ნათია თოდუა: “მე მინდა, მსმენელს თავისუფლება ვაჩუქო”
გააზიარე:
– “მე ვარ ნათია თოდუა, ოცდასამი წლის ქართველი მომღერალი, გავიზარდე აფხაზეთში...” – ყველა ინტერვიუს ამ სიტყვებით ვიწყებ, რომლებიც თითქოს წარსულში მაბრუნებს. წარსული კი მძიმე გასახსენებელია. ამიტომ მინდა, უბრალოდ მუსიკაზე, სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე ვისაუბრო.
მისი უჩვეულო, ძალიან ლამაზი ტემბრი და მუსიკალური შესაძლებლობები ქართველმა მსმენელმა პირველად 2014 წელს, მუსიკალურ პროექტ “X ფაქტორში” შეაფასა. მაშინ ვერ გაიმარჯვა, მაგრამ ბრძოლის ჟინი და წყურვილი გაუათკეცდა. მომდევნო წელს კვლავ სცადა ბედი – უკრაინაში მიიღო მონაწილეობა იმავე პროექტში. სწორედ პროექტის ქართველმა ორგანიზატორებმა შეურჩიეს სიმღერა “I put a spell on you”, რომლის შესრულებისას მუსიკალური პროექტის “Voice”-ის ჟიური ფეხზე წამოუდგა. ეს უკვე გერმანიაში მოხდა 2017 წელს. პროექტის მსვლელობისას უამრავი გულშემატკივარიც გაიჩინა...
ამჟამად ნათია გერმანიაში ცხოვრობს.
მუსიკა სიყვარულია
– ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა ერთმა დღემ – 2017 წლის 17-მა დეკემბერმა, როდესაც პროექტ “Voice”-ის გამარჯვებულად გამომაცხადეს. ეს საშობაო საჩუქრად აღვიქვი და დღემდე ასე ვუწოდებ.
- – ამ გამარჯვებამდე რთული გზის გავლა მოგიხდა. როგორი იყო პირველი ნაბიჯები?
– პირველი გამოცდილება რეალითი შოუ “მაგთიფანმა” მომცა, რომელშიც 2013 წელს მივიღე მონაწილეობა. პროექტი “მაესტროზე” გადიოდა. იქ გავიცანი ჯგუფი “ვაკის პარკი”.
პროექტის დასრულების შემდეგ ზაზა ხუციშვილმა ჯგუფში მიმიწვია. ვფიქრობ, მუსიკალურ ცხოვრებას პირველად სწორედ ამ დროს ვეზიარე.
მუსიკა სიყვარულია და მინდა, მუდამ ამ სიყვარულით ვიცხოვრო.
2016 წელს გერმანიაში წავედი. ძიძად დავიწყე მუშაობა - იქ სწავლის გაგრძელება მინდოდა და ამისთვის საჭირო სახსრების მოძიება მქონდა განზრახული.
- – რა აზრის ხარ სატელევიზიო მუსიკალურ პროექტებზე? არის თუ არა ეს ნიჭიერი ადამიანების გამოვლენის რეალური შანსი?
– მუსიკალური შოუები აზარტული თამაშებივითაა. წაგებულიც კი არ ნებდები, მოგების იმედს იტოვებ. ეს ყველაფერი ძლიერ სტრესს იწვევს, მაგრამ მონაწილეებს რაღაც დონემდე განვითარების საშუალებას და საბაზო გამოცდილებას აძლევს, ეს კი საკმაოდ მტკიცე საფუძველია იმისთვის, რომ მომღერალმა გზა გაიკვალოს.
რა თქმა უნდა, გააჩნია, სად ტარდება კონკურსი, რომელ ქვეყანაში, როგორ პირობებში, თუმცა ამოცანა ყველას ერთი აქვს.
- – სამწუხაროდ, ბევრი ნიჭიერი ადამიანი შოუს შემდეგ ისევ ქრება მუსიკალური ასპარეზიდან...
– ვფიქრობ, ამ სფეროში საჭიროა ძალიან ძლიერი ნებისყოფა და რეალური გეგმა, რომელიც, ყველაფრის მიუხედავად, უნდა განახორციელო. ადამიანი თუ ოცნებას მიზნად გარდაქმნის, აუცილებლად მიაღწევს!
- – ახლა რაზე ოცნებობ ან რას გეგმავ? საერთოდ, როგორ ხედავ შენს მომავალს?
– პირველ სოლო ალბომზე მუშაობა დავასრულე, ველოდები მის ოფიციალურად გამოსვლას. ვგეგმავ გერმანიაში საშემოდგომო ტურნეს რეალური შანსი ახალ მენეჯერსა და ჩემს გუნდთან ერთად.
ჩემი მიზანია, მივიღო მუსიკალური განათლება, გამოცდილება და ვიყო დამოუკიდებელი.
- – გერმანულ “ვოისში” მონაწილეობამ დიდი პოპულარობა მოგიტანა. პოპულარობა კი ადამიანს თავბრუს ახვევს... შენ როგორი რეაქცია გაქვს ამ ყველაფერზე?
– მე ვარ ის, ვინც ვიყავი და ვიქნები ისეთი, როგორიც ვარ. ვფიქრობ, ადამიანები არ იცვლებიან. უბრალოდ ყველას არ შეუძლია, იყოს ყველგან, ყველასთან და ყოველთვის ის, ვინც ნამდვილად არის.
დიახ, გამარჯვებამ ჩემი ცხოვრება სრულიად შეცვალა, ბედნიერი ვარ, რომ ვაკეთებ საყვარელ საქმეს და მიხარია, რომ განვითარების შესაძლებლობა მაქვს. მადლიერი ვარ, რომ უცნობები თუ ნაცნობები ჩემდამი სიყვარულს და პატივისცემას გამოხატავენ.
- – რას ვერ შეელევი შენი წარსული ცხოვრებიდან?
– ნამდვილ მეგობრებს.
ამბობს, რომ ერთადერთი, რასაც ვერასოდეს შეეგუება, პირფერობაა, სურს, იყოს ის, ვინც არის. შთაგონების მთავარი წყარო ყოველთვის იყო და დღესაც არის თავისუფლება, ხოლო ბედნიერება თავად სიცოცხლეა.
ოჯახი
ბავშვობა აფხაზეთში, სოფელ ნაბაკევში გაატარა. სულ მღეროდა, კონცერტებს მართავდა, მშობლები კი მის მომავალზე დიდ იმედებს ამყარებდნენ.
ბავშვობას სიყვარულით იხსენებს, მიუხედავად იმისა, რომ დალხენილი და უზრუნველი არ ეთქმოდა. უყვარს თავისი ქვეყანა და ხალხი, მისი ულამაზესი ტრადიციები, სიმღერები, ცეკვები, პურ-მარილი და უბადლო სტუმარმასპინძლობა:
– პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე, იმასაც გეტყვით, რომ, მიუხედავად ჩვენი ხალხის ბევრი ნაკლისა, ჩვენსავით ღრმა და გულწრფელი გრძნობით ამ ყველაფრის კეთება არავის შეუძლია.
მე მჯერა საქართველოს წინსვლის, უბრალოდ, შესაძლებლობების სწორად გამოყენება უნდა ვისწავლოთ.
რეცეპტი
- – ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვა და პოპულარიზაცია ჩვენი ჟურნალის ერთ-ერთი მთავარი მიზანია. შენ თუ მისდევ ცხოვრების ჯანსაღ წესს და განტვირთვის რა მეთოდები გაქვს?
– კულინარია და მებაღეობა ჩემი ჰობია. ჩვენს სოფელში პატარა ბაღი და ბოსტანი მქონდა, ყოველთვის მიყვარდა მცენარეები და მათი მოვლა. ახლაც, ბერლინში, ბინის აივანზე მომყავს ბოსტნეული: ბულგარული წიწაკა, რომელიც ძალიან მიყვარს, პომიდორი, მწვანილი, პიტნა, რუკოლა – და სხვადასხვა ჯიშის ყვავილები.
როგორც კი დროს გამოვნახავ, სიამოვნებით ვამზადებ ევროპულ კერძებს, რომლებიც, სხვათა შორის, ჩემმა გერმანელმა მასპინძელმა დედამ მასწავლა ოჯახში, რომელშიც ძიძად ვმუშაობდი.
დავდივარ ფიტნესზე, იოგას კურსებზე, მიყვარს ფეხით სიარული.
- – ლიტერატურა გიყვარს?
– ძალიან – ეს ხომ ადამიანისთვის უზარმაზარი შესაძლებლობაა, ეზიაროს თავისუფლებას!
არასდროს დამავიწყდება, ნაბაკევის სკოლაში, ალბათ, მე-10 კლასში, ჯემალ ქარჩხაძის “იგი” რომ წავიკითხეთ. ვერ აღვწერ, რამხელა თავისუფლების წყურვილი აღძრა ჩემში ამ მოთხრობამ. სხვაგვარად ალბათ შეუძლებელიც იყო იმ მდგომარეობასა და გარემოში, რომელშიც ჩვენ ვიზრდებოდით.
მახსოვს, რა გაოცებულები ვუზიარებდით ერთმანეთს შთაბეჭდილებებს მე და ჩემი თანაკლასელები, რა ბედნიერი და იმედიანი სახით გვიყურებდა ჩვენი ლიტერატურის მასწავლებელი ლია გიორგობიანი, რომელსაც დიდ მადლობას ვუხდი ყველაფრისთვის.
- – რა არის შენი როგორც ხელოვანის მთავარი სათქმელი სცენიდან?
– მამამ ჩემი ალბომიდან ერთ-ერთი სიმღერის მოსმენის შემდეგ მითხრა, რომ ხუთი წუთით ის იყო ყველგან, ყველაფერში, რაზეც კი ოდესმე უოცნებია. ეს ყველაზე დიდი კომპლიმენტია ჩემთვის.
მე მინდა, მსმენელს თავისუფლება ვაჩუქო.
თამარ ციბალაშვილი