იუმორი – ფარიც და ხმალიც

გააზიარე:

ჩემი რესურსი

თერაპევტებს აუცილებლად გვჭირდება ჰობი. სხვანაირად გადავიწვებით. ჩემი ჰობი სტენდაპ-კომედია. ბოლო ორი წლის განმავლობაში რამდენიმე ენთუზიასტი ყოველკვირა ვიკრიბებოდით და აუდიტორიის წინაშე გამოვდიოდით. ახლა, კარანტინში, როცა მეკითხებიან, ყველაზე მეტად რა გაკლიაო, არც შოპინგი მახსენდება და არც ფინჯან ყავაზე მეგობრებთან შეხვედრა. ყველაზე მეტად სტენდაპი, ხუმრობა და სხვების მოსმენა მაკლია. ეს იყო ადგილი, სადაც მთელი ჩემი ფსიქოლოგიური “ნაგავი” სცენაზე გამქონდა, იუმორის მეშვეობით ვაუფასურებდი, ერთგვარ კათარზისს განვიცდიდი და, ნეგატივისგან დაცლილი, ლაღად ვატარებდი შაბათ-კვირას. ახლა კი ყველა ჩემი პრობლემა თან დამაქვს და ყოველდღიურ საქმიანობაში ხელს მიშლის.

რა არის იუმორი?

იუმორი, ანუ სასაცილოს გამოხატვისა და აღქმის უნარი, გართობის, უხერხული სიტუაციების განმუხტვის, სოციალური კავშირების განმტკიცების, ორთქლის გამოშვების, ადამიანებისთვის თავის მოწონების ერთ-ერთი ხერხია.

ყველაზე ადვილად რაზე იგება ხელმისაწვდომი ხუმრობები? ეს არის მოლოდინების სასიამოვნო გაცრუება, არსებული სიტუაციის არაწინასწარმეტყველებადი დაბოლოება. მაგალითად: რამდენი თერაპევტია საჭირო ნათურის გამოსაცვლელად? – არცერთი. მთავარია, ნათურას თავად უნდოდეს შეცვლა. ამ კითხვაზე პასუხი, წესით, რიცხვი უნდა იყოს, კითხვაც ხომ ასე დავსვით: “რამდენი?” მაგრამ პასუხი “ცვლილების” მეორე, ნათურასთან დაკავშირებით ნაკლებად მოსალოდნელ მნიშვნელობას ითვალისწინებს.

არასტანდარტული გამოსავალი გვაოცებს და გვაცინებს. იმისთვის, რომ თანამოსაუბრის ხუმრობას მივხვდეთ, აუცილებელია საერთო კულტურული, ასაკობრივი, პოლიტიკური თუ სხვა რეალობა, რათა საწყისი წერტილი, რომლიდანაც ჩვენს ხუმრობაში გადავუხვევთ, საერთო იყოს.

საუკეთესო კომიკოსები სწორედ ამას ეყრდნობიან – ისინი სხვებზე უკეთ გრძნობენ აუდიტორიასთან თანაკვეთის წერტილებს. მეორე მხრივ კი ჩვენ, მსმენელები, ვირჩევთ იმ კომიკოსებს, რომელთა მსოფლმხედველობა ჩვენთვის ნაცნობი და გასაგებია. მაგალითად, მე არასოდეს მოვუსმენ კომიკოს კაცს, რომელიც ქალებზე ღვარძლიანად ხუმრობს, რადგან ჩვენ საერთო რეალობა არ გვაქვს. ასეთი ხუმრობები მე კი არ მაცინებს, მაბრაზებს. მაგრამ, ამავე დროს, სიამოვნებით მოვუსმენ კომიკოს ქალებს, რომლებმაც შესაძლოა იმავე საკითხებზე იხუმრონ – მე ვიცი, რომ საკუთარ თავზე ხუმრობისას ისინი ქალების დამცირებას კი არა, არამედ სერიოზული პრობლემის განმუხტვას ცდილობენ.

შესაბამისად, ხუმრობა ჩაკეტილი, ინტროვერტული მოვლენა არ არის. ის აუცილებლად გულისხობს როგორც იმას, ვინც ხუმრობს, ისე იმასაც, ვინც იცინის. ერთად სიცილი თანაგანცდის, ურთიერთობის, ერთ ემოციურ ტალღაზე ყოფნის საშუალებაა.

იუმორი და ემოციური ინტელექტი

ემოციური ინტელექტი (მას ხშირად EQ-საც უწოდებენ) გულისხმობს ემოციების გაცნობიერებისა და გამოყენების უნარს, რომელიც გვეხმარება, თავი დავაღწიოთ სტრესს, გვქონდეს ეფექტური კომუნიკაცია, ემპათიით მივუდგეთ სხვებს, გადავლახოთ გამოწვევები და უკან მოვიტოვოთ კონფლიქტი. ემოციური ინტელექტის მეშვეობით უფრო მყარ ურთიერთობებს ვაშენებთ.

ემოციური ინტელექტი გულისხმობს:

1. თვითმართვას – ემოციების ჯანსაღად გამოხატვას, ინიციატივის, პასუხისმგებლობის აღებას, ცვლილებებთან ადაპტაციას;

2. თვითგაცნობიერებას – საკუთარი ემოციების შეცნობას, მათი ეფექტის გააზრებას, სუსტი და ძლიერი მხარეების გაგებას;

3. სოციალურ გაცნობიერებას – ემპათიის განცდას, სხვისი ემოციებისა და საჭიროებების გააზრებას, ემოციური მიმანიშნებლების მიხვედრას, ჯგუფში ძალაუფლების განაწილების დინამიკის დანახვას;

4. ურთიერთობების მართვას – ურთიერთობების წამოწყებისა და შენარჩუნების უნარს, მკაფიო კომუნიკაციას, გუნდში მონაწილეობას.

რამდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ მაღალი ემოციური ინტელექტი იუმორთან პოზიტიურ კორელაციაშია. განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიიჩნევა თვითმართვისა და გაცნობიერების უნარი. ამავე დროს, სხვების ემოციების ამოცნობის უნარი ნეგატიურ კორელაციაშია აგრესიულ და თვითდამამცირებელ იუმორთან. პოზიტიური იუმორი სოციალურ კომპეტენციასთანაა კავშირში, მაშინ როდესაც ნეგატიური იუმორის სტილი სოციალურ კომპეტენციასთან უარყოფით კორელაციას ამჟღავნებს. ამრიგად, ემოციური ინტელექტი არა მხოლოდ იუმორის ქონება-უქონლობას განსაზღვრავს, არამედ მისი სხვადასხვა მხარეც კი სხვადასხვანაირ გავლენას ახდენს იუმორის სტილზე, რაზეც ქვემოთ ვისაუბრებთ.

იუმორის უარყოფითი მხარე

იუმორი გვეხმარება, რთული მოცემულობა ოდნავ გავაუფასუროთ, მოვხსნათ თანმხლები სიმძიმე, შევხედოთ შორიდან. ამავე დროს, იუმორი მხოლოდ დადებითი მოვლენა არ არის. იგივე თვისებები გვეხმარება, პრობლემას თავი ავარიდოთ, სირაქლემას პოზიციაში დავრჩეთ და არასოდეს გავუსწოროთ თვალი იმას, რაც სინამდვილეში გვაწუხებს.

ბევრჯერ აღმინიშნავს: რთული პრობლემები (განსაკუთრებით კი ტრავმები) არსად ქრება, მათ დრო არ კურნავს, გამოცდილება ვერ ერევა. მათთან გასამკლავებლად პირველი ნაბიჯი პრობლემის აღიარებაა. აღიარებას კი ხშირად სევდა და ბრაზი მოჰყვება. ადამიანი, რომელსაც სევდისა და ბრაზის გადახარშვის უნარი არ გააჩნია, მუდამ ეცდება, პრობლემის აღიარებას თავი აარიდოს. სწორედ ამაში ეხმარება იუმორი.

შევხვედრივარ ადამიანებს, რომლებიც გამუდმებით ხუმრობენ. რეალობასთან შეუსაბამოდ მხიარულ ხალხს ვგულისხმობ. ეს ჩემთვის პირველი სიგნალია იმისა, რომ მათი ფსიქიკის სიღრმეებში დიდი, გადაუმუშავებელი ტკივილია. ასეთი ქცევის საწყისები კი ხშირად ბავშვობაშიც აღინიშნება.

ბავშვი, რომელსაც დასცინიან, ბულინგის მსხვერპლია, არ არის აღიარებული ან ვერ ერგება კლასში შექმნილ სოციალურ იერარქიას, ხშირად “კლასის მასხარა” ხდება. იმისთვის, რომ სიტუაცია მართოს, სანამ დასცინებენ, ასწრებს სხვებს და თვითონვე დგამს სასაცილო სიტუაციებს. ამგვარად მას ღირებულება ემატება – ის ახლა გამრთობია. “კლასის მასხარა” ხშირად “ურევს”, ხელს უშლის სასწავლო პროცესს, ეკამათება მასწავლებლებს, დასცინის თავისზე სუსტ ბავშვებს და ამ ყველაფრით თანატოლების აღიარებას მოიპოვებს. სინამდვილეში კი ასეთი მოსწავლე ხშირად მოწყვლადი, დაბალი თვითშეფასების მქონე მოზარდია, რომელსაც სხვანიარად თავის დაცვა ვერ წარმოუდგენია.

სერიალ “ფლიბეგში” არის ერთი საინტერესო სცენა: მთავარი პერსონაჟი თერაპევტთან მიდის (სესიას მამა აჩუქებს დაბადების დღეზე, ანუ ეს მისი პირადი არჩევანი არ არის) და ყველანაირად ცდილობს, პირდაპირ კონტაქტს თავი აარიდოს. თავის ის დასაცავად სარკაზმს მიმართავს. თერაპევტი ეკითხება: “რატომ მოხვედი სესიაზე?” “მამაჩემმა მაჩუქა დაბადების დღეზე”, – პასუხობს პერსონაჟი. თერაპევტი იბნევა: “ხუმრობ?” “არა”, – პასუხობს კლიენტი. “მოდი, ხუმრობებისგან თავი შევიკავოთ”, – სთხოვს თერაპევტი. მთავარ გმირს იუმორის ფარი სჭირდება, ამიტომ ამ თხოვნაზეც კი ხუმრობით პასუხობს: “არ ვიცი, შემიძლია თუ არა ეს”.

ფრიც პერლზს, გეშტალტთერაპიის ფუძემდებელს, მიაჩნდა, რომ პირდაპირი კონტაქტისთვის თავის არიდების რამდენიმე გზა არსებობს. ერთი მათგანია მტკივნეულ საკითხზე საუბრისთვის თავის არიდება და ყურადღების სხვა თემაზე გადატანა, ასხლეტა. ამას დეფლექსიას ვუწოდებთ. იუმორი დეფლექსიის დახვეწილი, ხშირად სოციალურად მომგებიანი ფორმაა. თუ ადამიანს ხუმრობა გამოსდის, ის ისე ადვილად გაექცევა მტკივნეულ თემას, რომ თანამოსაუბრე ვერც კი შეამჩნევს.

თუ მოსაწონი, სოციალურად მისაღები ხუმრობა ხშირად სევდას ნიღბავს, სარკასტული, ცივი იუმორი ბრაზის შესანიღბავად გამოიყენება. ირონიულ ადამიანთან ურთიერთობა ნაკლებად სასიამოვნოა, რადგან ის ხშირად გვტკენს. მისი ბრაზი აიძულებს სხვებს, იქამდე ჰკრან ხელი, სანამ თავად მიატოვებს მათ. დახვეწილი “კბენით” ის თანამოსაუბრეზე მაღლა დადგომას, მისით მანიპულაციას, თვითდამკვიდრებას ცდილობს.

დასკვნა

ჰოდა, რა გამოდის? ვიხუმროთ თუ არა? გავექცეთ თუ არა ტკივილს, ბრაზს, სევდას, პრობლემებს? ამაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს.

იუმორით გაქცევა თუ იუმორით თავდასხმა ჩვენი თავდაცვის მექანიზმი, ერთგვარი ადაპტაციური პასუხია. ეს არის ჩვენი იარაღი, გზა, მოვერგოთ სტრესულ, რთულ სიტუაციებს. ის კი არ არის პრობლემა, რომ ამ ხერხს მივმართავთ; პრობლემა ჩნდება მაშინ, როდესაც ამ ხერხს მივმართავთ გამუდმებით, ინტენსიურად, გაუცნობიერებლად და სიტუაციისთვის შეუსაბამოდ.

იუმორსაც, როგორც თავდაცვის ყველა მექანიზმს, აქვს თავისი ადგილი და ფუნქცია. განრიდებისა და გაუფასურების უნარი ზოგ შემთხვევაში აცილებს მოვლენას იმ სიმძიმეს, რომელიც ხელს გვიშლის, რეალურად დავინახოთ ის, შევაფასოთ და ვუპასუხოთ.

სტენდაპ-გამოსვლების დროს ხშირად მისაუბრია იმ თემებზე, რომელთა შესახებ საუბარსაც სხვაგვარად ვერ ვბედავდი, რადგან ეს სერიოზული თემები იუმორის სოუსის ქვეშ ასეთი საშიში აღარ ჩანს. სცენაზე ვიცლებოდი და შემდგომში ამ საკითხებს ნაკლები მღელვარებითა და შიშით ვუყურებდი. კომედია ჩემს ცხოვრებაში შოკური თერაპიის როლს ასრულებდა. ყველას გვაქვს მიუღებელი, უღიარებელი ემოცია. ჩემთვის ეს არა ბრაზი ან სევდა, არამედ შიშია. როდესაც მეშინია, ბევრს ვხუმრობ, ხოლო როდესაც ძალიან მეშინია, სცენაზე გავდივარ. ჩემს ცნობიერებაში ეს ძალიან გაბედული და თამამი ნაბიჯია. მაგრამ, ამავე დროს, საგანგებოდ გამოყოფილი ისეთი სივრცის არსებობა, სადაც ამის გაკეთება შემიძლია, საშუალებას მაძლევს, შიში ყოველდღიურ ცხოვრებაში შემოვუშვა და ხუმრობით არ გადავფარო. ყოველთვის არ გამომდის, მაგრამ ვხედავ, რომ შიშის შიში ნაკლებად მმართავს.

ალბათ, ეს არის გაცნობიერებული იუმორის მაკურნებელი ძალა – შევიმსუბუქოთ ემოციური განცდები, მაგრამ არ გავექცეთ მათ.

რუბრიკას უძღვება ფსიქოთერაპევტი ლიკა ბარაბაძე

გააზიარე: