ორსულობის პიკა - გაუკუღმართებული გემოვნება

გააზიარე:

ორსულობის დროს მადა და გემოვნება თითქმის ყველა ქალს ეცვლება. ეს ცვლილებები, როგორც წესი, ჰორმონული ხასიათისაა. ჰორმონების გავლენით ორსულები მგრძნობიარენი ხდებიან სუნებისა და გემოების მიმართ, უჩნდებათ უცნაური სურვილი, ერთი შეხედვით შეუსაბამო გემოები ერთმანეთს შეუთავსონ. ეს არ არის საშიში, ვიდრე ორსული დაბალანსებულად იკვებება და თავისთვის და განვითარებადი ნაყოფისთვის საჭირო რაოდენობის კალორიებს იღებს.

პრობლემა მაშინ წარმოიშობა, როცა ქალს საკვებად უვარგისი ნივთიერებების ჭამა უნდება.

გაუკუღმართებული გემოვნება

არასაკვები ნივთიერებების მიმართ ლტოლვას და მათ მოხმარებას პიკა ეწოდება.

“პიკა” ლათინური სიტყვაა და ქართულად კაჭკაჭს ნიშნავს, ეს ფრინველი კი ცნობილია ლტოლვით კვების ქცევებით – თითქმის ყველაფერს ჭამს.

პიკაა, როდესაც ადამიანს უნდება ყინულის, მიწის, სარეცხი საპნის, სახამებლის, ასანთის თავების, თმის, ნაცრის, კენჭების, ცარცის, ნახშირის, ტუალეტის ქაღალდის, ყავის ნალექის, ტალკის, საღებავის ჭამა.

ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციის დასკვნის თანახმად, ასეთი ქცევა ერთი თვე მაინც უნდა გაგრძელდეს, რომ ის პიკად განიხილონ.

პიკა შეიძლება დაიწყოს ორსულობის ნებისმიერ ეტაპზე, მაგრამ ყველაზე ხშირად პირველ ტრიმესტრში იჩენს თავს.

ისტორია

პიკა პირველად ჰიპოკრატემ აღწერა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 400 წელს როგორც "კვების დარღვევა ჩვილ ასაკსა და ადრეულ ბავშვობაში", თუმცა დროთა განმავლობაში ყველა ასაკის ადამიანებისთვის დაიწყეს პიკას დიაგნოზის დასმა.

XVI-XX საუკუნეებში პიკა სხვა დარღვევების სიმპტომად უფრო განიხილებოდა, ვიდრე დამოუკიდებელ, სპეციფიკურ აშლილობად. საინტერესოა, რომ ზოგიერთი ხალხისთვის ის კულტურის ნაწილია – სამკურნალო მეთოდი ან საკულტო ცერემონიების ელემენტი.

კულტურული პიკა

* ლათინური ამერიკის მოსახლეობაში გავრცელებულია აზრი, რომ გეოფაგია ამცირებს ზოგიერთი დაავადების რისკს, ამასთან, უზრუნველყოფს დედის რძის ადეკვატურ რაოდენობასა და ხარისხს. ზოგან სწამთ, რომ მიწის ჭამა ნაყოფს ავი თვალისგან იცავს.

* ესპანეთში, ესტრემადურას პროვინციაში, არის ქალწულ გვადალუპეს ტაძარი, სადაც წმინდანის ფიგურა თიხაშია გამოსახული. ადგილობრივ მოსახლეობას სწამს, რომ ეს თიხა წმინდაა და მისი ჭამისას ადამიანზე კურთხევა გადმოდის. ორსულები საგანგებოდ მიდიან ნაკურთხი თიხის საჭმელად – სჯერათ, რომ ეს ორსულობის მიმდინარეობას ამსუბუქებს და მშობიარობას აადვილებს.

* ნიგერიაში სწამთ, რომ დედამიწის ღვთაება ნიადაგში ცხოვრობს, ამიტომ ორსულობისას მიწის ჭამა გავრცელებული პრაქტიკაა, იმის იმედით, რომ დედამიწის ღვთაება, როგორც ყველა ცოცხალი არსების მშობელი, მომავალ დედას და ნაყოფს ყოველგვარი ბოროტებისგან დაიცავს.

* ინდოეთში პიკას მიხედვით ნაყოფის სქესს წინასწარმეტყველებენ.

* ზოგიერთ ხალხში არსებობს რწმენა, რომ თუ ქალმა თავისი სურვილები უგულებელყო, ნაყოფი შესაძლოა ავადმყოფი, ხეიბარი დაიბადოს.

* ზოგიერთ კულტურაში მიიჩნევა, რომ გეოფაგია ქალს თავიდან აცილებს რეპროდუქციულ პრობლემებს, ამცირებს მენსტრუალურ ტკივილს. 

მიზეზები

პიკას ეტიოლოგია ჯერჯერობით უცნობია. ვარაუდობენ, რომ ის განსაზღვრული ნივთიერებების (რკინა, თუთია, კალციუმი, B ჯგუფის ვიტამინები) უკმარისობასთან არის ასოცირებული, თუმცა ისიც ფაქტია, რომ პიკა პრაქტიკულად ჯანმრთელ ადამიანებშიც გვხვდება.

პიკას ყველაზე ხშირ მიზეზად ანემიაა მიჩნეული, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველას, ვისაც ანემია აქვს, საკვებად უვარგისი ნივთიერებებისკენ მიუწევს გული.

მეცნიერები დიდი ხანია ცდილობენ, იპოვონ ლოგიკური კავშირი არასაკვები ნივთიერებისადმი ლტოლვასა და რომელიმე ელემენტის დეფიციტს შორის, მაგრამ ჯერჯერობით ვერავითარი კანონზომიერება ვერ აღმოაჩინეს.

პიკას შემთხვევების მცირე ნაწილი ფსიქიკურ დარღვევებთან: შიზოფრენიასთან, ობსესიურ-კომპულსიურ აშლილობასა და ნერვულ ანორექსიასთან – ასოცირდება.

ორსულობისას პიკას განვითარებას შემდეგი მიზეზებით ხსნიან:

* ორგანიზმი სათანადო რაოდენობით ვერ იღებს საკვებ ნივთიერებებს. ორსულობის პერიოდში თითქმის ყველა საკვები ნივთიერების მოთხოვნილება გაზრდილია – საკვები სჭირდება როგორც დედას, ისე მზარდ ნაყოფს.

* ორსულთა ტოქსიკოზის – გულისრევისა და პირღებინების – შედეგად დედის ორგანიზმი სათანადოდ ვერ იწოვს საკვებ ნივთიერებებს და ორგანიზმში მათი დეფიციტი წარმოიშობა.

* მნიშვნელოვან ფაქტორებად მიიჩნევა მინერალების თავდაპირველი ნაკლებობა, დედის მცირე წონა და არასრულფასოვანი კვება.

ზოგიერთი მეცნიერი კულტურულ ფაქტორებზეც ამახვილებს ყურადღებას: ცრურწმენები უბიძგებს ორსულს, საკვებად უვარგისი ნივთიერებები მიირთვას. 

პიკას ტიპები

იმისდა მიხედვით, რომელ არასაკვებ ნივთიერებებს ანიჭებს უპირატესობას ადამიანი, გამოყოფენ პიკას სამ ძირითად ტიპს: გეოფაგიას, ამილოფაგიას

და პაგოფაგიას.

გეოფაგია გულისხმობს უპირატესად მიწის, ხის მერქნის, თიხის და სხვა მსგავსი წარმოშობის ნივთიერებების ჭამას.

ამილოფაგია უმი სახამებლის (სიმინდის სახამებლის, სამრეცხაო სახამებლის, უმი ბრინჯის, ფქვილის) ჭამაა.

პაგოფაგია კი დიდი რაოდენობით ყინულის ჭამას ეწოდება.

თუმცა არის ისეთი შემთხვევებიც, როცა ორსული არა რომელიმე ერთი, არამედ სხვადასხვა სახის რამდენიმე სუბსტრატისკენ მიილტვის.

საინტერესოა, რომ ხშირად ორსულებს ამა თუ იმ არასაკვები ნივთიერების დაგემოვნებისკენ მათი სუნი, ფერი, სტრუქტურა და სხვა მახასიათებლები უბიძგებთ.

რა საფრთხე ახლავს პიკას

არასაკვები ნივთიერებების ჭამამ შესაძლოა გამოიწვიოს მოწამვლა, პარაზიტული ინფექცია, გაუვალობა, დახრჩობა.

პიკას გართულებათა კლასიფიცირებაც ნივთიერების ტიპის მიხედვით ხდება:

* გეოფაგიამ – მიწისა და თიხის ჭამამ – შესაძლოა გამოიწვიოს ყაბზობა, ინფექცია, პარაზიტებით დასნებოვნება, ჰიპოკალიემია მიოპათიით და კვების დეფიციტი (ეს იმით აიხსნება, რომ არასაკვები პროდუქტები დანაყრების შეგრძნებას იწვევს, შიმშილის შეგრძნება ქრება და ქალს სხვა საკვების მიღება აღარ უნდება). არც ტყვიით მოწამვლაა გამორიცხული.

* პაგოფაგიამ – ყინულის ჭამამ – შესაძლოა რკინის დეფიციტამდე მიგვიყვანოს, განსაკუთრებით – ორსულობისას, გამოიწვიოს კარიესი და კბილების მგრძნობელობის მომატება.

* ამილოფაგიას კი რკინის დეფიციტამდე მივყავართ. მოსალოდნელია სისხლში გლუკოზის დონის აწევა (ჰიპერგლიკემია) და სიმსუქნეც, ვინაიდან სახამენელი ნახშირწყლების მდიდარი წყაროა.

ზოგიერთი ნივთიერება შეიცავს ტოქსიკურ კომპონენტებს, მაგალითად, ტყვიას, ვერცხლისწყალს, დარიშხანს, ფთორს. ასეთ ნივთიერებებს, ბუნებრივია, შინაგანი ორგანოების დაზიანება, მათი ფუნქციის დარღვევა შეუძლია. მაგალითად, ტყვიის სიჭარბე კრუნჩხვებს იწვევს.

რით ვნებს პიკა ნაყოფს

ორსულობის დროს პიკა ერთიორად სახიფათოა, ვინაიდან დედასთან ერთად ნაყოფსაც ვნებს. მაგალითად, ტყვიით მოწამვლა უდიდეს ზიანს აყენებს მის ნერვულ სისტემას და ინვალიდობას იწვევს, გეოფაგიის შედეგად კი ბავშვებს ხშრად აღენიშნებათ მოტორული ფუნქციის შეფერხება.

პროგნოზი

როცა პიკა ჰორმონული ცვლილებებით არის გამოწვეული, ის უმეტესად ორსულობასთან ერთად ქრება (ზოგჯერ ლოგინობის ხანაშიც გასტანს). როცა ის რომელიმე ნივთიერების დეფიციტით არის განპირობებული, ამ დეფიციტის აღმოფხვრის გარეშე მშობიარობის შემდეგ ის შესაძლოა გაძლიერდეს კიდეც.

მკურნალობა

პიკას მკურნალობისას, ორსულებთან თუ არაორსულებთან, მიდგომა ინდივიდუალურია, ვინაიდან მტკიცებულებებზე დაფუძნებული რეკომენდაციები არ არსებობს.

აუცილებელია მიღებული ნივთიერების იდენტიფიკაცია. ამასთან ერთად, უნდა გაირკვეს, კვების ეს დარღვევა სტრესული ფაქტორით ხომ არ არის განპირობებული.

ამის შემდეგ იწყება მუშაობა ლტოლვის გამომწვევი მიზეზის აღმოსაფხვრელად (მაგალითად, თუ პიკა რომელიმე ნივთიერების დეფიციტით არის გამოწვეული – მის შესავსებად), მავნე ნივთიერებების ზემოქმედების შესამცირებლად ან ჯანსაღი ალტერნატივით მათ ჩასანაცვლებლად.

მკურნალობა მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული ქალის მოტივაციასა და ექიმისადმი ნდობაზე. იმავდროულად, ექიმს უნდა ახსოვდეს, რომ ოჯახური ან კულტურული ტრადიციები ხშირად საზოგადოდ მიღებულ სტანდარტებზე ძლიერია და ყურადღებით იყოს, რომ სოციალური გარემოს გავლენამ ხელი არ შეუშალოს პაციენტს მისი რეკომენდაციების შესრულებაში.

სესილი ცირეკიძე

გააზიარე: