშანიასა და სხვებთან ერთად მოქანდაკე ტიტე სიხარულიძეს საყვარელი მასწავლებლის ქანდაკება შეუკვეთა, რომელიც დღეს მწვანეყვავილას პანთეონში დიდი პედაგოგის უკანასკნელ განსასვენებელს ამკობს.

მშობლიურ სოფელში, ნოსირში, პეტრემ საკუთარი სახსრებით დაიწყო კულტურის სახლის მშენებლობა, რომელიც შემდეგ მთავრობამ დაასრულა; გახსნა ბიბლიოთეკა, რომელსაც წიგნებიც გადასცა, ჟურნალ-გაზეთებიც გამოუწერა და ათი წლის განმავლობაში ხელფასსაც უხდიდა მის გამგეს. პეტრე ქავთარაძის გარდაცვალებიდან მცირე ხნის შემდეგ ნოსირში გაიხსნა კულტურის სახლი ბიბლიოთეკითურთ, რომელსაც დიდი მეცნიერის სახელი მიენიჭა.

თაობების აღმზრდელი

პეტრე ქავთარაძემ მრავალი ნევროპათოლოგი აღზარდა. მისი უშუალო ხელმძღვანელობით დაიწერა ას ორმოცდაათზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, ექვსი საკანდიდატო და ოთხი სადოქტორო დისერტაცია. ბრწყინვალე რეცენზენტად და ოპონენტად მიიჩნევდნენ, აფასებდნენ ღრმა ანალიზის და ლოგიკური, ობიექტური, ცხარე დისკუსიის იშვიათი უნარის გამო.

საკუთარ ნაშრომებში ეხებოდა სხვადასხვა დარგის: კლინიკური ნევროლოგიის, თერაპიის, კურორტოლოგიის, სამკურნალო ფიზკულტურის, ბავშვთა ნევროპათოლოგიის, სამხარეო პათოლოგიის საკითხებს.

თანამედროვენი იხსენებენ, რომ ლექციებზე პეტრე ქავთარაძე განსაკუთრებით საინტერესოდ ხსნიდა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის საკითხებს, განიხილავდა და განაზოგადებდა კონკრეტულ შემთხვევებს. სტუდენტებს გამოცდებს თავისუფალ ატმოსფეროში უტარებდა. დიდად აფასებდა ახალგაზრდებში ლოგიკური მსჯელობის უნარს.

პეტრე ქავთარაძეს სამართლიანად მიიჩნევენ საქართველოში ბავშვთა ნერვული დაავადებების მეცნიერული შესწავლის პიონერად. მისი დაუღალავი შრომითა და უშუალო ხელმძღვანელობით გაიხსნა კურორტ ახტალაში სპეციალური სანატორიუმი ბავშვთა დამბლის მკურნალობისთვის.

უამრავი თანამდებობა ეკავა, მაგრამ მეცნიერული კვლევისა და ახალგაზრდა ექიმების აღზრდისთვის დროსა და ენერგიას ყოველთვის პოულობდა. შიდაკლინიკურ კონფერენციებზე მათთან ერთად განიხილავდა საინტერესო შემთხვევებს, დასამუშავებლად აძლევდა კლინიკური ხასიათის თემებს, ნერგავდა დამხმარე პარაკლინიკური გამოკვლევის უახლეს მეთოდებს...

ამ და სხვა დამსახურებისთვის 1960 წელს პეტრე ქავთარაძე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად აირჩიეს.

– ჩვენს კლინიკას მიხეილის საავადმყოფოს ორი სართული ეკავა, – იხსენებს პროფესორი ნინული ნინუა, – პირველზე მამაკაცთა განყოფილება იყო, მეორეზე – ქალთა. ქალთა განყოფილებაში მუშაობა უფრო პრესტიჟულად ითვლებოდა. მე რომ მივედი, დეიდაჩემი, ცნობილი ნევროლოგი სოფიო ენუქიძე, კათედრაზე უკვე აღარ მუშაობდა. მისი ხათრით მიმიღეს, თორემ, ახალინსტიტუტდამთავრებულს, იქ არავინ შემადგმევინებდა ფეხს... თუმცა ჩემი და სოფიოს ნათესაობის ამბავი მხოლოდ პეტრე ქავთარაძემ იცოდა. თავიდანვე მამაშვილურად მიმიღო და მეორე სართულზე გამამწესა. ამან, რა თქმა უნდა, დიდი გაოცება გამოიწვია.

ქალებს გვანებივრებდა. ყოველ დაბადების დღეზე სუნამო “კრასნიაია მასკვას” მჩუქნიდა – იცოდა, რომ მომწონდა.

თავმდაბალი, საოცრად გულისხმიერი, ტკბილი ადამიანი იყო. პაციენტს საწოლთან ჩამოუჯდებოდა, აამბობინებდა თავის გასაჭირს, ნუგეშსა და იმედს აძლევდა. თითოეულ ავადმყოფს იმდენ დროს უთმობდა, მისი შემოვლა აღარ და აღარ მთავრდებოდა...

ახალგაზრდა ექიმებს ყველანაირად გვეხმარებოდა. პირადად მე სამეცნიერო მუშაობაში ძალიან მიწყობდა ხელს. ერთხელ თავის ნაცვლად გამგზავნა ლვოვში, საერთაშორისო კონგრესზე, სადაც დიდი ნევროლოგები იკრიბებოდნენ. მოხსენება მქონდა წარდგენილი – შენ უკეთ იცი, რა თქვაო.

პედაგოგიურ მუშაობაშიც პეტრემ ჩამაბა. თანდათან აზარტში შევედი. თავს არ ვზოგავდი, რომ ჩემს სტუდენტებს მის გამოცდაზე საუკეთესო ნიშნები მიეღოთ...

ჩვენი კლინიკაც და კათედრაც მოწოდების სიმაღლეზე იდგა და ეს პეტრე ქავთარაძის, სიმონ ყიფშიძის ტრადიციების ამ ღირსეული გამგრძელებლის, დამსახურება გახლდათ.

პეტრე ქავთარაძე 78 წლის ასაკშიც ენერგიული, ხალისიანი, სხარტად მოაზროვნე ახსოვთ. ის მოულოდნელად გარდაიცვალა 1966 წლის 1 მარტს, მეცნიერებათა აკადემიაში გამართული დისკუსიის დროს. შესაძლოა, დღეს ბევრს არც კი ახსოვდეს პეტრე ქავთარაძის ღვაწლი, მაგრამ ყველამ იცის, რომელია მისი სახელობის ქუჩა საბურთალოზე.

მარი აშუღაშვილი

გააზიარე: