საშიში ინფექციები

გააზიარე:

 

ასიდან 3-5 ფიზიოლოგიური ორსულობა თანდაყოლილი დეფექტის მქონე ბავშვის დაბადებით სრულდება, რაც იმას ნიშნავს, რომ პრობლემისგან დაზღვეული არავინ არის, თუმცა არსებობს ფაქტორები, რომლებიც რისკს საგრძნობლად ზრდის. მათ შორის პირველი ადგილი ინფექციებს უკავია.

თანდაყოლილ ინფექციას ყურადღება პირველად 1941 წელს მიაქციეს, როდესაც ნორმან გრეგმა თანდაყოლილი წითურას სინდრომი აღწერა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ორსულობისას დედის მიერ გადატანილ ინფექციასა და ნაყოფის დეფექტს შორის კავშირი აღმოაჩინეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ ნაყოფის დაზიანება სხვა ინფექციურ დაავადებებსაც შესძლებია. დღეს ინფექციები ახალშობილთა სიკვდილობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად მიიჩნევა.

ორსულობისთვის საშიშ ინფექციებს TORCH აბრევიატურით აღნიშნავენ. ეს აბრევიატურა აერთიანებს ტოქსოპლაზმას, წითურას, ციტომეგალოვირუსსა და ჰერპესვირუსს (ბოლო დროს სამედიცინო ლიტერატურაში გვხვდება აბრევიატურა TORCH-იც, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილ დაავადებებთან ერთად სიფილისსა და ენტეროვირუსსაც მოიცავს). რა საერთო აქვს ამ ინფექციებს? ის, რომ მათი უმეტესობა შეუმჩნევლად მიმდინარეობს და ნაყოფზე ესოდენ მძიმე გავლენა რომ არა, შესაძლოა, ვერც კი გაგვეგო, რომ ავად ვართ.

მოდი, უფრო ახლოს გავიცნოთ თითოეული მათგანი.

 

ტოქსოპლაზმა

ტოქსოპლაზმოზი პარაზიტული დაავადებაა, რომელსაც უჯრედშიდა პარაზიტი თოხოპლაზმა Gონდიი იწვევს. გამომწვევი გამძლეობით გამოირჩევა, ნიადაგში მოხვედრისას მკვრივ გარსს იკეთებს და ასე თვეობით შეუძლია იცოცხლოს, ამიტომ ტოქსოპლაზმოზი საკმაოდ გავრცელებული ინფექციაა, თუმცა მის შესახებ მოსახლეობამ ცოტა რამ იცის, ვინაიდან არაორსულებთან უწყინარი მიმდინარეობით გამოირჩევა. თანდაყოლილი ტოქსოპლაზმოზით დაბადებული ბავშვების დედები ხშირად ვერც კი იხსენებენ, გადაიტანეს თუ არა ორსულობისას რაიმე ინფექცია.

 

საშიში კატები

ტოქსოპლაზმოზის გავრცელებაში მთავარი წვლილი კატებს მიუძღვით, რომლებიც, თავის მხრივ, მღრღნელებისა და ფრინველებისგან ინფიცირდებიან. ინფიცირებიდან სამი კვირის განმავლობაში კატები ფეკალიებთან ერთად მილიონობით პარაზიტს გამოყოფენ. ვინაიდან ეს ცხოველები ექსკრემენტებს ყუთში ან მიწაზე ტოვებენ, დასნებოვნების ყველაზე გავრცელებული გზა სანაგვისა და ნიადაგის შიშველი ხელებით შეხებაა. ნიადაგს ეხება ხილ-ბოსტნეულიც, ამიტომ ინფექციის წყაროდ ისიც შეიძლება გვექცეს, თუ ჭამამდე ძალიან კარგად არ გავრეცხეთ.

თუ ტოქსოპლაზმოზი დაორსულებამდე გადაიტანეთ, თქვენს შვილს თქვენივე იმუნიტეტი დაიცავს, მაგრამ თუ ორსულობისას ან დაორსულებამდე მცირე ხნით ადრე დაგემართათ, შესაძლოა, ინფექცია ნაყოფსაც გადასდოთ, ამიტომ ექსპერტები მოგვიწოდებენ, ინფიცირებიდან ექვსი თვის განმავლობაში დაორსულებისგან თავი შევიკავოთ.  სამწუხაროდ, ავადმყოფობისას არაფერი შეგაწუხებთ, რაც ტოქსოპლაზმოზის გამოვლენას ერთიორად გაართულებს. დაავადების ნიშნები დაბადების მომენტისთვის ინფიცირებულ ახალშობილთა უმეტესობასაც არ აღენიშნება. ისინი მოგვიანებით იჩენს თავს. ზოგი მათგანი ძალზე მძიმეა: სიბრმავე, გონებრივი ჩამორჩენილობა...

 

რა ვუყოთ შინაურ ცხოველს?

თუ კატა უკვე გყავთ და მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოგიდგენიათ, მაგრამ უკვე ხართ ორსულად ან მომავალში აპირებთ შვილის გაჩენას, შემდეგი წესების დაცვა მოგიწევთ:

* საკუთარი ხელით ნუ გამოუცვლით კატას ტუალეტს (ყუთის სპეციალურ შიგთავსს). გამოუვალი აუცილებლობის შემთხვევაში გამოიყენეთ ერთჯერადი (!) ხელთათმანები. მერე კი ხელები საპნითა და თბილი წყლით დაიბანეთ.

* თვალყური ადევნეთ, რომ ყუთის შიგთავსი ყოველდღე ცვალონ – პარაზიტი განავალში მოხვედრიდან რამდენიმე დღის შემდეგ არის საშიში.

* აჭამეთ კატას ხარისხიანი საკვები, არ მისცეთ უმი ხორცი.

* ერიდეთ მაწანაწალა კატებს, ორსულობის დროს ახალი კატა არ აიყვანოთ.

* ნიადაგთან კონტაქტის დროს ხელთათმანები ჩაიცვით.

 

წითურა

ჩამოთვლილთაგან ყველაზე უკეთ ალბათ ვირუსთა ოჯახის ამ წარმომადგენელს იცნობთ. მაინც შეგახსენებთ, რომ წითურა ვირუსული ინფექციაა, რომელიც ტემპერატურითა და გამონაყარით მიმდინარეობს. დაავადება ჰაერწვეთოვანი გზით გადაედება – ავადმყოფი მას ხველებისა და ცემინების დროს გამოყოფს. საშიშია საზიარო ჭურჭლის გამოყენებაც, ვინაიდან მასზე ავადმყოფის ნერწყვი ხვდება ან ავადმყოფი თავად ეხება მას ვირუსით დაბინძურებული ხელებით. ინფექცია გადამდებია პირველი სიმპტომების გამოვლენამდე 10 დღისა და გამოვლენიდან 2 კვირის განმავლობაში.

ეს ერთი შეხედვით უწყინარი დაავადება ორსულობისას ნამდვილ მკვლელად იქცევა. თუ ორსულს წითურა შეხვდა, შესაძლოა ბავშვი თანდაყოლილი წითურას სინდრომით დაიბადოს. ეს სინდრომი აერთიანებს:

* მხედველობის დაკარგვას;

* გულის პრობლემებს;

* მიკროცეფალიას (ნორმაზე პატარა თავის ტვინს);

* ზრდა-განვითარებით ჩამორჩენას;

* სმენის დაკარგვას.

 

როგორ ავიცილოთ თავიდან გართულებები

სამწუხაროდ, დაავადების მკურნალობის სპეციფიკური მეთოდი არ არსებობს, ამიტომ უკვე ჩამოყალიბებული ინფექციის წინააღმდეგ მედიცინა უძლურია. სამაგიეროდ, შეუძლია მისი პრევენცია. უკვე წლებია, კომბინირებული წწყ (წითელა-წითურა-ყბაყურას) ვაქცინა მილიონობით ბავშვს (და, შესაბამისად, მომავალ დედას) იცავს ამ ინფექციის მძიმე შედეგებისგან. ვაქცინა ცოცხალი, მაგრამ დასუსტებული ვირუსების ნარევია. ის იმუნიტეტს ანტსხეულების გამომუშავებისკენ უბიძგებს. ანტისხეულები სამუდამოდ რჩება ორგანიზმში და წითურას გამომწვევს გამრავლების საშუალებას არ აძლევს.

ვინაიდან ვაქცინა ცოცხალ ვირუსებს შეიცავს, ორსულობისას მისი გაკეთება რეკომენდებული არ არის, ამიტომ ნუ დაიზარებთ – დაორსულებამდე გამოიკვლიეთ თქვენი სტატუსი, შეამოწმეთ, გაქვთ თუ არა სისხლში წითურას საწინააღმდეგო ანტისხეულები. დადებითი პასუხი ან ბავშვობაში გადატანილ ინფექციაზე, ან ადრე ჩატარებულ იმუნიზაციაზე მიუთითებს. თუ ანტისხეულები არ აღმოგაჩნდათ, აუცილებლად გაიკეთეთ აცრა, ოღონდ გახსოვდეთ, რომ იმუნიზაციიდან 28 დღის განმავლობაში ექიმები დაორსულებისგან თავის შეკავებას გვრიჩევენ.

საბედნიეროდ, წითურა მყარ იმუნიტეტს ტოვებს, ამიტომ, თუ უკვე გადაიტანეთ, ორსულობისას საფრთხე აღარ გემუქრებათ.

 

ციტომეგალოვირუსი

ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ციტომეგალოვირუსი ვირუსია. ის ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეიძლება შეხვდეს, მაგრამ ყველაზე მეტად ბავშვებს ერჩის. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, მოზრდილთა დაახლოებით ნახევარი 40 წლამდე უკვე ინფიცირებულია. ორგანიზმში მოხვედრილი ვირუსი სამუდამოდ რჩება იქ, თუმცა იმუნურ სისტემას ის “მკაცრ კონტროლზე ჰყავს აყვანილი”, ამიტომ ციტომეგალოვირუსით ინფიცირებულთა უმეტესობა არაფერს უჩივის და არც კი იცის, რომ მათ მიკრობიომაში ერთით მეტი სახეობის მიკრობი ბინადრობს.

ციტომეგალოვირუსი ადამიანს შესაძლოა გადაედოს ინფიცირებულის ნერწყვის, სპერმის, ვაგინალური სითხის, სისხლის, შარდის, ცრემლის, ფეკალიის, რძის მეშვეობით, ნაყოფს – მუცლად ყოფნის პერიოდში ინფიცირებული დედისგან. თუ ამ ყველაფერს იმასაც დავუმატებთ, რომ უმეტესად თავად ინფიცირებულმაც არ იცის თავისი სტატუსი, ინფექციისგან თავის დაცვა საკმაოდ ძნელი მოგვეჩვენება და ასეც არის. ვინაიდან ინფექცია უპირატესად ბავშვებთან გვხვდება, დასნებოვნების რისკი უფრო მაღალი აქვთ ქალებს, რომლებიც ბავშვთა მოვლის დაწესებულებებში მუშაობენ ან სხვა მიზეზით პატარებთან ხშირი კონტაქტი უწევთ. საბედნიეროდ, ინფექცია მამისგან ნაყოფს არ გადაეცემა.

 

როგორ ავიცილოთ თავიდან

დაავადების პრევენციის სპეციფიკური მეთოდი (ვაქცინაცია), სამწუხაროდ, არ არსებობს. არც ისეთი საშუალება აღმოუჩენიათ, რომელიც სრულყოფილად აღმოფხვრის ციტომეგალოვირუსული ინფექციის გართულებებს (თუმცა არსებობს მონაცემები, რომ ანტივირუსული პრეპარატები ახალშობილებთან ამცირებს შორეული გართულებების რისკს). ამრიგად, მთელი ძალისხმევა ჰიგიენისკენ უნდა მივმართოთ. ხშირად იბანეთ ხელები, განსაკუთრებით – საფენის გამოცვლის, შარდთან, ნერწყვთან ან განავალთან კონტაქტის შემდეგ. ბავშვის კოცნისას მოერიდეთ ნერწყვთან შეხებას. ნუ გამოიყენებთ საზიარო ჭურჭელს, საკვებს, სასმელს.

 

როგორ ვლინდება

დაავადების დიაგნოზს სისხლის ანალიზის საფუძველზე სვამენ. საუკეთესო შემთხვევაში, ეს ანალიზი დაორსულებამდე უნდა ჩაიტაროთ. თუ ინფექცია ორსულობისას აღმოგიჩნეს, უნდა გაირკვეს, ახალია ის (პირველადი) თუ ძველი (მორეციდივე). თუ ციტომეგალოვირუსით ქალი ორსულობისას დასნებოვნდა, ნაყოფის ინფიცირების რისკი 30-50%-ს შეადგენს. დაბადების შემდეგ სიმპტომები ამ ბავშვების 10-15%-ს გამოაჩნდება. ეს სიმპტომებია წითელი ლაქები კანზე, კრუნჩხვები, ღვიძლის, თვალის პრობლემები. ზოგჯერ ავადმყოფობის ნიშნები რამდენიმე კვირაში ან რამდენიმე თვეში უკუვითარდება, მაგრამ არც ის არის გამორიცხული, დამძიმდეს და საქმე შორეულ გართულებებმდე – სმენის დაკარგვამდე, გონებრივ ჩამორჩენილობამდე, მხედველობის დაქვეითებამდე მივიდეს.

ციტომეგალოვირუსული ინფექციით დაბადებულ ახალშობილთა 85%-ს დაბადებისას არაფერი ეტყობა. მათ უმეტესობას არც მომავალში ექნება პრობლემა, მაგრამ 10-იდან 1 ბავშვს (რომელიც დაბადების მომენტისთვის ჯანმრთელი ჩანდა) შორეული სიმპტომები უვითარდება.

თუ ორსულობამდეც გქონდათ ციტომეგალოვირუსული ინფექცია, ორსულობისას კი რეციდივი გაგივითარდათ, ნაყოფისთვის მისი გადაცემის ალბათობა გაცილებით ნაკლებია – 1% და უფრო დაბალიც კი. დაბადებისას ამ ბავშვების მაქსიმუმ 10%-ს ექნება დაავადების სიმპტომები, თუმცა შორეული შედეგები დაბადებისას სიმპტომების არმქონეთა 10-15%-თან მაინც იჩენს თავს.

მაშასადამე, ციტომეგალოვირუსული ინფექცია მყარ იმუნიტეტს არ ტოვებს. მისი რეციდივიც საშიშია, თუმცა პირველად ინფექციაზე ნაკლებად. ისიც გაითვალისწინეთ, რომ ნაყოფის ინფიცირების თვალსაზრისით მნიშვნელობა არ აქვს, ორსულობის რა ვადაზე გამოგაჩნდათ პირველადი თუ მორეციდივე ინფექცია. თანდაყოლილი ციტომეგალოვირუსი ბავშვების 0.2-2.5%-ს აღენიშნება.

 

ნაყოფის დიაგნოსტიკა

თუ ორსულობისას ციტომეგალოვირუსული ინფექცია დაგიდასტურდათ, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ნაყოფიც ინფიცირებულია. ამის დასადგენად ამნიოცენტეზი ტარდება: იღებენ  ცოტაოდენ სანაყოფე სითხეს და ვირუსის შემცველობაზე ამოწმებენ. ინფექციის ზოგიერთი ნიშანი: ზრდის შეფერხება, მიკროცეფალია, – ულტრასონოგრაფიითაც ვლინდება, მაგრამ ექოსკოპიით ცვლილებების აღმოჩენა უმეტესად შეუძლებელია. მისი დიაგნოსტიკისთვის ახალშობილის შარდს, სისხლსა და ნერწყვს ამოწმებენ. ეს კვლევა დანამდვილებით აჩვენებს, აქვს თუ არა ბავშვს ციტომეგალოვირუსული ინფექცია.

 

და ისევ ჰერპესი

ჰერპესის ხსენებისას უწინარესად ტუჩის კუთხესთან გაჩენილი არცთუ სასიამოვნო შესახედაობის ბუშტუკი წარმოგვიდგება თვალწინ. ასეთი ბუშტუკები შესაძლოა სხეულის სხვა ნაწილებზეც გაჩნდეს. წარმოიდგინეთ, რა უსიამოვნო იქნება, თუ ვირუსმა თქვენს გენიტალიებზე დაიდო ბინა. არადა, ასეთი რამ არცთუ იშვიათია. მაგალითად, აშშ-ში ყოველ მეხუთე ქალს ეს პრობლემა აწუხებს.

გენიტალური ჰერპესს უმეტესად მეორე ტიპის ჰერპესვირუსი იწვევს. პირველი ტიპის ვირუსისგან განსხვავებით (რომელიც ტუჩზე გამონაყარით ვლინდება), ის სქესობრივი გზით ვრცელდება და შეიძლება გადმოგედოთ როგორც ვაგინალური, ისე ანალური ან ორალური სექსის დროს, იშვიათად კი – სექსის გარეშეც. იმ ადგილას, საიდანაც ვირუსი ორგანიზმში შეიჭრა, წითელი ბუშტუკები წარმოიშობა, მერე იზრდება, სკდება და მტკივან წყლულებს ტოვებს.

ბუშტუკების თხევადი შიგთავსი გამომწვევს შეიცავს, ამიტომ თუ დაავადებულის წყლულს შეეხეთ, კანზე კი იმ ადგილას, მაგალითად, მოუშუშებელი ჭრილობა ან ნაკაწრი გაქვთ, ვირუსი თქვენც გადმოგედებათ. ამავე გზით ინფექცია შესაძლოა სხეულის ერთი ადგილიდან მეორეზე გაავრცელოთ, მაგალითად, ტუჩზე გაჩენილ ბუშტუკზე ხელი მოიკიდოთ, მერე კი თვალები მოიფშვნიტოთ, ამიტომ გირჩევთ, ბუშტუკის შეხებისთანავე დაიბანოთ ხელები.

დედისგან ნაყოფის ინფიცირება სამი გზით შეიძლება მოხდეს:

* მშობიარობამდე (საშვილოსნოსშიდა ჰერპესი). ინფექციის ეს ფორმა იშვიათია.

* მშობიარობის დროს (თანდაყოლილი ჰერპესი). ეს ინფექციის ყველაზე გავრცელებული ფორმაა. შესაძლოა, ნაყოფი საშოს გაუვლელადაც დაინფიცირდეს, მაგალითად, მაშინ, თუ ამნიონური ბუშტი მშობიარობამდე გასკდა. აქტიური ინფექციის დროს რეკომენდებულია საკეისრო კვეთის ჩატარება – ეს ნაყოფს მშობიარობისას ინფიცირებისგან დაიცავს.

* დაბადების შემდეგ, მაგალითად, მაშინ, თუ ახალშობილს პირველი ტიპის ჰერპესით ინფიცირებულთან კონტაქტი მოუხდა.

თუ ჰერპესით ორსულობის მე-12 კვირამდე დაინფიცირდით, გართულებების ალბათობა 50-70%-ია, თუ უკვე არსებული ინფექცია გაგიმწვავდათ – ათჯერ ნაკლები. თუ ორსულობისას ინფექცია საერთოდ არ გამწვავდა, არც საფრთხე დაგემუქრებათ, მაგრამ ვინაიდან ორსულობა ფიზიოლოგიურ იმუნოსუპრესიას (იმუნური სისტემის დათრგუნვას) იწვევს (რაც ჰერპესის გამწვავების საუკეთესო პირობაა), ასეთი რამ ნაკლებმოსალოდნელია.

 

როგორ ამოვიცნოთ

ჰერპესის ნიშნები ინფიცირებიდან ორი კვირის განმავლობაში იჩენს თავს. მიმართეთ ექიმს, თუ უჩივით:

* სხეულის ტკივილს;

* შარდვის დროს წვას;

* ბუშტუკებს ან წყლულებს სასქესო ორგანოების, პირის ან ანუსის მიდამოში;

* გამონაყარს, ქავილს სასქესო ორგანოების ან ანუსის მიდამოში;

* ძლიერ დაღლილობას;

* ტემპერატურას;

* გულისრევას;

* საშოდან გამონადენს ან სისხლდენას.

ნურც იმას დაივიწყებთ, რომ ეს ინფექციაც უმეტესად უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

 

რას ველოდეთ

გენიტალურმა ჰერპესმა შესაძლოა გამოიწვიოს თვითნებური აბორტი, ნაადრევი მშობიარობა, ნაყოფის სიმახინჯეები. ნაყოფს ყველაზე ხშირად თავის ტვინი და თვალები უზიანდება. თანდაყოლილ ჰერპესს ახასიათებს: ფილტვებიდან სისხლდენა, სუნთქვის გაძნელება, ციანოზი, სუნთქვის გახშირება, კომა, სიყვითლე, შოკი, მიკროცეფალია, გულის მანკი, ცერებრული დამბლა, ეპილეფსია, სიყრუე, სიბრმავე. მეორე ტრიმესტრში გართულებების განვითარების ალბათობა იკლებს, მესამეში კი კვლავ აქტუალური ხდება.

თუ ჰერპესი ხშირად გიმწვავდებათ, დაორსულებამდე ექიმმა შესაძლოა ანტივირუსული საშუალებები დაგინიშნოთ, რათა თავიდან აგაცილოთ ორსულობისას ინფექციის რეციდივი.

 

დიაგნოსტიკური ლაბირინთი

როგორც აღვნიშნეთ, თOღჩH ინფექციების სადიაგნოზოდ სისხლში მიკრობების საწინააღმდეგო ანტისხეულების შემცველობას საზღვრავენ. ამ ანტისხეულებს იმუნური სისტემა გამომწვევების დასამარცხებლად გამოიმუშავებს. ანტისხეულები სხვადასხვა ტიპისაა. სწორედ მათი ტიპის მიხედვით ადგენენ, ინფექცია მწვავეა თუ ქრონიკული. ანალიზის პასუხი პოზიტიური ან ნეგატიური იქნება, რაც ანტისხეულების არსებობას ან არარსებობას გულისხმობს. ნეგატიური შედეგი იმაზე მეტყველებს, რომ ინფექცია ორგანიზმში არ არის და არც ყოფილა, მაგრამ თუ ექიმი მაინც ეჭვობს, რომ რომელიმე თOღჩH ინფექციასთან აქვს საქმე, ნეგატიური პასუხის შემთხვევაში დამატებით კვლევას დაგინიშნავთ. დადებითი პასუხი, დიდი ალბათობით, ინფექციაზე მეტყველებს, თუმცა დიაგნოზის დასადასტურებლად უფრო სპეციფიკური კვლევაა აუცილებელი. ამასთან, ანტისხხეულების გამომუშავებას გარკვეული ხანი სჭირდება და ამ პერიოდში ანალიზის გაკეთებას აზრი არ აქვს – ცრუ უარყოფით შედეგს მიიღებთ. ამიტომ არის, რომ ანტისხეულებზე კვლევა უფრო და უფრო ნაკლებაქტუალური ხდება და ასპარეზს უთმობს უფრო სპეციფიკურ მეთოდებს: თავად ანტიგენების გამოვლენას და მიკროორგანიზმების კულტურის გამოზრდას, – რომლებიც გაცილებით ადრეულ ეტაპზე იძლევა გაცილებით სარწმუნო პასუხს.

გვანცა გოგოლაძე

 

 

გააზიარე: