მომავლის იმედი
გააზიარე:
პანდემიის დაწყებასთან ერთად მთელ მსოფლიოში აგორდა უიმედობის ტალღა, რომელიც დღესაც გრძელდება. შინ თუ გარეთ უამრავი ცვლილება ხდება, მძლავრობს ომის, გაურკვევლობის, მომავლის შიში, განუწყვეტლივ გვიწევს გადაწყვეტილების მიღება, პასუხისმგებლობის აღება, მხარის არჩევა... სად არის ამ ყველაფრის ფონზე იმედი?
იმედის გაზომვა რთულია, კვლევებით და ექსპერიმენტებით მისი გამოვლენა, დაშაქრული ოპტიმიზმისგან გამოცალკევება – კიდევ უფრო რთული, მაგრამ იმედის გარეშე ძნელია, იყო ძლიერი და შეუერთდე ცვლილებებს.
რა არის იმედი?
ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაცია იმედს განმარტავს როგორც პოზიტიური გამოცდილების მოლოდინს ან მოლოდინს იმისა, რომ უარყოფითი სიტუაცია საბოლოოდ დადებით შედეგს მოიტანს. იმედს ოპტიმიზმსაც უკავშირებენ – განცდას, რომ სიკეთე გადაგვხდება, რომ ოცნებები აგვიხდება, რომ უკეთესობისკენ მივდივართ. იმედი განწყობაა, რომელიც მიზნების დასახვასა და მიღწევაში გვეხმარება.
განასხვავებენ იმედის ოთხ ტიპს:
* რეალისტური იმედი – იმედი იმისა, რომ მიზანი რეალისტური და მიღწევადია. მაგალითად, მე იმედი მაქვს, რომ თერაპიის მეშვეობით შემიძლია ტრავმებთან მუშაობა, თუმცა ვაცნობიერებ, რომ ტრავმებისგან სრული განკურნება შეუძლებელია. იმედი მაქვს, რომ მშვიდად ვიცხოვრებ, თუმცა ვაცნობიერებ, რომ სევდა და ბრაზი ცხოვრების ნაწილია და დროდადრო ამ ემოციებსაც განვიცდი.
* უტოპიური იმედი – ეს არის კოლექტიური იმედი, რომ ერთობლივი ძალისხმევით უკეთეს მომავალს მივაღწევთ. მაგალითად, მე ეს იმედი მამოძრავებს, როდესაც რომელიმე საჯარო წამოწყებაში ვებმები.
* იმედი როგორც არჩევანი – იმედი, რომელიც გვეხმარება, თავი გავართვათ ყოველდღიურ გამოწვევებს, რომელიც გაურკვეველ მომავალსა და უსიამოვნო აწმყოსთან გამკლავებაში გვეხმარება. მაგალითად, მე მაქვს იმედი, რომ ჩემი ბლოგი მკითხველს უკეთ დაანახებს იმედის არსს და ეს არის ჩემი დღევანდელი დღის მთავარი აზრი.
* ტრანსცენდენტური იმედი – ეგზისტენციური იმედი, რომელიც კონკრეტულ მიზანს არ არის მიბმული, უბრალოდ რწმენაა, რომ ჩვენს ცხოვრებას აქვს აზრი და, საზოგადოდ, აუცილებლად მოხდება რამე სანუგეშო და სასიკეთო. მაგალითად, მე მეიმედება რომ ადამიანი იპოვის თავის ადგილს ამ სამყაროში და ისწავლის გარემოსთან ჰარმონიაში ცხოვრებას.
რა გავლენას ახდენს იმედი სოციალურ, მენტალურ და ფიზიკურ კეთილდღეობაზე?
დაკვირვებამ აჩვენა, რომ იმედი მხოლოდ განწყობაზე კი არ მოქმედებს, არამედ სრულიად ცვლის ჩვენს ცხოვრებას. იმედიან ადამიანებს უკეთესი აკადემიური მოსწრება აქვთ, უფრო წარმატებული კარიერა, მტკიცე ჯანმრთელობა. მაშასადამე, უბრალოდ უკეთ კი არ გრძნობენ თავს – უკეთ ცხოვრობენ.
ადამიანები, რომლებსაც უკეთესის იმედი აქვთ, უფრო მეტ დროს უთმობენ თავიანთ კარიერას, რადგან სჯერათ, რომ რასაც მოინდომებენ, გამოუვათ. ისინი მეტ ფულს ხარჯავენ ჯანმრთელობაში, რადგან ხშირად ფიქრობენ მომავალზე და სურთ, მას მხნედ შეხვდნენ. ჯანმრთელობა მათთვის ერთ-ერთი რეალისტური მიზანია. გამოდის, რომ იმედიანი ადამიანები აქტიურად ეძებენ გზებს, რათა ისწავლონ მეტი, მეტად მოუარონ საკუთარ თავს, საკუთარ ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას და ფინანსებს.
თუ ადამიანი ხელსაყრელ პირობებში გაიზარდა, თუ თვალწინ იმედიანი ხალხი ჰყავდა, ცუდ ამბავს კატასტროფად კი არა, გამოწვევად აღიქვამს. გაფანტული სკლეროზის ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ იმედიანი პაციენტები უფრო მეტ სამკურნალო მეთოდს მიმართავენ და უფრო აქტიურად ცდილობენ დაავადების მართვას. ისინი არ ნებდებიან და იყენებენ ყველა საშუალებას, რომელზეც ხელი მიუწვდებათ.
იმედიანი ადამიანები ხდებიან უდიდესი მანუგეშებელები, როდესაც ქვეყანაში კრიზისია და ხელის ჩაქნევასა და ცვლილებებისთვის ბრძოლას შორის ვართ გაჭედილები. ისინი გვეხმარებიან, ჩვენს თავშიც ვიპოვოთ ძალა, გვარწმუნებენ, რომ შესაძლებელია განახლება, განვითარება, წინსვლა.
იმედი და მედეგობა
ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაცია მედეგობას აღწერს როგორც თვისებას, რომელიც გვიადვილებს, მოვერგოთ ცხოვრების რთულ მოვლენებს, გვეხმარება მოქნილი ემოციური, ქცევითი და მენტალური მიდგომის შენარჩუნებაში, ცვლილებებთან ადაპტაციასა და ნეგატივთან გამკლავებაში.
იმედის გარეშე ფსიქოლოგიური მედეგობა არ არსებობს. მე უნდა მქონდეს იმედი, რომ გამოწვევების გადალახვა შესაძლებელია, თორემ პრობლემის გადაჭრის გზების ძიებას არ დავიწყებ.
ფსიქოლოგიური მედეგობა ალბათ ყველაზე გამოსადეგი ფსიქოლოგიური მოვლენაა. ის გვეხმარება, ვარდისფერი სათვალით კი არ ვუყუროთ სამყაროს, ილუზიაში კი არ ვიცხოვროთ, რომ ყოველთვის ყველაფერი კარგად იქნება, არამედ გვაძლევს საშუალებას, არ გადავტყდეთ დაბრკოლებებთან შეჯახებისას.
მედეგობის ასამაღლებლად უნდა შევამჩნიოთ და დავეყრდნოთ გარემოში არსებულ რესურსებს, მაგალითად, გავატაროთ დრო ადამიანებთან, რომელთა მხარდაჭერასაც ვგრძნობთ, გვქონდეს ჰობი, რომელიც სიამოვნებას გვანიჭებს, ვიაროთ ადგილებში, რომლებიც გვამშვიდებს.
ამავე დროს, მნიშვნელოვანია, ჩავიხედოთ საკუთარ თავში და დავინახოთ ჩვენი ძლიერი მხარეები, ვაღიაროთ, რომ რაღაცები გამოგვდის, შევაქოთ ჩვენი თავი და დავიჯეროთ, რომ დამსახურებულად გვაქებენ.
იმედი და ტოქსიკური პოზიტიურობა
ტოქსიკური პოზიტიურობა უსიამოვნო გამოცდილების უარყოფას და დაშაქრულ, არარეალისტურ ოპტიმიზმს გულისხმობს. ის საკუთარი და სხვათა ემოციების უგულებელყოფით გამოიხატება. ამ დროს წრფელ ემოციებს პოზიტიური გამონათქვამებით ანაცვლებენ.
პოზიტიურ ტოქსიკურობას მეყსეული შვება მოაქვს, მაგრამ ხანგრძლივ პერსპექტივაში ხელს გვიშლის, ჩავუღრმავდეთ იმას, რაც გვაწუხებს, ამიტომ ვერც გამოსავალს ვპოულობთ და მუდამ იარაზე პლასტირის დაკვრით ვართ დაკავებული.
ტოქსიკური პოზიტიურობა არარეალისტურ იმედთან არის დაკავშირებული. რა თქმა უნდა, ოპტიმიზმი ადამიანების კეთილდღეობაში დიდ როლს ასრულებს, მაგრამ როდესაც რთულ მდგომარეობაში ვართ და თანაგრძნობა გვჭირდება, შეძახილები: “იფიქრე პოზიტიურად”, “ისეთი არაფერი ხდება”, “ყველაფერი შენს ხელშია” და ა.შ., – გამხნევების ნაცვლად დანაშაულის განცდას გვიჩენს, გვაფიქრებინებს, რომ თუ სხვა კუთხით შევხედავთ მოვლენებს, უკეთ ვიქნებით, რომ ჩვენი კეთილდღეობა მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, შესაბამისად, ჩვენივე ბრალია, რომ ის ხელიდან გვეცლება.
დასკვნა
საბოლოო ჯამში, იმედი ის განცდა კი არ არის, რომელიც გკარნახობს, რომ ყველაფერი კარგად იქნება, – ყველაფერი კარგად ვერ იქნება, ეს იმთავითვე მცდარი მოლოდინია, – იმედი ის განცდაა, რომელიც გვეუბნება, რომ მართალია, ყველაფერი კარგად ვერ იქნება, მაგრამ ცხოვრება გრძელდება. მეტიც: ის, რომ ყველაფერი კარგად ვერ იქნება, ცხოვრების ნაწილია, რომელიც გვზრდის და გვავითარებს.
ახლაც, როდესაც გარეთ ასეთი ხმაურიანი გაზაფხულია, რჩება იმედი, რომ ეს ხმაური ამაოდ არ ჩაივლის.
რუბრუკას უძღვება ფსიქოთერაპევტი ლიკა ბარაბაძე